დიაკვანი ჯონ უაიტფორდი

საქართველოში ძალიან მომრავლდა სხვადასხვანაირი პროტესტანტული სექტები. ამ სექტებში ბევრი ჩვენი თანამედროვე ჩაითრიეს - ზოგი მოტყუებით, ზოგი დაპირებით, ზოგიც გარკვეული მატერიალური დაინტერესების გამო. ეს ის ხალხია, რომელსაც სექტასთან ურთიერთობამდე არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდა წმინდა წერილის შესახებ და უცხოეთიდან ჩამოტანილი სექტანტური ლიტერატურის (რომელიც ბლომად შემოდის საქართველოში) და ქადაგების საშუალებით თავს მოახვიეს სარწმუნოების მათეული გაგება. მოსახლეობის უმრავლესობას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ამ სექტებისადმი, მაგრამ ხშირად ეს დამოკიდებულება დამყარებულია მხოლოდ ტრადიციებზე, მამაპაპისეული წეს-ჩვეულებების ერთგულებაზე. მათ გაცნობიერებული არა აქვთ, რას ნიშნავს სექტაში შესვლა და რატომ არის უკეთესი მართლმადიდებლობა. ამ გაუთვითცნობიერებლობის მიზეზი საქართველოში სამოცდაათწლიანი უღმერთობის პერიოდია, როდესაც ძალიან ცოტა იყო სასულიერო ლიტერატურა და საბჭოური აგიტაცია-პროპაგანდის წყალობით არც ისე დიდ ინტერესს ვიჩენდით მისდამი.

მოსახლეობაში ხშირად გაიგონებთ სექტანტებისადმი სხვადასხვანაირ სალანძღავ სიტყვებს. უმეტესობამ ჯერ არც კი იცის, რომ უნდა გვძულდეს თვითონ მათი სწავლება და არა ის გაუბედურებული ჩვენი ძმები და დები, რომელთაც თაბრუ დაახვიეს და შეაცდინეს. ამის მიზეზი უამრავია, მაგრამ დღეს მთავარია არა მიზეზების ძიება, არამედ ის, რომ ამ ხალხს დავანახოთ ჭეშმარიტება და იმ გზის დამღუპველობა, რომელზეც ისინი უცხო ადამიანებმა დააყენეს (საქართველოს არა ჰყავს დასაკარგი შვილები). ამის გაკეთებაში წინამდებარე ნაშრომიც დაგეხმარებათ. ვინც ყურადღებით გაეცნობა მას და სიყვარულით მოეკიდება ამ საქმეს (და არა გაბრაზებით და ჩხუბით), იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ღვთის წყალობით შეძლებს თავისი გზასაცდენილი ახლობლის ან ნაცნობის მოქცევას. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ „უძღებ შვილებს“ დედა ეკლესია სიყვარულით მიიღებს ისევე, როგორც უამრავი სექტიდან მობრუნებული მიუღია. მადლობა ღმერთს, რომ უკვე ბევრი ყოფილი სექტანტი დაბრუნდა და ბრუნდება მის წიაღში.

 

დიაკვანი ჯონ უაიტფორდი მართლმადიდებლობაზე მოქცევამდე იყო მრავალრიცხოვანი პროტესტანტული დენომინაციებიდან ერთ-ერთის მსახური. მოძრაობაში „სიცოცხლის შენარჩუნებისათვის“ (აბორტების წინააღმდეგ მებრძოლი საეკლესიო-საზოგადოებრივი მოძრაობა აშშ-ში) მონაწილეობისას იგი შეხვდა მამა ანტონს (ნელსონი), წმ. ბენედიქტეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს და მისი მრევლის წევრებს. ერთი წლის შემდეგ, რომელიც მან გაატარა წმინდა წერილის კვლევასა და ადრექრისტიანული პერიოდის მამათა ნაშრომების შესწავლაში, იგი შეუერთდა მართლმადიდებელ ეკლესიას.

შესავალი

I. სწავლების „მხოლოდ წმინდა წერილი“ უსუსურობა

  1. ეს სწავლება ეყრდნობა მთელ რიგ მცდარ წინამძღვრებს
  2. სწავლება, რომელიც აღიარებს წმინდა წერილს, როგორც სარწმუნოების ერთადერთ წყაროს, ვერ აკმაყოფილებს საკუთარ კრიტერიუმს
  3. ბიბლიის განმარტების პროტესტანტული მეთოდების უსაფუძვლობა

II. წმინდა წერილისადმი მართლმადიდებლური მიდგომა

შენიშვნები