ჩვენთან არს ღმერთი!

ავტორისაგან

პირველმა კოსმონავტმა იური გაგარინმა მიწაზე დაბრუნებისთანავე განაცხადა: - ღმერთი არ არსებობს, რადგან იგი ზეცაში არ მინახავსო.

ზოგმა ირწმუნა ამ სიტყვებისა, ხოლო, ვინც იცოდა, რომ კოსმონავტს მთვარემდეც კი არ მიუღწევია და რომ მან კოსმოსური სამყაროს მხოლოდ უმცირესი ნაწილი ნახა, გაეღიმა ამ გულუბრყვილო განცხადებაზე. ცნობილია, დედამიწიდან უახლოეს გალაქტიკამდე რომ მიაღწიო რამდენიმე მილიონი წელიწადია საჭირო. ასეთი გალაქტიკები კი მილიონობითაა. ამიტომ განსვენებული კოსმონავტის ეს სიტყვები მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა სარწმუნო, ვისაც ამ საქმისა არაფერი გაეგება, ვისაც არაფრით არ უნდა იწამოს ღმერთი.

იური გაგარინისგან განსხვავებით ამერიკელი ასტრონავტების პირველი ჯგუფი მთვარეზე დაჯდომისთანავე მოჰყვა ბიბლიის კითხვას და ამის მოწმე მილიონობით ტელემაყურებელი გახდა. ამერიკელი ასტრონავტების გარდა ღვთის არსებობა უამრავ მეცნიერსა და გამოჩენილ ადამიანს სწამს.

მთელ სამყაროში ჩვენი დედამიწა ერთი ციცქნა, შეუმჩნეველი მტვრის ნაწილაკია. ამ მტვრის ნაწილაკზე ცხოვრობს ადამიანი. აქ ჩაიდინა მან თავისი პირველი ცოდვა და აქვე მოხდა მისი ამ ცოდვისაგან განწმენდა. თვით სამყაროს შემოქმედმა შეისხა ხორცი, გარდამოგვევლინა ზეციდან და ოცდაცამეტი წელი იცხოვრა დედამიწაზე. მაგრამ მისივე ქმნილი არსება აღსდგა მისსავე წინააღმდეგ და ჯვარს აცვა იგი.

დაფიქრებულხართ ოდესმე იმაზე, რა არის კაცი ღმერთთან შედარებით?!

არარაობა! მაგრამ თავი ყოველთვის ისეთ დიდ ვინმედ წარმოუდგენია, რომ ღმერთს, თავის გამჩენსაც უარყოფს. ამით კი სამუდამოდ იღუპავს თავს. ღვთის რწმენა არ შეიძლება აღიგავოს პირისაგან მიწისა, არ გაქრება იგი მანამ, სანამ სამყარო არსებობს. ღვთის რწმენა ყოველთვის ცოცხლობს ბრძენ ხალხში, ცოცხლობს იგი პაპა დამიანეს (მას სოფელში ყველა ასე იხსენიებდა), იმ თბილი და ბრძენი კაცის გულში, რომელსაც ეს წიგნი გაგაცნობს, ძვირფასო მკითხველო!

პირველი ნაწილი

1. პაექრობა

„ვიდრე ნათელი გაქუნ, გრწმენინ ნათელი,
რაჲთა ძე ნათლისაჲ იყუნეთ“
(იოანე 12, 36)

შობის დღესასწაულს ჩემს ნათესავებთან, სოფელში შევხვდი. სწორედ იქ გავხდი იმ პაექრობის მოწმე, რამაც ეს წიგნი დამაწერინა.

დღესასწაულის წინ მთელ სოფელში გამოაკრეს აფიშები, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ კულტურის სახლში ჩატარდებოდა ლექცია რელიგიის წარმოშობის შესახებ. „ლექციის ბოლოს გაიმართება დისპუტი“ - აღნიშნული იყო აფიშაზე.

ეს სოფელი მორწმუნე სოფლად ითვლებოდა. თითქმის არ იყო ოჯახი, რელიგიური ლიტერატურა რომ არ ჰქონოდათ. ბავშვებიც სულიერ ატმოსფეროში იზრდებოდნენ, უფროსებთან ერთად დადიოდნენ ტაძარში და ლოცულობდნენ. თუმცა სკოლაში თავგამოდებით ცდილობდნენ განედევნათ მათგან ყოველივე სულიერი. ამას მთელ სოფელშიც ცდილობდნენ. ამიტომ ამ ლექციას ათეისტები დიდ მისიას აკისრებდნენ. ხალხი მართლაც ბევრი მოვიდა. ისინი უმეტესად აფიშის ბოლოს მიწერილმა სიტყვამ - „დისპუტმა“ მიიზიდა. მოწვეული ლექტორის წინაშე თავი რომ მოეწონებინა, კულტურის სახლის დირექტორმა დიდი მონდომება გამოიჩინა და თვითონ ხელმძღვანელობდა დარბაზის სათანადოდ გაფორმებას. სწორედ ამ მიზნით ჩამოკიდეს კედელზე ლოზუნგები: „რელიგია ოპიუმია“, „არცერთი ჩამორჩენილი ჩვენს გვერდით!“ და ა.შ. ლექტორი თვითონ დირექტორმა წარუდგინა ხალხს. იგი ორმოცდაათიოდე წლის კაცი იქნებოდა, კეთილი, სათნო ღიმილით, მაგრამ ტრიბუნაზე ასვლისთანავე თითქოს ფერი იცვალაო, ღიმილი სადღაც გაუქრა და სახეზეც მკაცრი გამომეტყველება მიიღო. ასე თვითდაჯერებული ტონით დაიწყო საუბარი:

- როგორც იცით, რელიგია ადამიანთა უვიცობის ნიადაგზე აღმოცენდა, - განაცხადა მან, - დღეს ათეისტური მსოფლმხედველობა ყველაზე მაღლა დგას მსოფლიოში. მან დაამტკიცა, რომ უვიცობის გამო ადამიანმა გააღმერთა მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ყველაფერი ის, რაც ჩვენს გარშემოა, ყოვლისშემძლე ღმერთებად მიიჩნია, მათზე იწყო ლოცვა და მსხვერპლსაც სწირავდა.

შემდეგ ლექტორმა მოიყვანა ციფრები და ციტატები გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამებიდან. ყოველი მათგანი მიმართული იყო იმისკენ, რომ ღვთის რწმენიდან არაფერი დაეტოვებინა, მოესპო იგი დარბაზში მსხდომთათვის.

- დღეს ადამიანმა თავისი განვითარების ისეთ დონეს მიაღწია, - განაგრძობდა იგი, - რომ სამყარო თავისთვის გიგანტურ ლაბორატორიად აქცია. დედამიწიდან ასობით ხელოვნური ხომალდი გაფრინდა მთვარეზე, მარსზე, ვენერაზე. კოსმოსში ფრენა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ადამიანმა მთვარეზეც კი დაადგა ფეხი. - ლექტორმა აქ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა დარბაზში მსხდომთ და მცირეოდენი პაუზის შემდეგ წარმოსთქვა: - ღმერთი კი არსად უნახავს. ამან კი საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ ღმერთი არ არსებობს. მართლაც წარმოუდგენელია, ჩვენს დროში ადამიანს კვლავ სწამდეს ღმერთი, რაღაც სასწაულები და ზეციური მოვლენები.

ლექტორმა დირექტორის კმაყოფილი სახის დანახვაზე ლექცია ასეთი განცხადებით დაასრულა:

- რელიგია ძველისძველი გამხმარი ხეა, რომლის მთავარი ფესვები უკვე ამოძირკვულია. მის ნარჩენებს კი, დარწმუნებული ვარ, მალე მუზეუმში დავუდებთ ბინას, როგორც ერთ დროს დავუდეთ ბინა პირველ საქსოვ დაზგას.

დარბაზში ამ განცხადებამ ბევრში აღფრთოვანებაც გამოიწვია. ზოგი ტაშის ცემითაც კი შეხვდა ამ სიტყვებს. მხოლოდ მორწმუნენი ისხდნენ შეწუხებულნი და ხმას არ იღებდნენ.

გამოცხადდა შესვენება.

დარბაზში სოფლის ბრძენკაცი - პაპა დამიანეც იმყოფებოდა. ეს იყო სამოც წელს გადაცილებული კაცი, წითური, მოზრდილი წვერით, კეთილი, სუფთა თვალებით. იგი გამჭრიახი გონებისა და სამართლიანობის გამო ძალიან უყვარდათ თანასოფლელებს. პაპა დამიანე ერთი კარგი თვისებითაც გამოირჩეოდა: თვითონ, საოცრად ნაკითხს, სხვისი საუბრის მოსმენაც უყვარდა და გულისხმიერი მსმენელი გახლდათ. მას უყვარდა ბუნება და სათუთად ექცეოდა ყველაფერს - ყვავილი იქნებოდა ეს თუ ბალახი, ცხოველი თუ ფრინველი. ყოველ მათგანში შემოქმედის სიბრძნეს ხედავდა. იგი უბრალოდ, გასაგებად და რაც მთავარია, რწმენით საუბრობდა. ამჯერად იგი თავის ათი წლის შვილიშვილთან - ტრიფონთან ერთად მოსულიყო ლექციაზე.

- რაო, პაპა დამიანე! რამე სადაო თქვა ლექტორმა?! - ჰკითხა ერთმა.

- ჩემის აზრით, ჯობია შინ წავიდეთ. - შესთავაზა მეორემ.

- ხომ ხედავ, როგორ მოეწონათ ლექცია ამ უღმერთოებს. აბა, რა საერთო შეიძლება გვქონდეს ამ ურწმუნოებთან! მათ ვერაფერს შეაგნებინებ. არც შეეცადო, დაგცინებენ!

- მე კი მგონია, რწმენა უნდა დავიცვათ აქ მსხდომ მორწმუნეთათვის. - მშვიდად განაცხადა პაპა დამიანემ.

„როგორი მცირდემორწმუნე გახდა ხალხი?! - ფიქრობდა იგი დამწუხრებული, - დაცინვისა ეშინიათ. დაივიწყეს, რომ რწმენას კაცი სოცოცხლესაც კი სწირავდა. ეჰ, რა დრო დადგა! განა შეიძლება დააეჭვოს კაცი ღვთის არსებობამ?!“

დამიანეს პატიოსან კაცად ვერც კი წარმოედგინა ადამიანი, რომელიც ღმერთს უარყოფდა. ყველა ურწმუნოს იგი მატყუარად თვლიდა, რადგან ბევრჯერ უნახავს ასეთი კაცი გასაჭირისას სწორედ ღმერთს რომ უხმობდა საშველად.

დასაწყისი

შესვენების შემდეგ კულტურის სახლის დირექტორმა ხალხს მიმართა:

- ვის სურს გამოვიდეს ამ თემასთან დაკავშირებით?

სამწუხაროდ ასეთები არ აღმოჩნდნენ. მაშინ წამოდგა პაპა დამიანე.

- თქვენ გსურთ?! - გამომცდელი მზერა მიაპყრო დირექტორმა მოხუცს. - მობრძანდით!

პაპა დამიანემ ჩაახველა.

- კეთილო ადამიანო! - მიმართა მან ლექტორს. - შენ ბევრი რამ გვითხარი, (სხვათაშორის ისიც მინდა გითხრათ, რომ პაპა დამიანე ყველას შენობით მიმართავდა, მაგრამ ამას ისეთი თავაზიანობით აკეთებდა, არავის აღიზიანებდა), - შენ რელიგია და საქსოვი დაზგაც კი შეადარე ერთმანეთს და აღნიშნე, რომ რელიგიას მალე მუზეუმში ჩააბარებენ... მაგრამ რელიგია ძველი ავეჯი როდია, რომ აიღო და გადააგდო... იგი ხომ ადამიანის სიცოცხლის შემადგენელი ნაწილია და ასეთ სერიოზულ რამეზე განა შეიძლება ასე ხელაღებით ილაპარაკო?! შენ ისიც ბრძანე, რომ უვიცმა ადამიანებმა რელიგია შიშის გამო გამოიგონეს, რომ მათ გააღმერთეს ბუნება, თაყვანს სცემდნენ მზეს, ქვებს, ხეებს და ა.შ. მე კი მინდა გითხრათ, რომ ადამიანებმა ღმერთი კი არა ღმერთები გამოიგონეს, ეს იყო წარმართული ღმერთები და არა ჭეშმარიტი ღმერთი. ჩვენ კი სწორედ ეს ჭეშმარიტი ღმერთი გვწამს. მისი გამოგონება ჩვენ არ გვჭირდება, ვინაიდან იგი მუდამ იყო, არის და იქნება. - აქ პაპა დამიანემ ცოტა შეისვენა და მერე განაგრძო. - აი, შენ ამბობ, რომ ღმერთი არ არსებობს. შეგიძლია კი ამის დამტკიცება?!

- ამას რა მტკიცება უნდა?! - გაიკვირვა ლექტორმა. - მეცნიერების უდიდესი მიღწევები განა ამაზე არ მეტყველებენ?! მეოცე საუკუნე ხომ სწორედ მეცნიერების და ტექნიკის საუკუნეა და არა რელიგიის. რელიგიამ უკვე მოჭამა თავისი დრო.

- სცდები ძვირფასო! მეცნიერება ღმერთს კი არ ეძებს, სულ სხვა მიზნები აქვს დასახული. იგი სწავლობს და იძიებს ბუნებაში უკვე დადგენილ კანონებს. განა არ იცი მეცნიერებშიც ბევრი რომ იყო მორწმუნე?! ლომონოსოვი, პირაგოვი, პავლოვი, ციოლკოვსკი და მრავალი სხვა. სწორედ სარწმუნოება უხსნიდა მათ სხვადასხვა საიდუმლოებებს, ეხმარებოდა აღმოჩენებში. უადვილებდა მათ ბუნების შეგრძნებას, უფლის სიბრძნის დანახვას. ღვთის რწმენა მუდამ იყო და იქნება! განა ამას არ მოწმობს ადამიანის სული სულ რომ ცისკენ ისწრაფვის?! ასეა იგი ღვთისგან შექმნილი და იმიტომ. ამას ჩვენი მწერლებიც აღიარებენ. ამასწინათ ერთი წიგნი წავიკითხე. იქ ჩვენი კოსმონავტები შედარებული იყვნენ თევზთან, რომელიც ტბიდან ამოხტა სამყაროს შესაცნობად, მაგრამ, სულშეხუთული, უკან რომ ჩახტა და ტბაში მყოფ თევზებს განუცხადა:

- იქ არც არავინ არის და არც არაფერია, და საერთოდ ჩვენი ტბის გარდა არსად სიცოცხლე არ არისო.

ასეა ადამიანიც! რაღაც ორ მეტრზე აფრინდა და გაჰყვირის:

- ღმერთი არ მინახავს, ე.ი. არც არსებობსო.

განა ღმერთის დანახვა კოსმოსური ხომალდიდან შეიძლება?! იგი ხომ თვალუწვდენელ ნათელში იმყოფება! აი, მისი შეგრძნება კი ნამდვილად შეიძლება. თუ ყურადღებით მიმოვიხედავთ გარშემო, ყველგან წავაწყდებით მის ნაკვალევს.

ყველანი სულგანაბულნი უსმენდნენ პაპა დამიანეს.

2. ფუტკრები

- მე ფუტკრების რამდენიმე ოჯახი მყავს, - განაგრძობდა პაპა დამიანე, - მათზე დაკვირვებამ დამანახა რა კარგად ართმევენ ისინი თავს საქმეს, როგორი სიბრძნით წარმართავენ მას. მათემატიკური სიზუსტით აკეთებენ ფიჭის უჯრედებს. ჩვენ, ადამიანები დღესაც ვერ ვაღწევთ ასეთ სიზუსტეს. განა გასაკვირი არ არის, როგორ იღებენ ისინი ყვავილებიდან ნექტარს, როგორ აგროვებენ მას. ბევრ ადამიანს შეშურდება მათი სიბრძნე. ახლა მინდა გკითხო:

- ვისგან ისწავლა მან ეს ყველაფერი, საიდან აქვს მას ეს სიბრძნე?!

- არავისგანაც არ უსწავლია! - სწრაფად უპასუხა ლექტორმა. - ეს სიბრძნე, როგორც თქვენ ამას უწოდებთ, თანდაყოლილი ინსტიქტია და სხვა არაფერი. ასეთი ინსტიქტი გააჩნია ადამიანსაც, ცხოველსაც, მწერსაც, ფრინველსაც, მოკლედ ყველა ცოცხალ არსებას. იგი მათ ამოქმედებს გონების გარეშე, თუმცა საბოლოო ჯამში სარგებლობას იძლევა, ე.ი. აღწევს საჭირო მიზანს. გაიგეთ რა ყოფილა ეს სიბრძნე?

- მე სხვა რამ გკითხე, შენ კი სულ სხვა რამეს მპასუხობ. მე გეკითხები საიდან აქვს მას ეს სიბრძნე, ეს ინსტიქტი? - გაუმეორა შეკითხა პაპა დამიანემ.

- საიდან და შეუგნებელი ჩვევიდან. ასეთი ჩვევის გამომუშავება ადამიანისთვისაცაა დამახასიათებელი, ცხოველისთვისაც, ფრინველისთვისაც და მწერისთვისაც. მაგალითად, ჩვენ ისე ვეჩვევით სიარულს, წერას, კითხვას, რომ ამას მერე თავისდაუნებურად, მექანიკურად ვაკეთებთ. ასეა ფუტკარიც. ასეთ ჩვევებს ისინი გამოიმუშავებენ ათასი და ათიათასი წლის მანძილზე.

- უყურე შენ?! - გაიკვირვა პაპა დამიანემ. - გამოდის რომ ათასი წლის წინ ფუტკრები უფრო ჭკვიანები ყოფილან, ვიდრე დღევანდელი არქიტექტორები.

- როგორ თუ უფრო ჭკვიანები?! - გაიკვირვა ლექტორმაც.

- როგორ და ისე! ფუტკრები ხომ ათასი და ათიათასი წლის წინათაც ისეთ ბრძნულ სამუშაოებს ასრულებდნენ, რომლებიც დღესაც მიუწვდომელია მეცნიერებისათვის. მეცნიერებას დღესაც არ შეუძლია ყვავილიდან თაფლის მიღება, ფუტკრისათვის კი ეს ჩვეულებრივი ამბავია. მე ისიც წამიკითხავს, თუ როგორ ამატებენ ფუტკრები თაფლს 25% წყალს და კიდევ რაღაც ნივთიერებას, რომელიც თაფლს გაფუჭებისაგან იცავს. ვინ ასწავლა მათ ეს? ჩვენ, ადამიანებს, წერა-კითხვა, სიარულიც კი ვერ გვისწავლია დამოუკიდებლად. ნუთუ ფუტკრებმა ეს ყველაფერი თვითონ ისწავლეს?

ლექტორმა დაბნეულობა ვერ დამალა. მაშინ მას დირექტორი წამოეშველა:

- თემიდან ნუ გადაუხვევთ. ილაპარაკეთ მხოლოდ იმაზე, საიდან წარმოიშვა რელიგია.

- არავინ არ უხვევს თემიდან! - წამოიძახა ერთმა დარბაზიდან.

- სწორედ რომ თემას ეხება კითხვა! - მხარი აუბა მეორემ.

- უპასუხეთ, თუ შეგიძლიათ! - ნიშნის მოგებით წარმოთქვა მესამემ.

- თავს ნუ არიდებთ შეკითხვებს! - ეს უკვე ბოლო რიგებიდან გაისმა.

3. დარვინიზმი

- მეცნიერებაში არსებობს თეორია დარვინიზმის სახელწოდებით. - ისევ დაიწყო ლექტორმა. - ამ თეორიას ეს სახელი ინგლისელი მეცნიერის დარვინის საპატივცემულოდ დაერქვა. დარვინი ამტკიცებს, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი ვითარდება და იხვეწება. ბუნებაში მოქმედებს ევოლუციის, თანდათანობით განვითარების კანონი. მილიონი წლის წინათ სამყარო სულ სხვაგვარი იყო - ცხოველებიც, ფრინველებიც, მცენარეებიც განსხვავებულნი იყვნენ. ბუნებაში გამუდმებით მიმდინარეობს ბრძოლა არსებობისათვის, რომელშიც გამარჯვებული კიდევ უფრო ძლიერდება. გარდა ამისა, ხდება ბუნებრივი გადარჩევაც. ამას უკვე ადამიანებიც ახდენენ. ისინი სხვადასხვა ჯიშის ცხოველებისა და მცენარეების შეჯვარებით იღებენ ახალ, ჯანსაღ, ძლიერ ჯიშს, რომელიც შემდეგ გვაძლევს სხვა სახეობას და ასე წარმოიშვება სხვადასხვა ჯიშები და სახეობები.

- კარგი ბატონო! დავუშვათ, რომ სრულყოფილი ორგანიზმის შექმნა ევოლუციის შედეგია. - დაეთანხმა პაპა დამიანე. - მივიჩნიოთ ეს თეორია ჭეშმარიტებად, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ მეცნიერული ანალიზია. მე კი შენ საწყისზე გეკითხები, საწყისზე, ე.ი. ღმერთზე, ვისგანაც მოდის ეს ევოლუცია, ინტუიცია და სხვა.

ლექტორი შეყოყმანდა. დირექტორმა დრო იხელთა და განაცხადა:

- კითხვა ამოწურულია!

მაგრამ პაპა დამიანეს არ უფიქრია დაჯდომა.

- როგორ თუ ამოწურულია? მე შეკითხვებს ახლა ვიწყებ. - მშვიდად მიმართა მან ლექტორს. - მინდა გიამბოთ ჩემს ერთ მეგობარზე. იგი მებაღეა, ისეთი საუცხოო ყვავილები გამოჰყავს, შეგშურდებათ. ერთხელ ვკითხე:

- შეგიძლია გამოზარდო ყვავილი ჭინჭრისაგან?

- რასაკვირველია არა! - გაიკვირვა მან.

- ხისგან თუ შეგიძლია რკინის მაგიდის გაკეთება?

- ასეთი რამ მხოლოდ ზღაპრებში თუ ხდება. - მითხრა მან.

- რატომ? - ვკითხე.

- იმიტომ, რომ ბუნებას თავისი კანონები აქვს და შენ ვერ შეცვლი. აბა შეეცადე და დაამყნე გამხმარი ხე. მთელი მებაღეებიც რომ შეკრიბო ამას მაინც ვერ შეძლებ, იმიტომ რომ მასში უკვე აღარ არის სიცოცხლე.

განა მართლა ასე არ არის?! მითუმეტეს, ფუტკრებში ყველაფერი ისე მარტივად როდი ხდება, როგორც შენ ამბობ. არც მეფუტკრეს, არც მებაღეს არ უსწავლია ფუტკრისათვის ფიჭის კეთება, თაფლის მოგროვება, არც შეუჯვარებიათ და არც გადაუნერგავთ მისთვის რაიმე. ისინი კი მაინც შესანიშნავად ართმევენ თავს თავიანთ საქმეს: აგებენ სკებს, აგროვებენ ნექტარს, აკეთებენ ფიჭას და ა.შ. საიდან იციან მათ ეს საიდუმლოებანი? ვინ ასწავლა მათ ყოველივე ეს? - აი, ამ კითხვაზე მინდა რომ მიპასუხო. ვინ არის მათი მასწავლებელი? ვინ მისცა მათ სიბრძნე?!

ლექტორი დუმდა. პაპა დამიანე არ ეშვებოდა:

- ბუნებამ თუ ღმერთმა ასწავლა მათ ეს?

მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, თვითონვე განაგრძო:

- აი, მაგალითად, ხომ ჰგავს ერთმანეთს აგებულებით თვითმფრინავი და ფრინველი?! მაგრამ განსხვავება ის არის, რომ თვითმფრინავის ნაწილებად დაშლა და მერე მისი აღდგენა შეიძლება, ფრინველს კი თუ დავშლით, ვეღარ აღვადგენთ, რატომ?

- იმიტომ, რომ ის ცოცხალი არსებაა! - მიუგო ლექტორმა.

- კარგი ბატონო! მაშინ იმაზე მიპასუხე, ვინ ააგო თვითმფრინავი?

- რა თქმა უნდა ადამიანმა! კონსტრუქტორმა!

- ფრინველი ვიღამ შექმნა?

ლექტორის მაგივრად ამაზე დირექტორმა უპასუხა:

- რა თქმა უნდა ბუნებამ!

4. რა არის ბუნება

- ე.ი. ათეისტების აზრით ფუტკრისა და ფრინველის კონსტრუქტორი ბუნებაა არა?! - იკითხა პაპა დამიანემ.

- დიახ! - დაეთანხმა ლექტორი. - სწორედ ბუნებაა უდიდესი მასაწავლებელი და უდიდესი კონსტრუქტორი. ის ქმნის, არჩევს. სწორედ მან შექმნა პირველი ფრინველი და საერთოდაც ის აკეთებს ყველაფერს.

- უყურე შენ! - ისევ გაიკვირვა პაპა დამიანემ. - მაშინ იქნებ ახლა მითხრა რა არის ბუნება?

ლექტორმა განმარტება დაიწყო:

- ყველაფერი, რასაც ვხედავთ და რაც ჩვენს გარშემო არსებობს: ხმელეთი, ზღვა, ცა, ვარსკვლავები, ცხოველები - ეს ყველაფერი ბუნებაა!

- ე.ი. - ისევ დაიწყო პაპა დამიანემ, - ბუნება სულიერი და უსულო მატერიისაგან შედგება, ხომ ასეა? ახლა ავიღოთ მშვინვიერი (ანუ სულიერი) სამყაროს წარმომადგენლები: ადამიანები და ცხოველები, ფრინველები და მწერები, ერთი სიტყვით ყველა ცოცხალი არსება და ჩამოვაშოროთ ისინი უსულო სამყაროს. (საერთოდ ამათგან მხოლოდ ადამიანებს აქვთ სულიერება, დანარჩენი კი მხოლოდ მშვინვიერია). ექნება ხმელეთს, წყალს, ჰაერს აზროვნება თუკი მას ჩამოვაშორებთ ყველა ცოცხალ არსებას? ამ კითხვაზე, ალბათ უყოყმანოდ მიპასუხებ, რომ არა, ეს უსულო მატერიაა! ჰოდა აქვს ასეთ მატერიას აზროვნება?

- არა! უსულო მატერია არ აზროვნებს! - უპასუხა ლექტორმა.

- აქედან გამომდინარე ბუნება სულიერი და უსულო ყოფილა, შესაბამისად გონიერი და უგონო. - დაასკვნა პაპა დამიანემ. - მაშ ასე! ხომ გამოვყავით მშვინვიერი უსულოსაგან. ახლა განვსაჯოთ, ამათგან რომელმა შეჰქმნა ფრინველი - ადმიანმა თუ ცხოველმა? თვითონ თავისი თავის შექმნა არც ფრინველს შეეძლო. იქნებ წყალმა შექმნა? ან მიწამ? ან იქნებ ყველა ერთად მიუჯდა მაგიდას და მოლაპარაკების შემდეგ წინასწარ განსაზღვრეს როგორ უნდა შეექმნათ, მაგრამ თუკი გონიერ ადამიანს არ შეუძლია ცოცხალი არსების შექმნა, მკვდარ და უსულო ბუნებაზე რაღა უნდა ვთქვათ?! მას განა შეუძლია შვას ან გააჩინოს ცოცხალი არსება, ისევე როგორც ვაშლის ხე არასდროს მოისხამს ვარდს... განა შეეძლო მკვდარ მატერიას, რომელსაც არ გააჩნია გონება, აზრი, სიცოცხლე, შეექმნა ასე ნიჭიერად აწყობილი სამყარო და მითუმეტეს, გონიერი ადამიანი?! ამ მკვდარ ქალს შეუძლია შვას ბავშვი?!

- რა თქმა უნდა არა!

- მაშინ ახლა მაინც ამიხსენი, ბუნების რომელმა ნაწილმა - სულიერმა თუ უსულომ შექმნა ფრინველი და რომელმა მისცა ფუტკარს ასეთი სიბრძნე? - ისევ მოსთხოვა პასუხი პაპა დამიანემ ლექტორს.

- მე ხომ უკვე აგიხსენი, რომ ყველაფერი - ფრინველი, ფუტკარი, მწერი ყველაფერ ამას გონებით კი არა ინსტიქტით აკეთებს! - გაღიზიანება ვერ დაფარა ლექტორმა. - მათ არა აქვთ არც გონება და არც ნებისყოფა!

- მით უფრო საოცარია ეს! - შენიშნა დამიანემ. - ადამიანზე ზემოქმედების მოხდენა ადვილია, რადგან მას აქვს გონება, ლაპარაკის უნარი. მაგრამ შეეცადე რომელიმე ცხოველს ასწავლო წერა-კითხვა?! ამიტომაცაა გასაკვირი, რომ ერთი ციცქნა მწერმა - ფუტკარმა იმდენი რამ იცის, მეცნიერსაც კი შეშურდება. შეგიძლია ბოლოს და ბოლოს მითხრა, ვინ მისცა მას ეს სიბრძნე?

ყველანი ინტერესით უსმენდნენ პაპა დამიანეს.

- გამიგია, ძველად წარმართებს სამყაროს შექმნა ასე ჰქონიათ წარმოდგენილი: თითქოსდა იყო ქაოსი, საუკუნო წყვდიადი. და აი, ამ ბნელი, უაზრო სტიქიიდან წარმოიშვა ჩვენი უაღრესად შეხამებული და საოცარი სამყარო. წარმართების ასეთი სწავლება აღადგინეს ათეისტებმა და განაცხადეს, რომ სამყარო უაზრო და მკვდარი მატერიისაგან წარმოიშვა. ამასაც არ დასჯერდნენ და მეცნიერების გამოყენებასაც ცდილობენ თავიანთი ინტერესების დასასაბუთებლად. რაც მეცნიერული აღმოჩენებიდან მათთვის ხელსაყრელი არ არის, ჩქმალავენ, ხოლო რაც თვითონ მოსწონთ თავიანთი აზრების განსამტკიცებლად, ქვეყანას მოსდებენ. მაგრამ სამყაროში ხომ ხდება ისეთი მოვლენებიც, რომელთა ახსნა მეცნიერებას არ შეუძლია?! მათზე კი აი, რას პასუხობენ ათეისტები:

- მოვა დრო და ამასაც ავხსნით.

დირექტორი შეაშფოთა კამათის მსვლელობამ.

- გიკრძალავთ ასეთ საუბარს!

პაპა დამიანე კი განაგრძობდა:

- არადა საჭიროა სერიოზულად განვსაჯოთ, შევამოწმოთ, სწორია კი ასეთი სწავლება?! ამ სწავლების მიხედვით ხომ ხშირად აბსურდამდეც კი მივდივართ... არადა ყველაფერი როგორი ნათელია! მაგალითად, ავიღოთ რომელიმე წიგნი, დავჭრათ ასოებად და განვაბნიოთ ეს ასოები მთელ დედამიწაზე. აიწყობა ასე ეს წიგნი? არადა ათეისტები დაახლოებით ასე ხსნიან სამყაროს შექმნას. განა ქაოსიდან ასე ეწყობა რაიმე?! ამ ასოთაგან რომ მივიღოთ დასრულებული ნაწარმოები, რა არის საჭირო?

- გასაგებია რაც! - ირონიულად ჩაილაპარაკა დირექტორმა. - თავია საჭირო!

- ეჰ, ჩემო კარგო! თავი მაიმუნსაც აქვს, მაგრამ ის შენ მზა ფურცლებითაც ვერ შეგიდგენს წიგნს... რა არის საჭირო თავში რომ იყოს? გონება არა?! მერედა ვისი? ავტორისა არა? განა მართალს არ ვამბობ?

ლექტორი დაეთანხმა, მაგრამ პაპა დამიანე მაინც ჩაეძია:

- რა ყოფილა საჭირო იმისათვის, რომ პირველადი ქაოსიდან ასეთი გონივრული სამყარო გაჩენილიყო?

- გონებაა საჭირო. - უპასუხა ლექტორმა.

- ვისი? ადამიანისა?

- არა!

- მაშ ვისი?

- ალბათ უმაღლესი გონება...

- სწორედ ეს უმაღლესი გონებაა ღმერთი! - ეს ბოლო სიტყვები პაპა დამიანემ ხმამაღლა და სიხარულით წარმოსთქვა. „ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“, - გაუელვა გონებაში 50-ე ფსალმუნის სიტყვებმა.

ლექტორს სულ უფრო და უფრო იპყრობდა შეშფოთება:

„- რა ვუპასუხო? - ფიქრობდა. - განა სასაცილო არ არის იმის მტკიცება, რომ ფრინველი მზემ, ან ვარსკვლავმა, მცენარემ, ანდა ცხოველმა შექმნა?! მითუმეტეს სისულელეა იმის მტკიცება, რომ სიბრძნე ფუტკრებს მათ მისცეს. ეს გონივრული სამყარო თავისთავად მართლაც ხომ ვერ გაჩნდებოდა?! მაინც როგორ შეიქმნა სამყარო? შემთხვევით? თუ ასეა, ქაოსი უნდა სუფევდეს ქვეყანაზე. საიდან მოვიდა ასეთი ჰარმონია, ასეთი სიზუსტე, ასეთი სირღმე ყველაფერში?“

ლექტორს ცივმა ოფლმა დაასხა. დირექტორი ისევ წამოეშველა და შესვენება გამოაცხადა.

5. შესვენება

დაჯერება იმისა, რომ უსულო მატერიისაგან შეიქმნა ასეთი ლამაზი და აზრიანი სამყარო მხოლოდ ფანატიკოსს თუ შეუძლია. განა ფანატიზმი არ არის ათეისტების იდეოლოგია?! მათ ვერა და ვერ გაუგიათ, რომ ირწმუნეს არარაობა და ღმერთს განუდგნენ. თუმცა დავუბრუნდეთ დარბაზს.

ხალხი ხმაურობდა, ხმამაღლა ლაპარაკობდა, კამათობდა. ზოგი პაპა დამიანეს შემოხვეოდა და შეკითხვებს აძლევდა. ზოგიც შორიდან ეჭვით უქცერდა მას, განსაკუთრებით ახალგაზრდობა. მათგან ბევრს ათეიზმი გააზრებულიც არ ჰქონდა, ისე აღიარებდა ჭეშმარიტებად. ახლა კი პაპა დამიანემ ერთი სულის შებერვით მტვერივით გაჰფანტა მათი დამძიმებული გონებიდან ათეისტური თეორიები. აქამდე ისინი სერიოზულად არც კი დაფიქრებულან ღვთის არსებობაზე, უბრალოდ ყოველთვის იმეორებდნენ იმას, რასაც მათ ათეისტები ასწავლიდნენ. ამ სწავლებით კი ღმერთი არ არსებობს და იგი ბნელმა და გაუნათლებელმა ადამიანებმა მოიგონეს. გულუბრყვილო ახალგაზრდობამ ეს სიცრუე ჭეშმარიტებად მიიღო... პაპა დამიანეს გამოსვლამ კი ისინი გამოაფხიზლა და დააფიქრა. ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ლექტორმა, მიუხედავად თავისი განათლებისა, მარცხი განიცადა. მას ამ უბრალო და მორწმუნე გლეხმა სულ იოლად დაუმტკიცა ღვთის არსებობა.

ლექტორი და დირექტორი კი სცენის უკან მოთავსებულ პატარა ოთახში ისხდნენ. ლექტორი გაუთავებლივ თავის ბლოკნოტს ფურცლავდა.

- სულ არ ველოდი ამ ბებრუხანას გამოსვლას. - უკმაყოფილოდ თქვა დირექტორმა. - მეგონა ვინმე ინტელიგენტი ადგებოდა, ერთ-ორ კითხვას დაგისვამდათ და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. თქვენ ხომ ხვდებით არავითარი პაექრობა რომ არ გვქონდა განზრახული?! დისპუტი აფიშას მხოლოდ იმისთვის მივაწერეთ, ხალხი რომ მოგვეზიდა.

- არადა მოხუცი არ მოგვეშვება.

- მე მგონი კარგი იქნება, მეტად მოვიშველიოთ მეცნიერული ტერმინები.

- რა ვუპასუხო?! - საშინლად შეწუხებული ხმა ჰქონდა ლექტორს.

დირექტორმა მხრები აიჩეჩა.

- ტერმინოლოგია მოიშველიეთ. ეს მას დააბნევს და თქვენც იოლად გამოხვალთ ამ ჩიხიდან. თქვენ ხომ სპეციალურად ეუფლებით საუბრის ასეთ მანერას.

- ძალიან გამჭრიახი და თან მტკიცე კაცი ჩანს. სულ თავისკენ უხვევს. მე ინსტიქტზე ველაპარაკები, ის კი, გინდა თუ არა, იმაზე ითხოვს პასუხს, საიდან გაჩნდა ეს ინსტიქტიო. ევოლუცია ვახსენე და სულიერმა თუ უსულო ბუნებამ ასწავლა მათ ეს სიბრძნეო! სულ ერთი და იგივე პოზიციაზე დგას, მისი დაბნევა არც ისე ადვილია.

ლექტორმა აღარ იცოდა, როგორ დაეძვრინა თავი ამ სიტუაციიდან. ხალხი კი მოუთმენლად ელოდა შესვენების დამთავრებას.

- აბა, წავედით! - წამოდგა დირექტორი.

6. მიუწვდომელი ძალა

ლექტორი კათედრასთან მივიდა და დაიწყო:

- დამიანემ მოგვახსენა, რომ ფუტკრები ჭკვიანურად ეწევიან თავიანთ საქმეს, რომ მათ ღვთისაგან აქვთ მინიჭებული ეს. მე კი გითხარით, რომ მათ სიბრძნე ღმერთმა კი არა, ბუნებამ მისცა. მაგრამ დამიანეს, როგორც ჩანს, ბუნების არსზე სწორი წარმოდგენა არა აქვს და ამიტომ ამ პასუხმა არ დააკმაყოფილა. მეცნიერებაც არ უარყოფს ბუნებაში სხვა ძალთა არსებობას. მაგალითად ცაზე მზეს, მთვარეს, ვარკვლავებს და საერთოდ პლანეტებს მიზიდულობის ძალა აჩერებთ. ამ ძალის დანახვა და შეგრძნება შეუძლებელია, მაგრამ იგი ჭეშმარიტად არსებობს. სამყაროში ბევრი ამოუხსნელი საიდუმლოა, რომელსაც ადამიანის გონება ვერ სწვდება. ასეთი მოვლენები უსულო ბუნებაშიც მჟღავნდება, მაგრამ უფრო თვალხილული იგი მაინც სულიერ სამყაროშია. ავიღოთ თუნდაც იგივე ფუტკრის ინსტიქტი. მასში რაღაც ძალა აშკარად მოქმედებს, მაგრამ იგი ჯერ ბოლომდე გარკვეული და ახსნილი არ არის. არადა იგი უეჭველად არსებობს. ჰოდა, აი ეს ძალაა სწორედ ის მასწავლებელი, რომელზედაც თქვენ გვეკითხებით, და არა ღმერთი.

ლექტორმა ამით დაამთავრა თავისი გამოსვლა.

7. ბუნების წიგნის ავტორი

ასეთი პასუხი პაპა დამიანეს ძალიან მოეწონა:

- ღმერთმა გიშველოს ასეთი პასუხისათვის. ჩანს ჭკვიანი და მოაზროვნე კაცი ხარ. - შეაქო ლექტორი. - თორემ ხომ გინახავთ კაცი რაიმეს რომ დაიჟინებს და არაფრით რომ არ გადათქვამს?! ერთხელ ჩემს ნაცნობთან კამათი მომიხდა. იგი მიმტკიცებდა, რომ ბუნებაში არ არსებობს სასწაულები, არც გონება, არც შეუცნობი ძალა, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ მატერიაო. მივხვდი, მასთან კამათს არავითარი აზრი არ ჰქონდა, რადგან რამდენიც არ უნდა ელაპარაკო უგუნურს, ვერაფერს შეაგნებინებ, მხოლოდ დროს დაკარგავ. შენთან საუბარი კი სასიამოვნოა. თუმცა ჯერ მაინც არ გითქვამს, ვინ არის ბოლოს და ბოლოს ფუტკრის მასწავლებელი, ვინ მისცა მას ამდენი ცოდნა?

ლექტორი შეიშმუშნა:

- მე ხომ ვთქვი, რომ მეცნიერებას ჯერ კიდევ არ შეუცვნია ეს ძალა. იგი ჯერ-ჯერობით ამოუხსნელია.

- კი მაგრამ იმის თქმა ხომ მაინც შეგიძლია, გონიერია ეს ძალა თუ არა, ბრმაა თუ თვალხილული? - არ ეშვებოდა პაპა დამიანე.

- ჯერ-ჯერობით არაფერი არ არის ცნობილი. - თქვა ლექტორმა, - ამიტომ დარწმუნებით მასზე არაფრის თქმა არ შეიძლება.

პაპა დამიანე არც ამით დაკმაყოფილდა. ყველანი კარგად ხვდებოდნენ რა პასუხსაც ელოდა იგი, მაგრამ ლექტორს არ სურდა ეღიარებინა, რომ ღმერთი იყო ის ძალა, რომელმაც ასეთი ბრძნული მოქმედების უნარი ჩაუნერგა ფუტკრებს.

პაპა დამიანემ თავიდან დაიწყო:

- ავიღოთ წიგნი. მას ხომ ადამიანი წერს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ეს წიგნი მისი გონების ნაყოფია. მისი წაკითხვის შემდეგ ვასკვნით, რამდენად ნიჭიერია მისი ავტორი. წიგნიდან ბევრი რამ შეიძლება გაიგო ავტორზე. მაკარი დიდი ბუნებასაც წიგნს უწოდებს. ეს წიგნი კი ჩვენს თვალწინაა გადაშლილი. მისი ყდა - ცა და ხმელეთია. თუ ყურადღებით წავიკითხავთ ამ წიგნს, ყველაფერს აგვიხსნის. სწორედ მისი კითხვით შეიცნობენ მეცნიერები სამყაროს. სწორედ ბუნების წიგნიდან იღებენ ისინი უამრავ სიბრძნეს, და რაც მთავარია, მეცნიერები კი არ ადგენენ ბუნების წესებს, არამედ უკვე დადგენილს აღმოაჩენენ ხოლმე. თუ ვაღიარებთ ამ ჭეშმარიტებას, რომ ბუნებას თავისი წესები აქვს, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს წესები ვიღაცამ შექმნა. ხომ მართალია?! ადამიანის გონება ვერ აღიქვამს ყველაფერს, რაც ბუნებაშია, მაგრამ ის ხომ ხედავს და შეიგრძნობს, რა ლამაზად, ბრძნულად, გონივრულად და როგორც შენ ბრძანე, მიზანშეწონილადაა ბუნების წიგნი დაწერილი. ეს კი ნიშნავს, რომ ყველაფერი ეს გონების მიერაა შექმნილი! რომ იგი გამომდინარეობს უსასრულო გონებიდან, ე.ი. ღმერთისაგან, რომელსაც ჩვენი გონება ვერ აღიქვამს.

ასე თანმიმდევრულად და საინტერესოდ აზროვნებდა სოფლის ეს ბრძენკაცი.

- ახლა გავარკვიოთ, - გააგრძელა პაპა დამიანემ, - ადამიანის დაწერილ წიგნში რა უფრო მნიშნველოვანია - მისი მოცულობა, ტირაჟი, ფორმა, თუ მასში ჩადებული იდეა, არსი? ყოველი მოაზროვნე ადამიანი იტყვის, რომ წიგნის დასაწერად უპირველეს ყოვლისა საჭიროა ადამიანის გონება. აქედან გამომდინარე, პირველადი იდეა ყოფილა. ახლა ავიღოთ ბუნების წიგნი. რა არის მასში მთავარი - შეგრძნებადი მატერია, თუ მასში ჩადებული იდეა? პასუხი ნათელია. რა თქმა უნდა, იდეა! პირველადი, მატერია კი არა, გონებაა. ე.ი. პირველადი არის ღმერთი. მატერია კი შემდეგ მოდის. ღმერთი მუდამ არსებობდა, ხოლო მატერია, ბუნება, ეს ღვთის ხორცშესხმული იდეაა.

როდესაც წიგნს ვკითხულობთ, ავტორს ვერ ვხედავთ, მაგრამ მის არსებობაში ეჭვი არ გვეპარება, ასევე ვერ ვხედავთ ბუნების შემოქმედ ღმერთს. თუკი წიგნი ვერ იქმნება მწერლის გარეშე, მითუმეტეს, სამყარო ვერ შეიქმნებოდა შემოქმედის გარეშე. იგი უხილავია ჩვენთვის. ჩვენ მას მხოლოდ შევიგრძნობთ. ბუნების წიგნი ჩვენ განგვაცვიფრებს თავისი უსაზღვრო სიდიადით და აბსოლუტური ჰარმონიით, წესრიგითა და საიდუმლოებით. მაგრამ ადამიანს არ შეუძლია მთლიანად შეიცნოს და აღიქვას იგი. საიდან წარმოიშვა მზე, ვარსკვლავები, კომეტები, გალაქტიკები, მუდამ მოკაშაკშე მნათობები? ვინ მისცა მათ პირველი ბიძგი? რამ აამოძრავა სამყარო ასე მოწესრიგებულად და ორგანიზებულად? მეცნიერებმა უნდა აღიარონ, რომ მათ არ შესწევთ ძალა ახსნან ბუნების ყველა საიდუმლოება. მათ მხოლოდ და მხოლოდ ბუნების მოვლენებზე დაკვირვებით შეუძლიათ დასკვნების გამოტანა და ესეც ღვთის ნებით ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ ზოგიერთ მათგანს ამის ახსნის საშუალება თვითონ შემოქმედმა მისცა.

ლექტორი სდუმდა. პაპა დამიანე კი ცდილობდა, ათეიზმის წყვდიადიდან ღვთის ნათელში გამოყვანას.

- არიან ადამიანები, რომლებიც თავისებურად ხსნიან ბუნების ყველა მოვლენას. ისინი შეკითხვაზე - ვინ შექმნა სამყარო, ასეთ პასუხს იძლევიან:

- ბუნებამ!

- კი მაგრამ ბუნება ვინ შექმნა?

- თვითონ შექმნა თავისი თავი!

მაშინ რა გამოდის?! გამოდის, რომ იყო დრო, როცა იგი არ არსებობდა. და თუ ასეა, როგორ შეეძლო მას თავისი თავის შექმნა?! ხოლო თუ არსებობდა, რაღად უნდოდა შექმნა?! არა, ჩემო კარგო, ბუნება სწორედ ღვთის შექმნილია და სწორედ მოვლენებში ჩაწვდომით შეიცნობა ღვთის არსიც. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ამბობს: „რადგან ის, რაც უხილავია მასში, მარადიული ძალა და ღვთაებრიობა მისი, სამყაროს შექმნიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება“ (რომ. 1, 20).

პაპა დამიანემ დარბაზს გადახედა. მას ყველა დაფიქრებული სახით შესცქეროდა. ლექტორი კი თავჩაქინდრული იდგა.

- უკეთესად რომ გაგაგებინო, ერთ მაგალითს კიდევ მოვიყვან! -ისევ განაგრძო პაპა დამიანემ. - ვთქვათ, ქალაქში შესულმა დაინახე ლამაზი, მაღალი შენობა. მიუახლოვდი და უფრო ნათელი გახდა მისი დიდებულება, სილამაზე, ფერების შეხამება, პროპორციულობა. აქედან გამომდინარე, ხომ დაასკვნი, რომ ამ შენობის ადამიანი ნიჭიერი არქიტექტორი ყოფილა! ვინმემ რომ გითხრას, ეს შენობა თავისით აშენდა და მას არავითარი არქიტექტორი არა ჰყავსო, ქვებიც მთიდან თვითონ ჩამოცვივდა, ერთმანეთზე დაეწყო და ასე აშენდა კედლები, სახურავიც ქარმა მოიტანა საიდანღაც, ფარჯრის რაფებიც თავის მინებიანად, განა ჩვენ ამის მთქმელი არ შეგევეცოდება?! ხომ დავასკვნით, რომ იგი არანორმალურია?! ხოლო თუ უბრალო შენობას აუცილებლად უნდა ჰყავდეს არქიტექტორი, ნუთუ ამხელა სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ყველაფერი ასე უხვად გვაქვს, შეიძლებოდა არქიტექტორის გარეშე აგებულიყო?!... არა, ჩემო კარგო, ეს არ შეიძლება! ამიტომ უნდა გწამდეს ღმერთი და დაიჯერო, რომ სამყაროს არქიტექტორი ღმერთია! ჩვენ გვწამს მისი. თქვენ, ურწმუნონი კი გამუდმებით გაიძახით რომ ყველაფერი ბუნებამ შექმნა.

8. გზა უფლისაკენ

ლექტორი შეცბუნებული იდგა. სადღაც გაქრა მისი სიმტკიცე, დაჯერებული ტონი, მისი სიტყვებიც გაიფანტა... ახლა იგი მორჩილი ბავშვივით მისდევდა პაპა დამიანეს ნაკვალევს, რომელსაც იგი ღვთისაკენ მიჰყავდა.

- ყველა დროში, - განაგრძობდა პაპა დამიანე, - ადამიანს აინტერესებდა საინდან მოვიდა, რისთვის ცხოვრობს, სად მიდის... ყველას სურდა სამყაროს საიდუმლოებისათვის ფარდა აეხადა, გაეგო, ვინ შექმნა ასე სრულყოფილად ყველაფერი ის, რაც ჩვენს გარშემოა, თუნდაც ფუტკარი, ეს პატარა მწერი, რომლის არსებობა რამდენს მიგვანიშნებს შემოქმედზე. იგი აშკარა მაგალითია იმისა, რომ მისი შემქმნელი უაზრო, ბრმა და უგუნური ვინმე კი არა, უაღრესად ბრძენი და განსწავლულია. აბა, დაფიქრდი, რა ბრძნულად საქმიანობს ფუტკარი! პოულობს და იყენებს იმ ნივთიერებას, რომელიც გაფუჭებისაგან იცავს თაფლს. საიდან იცის მან ეს? შენ ამბობ, რომ ფუტკრები ამას უაზროდ და ბრმად, გაუთვითცნობიერებლად აკეთებენ, ე.ი. ვიღაც სხვა ფიქრობს და ამოქმედებს მათ. მას არა მარტო ამ მცენარის პოვნა, მის თვისებებში წვდომაც შეუძლია. ექიმები სპეციალურად შეისწავლიან რომელი წამალი რომელ ავადმყოფობას არჩენს. მათ ყველა წამლის პოვნაც კი არ შეუძლიათ. ფუტკრები კი ადვილად ართმევენ ყოველივე ამას თავს. ვინ მიუთითა, ან ვინ ასწავლა ფუტკარს ამ მცენარის გამორჩევა? რა თქმა უნდა იმან, ვინც ყველა ნივთიერების და ყველა მცენარის დანიშნულება იცის! ვის შეუძლია ერთ ციცქნა მწერს იმდენი სიბრძნე მისცეს, რომ თავისი საქმეებით ყველა მოხიბლოს! იმას, ვისაც ემორჩილება მთელი კანონები, ვინც მთელ სამყაროს მართავს!

- მერედა ვინ არის ის? - უმწეოდ იკითხა ლექტორმა.

- ეს არის ყოვლისმპყრობელი ღმერთი! - გამარჯვებული ხმით წარმოთქვა პაპა დამიანემ. - მან შექმნა ყველაფერი ასე ბრძნულად.

- ყველას აქვს უფლება, თავისი აზრი ჰქონდეს ამ საკითხზე! - სცადა შეკამათება ლექტორმა.

- მაშინ გვითხარი, ვინ ასწავლა, შენის აზრით, ფუტკრებს ამდენი რამ?!

- გეყოფათ! თემა ამოწურულია! - ისევ ჩაერია კამათში დირექტორი.

პაპა დამიანე კი მაინც დაჟინებით ითხოვდა პასუხს.

- შენ, ჩემო კარგო, ხომ მეთანხმები, წიგნს რომ მწერალი წერს, მანქანას რომ ინჟინერი აგებს. ფუტკარი კი რამდენად უფრო სრულყოფილია წიგნსა და მანქანაზე. ე.ი. ფუტკარი შექმნა არსებამ, რომელიც მთელი მსოფლიოს ინჟინრებსა და მწერლებზე მაღლა დგას. თვითონვე დაფიქრდი, განა ასე არ არის?

ლექტორი სდუმდა. მას არც გაუგია პაპა დამიანეს შეკითხვა. თავჩაქინდრულმა დატოვა კათედრა.

- საქმეზე ილაპარაკეთ! - ისევ გაბრაზდა დირექტორი. - ხომ გასაგებად აგიხსნეს, რომ რწმენა ადამიანთა გაუნათლებლობამ წარმოშვა. მორჩით კამათს!

დარბაზი ახმაურდა.

- აგვიხსენით! - აყვირდა ერთი. - რას გაჩუმებულხართ!

- მართლაც ვინ შექმნა ფუტკარი? - იკითხა ქალმა.

- მარტო ფუტკარზე დაკვირვებაც კი, - განაგრძობდა პაპა დამიანე, - რამდენს გვეუბნება შემოქმედის სიბრძნეზე! როგორ შეიძლება, იგი არ გწამდეს! ადამიანმა ღმერთი კი არ გამოიგონა, მისი რწმენა თავიდანვე ჰქონდა. ის მუდამ იქნება ადამიანის სულში. როგორც მცენარის თესლშია ჩადებული მისი ყველა მთავარი ნაწილი - ღერო, ფესვები, ტოტები და ნაყოფი, ისე ადამიანის სულში თავიდანვე ჩადებულია რწმენა. ხე შეიძლება მრუდედ გაიზარდოს, იყოს ავადმყოფი, უნაყოფო, იმისდა მიხედვით, თუ როგორ ნიადაგზე იზრდება, როგორია ჰავა, როგორ უვლიან. ასევეა ადამიანიც. თუ იგი ცხოვრობს რწმენის გარეშე, ეს იმ არასწორი არჩევანის ბრალია, მან რომ გააკეთა. როგორც ვიცით, უფალმა ადამიანს თავისუფალი არჩევანის ორი გზა მისცა: გზა სიკეთისა და გზა ბოროტებისა. როცა ადამიანი ირჩევს ბოროტების გზას, იგი სულიერად მახინჯია.

მაინც რატომ არ სწამთ შემოქმედისა?! - სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთი იმიტომ, რომ ჩვენი გონება ვერ სწვდება ჭეშმარიტებას. ზოგი სიზარმაცის გამო არ ცდილობს ღრმად ჩაუფიქრდეს თავს, სერიოზულ კითხვებს არიდებს თავს. ზოგი თავის შეხედულებებს სრულ ჭეშმარიტებად მიიჩნევს, ბევრს კიდევ ბავშვობაში ჩააგონეს, რომ ყველა მორწმუნე ბნელი და გაუნათლებელია, ხოლო რომ გაიზარდა, აღარ მოისურვა ამის შემოწმება.

საერთოდ ადამიანის სულში თავიდანვეა ჩადებული უზენაესისადმი თაყვანისცემა. ამიტომ ხშირად ურწმუნოთა უმეტესობა ღვთის ადგილზე ვინმეს ან რაიმეს აყენებს, მაგალითად, მეცნიერებას, კულტურას, ან რომელიმე ადამიანს გაიხდის კერპად და მისი თაყვანისმცემელი ხდება. გულის სიღრმეში კი მათი სული ღვთისკენ ილტვის... ასეთი ადამიანები საცოდავები არიან...

ლექტორს თვალწინ დაუდგა თავისი ბავშვობა. გაახსენდა აღდგომის დღესასწაულები თავის სოფელში, ეკლესიის ზარის ხმა... ბებიას იგი დაჰყავდა ტაძარში, შეჰყურებდა ანთებულ სანთლებს, მუხლმოდრეკილ მლოცველებს. ძალიან უყვარდა საკმევლის სუნი, ხატების ცქერა, მოსწონდა ღვთისმსახურთა ოქროსფერი, ბრჭყვიალა შესამოსლები, თვითონ მღვდელი, რომელიც ჯვარზე მთხვევისას თავზე ეფერებოდა... მერე ქალაქში გადავიდა, თითქოს ეს ყველაფერი დავიწყების ბურუსმა მოიცვა, მაგრამ როგორც ჩანს, სადღაც გულის სიღრმეში იყო მიჩქმალული და მხოლოდ ახლა ამოტივიტვდა. გაახსენდა ისიც, რომ მეცნიერებშიც იყვნენ მორწმუნენი, ის წიგნიც გაიხსენა, რომელშიც ჩამოთვლილი იყო ასეთ მეცნიერთა გვარები, მათ შორის ბევრი იყო ნობელის პრემიის ლაურეატიც. მათ სწორედ ღვთისადმი რწმენა შველოდათ უდიდეს მეცნიერულ აღმოჩენებში. თუმცა მას ამ წიგნისთვის დიდი ყურადღებაც არ მიუქცევია. მას მტკიცედ სწამდა დარვინიზმისა. ახლა კი... მართლაც, კაცი რომ დაუფიქრდეს, შეიძლება ფუტკრის ნიჭის ახსნა დარვინიზმით?! ფუტკრებში არსებობს შრომის დანაწილება: ზოგი თაფლს აგროვებს, ზოგი ფიჭას აკეთებს, ზოგი სკას დარაჯობს, ზოგიც ასუფთავებს, დედა ფუტკარი მხოლოდ კვერცხებს დებს... მართლაც ვინ ხელმძღვანელობს ყოველივე ამას?! ან რა გზით იღებენ ამ პროგრამას ფუტკრები?! ასეთი სასწაულები ხომ ჩვენს უკიდეგანო სამყაროში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. მათთან ფუტკრის ამბავი მხოლოდ ზღვაში წვეთია.

ასეთმა ფიქრებმა მოიცვა ლექტორი. ყურს უგდებდა კამათს, რომელიც ახლა სკოლის დირექტორსა და პაპა დამიანეს შორის გამართულიყო.

- ბუნებაში ყველაფერი კანონზომიერადაა მოწყობილი. განა ასე არ არის?! - ეკითხებოდა პაპა დამიანე დირექტორს. - მაგრამ ხომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამაში ეჭვი ეპარებათ?! ისინი უმეტესად ღმერთს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მას ზოგი რამ გამორჩა მხედველობიდან. მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით, ამაში ღმერთი კი არაა დამნაშავე, უბრალოდ ჩვენი გონება ვერ წვდება ყველაფრის არსს და მიზანს. ერთხელ ერთმა კაცმა ბაღში გოგრის ბარდის დანახვაზე გაიფიქრა:

- რა უგუნურადააა ეს ბუნება მოწყობილი, ამ ერთი ბეწო ბარდაზე ამხელა გოგრა ჰკიდიაო.

მერე იქვე მუხის ჩრდილში წამოწვა და კრიტიკა განაგრძო:

- მუხა ამოდენაა და ასეთი პატარა ნაყოფი რად უნდა ჰქონდესო.

ამ ფიქრებში ჩაეძინა. შუა ძილში მუხიდან რკო ჩამოვარდა და პირდაპირ ცხვირში მოხვდა. შეშინებული წამოხტა და გონს რომ მოვიდა, ღმერთს მადლობა შესწირა:

- კიდევ კარგი ამ ხეს გოგრა არ ება, თორემ ხომ თავს გამისრესდაო.

დარბაზში ხარხარი ატყდა.

- ასე რომ ბუნებაში ყველაფერი მართლაც გააზრებულია. აბა ერთი შენ აგვიხსენი, - მიმართა პაპა დამიანემ დირექტორს, - ვინ ასწავლის ფრინველს გზას? ისინი ხომ ყოველწლიურად მიფრინავენ თბილ ქვეყნებში, გადიან ათასობით კილომეტრებს, გადაუფრენენ ზღვებს, ტყეებს, მინდვრებს და წარმოიდგინეთ არასოდეს გზა არ ებნევათ. ზაფხულობით კი უკან უბრუნდებიან თავიანთ ბუდეებს. როგორ ხდება ეს?

- მათ ეს უკვე ჩვევად აქვთ ქცეული. - უპასუხა დირექტორმა. - ხომ აგიხსნათ ლექტორმა ეს ჩვევები, მათ რომ შთამომავლობით გადაეცემათ?

- ძალიან ადვილად კი გადაწყვიტე ეს საკითხი. აი, მე უკვე 60 წელია დავდივარ და იმედია სიკვდილამდე ვივლი. მამაჩემიც დადიოდა, იმის მამაც... ადამიდან მოყოლებული დღემდე ყველა ადამიანი დადის მიწაზე, მაგრამ მაინც ბავშვი რომ იბადება, ერთი ან ორი წელი მაინც უნდა, სიარული რომ ისწავლოს. რატომღაც არ გადაეცემა მას ეს ჩვევა მშობლებიდან. ყოველი ბავშვისთვის სიარულის სწავლა თავიდან ხდება საჭირო. მისგან განსხვავებით წიწილა გამოჩეკისთანავე იწყებს სირბილს, იხვის ჭუკი ცურვას და ა.შ. მათ არავინ არაფერს ასწავლით, თავიდანვე იბადებიან ასეთნი. ჩვენ, გონიერ ადამიანებს, არ შეგვიძლია ჩვენი ჩვევები შვილებს გადავცეთ, ისიც კი არ შეგვიძლია ბავშვმა დაბადებისთავანე წიწილასავით ირბინოს! არადა რამდენი წელიწადია, რაც ადამიანი არსებობს. იაფეტმა 962 წელი იცოცხლა, ხოლო მათუსალამ 969. ქათმებს რომ ამდენი ეცოცხლათ, მათი კცერცხებიც კი სირბილს დაიწყებდნენ.

დარბაზი ისევ ახარხარდა. დირექტორმაც ვერ შეიკავა სიცილი.

- რაო ძვირფასო, რას იცინი?! - უსაყვედურა პაპა დამიანემ, - ახლა მოდი და აგვიხსენი, საიდან აქვთ ამის უნარი ფრინველებს?

- მათი ბუნებაა ასეთი! - ამის თქმაღა შესძლო დირექტორმა.

- ვინ მისცა მათ ეს უნარი? ასეთი უნარი ხომ ადამიანსაც არ გააჩნია? აი, შენ ნასწავლი კაცი ხარ, მაგრამ უცხო სოფელშიც კი გამცილებლის გარეშე თავგზა აგერევა. ანდა მფრინავს რუკის გარეშე განა შეუძლია თვითმფრინავის მართვა? ფრინველებმა კი იციან საით აიღონ ორიენტაცია, გადაიფრენენ კილომეტრებს და არასდროს იმ გზას არ ასცდებიან. კიდე უფრო საკვირველია უკან დაბრუნებულნი თავიანთ ბუდეებს პოულობენ. ვინ ასწავლა მათ ეს? შენ ხომ მასწავლებელი ხარ და ღვთის გულისათვის აგვიხსენი ეს?!...

პაპა დამიანე ცოტა ხნით გაჩუმდა და მერე ისევ განაგრძო:

- მახსოვს, ერთხელ ტყეში სეირნობისას ფრინველების უჩვეულო ხმამ მიიქცია ჩვენი ყურადღება. ვხედავთ ხეზე გველი მიცოცავს. ჩიტები კი სასოწარკვეთილნი დასტრიალებენ თავს, დავინტერესდით და თვალიც არ მოგვიცილებია მათთვის. ერთ-ერთმა ჩიტმა ნისკარტით რაღაც ბალახი მოიტანა და ჩააგდო ბუდეში. ამასობაში გველიც მიუახლოვდა ბუდეს, ჩაჰყო თავი ბუდეში, მაგრამ საშინელი სისინით სწრაფად უკან გასრიალდა. ახლოს მივედით და რას ვხედავთ! ბუდეში ისეთი შხამიანი ბალახი ეგდო, გველი რომ ვერ იტანს. სწორედ ამ ბალახით იხსნა თავისი ბარტყები ჩიტმა გველისაგან. ამიხსენი ახლა, რომელ ინსტიტუტში, ან რომელმა მეცნიერმა ასწვლა მას, რომ ეს ბალახი დაიცავდა მას გველისაგან?!

- აკი უკვე ვთქვით, რომ ისინი ბუნებამ დააჯილდოვა ასეთი ნიჭით. - გაღიზიანდა დირექტორი.

ეჰ, ბუნება, ბუნება! - თავი გაქნია პაპა დამიანემ - თქვენ სულ ბუნებას და ჩვევას გაიძახით. თუკი ეს მატერიალური ბუნება ასე ჭკვიანია და თან მარადიული, როგორც თქვენი მეგობრები ამბობენ, რატომ უწოდებთ მას ბუნებას?! ბარემ დაარქვით ღმერთი. აი, ჩემი შვილიშვილი! - დამიანემ დარბაზში მჯდარ შვილიშვილისაკენ გაიშვირა ხელი, - იგი სულ პატარა იყო, ბაღში კვალი რომ გავაყვანინე. მერე ამ კვალზე ჩუმად ადრეული ბალახი დავთესე ისე, რომ მისი სახელი ამოსულიყო. გაზაფხულზე წავიყვანე და ვხედავ მორბის ჩემსკენ:

- პაპა, პაპა, წამოდი ჩქარა რა გაჩვენო!

გავყევი.

- შეხედე ამ კვალზე ჩემი სახელი ამოსულა! ვინ დათესა?

- ალბათ ბუნებამ!

- როგორ თუ ბუნებამ?!

- როგორ და ისე. კვალმა თვითონ დაწერა შენი სახელი.

ბავშვმა არ დამიჯერა:

- არაფერიც!

მაშინ გამოვუტყდი:

- მე დავთესე, მინდოდა გაგეგო, სამყაროში ისე თავითავად არაფერი ხდება! ეს კვალი კი მე დავთესე, მაგრამ სამყაროში ვინ დათესა ეს ველები, ეს ყვავილი, ეს ბალახი, ვინ მორთო ეს მდელო, ვინ გაიყვანა ეს მდინარე, ვინ აღმართა ეს მთები?

როგორ თუ ვინ?! ღმერთმა! - მიპასუხა მან.

- ხედავ! - მიმართა პაპა დამიანემ დირექტორს, - ბავშვიც კი ხვდება ამას. თქვენი აზრით კი ბუნებაა ბრძენთა ბრძენი და სწორედ მან შეასწავლა ფრინველებს და ფუტკრებს ყველაფერი.

დირექტორი უკმაყოფილო სახით გაეშურა თავისი ადგილისაკენ. ახლა კულტურის სახლის დირექტორი ჩაერია კამათში:

- რა გააწყალეთ გული თქვენი ფუტკრებითა და ჩიტებით! თუ გინდათ თემის ირგვლივ ისაუბრეთ, არადა შეწყვიტეთ უაზრო კამათი.

ამ კატეგორიულმა განცხადებამ აღაშფოთა დარბაზი:

- კითხვას გაეცით პასუხი! - ითხოვდა ხალხი.

- უღმერთოებო, გაებით მახეში?! ფუტკრების კბენისა და ჩიტების ჩანისკარტებისა ხომ არ შეგეშინდათ?! სანამ არ გვიპასუხებთ, არსადაც არ გაგიშვებთ! - სიცილს ვერ იკავებდა პირველ რიგებში ვიღაც.

- გვიპასუხეთ! გვიპასუხეთ! - ერთხმად აყვირდა დარბაზი.

წონასწარობა დაკარგულმა ლექტორმა ისევ დაიწყო:

- უნდა მოგახსენოთ, რომ ადამიანებისაგან განსხვავებით ბუნებას გონება არ გააჩნია. თუ ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე გაკეთებული საქმეები გავაანალიზოთ, გავიაზროთ, განვახორციელოთ ან გადავიფიქროთ, ბუნებას ეს თვისება არ გააჩნია, იგი არ აზროვნებს, მას არა აქვს შეგრძნების უნარი, იგი ვერ ხედავს...

- ღმერთი გიშველის ასეთი კარგი პასუხისათვის. - გაიხარა პაპა დამიანემ. - გამოდის, რომ ადამიანი ბუნებაზე გონიერია?!

- მარტო გონიერი კი არა, მას შეუძლია თავისი შეხედულებებისამებრ დაიმორჩილოს ბუნება და გამოიყენოს.

- ე.ი. შენი აზრით ადამიანი ბუნების მპყრობელი და გამგებელია? - გაეცინა პაპა დამიანეს. - არადა ერთი ჩემი მეგობარი ამბობს:

- ადამიანი ჰგავს ხოჭოს, რომელიც თბილ ამინდში თამაშობს, დაფრინავს ზუზუნით და თავისთვის ამბობს:

- ყველაფერი მე მეკუთვნის: ეს ტყე! ეს მინდორი, მთა და ბარი! ყველაფერის გამგებელი მე ვარ!

მაგრამ მზის ჩასვლისას, რომ აცივდება და ქარიც დაჰბერავს, ხოჭოს ავიწყდება თავისი სიდიადე, მიეკვრება ფოთოლს და სიცივისაგან ძაგძაგებს. ხომ ასეა?! ჩვენც, ადამიანებიც, ზუსტად ასე არა ვართ?!

- მართლაც ასეა... - ჩაილაპარაკა ვიღაცამ.

- თუკი ადამიანი ყველაფრის შემძლეა, - მიმართა პაპა დამიანემ ლექტორს, - მას შეუძლია შექმნას მოლაპარაკე მანქანა?

- შეუძლია კი არა, შექმნილიც აქვს უკვე! განა რობოტებზე არ გაგიგიათ?!

- მე ასეთ რობოტებზე არ ვამბობ! მე გეკითხები: შეუძლია მას გააკეთოს ისეთი გონიერი მანქანა, თავისით რომ აზროვნებდეს და ფიქრობდეს?!

ტრიფონ, მოდი ჩემთან! - დაუძახა პაპა დამიანემ თავის შვილიშვილს.

ბიჭი მაშინვე წამოხტა და მივიდა.

- ხედავ ამ ბიჭს?! - თავზე გადაუსვა ხელი ბავშვს, - მისი მამა ყრუ-მუნჯია, თვითონ კი მოლაპარაკე და ძალზედ ხალისიანიც. ტრიფონ, აგვიხსენი, შენი აზრით ღმერთი როგორია?

- ღმერთი ისე დიდია, რომ მას ცა და დედამიწა ვერ იტევს, თანაც ისეთი პატარა, რომ ჩემს გულშიც კი ეტევა. - ხმამაღლა და სერიოზულად უპასუხა ბიჭმა.

9. გონიერება ბუნებაში

- საკმარისია ადამიანმა გარშემო ყურადღებით მიმოიხედოს, მაშინვე რომ შეიგრნოს, თუ რა ბრძნულადაა მოწყობილი ბუნებაში ყველაფერი. - განაგრძო პაპა დამიანემ. - სადღაც წამიკითხავს ადამიანის უჯრედი რომ წერტილივითაა. და ამ უჯრედში უკვე ჩადებულია ბუნების წესები: წესი სიცოცხლის, კვების, გამრავლების, სიკვიდლი და ა.შ. ეს უჯრედი შეიცავს თავს, ფეხს, ე.ი. ყველაფერს, რაც მთლიანობაში ადამიანად წარმოგვიდგება. ახლა მიპასუხე: რაში სჭირდება ბავშვს დედის მუცელში თვალები?!

- ალბათ სჭირდება... - წაილუღლუღა ლექტორმა.

- მაინც რაში სჭირდება? რა, იქ ათვალიერებს რაიმეს თუ რა, დადის თუ რა?

- მას ეს ყველაფერი მერე დასჭირდება, როცა დაიბადება.

- როგორც ჩანს, იმ ძალამ, რომელმაც შექმნა უჯრედი, თავიდანვე გაითვალისწინა ეს. განა შეეძლო უგონო ბუნებას ამის გათვალისწინება?

ლექტორი ხმას აღარ იღებდა, პაპა დამიანე კი განაგრძობდა:

- ავიღოთ თუნდაც თვალი. საოცარი რამ არის იგი. რამდენ რამეს ხედავს და დედის მუცლიდან დაჰყვება კაცს. განა სასწაული არ არის?! თქვენ კი ამბობთ, ადამიანს ჩვევები გამოუმუშავებს ხედვის უნარსო. როდის მოასწრო მან ამ ჩვევის გადაღება?! ეს იგივეა, ცურვა უწყლოდ რომ ვისწავლოთ, ანდა ვისუნთქოთ უჰაეროდ, ან ვიმსჯელოთ უჭკუოდ. მართლაც სასწაულია!

- მართლაც რომ ბრძენკაცია! - გაისმოდა დარბაზიდან.

- მიდი, მიდი, პაპა დამიანე, თავბრუ დაახვიე ამ განათლებულ ხალხს! - აქეზებდნენ ერთნი.

პაპა დამიანე კი ცდილობდა ამ კითხვაზე სწორედ ათეისტებს ეპასუხათ.

- ერთი მითხარი, თვალები გონივრულადაა შექმნილი?

ლექტორს მოეჩვენა, რომ პაპა დამიანე დასცინოდა და გაღიზიანდა:

- განა ვინმე ამბობს რომ არა?! მათი აგებულება ყველას ანცვიფრებს!

- რისთვის არის იგი შექმნილი?

აქ კი ვეღარ შეიკავა თავი ლექტორმა:

- რა სისულეებს მეკითხებით! თუ რაიმე გაინტერესებთ თემიდან, მკითხეთ!

მაგრამ მაინც გასცა მერე პასუხი:

- ბავშვმაც კი იცის, რომ თვალი ადამიანს ხედვისათვის სჭირდება.

- მართალი ხარ! - შეაქო პაპა დამიანემ. - ახლა ისიც მითხარი: იცოდა თვალის შემქმნელმა რისთვის ქმნიდა მას?

- უნდა ვიგულისხმოთ, რომ იცოდა... - ლექტორი გონს მოეგო, მაგრამ უკვე გვიან იყო.

- მართალია! - წამოიძახა პაპა დამიანემ. - თვალის შემქმნელი არსება გონიერი ყოფილა, თუ უგონო?! შეგნებული თუ შეუგნებელი?!

10. შემოქმედი - გონიერი არსება

ლექტორი მართლაც ისე გაება მახეში, თავის დაძვრენა უკვე შეუძლებელი იყო. აღიარება იმისა, რომ თვალის შემქმნელმა იცოდა რასაც აკეთებდა და რა მიზნით, არ შეიძლებოდა ბრმა, გაუაზრებელი პასუხი ყოფილიყო. ამიტომ იგი იძულებული გახდა ასე ეპასუხა:

- დიახ! თვალები შექმნილია აზრიანი და გონიერი ძალის მიერ.

- შეუძლია განსწავლულ ადამიანს ასეთი ცოცხალი თვალის შექმნა?! - არ ეშვებოდა პაპა დამიანე.

- მეცნიერება ჯერ არ მისულა ამ დონემდე. - უპასუხა ლექტორმა. - მაგრამ ოდესმე ალბათ ამას აუცილებლად მიაღწევს და შექმნის ცოცხალ არსებას.

- მაინც ვინ უფრო გონიერია: მეცნიერება, რომელსაც არ ძალუძს ასეთი თვალის შექმნა, თუ ის არსება, რომელმაც ეს საოცარი თვალი შექმნა, ვინც აძლევს ყველას თვალის სინათლეს, ვინც ხედავს ყველაფერს, ვინც სმენას ანიჭებს, ვისაც ყველაფერი ესმის?

11. ლექტორი თმობს პოზიციებს

ასე უბრალოდ და დამაჯერებლად მიჰყავდა ლექტორი პაპა დამიანეს ღვთის აღიარებისკენ. ამას ლექტორი გრძნობდა. იგრძნო კიდევაც სულში გარდატეხა. დროდადრო ჩაფიქრდებოდა, ყოყმანობდა. კრების მიტოვებაც კი დააპირა, მერე ისიც იფიქრა, ხომ არ სჯობს გულახდილად ვაღიარო, ღმერთი რომ არსებობს და ამას მხოლოდ იმიტომ არ ვაღიარებთ, ჩვენთვის რომ მიუწვდომელიაო.

„მართლაც რატომ უნდა ეკამათო ამ კაცს. მეც ხომ ვიცი, რომ ყველაფერი მართლაც ასეა.“ - ფიქრობდა იგი და ცდილობდა ისეთი პასუხი მოეძებნა, რომლითაც მოკამათეს მოიგერიებდა, მაგრამ, რაც უფრო უღრმავდებოდნენ საუბარს, მით უფრო ნათელი ხდებოდა, რომ სწორედ ამ გზას მიჰყვებოდა, რომელიც ღვთის არსებობას აღიარებდა.

„რა უგუნურებაა ღვთის უარყოფაო, - ამ აზრამდეც მივიდა. - ეს ხომ ადამიანის ბუნების საწინააღმდეგოდ ხდება. საშიშიც კია იმის წარმოდგენა, რომ ეს სამყარო შიშველი და მკვდარი ველისგან წარმოიშვა“. - და მან აღიარა:

- დიახ, ეს არსება გონიერია.

- მერედა ვინ არის იგი?

- ეს საიდუმლო და მიუწვდომელი ძალა... - აქ ცოტა ხანს შეჩერდა და მერე მტკიცედ წარმოთქვა, - ეს სასწაულებრივი ძალაა!

ეს უკვე ღვთის აღიარება იყო.

12. დირექტორის გაქცევა

თავმჯდომარე დაძაბული უსმენდა კამათს. ლექტორის ამ სიტყვებზე წამოდგა და განაცხადა:

- კრებას დახურულად ვაცხადებ!

თუმცაღა ხალხს არც უფიქრია დაშლა. არც ლექტორი განძრეულა.

დირექტორი ელვის სისწრაფით გავარდა გარეთ. ყველამ დუმილით გააყოლა თვალი. ცხოვრებაში რამდენჯერ შევხვედრივართ მსგავს ადამიანებს. მათ თვით უფალიც რომ გამოეცხადოს და უთხრას:

- მე შენთვის ვეწამე, იმისთვის ვეცვი ჯვარს, სიკვდილისგან რომ დამეხსენი.

ისინი ექიმს შესჩივლებენ:

- მოჩვენებები დამეწყოო.

ათეისტი, რომელიც ღვთის არსებობას უარყოფს, იმ ყრუს ჰგავს, რომელიც ამტკიცებს ბეთჰოვენის, ბახის, მოცარტისა და თუ სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებები ფურცელზე დახატული შავი წერტილებია მხოლოდ და მათ არც მელოდია გააჩნიათ და არც არავინ იცის, რისთვისაა შექმნილიო.

ხომ შეუძლებელია, ყრუმ ეს დაუმტკიცოს იმ ადამიანს, რომელსაც სმენა აქვს ად არაერთხელ დამტკბარა ამ ნაწარმოებთა მოსმენით?! განა საცოდავები არ არიან ასეთები?!

ყველა მოუთმენლად ელოდა, თუ როგორ დამთავრდებოდა პაექრობა.

ლექტორი კათედრიდან არ ჩამოდიოდა. თუ მანამდე ათეისტურ „ჭეშმარიტებებს“ ამტკიცებდა, ერთი ციტატიდან მეორეზე გადადიოდა და სხვის სიტყვებს იშველიებდა, ახლა, ამ ბრძენკაცის წყალობით, პირველად დაეჭვდა მათ სისწორეში. განა თვითონ არ იყო იმისი მოწმე, როგორ იცვლებოდა ყველაფერი ის, რაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მეცნიერებას უცვლელად მიაჩნდა. „განა მეცნიერები არ იყვნენ, ატომს განუყოფელ ნაწილაკად რომ თვლიდნენ?! ახლა კი მისი გაყოფა მოახდინეს, ე.ი. რა გამოდის?! გამოდის, რომ მეცნიერებაზე არ შეიძლება მინდობა! განა მართალი არ თქვა პაპა დამიანემ, რომ მეცნიერება ახლა წესებს კი არ ადგენს, მხოლოდ ფარდას ხდისო მათ?!

რა თქმა უნდა დამიანესთვის უფრო ადვილია ცხოვრება. მთელი არსებით მიენდო ღმერთს და ცხოვრობს“...

13. ორგანიზმის აგებულება

პაპა დამიანე ღიმილით უყურებდა ლექტორს. კმაყოფილი იყო, დირექტორს რომ არ გაჰყვა.

„როგორც ჩანს, გონება მთლიანად არ დაბნელებია ჯერ“. - ფიქრობდა იგი.

- მოდი ახლა, ისიც აგვიხსენი უჯრედი, ცოცხალი ორგანიზმი როგორაა აგებული?

ლექტორმა ჩაახველა და დაიწყო:

- მეცნიერება ამბობს, რომ ყოველი ცოცხალი ორგანიზმი - იქნება იგი ცხოველი თუ ფრინველი, მწერი თუ მცენარე, მრავალი უჯრედისგან შედგება. როგორც სახლი შეიძლება აგურებად დავშალოთ, ასევე შეიძლება უჯრედის დაშლაც და ამის საფუძველზე ანალიზის გაკეთება. პერანგს თუ დავარღვევთ, ხომ მივიღებთ სახელოს, ჯიბეებს, საყელოს და ა.შ.?! მისი დაშლა კიდევ შეიძლება ძაფებად, ძაფები კიდევ თავის შემადგენელ ნაწილებად და ა.შ. ასე შეგვიძლია გავიგოთ, რა მასალისგანაა შეკერილი პერანგი. ასეთივე თანმიმდევრობით შეიძლება ჩავატაროთ ნებისმიერი საგნის ანალიზი. მეცნიერებმა ამ გზით გამოიკვლიეს ბუნება და დაადგინეს, რომ მცენარეებიც და ცხოველებიც პატარ-პატარა უჯრედებისაგან შედგება. და რომ ეს უჯრედი ისეთი პატარა ზომისაა, შეუძლებელია მისი დანახვა. გამოიგონეს მიკროსკოპი, რომლითაც იმ სახის უჯრედებიც დაინახეს, რომლისგანაც ორგანიზმია აგებული. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ ამ უჯრედში თავიდანვეა ჩადებული ორგანიზმის ფორმა და მისი ყველა თავისებურება.

ყველა ყურადღებით უსმენდა ლექტორს.

- იცით როგორი პატარაა ჩანასახის უჯრედი?! ნემსის თავის ოდენაც კი არ არის. ის კი არადა ნემსის წვერზე 500-მდე ასეთი უჯრედი მოთავსდება. და რა საოცარია, რომ ამ პატარა უჯრედში თავიდანვე უკვე მთლიანად ჩამოყალიბებულია ადამიანი - ყველა თავისი ორგანოთი და ფუნქციით, გულით, ფილტვებით, ხელებით, ფეხებით, ნიჭით, უნარით, წინა თაობების თვისებებით, ხასიათით. ისიც ცნობილია, რომ უჯრედი სამოცდაათ მილიონამდეა და ყველა მათგანს თავისი ფუნქცია აქვს ადამიანის ორგანიზმის შესაქმნელად. ეს მეტად რთული შენაერთია.

- ღმერთო ჩემო! რა საოცარია ეს ყველაფერი! - აღტაცება ვერ დამალა პაპა დამიანემ. ე.ი. - ყოველი უჯრედი, როგორც დიდი შენობა, სხვადასხვა მასალისგანაა აგებული. ხომ ასეა?

- დიახ, სწორს ბრძანებთ! ოღონდ შენობისაგან განსხვავებით უჯრედი უფრო რთული და გააზრებულია.

- მერე ვინ აკეთებს ასეთ სასწაულს? ასეთ უჯრედებს? ვინ არის არქიტექტორი? ვინ არის მშენებელი? - იკითხა პაპა დამიანემ.

14. ვინ შექმნა უჯრედი

- მეცნიერები ამ საკითხის გასარკვევად ბევრს შრომობენ. ბიოლოგებმა უკვე გაარკვიეს განაყოფიერებული უჯრედის აგებულება, მისი შემადგენლობა. - განაგრძობდა ლექტორი.

- შენ მაგას უკვე ჩამოყალიბებულ უჯრედზე ამბობ! - გააწყვეტინა პაპა დამიანემ, - მე კი გეკითხები: - შეუძლია ადამიანს ასეთი უჯრედის შექმნა?

- ჯერჯერობით არა!

- ერთმა მეცნიერმა კი თქვა, რომ უჯრედის შექმნა ისევე ძნელია, როგორც რაიმე ცხოველისა. მაგრამ მეცნიერებმა უკვე შეძლეს ხელოვნურად მიეღოთ ცილები. ეს კი ძირითადად ორგანული ნივთიერებაა. ეს ძალიან დიდი აღმოჩენაა, რადგან ორგანიზმი ძირითადად ცილოვანი ნაწილებისაგან შედგება. ამას წინათ კი, - განაგრძობდა პაპა დამიანე, - წავიკითხე რომ მეცნიერება ცდილობდა ქიმიური ნივთიერებებისაგან უჯრედის შექმნას. ამის გაკეთება სენსაცია იქნება. მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდით. განა ძნელია ფლავის მოხარშვა, როცა გაქვს ბრინჯი და წყალი?! მაგრამ თუ ამათგან რომელიმე გაკლია შეეცადე და დაამზადე ფლავი! ხომ არაფერი გამოვა?! მეცნიერებას გააჩნია ქიმიური ელემენტები, მაგრამ მაინც ვერ შეძლეს ასეთი უჯრედის შექმნა.

- და მაინც მეცნიერებამ ბევრს მიაღწია. - არ ნებდებოდა ლექტორი. - ამჟამად მთელი ინსტიტუტები მუშაობენ პროდუქტების ხელოვნურად შექმნაზე. ხომ გინახავთ ხელოვნური შავი ხიზილალა?

- მაგრამ მაგ ხიზილალის პურზე წასმაც კი ჭირს - წამოიძახა პაპა დამიანემ. - შენ ის მითხარი, მივიღებთ თევზს ასეთი ხიზილალისაგან?

- რასაკვირველია არა! - გაეღიმა ლექტორს.

- პურის მარცვალიც შეიძლება ხელოვნურად მიიღო, დაფქვა და გამოაცხო, მაგრამ ასეთ ხორბალს თუ დათესავ, არ აღმოცენდება. რატომ? იმიტომ რომ მასში სიცოცხლე არ არის, მკვდარია, ე.ი. ყველაფერს ღმერთი აძლევს სიცოცხლეს! - დაასკვნა პაპა დამიანემ.

ლექტორი აღარ ცდილობდა თითიდან გამოწოვილი თეორიების მტკიცებას.

- ჩემთვის ცნობილია, რომ მეცნიერებამ ხელოვნური გულიც შექმნა. მაგრამ მასში ვერ ჩადო სიყვარული. - აღელვებული განაგრძობდა პაპა დამიანე. - არც ხელოვნური ტვინი აზროვნებს. ხელოვნურად მხოლოდ უსულო მატერიის მიღებაა შესაძლებელი. სიცოცხლეს კი იგი მხოლოდ ღვთისგან იღებს.

პაპა დამიანე ცოტა ხანს გაჩუმდა, მერე კი ღიმილით დაამატა:

- თქვენ თქვენი ქიმიით ადამიანებიც სინთეტიკურები გახადეთ თითქოს, გააუხეშეთ.

ლექტორი გულში ეთანხმეობდა დამიანეს.

„- მეოცე საუკუნე ატომის საუკუნეა, - ფიქრობდა იგი, - რადიოელექტრონული, უმაღლესი ტექნიკის, ბიოქიმიისა... მაგრამ როგორ შეიძლება მეცნიერება შეედაროს იმას, ვინც ეს სამყარო შექმნა?! მას ხომ თავისით ერთი ატომიც არ შეუქმნია?! ღმერთმა კი მილიონობით გალაქტიკები შექმნა. მეცნიერებას არ შეუძლია შეცვალოს დღე-ღამის მონაცვლეობა, მას არ შეუძლია თესლის გარეშე ერთი მცენარის აღმოცენებაც კი. ეს მოხუცი მართალია. მეცნიერება ვერასდროს ვერ შექმნის ვერც ფუტკარს და ვერც ფრინველს!“

- ახლა მოდი და თქვი, ვინ შექმნა პირველი უჯრედი? - მიმართა ისევ პაპა დამიანემ ლექტორს.

- ვარაუდობენ, რომ თავისით წარმოიქმნა. - ნაძალადევად უპასუხა ლექტორმა.

- მერედა ეს როგორ მოხდა? - გაოცდა პაპა დამიანე. - როგორ შეეძლო მას თავისი თავის წარმოქმნა, თუკი არ არსებობდა? შენ რაღაც წარმოუდგენელ ამბავს ამბობ, ჩემო ძმაო. ეს იგივეა, შენვე რომ შობო შენივე თავი, თვითონვე რომ ჩაიდგა ფილტვები, გული, კუჭი, სისხლი რომ ჩაისხა ძარღვებში და გაუშვა, მოიბა ხელები, ფეხები და ა.შ. მაგრამ ვინ ვიყავი მანამდე, სანამ არ მქონდა არც გული, არც თავი, არც ხელი და ა.შ. მე ხომ არ ვიყავი ამ ქვეყნად?! როგორღა შევძელი ჩემი თავის შექმნა?! თავისით ხომ არაფერი ჩნდება ამ ქვეყანაზე?! ეს იმას ჰგავს, ერთხელ ცხენის ქურდები რომ დაიჭირეს. ისინი ამტკიცებდნენ:

- ჩვენ არ მოგვიპარავს, ისინი თვითონ გამოგვყვნენო.

არადა უნაგირებიც ზედ ჰქონდათ დადგმული და ფეხებიც შეფუთული, ხმა რომ არ გამოეცა ჩლიქებს. რაღა თქმა უნდა, მათ არავინ დაუჯერა და დაიჭირეს. ასე დაისჯებიან ისინიც, ვინც არ ეძიებს ჭეშმარიტებას, ვინც გაუთევებლივ იმეორებს: ეს სამყარო თავისით შეიქმნაო. ნუთუ არ გაინტერესებთ, მართლაც ვინ შეაგროვა უჯრედისათვის მასალა? ვინ არის ეს ბრძენი და ჭკვიანი ხელოსანი? ერთი თვითონ შეეცადე ასეთი რამის გაკეთებას! არაფერიც გამოგივა, თუნდაც ამისთვის უამრავი მასალებით მოგამარაგონ.

ჩვენ ხომ ყველამ ვიცით შენობა რისგან შენდება?! იმის გამოთვლაც კი შეგვიძლია, რა რაოდენობის აგური დაგვჭირდება ამისთვის, რა რაოდენობის ფიცარი, ცემენტი. ყველაფერ ამას რომ მოვაგროვებთ, დავყაროთ ერთ ადგილას და ვბრძანოთ:

- აბა, სახლო, ახლა კი აშენდი!

საუკუნეები იდება ეს მასალა და სახლი კი მშენებლის გარეშე არა და არ აშენდება. უჯრედი კი რამდენად უფრო რთული აგებულებისაა, არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზეც, რომ არავის მოუზიდნია მისი მასალა... ანდა ავიღოთ ტილო, საღებავები, ფუნჯი და ბრძანოთ:

- ყველაფერი მზადაა, დაიხატე ნახატო! დაიხატება ნახატი? - ეს ისე გულუბრყვილოდ იკითხა პაპა დამიანემ, ყველას გაეცინა, ლექტორსაც. არ იცინოდა მარტო სკოლის დირექტორი.

15. ბუნების კანონზომიერება

- ახლა კი მოდი მიპასუხე: - უჯრედი თავიდანვეა ასე დაგეგმილი, თუ მერე ხდება მისი ამ სახით ჩამოყალიბება?! - იკითხა ისევ პაპა დამიანემ.

- რა თქმა უნდა, თავიდანვე! - უპასუხა ლექტორმა. - გაუაზრებლად ხომ არაფერი არ არსებობს ამ სამყაროში. სხვაგვარად ხომ ქაოსი იქნებოდა?! უჯრედში კი ჩვენ ვხედავთ დასახულ მიზანს, კანონზომიერებას, თავიდანვე განსაზღვრულს და გათვალისწინებულს. ჩვენ ხომ წინასწარ ვიცით, რომ ადამიანის უჯრედიდან აუცილებლად ადამიანი იბადება და არა მცენარე, ან რაიმე პირუტყვი. ვარდის უჯრედიდან მხოლოდ ვარდი იზრდება და არა ვაშლი და ა.შ. სამყარო თავისი მკაცრი კანონებით ცხოვრობს.

ლექტორში აშკარად თავიდან იბადებოდა ღვთის რწმენა. საერთოდ, ეს რწმენა ყველა ადამიანშია ჩადებული. მაგრამ ათეისტებმა იგი გათელეს და ნაცარი მიაყარეს. ახლა კი იგი ნაკვერცხალივით აელვარდა, თითქოს ამ ნაცარს სული შეუბერესო. დისპუტმა მასში რწმენა კი არ ჩაკლა, უფრო გააღვივა და გული გაუთბო. რაც უფრო ღვივდებოდა იგი, მით უფრო მეტი სიმშვიდე მოჰქონდა.

- სამყაროს გონიერი არსება განაგებს. - მშვიდად განაცხადა მან.

- დიდება უფალს! - ამოისუნთქა პაპა დამიანემ. - მხოლოდ მეცნიერებით შენ ღმერთს ვერ იპოვი, ვერც შეიგრძნობ. ჩვენი ეკლესია რწმენას ეყრდნობა, მეცნიერება კი დროებითი საყრდენია მხოლოდ. ერთხელ მიტროპოლიტ ფილარეტს ჰკითხეს:

- განა შეიძლება იმის დაჯერება, რომ იონა ვეშაპმა ჩაყლაპა?

იცით რა უპასუხა ამაზე მიტროპოლიტმა?

- ბიბლიაში რომ ნათქვამი ყოფილიყო პირიქით, იონამ ჩაყლაპა ვეშაპი, ამასაც დავიჯერებდი, რადგან ბიბლია ღვთის სიტყვაა და მაშასადამე ჭეშმარიტებაცო. ლექციაში შენ აღნიშნე, რომ რელიგიამ თავისი დრო მოჭამა, რომ იგი მალე მუზეუმს ჩაბარდება. თქვენ მართლაც მოათასვეთ ხატები, ჯვრები, წმიდა ნაწილები, წმინდანების უხრწნელი გვამები მუზეუმში. მაგრამ მართლმადიდებლი ეკლესიის სულს მუზეუმში ვერასდროს ვერ ჩააბარებთ, ვერც ექსპონატივით გამოფენთ, როგორც საქსოვ დაზგას. შენ ალბათ გსმენია, როგორ უნდოდათ ქრისტიანობის მოსპობა დიოკლეტიანეს, ნერონს, იულიანეს. მაგრამ შეძლეს ეს? სად არიან ის მმართველები დღეს? ისინი არავისაც არ ახსოვს, ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა კი არსებობს და კვლავაც იარსებებს საუკუნოდ! გასაგებია?!

16. გარდაქმნა

ლექტორი თითქოს სხვა ადამიანად ქცეულიყო. თვითონვე ვერ გაეგო, როგორ შეეძლო აქამდე სხვაგვარად აზროვნება. განა შეიძლება დაიჯერო, რომ ეს სამყარო, ასე ლამაზი და მიუწვდომელი, თავისით, შემოქმედის გარეშე შეიქმნა?! სწორედ ღმერთი არის საწყისი და სოცოცხლის უფალი. ის არის ყოველი და ყველაფერი. ამან სიმშვიდით აავსო, ყველაფერიც თავის ადგილზე დალაგდა. ახლა ის ვერ წარმოედგინა, როგორ შეეძლო აქამდე ასე უღმერთოდ ეცხოვრა. თითქოს თვალები მხოლოდ ახლა აეხილა. ისეთ ნათელს შეიგრძნობდა, თითქოს მთელი სამყარო გაეხსნა. უხილავმა ძალამ მისი სული ნათელში გამოიყვანა. ასე იგრძნო ღვთის მადლი, ასე შეიცნო ჭეშმარიტება. მისი სული გაცოცხლდა და პაპა დამიანეს შეკითხვას: - ვინ შექმნა სამყაროო, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უპასუხა:

- სამყარო შექმნა უდიდესმა და ყოვლისშემძლე გონებამ, რადგან გონიერება მხოლოდ გონიერისგან წარმოიშობა. ეს კი ისევე აშკარაა, როგორც ის, რომ სინათლისაგან წარმოიშობა ნათელი, სიბნელისაგან კი ბნელი.

- ე.ი. ღმერთი არსებობს?

დარბაზი გაიტრუნა.

- დიახ, არსებობს! - მშვიდად და სიყვარულით წარმოთქვა ლექტორმა.

დარბაზმა ამოისუნთქა, სკოლის დირექტორი კი გარეთ გავარდა.

პაპა დამიანემ პირჯვარი გადაიწერა და ხმამაღლა წამოიწყო გალობა - „მეუფეო ზეცათაო“. ხალხიც აჰყვა, ჯერ პირველ რიგებში, მერე კი მთელი დარბაზი შეუერთდა მას.

ასე შეძლო უბრალო, სოფლელმა გლეხმა სწორ გზაზე დაეყენებინა ათეისტი ლექტორი.