ნინო კანდელაკი

„ნუთუ შეიძლება დამნაშავე ვიყო?“ (იუდას კომპლექსი)

მორწმუნენი ხშირად მოგვმართავენ კითხვით, თუ რა შინაარსი დევს „იუდას კომპლექსში“.

აი, რას გულისხმობს ეს ცნება:

ა) პირველ რიგში, ჩვენ მოვიაზრებთ რელიგიური ადამიანის აგრესიას იუდას დანაშაულებრივი ქცევის მიმართ. ის განიხილება სატანის იარაღად, ტიპურ დამნაშავედ იმ წრეში, რომელიც უფალს გარს ერტყა მის მიწიერ ცხოვრებაში. იმ მზაობას, რომლითაც მორწმუნე თავს ესხმის იუდას, შეგვიძლია იუდას კომპლექსი ვუწოდოთ.

ბ) გარდა ამისა, იუდას კომპლექსს ნებისმიერი დანაშაულისადმი ზემგრძნობელობის რეაქციაც ახლავს. გავიხსენოთ როდესაც საიდუმლო სერობისას უფალმა ბრძანა: „რომელმან თანაყოს ჩემ თანა ხელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე“, - იუდამ შესძახა: „ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ?..“ (მათე 26,23-25). ამგვარად, როცა ადამიანი პირისპირ აღმოჩნდება ბრალდების წინაშე, შესაძლებელია, მისი პირველი რეაქცია შეკითხვა-გაოცება იყოს: „ნუთუ შეიძლება, დამნაშავე ვიყო?“

მაშასადამე ეს კომპლექსი შეგვიძლია ორი ასპექტით განვიხილოთ: პირველი - თავდასხმა იუდაზე და მეორე - საკუთარ დანაშაულზე რეაქცია.

ერთი შეხედვით, საქმე გვაქვს ორ განსხვავებულ ქცევასთან, მაგრამ ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე კომპლექსი მოქმედებს. პირველი დანაშაულის გაკიცხვისაკენ არის მიმართული, მეორე შემთხვევაში კი ხდება დანაშაულისადმი ერთგვარი დამორჩილება. ყოველი ქრისტიანის არაცნობიერი თავის თავში შეიცავს დანაშაულებრივ ტიპს ანუ იუდას. როცა სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას დანაშაულებრივი კავშირები წარმოიშვება, ეს ტიპი ამხედრდება და შესაფერის რეაქციას შესაბამისი ფორმით გამოხატავს.

ფოლკლორში ხშირად შევხვდებით ისეთ ფაქტებს, როცა ადამიანებს თავიანთი აგრესია იუდას გამოსახულებაზე გადააქვთ. ხალხური დღესასწაულების კულმინაციურ მომენტში გააფთრებული ხალხი „გამცემის“ ხატს წვავს. ამით არაცნობიერი შვებას პოულობს და შინაგანი დაძაბულობისგან თავისუფლდება. ეს რიტუალი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ზვარაკის კომპლექსი. იუდას საქციელი იმის საფუძვლად იქცევა, რომ ადამიანმა საკუთარი დანაშაულის გრძნობა შეიმსუბუქოს და შვება მოჰგვაროს ფსიქიკას.

არის მეორეგვარი დამოკიდებულებაც, როცა მორწმუნე ერთგვარ გამართლებას უძებნის იუდას საქციელს. იუდას კომპლექსისთვის ესეც დამახასიათებელია. ზოგიერთი მორწმუნე ფიქრობს, რომ იუდას აქტი გარდაუვალი იყო და მისი გამცემლობის გარეშე მაცხოვრის მოწამეობრივი გზა ვერ აღსრულდებოდა. ყოველივე ნაწინასწარმტყველევი იყო, ამიტომაც იუდა საღვთო განგების იარაღი აღმოჩნდა და იგი უფლის მიერ კაცობრიობის გადარჩენაში მონაწილეობდა.

კარლ იუნგის ფსიქოანალიზის საშუალებით შეგვიძლია იუდას კომპლექსის განვითარებას დავაკვირდეთ. იუნგი ცდილობს, გააანალიზოს მოღალატე გმირი და ამისთვის ანატოლ ფრანსის მოთხრობის „ეპიკურეს ბაღის“ ერთ-ერთ პერსონაჟს ირჩევს. ნაწარმოები მოგვითხრობს მოძღვარზე, რომელიც შეწუხებული და დაინტერესებულია იუდას საბოლოო ხვედრით. გამცემის ბედისწერა მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემად ქცეულა. მას ნამდვილად აინტერესებს დაისჯება იუდა (როგორც ამას ეკლესია გვასწავლის), თუ კაცთმოყვარე უფალი დანაშაულს შეუნდობს მას და გაამართლებს. მოძღვრისათვის მისაღები მეორე ვერსიაა. ის ფიქრობს, რომ იუდას მისია ძალზე მნიშვნელოვანი იყო, ამიტომაც შემოქმედი მას არ დასჯიდა, მაგრამ ამავე დროს ეჭვი ღრღნის. მას სჭირდება საბუთი, რომელიც ამ მოსაზრებას განუმტკიცებს. იგი უფალს სთხოვს, რაიმე ნიშანი მისცეს იმის დასტურად, რომ იუდა გადაურჩა სამუდამო სატანჯველს.

აქ კარლ იუნგი სვამს ასეთ შეკითხვას: რატომ აღელვებდა მოძღვარს ასე ძლიერ იუდას ბედი? - და თვითონვე პასუხობს: იგი თვითონვე ემზადებოდა „გაცემისა“ და „ღალატისთვის“, - „დოგმატური“ პოზიციის შეცვლა და სექტაში შესვლა ჰქონდა განზრახული, - ამან კი დანაშაულის გრძობა აღუძრა რომლის მოსაშორებლად უფლისაგან გარანტია უნდა მიეღო. მან საკუთარი დანაშაული იუდაზე გადაიტანა. ეს იყო ისკარიოტელთან პათოლოგიური იდენტიფიცირება. სინამდვილეში მას იუდასი კი არა, საკუთარი ბედ-იღბალი აწუხებდა, სიმართლე კი არ აინტერესებდა, არამედ თავის გადარჩენა სურდა.

ეს ისტორია იუდას კომპლექსის მრავალმხრიობის ტიპური მაგალითია. იუდას კომპლექსი ყოველთვის პირადი დანაშაულის გამართლების (ან გასამართლების) არაცნობიერი ტენდენციაა. ინდივიდი შემდეგ კითხვებს სვამს „მე დამნაშავე ვარ?“ ან „მე შემიძლია დამნაშავე გავხდე?“ - ან „მე ვინმეს დამნაშავე ვგონივარ?“ ასეთ კითხვებს შობს ძლიერი დანაშაულის გრძნობა, რომელიც აუცილებლად ჩართავს თვითგამართლების სისტემას. ეს კომპლექსი ხშირად ადამიანთა ურთიერთობებში აგრესიას წარმოშობს. პიროვნებას, რომელიც რეალურად, ცნობიერად დამნაშავეა, საკუთარი დანაშაული გადააქვს ნებისმიერ ინდივიდზე, რომელსაც მოცემულ მომენტში შეუძლთ ზვარაკის როლი იტვირთოს. ასე რომ, ვიღაც სხვა ძალიან ადვილად ხდება „იუდა“ და აგრესიის ობიექტი. „სხვა ხდება მსხვერპლი იმისა, ვინც სინამდვილეში თვითონ არის იუდა“.