ქართული საეკლესიო გალობა

ქართველი მგალობლები უცხოეთში

კონცერტი პარიზში (2007 წ.)

საფრანგეთის დედაქალაქში, წმ. საბას სახ. სერბული ტაძრის მგალობელთა გუნდში, რომელიც წმ. სიმეონ მირონმდინარის სახელს ატარებს, ფრანგებთან და სერბებთან ერთად ქართველი სტუდენტებიც გალობენ. ამ ტაძრის გუნდის რეგენტი ქართველი ნანა ფერაძე გახლავთ, რომელიც უკვე ათი წელია, საფრანგეთში ცხოვრობს.

წმ. საბას ტაძრის გუნდის ბაზაზე მან ორი წლის წინ შექმნა ქართული პოლიფონიური ჯგუფი „ქართული ჰარმონია“, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ქართველი სტუდენტებისაგან შედგებოდა.

პირველი კონცერტის გამართვის იდეა სერბებისაგან წამოვიდა. მგალობელთა გუნდმა საკონცერტო მიწვევა ბელგრადიდან მიიღო. მათ გადაწყვიტეს, ეს კონცერტი კოსოვოსათვის მიეძღვნათ და ამ ღონისძიებას ერთგვარი ჰუმანიტარული ხასიათი მისცეს.

კოსოვოს ეპისკოპოსმა მეუფე არტემმა ქართველი მგალობლები საგანგებოდ დალოცა და გიორგობის დღესასწაულისათვის მიიწვია „ჯურჯევი სტუპოვ“-ის მამათა მონასტერში, სადაც მთელი ლიტურღიის მანძილზე ქართველებს დაუთმეს სამგალობლო კლიროსი. მათ სერბულად ისევე გამართულად შეასრულეს საგალობლები, როგორც ქართულად და ქართული სამოსი რომ არ ცმოდათ, ძნელად დაიჯერებდნენ სერბები, თუ ეს მართლაც ქართველების მიერ შესრულებული საგალობლები იყო.

კონცერტი პარიზის წმ. სამების ტაძარში (2007 წ.)

იმავე დღეებში კონცერტები გაიმართა ბელგრადშიც.

საკონცერტო პროგრამას წარმოადგენდა თხუთმეტი ქართული ხალხური სიმღერა და მათ შორის, საგალობლები. კონცერტს უამრავი ადამიანი დაესწრო და დიდი წარმატებით ჩაიარა. მგალობლები ბელგრადის საღვთისმეტყველო ინსტიტუტშიც მიიწვიეს.

საკონცერტო პროგრამის პირველ ნაწილში ნაჩვენები იქნა სერბულ ენაზე საგანგებოდ გახმოვანებული ფილმი „ქართული ჭედური ხატები“, რომლის ავტორიც ნანა ფერაძე გახლავთ და რომლის შექმნაშიც მას რამოდენიმე წლის წინ ჟენევაში მცხოვრები სერბი რეჟისორი დაეხმარა. ეს ფილმი საფრანგეთის სახელმწიფო ტელევიზიით, ასევე, ევროპის სხვა ქვეყნების ტელევიზიებითაც რამოდენიმეჯერ იქნა ნაჩვენები. ახლახანს კი, პარიზში, ამ ფილმის ოთხენოვანი (ფრანგული, ინგლისური, ქართული და სერბული) DVD ვერსიაც.

ასევე, გამოცემულია 2 აუდიო-დისკი წმ. საბას ტაძრის გუნდის შესრულებით, რომელსაც ნანა ფერაძე ხელმძღვანელობს და სადაც თავადაც გალობს (გალობა წმ. ნექტარიოს ეგინელის ღვთისმშობლის დაუჯდომელიდან).

„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლური საგალობლები“ - ასე ეწოდება აუდიო-ალბომს. პირველი გამოცემა, ძირითადად, საფრანგეთსა და სერბეთში გავრცელდა, ხოლო მეორე გამოცემა საქართველოს ეკლესიებისა და საეკლესიო მაღაზიების მეშვეობით გაიცნო საზოგადოებამ.

ქართველ მგალობელთა გუნდმა „ქართულმა ჰარმონიამ“ საქართველოში, გასულ წელს, მონაწილეობა მიიღო ფესტივალში „ჩვენებურები“. ამ ზაფხულს კი იგი საფრანგეთში არსებულმა „მართლმადიდებელი გალობის ასოციაციამ“ ლუვრთან ახლოს მდებარე სენ-როკის კათედრალში კონცერტზე მიიწვია. ეს კათედრალი, 1653 წლიდან მუსიკოს-შემსრულებელთა ცნობილ საკონცერტო დარბაზს წარმოადგენს. „ქართული ჰარმონიის“ შესრულებით აქ მსმენელებმა პირველად მოისმინეს ქართული საგალობლები და კონცერტის დასასრულს აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

საკონცერტო პროგრამა მოიცავდა ძველ და თანამედროვე ქართულ მრავალხმიან საგალობლებს, რომლებიც გუნდმა დაასრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მიერ შექმნილი „წმიდაო ღმერთო“-ს გალობით. მაყურებელთა ტაში დიდხანს არ შემწყდარა, მათ სურვილი ჰქონდათ, კვლავ ესმინათ ქართული მრავალხმიანობისათვის.

იმავე დღეს „ქართულმა ჰარმონიამ“ მიიღო შემოთავაზება მომავალი წლისათვის „თოისონ დ’Aრტ“-ის მიერ დაგეგმილ მუსიკის 22-ე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.

 

ნაწყვეტები ინტერვიუებიდან გუნდის რეგენტთან ნანა ფერაძესთან:

კითხვა: როგორ მოხვდით საფრანგეთში?

პასუხი: 10 წელია, რაც საფრანგეთში ვცხოვრობ. შვეიცარიელი მეგობრებისა და სერბი რეჟისორის დახმარებით გადავიღეთ ფილმი: „ქართული ჭედური ხატები“. მინდოდა, საქართველო, ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება, ჩვენი კულტურა ყველას გაეცნო; ასევე - ქართული ჭედური ხელოვნება, რომელსაც ევროპა ნაკლებად იცნობს. საფრანგეთის ტელევიზიის მეორე არხთან ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომლის თანახმადაც ჩვენ უნდა მიგვეწოდებინა მაღალხარისხიანი, პროფესიონალური, ტექნიკურად გამართული, ნახევარსაათიანი დოკუმენტური ფილმი. ისინი, თავისი მხრივ, სატელევიზიო მხარდაჭერას გვთავაზობდნენ.

ფილმი „ქართული ჭედური ხატები“ საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. ამ ფილმისთვის მომზადებამ განაპირობა ჩემი მეუღლის - დიაკონ (ამჟამად მღვდელ) გიორგი სხილაძისა და ჩემი საფრანგეთში გარკვეული დროით დარჩენა. შემდგომ, სხვადასხვა სატელევიზიო არხებთან კონტრაქტების გაფორმებამ ჩვენი საქართველოში დაბრუნება გაურკვეველი დროით გადადო. პარიზში ქართველი სასულიერო პირის ჩასვლამ სხვა რეზონანსი ჰპოვა. იქაურმა ქართველმა სტუდენტებმა დაიწყეს მამა გიორგის ირგვლივ შემოკრება. ჩვენც ვიგრძენით, რომ საღვთო საქმესა და ამ ადამიანებს ვჭირდებოდით. ამიტომაც, ძნელია დავასახელო კერძო მიზეზი, რის გამოც საფრანგეთში დავრჩი. ღვთის ნებაა ყოველივე. მე, ჩემი მხრივ, გადავწყვიტე, მგალობლების გუნდი მომემზადებინა.

კითხვა: პროფესიონალი მუსიკოსი ხართ?

პასუხი: ოჯახში მუსიკალური ტრადიცია გვქონდა. ქართული პოლიფონია დედამ შემაყვარა; იგი ქართული ხალხური სიმღერის გუნდების ლოტბარი იყო წლების მანძილზე. თუმცა, მე ვერასოდეს მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მემღერა; მიუხედავად იმისა, რომ ფორტეპიანოთი ვიყავი გატაცებული. მშობლებიც ამ განხრით მიპირებდნენ, მიმეღო სპეციალობა. ჩემი „სიმღერა“ ეკლესიაში დაიწყო გალობით. შემდეგ, საფრანგეთში კონსერვატორიაში ვსწავლობდი საგუნდო-სადირიჟოროს განხრით.

ფესტივალზე პარიზში (2007 წ.)

კითხვა: როგორც ვიცით, საერთაშორისო ფესტივალში „ჩვენებურები“ პირველად იღებთ მონაწილეობას. ორგანიზატორები როგორ დაგიკავშირდნენ?

პასუხი: „ჩვენებურებში“ პირველად ვმონაწილეობთ. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ქ-ნი დარეჯან კუხიანიძე დაგვიკავშირდა და მიგვიწვია, რისთვისაც ძალზე დიდი მადლობა, მსურს, გადავუხადო მას და ყველას - საერთოდ, ქართულ საზოგადოებას, რომელმაც ასე თბილად მიგვიღო. მადლობა მათ ორგანიზატორებს, რადგან არსებობს ასეთი ფესტივალი. აქ ჩამოსვლა ხომ არამარტო ჩვენიანებთან ჩამოსვლას ნიშნავს; ეს არის კიდევ ახალი აღმოჩენების, მეგობრობისა და ახალი იმედების ეტაპი.

კითხვა: რა გრძნობა მიგყვებათ?

პასუხი: ძალიან ვწუხვარ, რომ მხოლოდ ერთი კვირით ვარ საქართველოში, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იქაც ჩემი საქმე მელოდება; ვთვლი, რომ იქაც საჭირონი ვართ ქართველები. მივდივართ იმ იმედით, რომ ისევ ჩამოვალთ.

ჩვენი ვალია, ყველგან ვიცხოვროთ ისე, როგორც უფალი გვასწავლის და სადაც არ უნდა ვიყოთ, მართალი სარწმუნოება და ჩვენი ქვეყნის ტრადიციები შევინარჩუნოთ და სხვებსაც გავაცნოთ.

იქ, სადაც ქართული მრავალხმიანი საგალობელი აჟღერდება, შეუძლებელია, კეთილგანწყობამ, სიყვარულმა და მშვიდობამ არ დაისადგუროს.

ტექსტი მომზადებულია საგაზეთო მასალების გამოყენებით