ქრისტიანული ქორწინება

განმარტებანი წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებისა

ვიდრე იოანე ოქროპირის სწავლებას დაწვრილებით გავეცნობოდეთ, უწინარეს ყოვლისა წმინდა წერილიდან ის ადგილები დავიმოწმოთ, რომელიც ზოგადად ეხება ქრიატიანულ ქორწინებასა და ცოლ-ქმრის ურთიერთდამოკიდებულებას.

ქორწინება

ა) ღვთისაგან არის დადგენილი. „თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამიანის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისაგან არის გამოღებული. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ (დაბად. 2,18,22-24). იესომ კი აი რა უთხრა ფარისეველთ: „არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი? და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც“ (მათ. 19,4,5).

ბ) დაკანონებულია ყველა ქრისტიანისათვის. „სიძვის თავიდან ასაცილებლად ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი. ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს და ასევე, ცოლი ქმარს. თუ იქორწინებ არა სცოდავ და თუ ქალწული იქორწინებს არ სცოდავს“ (1 კორ. 13,4).

გ) ღირსეული უნდა იყოს ქრისტიანისათვის. „ქორწინება ღირსეული და სარეცელი უმწიკვლო იყოს ყველასი, ხოლო მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განსჯის“ (ებრ. 13,4).

დ) ზოგჯერ გარდაუვალია. „უქორწინებელთა და ქვრივთა მიმართ კი ვიტყვი: თუ თავს ვერ შეიკავებენ, დე, იქორწინონ, ვინაიდან ქორწინება სჯობს გახელებას“ (1 კორ. 7,9). „ამიტომ მინდა, რომ ახალგაზრდა ქვრივები დათხოვდნენ, შვილები გააჩინონ, დიასახლისები გახდნენ და ლანძღვა-გინების საბაბი არ მისცენ მტერს“ (1 ტიმ. 5,4).

ე) ყველას როდი ძალუძს ქორწინება. „უფალმა მოწაფეებს უთხრა: არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ, არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისათვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს“ (მათ. 19,12).

ვ) დაქორწინებულთა მოვალეობაა. „თვითეულ თქვეგანს უყვარდეს ცოლი თვისი, როგორც თავისი თავი, ხოლო ცოლს ეშინოდეს თავისი ქმრისა“ (ეფეს. 5,33).

ზ) ქორწინება ურყევია მეუღლეთაგან რომელიმეს გარდაცვალებამდე. „ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი“ (მათ. 19,6).

„გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში შეკრულია რჯულით, ხოლო თუ ქმარი მოკვდა, განთავისუფლებულია ცოლქმრობის რჯულისაგან. ამიტომაც თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვება, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ და სხვას რომ გაჰყვეს აღარ იწოდება მეძავად“ (რომ. 7,2-3). „დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს, მაგრამ, თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ანდა შეურიგდეს ქმარს და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს“ (1 კორ. 7,10-11).

თ) განქორწინება მოსეს სჯულით არის დაშვებული: „თუ კაცი ცოლს მოიყვანს და მისი ქმარი გახდება, მერე აითვალწუნებს, რადგან რაღაც სასირცხოს აღმოაჩენს მასში, უნდა დაუწეროს გაყრის წერილი, მისცეს ხელში და გაუშვას თავისი სახლიდან. ქალი წავა მისი სახლიდან და გაჰყვება სხვა ქმარს. თუ მეორე ქმარი მოიძულებს მას და დაუწერს გაყრის წერილს, მისცემს ხელში და გაუშვებს თავისი სახლიდან ან მოკვდება მეორე ქმარი, რომელმაც ცოლად მოიყვანა იგი, პირველ ქმარს, რომელმაც გაუშვა იგი, ნება არა აქვს ისევ მოიყვანოს ცოლად მას შემდეგ, რაც ქალი გაუწმინდურდება, რადგან ეს სისაძაგლეა უფლის წინაშე“ (მეორე რჯული 24,1)

ი) რჯული კრძალავს განქორწინებას: „უფალი არ შეიწირავს თქვენს შესაწირავს“. „თქვენ ამბობთ რისთვისო? იმისთვის, რომ მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო (მალაქ. 2,13-14). „ასევე თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი, ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას და ვინც გაშვეულს შეირთავს, მრუშობს“ (მათ. 5,31-32 ან მათ. 19,9). „თუ ცოლი ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვება, მეძავად იწოდება“ (რომ. 7,3).

ქორწინება

ა) დაუშვებელია მორწმუნესი ურწმუნოსთან. „არ დაუმოყვრდე წარმართს: არ გაათხოვო შენი ქალიშვილი მის ვაჟზე და არ მოუყვანო შენს ვაჟს მისი ქალიშვილი ცოლად, რადგან ჩემი გზიდან ააცდენ შენს ვაჟს, დაიწყებენ უცხო ღმერთების თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ განადგურდებით“ (მეორე რჯული 7,3-4). „ეცადეთ, კვლავ თქვენივე სიცოცხლისათვის, რომ გიყვარდეთ უფალი ღმერთი. თუ განდგებით და მიეწებებით ამ დანარჩენ ხალხს, იცოდეთ, აღარ აჰყრის უფალი თქვენგან ამ ხალხებს, არამედ მახედ და ხაფანგად, შოლტად ექცევიან თქვენს ფერდებს, ეკლად ჩაგესობიან თვალში, ვიდრე არ გადაშენდებით ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ“ (ისე ნავინი 23, 12-13). „ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ: დანაშაული გაქვთ ჩადენილი: უცხო ქალები გყავთ ცოლებად, რომ ისრაელის ცოდვა გაამრავლოთ. ახლა აღიარეთ შეცოდება უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთის წინაშე და აღასრულეთ მისი ნება: განუდექით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს“ (ეზრა 10,10-11).

ბ) წარმოადგენს ქრისტესა და მის ეკლესიას შორის დამოკიდებულების მსგავსს: „მოიქეცით, გაქცეულო შვილებო, ამბობს უფალი, რადგან მე ვარ თქვენი პატრონი. სათითაოდ გამოგიყვანთ ქალაქიდან, ორ-ორს - საგვარეულოდან და მიგიყვანთ სიონში“ (იერ. 3,14). „ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა, და თვითვეა სხეულის მხსნელი. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს ყველაფერში. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და მისცა თავისი თავი მისთვის“ (ეფეს. 5,23-25).

გ) არ იპოვება სასუფეველში. „აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში“ (მათ. 22,30). „საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან და აღარც სიკვდილი ხელეწიფებათ, ვინაიდან ანგელოზთა სწორნი და ღმერთის ძენი, აღდგომილნი ძენი არიან (ლუკ. 20,35-36).

დ) ქორწინების აკრძალვა ერთ-ერთი ნიშანია ურწმუნოებისა. „სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას. ცრუმეტყველთა თვალთმაქცობისამებრ, რომელთაც დაფერფლეს თავიანთი სინდისი და რომელნიც კრძალავენ ქორწინებას“ (1 ტიმ. 4,1-3).

წმინდა წერილიდან დამოწმებული ეს ადგილები ცხადად მიუთითებენ, რომ არცერთი ადამიანური ურთიერთობა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ქორწინება, ცოლ-ქმრული კავშირი. ეს კავშირი უძველესია, დასაბამი ადამიანთა მოდგმის შექმნისთანავე აქვს და დაფუძნებულია სჯულზე, რომელიც ღმერთმა დაადგინა და დაუწესა ადამაინურ ბუნებას. ცალ-ცალკე ქალი და კაცი არ არიან ისინი, რაც უნდა იყვნენ თავიანთი არსის თანახმად და მხოლოდ მაშინ იწყებენ სისხლსავსე ცხოვრებას, როდესაც ქორწინებით ერთხორც და ერთსულ იქმნებიან. ოდეს მეუღლეობრივი ცხოვრების არსი ჩადო ღმერთმა ქალისა და მამაკაცის შექმნაში, უფალმა განაბრწყინვა მათი ურთიერთობა ღვთაებრივი მადლცხებულებით. „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი“ (დაბად. 1,27). ესე იგი ქორწინების შემდგომ მათ მისცა განსაკუთრებული ძალა, წყალობა მოვალეობის აღსასრულებლად დაფუძნებული ბუნებრივ კანონზომიერებებზე, თავად უფლისაგან დაშვებული და დაკანონებული, გაბრწყინებული უფლის კურთხევით.

საქორწინო კავშირი უბრალო კავშირი როდია ქალსა და მამაკაცს შორის ვნებათაღელვის დასაცხრომად, არამედ ორი არსების ერთ განუყოფელ არსებად გადაქცევაა - ურღვევი კავშირია მთელი სიცოცხლის მანძილზე. ცოლ-ქმრობა ღვთით დადგენილი, ნაკურთხი და დამტკიცებული საიდუმლო ადამიანური ყოფის საფუძველთა-საფუძველია, სიმშვიდეა, ბედნიერებაა დედამიწაზე და ხშირად სამუდამო სასუფეველიც ცათა შინა. იგი იმდენად წმინდათაწმინდა ქმედებაა, რომ მღვდლის მიერ აღსრულებული ჯვრისწერის დროს სიძე-პატარძალზე სულიწმინდის მადლი გადმოდის, აბრწყინებს მათ ცოლ-ქმრულ კავშირს, აძლევს ძალებს, რათა ერთსულ და ერთხორც აღასრულონ ქრისტეს მცნებანი, კანონიერად შვან და აღზარდონ შვილები.

ქრისტიან მეუღლეთა მოვალეობები, წმინდა წერილში დამოწმებული, რასაკვირველია, ცნობილი უნდა იყოს ყოველი ქრისტიანისათვის, თუმცაღა ის ყოველ დროში და ხალხში ოდითგანვე იყო დადგენილი. მისი ზედმიწევნით ცოდნა და გამოყენება საჭიროებისამებრ თითოეული ადამიანის კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული და ამაში დიდი დახმარება ხალხს მოძღვარმა უნდა გაუწიოს.

ამ მხრივ ძალზე საყურადღებოა იოანე ოქროპირის მითითებანი. იგი ღრმად ჩასწვდა ადამიანის გულს, ქრისტიან მეუღლეთა ურთიერთობებში არსებული ხარვეზების მითითებით როდი დაკმაყოფილდა, არამედ მათი ცხოვრების ქვეცნობიერი, სულის სიღრმეში დაფარული შრეებიც შეისწავლა და გამოაზეურა. მართალია, თოთხმეტი საუკუნე გვაშორებს წმ. იოანე ოქროპირისაგან, მაგრამ თუ თანამედროვე საზოგადოების ყოფა-ცხოვრებას გადავავლებთ თავს, არ იქნება ძნელი შესამჩნევი, რომ ამჟამადაც, როგორც იოანე ოქროპირის დროს, ადამიანები ხშირად არაწმინდა მოსაზრებებით ქორწინდებიან და ვნებათაღელვის მარწუხებში მოქცეულნი ბღალავენ ქორწინების სიწმინდეს, ანდა არ იცავენ იმ წესებს, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. ამის გამო ისინი გასაჭირში ვარდებიან. ვინც პატივს სცემს ქორწინებას, ცოლ-ქმრულ მოვალეობებსაც კეთილსინდისიერად აღასრულებს.

ქორწინების მნიშვნელობაზე მსჯელობისას წმ. იოანე ოქროპირი მიიჩნევს, როგორც ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებას, ღვთით დადგენილ კანონს და ვრცლად ჩერდება ეკლესიის როლზე. იგი იმოწმებს წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებს ქორწინების შესახებ: „საიდუმლო ესე დიდ არს: ხოლო მე გეტყვით ქრისტესა და ეკლესიისათვის“ (ეფეს. 5,32) და ასე განმარტავს: ბუნებრივი მიდრეკილება ქორწინებისადმი, როგორც კანონისადმი, თავად ღვთის მიერ არის დაკანონებული და ამიტომ ქორწინებისას ხდება არა მარტო ხორციელი შეერთება, არამედ მოციქულისავე სიტყვიტ, იგი სახელდებულია, ვითარცა ქრისტეს და ეკლესიის საიდუმლო კავშირი. „საიდუმლოი ესე დიდ არს“ - მითხარი რატომ არის ეს საიდუმლო დიდი? იმიტომ, რომ ქალწული, რომელიც სულ სახლში ზის და არასოდეს უნახავს საქმრო, პირველი დღიდანვე ეჩვევა და უყვარდება. ასევე ქმარსაც, რომელსაც აქამდე არ უნახავს და არც დალაპარაკებია თავის საცოლეს, ის ურჩევნია ყველას - მეგობრებს, ნათესავებსა და თვით მშობლებსაც კი. ხოლო მშობლები სიძეს, კაცს, რომელიც ადრე თვალითაც არ უნახავთ, აბარებენ თავიანთ ქალიშვილს და მდიდარ მზითევსაც, თანაც ამას სიხარულით სჩადიან და არც დაზარალებულად გრძნობენ თავს. საყვარელი ქალიშვილი და მასთან ერთად დიდი სიმდიდრე სახლიდან მიდის, ისინი კი, არც დრტვინავენ, არც იტანჯებიან, პირიქით, ბედის მადლობელნი არიან. წმ. პავლე მოციქულიც გვიჩვენებს ყოველივე ამას. ანუ თუ როგორ ტოვებს ორივე თავ-თავის მშობლებს და ერთმანეთს ეწებება. ეს ახალი კავშირი ძველ ჩვევაზე უფრო მყარია და რომ კაცმა კი არა, თვით ღმერთმა ჩავგიდო ასეთი სიყვარული და ისე განაგო, რომ ამას სიხარულით იქმან მშობლებიცა და შვილებიც. ამიტომაც ამბობს: „საიდუმლო ესე დიდ არს“.

ქრისტიანთა ქორწინება თავისი ჭეშმარიტი არსით წარმოადგენს ცოლისა და ქმრის არა მარტო გარეგნულ შეეთებას, არამედ მათი სულების შინაგან განმთლიანებას, ურთიერთ შეწევნასა და სრულყოფეილებისაკენ ლტოლვას. ამიტომ ოჯახები, ქორწინებით განმტკიცებულნი და ღმრთივკურთხეულნი, ჯანსაღი საზოგადოებრივი ორგანიზმის შექმნის საწინდარია. „ისმინეთ ყოველთა, ქმრებო, აღზარდეთ ცოლები“ - ამბობს წმ. იოანე ოქროპირი და იხსენებს აბრაამისა და სარრას წმინდა ცხოვრებას. დაე, ცოლისათვის ქმარი ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი იყოს, ქმრისათვის კი ცოლი - უსაყვარლესი. ცოლი ყოველთვის ქმრის თანამზრახველი და თანამეინახე უნდა იყოს. ამაზეა დამყარებული მთელი კაცობრიობის კეთილდღეობა. შეხედე! სამყარო შედგება ქალაებისაგან, ქალაქი ოჯახებისაგან, ოჯახი ცოლისა და ქმრისგან. როდესაც ოჯახებში აყალ-მაყალია, ქალაქები ინგრევიან და მთელ მსოფლიოს მოიცავს შფოთი და განხეთქილება“. ასე რომ ქორწინება ოჯახებისა და საზოგადოებისათვის წყაროა როგორც დიდი უბედურებისა, ასევე დიდი ბედნიერებისა. ამიტომ ამბობდა წმ. პავლე მოციქული: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენ ქმრებს, როგორც უფალს“ (ეფეს. 5,22). რატომ? იმიტომ რომ, როდესაც ისინი მორჩილებენ ურთიერთს, მაშინ სწორად ზრდიან შვილებს, კეთილგანწყობა სუფევს მეზობლებს, მეგობრებსა და ნაცნობებს შორის. თუკი ერთმანეთს ეკამათებიან, საწინააღმდეგო აზრი აქვთ, არეულობა და ჩხუბია ოჯახში.

წმ. იოანე ოქროპირის დროს და დღესაც ხშირად აუფასურებენ ქორწინების მნიშვნელობას, რადგან არასწორად ესმით ქრისტიანული ქორწინების როლი და დანიშნულება, ცოლ-ქმრული უღლის ტარების სიტკბო. წმ. იოანე ოქროპირის თანამედროვენი, ერეტიკოსები, მარკიანე და მანიქეა უარყოფდნენ ქორწინებას, რადგან მიაჩნდათ, რომ იგი არ იყო ღვთისაგან დაკანონებული, არამედ იყო ბოროტი სულების საიდუმლოება და ამიტომ მარადიული სიქალწულის შენარჩუნებას ქადაგებდნენ. დღესაც არსებობენ ცრუმასწავლებელნი, რომელნიც ეკლესიით დაწესებულ ჯვრისწერას უარყოფენ და ცოდვად მიიჩნევენ.

მათ შესახებ წმ. იოანე ოქროპირი საუბრობს თავის ქადაგებაში „სიქალწულის შესახებ“. იგი ასაბუთებს, რომ სიქალწულე არ შეიძლება იყოს უმწიკვლო იქ, სადაც ქორწინება იკრძალება, რადგან არც ქალწულობის შენარჩუნება და არც ქორწინება არ არის დამოკიდებული ადამიანის თავისუფალ ნებაზე. ქორწინების აკრძალვა არაქრისტიანულია და სატანის ხელი ურევია, რომელიც სულიერი უმანკოების დაუძინებელი მტერია. ქალწულ ერეტიკოსებს წმ. იოანე ოქროპირი ეკითხება: ვის შეგადაროთ? იუდეველებს? - მაგრამ ისინი ხომ ქორწილს სცნობენ? თქვენა არ გსურთ იესო ქრისტეს უსმინოთ, რომელიც წმინდა მოციქულ პავლეს პირით ამბობს: „ქორწინება ღირსეული და სარეცელი უმწიკვლო“ (ებრ. 13,4). „მათთვის - ამბობს იოანე ოქროპირი - ასეთ ქალწულებზე განმზადებულია ბორკილები, ცრემლები, მარადიული გეჰენია, იმის გამო, რომ აირჩიეს სიქალწულე, რათა დაეკანონებინათ ღვთის საწინააღმდეგო ქმედება. ერეტიკოსთა განზრახვა ღვთის ნებას ეწინააღმდეგება და შეურაცხყობს უფლის უსაზღვრო კაცთმოყვარებას. ხოლო ის, რომ ერეტიკოსთა სიქალწულე მათი ბოროტი გონების მონაჩმახია, ამას ვამბობ არა მედ, არამედ ის, ვისთვისაც მათი აზრი დაფარული არ არის. რას ამბობს უზენაესი? იგი ამბობს, რომ უკანასკნელ ჟამს ხალხები რწმენას განუდგებიან, სული მაცდური დაიმონებს მათ, ეშმაკეულ სწავლებას მიჰყოფენ ხელს, ოჯახები დაინგრევიან“.

ქორწინების უარყოფის არასწორი გაგება მიზეზი გახდა სულის ცხონების არასწორი გაგების, თითქოს ქორწინების შემთხვევაში სული აღარ არის უმწიკვლო და ასეთი შებღალული სული არ ცხონდება. წმ. იოანე ოქროპირი სასტიკად ილაშქრებს ამგვარი მოსაზრების წინააღმდეგ. მაგალითად იშველიებს კეთილმორწმუნე პრისკილასა და აკილას ცხოვრებას და ამბობს: „რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან? ის რომ არ უნდა უარვყოთ ქორწინება და ცოლთან შეუღლება. შვილების აღზრდა, ოჯახის მოვლა-პატრონობა არ უნდა დავაყენოთ არც ერთ სათნოებაზე დაბლა. პრისკილა და აკილა ცოლ-ქმარნი იყვნენ, სახელოსნოში მუშაობდნენ, ხატავდნენ, მაგრამ გაცილებით უფრო უმწიკვლოდ ცხოვრობდნენ, ვიდრე მონასტერში მყოფნი.

სხვაგან იგი წმინდა ესაია წინასწარმეტყველის ცხოვრებას იხსენებს, რომელსაც ჰყავდა ცოლი და მიუხედავად ამისა, ჭვრეტდა უფლის დაუსაბამო ნათელს. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: ცოლ-ქმრობა ჩვენთვის არ არის დამაბრკოლებელი ზეციური სასუფევლისაკენ, რადგან დაბრკოლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუკი ცოლი დაგვჯაბნიდა. ღმერთმა იგი შექმნა კაცთა მოდგმის დამხმარედ. განა წმინდა წინასწარმეტყველს არ ჰყავდა ცოლი? ქორწინებას მისთვის ბოძებული ღვთაებრივი მადლისათვის არაფერი დაუკლია. ცოლთან ცხოვრობდა და წინასწარმეტყველიც იყო. მოსეც ცოლიანი იყო, მაგრამ უფალს ესაუბრებოდა. აბრაამიც, ხალხისა და ეკლესიის მამად სახელდებული განა დააბროლა ცოლმა რამეში? მაკაბელთა მშობელი იყო მისი ცოლი, შვიდი წმინდა გვირგვინოსანი მოწამის დედა. მოთმინებით და უდრეკად უმზერდა შვიდგზის შვიდი ვაჟიშვილის წამებას და განა თავადაც შვიდგზის არ ეწამა? იგი იყო დედა და ბუნებამ გამოაწრთო. ანდა წმინდა პეტრე მოციქული გავიხსენოთ, ეკლესიის დამფუძნებელი, იესო ქრისტეს მგზნებარედ შემყვარებელი, ბრძენთა სიტყვების სულელად გამომაჩინებელი, მეცნიერებაში განსწავლული, მჭევრმეტყველტა შორის წარმატებული, ელინთა სიბრძნის დამარღვეველი, რომელმაც ვითარცა ბადემ ისე შეჰკრიბა ზღვა და ხმელი, ცოლი ხომ ჰყავდა? ისმინე მარკოზ მახარებლის სიტყვები: „სიმონის სიდედრი ცხელებით შეპყრობილი იწვა“ (მარკ. 1,30). სადაც სიდედრია, იქ არის ცოლი, სადაც ცოლია, იქ - ქორწინება. იესო ქრისტეზე რაღა ითქმის? ქალწულისაგან იშვა, კანას გალილეაში ქორწილზე მოსულმა როდესაც დაინახა, რომ ღვინო შემოაკლდათ, წყალი ღვინოდ აქცია.

ქორწინების უარმყოფელნი მიუთითებენ ცოლების არაკეთილისმყოფელ გავლენაზე. ისინი ქალის ღირსებას ხელყოფენ და ქალს ყოველგვარი ბოროტებისა და სისაძაგლის სათავედ სახავენ. იოანე ოქროპირს არ შეეძლო არ გაებათილებინა ერეტიკოსთა ასეთი მოსაზრებანი და მოჰყავს კეთილი და სათნო ცოლების არაერთი მაგალითი. იგი ქმრის სისუსტეს მიაწერს იმას, რამაც ცოლს სივერაგისაეკნ შეიძლება უბიძგოს. „თუკი შენი ცოლი კეთილია - ამბობს იგი - შეგეწევა. როგორ მოვიქცეთ, თუკი კეთილი არ არის? ეცადე გააკეთილშობილო! იობს უშნო და უღირსი ცოლი ჰყავდა, ურჩევდა ემრუშა, მერე რა? ვერ აცთუნა. დამერწმუნეთ, ცოლის უღირსი საქციელი სადარდებელი არ არის. ცუდია? გამოასწორე. შენ კი მეუბნები: ცოლმა გამომაძევა სამოთხიდან, მაგრამ ცოლმა არ აგტყორცნა ზეცად? თუ იობის ცოლი ბოორტია, სუსანა ხომ კეთილია? სარრა - გონიერი“.

წმ. იოანე ოქროპირი ქორწინების მიზანს იკვლევს და ორ ძირითად პირობას ასახელებს, რის გამოც ქორწინება შედგება: ესაა ღვთითდადგენილი კანონი ადამიანთა მოდგმის გასაგრძელებლად და განხურვების თავიდან ასაცილაბლად. იგი განსაკუთრებით ამ უკანასკნელზე ამახვილებს ყურადღებას, და ამბობს: ვქორწინდებით ბავშვების გასაჩენად და უფრო მეტად ვნებათაღელვის დასაცხრობად და განხურვების თავიდან ასაცილებლად“. ამას ადასტურებს წმ. პავლე მოციქულიც, როდესაც ამბობს: „სიძვის თავიდან ასაცილებლად ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი (1 კორ. 7,2). დავუკვირდეთ: ამბობს სიძვის თავიდან ასაცილებლად და არ ამბობს ბავშვების გაჩენისთვისო. გვირჩევს შეუღლებას არა იმიტომ, რომ მშობლები გავხდეთ, არამედ „რაღა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო“ (1 კორ. 7,5).

წმ. იოანე ოქროპირი წმ. პავლე მოციქულის სიტყვებს: სიძვის თავიდან ასაცილებლად ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს“ (1 კორ. 7,2) სხვაგანაც განმარტავს: „ქორწინება იმისთვის როდია დაწესებული, რომ სიღარიბეს გავექცეთ და სიმდიდრე მოვიხვეჭოთ, არამედ სიძვას განვერიდოთ, მოვაკვდინოთ ვნებანი, თავშეკავებულად ვიცხოვროთ, ღმერთს ვესავდეთ და გვიყვარდეს ცოლი. ეს კი ქორწინებას მოაქვს, მისი ნაყოფია. იმისათვის უნდა დავოჯახდეთ, რომ კეთილგონივრულად წარვმართოთ ცხოვრება“. ქორწინების ყველა სიკეთით რომ ვისარგებლოთ, მოვიპოვოთ სულიერი სიმშვიდე და მეუღლეობრივი ერთსულოვნებით ღირსეული ოჯახი შევქმნათ, უნდა ვიქორწინოთ. არ არის საჭირო განსაკუთრებული დაკვირვებულობის და შორსმჭვრეტელობის გამოჩენა. ქორწინების მსურველთ წმ. იოანე ოქროპირი გვირჩევს ქრისტეს ეკლესიის ამ ორ კანონს გავეცნოთ, რათა მათი გათვალისწინებით და გაცნობიერებით ოჯახური ბედნიერებისაკენ გავიკვლიოთ გზა.

მეუღლეობრივი ბედნიერება, უწინარეს ყოვლისა, დამოკიდებულია შეუღლებულ პირთა ხასიათზე. სასიძოსა და საპატარძლოს არჩევანში თავიდანვე ჩადებულია ოჯახური ბედნიერების ან უბედურების მარცვალი. ამიტომ წმ. იოანე ოქროპირი არანაკლებ ყურადღებით ეკიდება ამ საკითხს. უმთავრესი, რაც საცოლეში უნდა ეძებო, ესაა სიკეთე სულისა და კდემამოსილება. იგი ამბობს: „რადგნაც ბევრნი ისე არ ექცევიან თავიანთ ცოლებს, როგორც გონება უჭრით, ამიტომ ვურჩევთ ქმრებს ყოველნაირი ღონე იხმარონ, რათა თავიდანვე კეთილგონიერი და სათნო ქალი ითხოვონ“.

წმ. იოანე ოქროპირი ქორწინებას მიიჩნევს როგორც ორი წრფელი გულის კავშირს ნდობითა და ურთიერთპატივისცემით შეერთებულს უფალ იესო ქრისტესა და ეკლესიის კავშირის მსგავსად და ცდილობს ყველასთვის თვალსაჩინო გახადოს, რომ ანგარებით არჩეული საცოლე ყველაზე მეტად არაკეთილგონივრულ არჩევანს შეიძლება წარმოადგენდეს, ქორწინების შემაგინებელს, ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელს.

წმ. იოანე ოქროპირი გვირჩევს დავქორწინდეთ ღარიბზე, მაგრამ ზნეკეთილ ქალზე, ვიდრე მდიდარზე და „ვეძებოთ მხოლოდ ერთი რამ - სულიერი სათნოება და ზნეკეთილობა, რათა მშვიდობითა და თანხმობით დავტკბეთ და მტკიცედ სიყვარულით ნუგეშინისცემულ ვიქმნეთ. ვინც მდიდარ ცოლს ირჩევს, ის უფრო ქალბატონს ირთავს, ვიდრე ცოლს“.

გარიგებითი ქორწინების გარდა არსებობს სიყვარულით ქორწინება ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, ქორწინება ვნებებზე დამორჩილებით. დაუღვინებელ, გამოუცდელ, გულუბრყვილო ახალგაზრდებში ასეთი ქორწინების უმრავლესობას განსაზღვრავს ვნებათაღელვა, გარეგნულ სილამაზეს დამონება და არასულიერი ღირსებები. არცაა გასაკვირი, თუკი ხანმოკლე აღმოჩნდა მათი შეუღლება. ამიტომ წმ. იოანე ოქროპირი არაერთგზის აფრთხილებს მათ, რომ ნუ დააბრმავებთ გარეგნული სილამაზე, რომელიც მსწრაფლწარმავალია, არც ძირითადი, ერთადერთი და მყარი საფუძველია ქორწინებისათვის. მხოლოდ სუფთა, უმწიკვლო გულსა და სულიერი სილამაზეშია ადამიანის მთელი მომხიბვლელობა.

ერთ-ერთ თავის ქადაგებაში „მათეს სახარების შესახებ“ წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: სილამაზე სხეულში როდია, არამედ სხეულის სილამაზე დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე, განათლებაზე, რომელიც თავის კვალს უცილობლად აღბეჭდავს სულსა და სხეულზე. ცხოვრებაში და ბუნებაშიც ყველაფერი, რაც კი ლამაზი და მომხიბლავია სულზეა დამოკიდებული. თუ სული ხარობს, სიცოცხლე ხალისობს. თუ მოიწყენს, სხეულს შემოეძარცვება შნო და ლაზათი, თალხით შეიმოსება. გამუდმებით ხალისიანი გუნება-განწყობილება ადამიანს თვინიერსა და მორჩილს ხდის. სულში დატრიალებული კორიანტელი კი სხეულს ძაბავს და სახეს აფერმკრთალებს. ამიტომ ზოგიერთი ცოლი ერთი შეხედვით უშნო, განსაკუთრებული სულიერი ნათელით ბწყინავს, ხოლო ბრწყინვალე გარეგნობის მქონენი, მაგრამ სულიერად დამძიმებულნი შესაძლოა ულაზათოდ გამოიყურებოდნენ. დააკვირდი, რა ფერები გადაურბენს ხოლმე სახეზე ადამიანს, როდესაც სირცხვილის გრძნობა შეაწუხებს ხოლმე. ხოლო ურცხვის გამომეტყველება მხეცზე უფრო შესაზარია. სიკეთე და სათნოება სახეს საყვარელსა და მიმზიდველს ხდის. მაშ, რა უნდა იყოს ლამაზ სხეულსა და სათნო სულზე წარმტაცი და მშვენიერი. ამიტომ მხოლოდ გარეგნობას ნუ ენდობი ადამიანის შეფასებისას, ეცადე გაიგო როგორია იგი შინაგანად.

საცოლის შერჩევისას მხოლოდ მისი სიყვარულის მიხედვით არჩევანის გაკეთება და დაკმაყოფილება სახიფათოა, რადგან იგი შეყვარებულია ადამიანში და შესაძლოა ამ აღგზნებულმა სიყვარულმა მალე გაუაროს და გარეგნული სილამაზის ნაცვლად ბოროტი სული შერჩეს ადამიანს ხელთ. წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით, ქალის სილამაზე ქმარს სიამოვნებას შეიძლება ანიჭებდეს ათი, ოცი, ოცდაათი დღის მანძილზე, მაგრამ დიდხანს ვერ გასტანს, თუ ქალის სათნოება და კდემა არ ამკობს. ამიტომ გარეგნულად ლამაზ ქალებს იოანე ოქროპირი ურჩევს ნუ იმედიდურებენ ღვთის ამ წყალობით, რადგან იგი მეუღლის სიყვარულსა და ოჯახურ ბედნიერებაში საიმედო დასაყრდენი არ არის. „სხეულის სილამაზე - ამბობს იოანე ოქროპირი - თანდათან იქცევა ჩვეულებრივად, ხოლო სულის სილამაზეს დღითიდღე ეხდება ფარდა და სიხარულის დიდ კოცონს ანთებს. ამიტომ თუ ქმრის მოხიბვლა გსურს, ეცადე შეინარჩუნო კდემამოსილება, ღირსეულად დაიჭირე თავი, ოჯახი იყოს მთავარი საზრუნავი - ეს ერთადერთი გზაა ქმრის დასაკმაყოფილებლად და ოჯახის შესანარჩუნებლად. არც სიბერე აჭკნობს ამ სილამაზეს, არც ავადმყოფობა აკლებს რაიმეს, სულის სილამაზე ყოველგვარ განსაცდელს და ცვალებადობას უძლებს.

რადგან ქალურ მომხივლელობას არ ძალუძს გულის სიღრმემდე შეძრას მისი რჩეული და არც ადამიანური წინდახედულებით არის შესაძლებელი მომავალი ოჯახის ბედნიერების ან უბედურების განჭვრეტა, ამიტომ მხოლოდ „გონიერი დედაკაცი უფლისაგან არს“ (იგავ. 19,14). ხოლო სასიძოს შერჩევისას მისი გარეგნული სილამაზე კი არ უნდა მიიღოთ მხედველობაში, არამედ სულიერი ღირსებები და უმთავრესად კეთილმორწმუნეობა. ამ შემთხვევაშიც იოანე ოქროპირი მშობლებს ურჩევს უფალს მიანდონ არჩევანის სისწორეცა და სამართლიანობაც და ევედრონ უფალს კეთილშობილი სასიძოსათვის. „ეძებე - ამბობს იგი - შენი ქალიშვილისათვის მეუღლე, ჭეშმარიტად დამცველი და მფარველი მისი, ეძებე მიზანდასახულად, ეძებე არა ფული, სიმდიდრე, წინაპრები, გვარიშვილობა, ეს ყოველივე წარმავალია, არამედ ეძებე კეთილშობილება სულისა, მოკრძალება, კეთილგონიერება, ღვთისმოშიშება, რათა შენი ქალიშვილი ცხოვრობდეს კმაყოფილი და მხიარული“.

მას შემდეგ, რაც სასიძომ კეთილგონივრულად შეარჩია საცოლე, ხოლო ქალიშვილმა - საქმრო, აღსრულდა ღვთის ნება, შეიქმნა ოჯახი. თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს ქორწინებაში. მთავარია ისინი ისე მოიქცნენ, რომ ღვთისათვის სასურველი იყოს და მათი საქციელი არ გახდეს მათი უბედურების მიზეზი. რამეთუ ქორწინება, სიხარულის წყარო, შეიძლება იქცეს წყაროდ უბედურებისა მეუღლეთა დაუფიქრებლობისა და თავქარიანობის წყალობით.

იღბლიანია ქორწინება, თუ ის ეფუძნება ურთიერთსიყვარულს, ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემას, რასაც მოჰყვება მეუღლეთა შეხმატკბილებული ცხოვრებაც. „არ არსებობს იმაზე უფრო ძვირფასი საუნჯე, ვიდრე ცოლის სიყვარულია. როდესაც ცოლ-ქმარს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარს, მათი უფალი ამწყალობლებს. სადაც სიყვარულია, ის სიმდიდრე, ბედნიერება და დოვლათია და პირიქით, თუ არ არსებობს სიყვარული არ არსებობს არავითარი ხსნა, უსიამოვნებასა და ქაოსს დაუსადგურებია“.

მეუღლეთა ურთიერთსიყვარული არ უნდა იყოს დამყარებული რომელიმე მათგანის სილამაზეზე, არ უნდა ჩაიფერფლოს მაშინაც კი, როდესაც ერთ-ერთი მათგანი რაღაც მიზეზის გამო დაუშნოვდება ან დაავადდება. ამაში წმ. იოანე ოქროპირი, უწინარეს ყოვლისა, ბრალს სდებს ქმარს, რომლებიც ცოლებს მყისვე სტოვებენ, ოდეს ცოლების სილამაზე და მომხიბვლელობა ქრება.

ქმარს ცოლი უნდა უყვარდეს გამუდმებით და ძლიერად. ეს სიყვარული არ უნდა გაუნელოს უბედურებამ, განსაცდელმა, სიბრაზემ. წმ. იოანე ოქროპირი ასე მოძღვრავს ქმარს: „იზრუნე შენს ცოლზე, როგორც იესო ქრისტე ზრუნავს ეკლესიაზე, დაე, დაგჭირდეს შენი სულის გაღება მისთვის, ჭირთათმენა, მაინც ვერ შეძლებ გააკეთო ის, რაც იესო ქრისტემ გააკეთა ეკლესიისათვის“. ცოლი ჩვენი სხეულის აუცილებელი ნაწილია და სწორედ ამგვარი დამოკიდებულება აიძულებს ქმარს მზრუნველობას უწევდეს ცოლს. არა მარტო იმისათვის უნდა გვიყვარდეს ცოლი, რომ იგი ჩვენი სხეულის შემადგენელი ნაწილია, არამედ იმიტომ, რომ უფალმა დააკანონა: მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეწებება თავის ცოლს, რათა ერთხორცად იქცნენ“ (დაბ. 2,24). წმ. პავლე მოციქულის სიბრძნესაც ჩაუღრმავდი და დაუკვირდი: პირველად იწყებს სწავლებას ქრისტესა და მის ეკლესიაზე: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენ ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და მისცა თავისი თავი მისთვის“ (ეფეს. 5,25). შემდეგ უბრუნდება კაცობრივ საწყისს - ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული. ვისაც უყვარს ცოლი, თავისი თავი უყვარს. რადგან არავის არასოდეს მოუძაგებია ხორცი, არამედ უვლის და კვებავს, ვითარცა უფალი ეკლესიას. ვინაიდან მისი სხეულის ასოები ვართ, ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი, ამიტომ მიატოვებს კაცი მამას თვისას და დედას თვისას და შეირთავს თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც (ეფეს. 28, 30-31).

ცოლ-ქმარს შორის სიყვარულს აძლიერებს და განამტკიცებს ორივეს მხრიდან ერთმანეთის აუცილებლობის შეგრძნება. არც თანხმობა, არც ურთიერთგაგება და არც სიყვარული არ იქნება მათ შორის, თუკი თითოეული მათგანი ცალ-ცალკე მოითხოვს სიყვარულსა და თანადგომას, ისე რომ თავად არაფრის გაღებას არ ისურვებს. თავ-თავიანთი მოვალეობების აღსრულებას შედეგად მოსდევს სიმყუდროვე და მშვიდობა ოჯახში, სიმტკიცე და ძლიერება. ისინი არ უკირიკიტებენ ერთმანეთის ნაკლოვეანებებს, მოთმინებით და დიდსულოვნად იტანენ წყენას, სიბრაზეს, დაძებულ და გამოუვალ სიტუაციებს.

თუკი კაცს ანჩხლი ცოლი შეხვდება, მისი ვალია მოთმინებით ატაროს უფლისაგან ბოძებული ბორკილები, რაც თავისი ცოდვების გამო დაიმსახურა. თუკი გაგიბრაზდა ცოლი, - ამბობს იოანე ოქროპირი, - სახლში შესული არ ხარ და როგორც გააფთრებული მხეცი ისეთი სახით დაგხვდა, ენა, როგროც მახვილი ისე გაძგერა, სამწუხაროა, რომ თანამოაზრე მტრად გქცევია, მაგრამ უნდა გაუძლო გამოცდას. აბა გაიხსენე, ახალგაზრდობაში რაიმე ცუდი ხომ არ გაგიკეთებია ქალისათვის. დანაშაული ტვირთად აწევს შენს მხრებს, სხეულზე წყლულებად იქცევა და შენი ცოლი, როგორ დასტაქარი თავის სიანჩხლით ამ ტვირთს გიმსუბუქებს, დაწყლულებულ სხეულს მალამოდ ადებს. აშარი დედაკაცი რომ ცოდვილი ქმრის ჭკუის მასწავლებელია, ამაზე წმინდა წერილიც ამბობს: „ავი ცოლი ცოდვილ ქმარს ეძლევა, როგორც წამალი შემსმული შხამის განსაქარვებლად“.

თუკი წმ. იოანე ოქროპირის სწავლებით, ცოლის უჟმური ხასიათი ქმრისათვის ღვთით მოვლენილი სასჯელია, მაშინ ქმარი ვალდებულია უდრტვინველად აიტანოს ეს განსაცდელი და ამიტომ არავითარი გასასამართლებელი საბუთი არ ექნება ასეთი ცოლის მიმართ სიმკაცრის გამოჩენას ქმრის მხრიდან. წმ. იოანე ოქროპირი სასტიკად კრძალავს ქმრის სიმკაცრეს ცოლისადმი, როგორც უკიდურესად ბარბაროსულს და ყოველმხრივ გაუმართლებელს. ცოლის მანკიერებათა დასაძლევად იგი გვირჩევს კეთილგონივრულ მოთმინებას და არა ჩხუბსა და აყალმაყალს. ცოლის უზნეობის დასათრგუნად ყველაზე უპრიანია ქმრის მხრიდან მოთმინება და ყურადღების გამოჩენა. თანამეინახე ცხოვრებაში, შვილების დედა, უამრავი სიხარულის მომნიჭებელი არ უნდა გავწიროთ მრისხანებისა და ბოროტებისათვის, არამედ სიყვარულით და სინაზით უნდა მოვეპყრათ.

საერთოდ, იოანე ოქროპირის სწავლებით, ქმრის სიყვარული ცოლისადმი გონებას უნდა ემორჩილებოდეს და არა გრძნობას. ქმარმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს თავისი ცოლის სულიერი ფასეულობები, რათა დღენიადაგ იზრუნოს მისი სრულყოფისა და გაძლიერებისათვის. ქმარი, რომელიც გულგრილი დარჩება თავისი ცოლის სისუსტეებისა და ნაკლოვანებების მიმართ, არავითარ ზომებს არ მიიღებს მათ აღმოსფხვრელად, დამნაშავეა თავისი სინდისის წინაშე, ღვთაებრივი სამსაჯვროს წინაშეც. მეორე მხრივ, იგი არ უნდა შეაკრთოს ყოველივე ამან და არც სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს ცოლის მიმართ. ცოლის გამოსწორების ბევრად უფრო საიმედო საშუალებაა გონივრული მოქმედება ქმრის მხრიდან, სიყვარული და თანადგომა. „ვთქვათ და ბევრი შესცოდა ცოლმა, - ამბობს იოანე ოქროპირი - ყოველივე შეუნდე. ვთქვათ და, ავი ზნე შენიშნე, სიკეთისა და მოკრძალებისაკენ წარმართე მისი ცხოვრება. თუ რაიმე მანკიერება აქვს, ეცადე, გამოასწორო. თუკი თქვენი მრავალგზისი ცდის მიუხედავად მაინც ვერ შესძელი აღმოგეფხვრა ცოლის მანკიერი ჩვეულებები - მაინც ნუ ჰკრავ ხელს, რამეთუ იგი შენი სხეულის ნაწილია, ვითარცა თქმულ არს: იყოს ორნი ერთხორც. დაე, ცოლის მანკიერებანი იყოს დაუთრგუნველი, შენთვის მაინც დიდი ჯილდოა განმზადებული ცათა შინა, ღვთის შიშის გამო ითმენ უამრავ უსიამოვნებას, რამეთუ იგი საკუთარი სხეულის ნაწილია“. წმ. იოანე ოქროპირი ქმარს ურჩევს ცოლის მოსარჯულებლად შემდეგი ზომები მიიღოს: „შენს ცოლს, - ამბობს იგი, - უყვარს ფერუმარილი, მდიდრული სამოსელი, ჭორიკანაა და ენაჭარტალა, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა ეს მანკიერება ერთად იყოს თავმოყრილი ერთ ქალში, მეტ-ნაკლებად შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ასეთი ქალი წარმოგვიდგენია ავზნიანად და დაე, ქმარი ეცადოს მის გამოსწორებას. როგორ გამოასწოროს ასეთი ცოლი ქმარმა? იგი მიზანს მხოლოდ მაშინ მიაღწევს, თუკი თავიდანვე არ აუკრძალავს მას ყოველივე ამას და აკრძალვას აუცილებლად ყველაზე ნაკლები მანკიერებიდან დაიწყებს. თუკი ყველაზე დიდი ნაკლიდან დაიწყებს ცოლის გამოსწორებას უდიდეს წინააღმდეგობას წააწყდება. თავიდანვე ნუ აუკრძალავ სამკაულის ტარებას, - ამბობს იგი - ნელ-ნელა შეაჩვიე, რომ თანდათანობით უარყოს. არც ის დაგავიწყდეს, რომ ამგვარი აკრძალვა მოფერებით და სიყვარულით უნდა ხდებოდეს. შეახსენე ხშირ-ხშირად, რომ მისი გარეგნული აღკაზმულობა სხვების თვალში სასაცილოა. დაარწმუნე, რომ მისი ფერუმარილით შეთითხნილი სახე ხშირად მრისხანებაშიც კი გაგდებს და რომ ზოგჯერ ულამაზესი ქალებიც კი კარგავენ ეშხსა და ლაზათს ზედმეტი ფერუმარილისგან. არამც და არამც არაფერი დაგცდეს საშინელ სამსჯავროსა და სასუფეველზე (რამეთუ სულ წყლის ნაყვა იქნება შენი ლაპარაკი). დაარწმუნე, რომ შენს თვალში გაცილებით ლამაზია ბუნებრივი იერით, რაც ღმერთმა უბოძა, და არც სხვებს მოსდით თვალში მისი გათხიპნილი და შეღებილი სახე. თუკი ყოველივეს მრავალგზის უმეორებ სიბრაზით კი არა, სიყვარულით, მიზანს აუცილებლად მიაღწევ. დაბოლოს, ვერასოდეს იხილავ მის ფერუმარილით შეთითხნილ სახეს, წითლად შეღებულ ტუჩებს, წარბებს, მურით გამოკვეთილს. თუკი ამ მანკიერებებს აღმოფხვრი, ცოლს დაიმორჩილებ. იგი შენი ნება-სურვილისამებრ მოიქცევა ყველგან და ყოველთვის შენს მოსაწონ გადაწყვეტილებას მიიღებს. უზნეო და მოურჯულებელი ცოლის ნაცვლად მალე ერთგული და გამრჯე, მშრომელი დედაკაცი ამოგიდგება გვერდში.

ცოლზე გავლენა რომ განიმტკიცოს და სამუდამოდ შეინარჩუნოს, ქმარი ვალდებულია ქორწინების პირველი დღიდანვე შეუდგეს ცოლის აღზრდას, შემდგომ დღენიადაგ აკვირდებოდეს მის ქცევებს, ვიდრე მას სრულყოფილებას არ აზიარებს. წმ. იოანე ოქროპირი საზოგადოდ გვთავაზობს ამგვარი აღზრდის ნიმუშს: კეთილგონივრულად მოიქცევი თუ გარკვეული ხნის მანძილზე ეცდები თვალყური ადევნო ცოლს, შეისწავლო მისი ჩვევები, ხასიათი. ახლადგათხოვილი ყმაწვილი ქალი დაბნეულია, ჩუმი და მოკრძალებული, ქმრის ხათრი, რიდი, პატივისცემა და შიში აქვს. თანდათანობით შეაჩვიე შენი ნება-სურვილის უსიტყვოდ აღსრულებას. ელაპარაკე არა მბრძანებლური კილოთი, არამედ მოფერებით და დაყვავებით, რამეთუ ისე არაფერი მოქმედებს ადამიანზე, როგორც მორიდებითა და სიყვარულით მეგობრული რჩევა-დარიგების მიცემა. როგორ დაარწმუნებ მას შენს უსაზღვრო და უანგარო სიყვარულში? თუკი ეტყვი: „არაერთგზის მქონდა საშუალება მდიდარი, კეთილშობილი, დიდგვაროვანი ქალი შემერთო, მათ შენი თავი ვარჩიე, შენი კდემამოსილება, კეთილგონიერება, პატიოსნება. სხვათაშორის აღნიშნე, რომ გძულს ფუფუნება და ნუ გააგრძელებ ამაზე ბაასს, რომ უინტერესო და მოსაწყენი არ გახდე. უთხარი, რომ მდიდარი ქალი იმიტომ არ დანიშნე, რომ სიმდიდრე და ფუფუნება მსწრაფლწარმავალია, სულიერი სიმდიდრე კი წარუვალი და სულის სიმშვენიერე ოქროზე მეტად ბრწყინავს და ფასობს. ბრძენი, ზნეკეთილი, სათნო ქალწული მთელს ქვეყანაზე უძვირფასესი განძია. ამიტომ მიყვარხარ, მუხლს ვიყრი შენს წინაშე, გევედრები და აღგითქვამ, რომ ყველაფერს ვიღონებ, რათა მიწიერი ცხოვრება ღირსეულად განვვლოთ და მომავალი საუკუნო სუფევის ნათელი გვაბრწყინვებდეს. თუკი უფალმა ინება და სამუდამო ცხოვრებას ვეღირსეთ, მარადიული სიხარული აღავსებს ჩვენს გულებს. მიყვარხარ ძლიერ, თავდავიწყებით, დაე, უკანასკნელი გროშიც არ მებადოს, უკიდურესი გაჭირვება და უბედურება დამატყდება თავს, ყველაფერს ავიტან და გავუძლებ, ოღონდ შენ გიყვარდე. შვილებიც მეყვარება, როგორც შენი სიყვარულის ნაყოფი და შემდეგ წმინდა მათე მოციქულისა და მახარებლის სიტყვები უთხარ: „ღმერთს სურს, რომ ჩვენს შორის სიყვარული სუფევდეს“, საღმრთო წერილიდანაც დაიმოწმე შემდეგი ადგილი: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და შეერთვის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ-ხორც. ეს სიტყვები ხომ ოქროსა და მარგალიტზე უფრო ძვირფასია შენი ცოლისათვის. ნურც იმის დარდი შეგაწუხებს, რომ ამ სიყვარულისა და ყურადღების წილ ცოლი გაგულგოროზდეს. მთელი გულით შეიყვარე და ისიც შეგიყვარებს უანგაროდ და თავდავიწყებით. თუ კარგად მოიქცა, შეაქე და წაახალისე, შეცდომებზე მიუთითე, შეცდომა ყმაწვილქალებს ხშირად მოსდით. შეეჩვიე მოირთოს იმ აღკაზმულობით, რომელიც უფალს უბოძებია, სხვა სამკაულს ნუ მოძებნის გარდა პატიოსნებისა და უმწიკვლოებისა. ლოცვებიც ერთად აღავლინეთ, ერთად იარეთ ეკლესიაში და საეკლესიო საკითხავები ოჯახურ წრეში გაარჩიეთ. არ მოგერიდოთ ერთმანეთს ჰკითხოთ თქვენთვის გაუგებარი ადგილების შესახებ. თუ მატერიალურ სიდუხჭირეს იგრძნობ, ხშირად გაიხსენე პეტრე მოციქულის ცხოვრება, რომელიც საუკეთესო მეუღლე იყო. აღნიშნე, თუ რა სიღარიბესა და გაჭირვებაში განვლო მთელი ცხოვრება, არც შიმშილი დაჰკლებია და არც წყურვილი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე საშიში რამ, ღვთისმგმობელობა და ღმერთის შეურაცხყოფა არასოდეს დასცდენია. თუკი წვეულების გადახდას მოიწადინებ, კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიში სტუმრები მოიპატიჟე, ვინც თქვენს ოჯახს ღვთის წყალობასა და მადლს მოუტანს და ერთიორად განამრავლებს სიკეთეს. ეცადე ცოლის გონებიდან თანდათან ამოძირკვო ცნებები: „ჩემი, შენი“. უთხარ მკაცრად და სერიოზულად: მე არაფერი გამაჩნია საკუთარი, ყველაფერი შენ გეკუთვნის. მოფერებით როდია ნათქვამი ეს სიტყვები, არამედ მათში უდიდესი სიბრძნეა ჩადებული.

ამგვარად, შენ დააცხრობ მის სიბრაზეს, განდევნი მის სულში ჩაბუდებულ რისხვას. ესაუბრე უგულოდ კი არა, სიყვარულით, სითბოთი, პატივისცემით. თუკი შენ შეაქებ და პატივისცემითაც გაანებივრებ, არასოდეს ისურვებს სხვები აქებდნენ და ადიდებდნენ. ღვთის შიში შთაუნერგე და თავანკარა წყაროსავით იჩუხჩუხებს თქვენს ოჯახში ღვთის მადლი და წყალობა.

ქორწინების შემდგომ ჯვრისწერით შეუღლებულ ცოლ-ქმარს უფლება აქვს დაარღვიოს ან უარყოს ქორწინების წესით გათვალისწინებული მოთხოვნილებები. როდესაც პავლე მოციქული განმარტავს: „ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს და ასევე, ცოლი - ქმარს“, წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: მოციქულმა ამად ბრძანა: „ჯეროვან სიყვარულს მიაგებდეს ცოლი ქმარს და ქმარი ცოლს, რომ ცოლ-ქმარს შორის არცერთი არ არის მთავარი, არამედ ერთი მეორის მონაა. ამიტომ თუკი დაინახავ მეძავს, რომელიც გხიბლავს და ცოდვის ჩასადენად გიბიძგებს, უთხარ: სხეული ჩემი, ჩემი როდია, არამედ ჩემს ცოლს ეკუთვნის. ეტყვის ცოლიც მისი სიწმინდის შემბღალავთ: ჩემი სხეული ჩემი როდია, არამედ ჩემი ქმრის“. ძველი და ახალი აღთქმის სხვა ადგილიც ქმარს ანიჭებს უპირატესობას: „ქმრისაკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე“ (დაბ. 3,16).

წმინდა პავლე მოციქულიც წერს: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ხოლო ცოლს ეშინოდეს თავისი ქმრისა“ (ეფეს. 5,25-33). აქ სხვა არაფერი იგულისხმება, გარდა ერთმმართველობისა. რატომ? რადგან იგი საუბრობს ცოლის სიწმინდეზე, ხოლო მეორე მხრივ, ქმარი როდი ფლობს საკუთარ სხეულს, არამედ ცოლი. თანაბარი უფლებები, არავითარი უპირატესობა, როგორც ვხედავთ. „ნუ განეშორებით ერთმანეთს, თუ არა დროებით, ურთიერთშეთანხმებით“ (1 კორ. 7,5). ეს რაღაა? ნურც გადაუხვევს, - ამბობს იგი - ცოლი ქმრის ნება-სურვილის გარეშე და ქმარიც ცოლის გარეშე. რატომ? იმიტომ რომ ამგვარი თვითნებობიდან მომდინარეობს უდიდესი უბედურება, ვნებათაღელვანი, სიმრუშენი, ოჯახების ნგრევა და სამართლიანადაც ბრძანა: ნუცა განეშორებით, რამეთუ მეუღლეთაგან ერთ-ერთის შეუთანხმებლობა გამოიწვევს განშორებას, რასაც არავითარ შემთხვავში არ ექნება ადგილი მათი ურთიერთგაგებისა და ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში: იესო ქრისტე პავლე მოციქულის პირით გვეუბნება, რომ ცოლები არ უნდა მოშორდნენ ქმრებს, რომ ისინი არ დაშორდნენ ერთმანეთს. მაგრამ ზოგიერთი ცოლი განცალკევების მოყვარული, ტოვებს ქმარს. თითქოს ამას სჩადის ღვთისმოსაობის გამო, სინამდვილეში კი მემრუშეა.

ქმარი და ცოლი მოვალენი არიან ცოლქმრული ერთგულება სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე შეინარჩუნონ და უბიწოდ დაიცვან. წმ. იოანე ოქროპირი დანაშაულად რაცხს ცოლ-ქმრულ ღალატს და ამბობს: „რითი გაიმართლებ თავს? ნუ იტყვი, რომ ადამიანურ ბუნებას მიუძღვის ბრალი. ქორწინებაც ხომ იმიტომ არის დაწესებული, რომ ვნებათაღელვა დააოკო და ზღვარს არ გადასცდე? რამეთუ ღმერთი სიმშვიდისა და პატიოსნების დასაცავად ცოლს გიბოძებს, რათა ხორციელი ლტოლვა დააცხრო. შენ კი, უმადურო, უნდობლბას უცხადებ უფალს? ურცხვად არღვევ დადებულ აღთქმას, ხელს ჰკრავ ღვთისაგან ბოძებულ წყალობას. რად გაბნევს და გხიბლავს სხვა ქალის სახე და სილამაზე, რომელიც შენ არ გეკუთვნის? რად არღვევ ქორწინების აღთქმას? რად შეურაცხყოფ შენსავე სხეულს, ტაძარს ღვთისას. შენმა ცოლმა შენი გულისათვის მიატოვა საკუთარი დედ-მამა, ახლობლები, შენ მოგეკედლა. იგი მზადაა აიტანოს ყოველგვარი ტანჯვა, გასაჭირი, იზრუნოს შვილებზე, არ გაკლებთ სითბოს, ალერსს, მზრუნველობას. შენ კი ცხოვრების მეგზურს, ღვთისაგან ბოძებულ ჯილდოს ჯეროვან პატივს ვერ მიაგებ, შეურაცხყოფ სიწმინდეს, უმანკოებას, პატიოსნებას.

ამრიგად, ცოლიან კაცს სხვა ქალისაკენ არასოდეს არ უნდა გაექცეს თვალი. „უფალმა ქალის შეხედვა კი არ აუკრძალა კაცებს საერთოდ, - ამბობს იოანე ოქროპირი, - არამედ ნდომით და გულისთქმით. ამგვარი მზერა რომ არ ჰქონოდა მხედველობაში, მაშინ უბრალოდ იტყოდა: კაცმა ქალს შეხედა და იმრუშაო, არამედ ამბობს გარკვევით: „ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში“ (მათ. 5,28). როდესაც გხიბლავს სხვა ქალის სილამაზე, ამით შენს ცოლს შეურაცხყოფ, ამცირებ. მართალია, ხელით არ ეხები, მაგრამ თვალი გაცდუნებს და ეს საქციელი სამართლიანად მიჩნეულია კიდეც სიმრუშედ“.

კაცს, რომელსაც სხვისი ცოლისადმი ნდომა აღეძვრის, წმ. იოანე ოქროპირი ურჩევს: „თუკი შეამჩნევ, რომ სხვისი ცოლისადმი გაუნელებელი ცეცხლი გწვავს და მოსვენებას გიკარგავს მასზე ფიქრი, საკუთარ ოჯახში ყოფნა გაუსაძლისი ხდება, ცოლის ხმაც, საქციელიც გაღიზიანებს, პავლე მოციქულის I ეპისტოლე გადაშალე კორინთელთა მიმართ და ხშირ-ხშირად იმეორე ეს სიტყვები: „სიძვის თავიდან ასაცილებლად ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს“ (I კორ. 7,2).

ცოლთან კეთილგანწყობა და ურთიერთთანხმობა რომ შეინარჩუნოს, ყველა ქმარი ვალდებულია თავისი საქციელით თუ საუბრით ეჭვი არ აღუძრას და სულიერი სიმშვიდე არ დაურღვიოს. წმ. იოანე ოქროპირი ასე გვმოძღვრავს: განაგდე სიძვის დემონი, გაჰფანტე უნდობლობა. თუკი ცოლი მაინც ეჭვიანობს, ეცადე დაამშვიდო, ზიზღი და სიძულვილი არამც და არამც არ აგრძნობინო, რადგან მისი ეჭვიანობის მიზეზი შენი უსაზღვრო სიყვარულია. ეჭვიანობს იმიტომ, რომ უყვარხარ და გიფრთხილდება, რადგან შენი სხეული, რომელსაც იგი ფლობს, უდიდესი საგანძურია მისთვის. ქმარს უფლება არა აქვს ეჭვიანობის საბაბი მისცეს ცოლს. მიპასუხე - რატომ ხარ მეგობრებში მთელი დღის მანძილზე და საღამოს თუ გაგახსენდება ცოლი? მაშ სამართლიანი არაა თუკი ცოლი იეჭვიანებს? ჰოდა, კეთილი ინებე და დამსახურებული რისხვა და წყრომა აიტანე, მეგობრობა და მხურვალე სიყვარული აიძულებს ცოლს ასე მოიქცეს. შიშობს სხვა არ დაეპატრონოს ღვთისაგან მისთვის ბოძებულ სიმდიდრეს. წმ. იოანე ოქროპირი ცოლ-ქმარს ურჩევს სინაზე, ყურადღება, პატივისცემა გამოიჩინონ ერთმანეთის მიმართ, არ აჰყვნენ ავყია ჭორებს, წვრილმანებს, ნუ დაუწყებენ ერთმანეთს შემოწმებას, თვალყურის დევნებას, რათა თავქარიანობითა და უგუნურებით საფრთხე არ შეუქმნან თავიანთ ბედნიერებას და სიცოცხლე არ ჩაუშხამონ ერთმანეთს.

ცოლის უფლება-მოვალეობასა და დანიშნულებაზე წმ. იოანე ოქროპირი ასეთი აზრისაა: ცოლი დაწიდნულია ქმრისაგან, ვითარცა მისი ცხოვრების მეგზური, შვილების დედა, რათა გაუფრთხილდეს ოჯახს, კერას, ქმარს, დაიცვას სიწმინდე და პატიოსნება. მისი ვალია, მომჭირნედ გაუძღვეს ოჯახს, ქმართან ერთად გასწიოს მძიმე ჭაპანი სიცოცხლის ბოლომდე. ცოლის ვალია მორჩილებდეს ქმარს. წმ. იოანე ოქროპირი ასე განმარტავს პავლე მოციქულის სიტყვებს - „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს“ (ეფეს. 5,22), „ცოლი ისე უნდა მორჩილებდეს ქმარს, როგორც უფალს, რამეთუ ვინც ხელისუფალთ არ ემორჩილება ღმრთის ნებას ხშირად გარდახდება ხოლმე. ამგვარი დაუმორჩილებლობა უმძიმესი დანაშაულის ტოლფასია. ასეა დადგენილი ღვთისაგან. შემდგომ პავლე მოციქული ამბობს, რომ ქმარი ცოლის თავია, როგორც ქრისტეა თავი ეკლესიისა, ანუ ცოლ-ქმარი ერთად მორჩილებენ იესო ქრისტეს, შესაბამისად, ცოლები ქმრის მორჩილნი უნდა იყვნენ ვითარცა უფლისა“.

ცოლ-ქმრულ დამოკიდებულებაში ცოლის მთავარ ღირსებას ქმრის თავდავიწყებით სიყვარული შეადგენს. წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს პავლე მოციქულის სიტყვებს და ამბობს: „ცოლები უნდა იყვნენ მოკრძალებულნი, პატიოსნები, ოჯახზე მზრუნველები, კეთილები. მეოჯახე ქალს ქმრის რიდი, სიყვარული და პატივისცემა აქვს, ხოლო ქმრის მოძულე ქალი ვერც ოჯახში დაამკვიდრებს სითბოსა და სიყვარულს, რადგან ყოველგვარ გაუგებრობას, აყალ-მაყალს მხოლოდ ქალის სიყვარული და სითბო ახშობს და თრგუნავს. თუკი წარმართი ქმარი შეხვდა, ქალის ვალია სწრაფად დაარწმუნოს იგი ქრისტეს მოძღვრების ჭეშმარიტებაში, ქრისტიანი კი უფრო მეტად გააკეთილშობილოს. ოჯახში დღენიადაგ იქნება სიმყუდროვე, სიმშვიდე. ოჯახის კეთილდღეობაზე გამუდმებით მზრუნველი ცოლი იქნება მორჩილი, კარგი დიასახლისი, გაუთვალისწინებელ ხარჯებს ააცდენს ქმარს, სამკაულებსა და ფუფუნების საგნებზე აი იოცნებებს.

მაგრამ ქმრის სიყვარული და პატივისცემა რომ დაიმსახუროს და მასზე გავლენა იქონიოს ცოლი მარტოოდენ სიტყვით კი არა, მთელი თავისი ცხოვრებით უნდა უმტკიცებდეს ქმარს, რომ უყვარს ყველაფერი კეთილი, სამართლიანი, ცდილობს მთელი თავისი შეგნებით და ცხოვრებით იყოს კეთილმორწმუნე. სიტყვებით იმდენად არა - ამბობს წმ. იოანე ოქროპირი - რამდენადაც  საქმეებით შეუძლია ცოლს ქმრის გამოსწორება - როგორ? როდესაც ქმარი დაინახავს, რომ ცოლი მომთმენია, მორჩილია, არ ხიბლავს მდიდრული შესამოსელი და სამკაულები, თავგამოდებით იცავს ოჯახის დოვლათს, რაც აქვს იმითაც კმაყოფილია, არ სურს თვალმარგალიტი და ოქრო, თავდაჭერილი, გონიერი, მოსიყვარულე ცოლი ქმრისაგან სიყვარულს, თანადგომასა და ყურადღებას ითხოვს და ოჯახის მოსიყვარულე მეუღლე მოთმინებითა და კმაყოფილებით ისმენს ცოლის რჩევა-დარიგებებს.

რამდენადაც კეთილისმყოფელი გავლენა აქვს სათნო და გონიერი ცოლის სიტყვებს ქმრისათვის, იმდენად მომაკვდინებელია მისთვის ცოლის ღალატის მოულოდნელად გაგება. მთავარი დამნაშავე რასაკვირველია, ქმარია, რომელმაც სათანადო ყურადღება არ გამოიჩინა თავისი ცოლისადმი, ოჯახის გარეთ ეძებდა სითბოს, გართობას, სიამოვნებას, სიყვარულსა და შეუმჩნევლად, თანდათანობით გააღიზიანა, დააეჭვა ცოლი, დაანგრია ოჯახი. წმ. იოანე ოქროპირი ამხელს ფუფუნების მოყვარულ ცოლებს და ამბობს: სიმდიდრისა და ფუფუნებისაკენ სწრაფვა ეჭვიანობის, სიმრუშის თავი და თავია. ნაცვლად იმისა, რომ ცოლები უსიტყვოდ მიუხვდნენ ქმრებს გულისწადილს და ააცილონ ისინი მეძავებთან და მრუშებთან ურთიერთობას, შთაუნერგონ ზიზღი და სიძულვილი სიძვისადმი, ზოგჯერ ვერ იჩენენ სათანადო კეთილგონიერებას და სუსტი ქმრებიც საოცრად მალე ებმებიან ხოლმე მახეში. ზიზილ-პიპილებით მორთვა და პრანჭვა მეძავთა და მემრუშეთა საქმეა, სათნოება და ქველმოქმედება - კეთილგონიერ ცოლთა. ამიტომ ეცადე ქმარს სიამოვნება მიანიჭო იმ სამკაულით, რომელსაც მეძავებში ვერ იპოვის. მაშინ ქმარი იქნება მშვიდად და ღმერთიც არ მოაკლებს ასეთ ოჯახებს წყალობას და მადლს.

რა ბედნიერი იქნებოდნენ ოჯახები წმ. იოანე ოქროპირის ეს შეგონებები რომ ყურად ეღოთ და ზედმიწევნით აღესრულებინათ.

ქრისტიანულ ქორწინებაზე წმ. იოანე ოქროპირის შეხედულებების გაცნობის შემდგომ არ იქნებოდა ურიგო, ცოლ-ქმრული ყოფა-ცხოვრების სამი უმთავრესი საფუძველის - ოჯახური საზრუნავის, ოჯახური ბედნიერების, ოჯახური სითბოს შესახებ გვესაუბრა.

ოჯახური საზრუნავი. ყოველ ადამიანს, რაც უნდა ბედნიერი იყოს იგი თავის საფიქრალ-საზრუნავი გააჩნია. არავინაა თავისუფალი ამისგან, რადგან მომავლის რწმენით და იმედით ცხოვრობს, თუმცა არ იცის რა მოელის. საზრუნავიც იმისდა მიხედვით მატულობს, რაც უფრო მეტად ილტვის ადამიანი ბედნიერების მოსაპოვებლად.

ჩვეულებრივ ფიქრობენ ხოლმე, რომ ოჯახური საზრუნავი ყველაზე მძიმე ტვირთია ცხოვრებაში. ამ დროს ადამიანი ფიქრობს არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ ცოლზე, შვილზე, ნათესავ-მეგობრებზე, უფრთხილდება მათ ჯანმრთელობას. ამიტომ, დღეს ბევრი ოჯახის შექმნას თავს არიდებს ოჯახის რჩენის შიშის გამო და ამჯობინებს შემთხვევით კავშირებს, განსაკუთრებით ქალაქის მცხოვრებლები ესწრაფვიან ამგვარ ცხოვრებას, რადგან განცხრომასა და ფუფუნებას მიელტვიან.

ამგვარი აზრი ადამიანს უჩნდება ცხოვრებაზე მცდარი შეხედულებების გამო და ჭეშმარიტი ღვთისმოსაობის დეფიციტით.

მართალია, ოჯახური ყოფა-ცხოვრება საზრუნავს ამრავლებს, მაგრამ უამრავ რამეზე ფიქრი სრულიადაც არ არის უბედურება. უამრავი ფიქრი და დარდი, შიში და წინასწარი ფორიაქი უფრო მეტად დაუოჯახებელ, მარტოხელა ადამიანებს სჩვევიათ. ვინც ცოლქმრულ ცხოვრებას თავს არიდებს, აშინებს საფიქრალ-საზრუნავი, საშინელ ფიქრსა და დარდშია, სასოწარკვეთილებაშიც ვარდება, ამას მოსდევს ჯანმრთელობის შერყევა, მარტოობა. ეს ადამიანი მარტოა თავის პატარ-პატარა დარდებთან, თუ სიხარულთან, არ ჰყავს მოზიარე ჭირსა თუ ლხინში, უარს ამბობს სხვა სიყვარულით მინიჭებულ ბედნიერებაზე, ავადმყოფობის შემთხვევაში გვერდით არა ჰყავს ადამიანი, რომელიც გულითად დახმარებას აღმოუჩენს, დაბოლოს, მარტოობაში ატარებს სიბერის უკანასკნელ წლებს.

გათხოვილ ქალსა და დაოჯახებულ კაცს ღვთის შიში უფრო მეტი აქვთ, ვიდრე შინაბერასა და მარტოხელას. რაც უფრო მეტია საფიქრალ-საზრუნავი, უფრო მეტია ღვთისადმი შემწეობის თხოვნა. ვინც მხოლოდ თავის თავზე ზრუნავს, ის ეჩვევა საკუთარი თავის რწმენას და დამოუკიდებლობის შეგრძნებას. მაგრამ, როდესაც სიყვარულის უხილავი ძაფებით უკავშირდება მეორე ადამიანს, მისი გული ივსება სიყვარულით, სინაზით, რაც სათნოებისა და ქველმოქმედებისაკენ უბიძგებს, მარადიულობისა და უკვდავების იმედითა და რწმენით მსჭვალავს. ვისაც სწამს ღმერთი და სასუფეველი ცათა, იესო ქრისტეს მცნებათა აღსრულების გზით მიემართება. განა შეიძლება იგი უბედური იყოს? არც შიში დაეუფლება, რამეთუ უფალი შეეწევა და იხსნის.

უზრუნველი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ არსებობს. საზრუნავი სოცოცხლის საწინდარია. ვისაც საფიქრალი არა აქვს, მას არც სურვილები გააჩნია. ცოცხალ ადამიანს სურვილსა და მისწრაფებებს რა გამოულევს. კარგია, როცა კეთილი მიზნები და მისწრაფებები გვამოძრავებს, რადგან უკეთეს ცხოვრებას მიველტვით. ბედნიერია ადამაინი, რომელიც კეთილგონივრულად ცხოვრობს შინაგანად. სულიერ სიხარულს მას სათნოებათა ქმნა და ქველმოქმედება ანიჭებს.

საზრუნავს ოჯახისათვის ბედნიერება მოაქვს. ადამიანი, რომელსაც დიდი წინააღმდეგობების გადალახვა უხდება მიზნის მისაღწევად, უდიდეს სიხარულსა და ბედნიერებას განიცდის, როდესაც ნატვრას აისრულებს. ბედნიერება დაუმსახურებელი, ოფლისა და გარჯის გარეშე მოპოვებული, ვერავითარ სიხარულს ვერ განაცდევინებს ადამიანს. საკუთარი შრომისა და გარჯის ნაყოფი კი უტკბილესი და უგემრიელესია. რადგან მოპოვებული წარმატება საკუთარი ძალის რწმენას გვმატებს და საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობებით გვსჭვალავს. ჩვენი შემოქმედების ნაყოფიც გვიყვარს, რამეთუ ჩვენ შევქმენით და სული შთავბერეთ. განა ასეთი სიყვარული არა აქვს ყოვლისმპყრობელ უფალს თავისი ქმნილებებისადმი?

ამრიგად, რაც უფრო მეტია ოჯახური საზრუნავი, მით მეტად ვცდილობთ ოჯახის წევრებს ავარიდოთ ესა თუ ის საფრთხე და მოსალოდნელი უბედურება. რაც უფრო ხშირად საჭიროებს ოჯახი ჩვენს რჩევა-დარიგებებს, მით უფრო სისხლსავსე ცხოვრებით ვცხოვრობთ, რამეთუ ჩვენი საქმენი და სიტყვები ხილული მოწმეები არიან ჩვენივე ძალისხმევისა თუ ნიჭისა. ათასი წვრილმანი, გარეშე თვალისათვის შეუმჩნეველი, ჩვენ გამოუთქმელ სიხარულს გვანიჭებს და ღრმად გვაგრძნობინებს, რომ ოჯახურ ფუსფუსს ჭეშმარიტი ოჯახური ბედნიერება მოაქვს.

როდესაც იესო ქრისტე გვმოძღვრავს ხვალინდელ დღეზე ნუ ზრუნავთ, იგი უმოქმედობისა და სიზარმაცისაკენ როდი მოგვიწოდებს. მან თავისი ცხოვრებით და ჯვარცმით თვალი აგვიხილა და დაგვანახა, თუ რა ძალა აქვს ადამიანის სიყვარულს. იგი საკუთარი სისხლის ფასად კაცობრიობის მხსნელად და ქომაგად მოევლინა, წინ აღუდგა ყოველგვარ ფუჭ, ამაო ფუსფუსსა და გარჯას, ზარ-ზეიმებსა და თავაშვებულ ცხოვრებას. პავლე მოციქული ბრძანებს: „რადგან მადლით ხართ გამოხსნილი რწმენის წყალობით და ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღმერთისა: არა საქმეთაგან რათა არავინ იქადოს, რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, კეთილ საქმეთათვის შექმნილნი ქრისტე იესოში, საქმეთათვის, რომელნიც წინასწარ დაგვიწესა ღმერთმა, რომ მასში ვიარებოდეთ (ეფეს. 2,8-10). ილოცე და იშრომე - ძველთაძველი საღმრთო სჯულია, და ოფლითა შენითა მოიმუშაკე პური შენი არსობისა.

ოჯახური ბედნიერება. ოჯახურ საზრუნავს უეჭველად მოაქვს უდიდესი ოჯახური ბედნიერება. ღვთისაგან ბოძებული უდიდესი მადლის განმრავლება განა ბედნიერება არაა? რომელი დედა იქნება თანახმა შვილებს მოაკლოს სიხარული, რათა საფიქრალ-საზრუნავი აიცილოს თავიდან. ნუთუ უარს იტყვის რაიმე სიძნელეზე და განსაცდელზე ქმრის მოსიყვარულე ცოლი, ანდა ცოლის მოსიყვარულე ქმარი? თუკი ზოგჯერ რაიმე ხდება ჩვენი ნება-სურვილის გარეშე, ოღონდ სიყვარულით, ყოველთვის კეთილი ბოლო ექნება. იოლად გადაიტან დიდ დარდსა და მწუხარებას, როდესაც ირგვლივ ბევრი გულშემატკივარი გყავს. დიდი ქარიშხლის შემდეგ უდიდესი სიმშვიდე ისადგურებს. ყოველი დაძლეული დაბრკოლებისა და გადალახული განსაცდელის შემდგომ ვმაღლდებით და ვიწმინდებით.

ბედნიერი ოჯახი რომ გვქონდეს, გამუდმებით უნდა ვიზრუნოთ მისი კეთილდღეობისათვის. რაც არ უნდა ვეცადოთ მარტო საკუთარი ძალების რწმენით ვერაფერს მივაღწევთ თუ უფალი არ შეგვეწია. ამიტომ ამაოა ყოველი შიში და ძრწოლა. უბედურება მხოლოდ საკუთარი ცოდვები, წინდაუხედავი ნაბიჯები და ბოროტმოქმედებაა. მთელი ძალისხმევით უნდა ვერიდოთ ამ შეცდომების ჩადენას, თორემ მერე გვიანია თითზე კბენანი. ცოდვების ჩადენის შემთხვევაში ვერავინ დაგვამშვიდებს, რადგან, უწინარეს ყოვლისა, საკუთარი სინდისი - პირუთვნელი მსაჯული არ მოგცემს თვითდამშვიდების საშუალებას. განა აქვს რაიმე ფასი და მნიშვნელობა სხვათაგან გამართლებას ანდა დადანაშაულებას. ყველაზე დიდი მსაჯული ხომ შენივე სინდისია. როდესაც ჩვენი ნება-სურვილით ვანგრევთ ოჯახს, ადამიანური და ღვთაებრივი წესრიგის საწინააღმდეგოდ ვიქცევით.

მხოლოდ ჭეშმარიტად ქრისტიანული სულისკვეთების მქონე ოჯახებს ანიჭებს ოჯახური საზრუნავი ბედნიერებას. ის, რაც დიდ ტკივილს განგვაცდევინებს, ამავე დროს ცხოველი სიხარულის მომნიჭებელიცაა. ისე არავინ უფრთხილდება თავის ჯანმრთელობას და ისე არავის ახარებს ავადმყოფის გამოჯანმრთელება, როგორც იმას, ვინც ერთხელ მაინ გამხდარა ავად და თავის თავზე უწვნევია ავადმყოფობის მთელი სიმძიმე. თუკი რაიმე გვაღელვებს, იმაზე ყოველთვის ვფიქრობთ და ვწუხვართ. მცენარე, რომელიც ჩვენი ხელით დავრგეთ, მოვუარეთ, გავახარეთ ხომ უფრო მეტ სიამოვნებას გვანიჭებს თავისი სილამაზით, ვიდრე ის, რომელიც ჩვენ არ დაგვირგავს?

ოჯახური სითბო და სიხარული. ამქვეყნიურ, მიწიერ ცხოვრებაში ოჯახურ სითბოსა და სიყვარულზე უფრო მეტი სიხარული არ არსებობს. ჩვენ, რასაკვირველია, შეგვიძლია მეგობართა და ახლობელთა წრეში ვიმხიარულოთ, გულწრფელად გავიზიაროთ ერთმანეთის ჭირი და ლხინი. მაგრამ საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ყველა ადამიანისათვის მშობლიური კერა, ოჯახი, სამშობლო მისი მსოფლაღქმისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების საწინდარია. ამით აიხსნება ისიც, რომ ადამიანის ხასიათსა და ზნე-ჩვეულებებზე დიდ გავლენას ახდენს ოჯახური სითბო და სიყვარული, ის გარემო რომელშიც იგი აღიზარდა.

ოჯახი ბედნიერია, სითბოსა და სიყვარულს დაუსადგურებია, თუკი ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ გაურბის, სხვაგან არ ეძებს თავშესაფარს და გასართობს. შეხმატკბილებული წყვილი ერთმანეთს სიხარულით ხარობენ. ბედნიერება სრულყოფილია, როდესაც ერთი ადამიანის სიხარულს სხვებიც გულწრფელად იზიარებენ.

ჭეშმარიტი ქრისტიანები ვალდებულნი არიან სითბო და სიყვარული არასოდეს განელდეს მათ ოჯახში. ეს ცეცხლი, ადამიანთა გულების გამათბობელი, მეგობრობისა და სიყვარულის ცეცხლი, არც მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღეებში არ უნდა ჩაქრეს. სადაც იგი გიზგიზებს სათნოებასა და სამართლიანობას მსახურებენ ადამიანები, ბრწყინვალედ აღასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, თავად ბედნიერნი სხვებსაც აბედნიერებენ, ხოლო ვის სულებშიც ეს ცეცხლი არ ანთია, ისინი, სხვათა ბედნიერებით დამწუხრებულნი, გარშემომყოფთაც მოწყენილობისა და სევდისაკენ უბიძგებენ.

ამიტომ სიხარულისაკენ მოგვიწოდებს უფალი იესო ქრისტე, როდესაც გვასწავლის: გიხაროდეთ და მხიარულ იყვენითო. ამიტომ მოახდინა სასწაული კანას გალილეაში ქორწილზე შემთხვევით მოხვედრილმა, როდესაც წყალი აქცია ღვინოდ, რამეთუ არ სურდა გაეწბილებინა მხიარული მექორწილენი. ჩვენც ყოველთვის უნდა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება, ქრისტესმიერი სიყვარულით აღვავსოთ სხვათა გულები.

და რა ცოტა რამ არის საჭირო ამისათვის! ერთი მოსიყვარულე მზერა, ერთი კეთილი სიტყვაც კი საკმარისია კეთილმეგობრული ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ოჯახში ყველაზე მეტად დედის ვალია კეთილსინდისიერად აღასრულოს თავისი მოვალეობა, რათა მხიარული გუნება-განწყობილება სუფევდეს ოჯახის წევრთა შროსი. თუმცა ყოველი დღე არ შეიძლება იყოს სიხარულის მომტანი, ოჯახურ ურთიერთობებს ხშირად ტკივილიც ახლავს ხოლმე. ოჯახურ სიმყუდროვეს ზოგჯერ მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი საფიქრალ-საზრუნავიც არღვევს. თუკი წყენა დიდხანს გაგყვება, სიძულვილი სულსა და გულში ღრმად გაიდგამს ფესვს, პატივმოყვარეობა იმძლავრებს და ეს ხშირად ოჯახის დანგრევის საბაბი ხდება. ყოველივე ეს, რომ თავიდან ავიცილოთ, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთს გავუწყრეთ სიყვარულით. სიყვარულით დავტუქსოთ და მივუთოთ ნაკლზე. სიყვარული სიყვარულს, სინაზეს, სიკეთეს შობს, სიძულვილი - სიძულვილს. თუკი შეცდომა იქნა დაშვებული, ვეცადოთ გამოვასწოროთ, გულისტკივილი და განცდილი უსიამოვნება აღარასოდეს გავიხსენოთ და წამოვაძახოთ ერთმანეთს. კეთილი ანგელოსი ღვთისმოსავთა და ჭეშმარიტ მორწმუნეთა ფუძესა და კერას არასოდეს სტოვებს, მუდამ მფარველობს.

ყოველ სახელმწიფოსა და ხალხს, თითოეულ ქალაქს თავისი დღესასწაულები და ღირსშესანიშნავი თარიღები აქვს, რომელსაც დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ. ასევე, თითოეულ ოჯახს უნდა ჰქონდეს საზეიმო დღეები: მშობლების, შვილების, ოჯახის უხუცეს წევრთა დაბადების დღეები, გარდაცვალებულთა დღეები, რაც კიდევ უფრო აახლოებს და ადუღაბებს ოჯახის სიმტკიცეს. არ არის აუცილებელი განსაკუთრებული გულუხვობით და სიმდიდრით გამოირჩეოდეს სადღესასწაულო სუფრა. მთავარია ეს თარიღი აღინიშნოს. ჭეშმარიტად ბედნიერი სხვის ბედნიერებასაც მიელტვის. აბა, გაიხედ-გამოიხედე შენს გარშემო, ხომ არსებობენ უბედური ოჯახები, ღარიბები, მათხოვრები, მოხუცებულები, რომლებსაც ყოველდღიური ლუკმა-პურიც კი სანატრელი აქვთ. მიდი, მოეფერე, ანუგეშე, დაეხმარე, მოწყალების ხელი გაუწოდე. დაე, მათი ლოცვა-კურთხევაც შეეწიოს შენს ოჯახს.

ამრიგად, თუ შენს კერას კეთილი ანგელოსი დასტრიალებს თავს, ეცადე, შეინარჩუნო ეს ბედნიერება. შენს გონებასა და გულს ნურასოდეს მოეძალება ბოროტი ფიქრები, ჩხუბსა და აყალმაყალს ერიდე, ნურც მდიდრული საჩუქრების გაცემას დაიწყებ. მართალაი, ამით შენს ახლობელს გულს გაუხარებ, მაგრამ უნებლიედ სიამაყისა და ამპარტავნებისაკენ უბიძგებ, თაფლში შხამს შეურევ, მუდამ გახსოვდეს თვითკმაყოფილების ნიღბით ზოგჯერ ოჯახში უსიამოვნება და წუხილი შეიძლება შეიტანო. ეცადე, ყველაფერი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ღრმა რელიგიურობითა და ღვთისმოსაობით აკეთო.

ჭეშმარიტი ქრისტიანის გულს განუწყვეტელი სიყვარული მუდამ თან სდევს, იგი არად აგდებს სხვათა შეცდომებს, სხვათა სისუსტეებს, უფრო იოლად ძალუძს თავლისდახუჭვა ბევრ უსიამოვნო შემთხვევაზე. ყველა მოვლენასა თუ საგანში კარგი სურს დაინახოს, ვიდრე ცუდი, სიკეთის ფასი იცის და მტრის დამეგობრებაც ძალუძს. თუკი სათავე დაწმენდილია, წყაროც ანკარა!

ასეთია ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრების წესი. ყოველი ადამიანი თავის ოჯახში, თავის სახლში დგამს პირველ ნაბიჯებს ცხოვრებაში, უყალიბდება ხასიათი, კეთილი თუ ბოროტი ჩვევები. ხშირად გვსმენია: „ეს ადამიანი კარგი ოჯახისშვილია და პირიქით, ეს კაცი ცუდი ოჯახიდანაა და თვითონაც ცუდი პიროვნებაა“. კეთილსინდისიერ გარემოში აღზრდილი ბავშვები ზნეობრივად დახვეწილნი, კარგები და კეთილები არიან, ხოლო ბოროტ ოჯახში - უწესო და გაუზრდელები. ამიტომ, კარგი ოჯახური გარემო ჭეშმარიტი ქრისტიანული ყოფა-ცხოვრების საფუძველია. ადამიანი არსად ისე უჩვეულოდ და უმტკივნეულოდ არ ითვისებს ქრისტიანული ცხოვრების ნორმებს, როგორც ქრისტიან ოჯახში, სადაც უპირველესი მცნება მოყვასის სიყვარულისა. არსად ისე აშკარად არ მჟღავნდება კეთილი თვისებები და ხასიათი, როგორც ოჯახში. თუკი არ გვიყვარს მშობლები, ძმები, დები, თუკი ვჩხუბობთ, ერთმანეთს არ ვინდობთ, მაშინ როგორღა გვეყვარება სხვები.

მოთმინება უდიდესი სათნოებაა. მოთმინება ყოველი ადამიანის სულის გადამრჩენელია. მოთმინება მხოლოდ ოჯახში შეიძლება ისწავლოს ადამიანმა. აბა, წარმოვიდგინოთ როგორი მოთმინება მართებს ცოლ-ქმარს შვილების აღზრდისას? როდესაც ადამიანები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, აუცილებლად უნდა შეეჩვიონ ერთმანეთის ხასიათს, მიუტეონ და აპატიონ ერთმანეთს შეცდომები, მოთმინება გამოიჩინონ ყოველგვარი დაძაბულობის ჟამს. უნდა შეეძლოთ პირადი სურვილების, მიზნების, მიდრეკილებების დავიწყება და ოჯახის ინტერესებით ცხოვრება. როდესაც ცოლ-ქმარი ზრუნავს შვილებზე, ავიწყდებათ თავიანთი თავი, ცოლი და ქმარი უფრო მეტად ერთმანეთისათვის ცხოვრობენ, ვიდრე საკუთარი თავისათვის.

დიდსულოვნება, მოთმინება, სიმშვიდე სულიწმინდის ნიჭია და მათი შენარჩუნება და განმტკიცება არსად ისე არ შეიძლება, როგორც ქრისტიანულ ოჯახში. კარგები ვართ თუ ცუდები - ეს ოჯახური ურთიერთდამოკიდებულების მაგალითზე შეიძლება დადგინდეს, როდესაც ვამჟღავნებთ საკუთარ პიროვნებას, არ ძალგვიძს მივჩქმალოთ საკუთარი ნაკლი, ვითვალთმაქცოთ. ოჯახური ცხოვრება ის სარკეა, რომელიც აირეკლავს თვითოეული ადამიანის ხასიათის თვისებებს.

სახლი და ოჯახი მეორე ეკლესია უნდა იყოს ქრისტიანისათვის და იქაც ისეთივე სიწმინდით და ღვთისმოსაობით უნდა ვიცხოვროთ, რათა ვცხონდეთ. ყოველი ჩვენი სიტყვა, საქციელი, იმ თესლს შეიძლება შევადაროთ, რომელიც გამოიღებს კეთილ ან ბოროტ ნაყოფს. ოჯახში განსაკუთრებით დიდია დედ-მამის როლი, შვილები მათგან სწავლობენ ლაპარაკს, მოქცევას. მშობლები შვილებზე წარუშლელ კვალს ტოვებენ, საიდან იღებს დასაბამს ის უღირსი საქციელი, როდესაც ღვიძლი ძმები ერთად ცხოვრებაზე უარს ამბობენ და მოუთმენლად ესწრაფვიან გაყრას? მშობლებმა ბავშვობიდანვე არ შთაუნერგეს მათ ურთიერთსიყვარული, ერთმანეთის გატანა, პატივისცემა არც სიტყვით და არც საქმით.

ასე არ ხდება კარგ ოჯახებში. იქ მშობლები ყოველთვის თვალყურს ადევნებენ თავიანთ შვილებს მოქმედებას, ხასიათს, უღვივებენ ერთმანეთის სიყვარულს, რადგან იციან, რომ კარგად აღზრდილი შვილები სიბერისა და აღსასრულის ჟამს მოხუც, უსუსურ მშობლებს არ მიატოვებენ განსაცდელში, მშობლების ზრუნვა-ამაგს ჯეროვნად დააფასებენ. ასეთი მშობლების აღზრდილი შვილები თავადაც კარგი მეუღლეები, მშობლები იქნებიან, რამეთუ მუდამ ემსახსოვრებათ, რომ მშობელთა ლოცვა-კურთხევის გარეშე არასოდეს იქნებიან ბედნიერნი და ვერც მშვიდად იცხოვრებენ.

თარგმნა მაია ინდუაშვილმა