დედის ლოცვა

ადამიანურ გრძნობათა შორის დედობრივ სიყვარულზე ძლიერი არც ერთი არ არის. სხვა ყველა დანარჩენი გრძნობა წარმავალია. ყველაზე მძიმე განცდებსაც კი დრო ჰკურნავს, მხოლოდ დედის გული არასოდეს ივიწყებს შვილებს. დედის ცხოვრების ყველა წუთი შვილებზე ზრუნვით არის სავსე, მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი შვილებია. ის თავის თავს მთალიანად მათ უძღვნის, მხოლოდ მათ ბედნიერებაზე ფიქობს, საკუთარი თავისთვის სულ მცირედიც არ ემეტება.

დედის გული შვილის ცხოვრების ყველა მოვლენას ეხმიანება - იქნება ეს მწუხარება თუ სიხარული, ბედნიერი თუ უბედური ცვლილებები მის ცხოვრებაში. დედის ცრემლები წმიდა და სულისშემძვრელია, ისევე, როგორც სიხარული, ვინაიდან ერთიც და მეორეც სულის სიღრმიდან მოდის. დედის გული ურყევი სიყვარულის დაულევნელი წყაროა. ნამდვილად ურყევია ეს სიყვარული, იმიტომ, რომ შვილების ურჩობაც და ბიწიერებაც კი ვერაფერს აკლებს მას. სწორედ ამით არის ეს გრძნობა უპირატესი სხვა დანარჩენ მიწიერ გრძნობებზე, რომლებსაც მუდმივად საპასუხო გრძნობებით შენარჩუნება სჭირდება.

დედა წუხს შვილების ცუდ საქციელსა, ცრემლებს ღვრის, მაგრამ ზურგს არ აქცევს მათ. „უგუნური შვილი დედის სევდაა“ - ამბობს სოლომონ ბრძენი. რა ბევრია ამით ნათქვამი! შვილის აკვანთან მჯდომი რომელი დედა არ ოცნებობს, რომ შვილი მისი სიხარული და ნუგეში იყოს, რომ იგი ჭკუითა და ზნეობრივი სისუფთავით გამორჩეული ადამიანი გაიზარდოს. ამის შემდეგ რა უნდა იყოს მისთვის უფრო მძიმე, ვიდრე იმის ყურება, თუ როგორ იღუპება სულიერად ცოდვებსა და მანკიერებებში მისი შვილი. დედა ტირის შვილის სულიერი სიკვდილის გამო და გულმდუღარედ შესთხოვს უფალს დააბრუნოს იგი ჭეშმარიტების გზაზე, შეუნდოს ცოდვები და სისუსტეები. და ჩვენ ვიცით, რომ ეს ცრემლენი და ლოცვა ამაოდ არ ჩაივლის.

ცნობილია ნეტარი ავგუსტინეს ისტორია. მან, უცხო მხარეში სასწავლებლად გაგზავნილმა, მეგობრების ცუდ მაგალითს მიბაძა და მანიქეველთა ცრუ სწავლება მიიღო. მას რომ უსმენდა, დედამისს - მონიკას თავზარი ეცემოდა. იგი დღე და ღამ ცხარე ცრემლებით ევედრებოდა უფალს, ჭკუაზე მოეყვანა მისი შვილი, გადაერჩინა დასაღუპად განწირული მისი სული. უფალმა შეისმინა გულმოკლული დედის ვედრება და სასწაულებრივად მიიყვანა თავისთან ადამიანი, ვინც შემდგომში ქრისტეს ეკლესიის უდიდესი მოღვაწე გახდა.

მონიკა სახეა ჭეშმარიტი ქრისტიანი დედისა, რომელმაც მთელი ცხოვრება შვილების ქრისტეს ნამდვილ მსახურებად აღზრდას მიუძღვნა.

აი, როგორ იგონებს თავად ნეტარი ავგუსტინე დედას: „უფალო, შენ შენი ჭეშმარიტი მსახურის ცრემლებმა და მუდარამ შეგძრა. ის იმაზე უფრო ცხარედ დამტიროდა, ვიდრე დედა მკვდარ შვილს დასტირის ხოლმე, რადგან მე შენთვის მკვდარს მხედავდა. შენ შეისმინე, უფალო, მისი. შენ არ უგულებელჰყავ მისი ცრემლები, რომლენიც ღვარად ჩამოსდიოდა, როცა კი ლოცვას აღავლენდა ხოლმე შენდამი“ (ნეტარი ავგუსტინე „აღსარება“). აი, როგორია რწმენით და სიყვარულით გაცოცხლებული დედის ლოცვისა და ცრემლის ძალა!

 მხოლოდ ერთადერთს, დედას შეუძლია იცხოვროს შვილების ცხოვრებით, პასუხობდეს მათი გულის ყოველ მოძრაობას, რადგან ქვეყნად არ არსებობს ჩვენთვის უფრო მეტად ახლობელი არსება, ვიდრე დედა.

ეს ბუნებრივიც არის. შვილი დედის გულის ქვეშ ჩაისახება და დიდხანს ცხოვრობს მასთან ერთად ორგანულად. არავის ეგონოს, რომ ეს ერთობლივი ცხოვრება წყდება შვილისაგან დედის გამოყოფის, ან თუნდაც შვილის ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ. განა შეიძლება ამის შემდეგ დედის გულმა ვერ იგრძნოს შვილის სულიერი თუ ფიზიკური გასაჭირი, ან არ გამოეხმაუროს მის სიხარულს?! მისი ბედნიერება ხომ შვილის ბედნიერებაზეა დამოკიდებული.

არავის რჩევა არ არის დედის რჩევაზე უფრო გულწრფელი, ლოცვა - უფრო კეთილისმოქმედი და ცრემლები - უფრო მისავალი შემოქმედთან, ვიდრე - დედისა.

 

უსინათლო გოგონას განკურნება

ეს მართლაც საოცარი და სულისშემძვრელი ამბავი ერთმა პეტერბურგელმა პატივცემულმა ქალბატონმა გვიამბო. მდინარე ვოლგის სანაპიროს ნიჟნი-ნოვგოროდიდან ჩამოსული სამგზავრო გემი მოადგა. ნავსადგომზე დიდძალი ხალხი გადმოვიდა. 12 წლის გოგონა რაღაცა განსაკუთრებული სიხარულით აღტაცებული არბოდა კიბეზე. ხან კიბის ერთ მოაჯირს მიაწყდებოდა, ხან - მეორეს; თან ხმამაღლა ეძახდა დედას: „დედიკო, დედა! აქეთაც გავიხედავ, იქითაც გავიხედავ!“

დედა-შვილი რომ მომიახლოვდა, - იგონებს ქალბატონი ელისაბედი (ასე ერქვა პეტერბურგელ ქალბატონს) - გოგონას მივმართე: „შვილო, კიბეზე რომ ამოდიოდი და აქეთ-იქით მოაჯირს აწყდებოდი, შიშით გული მისკდებოდა, არ გადავარდნილიყავი, ხომ დაიმტვრეოდი?!“

გოგონას ნაცვლად დედამისმა მიპასუხა: „მეც მეშინოდა, მაგრამ ვერ დავუშალე. ახლა მას განსაკუთრებული სიხარულის დღეები აქვს, ყველაფრის ნებას ვაძელევ და თვითონაც ვიზიარებ მის სიხარულს“. და დედამ უცნობ ქალბატონს ისეთი სასწაულებრივი ისტორია უამბო, რომლის მსგავსი მხოლოდ წმიდა სახარებაში თუ წაგვიკითხავს ცოდვილ ადამიანებს.

ეს ამბავი ხარკოვში, წმინდა სერაფიმეს წმინდა ნაწილებთან მომხდარა ტაძარში. აი, ბედნიერი დედის ნაამბობი:

„ჩემი შვილი - ვერიკო ბრმა დაიბადა. უსაზღვროდ ვიტანჯებოდი ამის გამო - დღე და ღამე მოსვენება არ მქონდა, საუკეთესო თვალის ექიმებთან დამყავდა. პასუხი ყველგან ერთი და იგივე იყო: ეს უკურნებელი სენია.

ამასობაში ვერიკო თორმეტი წლის გახდა. ერთადერთი ღმერთის და წმინდა სერაფიმეს იმედიღა მქონდა. გადავწყვიტე ტაძარში წავსულიყავი და თან ჩემი შვილიც წამეყვანა. ასეც მოვიქეცი.

მთელი პირველი კვირა ტაძრიდან არ გამოვსულვართ, წმინდა სერაფიმეს წმინდა ნაწილებს არ მოვცილებივართ - ცრემლებით ვევედრებოდი შველას, მეოხებას ღვთის წინაშე. რათა ვერიკოსათვის მხედველობა მიეცა, მაგრამ ჩვენი თვალცრემლიანი ვედრება წმინდა სერაფიმეს თითქოს არც ესმოდა.

ბოლოს გადავწყვიტე, სახლში დავბრუნებულიყავით. დარდისგან გული მიწუხდა, მაგრამ ამავე დროს ღმერთის სასოებას და წმ. სერაფიმეს დახმარების იმედს არ ვკარგავდი. უკვე უშუალოდ შინ წამოსვლის წინ საბოლოოდ ერთხელ კიდევ შევედით ტაძარში და მამა სერაფიმეს წმიდა ნაწილებთან ორივემ მუხლი მოვიყარეთ. ვერიკოს ქვითინით ვუთხარი: „ილოცე, შვილო, გულმხურვალედ ილოცე, იცოდე, ღმერთს ყველაფერი შეუძლია“. თვითონაც ცხარე ცრემლებით ვევედრებოდი წმინდანს, უნუგეშოდ არ გავეშვით მე და ჩემი შვილი.

მე ყველაფრისათვის მზად ვიყავი; მზად ვიყავი თავიც კი გამეწირა, ოღონდაც ჩემ შვილს შველებოდა. შვილის უბედურებით გულდათუთქულ დედაზე საცოდავი ვინ შეიძლება იყოს?!

უცებ ჩემმა ვერიკომ მთელი ხმით დაიყვირა: „დედა, ვხედავ! დედა, ვხედავ!“ მე ყურებს არ დავუჯერე“.

ქალი ცოტა ხანს გაჩუმდა. თითქოს ყველაფერი თავიდან გაუცოცხლდა თვალწინ, თავიდან გადაიტანა ის განცდები. მერე განაგრძო: „სიხარულით აღვსილი ვერიკო ყველაფერს ხელით ეხებოდა - წმინდა ნაწილების ლუსკუმას, წმინდა ჯვარს, სახარებას. ყველაფერი აოცებდა, აინტერესებდა.

ჩემი მაშინდელი მდგომარეობა სიტყვებით არ გადმოიცემა. თავი სიზმარში მეგონა. შვილთან ერთად ვხარობდი, ვმადლობდი უფალს და წმიდა სერაფიმეს. ხარობდა ყველა, ვინც ამ ამბავს შეესწრო; ყველა ადიდებდა ღმერთს“. ქალი გაჩუმდა. ანდა სათქმელი რაღა იყო.

„დედამ თხრობა რომ დაასრულა, - თქვა ქალბატონმა ელისაბედმა, - გოგონასთან მივედი, სასწაულგადანახადი მისი თვალები დამენახა, ძვირფასი ზურმუხტებივით რომ უბრწყინავდა ლამაზ სახეზე. წამწაებზე რაღაც ძალიან წვრილი, ვარდისფერი ძაფივით ემჩნეოდა, რომელიც თითქოს მისი ყოფილი სიბრმავის ნიშანი იყო“.

უნებურად გახსენდება სახარებისეული იგავი ბრმადშობილის განკურნების შესახებ და ის, რაც ამ იგავთან დაკავშირებით მაცხოვარმა ბრძანა: ამგვარი ხილული სასწაულები იმიტომ ხდება, რომ ადამიანებმა ცხადლივ დაინახონ უფლის ყოვლისშემძლეობა და ჭეშმარიტი რწმენის ასევე ყოვლისმომცველი ძალა. დაბადებიდან ბრმის განკურნება მედიცინას არ შეუძლია. მხოლოდ ღმერთს შეუძლია ის, რაც არ შეუძლია კაცს. ამიტომ კვლავ და კვლავ ახდენს ყოვლადმოწყალე და ყოვლადშემწყნარებელი ზეცირუი მამა აგვარს სასწაულებს, რათა ერთხელ კიდევ შეგვახსენოს ცოდვით დაბრმავებულებს თავის არსებობა და თავისკენ მოგვიხმოს.

 

„მადლობდეთ უფალს და ღვთისმშობელს!“

უსინათლო ბავშვი განკურნა მეორე რუსმა წმიდანმაც სერაფიმე ვირიცელმა. მაშინ ის უბრალო ბერი იყო. ერთ საღამოს მის სენაკს შორი გზიდან ჩამოსული ქალი ეწვია, რომელსაც თან ბრმა გოგონა ახლდა.

დედა ცრელმებით ევედრებოდა ბერს ეშველა მისი ბრმა შვილისათვის. მამა სერაფიმემ ილოცა, მერე ანთებული კანდელიდან ზეთი ამოიღო, ბავშვს თვალებზე წაუსვა და დედას უთხრა, მისთვის თვალები აეხვია. თან გააფრთხილა, რომ სახვევი მეორე დღეს საღამოს შეეხსნა.

ასე ზღაპრებში ხდება, ხომ? ჭეშმარიტი რწმენაც ხომ ზღაპარივით არის! - ხდება ის, რაც მიწიერი აზროვნებისათვის აბსოლუტურად აუხსნელი და შეუძლებელია.

გავიდა ორიოდე დღე. ბერის სენაკის კარს ისევ მიადგნენ ორნი - ამჯერად მომღიმარი, ბედნიერი დედა და თვალხილული შვილი, რომელთაც ხელში ყვავილების დიდი თაიგული ეჭირათ.

დედამ მამა სერაფიმეს წინ დაიჩოქა და მადლობა მოახსენა იმისათვის, რომ უფალმა მისი ლოცვითა და მეოხებით მის უსინათლო შვილს თვალისჩინი აჩუქა.

გოგონამ ბავშვური გულწრფელობით და მადლიერების გრძნობით ყვავილების თაიგული მიართვა ბერს.

მამა სერაფიმემ დედა-შვილს უთხრა: „მადლობდეთ უფალს და ღვთისმშობელს; ეს თქვენი რწმენისაებრ მოგემადლათ განკურნება, რათა თქვენც და თქვენმა შვილებმაც ძნელბედობის ჟამს უწყოდეთ, რომ მჭუმუნვარე და მორჩილ გულთან ის ყოველთვის ახლოს არის“.

 

აღთქმა

ეს ამბავი მოსკოვის მახლობლად ("პოდმოსკოვიეში“) მოხდა.

ბავშვობაში ბორისი ძალზე სუსტი და ავადმყოფი იყო. ერთხანს ისე ცუდად გახდა, რომ ექიმებს მისი გადარჩენის იმედი გადაეწურათ. მაშინ დედამ ყველაზე ნაცად და საიმედო - ღვთიურ ექიმს მიმართა. მას განსაკუთრებით უყვარდა მოწამე ტრიფონის ეკლესია. ეს ეკლესია მოსკოვის გარეუბანშია; სხვათა შორის, არც მაინცდამაინც სიმდიდრით გამოირჩევა და არც სიდიდით.

დადიოდა დედა და ლოცულობდა წმიდა მოწამე ტრიფონის წინაშე თავისი შვილისთვის, ცრემლებით ევედრებოდა მეოხებას ღმერთის წინაშე; ამასთან პირდებოდა, რომ თუ ბავში გამოჯანმრთელდებოდა, მას ღმერთს მიუძღვნიდა და თუ მომავალში ბერად შედგებოდა, ტრიფონს უწოდებდა.

„ბავშვმა ძალზე სწრაფად იწყო გამოკეთება და მე ვგრძნობდი, რომ ჩემი ლოცვა შესმენილ იქნა. მალე ბორისი აბსოლუტურად გამოჯანმრთელდა და ისე გაკაჟდა, რომ ყველას უკვირდა ასეთი საოცარი ფერისცვალება“. - იგონებს დედა.

თავად ბორისმა ამის შესახებ ბერად შედგომამდე არაფერი იცოდა... მან თავისი სურვილით მოინდომა მორჩილად ყოფნა. ბორისი ღვთის წინაშე თავისი მოვალეობის ერთგულებით იღწვოდა და ირგვლივ მყოფთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

და აი, ერთ დღეს მან დედას თავისი წმინდა სურვილი გაუმხილა - ბერად აღკვეცა სურდა. დედამ, რომელსაც კარგად ახსოვდა (ანკი როგორ შეიძლებოდა დავიწყებოდა) თავისი დიდი ხნის წინათ დადებული აღთქმა, სიამოვნებით აკურთხა იგი.

ახალი წლის წინა დღეს, 31 დეკემბერს, მორჩილი ბორისი ბერად აღიკვეცა და მას სახელად ტრიფონი უწოდეს. რამდენიმე წლის შემდეგ იგი სქემმონაზონი გახდა.

 

„როდესაც იმედი მთლად გადამეწურა...“

ადრე გავთხოვდი. ღმერთი კი მწამდა, მაგრამ სამსახურმა და ყოვლდღიურმა ფუსფუსმა ეს რწმენა უკანა პლანზე გადაწია. ვცხოვრობდი ისე, რომ დახმარებისთვის ღმერთს ლოცვით არ მივმართავდი, მარხვას არ ვიცავდი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რწმენის მიმართ გულგრილი გავხდი. აზრადაც არ მომდიოდა, რომ უფალი, თუკი მას დახმარებისთვის მივმართავდი, ჩემ ლოცვას შეისმენდა.

ერთხელ, ზამთარში, უმცროსი შვილი - 5 წლის ბიჭი ავად გამიხდა. მოვიწვიეთ ექიმი, რომელმაც დიფტერია დაგვიდგინა რთულ ფორმაში. დაგვინიშნა მკურნალობა. ექიმის ყველა მითითებას ზუსტად ვიცავდი და ბავშვის გამოკეთებას ველოდი, მაგრამ ამაოდ. ბიჭი სულ უკან და უკან მიდიოდა. საშინლად დასუსტდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე ვეღარავის ცნობდა, წამლის დალევა არ შეეძლო. მკერდიდან ამოსული საშინელი ხრიალის ხმა მთელ ბინაში ისმოდა.

ახლა ორი სხვა ექიმი მოვიყვანეთ. მათ ნაღვლიანად შეხედეს ავადმყოფ ბავშვს, შეწუხებულებმა ერთმანეთში რაღაც მოისაუბრეს და ჩვენ შემოგვხედეს. სიტყვები საჭირო აღარ იყო, ისედაც ყველაფერი ნათელი გახლდათ - ყველანი მივხვდით, რომ ბავშვს სააქაო პირი აღარ ჰქონდა - ის ამ ღამეს ვეღარ გაატანდა.

მე არაფერზე ფიქრის თავი აღარ მქონდა; მექანიკურად ვუვლიდი ავადმყოფს. ჩემი ქმარი ბავშვის საწოლს არ სცილდებოდა, ეშინოდა, შვილის ბოლო ამოსუნთქვა არ გამოპარვოდა. სახლში ყველაფერი მიჩუმდა. მხოლოდ საშინელი, სტვენანარევი ხრიალი ისმოდა.

იმედი თითქმის გადაწურული იყო. ამ დროს ეკლესიის მწუხრის ლოცვა იწყებოდა, ზარის რეკვის ხმა მოისმა. თითქმის გაუაზრებლად წამოვდექი, ჩავიცვი და ქმარს ვუთხარი:

- წავალ, ავადმყოფი შვილის ჯანმრთელობისათვის მღველს პარაკლისის გადახდას ვთხოვ.

- რა აზრი აქვს?! ხომ ხედავ, რომ კვდება? არ წახვიდე, უშენოდ დალევს სულს! - ძლივს ამოთქვა მან.

- არა, უნდა წავიდე, ეკლესია ახლოს არის.

არ მახსოვს, როგორ შევედი ეკლესიაში. შემომხვდა მამა სტეფანე.

- მამაო, გევედრები, შვილი მიკვდება დიფტერიით. თუ არ გეშინიათ, ჩემთან წამობრძანდით და პარაკლისი გადაიხადეთ!

- ჩვენ ვალდებული ვართ გზა დავულოცოთ მომაკვდავებს და უშიშრად მივდივართ ყველგან, სადაც მიგვიწვევენ. ახლავე მოვალ. - მიპასუხა მამა სტეფანემ.

სახლში გავიქეცი. ყველა ოთახში კვლავინდებურად ხრიალი ისმოდა. ბავშვს პატარა სახე მთალად გალურჯებოდა და თვალზე გადმოცვენაზე ჰქონდა; პატარა ფეხები მთლად გასციებოდა. გული შემეკუმშა. არ მახსოვს, ვტიროდი თუ არა მაშინ. ის კი მახსოვს, რომ ამ საშინელ დღეებში ცრემლი მთლად გამიშრა. კანდელი ავანთე და რაც საჭირო იყო, ყველაფერი მოვიმარჯვე.

მალე მამა სტეფანე მოვიდა და პარაკლისი დაიწყო. ბავშვი თავის პატარა ლეიბით და ბალიშით ფრთხილად ავიყვანე ხელში და საწოლი ოთახიდან მისაღებში გამოვიყვანე. მისი ხელში ჭერა მიჭირდა და სავარძელში მძიმედ ჩავჯექი.

პარაკლისი გრძელდებოდა. მამა სტეფანემ წმიდა სახარება გადაშალა. ნერვიულობისა და დაღლილობისაგან ქანცგაცლილი სავარძლიდან ძლივს წამოვდექი და.... თვალებს არ დავუჯერე - ჩემმა ბიჭუნამ თავი წამოწია და  ასე ისმენდა ღვთის სიტყვებს.

მამა სტეფანემ კითხვა დაასრულა. ბიჭმა პატარა ხელი კისერზე შემომხვია და ასე უსმენდა პარაკლისს ბოლომდე. მე გაბედულად სუნთქვისაც კი მეშინოდა.

მამა სტეფანემ წმ. ჯვარი სახეზე მიადო ბავშვს სამთხევევად, თან უთხრა: „გამოჯანმრთელდი!“

ბავშვი ლოგინში ჩავაწვინე და მამა სტეფანე გავაცილე. უკან რომ მოვბრუნდი, სუნთქვაშეკრული საწოლ ოთახში შევედი და გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ ის გულის გამგმირავი ხრიალი, ამ დღეებში რომ ასე გვზაფრავდა ყველას, აღარ ისმოდა. ბავშვს თანაბარი, მშვიდი სუნთქვა ჰქონდა.

გულაჩუყებული მუხლებზე დავეშვი და ვმადლობდი მოწყალე ღმერთს. ღონემიხდილს იატაკზე ჩამეძინა.

მეორე დილას, ეკლესიის ცისკრის ლოცვის ზარმა რომ დარეკა, ჩემი ბიჭი ლოგინზე წამოჯდა და სუფთა, წკრიალა ხმით დამიძახა:

- დედა, რატომ ვწევარ ამდენ ხანს? მომწყინდა წოლა!

განა შეიძლება იმის აღწერა, რაც მე იმ წუთებში განვიცადე?!

ბავშვმა სიამოვნებით დალია თბილი რძე. ცოტა ხანში სახლში ფეხაკრეფით შემოვიდა ჩვენი ექიმი. მან მისაღებში შეიხედა და იქ ტახტი რომ ვერ დაინახა ცივი ცხედრით, შეგვეხმიანა. მე მხიარული ხმით ვუპასუხე:

- ახლავე მოვალ.

ექიმი გაოგნებული იდგა და ფეხს წინ ვერ დგამდა.

- ნუთუ უკეთესობაა? - ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი.

- დიახ, ვუპასუხე და მივესალმე. უფალმა სასწაული მოგვივლინა!!!

-დიახ, ხიად... თქვენი ბავშვის განკურნება მხოლოდ სასწაულს შეეძლო. - ძლივს ამოთქვა დაბნეულმა ექიმმა.

მალე მამა სტეფანემ უკვე სამადლობელი პარაკლისი აღავლინა ჩვენთან. ჩემი ბიჭი, სრულიად ჯანმრთელი, გულმოდგინედ ლოცულობდა. წირვის ბოლოს მამა სტეფანემ მითხრა:

- კარგი იქნებოდა, ეს შემთხვევა აგეწერათ. გულწრფელად მინდა, ყველა დედამ გაიგოს, რომ მწუხარებისას სასოწარკვეთილებაში კი არ ჩავარდნენ, არამედ მიმართონ იმას, ვის ხელთაც არის როგორც მათი შვილების კეთილდღეობა და სისცოცხლე, ასევე - თავად მათიც, ყველასი, და რომ მარტოდენ მტკიცე სარწმუნოებაა ყოველგვარი სიხარულის მიზეზი და დასაბამი.

 

მშვენიერი მანდილოსანი

დედის ნაამბობი

ჩემი შვილი - ვალერი მძიმეს გახდა ავად. ბიჭი შვიდი წლისაც არ იყო; სული ეხუთებოდა, სიცხე უკიდურეს ზღვრამდე იყო მისული. მოვიწვიეთ პროფესორი. მან გვითხრა, ცოტა უნდა მოვიცადოთ, რათა ზუსტად დავადგინოთ დიაგნოზი - ქუნთრუშა თუ დიფტერია. ჩვენ მოცდა არ ვისურვეთ და სხვა ექიმს მივმართეთ, გვინდოდა, რაც შეიძლება მალე გამოგვეყვანა ბავშვი მდგომარეობიდან. მან დიფტერიის დიაგნოზი დაგვისვა და სასწრაფოდ შრატის ინექცია დანიშნა.

სანამ აფთიაქში დიფტერიის საწინააღმედგო შრატს მოვძებნიდით, პროფესორს დავურეკე და ვუთხარი, ბავშვს შრატს ვუკეთებთ-მეთქი.

- მე თქვენთვის ეს არ დამინიშნავს. - მითხრა მან.

შევწუხდი, დავიბენი. აღარ ვიცოდი, რა მექნა. შრატი ვიყიდე და ნაცნობ მედდასთან გავიქეცი, რომ ბავშვისთვის შრატის გაკეთება მეთხოვა. თან, მართალი გითხრათ, სული მიშფოთავდა - პროფესორს უჭირს რამის გადაწყვეტა და მე რაღა ვქნა, ვის მივაკითხო საშველად-თქო. მედდა დამპირდა, მალე მოვალო.

მივიჩქარი ქუჩაში და თან განუწყვეტლივ ვლოცულობ - ღვთისმშობელს ვევედრები, მიგვახვედროს, საჭიროა თუ არა ახლა ნემსის გაკეთება. ამასობაში სახლთან მივედი. ავდივარ კიბეზე და... აშკარად მომესმა: „არა!“ მივხვდი, ეს პასუხი იყო ჩემს თხოვნაზე.

სახლში შევედი თუ არა ვთქვი, რომ შრატს აღარ გავაკეთებდით. ყველამ ისე შემომხედა, როგორც ჭკუიდან შეშლილს. ვერაფერი გაეგოთ, რა ხდებოდა. მოვიდა მედდაც. მე ვუთხარი, რომ ნემსი აღარ გაკეთდებოდა. მან შვებით ამოისუნთქა.

ვალერი სიცხისგან შფოთავდა. მხოლოდ იმას მთხოვდა, დედიკო, არსად წახვიდეო. ბავშვის საწოლი ოთახის შუაგულში დავდგით, რომ უფრო ადვილად ესუნთქა. მთელი ღამე მის გვერდით ვიჯექი. შევამჩნიე, რომ მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდებოდა; ბიჭი ჩაწყნარდა, დაეძინა. მალე გამოეღვიძა, თვალი გაახილა და მკითხა:

- დედა, ვინ იყო ჩვენთან?

- არავინ.

- აბა, როგორ, დედა... აი, ახლახან!

- რა, ახლახან? - ვერაფერს მივხვდი.

- რა, და... დედა, ისეთი მშვენიერი ქალბატონი იყო, ისეთი მშვენიერი!.. - და ვალერის ისევ ჩაეძინა.

დილისკენ ბავშვს გამონაყარი გამოჩნდა და გასაგები გახდა, თუ როგორ უნდა წარმართულიყო მკურნალობა. მალე ბიჭი სრულიად განიკურნა. მერე ცხადი გახდა, მაშინ ნემსი რომ გაგვეკეთებინა, ბავშვი დაიღუპებოდა.

სიზმარში, თუ ძილ-ღვიძილში ნანახი მშვენიერი ქალბატონი კი სულ ახსოვდა, თუმცა ამაზე იშვიათად ლაპარაკობდა, გულში ინახავდა.

კიდევ ერთი შემთხვევა იყო. ვალერი ისევ ავად გახდა - ანგინა ჰქონდა მძიმე ფორმებში, მაღალი სიცხით.

სახლში მარტო ვიყავი. საჭირო იყო სასწრაფო დახმარების გამოძახება. ბინაში მაშინ ტელეფონი არ გვქონდა. რა უნდა მექნა შუაღამეზე?! ავტომატის საძებნელად ქუჩაში გამოსული პირდაპირ ქუჩაში მუხლებზე დავეცი და გულით შევღაღადე დედა ღვთისმშობელს: „დედაო ღვთისავ, შვილი გადამირჩინე!“

ავტომატი მალე ვიპოვე და სასწრაფო დახმარება გამოვიძახე. შინ რომ დავბრუნდი, ვნახე: ვალერის ყელიდან ჩირქის გროვას გადმოეხეთქა და ყელი თითქმის გასუფთავებოდა. ტემპერატურა ძალზე სწრაფად დაეცა.

ეს მეორედ მაჩუქა დედა ღვთისმშობელმა შვილი.

 

ცოდვილის მონანიება

ერთი დედა ბერთან მივიდა და გულმოკლულმა შესთხოვა:

- ჩემი შვილი სვამს, ცხოვრობს უპატიოსნოდ, მცემს, ჩემ თვალზე ცრემლი არ შრება, ილოცეთ მისთვის, მამაო!

- შენ კი მადლობა შესწირე უფალს ამისთვის.

- როგორ, მამაო, რატომ?

- მას რომ არ ესვა, შენ ეკლესიაში არ წახვიდოდი და ჩემთანაც არ მოხვიდოდი. წადი, ილოცე შენი შვილისათვის! - არცერთი წვეთი დედის ცრემლისა ტყუილად არ იკარგება. დედის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. შენი შვილი კი ქრისტიანად მოკვდება.

ყველაფერი ბერის სიტყვების მიხედვით ახდა. ცოტა ხანში აქ ქალის შვილი კიბოთი დაავადდა, ჩამოდნა, თვალდათვალ გაილია. მან სმას თავი დაანება და დიდ სინანულში ჩავარდა. იგი ყველას პატიებას სთხოვდა და ამბობდა: „მაპატიეთ, ძვირფასებო, საშინლად, საშინლად ვცხოვრობთ, ვიღუპებით, თქვენც მოინანიეთ!“ სიკვდილის წინ მღვდელი მოიხმო, აღსარება უთხრა და ეზიარა ასე, ღმერთთან შერიგებული გავიდა ამ ქვეყნიდან.

შვილის სიკვდილის შემდეგ დედამ მთელი სიცოცხლე უფლის სამსახურში გაატარა. ის ტაძრებში საქმიანობდა და თან გამუდმებული ლოცვით შვილის სულს ეხმარებოდა.

 

ქალიშვილის განკურნება

ეს ამბავი ერთი მღვდლის - ლუბიმოვის ოჯახში მოხდა.

ერთ საღამოს მშობლებმა თავიანთი ქალიშვილი - ჩვიდმეტი წლის მარიამი სარდაფში გაგზავნეს რძის ქოთნის მოსატანად. გოგონა გაიქცა. ხუთი წუთიც არ გასულიყო, რომ იგი გაფითრებული დაბრუნდა უკან. შიშისაგან ერთიანად ცახცახებდა. ოთახში რომ შევიდა კედელს მიეყრდნო და ასე გაუნძრევლად იდგა. მშობლებს უნდოდათ საწოლში ჩაეწვინათ, მაგრამ ქალიშვილმა ისეთი წინააღმდეგობა გაუწიათ, რომ იძულებულნი გახდნენ საწოლზე მიებათ. გოგონა კრინტს არ ძრავდა.

გადიოდა კვირები, თვეები. მარიამი ხმას არ იღებდა. მშობლების მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. ქალიშვილის დედა განუწყვეტლივ ლოცულობდა - უფალს შვილის ხნას ემუდარებოდა.

ამ დროს გოგონას მამა, მღვდელი, ღვთის მსახურებასთან დაკავშირებით რაღაც საკითხზე მოსკოველ მიტროპოლიტ ფილარეტთან შევიდა. მოძღვრის მოხსენება რომ მოისმინა და შეხვედრა ფაქტობრივად დამთავრდა, მღვდელმთავარმა ლუბიმოვს ჰკითხა: „მგონი, რაღაც უნდა გაწუხებდეს. თუ საიდუმლო არ არის, მითხარი, რას დარდობ?“

ცრემლმორეულმა მღვდელმა მიტროპოლიტს თავისი ქალიშვილის ავადმყოფობის შესახებ მოუყვა.

- ბავშვებს აჩენთ, მათი აღზრდა კი არ იცით. რატომ გაგზავნეთ ყმაწვილი ქალი სარდაფში გვიან, სიბნელეში? ვინმე უფროსი არ იყო? მოახლე არა გყავთ? - გაუწყრა მიტროპოლიტი.

- ხელმოკლეობის გამო მოახლეები არ გვყავს. - უპასუხა მღვდელმა.

- მაშინ თვითონ წასულიყავი, ანდა დედამისი. - უსაყვედურა მიტროპოლიტმა.

- მეუფეო! ჩვენ შვილებს პატარაობიდანვე ვაჩვევთ საქმიანობას.

- ნუ სწუხარ, იქონიე ყოვლისშემძლე უფლის სასოება და სიმშვიდე დაგიბრუნდება. კიდევ როდის ჩამოხვალ მოსკოვში?

- როცა თქვენ ინებებთ.

მიტროპოლიტმა განაწამებ მამას ჩამოსვლის დრო დაუნიშნა - ერთი თვის შემდეგ ჩამოდი და ცოლი და ქალიშვილიც თან ჩამოიყვანეო.

ლუბიმოვი ასეც მოიქცა - მოსკოვში თავის ცოლთან და ავადმყოფ ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა და პირდაპირ მიტროპოლიტს მიაშურა.

მღვდელმთავარმა ფილარეტმა ყაზანის ღვთისმშობლის ხატით აკურთხა მთელი ოჯახი. „ახლა წადით წმიდა სერგის სავანეში. იქ ღვთის წყალობას მიიღებთ!“ - უთხრა მათ.

წმიდანის სავანეში ლუბიმოვებს არავინ დახვდათ. ტაძარი ცარიელი იყო. თვალცრემლიანმა მშობლებმა ავადმყოფი შვილი წმიდანთან მიიყვანეს, წმ. სერგის თავთან თავი დაახრევინეს  და თან გულმხურვალედ შესთხოვეს მას შვილის განკურნება.

როგორც კი ქალიშვილი წმიდანის ნაწილებს შეეხო, სახე გაუნათდა - ლოყები შეუფაკლდა. მერე თვალებგაბრწყინებული მშობლებს მიუბრუნდა.

- გრძნობთ, როგორი კეთილსურნელი ასდის წმიდა ნაწილებს? - თქვა მან. იმ წუთიდან მეტყველებაც დაუბრუნდა და სრულიად გაჯანმრთელდა კიდეც.

მშოლებმა ღრმა მადლიერების გრძნობით აღავლინეს სამადლობელი პარაკლისი დიდ წმიდანის - სერგი რადონეჟელის წმ. ნაწილებთან და ბედნიერები შინ დაბრუნდნენ.

 

„წადი და მოიყვანე შენი შვილი!“

ვიქტორი უკეთილშობილესი ადამიანი იყო, მაგრამ დიდი ნაკლიც ჰქონდა - ალკოჰოლის მომეტებულ სიყვარულს ვერ უმკლავდებოდა. ხელფასს რომ აიღებდა, აუცილებლად ამხანაგებთან ერთად სუფრას შემოუჯდებოდა. დედა ბევრს ცდილობდა, შვილი დაღუპვის გზიდან შემოებრუნებინა. გამუდმებით ევედრებოდა უფალს, ეხსნა იგი ამ მძიმე ვნებისაგან. ერთხელ ძალიან შეაგვიანდა. დედა მთელ ღამეს ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატის წინ ცრემლებით. აღარც კი ახსოვს, რამდენი ხანი იდგა მუხლებზე. უეცრად ხმა მოესმა: „წადი მდინარე ოკას ნაპირას და წამოიყვანე შენი შვილი!“

შეშინებული დედა ქალაქში გავიდა. ბურუსი იდგა. იგი ძლივს არჩევდა საგნებს, მაგრამ მაინც განაგრძობდა ძებნას. და უცებ!.. „ის არის!“ - გაიფიქრა და მდინარის პირას დაგდებული კაცისაკენ წავიდა. დედას გულმა არ უმტყუნა - ის მართლაც ვიქტორი იყო. თურმე მეგობრებთან ერთად დაელია და შეგვიანებოდა. შინ მობერუნებულს მდინარე ოკას ხიდზე უნდა გაევლო. ხიდი ამ დროს გახსნილი ყოფილა. ნასვამს სიბნელეში ეს ვერ შეუნიშნავს, ფეხი ხიდზე შეუდგამს და მდინარეში ჩავარდნილა.

შიშისა და სიცივსგან აკანკალებული ვიქტორი მდინარის ფსკერისკენ წავიდა. უკვე იხრჩობოდა, რომ ცისფერ სამოსში გამოწყობილი ჭაბუკი დაინახა. მერე მისი ხმაც გაიგონა: „არ შეიძლება დაიხრჩოს ის შვილი, ვისთვისაც დედა ასე ლოცულობს!“ ვიქტორს მხოლოდ ის ახსოვდა, რომ ძლიერი დარტყმით ნაპირზე გადმოადგეს.

 

...და მაინც გამოიცვალა

ერთმა ღარიბმა ქვრივმა დედაკაცმა ერთადერთი ვაჟიშვილი აღზარდა, მაგრამ ის დედის ნუგეში არ გამოდგა - თავის უწესო ამხანაგებთან ერთად წუთისოფელს ქეიფსა და დროსტარებაში განლევდა და დედის დარიგებას ყურს არ უგდებდა.

ერთხელ, როცა ისეც მოსალხენად წასვლას აპირებდა, ქვრივმა დედამ ცრემლით შესთხოვა, რომ ასეთი დამღუპველი ცხოვრებისათვის თავი დაენებებინა, მაგრამ შვილმა გადაჭრით უთხრა: „დედიკო! მე ვერ გამოვიცვლები.“

მაშინ დედამ უთხრა: „კარგი, ახლა მე ვიცი, რაც უნდა ვქნა. შევალ ოთახში, უფლის წინაშე მუხლს მოვიყრი და ვილოცებ მანამ, სანამ შინ არ დაბრუნდები.“

შვილი ამხანაგებთან წავიდა. მაგრამ ლხინში სიამოვნება ვერ ჰპოვა - სულ მუხლებზე დაჩოქილ მოტირალ დედაზე ფიქრობდა.

დიდხანს ვერ გაძლო; შუა სუფრიდან ადგა და შინისაკენ გასწია, რათა გაეგო, რას შვრებოდა დედა. შინ მისულმა დედის ოთახში შეიხედა და დაინახა, რომ იგი ხატების წინ დაჩოქილიყო და მისთვის ლოცულობდა.

ვაჟი ფრთხილად შევიდა ოთახში, თვითონაც დედის გვერდით დაიჩოქა და ღმერთს მადლობა შესწირა დედის ასეთი სიყვარულისთვის.

ამის შემდეგ ის ყოფილ ამფსონებს აღარ გაჰკარებია და ყოველთვის სანაქებოდ იქცეოდა.

 

„მხოლოდ ჯოჯოხეთის ხილვა თუ მომიყვანდა ჭკუაზე!“

ოჯახში ერთი შვილი ვიყავი. მდიდრულად ვცხოვრობდით. მშობლები სულ ჩემი ჭკუის დარიგებაში იყვნენ, ჩემ ნებაზე არ მიშვებდნენ. მე მხიარულად ცხოვრება მინდოდა, ისინი წესიერებისკენ მომიწოდებდნენ. საღამოს ჩემი ჭკუის ხალხთან ერთად ნადიმები და ქეიფები მიყვარდა. საამისოდ სახლიდან ჩუმად მიგვქონდა ხოლმე ყველაფერი. მამა ყოველთვის მსჯიდა ამისათვის. მე კი მაინც არ ვიშლიდი ჩემსას. ჩვენი სახლიდან ბევრი რამის წაღება შეიძლებოდა, რადგან ყველაფერი ბევრი გვქონდა და ამიტომ ხშირად ვერ ხვდებოდნენ, რამეს თუ მოვიპარავდი. ასე მივეჩვიე საღამოს წვეულებებს და თავქარიან ცხოვრებას. არყის გარეშე სიცოცხლე აღარ შემეძლო.

ამ დროს გარდაიცვალა მამა. მე უფრო გავთამამდი, დედას არ ვუჯერებდი. იმის იმედით, რომ გამოვსწორდებოდი, დედამ დამაქორწინა. მაგრამ ამას არსებითად არაფერი შეუცვლია ჩემს ცხოვრებაში. უკვე ვიღუპებოდი და კიდევ დავიღუპებოდი, უფალს რომ არ მოეხედა ჩემთვის დედაჩემის ლოცვის შედეგად.

ერთხელ ქალაქში ფქვილი წავიღე გასაყიდად. გავყიდე და აღებული ფულით მე და ჩემმა მეგობრებმა კარგად მოვილხინეთ. უკან დაბრუნებულებიც გზაში სულ არაყს ვსვამდით. ისე, რომ არ მახსოვს, სახლში როგორ მოვედი.

შემიძლია ასევე ვთქვა, რომ სახლში კი არა, ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი, ნამდვილ ჯოჯოხეთში, რომლის არსებობა ადამიანებს, სამწუხაროდ, ხშირად არ სჯერთა. ჯოჯოხეთი კი, ძმებო, არსებობს და თანაც ცოდვილი, უბედური ადამიანის წარმოსახვა ვერასოდეს წარმოიდგენს სრულყოფილად, თუ რა არის ის. ...აქ, დედამიწაზე, ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, თუ რა არის ჯოჯოხეთის ცეცხლი. ეს ისეთი ცეცხლი კი არ არის, აქ, დედამიწაზე რომ ვიცით. ამის ატანა კიდევ შეიძლება. აი, იმისი კი... ის ისეთი საშინელია, ისეთი მტკივნეულია, ისეთი მცხუნვარე და მწველი... ამის გამოდმოცემა შეუძლებელია. თან ხელ-ფეხი შეკრული გაქვს, ვერ ატოკებ. ორმოცდაათ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ის ვნახე და ისე მახსოვს, თითქოს წუხელ იყო.

- მხსნელო ჩემო! ღვთისმშობელო, დამიფარე! - ვევედრებოდი წმიდა ქალწულს. ტანჯვას კი ბოლო არ უჩანდა. მეჩვენებოდა, რომ მთელი საუკუნე გავიდა, რაც ამ ტანჯვაში ვიყავი. ფაქტიურად კი მხოლოდ ერთი საათი ვყოფილვარ ჯოჯოხეთში.

უცებ ყოველივე ეს გაქრა, გვრძნობ, რომ ხელ-ფეხი გამეხსნა, შემოვბრუნდი და ვხედავ: ხატების წინ კენდელი ანთია (ზუსტად ღვთისმშობლის მიძინების დღე იყო), დედაჩემი მუხლებზე დგას და ცრემლებით ლოცულობს. გამახსენდა ერთი ნათქვამი - „დედის ლოცვას ზღვის ფსკერიდან ამოყავს ადამიანი“ და გავიგე, იმ წამს მივხვდი, რა სწორია ეს. იმასაც მივხვდი, რომ სხვა ვერაფერი მომიყვანდა გონზე მე, ცოდვილს.

ავდექი სრულიად ჯანმრთელი, თითქოს სასმელი პირშიაც არ ჩამეშვას. დედამ მითხრა, რომ ცხენებს ვუყვარვარ. გრძნობადაკარგული მოვუყვანივარ სახლში. დედას მკვდარივით დავუწვენივარ საწოლზე. თითქმის აღარ ვსუნთქავდი თურმე.

სასოწარკვეთის პირას მისულ დედას ცხარე ცრემლებით ლოცვა დაუწყია. და აშკარაა, უფალმა ისმინა მისი. მთელი ჩემი სიცოცხლე მუდამ დედის მადლიერი ვიქნები. ეს არასოდეს დამავიწყდება.

 

კიდევ ერთი უძღები შვილი

ეს ამბავი საბერძნეთში მოხდა.

ათანასე დედისერთა იყო. ოჯახი შეძლებულად ცხოვრობდა. მამა ადრე გარდაიცვალა და დედას ძალიან უნდოდა მის შვილს ესწავლა. მაგრამ ათანასე ცუდ წრეში მოხვდა, სწავლას თავი დაანება და ცოდვიან ცხოვრებაში ყელამდე ჩაეფლო. ნარკოტიკებისა და სხვა საეჭვო გართობებისათვის ფული რომ შემოაკლდებოდა, დედას ჩამოაკითხავდა (ის ოჯახიდან მოშორებით, ქალაქში ცხოვრობდა), წესიერად არც კი მოიკითხავდა და ეტყოდა: „ეი, ფული გაქვს? მოიტა აქ, მეჩქარება“. თუ საცოდავი ქალი რამის თქმას გაბედავდა, შვილი ცემდა, ფულს წაართმევდა და გაუჩინარდებოდა.

რვა წელი გრძელდებოდა ასე. დედა ჩემოდნა, ცოცხალ ჩონჩხს დაემსგავსა. იგი ვერაფრით ეგუებოდა იმ აზრს, რომ მისი შვილი ნარკომანების ბანდას ვერასდროს მიატოვებდა, როდისმე ციხეში ჩასვამდნენ და საბოლოოდ დაიღუპებოდა.

დარდისაგან გათანგულ მოხუცს კეთილმა ადამიანებმა ურჩიეს, წმ. იოანე რუსის ნაწილებთან წასულიყო და შვილისათვის ელოცა.

დედა ასეც მოიქცა. ტაძარში მისი თხოვნით წმიდანის წმიდა ნაწილებთან პარაკლისი გადაიხადეს. ქალმა მთელი გულით სთხოვა წმიდანს: „დამიბრუნე შვილი, წმიდაო იოანე, გონს მოიყვანე! გთხოვ, ისევ ისე დამიძახოს „დედა“, როგორც ადრე მეძახდა“.

დედა შინ დაბრუნდა. სახლს რომ მიუახლოვდა, შენიშნა, რომ მისი სახლის კარი ღია იყო. დედას გაუკვირდა, ვინ უნდა ყოფილიყო სახლში?! ქალი შინ შევიდა.

- დედა! - გამოეგება შვილი, - დავბრუნდი, შენ ხომ ეს გინდოდა. ყველაფერს ვნანობ, რაც კი ჩამიდენია. აქ უნდა ვიცხოვრო, ამ სახლში, მამაჩემის სახლში. მხოლოდ გუშინ მივხვდი, რაც ჩავიდინე შენს წინაშე და საკუთარი თავის წინაშეც. მაპატიე, დედა!

ქალი თვალებს და ყურებს არ უჯერებდა. თითქოს ენა წაერთვა, ხმას ვერ იღებდა. მხოლოს საღამოს შეძლო წარმოეთქვა: „კეთილი იყოს შენი მოსვლა, შვილო. ხვალ დილას წავალ იმასთან, ვინც შენ სახლში დაგაბრუნა. წავალ და მადლობას მოვუხდი“.

ორი დღის შემდეგ მღვდლებმა ეს ქალი ისევ ტაძარში რომ დაინახეს, იფიქრეს, ჯერ არ წასულა სახლშიო. თურმე, არათუ წავიდა შინ, არამედ იპოვა კიდეც შვილი, რომელმაც ისევ დაუძახა მას: „დედა“, როგორც ადრე. ასე გაცოცხლდა დედის ლოცვით ის, ვინც „მომკვდარ-იყო“, ასე გადარჩა, ვინც „წაწყმედულ-იყო“.

 

„ცათა დედოფალო, შენ გაბარებ ჩემს შვილს!“

ომების ისტორიებიდან უამრავი მაგალითია ცნობილი, თუ როგორ გადარჩენილან უვნებლად ცხარე ბრძოლებიდან, სადაც ასობით მეომარი იღუპებოდა, მხოლოდ ისინი, რომელთა დედებიც გულმხურვალედ ლოცულობდნენ შვილებისათვის. რა ყოვლისშემძლეა დედის ლოცვები და რა ნაზად უსმენს დედის წუხილს სამყაროს გულმოწყალე შემოქმედი. აი, ერთი საოცარი ამბავი ჩვენი ახლო  წარსულიდან, რომელიც დედის ლოცვის ძალის აშკარა და ნათელი გამოხატულებაა.

„ცარსკოე სელოში“, პეტერბურგიდან ოცდახუთი კილომტერის დაშორებით, საგვარეულო ზნამენსკის ეკლესიაში არის ღვთისმშობლის ძველი, სასწაულთმოქმედი ხატი „Знамение Богоматери“, რომელთანაც უამრავი სასწაული აღსრულებულა.

სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებ სმოლენსკელ მემამულე ქალს ე. დუდინსკაიას ჰყავდა ვაჟიშვილი, ფლოტის ოფიცერი. მისი გემი შავ ზღვაზე შორეულ მოგზაურობაში გადიოდა და ამიტომ ქალმა ცარსკოე სელოს მიაშურა, რათა ზემოხსენებული ხატის წინ ელოცა და ასე დაელოცა გზა შვილისათვის. „ცათა დედოფალო, შენ გაბარებ ჩემს შვილს, შენზე მინდობილი ჩემი იმედი, დამიბრუნე იგი უვნებელი ზღვის ქვეშეთიდანაც კი!“ - გულმხურვალედ ილოცა ქალმა და შვილს დაემშვიდობა.

გემი საშინელ შტორმში მოხვდა. ის დაიმსხვრა, დაილეწა, მთელი ეკიპაჟი ზღვის ტალღებმა შთანთქა. ქალბატონ დუდინსკაიას შვილი ტალღებმა გადმოაგდო გემის ბორტიდან. სიკვდილი გარდაუვალი იყო. ახალგაზრდა კაცს ცარსკოე სელოს ხატი გაახსენდა და მთელი რწმენით მოუხმო ღვთისმშობელს: „დედაოფალო ზეცათაო, დედამ ჩემი თავი შენ შეგავედრა, გადამარჩინე მისთვის!“

ამ დროს ტალღამ ისე ძლიერად დაარტყა, რომ გონება დაკარგა. არ იცოდა რამდენ ხანს იყო ასე. გონს რომ მოვიდა, ზღვის ნაპირზე იწვა. მან გულწრფელი მადლობა გადაუხადა ღვთისმშობელს გადარჩენისათვის.

განა აქ კიდევ რამის დამატებაა საჭირო?!

 

არანაკლებ საოცარია მღვდელ ალექსანდრე რომანოვსკის ნაამბობი. ამ შემთხვევიდანაც კარგად ჩანს, რომ შვილების ბედი ძალზე მნიშნველოვანწილად სწორედ დედის ხელშია.

აი, ეს ამბავი:

„ათი წლის წინათ ერთი ბატონის ოჯახში დავდიოდი - მის შვილებს საღვთო სჯულს ვასწავლიდი. ერთ-ერთი ბიჭუნა, შვიდი წლისა, გაცივდა და მძიმედ ავად გახდა - კრუპი, ბავშვის ძალიან საშიში ყელის სნეულება დაემართა. ექიმების მთელმა მცდელობამ ამაოდ ჩაიარა. დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარებოდა - საქმე უკან და უკან მიდიოდა. ბოლოს ექიმებმა უმწეოდ ჩაიქნიეს ხელი - დედას უთხრეს, რომ ბავშვს მხოლოდ რამდინიმე საათის სიცოცხლეღა დარჩენოდა.

ბავშვის დედა ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა. მან, თავზარდაცემულმა, ავადმყოფი შვილი მიატოვა და სამრეკლოში გაიქცა. იქ „ივერიის ღვთისმშობლის“ სასწაულთმოქმედი ხატი იყო დასვენებული. მისი თხოვნით ავადმყოფი ბავშვისათვის ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადეს. მუხლებზე დამხობილი ქალი მთელი გულით ევედრებოდა ყველა ქრისტიანის დედას, გადაერჩინა მისი შვილი. მან ხატის წინ კანდელიდან ცოტა ზეთი წამოიღო და შინ დაბრუნებულმა იმით დაზილა შვილი, თან განუწყვეტლად, მხურვალე ლოცვით მიმართავდა ღვთისმშობელს, ეჩუქებინა მისთვის შვილი.

ექიმი დამწუხრებული უცქერდა დედის საქციელს - მან არ იცოდა, რა ერჩია მისთვის. ბოლოს, მხოლოდ იმისთვის, რომ რამე მოემოქმედა, ავადმყოფ ბავშვს პირღებინების წამალი მისცა, რადგან, მისი აზრით, ყველაფერი უკვე სულერთი იყო - ბავშვი კვდებოდა.

დამწუხრებულმა დედამ კიდევ ერთი მხურვალე ლოცვით მომაკვდავ შვილს პირში წამალი ჩაასხა. ბავშვმა გაჭირვებით ჩაყლაპა წამალი. მალე პირღებინება აუტყდა, შეშინებულმა დედამ ბავშვს პირთან ორივე ხელი შეუშვირა და რას ხედავს!.. ის წანაზარდი, რომელსაც ბავშვის ყელი ჩაეკეტა, სუნთქვა შეუხუთა და ახრჩობდა, პირდაპირ დედის ხელებში ჩავარდა. ბავშვმა ამოისუნთქა და მალე სრულიად მოიხედა.

ყველაზე მეტად ექიმი გაოგნდა. მან ყველაზე უკეთ უწყოდა, რომ აქ მედიცინა არაფერ შუაში იყო და რომ ეს ყოველივე მთლად ღვთის განგებულების გამოხატულება იყო. არანაკლებ გაოცებული ვუყურებდი მე ყველაფერ ამას. ნათელი იყო - ეს მორწმუნე და ღვთისმშობლის მსასოებელ დედას აჩუქა მეორედ შვილი უფალმა.“

 

იდუმალი პოლკოვნიკი

ომის მონაწილის ნაამბობი

იგი უფროსი ლეიტენანტი ყოფილა, ბატალიონის მეთაური. ერთ-ერთი ბრძოლის დროს გერმანიაში თავის ბატალიონით სპირტის ქარხანა დაუკავებია, რომელშიც სპირტით სავსე ცისტერნები მდგარა. ჯარისკაცებს მეტი რა უნდოდათ - ყველას გახარებია, კარგად მოვილხენთო.

უეცრად საიდანღაც პოლკოვნიკი გამოჩენილა და ბატალიონის უფროსისათვის უბრძანებია, ცისტერნები დაყოვნებლივ დაეცხრილათ.

უფროსი ლეიტენანტი, რასაკვირველია, პოლკოვნიკს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და მასაც ბრძანება შეუსრულებია. ჯარისკაცებს ავტომატებით დაუცხრილავთ ცისტერნები. მთელი სპირტი მიწაზე დაღვრილა.

ჯარისკაცები გაოგნებულები მდგარან, ვერ გაეგოთ, ვის რაში დასჭირდა ეს ყველაფერი. შემდეგ, ცოტა აზრზე რომ მოსულან, პოლკოვნიკის ძებნა დაუწყიათ, რათა გაეგოთ, თუ ვინ იყო ის და რატომ გასცა ასეთი უცნაური ბრძანება. პოლკოვნიკი კი თითქოს მიწამ ჩაყლაპა, გაქრა.

ბატალიონის უფროსს უფიქრია, რამე ხომ არ მომეჩვენაო და ჯარისკაცები გამოუკითხავს, ხომ ნამდვილად პოლკოვნიკი იყო და ბრძანებაც ხომ ნამდვილად გასცაო. ყველას ერთხმად დაუდასტურებია, რომ სწორედ ასე იყო.

როგორც შემდეგ გაირკვა, ცისტერნებში მეთილის სპირტი (ხის სპირტი) მდგარა. ასე რომ, ყველა მის დამლევს გარდაუვალი სიკვდილი ელოდა.

ფრონტიდან შინ დაბრუნებულ უფროს ლეიტენანტს დედის სამლოცველო კუთხეში ხატებთაბ ერთად ერთი ბერ-მონაზვნის სურათში ის პოლკოვნიკი ამოუცვნია, რომელმაც ცისტერნების დაცხრილვის ბრძანება გასცა. მას დედისათვის უკითხავს, თუ ვინ იყო ის.

- ეს ჩემი სულიერი მოძღვარი, მღვდელსქემმმონაზონი სერაფიმეა. იგი ჩემი თხოვნით შენთვის ლოცულობდა მთელი ომის განმავლობაში. - უპასუხია დედას.

 

„დაიკავე ზიუიდ-ვესტი!“

რამდენი რამ ხდება ქვეყნად ისეთი, ჩვეულებრივი ადამიანური გონებით რომ ვერ აიხსნება. - ამბობს ჩვენი მასპინძელი, გადამდგარი მეზღვაური. ის ძალიან საინტერესო ამბებს ყვებოდა ხოლმე, რომელთაგან ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა.

- ეს მართლაც საოცრება იყო. ცურვა ძნელი და საშიში აღმოჩნდა. შემოდგომა იდგა. ცა თავზე ტყვიის ქუდივით გვეხურა. ცივი ქარი უბერავდა. ჩვენ წყნარად მივცურავდით კურსით. პირქუში ოკეანე ხმაურობდა. იმ საღამოს რა დამავიწყებს! ახალგაზრდებმა ჩვენ-ჩვენი მოვალეობები შევასრულეთ და კაიუტაში შევედით. ვიგონებდით ჩვენს ახლობლებს და მეგობრებს, ხმელეთის ცხოვრებას.

უეცრად კარს იქიდან ჩვენი კაპიტნის სწრაფი ნაბიჯების ხმა მოგვესმა. მივხვდით, გაბრაზებული იყო. კაპიტანმა ჩვენი კაიუტის კარი შემოაღო და მრისხანედ იკითხა:

- ბატონებო, რომელმა გაბედეთ ჩემ კაიუტაში ამ დროს შემოსვლა?

ჩვენ გაოცებულები ვდუმდით; თან ერთმანეთს შევყუდებდით.

- ვინ, ვინ იყო იქ აი ახლა, ამ წუთებში? - მრისხანედ გაიმეორა მან. ჩვენს გაოცებულ სახეებს რომ შეხედა, გაბრუნდა და წავიდა. ცოტა ხანში თავისთან მიგვიხმო. ბოცმანებიც იქ იყვნენ. ჩაგვამწკრივეს და ისევ იგივე შეკითხვა გაგვიმეორეს:

- რომელი იყავით ჩემთან კაიუტაში? რომელმა მიეცით თავს ასეთი თავხედური ხუმრობის უფლება? - მრისხანედ გაჰყვიროდა კაპიტანი. პასუხად ისევ ჩვენი საერთო დუმილი და გაოცება მიიღო. მაშინ კაპიტანმა გვითხრა, დასასვენებლად რომ წამოწვა კაიუტაში, ძილ-ღვიძილში ვიღაცის ხმა გაიგონა: „აიღე ზიუიდ-ვესტი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. გემის სვლის სისწრაფე წამში მინიმუმი სამი მეტრი იყოს. იჩქარე, მანამ გვიან არ არის!“

კაპიტნის ნათქვამმა ყველა გაგვაოგნა. მიღებული ბრძანება გემის კურსის შეცვლას და სხვა მხარეს წასვლას ნიშნავდა.

გვიან ღამემდე არავის უძინია. ყველას აინტერესებდა, როგორ მოიქცეოდა კაპიტანი. მალე გავიგეთ, რომ კაპიტანმა უფროს ბოცმანთან, ძალიან გამოცდილ მეზღვაურთან მოთათბირების შემდეგ გადაწყვიტა, დაეჯერებინა იდუმალი ხმისთვის. მართალია, გადახრა ძალიან მნიშვნელოვანი არ იყო, დროც ბევრი არ დაგვეკარგებოდა.

- აიღეთ ზიუიდ-ვესტი და ანძასთან კარგი ყარაული დააყენეთ! - უბრძანა ბოცმანს კაპიტანმა. ჩვენ ყურებს არ ვუჯერებდით. ნუთუ ეს ხუმრობა იყო... არა, არ გავდა. დილით ადრე ჩვეულებისამებრ თავი გემბანზე მოვიყარეთ. მესაჭემ მდუმარედ ანიშნა კაპიტანს რაღაც შავ საგანზე, შორიდან რომ მოჩანდა.

ღრუბლიანი დილა იყო. ცუდი ხილვადობის გამო კაპიტანმა ჭოგრიტში ერთბაშად ვერ გაარჩია, რა იყო ის საგანი. შემდეგ იგი ბოცმანს მიუბრუნდა და რაღაცა უჩურჩულა. კაპიტანი ჩვენსკენ რომ შემობრუნდა, დავინახე, რომ სახე გაფითრებოდა.

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ყველამ შეუიარაღებელი თვალითაც დავინახეთ, რომ ეს შავი საგანი ტივს გავდა, რომელზედაც ორი მწოლარე ადამიანის სხეული მოჩანდა. ჩვენ ნავი ჩავუშვით. ბოცმანი თვითონ წავიდა ტივისკენ. ტალღები ნავს აქანავებდა. ცოტაც და... უკვე გვიანი იქნებოდა.

ტივზე მყოფნი ცოცხლები იყვნენ თუ არა, არ ვიცოდით. ქართან და ტალღებთან ნახევარი საათის ბრძოლის შემდეგ ბოცმანმა ისინი გემზე ამოიყვანა. ახალგაზრდა მეზღვაური და ბავში იყვნენ - ორივენი უგონო მდგომარეობაში და სიცივისაგან გათანგულები, თითქმის მკვდრები.

გემზე დიდი ალიაქოთი ატყდა. ყველანი, კაპიტნიდან მოყოლებული ბოლო მეზღვაურამდე, გულმოდგინედ ვცდილობდით განსაცდელში მყოფთათვის რამე გვეშველა. მათმა იდუმალმა გადარჩენამ ერთიანად გაგვაოცა; ყველა ვხედავდით, რომ უჩვეულო მოვლენასთან გვქონდა საქმე.

კაპიტანი მზრუნველი დედასავით ევლებოდა ბავშვს, გვერდიდან არ იშორებდა, თავს დასტრიალებდა.

მეზღვაური მხოლოდ ორი საათის შემდეგ მოვიდა გონს. ირგვლივ მიმოიხედა და სიხარულისაგან ბავშვივით ატირდა. დათბუნებულ ბავშვს კი თბილად ეძინა.

- უფალო, გმადლობ! - შესძახა მეზღვაურმა, მშვენიერმა, უბრალო სიმპათიურმა ახალგაზრდამ. - ეტყობა, დედის ლოცვამ ღმერთამდე მიაღწია!

ჩვენ გარს შემოვეხვიეთ მეზღვაურს. მან გემის საბედისწერო ამბავი გვიამბო, რომელიც უზარმაზარ რიფს წამოსდებოდა, დამსხვრეულა და ჩაძირულა. გემზე ხალხი ბევრი არ იყო, ზოგმა ნავებში გადასხდომა მოასწრო, დანარჩენები დაიღუპნენ. თავად რაღაც სასწაულმა გადაარჩინა - იგი გემის იმ პატარა ნაწილზე შერჩა, როემლიც არ ჩაიძირა. ბავშვი უცხო იყო, იგი მაგრად ჩაბღაუჭებია მეზღვაურს და ასე გადარჩა მასთან ერთად.

- ეტყობა, დედა ლოცულობს ჩემთვის! - ამბობდა მეზღვაური და მადლიერების გრძნობით პირჯვარს იწერდა. თან ზევით  იყურებოდა. ნამდვილად ვიცი მისმა, მისმა ლოცვამ გადამარჩინა! ძალიან შემეშინდა, თან ბავშვი ისეთი ძალით მებღაუჭებოდა. ხელს ხომ ვერ ვკრავდი გათოშილს, თან ტიროდა... სანამ გონებას დავკარგავდი ლოცვა დავიწყე... მერე, ბოლოს, რაც მახსოვს, ის იყო, რომ ხმამაღლა დავიყვირე: „დედა, საყვარელო, ილოცე ჩემთვის, ილოცე, მიშველე!“ ეს მაშინ, როცა უკვე ვიფიქრე, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. დედა ჩემთვის ყოველთვის ლოცულობდა, ვიცი.

მან ჯიბიდან დასველებული წერილი ამოიღო და ფრთხილად გაშალა. ეს იყო უწიგნური ქალის ხელით დაწერილი წერილი, რომელმაც იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, რომ თითოეულმა რამდენჯერმა გადავიკითხეთ ის. წერილის ბოლო სტრიქონები ახლაც მახსოვს: „გმადლობ, შვილიკო, რომ არ გავიწყდება მოხუცი დედა. შენ ჩემზე არ იდარდო, ღმერთი უყურადღებოდ არ დამტოვებს! მე დღედაღამ ვლოცულობ შენთვის, შვილო, იცოდე, დედის ლოცვა ღმერთამდე აღწევს. შენც ილოცე, შვილო, ჯანმრთელად იყავი და არ დაივიწყო შენზე დღედაღამ მლოცველი დედა. ჩემი გული სულ შენთან არის. შენს ყველა გასაჭირს გვრძნობ და ვლოცულობ, ღმერთმა დაგლოცოს და შენი თავი კარგად მიმყოფოს“.

მეზღვაურს, ეტყობა, ძალიან უყვარდა დედა და ხშირად ახსენებდა. სიკვდილს გადარჩენილი პატარა ბავშვი კი ჩვენს უშვილო კაპიტანს ძალიან მოეწონა და იშვილა ის.

საოცარია ადამიანთა ბედის გზები! - დაასრულა თავის მონაყოლი ჩვენმა მასპინძელმა. - კიდევ უფრო საოცარია დედის ლოცვის ძალა.

 

ყველაზე საიმედო დაცვა

არქიმანდრიტ კრონდიდის (ლუბიმოვი) ქადაგებიდან

„შემიწყალე მე, უფალო, ძეო ღვთისაო! რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს“ (მათ. 15, 22) - ასე ევედრებოდა ქანანელი დედაკაცი მაცხოვარს. ცუდ დღეში იყო ის. მის ქალიშვილს ეშმაკი მორეოდა. ასეთ დღეში მყოფი შვილის შემყურე დედა თვითონაც უაღრესად იტანჯებოდა. და მან გადაწყვიტა, ქრისტესთვის ეთხოვა შველა. დიდხანს ეძებდა ხელსაყრელ მომენტს, და აი, ასეთი დღეც დადგა. დედაკაცმა გაიგო, რომ იესო ქრისტე იმ ქალაქის საზღვართან იყო, რომლის მახლობლადაც ის ცხოვრობდა. დაუყოვნებლივ გაეშურა მასთან შესახვედრად. დაინახა თუ არა მაცხოვარი, მყის მისკენ გაეშურა. მირბოდა და გულიდან ამოსულ ლოცვას იმეორებდა: „შემიწყალე, უფალო, ძეო დავითისაო...“ ქრისტემ თითქოს ყური არ ათხოვა მის თხოვნას - მის რწმენას და მოთმინებას სცდიდა. დედაკაცი კი არ იშლიდა და ღაღადებდა: „უფალო, შემეწიე მე“.

„არ არის კარგი პურის აღება შვილებისაგან და ძაღლებისათვის დაგდება“. - უპასუხა იესომ მას.

- ჰო, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ჭამენ ნამცეცებს, რომლებიც ცვივა მათი ბატონების ტაბლიდან. - კვლავ შეჰღაღადა ქინაანელმა დედაკაცმა.

მაცხოვარი გააოცა წარმართი ქალის ასეთმა რწმენამ და განკურნა მისი ასული. გულმოწყალე უფალმა წარმართი დედის ვედრება ისმინა და მით უფრო შეეწევა ქრისტიან დედას. აი, როგორი საჭიროა ლოცვა შვილისათვის.

დედის ლოცვა შვილებს დედის მუცლიდანვე სჭირდებათ. ჩასახულ ნაყოფს დედა ღვთის ლოცვა-კურთხევას ჰფენს და დაბადებამდე აყვარებს ღმერთს. ძალიან კარგად იქცევიან ფეხმძიმე ქალები, როდესაც ხშირად ეზიარებიან. ეს შესანიშნავი საქმეა! მაგრამ ეს საკუთარი ჯანმრთელობის, ანდა სიკვდილის შიშის დასათრგუნად კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ - უმთავრესად საკუთარი შვილისთვის, რომელსაც მუცლით ატარებენ. ამგვარად მათი შვილები სულიწმიდით იკურთხებიან ისევე, როგორც აღივსნენ სულიწმიდის მადლით დედის წიაღშივე იოანე წინასწარმეტყველი, სამუელი და უფლის სხვა რჩეულები.

დედებო, ყოველთვის ილოცეთ თქვენი შილვებისათვის და თქვენი ლოცვა თქვენი და თქვენი შვილების მხსნელი იქნება.

ილოცეთ, დედებო, თქვენი შვილებისათვის, როგორც კი ჩაისახებიან, როცა ამ ქვეყანას მოევლინებიან, როდესაც წმინდა ნათლობით განათლდებიან, როცა იწყებენ სიარულს, ლაპარაკს, ილოცეთ ყოველთვის! მათ ეს ძალიან სჭირდებათ.

- ვინ იქნება ეს ყმაწვილი? - ასე კითხულობდნენ იოანე წინასწარმეტყველზე, როცა ის დაიბადა. ასე არ კითხულობენ განა ყველა ბავშვის შობისას? როგორი იქნება? როგორი გაიზრდება? შეძლებს ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებული საფრთხის მოგერიებას? გაუმკლავდება ცდუნებებს? შეასრულებს ნათლობისას დადებულ აღთქმებს? იქნება ნამდვილი ქრისტიანი ცხოვრებით თუ მარტო სახელით? ნუთუ დედამ ცხრა თვე გულის ქვეშ მარტო იმიტომ ატარა, რომ მერე მან თავისი ცხოვრებით ღმერთის სახელი შეურაცხყოს, ან იცხოვროს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვასაც ავნოს და თავის დაიღუპოს? თქვენ, დედებო, ხომ გეშინიათ ასეთი რამის წარმოდგენისაც კი! მაშ, ილოცეთ თქვენი შვილებისათვის; განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ცხოვრების მორევში შესვლას დააპირებენ.

თქვებ ბევრი მიზეზი გაქვთ სალოცავად. აი, შვილი ხელში გიჭირავთ და მკერდზე მიგიხუტებიათ. აი, ის ძუძუს ეწაფება ხარბად, ხან მხიარულად გამოიყურება, ხან მოიღუშება, თითქოს კიდევ რაღაცას მოელის თქვენგან... აი, ამ დროს ღრმად ამოისუნთქავთ, მთელი ყურადღება ღვთისკენ მიმართეთ და გულით წარმოთქვით, თუნდაც ძალიან მოკლე, მაგრამ მხურვალე ლოცვა; და ეს იქნება თქვენგან ყველაზე ძვირფასი საჩუქარი შვილისათვის. აი, შვილის საწოლთან ზიხართ, „იავნანას“ უმღერით. ირგვლივ სიჩუმეა. აზრები გეფანტებათ, მაგრამ უფრო მეტად იხრებით საყვარელი არსებისაკენ - თქვენი შვილისაკენ. ამ დროსაც შესთხოვეთ უდალს მისი ბედნიერება, მისი სულის გადარჩენა, რაც ყველაზე მეტად საჭიროა მისთვის. ცრემლით შესთხოვეთ ეს ზეციურ მამას და დაიჯერეთ, არცერთი ამოოხვრა, არცერთი ცრემლი შეუმჩნეველი არ დარჩება. თქვენს შვილს უფლის წყალობა მოეწევა.

აი, თქვენი შვილი სკოლაში წავიდა. არც იქ დატოვოთ ლოცვის გარეშე - ილოცეთ, რომ კარგად განვითარდეს გონებრივად, სწავლდა შეიყვაროს, პირველ რიგში კი ღმერთი შეიცნოს უკეთ. ილოცეთ, რომ მისი გული აივსოს ღვთის შიშით და სიყვარულით.

ილოცეთ, დედებო, შვილებისათვის, როდესაც ისინი მოწიფულ ასაკს მიაღწევენ, განათლებული, უზრუნველყოფილი ადამიანები გახდებიან, ილოცეთ, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლონი იყვნენ. აუცილებლად აღუვლინეთ ღმერთს მალოდბის ლოცვა. აი, ლოცულობთ თქვენი შვილებისათვის პატარაობიდანვე და უფალმა ისმინს თქვენი ლოცვა... როგორ არ უნდა გადაუხადოთ მას მადლობა? არ შეწყვიტოთ არც თხოვნის ლოცვა, რომ დალხენილმა ცხოვრებამ მის სულს ზიანი არ მიაყენოს, რომ რწმენა და ღვთისმოსაობა შეინარჩუნონ ბოლომდე. ყველაზე წყნარ ზღვაზეც კი იცის ქარიშხალი. ყოველი ადამიანის ცხოვრებაში არის დაცემა, ცდუნება, უბედურება. აი, ამ დროს უზარმაზარი საშუალებაა დედის ლოცვა, ეს არაჩვეულებრივი საიმედო დაცვა.

 

ჩვენ ყველას ჩვენი ნაინის ჭიშკარი გვაქვს!

არქიმანდრიტ კრონდიდის (ლუბიმოვი) ქადაგებიდან

პალესტინის მშვენიერი ბუნების წიაღში განფენილია ქალაქი ნაინი. ირგვლივ თითქოს სიმშვიდეა, მაგრამ რა არის ეს? რა არღვევს ბუნების იდილიას? ვიღაც უნუგეშოდ მოთქვამს, გულამოსკვნილი ტირის.

ქალაქის კარიბჭესთან სამგლოვიარო პრცესია მოდის - გარდაცვლილ ჭაბუკს მოასვენებენ. საცოდავი დედა, ქვრივი ქალი, ერთადერთი ნუგეშის დაკარგვის გამო მწარედ ტირის.

ამ დროს ქალაქს ადამიანთა ჯგუფი მიუახლოვდა. ეს უფალი იესო ქრისტე მობრძანდება, ჩვეულებისამებრ ხალხით გარშემორტყმული.

რა იცოდა საცოდვმა დედამ, თუ ვინ უახლოვდებოდა!

„ნუ სტირი!“ - მოესმა მშვიდი ხმა ცოტა მბრძანებლური ტონით.

ქალის უკიდურესად დამწუხრებულ გულში გაუცნობიერებელმა ნუგეშმა გაიელვა. „შეეწყალა იგი“ სამყაროს მპყრობელს. მაცხოვარმა პროცესია შეაჩერა. იგი კუბოს მიუახლოვდა და ბრძანა: „ჭაბუკო! შენ გეტყვი, აღსდეგ“ (ლკ. 7, 14). ისევ ის საოცარი ხმა და ინტონაცა... და... სიკვდილი წინააღმდეგობას ვერ უწევს მაცხოვარს. გარდაცვლილი „ზე-წამოჯდა“ და ლაპარაკი დაიწყო... გაცოცხლებულმა მკვადრმა სიხარულის სიტყვები თქვა თუ გაოცებისა არ ვიცით, მაგრამ მისმა მოძრაობამ, მეტყველებამ ყველა დაარწმუნა, რომ მიცვალებული ნაზარეველი მასწავლებლის ერთ სიტყვაზე გაცოცხლდა. იესომ „იგი მისცა დედასა თვისსა“. უსაზღვრო იყო დედის სიხარული და მადლიერება.

ასე შეხვდა ადამიანის სულში ღმერთის გულმოწყალება მწუხარებას. ახლა ასე ვთქვათ: ქრისტიანთაგან ვის არა აქვს ნაინის ჭიშკარი, სადაც ასევე ვტირით, როგორც ის საცოდავი ქვრივი? ვის არა აქვს სატირალი და ვის არ სჭირდება ისეთივე ნუგეში, როგორც იმ საწყალ ქვრივს? დღეს ახლობლებს ვკარგავთ, ხვალ სხვა უბედურება დაგვატყდება და თავს ისევე მიუსაფრად და უნუგეშოდ ვგრძნობთ, როგორც ნაინელი ქვრივი.

იქ, იმ დროს ისე ბედნიერ პალესტინაში ქრისტე ხალხში დადიოდა, ავადმყოფებს კურნავდა, მკვდრებს აღადგენდა, დამწუხრებულთ ანუგეშებდა და ყოველივე ამას ადამიანი ხორციელი თვალით ხედავდა. აქ კი, ჩვენს შორის, იგი უხილავად დადის და ისევე არიგებს მადლს, როგორც მაშინ. ოღონდ ამის დანახვას სულიერი თვალი და ცოტა მეტი გულისხმისყოფა სჭირდება, ვიდრე ჩვენ გვაქვს. გავიხსენოთ, რას დაპირდა ამაღლების წინ მაცხოვარი თავის მოწაფეებს და მთელს კაცობრიობას მათთან ერთად: „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ (მათ. 28, 20).

ის ახლაც ხედავს ყველა ჩვენს უბედურებას და სადარდელს, ესმის ჩვენი ყველა ამოსუნთქვა, თვლის ჩვენს ყველა ცრემლს; განსაკუთრებით ახლოა გაჭირვებულთან; ღრმა მწუხარებისას მხურვალე ლოცვის შედეგად ვის არ უგრძვნია შვება და სულიერი სიმშვიდე?

ვინც თავის ცხოვრებას ყურადღებით უკვირდება, ხშირად უგრძვნია იდუმალი ძალის უცილობელი არსებობა, რომელიც ხან ისე მოულოდნელად დაგეხმარება და გამოვყავართ მძიმე მდგომარეობიდან, რომ გაოცებული ვრჩებით. სახარებისეული ნაინის ეპიზოდი გვეუბნება, როგორ შეხვდა ღმერთის გულმოწყალება ადამიანის მწუხარებას. ეს შეხვედრები მეორდება ყველგან და ყოველთვის. მწუხარებები უცილობელია ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში, ღმერთის სიყვარული კი მარადიული მზესავით გვინათებს; და მომეტებულადაც კი ანათებს იქ, სადაც სიბნელე, მწუხარება და ნაღველია. ეს სინათლე ჩვენს გულებში შემოდის. სიყვარულით და რწმენით უნდა ვუყუროთ ამ სინათლის წყაროს - მეუფე იესო ქრისტეს და სულში მუდამ ვატაროთ მისი სიტყვები: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქვენ“ (მათ. 11, 28).

„დედის ცრემლები“, თბილისი, 2004 წ.