როგორ დავუმეგობროთ ბავშვი ეკლესიას

თუ მშობლებისთვის ქრისტე არის არა მოვალეობა ეკლესიაში მისვლისა, არამედ ყველაზე ძვირფასი, მნიშვნელოვანი და ფასეული მთელ დედამიწაზე, მაშინ ბავშვებიც ქრისტეს აღიქვამენ როგორც მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის წყაროს

ქალაქის ერთ-ერთ ტაძარში საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს, მრევლი გულმოდგინედ ლოცულობს, გალობენ. უეცრად, სახარების კითხვისას შემოდის ახალგაზრდა დედა ორი პატარა ბავშვით. უფროსი სამი წლის იქნება, უმცროსი სულ ჩვილია. ბიჭუნა ერთხანს დედასთან დგას, შემდეგ კი ტაძარში სიარულს იწყებს, ხალხს ფეხებში ებლანდება, თავისთვის ლაპარაკობს, ხან ვის ჩამოქაჩავს კალთას, ხან ვის ჰკრავს ხელს. ჩვილი დროდადრო ტირის, ჭირვეულობს. დედა აწყნარებს. თანდათან მრევლის ყურადღება მათზე გადმოდის, ლოცვის ერთობა ირღვევა. ბოლოს ერთ-ერთ მლოცველი შენიშვნას აძლევს ქალს. ის სანაცვლოდ პასუხობს: „ქრისტემ გვიქადაგა - ნუ უშლით ყრმებს ჩემთან მოსვლას, თქვენ კი გარეთ გინდათ გამაგდოთ ბავშვებიანად?“ მალე ბარძიმსაც გამოაბრძანებენ, იქ კი ორი ქალი დგას - დედა და ბებია, რომელთაც ხელში ბავშვი უჭირავთ. პატარა გოგონა ხელ-ფეხს აფართხალებს და გაჰყვირის: „არ მინდა!“ დედა ხელებს უკავებს, ბებია - ფეხებს, მოძღვარი კი დიდი მოთმინებითა და მოხერხებით აზიარებს და შვებით ამოისუნთქავს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. ბებიასაც და დედასაც სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებთ: „როგორც იქნა, ეზიარა!“ ბავშვი კი ღნავის...

შუა ლოცვისას, როცა ყველა მონდომებით ისმენს ღვთისმსახურებას, მოზრდილი ბავშვები ხმამაღლა ესაურებიან ერთმანეთს, დაძვრებიან უფროსებს შორის, ზოგიერთი მათგანი პატარა სტიქაროსანია: „გამატარეთ! გამიშვით!“ - მუჯლუგუნებით ცდილობენ ხალხის გარღვევას და თავადაც არ იციან, რატომ მიიწევენ წინ. ამ დროს ვიღაც დროს იხელთებს და მათ მიჰყვება, რომ უკეთეს ადგილას დადგეს. ვიღაც შენიშვნას აძლევს ბავშვებს, სანაცვლოდ კი ისინი გაოგნებული შეჰყურებენ: „კი მაგრამ, რატომ? ეს ხომ მათი - სტიქაროსნების - მოვალეობაა?“

კვირა დილით დედა ამაოდ ცდილობს შვილის ტაძარში წაყვანას. „ადექი, არ დაგვაგვიანდეს! წირვა იწყება!“ ბავშვი თვალებს იფშვნეტს და წუწუნებს: „ძალიან დავიღალე, მთელი კვირა დილაადრიან ვდგები, სკოლაში რომ არ დამაგვიანდეს“. დედის მზერა თანდათან მკაცრდება: „ადექი! როგორ შეიძლება წირვის გაცდენა?!“ ბავშვი ზლაზვნით დგება, მალე ის ცივ ქუჩაში მიაბიჯებს და გულში ფიქრობს: „ღმერთო, რატომ?“ აი, ტაძარიც. აღსარება. ბავშვს ზურგს უკან დედა უდგას და ყურში ჩასჩურჩულებს: „არ დაგავიწყდეს, ისიც უთხარი...“ მოძღვარი უღიმის, ოლარს აფარებს და მის აღსარებას უსმენს, მათ უკან კი აღმსარებელთა გრძელი რიგი დგას. წირვაზე ბავშვი კედელს მიყუდებული თვლემს. წირვის შემდეგ დედა საკვირაო სკოლაში ტოვებს, თუმცა არაფერი ახსოვს და შენიშვნას იღებს. საღამოს დედა მოუწესრიგებლობისა და უყურადღებობის გამო პასუხს სთხოვს. ეს კიდევ რა, მათემატიკა აქვს სმეცადინო, ხვალ საკონტროლოა. „ოდესმე დასრულდება ეს ყვლაფერი?!“ - იმედგაცრუებული ფიქრობს ბავშვი, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი მთავრდება. ბავშვები იზრდებიან. თვალცრემლიანი დედა კი მეგობარს შესჩივის: „ბიჭი თითქოს შეცვალესო, ვერაფერი გამიგია. პატარა რომ იყო, უკეთ იქცეოდა. ლოცულობდა, ეკლესიაშიც დადიოდა, ახლა კი ეწევა, გვიან ბრუნდება შინ, უხეშობს, ბილწსიტყვაობს კიდეც. წარმოგიდგენია? ვეტყვი რამეს, ის კი - დედა, დამღალე შენი ეკლესიით! არ მცალია ამისთვისო“.

მეტ-ნაკლებად ნაცნობი სიტუაციაა, არა? რა არის ამის მიზეზი? ჩვენ ხომ სუკეთესო მიზნები გვამოძრავებდა? ძალ-ღონეს არ ვიშურებდით მათ აღსაზრდელად, ვასწავლიდით... ისინი კი იზრდებიან და ზურგს აქცევენ ეკლესიას. რატომ იღებს უარყოფით შედეგს ჩვენი მოწადინება? მოდით, ამაზე ვისაუბროთ.

ეკლესიურ აღზრდაზე საუბრისას ორი ძირითადი შეცდომა სახელდება. პირველი - შინაგანი რელიგიური განვითარების გარეგნულით ჩანაცვლება. მეორე - ოჯახიდან ეკლესიური აღზრდის ეკლესიისთვის გადაბარება. დიახ, ქრისტემ თქვა: „აცალეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი“ (მათ. 19,14), მაგრამ რას ნიშნავს ეს სიტყვები? განა ისინი პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, რომ არ ავუკრძალოთ ბავშვებს ტაძარში სიარული? ძალიან ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი ცდება, როცა ქრისტიანულ ცხოვრებასა და ტაძარში ღვთისმსახურებას ერთსა და იმავე მნიშვნელობას ანიჭებს. ასე იყო ძველ აღთქმაში: დედამიწაზე ერთადერთი ტაძარი არსებობდა და ყოველი მორწმუნე ვალდებული იყო, ყოველწლიურად მისულიყო ამ ტაძარში. ახალი აღთქმა კი ქადაგებს: „მოვა დრო, როცა არც მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას... და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით; რადგან მამა სწორედ ამნაირ თაყვანისმცემლებს ეძებს. ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“ (იოან. 4,21-24). ეკლესიური ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია სულიერ ცხოვრებაში, ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია, მაგრამ არა - უმთავრესი. უმთავრესი არის ადამიანის გულში დავანებული კრძალვა ღვთისა და საკუთარ სულში უფლის აღმოჩენა, ამისთვის ქრისტიანმა უნდა მოიხვეჭოს სული ჭეშმარიტებისა! ყველა გარეგანი წესი მხოლოდ საშუალებაა მის მისაღწევად. ასეთია ქრისტიანული ფასეულობების იერარქია. თუ იგი დამცრობილია, თუ, მაგალითად, ღვთისმსახურებაზე დასწრება საშუალებიდან მიზნად იქცევა, მაშინ ხიბლში ვვარდებით და ვერ ვიხვეჭთ სულიერ ნაყოფს.

დღევანდელმა ეკლესიურმა რეალობამ თანამედროვე მიწიერ ცხოვრებაში დაკარგა „ერთობლივი ლოცვის“ მნიშვნელობა და „ინდივიდულური“ ხსნის საშუალება გახდა. ხალხი ტაძარში მხოლოდ საკუთარი თავისთვის მოდის. მათ არ იციან, ვინ დგას და ლოცულობს მათ გვერდით, ეზიარებიან პირადი განწმენდისათვის. დღეს ძალიან ცოტაა მრევლში ერთიანი ქრისტეს სხეულის შეგრძნება. თავად ტაძარში ლოცვის პროცესსაც ხშირად თან სდევს იძულებითი ძალისხმევა, რომელიც სხვა ადამიანთაგან „თავის მოზღუდვისკენაა“ მიმართული, ამით თითქოს ჩვენი ლოცვის მყუდროებას დარღვევისაგან ვიცავთ. ხშირად გვიწევს შინაგანი „თავდაცვა“ ტაძარში მოსიარულეთაგან, მოსაუბრეთაგან, ჩვენთვის უცნობი მრევლის ან შემთხვევით შემოსული ადამიანისგან.

ამგვარად, არ შეიძლება მთელი ეკლესიური ცხოვრება კონცენტრირებული იყოს მხოლოდ „ტაძარში სიარულზე“. მით უფრო არ გამოდის ეს ბავშვებთან მიმართებით. ბევრი მშობელი დარწმუნებულია, რომ მათ ბავშვებს ღვთის შეცნობა მხოლოდ ტაძარში შეუძლიათ; არადა, ზოგჯერ ასე სულაც არ არის. ბავშვთა რელიგიური აღზრდა არსობრივად განსხვავდება უფროსებისაგან. შემთხვევით არ უთქვამს უფალს: „თუ არ მოიქცევით და არ იქნებთ, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“ (მათ. 18,3). ეს მცნება, რასაკვირველია, უფროსებს საკუთარი თავის „პრიმიტირებას“ არ გვიბრძანებს. პაელე მოციქული ამბობს: „ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ სრულწლოვანნი იყავით გონებით“ (1კორ. 14,20). ეს ნიშნავს, რომ ბავშვები მიემსგავსებიან უფალს. ბაეშვებს ხელეწიფებათ უფლის ცხოველმყოფელობის აღქმა შუამავლის გარეშე, ისინი მას ყვლგან გრძნობენ, გარშემო არსებულ მშვენიერ და საოცარ სამყაროში, ბავშვურ ყოფიერ სიხარულში. მაგრამ ყველაზე ახლოს ბავშვებს უფლის შეგრძნება მშვიდობიან, სიყვარულით სავსე ატმოსფეროში შეუძლიათ. და აი, აქ „იხსნება ყველა კვანძი!“ უპირველესად, ასეთი ატმოსფერო სად უნდა სუფევდეს, თუ არა ოჯახში? დედ-მამას უნდა უყვარდეს ერთმანეთი და შვილები, ოჯახში მშვიდობა უნდა სუფევდეს, მშობლებმა სწორედ ამ გზით უნდა შექმნან პირობები, რათა ბავშვები უფლისა და სულიერი ცხოვრების შეცნობისას არ დაბრკოლდნენ. ეს ღვაწლი სულაც არ მიიღწევა უფალზე გამუდმებული ან დამუქრებული საუბრით („უფალი დაგსჯის, თუ ცუდად მოიქცევი“), არამედ ცხოვრებისეული მაგალითებით. თუ მშობლებისთვის ქრისტე არის არა გარეგნული, არა მოვალეობა ეკლესიაში მისვლისა, არა საშუალება სულიერი აღზრდისა, არამედ ყველაზე ძვირფასი, მნიშვნელოვანი და ფასეული მთელ დედამიწაზე, მაშინ ბავშვებიც ქრისტეს აღიქვამენ როგორც მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის წყაროს, რომელიც მარადიულად სუფევს მათ ოჯახში. მაგრამ ასეთი ოჯახები ძალიან იშვიათია. ოჯახში ხშირადაა ხმაური, ჭირვეულობა, გაუტანლობა და კინკლაობა უბრალო წვრილმანების გამოც კი. არადა ქრისტიანული ოჯახისთვის უმთავრესია - საკუთარი სულიერი და ყოფითი ცხოვრება ჰარმონიული იყოს. მშობლებს თავად შეუძლიათ ამის გაცნობიერება, მაგრამ ხშირად მათ არც ძალა და არც სურვილი არ აქვთ, არ იციან საკუთარი ოჯახური ცხოვრების ისე ორგანიზება, რომ მის საფუძველში ღვთის კრძალვა, ქრისტიანული ფასეულობები ჩაიდოს, რათა ოჯახი ნამდვილ ოჯახურ ეკლესიად იქცეს. ეს იმის მიზეზია, რომ სულიერი ცხოვრება გარეგნულ-ფორმალურად, ავტორიტარულად, წიგნიერად, სქემატურად აღიქმება. ასეთ პირობებში სავსებით ბუნებრივთ მათი სურვილი, რელიგიური აღზრდა მხოლოდ ეკლესიას გადააბარონ. მათი წარმოდგენით, ეკლესია ფორმალურ-ავტომატური, თითქმის მაგიური ხდება, ეკლესიურობაში მხოლოდ გარეგნული ქცევები, მაგალითად, ღვთისმსახურებაზე დასწრება, სკვირაო სკოლებში სიარული იგულისხმება.

რასკვირველია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ოჯახი მთელი ძალისხმევით უნდა შეეცადოს, მიაღწიოს, რომ უფალი იყოს არა ვიღაც მკურნალი, რომელიც სამსახურის დროს, დასვენების დღეებს, ძალას გვაკარგკინებს, არამედ ცოცხალი ღმერთი, ის, ვინც იქნება ოჯახური ცხოვრების ცენტრი. ეს უნდა იყოს ოჯახის მიზანმიმართული, გააზრებული ზნეობრივი ღვაწლი, რომელიც ორიენტირებული იქნება არა უპირველესად „წესების“ დაცვაზე, არამედ ჭეშმარიტი ოჯახური ეკლესიის შექმნაზე. აქედან დაიწყება ეკლესიური აღზრდაც.

აუცილებელია გავითვალისწროთ ბავშვების ფსიქოლოგიური თავისებურებანიც. თანამედროვე მართლმადიდებელი მშობლების უმეტესობა მოზრდილ ასაკში მოვიდა ეკლესიაში. მათ ეს დაასკვნეს წიგნების კითხვით, ტაძარში ხშირი სტუმრობით, „დიდების“ გააზრებული ცხოვრებით. ! ამიტომ ჩვენ, უფროსთგან უმეტესობას, არ გვაქვს ეკლესიური ბავშვობის გამოცდილება. ჩვენ გვინდა ბავშვებიც დიდებივით მოიქცნენ, მაგრამ ეს არასწორია. ბავშვები სამყაროს სხვაგვარად აღიქვამენ. მათი სტიქიაა - მოძრაობა, თამაში, სამყაროს პირდაპირი, შუამავლის გარეშე აღქმა, მათ შორის სულიერისაც. ბავშვებს უჭირთ ხანგრძლივი დროით მობილიზება ან ერო ადგილას რამდენიმე საათი გაუნძრევლად დგომა. ამიტომ ტაძარში ღვთისმსახურებისადმი მათ სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე უფროსებს. 5-10 წუთის განმავლობაში ისინი იხიბლებიან ეკლესიის სილამაზით, გალობით, ღვთისმსხურებთ, მაგრამ შემდეგ გართობას იწყებენ. ბევრ უფროსს არ ესმის ეს. არადა გავიწყდება, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ წირვის ინტელექტუალურად აღქმა; პირდაპირ, უშუალოდ აღსაქმელად მათ სულ მცირე დრო სჭირდებათ.

როგორი უნდა იყოს ლოცვა შინ? ბევრი მშობელი ბავშვებისგან დაზუთხული ლოცვების კითხვას მოითხოვს. ბავშვი დგას ხატების წინ, ბუტბუტებს და დედა უსწორებს: „თანამდები კი არა, თანანადებნი, რამდენჯერ უნდა გითხრა?“ - ამასთან, ბავშვებმა იციან და უყვართ ლოცვა, მიდრეკილნი არიან ლოცვისადმი, მაგრამ მათში ის მხოლოდ რამდენიმე წუთს იკავებს, ამაზე მეტად მობილიზებას ვერ ახერხებენ. ამიტომ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, ამ რამდენიმე წუთში მართლა ილოცონ, მთელი გული უფლისაკენ მიმართონ და მექანიკურად არ იმეორონ ლოცვის დაზუთხული ტექსტები.

უპირველესლ, დაე, ბაეშვება დარჩნენ ბავშვებად. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვაქციოთ ისინი პატარა ბერ-მონაზვნებად. დაე, ირბინონ, იხმაურონ, ითამაშონ თანატოლებთან ერთად (მაგრამ, რასკვირველია, არა ტაძარში), ისწავლონ, შეიმეცნონ სამყარო. საჭიროა, მეტად ფრთხილად და სათუთად განვუსაზღვროთ მათ ეკლესიის დანიშნულება - მთელი ყურადღება მათში ღვთის კრძალვისა და მოწიწების გაღვიძებისკენ გადავიტანოთ, რათა ბავშვისთვის ეკლესია იყოს დღესასწაული, ჯილდო - და არა რუტინა და ვალდებულება. ჩვენ კი ძალით დაგვყავს ბავშვი ტაძარში, ვაიძულებთ, დიდხანს იკითხოს ლოცვები, მკაცრად, სევდიანი სახით მოემზადოს ზიარებისთვის. ამიტომაცაა კანონზომიერი ასეთი მიდგომის ნაყოფი დაკარგული მადლი, ბოლოს კი - ეკლესიასთან დაშორება.

ერთი მორწმუნე ოჯახის ათი წლის ბიჭს ჰკითხეს: როგორ აღიქვამ ქრისტესო. გრძნობ მას შენ გვერდით? გრძნობ მის სიყვარულს, ისე, თითქოს იგი შენი საუკეთესო მეგობარია? ბიჭმა მხრები აიჩეჩა: მან ვერც კი გაიგო, რა ჰკითხეს. რასკვირველია, ადამიანების რელიგიური გრძნობები, მით უფრო ბავშვების, სხვადასხვა ინტენსივობისაა, მაგრამ რელიგიური აღზრდის საქმეში უმთავრესია არა ძალდატანება, არამედ რელიგიური გრძნობების ორიენტირება შინაგანზე, უფალზე, ცოცხალ ქრისტეზე და არა მხოლოდ გარეგნულ - მსახურებების ზედმიწევნით აღსრულებაზე ფიქრი.

როცა ეკლესიურ ცხოვრებაში მთელი ოჯახი მონაწილეობს, ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, მოვინდომეთ ბავშვის ზიარება - ამისთვის დედ-მამაც ემზადება და ყველა ერთად ეზიარება. და არა ისე, როცა ზიარება რეგულარულ პროცედურას ემსგავსება, თითქოს პოლიკლინიკაში მივდიოდეთ ან აუცილებელ აბებს ვიღებდეთ. ასეთ მიდგომას ევქარისტიისა და ეკლესიის სხვა საიდუმლოებებისადმი მშობლების გულგრილობაც ემატება.

ამგვარად, თუ მართებულლ ვიმოქმლებთ, მაშინ ბავშვების სულიერი და ეკლესიური აღზრდა სავსებით ბუნებრივი იქნება.

ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელია კულტურულ-სოციალური ადაპტაციაც. არსებობს ფსევდოსულიერი მოსაზრება - თითქოს ბავშვები მხოლოდ ეკლესიურად უნდა აღვზარდოთ, რათა თავიდან ავაცილოთ სამყაროს უარყოფითი ზეგავლენა. ამის მიხედვით - კულტურა ზედმეტად და მავნებლად ითვლება, ის ლოცვასა და ყოველგვარ ეკლესიურს მოსწყვეტს ადამიანს, ცივილიზაცთს განვითარების ნაყოფი თითქმის სატანურია და ანტიქრისტეს მოსვლის ჟამს ამზადებს და ა.შ. ამ მოსაზრების მიმდევარნი პატარებს უშლიან არაეკლესიურ ბავშვებთან მეგობრობას, არ აკარებენ კომპიუტერს („აზომბირებს“), არ დაჰყავთ საბავშვო თეატრში, გამოფენებზე. შედეგად - ბავშვები იზრდებიან და სულიერად გამოუცდელნი რჩებიან უზარმაზარი და უცნობი ცხოვრების წინაშე, არადა რაც არ უნდა ეცადო, ამ სამყაროს ვერსად გაექცევი. ისინი კი გულჩათხრობილი, გაუნათლებელი, კულტურულად და ინტელექტუალურად ნაკლებგანვითარებული არიან, ვერ პოულობენ საკუთარ ადგილს სოციუმში, ხშირად ბოროტდებიან, ზოგჯერ კი თავიანთ მარგინალურ მდგომარეობას ეკლესიას აბრალებენ. თუმცა ეკლესია სრულებით სხვას გვასწავლის. წმინდა პავლე მოციქული ამბობს: „ყველაფერი გამოსცადეთ, მიენდეთ კეთილს“ (1თეს 5,21). „ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე ვერაფერი დამიმონებს“ (1კორ. 6,12).

სამყაროს გავლენას ვერსად გაექცევი, მას შეიძლება მხოლოდ დაუპირისპირდე. ეს წინააღმდეგობა კი არა მარტო სულიერების კატეგორიას მიეკუთვნება, იგი ეხება კულტურასა და სოციუმსაც. ამისთვის საჭიროა, ბავშვები შესაბამისი „ბარგით“ აღვჭურვოთ: მათში მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნება გავაღვიძოთ, ვაზიაროთ კლასიკურ კულტურას, მუსიკას, ლატერატურას, განვავითაროთ ბავშვის შემოქმედებითი მხარეები, რათა როცა მომავალში დღეს გამეფებულ აგრესიას, ცრუეთნოესთეტიკას შეეჩეხება, ჰქონდეს ერთგვარი კულტურული „შხამსაწინააღმდეგო“ საშუალება, რომელსაც მასობრივი ფსევდოკულტურის წინააღმდეგ გამოიყენებს. სხვათ შორის, თავად ეკლესიურობაც არ არის გამიჯნული კულტურისაგან. რომ არა ადამიანის კულტურული აღზრდა, სათანადოდ ვერ აღვიქვამდით ღვთისმსხურებას, ეკლესიის ისტორიას, სწავლებებს. კულტურა ეკლესიის მტერი კი არა, მისი უპირველესი თანამოაზრეა. ამიტომ მშობლები ვალდებულნი არიან, აზიარონ შვილები მას.

ასეთ დროს ყველაფერი ოჯახს ემყარება. თუ მშობლები გამუდმებით უსმენენ თრამედროვე პოპრადიოს, თუ ოჯახში ხშირად კითხულობენ მხოლოდ ყვითელ პრესას, თუ კულტურულ შიმშილს გასართობი გადაცემების ყურებით იკლავენ ან პირიქით, თუ ოჯახში უყურებენ და უსმენენ მხოლოდ „მართლმადიდებლურს“, სხვა დანარჩენს კი უფრთხიან, მაშინ როგორ აღიზრდებიან ბავშვები კულტურულად? ეს ხომ სოციალურ ცხოვრებასაც ეხება. ბავშვები ისე უნდა მოვამზადოთ არაქრისტიანულ სამყაროში საცხოვრებლად, რომ ისინი იყვნენ „მარილი მიწისა“. „და თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად“ (მათ. 5,13). ყველა საშუალებით უნდა შევეცადოთ, ჩვენი ბავშვები გაიზარდონ მოწესრიგებულები, ვაჟკაცები, აქტიური ადამიანები, განათლებულები, განვითარებულები, ფლობდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, და არა არა მარტო ეკლესიის წიაღში, არამედ ცხოვრების ყველა სხვა გზაზე ადვილად დაუპირისპირდებიან ბოროტებასა და ცოდვას, სანაცვლოდ კი დაამოწმებენ ქრისტეს, რათა ხალხმა დაინახოს მათი კეთილი საქმეები და ადიდოს უფალი: „დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს“ (მათ. 5,16). ეს ყოველივე ოჯახში ისწავლება, მაგრამ ამისთვის თავად დედ-მამას უნდა ესმოდეს და იცოდეს იგი, მაგალითი იყოს ბავშვისთვის, მართებული აღზრდა, საღი აზროვნების განვითარება და აქტიური ქრისტიანული ცხოვრება არ შემოიფარგლოს სამზარეულოში გამართული საოჯახო კამათის დროს ყოველგვარი არამართლმადიდებლურის კრიტიკით.

ამგვარად, როგორ აღვზარდოთ ბავშვები? უპირველესად, უნდა გვიყვარდეს ისინი, ვისწავლოთ მათთან ერთად, დავუთმოთ მათ ბევრი დრო (ის, რისი დეფიციტი ყველაზე მეტად გვაქვს). ყველაფერში მაგალითი უნდა მივცეთ: თავად მშობლები უნდა ეუფლებოდნენ ცხოვრებას და კულტურას, არ უნდა ჩავიძიროთ მხოლოდ ყოფიერებაში, უნდა ვისწავლოთ ყველაფერში ქრისტიანად დარჩენა, ეკლესიურობა აღვიქვათ არა სწორხაზოვნად, არამედ ადამიანის ყოფიერების სიმდიდრეებთან ერთად, ვიყოთ გახსნილნი, გულღიანი, კეთილსინდისიერნი და საღად მოაზროვნენი. დაბოლოს, პატივი ვცეთ ბავშვებს, ვენდოთ მათ - სწორედ ეს ბადებს ოჯახში მშვიდობის, სიყვარულის, ნდობისა და თავისუფლების ატმოსფეროს, ურომლისოდ ყოველგვარი სულიერი ცხოვრება წარმოუდგენელია.

თუ ჩვენი შვილები ეკლესიურად, მაგრამ უსიყვარულოდ იზრდებიან, მიტოვებულნი, გულჩათხრობილნი, საკუთარ თავის პატივისცემის, შემოქმედებითი და ადამიანური პოტენციალის გახსნის გარეშე ცხოვრობენ ამ ხმაურიან გარემოში, - დიდია ალბათობა, რომ მოწიფულ ასაკში ისინი ეკლესიას მლიქვნელურად, გამომყენებლურად აღიქვამენ და ვერ შეძლებენ გახდნენ ნამდვილი ქრისტიანები.

აუცილებელია, გავაცნობიეროთ ჩვენი შვილების გამო პირადი პასუხისმგებლობა ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე. როგორებიც ვართ, ისეთები არიან ჩვენი ბავშვები. მათი აღზრდა სკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ, ოჯახიდან - და არ გადავაბაროთ გარეგნულ ეკლესიურ ფორმებს იმ იმედით, რომ მადლი „ავტომატურად“ იმოქმედებს. ეკლესია მაგია არ არის, მასში არაფერია მექანიკური, მადლის მოქმედება ყოველთვის ადამიანის ზნეობრივი მონდომების თანხვედრია, განსაკუთრებით კი სულიერი აღზრდის დროს.

დასასრულ კიდევ ერთი ამბავი გავიხსენოთ. ერთმა კაცმა ნაცნობ მოძღვარს 15 წლის ვაჟი მიუყვანა თხოვნით: გაესაუბრე, სულ წავიდა ხელიდანო. მოძღვარი დიდხანს ესაუბრა ბიჭს და ბავშვი მიხვდა, რომ მღვდელი „შეკრული“ არ იყო მშობლებთან. მოძღვარმა ჰკითხა: - რატომ მიატოვე ეკლესიური ცხოვრებაო. ყმაწვილმა უპასუხა: - მინდა, ნამდვილი ცხოვრებით ვიცხოვროო.

ეს ნათლად მიუთითებს, რომ ის ოჯახი შორს იდგა ნამდვილი ეკლესიური ცხოვრებისგან. დადიოდნენ ეკლესიაში, მაგრამ ქრისტესთან - არა. და ეს ბიჭი (როგორც ყველა მოზარდი) მძაფრად გრძნობდა ამ „ნაპრალს“ და აღდგა მის წინააღმდეგ.

ახლა კი დავფიქრდეთ: იქნებ ყოველთვის არ უნდა გავკიცხოთ ბავშვები? ხშირად კი უპრიანი იქნება, თავად მათგან ვისწავლოთ ბევრი რამ...

იღუმენ პეტრე მეშერინოვის მიხედვით
მოამზადა მანანა ტუაევამ
ჟურნალი „კარიბჭე“ №8, 2010 წ.