რომის კათოლიკეთა დოგმატური ცდომილებანი
სული წმიდის შესახებ სწავლებაში

„...და სული წმიდა უფალი, ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს...“ - ეს არის სარწმუნოების სიმბოლოს (მრწამსის) ნაწილი, რომელიც სული წმიდას ეხება და რომლის ჭეშმარიტეაც აუწყა თავის ეკლესიას თვით ქრისტემ, ამასვე მოწმობენ მოციქულები და ამტკიცებენ მსოფლიო საეკლესიო კრებები.

XI საუკუნიდან რომის „კათოლიკები“ აცხადებენ, რომ სული წმიდა „გამოვალს მამისაგან და ძისაგან“. რომის ეპისკოპოსმა ცალმხრივად, მსოფლიო საეკლესიო კრებაზე განხილვის გარეშე შეცვალა I და II მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დადგენილი მრწამსი და მასში შეიტანა სიტყვები „და ძისაგან“.

როგორ მოხდა ეს? სწავლება სული წმიდის წარმომავლობაზე მამისაგან და ძისაგან პირველად გაჩნდა VI საუკუნის დასაწყისში ესპანეთში, როცა ესპანეთის ეკლესია ებრძოდა არიანელ ვესთ-გოთებს. არიანელები აკნინებდნენ ძე ღვთისას პიროვნებას და უარყოფდნენ მის ერთარსებას მამა ღმერთთან.

არიანელთა სწავლების საწინააღმდეგოდ იესო ქრისტეს ღვთაებრიობის ხაზგასასმელად ესპანელი ეპისკოპოსები მრწამსში ამატებდნენ, რომ სული წმიდა ძისაგანაც გამოვალს. მათ უნდოდათ ხაზი გაესვათ მამისა და ძის თანასწორობისათვის, რომ ისინი ერთარსნი არიან. იმ დროს ეს ჩამატება გამოხატავდა მხოლოდ და მხოლოდ ზოგიერთი ესპანელი ეპისკოპოსის კერძო აზრს, გამოიყენებოდა კერძო მიზნისათვის და არ ჰქონდა ეკლესიის სწავლების ხასიათი.

VIII ს. სული წმიდის ძისაგანაც გამომავლობის საკითხის დასაბუთებასა და დაცვას ცდილობდნენ საფრანგეთისა და ესპანეთის მეცნიერები, ხოლო IX ს. დასაწყისში (809 წ.) კარლოს დიდის თავმჯდომარეობით აახენში შედგა დასავლეთის ეპისკოპოსთა და სხვა სასულიერო პირთა საეკლესიო კრება სპეციალურად ამ საკითხის განსახილველად. მრავალი სხვადასხვა აზრის გამოთქმის შემდეგ კრების მონაწილეებმა მრწამსი უცვლელად დატოვეს.

მაგრამ კარლოს დიდმა, რომელიც ცდილობდა ხაზი გაესვა თავისი დამოუკიდებლობისათვის ბიზანტიისაგან, მიმართა რომის პაპ ლეონ III-ს თხოვნით, რათა მას დაემტკიცებინა „ცოტა ხნის წინ წარმოჩენილი“ ახალი სწავლება სული წმიდის შესახებ და შეეტანა იგი სარწმუნოების სიმბოლოში. პაპმა ლეონ III უარი განუცხადა კარლოს დიდს და რათა მომავალშიც აღეკვეთა სარწმუნოების სიმბოლოს დამახინჯების ცდები, ბრძანა ამოეკვეთათ მრწამსი ორ ვერცხლის ფილაზე ლათინურად და ბერძნულად და დაემაგრებინათ ეს ფილების წმ. მოციქულთა პეტრესა და პავლეს საფლავებზე წარწერით:

„მე, ლეონმა, დავსდევ ეს ფილები მართალი სარწმუნოების სიყვარულით და მის დასაცავად“.

სამწუხაროდ, სარწმუნოების დაცვის მიზნით მიღებულმა ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. კარლოს დიდის მოთხოვნით ახალი დოგმატი სწრაფად გაავრცელეს მისდამი დაქვემდებარებულ ქვეყნებში.

ამ დამატების შეტანის ცდები დაგმო რომის პაპმა იოანე VIII-მაც, რომელმაც განაცხადა, რომ დამატების მრწამსში შეტანა „უგუნურებით“ ხდება. მაგრამ მისმა მემკვიდრე ადრიანე III-მ სწავლება დოგმატის ხარისხში აიყვანა. ასე გავრცელდა ახალი დოგმატი X საუკუნის ბოლოსთვის მთელს დასავლეთში, გარდა თვითონ რომისა. რომში მრწამსში ცვლილება შეიტანა პაპმა ბენედიქტე VIII-მ 1014 წელს გერმანელი იმპერატორის ჰენრიხ I-ის მოთხოვნით.

რა საფუძველს ემყარებიან ლათინები ამ ცვლილების გასამართლებლად? წმ.წერილში ამის საფუძველი მათ არ გააჩნიათ. ერთადერთი, რასაც ისინი ემყარებიან, არის დასავლეთის „ღვთისმეტყველთა“ რაციონალისტური გონების ნამოღვაწარი.

მაგალითად, კათოლიკე მღვდლის თ. ტიშკევიჩის „განვრცობილ კატეხიზმოში“ ვკითხულობთ:

„არსად წმიდა წერილში არ მოიპოვება მინიშნება, თითქოს სული წმიდა მხოლოდ მამისაგან გამოვალს, სამაგიეროდ სახარების მრავალ ადგილას გვხვდება მტკიცება, რომ იგი მამისაგან და ძისაგან გამოვალს“.

მაგრამ ამ კატეხიზმოს ავტორს არსად არ მოჰყავს სახარების ის ადგილები, რომლებიც დაადასტურებენ მისი მსჯელობის უტყუარობას.

გადავხედოთ სახარებას. იოანეს სახარებაში წერია:

„ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისა, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის“ (ინ. 15,26).

უფალი გვამცნობს:

1) რომ იგი მოუვლენს მოციქულებს სული წმიდას;
და
2) რომ სული წმიდა მამისაგან გამოვალს.

აქ ორ სხვადასხვა მოვლენაზეა საუბარი - სული წმიდის გამომავლობაზე მამისაგან და მის მოვლინებაზე წუთისოფელში.

ლათინები ამბობენ, რომ სიტყვეი - „რომელი მამისაგან გამოვალს“ კი არ უარყოფს მის გამომავლობას ძისაგანაც, არამედ პირიქით, გულისხმობენ ამას, რადგანაც მამა და ძე ერთარსნი არიან, და ყოველივე, რაც აქვს მამას, აქვს ძესაც. აქ კათოლიკები ერთმანეთში ორ ცნებას ურევენ, კერძოდ - წმ. სამების ერთარსების ცნებას და სამების სამპიროვნების, სამი ჰიპოსტასის ცნებას.

ლათინთა ეს მოსაზრება იწვევს წმიდა სამების სამპიროვნების ცნების დარღვევას, პიროვნებათა ანუ ჰიპოსტასთა შერწყმას, რასაც მწვალებლობამდე და აბსურდამდე მივყავართ, რადგან თუ ამ ლოგიკით ვისმჯელებთ, შეგვიძლია ვთქვათ:

„რადგან წმიდა სამება ერთარსებაა, მაშინ მამაც იშვა ძისაგან და ძეც გამოვალს სულიწმიდისაგან“ (შეგვინდოს ღმერთმა ეს მკრეხელობა).

წმიდა სამების პიროვნებათა აღრევა ერთმანეთში იწვევს თვით სამების უარყოფას, რაც ღვთის გმობა და ერესია.

ლათინები ამბობენ: „თუ ქრისტე ამბობს - მოგივლენთ სული წმიდას, მიიღეთ სული წმიდა - ეს იმას ნიშნავს, რომ სულიწმიდა ძისაგანაც გამოვალს, რადგან როგორ გამოაგზავნიდა იგი მას, თუ სული მხოლოდ მამისაგან გამოვალს და არა ძისაგანაც?“

გავცეთ პასუხი - სულ სხვა არის სული წმიდის მარადიული გამომავლობა მამისაგან და სულ სხვა გამოგზავნა დედამიწაზე გარკვეული დროის მონაკვეთში, მისი მოვლინება წუთისოფელში.

ძეს შეუძლია მოავლინოს სულიწმიდა გარკვეული დროით და გარკვეული დანიშნულებით სადაც მას მოესურვება, სწორედ წმდია სამების ერთარსების ძალით, მაგრამ სულ სხვაა სული წმიდის მარადიული გამომავლობა მამისაგან.

ივიწყებენ კათოლიკე სჯულის მოძღვრები, რომ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმიდა ღმერთი - ერთია არსობით, მაგრამ არ არის ერთი პიროვნება, არამედ სამია. ის რაც ღვთის არსობას ეხება - საერთოა, ერთია ყველა პირისათვის ანუ ჰიპოსტასისათვის, მაგრამ ის, რაც ახასიათებს წმიდა სამების რომელიმე პირს - მხოლოდ მისი პირადი თვისებაა.

მამა ღმერთს, როგორც წმიდა სამების წევრს ახასიათებს ის, რომ იგი არც იბადება და არც გამოვალს, თვითონ კი შობს ძეს და გამოავლენს სული წმიდას.

ძე ღმერთს ის ახასიათებს, რომ იგი იშვება მამისაგან.

სული წმიდას - რომ იგი მამისაგან გამოვალს.

„სული წმიდაზე ითქმის, რომ იგი ძისაგან კი არ იღებს მყოფობას, არამედ, რომ იგი მამისაგან გამოვალს და ძესაც ესატყვისება, რადგან მასთან თანაარსია“ - ამბობს წმ. თეოდორიტე.

ასე რომ, სული წმიდა თანაარსია მამისა და ძისა, რადგან ღმერთი არის სამება, სამი პიროვნება ერთარსი და განუყოფელი. ეს ჭეშმარიტება ჩვენ თვით მაცხოვრისაგან მივიღეთ, იგი აღბეჭდეს მოციქულებმა და გადმოგვცეს მსოფლიო საეკლესიო კრებებმა.

სწორედ ეს არის კათოლიკე, ანუ საყოველთაო ეკლესიის სწავლება, სწორედ მას დაშორდნენ რომის „კათოლიკები“ და აღარ აქვთ უფლება იწოდებოდნენ კათოლიკე, ანუ საყოველთაო ეკლესიად, რადგან უარჰყვეს კათოლიკე ეკლესიის სწავლება და საკუთარი განსხვავებული მრწამსი შექმნეს.

ჭულევის მონასტერი, 2001 წ.