პეტრიწონის ქართველთა სავანე ბულგარეთში

დაკარგული საუნჯის აღმოჩენა

ორი ათასი წელი გავიდა მას შემდეგ, როდესაც იუდეის პატარა ქალაქ ბეთლემში ყოვლადუბიწო ქალწულ მარიამისაგან იშვა ძე ღმრთისა და მაცხოვარი სოფლისა - უფალი ჩვენი იესო ქრისტე. კაცთა ცხოვნებისათვის ჯვარბე ვნებელმა და მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა ამქვეყნად დააარსა თავისი ეკლესია - ერთადერთი მხსნელი კიდობანი და მატარებელი საღმრთო მადლისა, რომელიც წმიდა მოციქელებმა მთელ მსოფლიოში გაავრცელეს. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ლოცვა-კურთხევით, რომელსაც წილად ხვდა ივერიის მიწა-წყალი, საქართველოში იესო ქრისტეს სახარება იქადაგა ანდრია პირველწოდებელმა, მასთან ერთად კი სვიმონ კანანელმა, მატათა და ბართლომე მოციქულებმა, მეოთხე საუკენემი კი ღმრთის დედის მიერ ბოძებელი ვაზის ჯვრით წმიდა ნინომ განანათლა სრულიად საქართველო, ასე იზრდებოდა ქრისტეს ეკლესიის დიდი ოჯახი, ვიდრე მას IX საუკენეში ბულგარელი ხალხიც არ შეუერთდა, ჭეშმარიტმა რწმენამ დააკავშირა ორი მართლმადიდებელი ერი. განვლო კიდევ ორიოდე საუკენემ და ქართველი მხედართმთავრის მიერ ბულგარეთის მადლიან მიწაზე დაარსებულმა პეტრიწონის სავანემ საქართველოსა და ბულგარეთს შორის სულიერი ერთობა საუკუნოდ განამტკიცა. მათი ისტორიელი ხვედრიც ძლიერ ჰგავს ერთმანეთს - ისინი საუკენეების მანძილზე მუსულმან დამპყრობთა უღელქვეშ იტანჯებოდნენ. პეტრიწონის ქართველთა სავანე კი, ვითარცა ნათელი და თბილი კერა ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, ძნელბედობის ჟამს განამტკიცებდა და ნუგეშით აღავსებდა ბულგარელ ხალხს. და აი, XIX საუკუნეში იგი იწყებს ბრძოლას სამშობლოს გასათავისუფლებლად. მუსულმანთა დაქსაქსული ჯარი უკან იხევს. 1878 წლის 6 იანვარს სულეიმან-ფაშას მეომრებმა პეტრიწონის მონასტერს ალყა შემოარტყეს; ღმრთისმშობლის სავანე დიდი საფრთხის წინაშე დადგა. მაგრამ უფალმა მას მოუვლინა მხსნელი - რუსეთის არმიის რაზმი ქართველი კაპიტნის გიორგი ჯორჯაძის მეთაურობით, რომელმაც ბულგარელთა უწმინდესი სალოცავი თურქ-ოსმალთა დარბევას გადაარჩინა. მადლიერმა ბერებმა გიორგის მთელი სავანე შემოატარეს და იმ ფარული საგანძურის ხილვის ღირსიც გახადეს, რომელიც მტერთაგან საგულდაგულოდ ჰქონდათ დამალული. ბულგარელმა მამებმა დიდი პატივით მიიღეს გიორგი, რადგან იცოდნენ, რომ მათი მხსნელი ტომით ქართველი იყო, პირმშო იმ ერისა, რომლის შვილებმაც აღაშენეს და განამშვენეს პეტრიწონის სავანე. ბულგარელებს ახსოვდათ თავიანთი კეთილისმყოფელნი, თავად ქართველთა მეხსიერებიდან კი ჟამთა ვითარებით წაშლილიყო და დაკარგულიყო უცხოეთში ქართული სავანის ხსოვნა.

ეს ხსოვნა გიორგი ჯორჯაძემ გაუღვიძა თანამემამულეებს; მან თავს გარდახდილი მოვლენების კვალდაკვალ გაზეთ „დროებაში“ გამოაქვეყნა წერილი სახელწოდებით „ივერიის მონასტერი ბულგარეთში“, რომელმაც ქართველი ხალხის მეხსიერებაში აღადგინა ქართული მონასტრის არსებობა შორეული ბულგარეთის მიწაზე.

 

მონასტერი როდოპის მთებში

უძველესი თრაკიის მიწა-წყალზე, თანამედროვე ბულგარეთის სამხრეთში, როდოპის მთების ჩრდილოეთ კალთაზე აღმართულია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების ქართული სავანე, რომლის თაობაზეც გიორგი ჯორჯაძე გასულ საუკუნეში ამცნობდა ქართველ მკითხველებს.

პეტრიწონის, იგივე ბაჩკოვის სავანე სიდიდით მეორე ადგილზეა ბულგარეთში რილის მონასტრის შემდეგ. იგი მდებარეობს მდინარე ჩეპელარსკას მერჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 400 მეტრზე. მისგან 30 კილომეტრით არის დაშორებული ქალაქი პლოვდივი, წარსულში ფილიპოპოლი; „ბულგარეთის იერუსალიმად“ წოდებული ასენოვგრადი კი მონასტრიდან ათიოდე კილომეტრშია. მაღალი გალავნით გარშემოვლებული და მთლიანად მწვანეში ჩაფლული სავანე გარედან ნამდვილ ციხე-სიმაგრეს ჰგავს. მის წინ მრავალწლოვანი ჭადრები და კაკლის ხეები აზიდულან. როდოპის ჭაღარა მწვერვალები, დაბურული წიწვიანი ტყეები და ჩეპელარსკას მჩქეფარე ტალღები აი უკვე ცხრა საუკუნეა ამკობენ მონასტრის შემოგარენს.

მონასტრის კარიბჭე

ამ მიდამოებში ჰავა რბილია და შედარებით თბილი, ნამდვილი სიცივე შუა დეკემრიდან თებერვლის დასაწყისამდე იცის; მაგრამ ამ პერიოდშიც ხშირია მზიანი დღეები. თოვლი დიდი ხნით არ ჩერდება. მხოლოდ რამდენიმე დღეა იანვარში, როდესაც ტემპერატურა - 7-10 გრადუსამდე ეცემა. ყველაზე ცხელი პერიოდი ივლისსა და აგვისტოს პირველ ნახევარშია. ძალზე იშვიათია, რომ ზაფხულში ტემპერატურა 30 გრადუსამდე ავიდეს. ეგეოსის ზღვიდან მონაბერი თბილი და საამო ქარები ამ რაიონში ქმნიან სასიკეთო პირობებს ყოველგვარი ხე-მცენარეების - ბალის, ლეღვის, ხურმის, ატმის მოსაყვანად. გაზაფხულიდან შემოდგომამდე ხარობს ნაირგვარი ხილი და ბოსტნეული.

ტბილი, ანკარა, ყინულივით ცივი მთის წყაროებით, გვალვებშიც რომ არ შრებიან, სურნელოვანი ყვავილებით მოჩითული ლამაზი მდელოებით, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით შეუმოსია უფალს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სავანე, რომელიც გაუშენებიათ „შორს სოფელთაგან და მსოფლიოთა, ამას შუენიერსა უდაბნოსა, რომელი აღასავსე არს ყოვლითა კეთილითა, ესე-იგი არს მრავლითა და ტკბილითა წყლითა და წყაროებითა და მათ შინა მრავლითა და გულის-სათქუმელითა თევზითა და თითო-სახითა ნაყოფითა, ხილითა და ვენახებითა და მხლითა და გუარად-გუარადითა და სხვითა ყოვლითავე, რომელიცა უხმს მონაზონთა“.

პიროვნება, ვისაც ასე საგულდაგულოდ შეურჩევია ადგილ-მამულები, აღუშენებია და დაუმკვიდრებია ამ თვალწარმტაც მიდამოში სავანე, გახლდათ ბიზანტიაში მოღვაწე ქართველი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე გრიგოლ ბაკურიანის-ძე, რომელმაც XI საუკუნის მიწურულს - 1083 წელს, ბულგარეთის მიწა-წყალზე დააარსა ქართული მონასტერი, სადაც ქართველი ბერ-მონაზონნი მშობლიურ ენაზე აღუველენენ უფალს ლოცვასა და ქება-დიდებას.

 

გრიგოლ ბაკურიანის-ძე, დამაარსებელი და მაშენებელი პეტრიწონის მონასტრისა

გრიგოლ ბაკურიანის ძის
ფრესკული გამოსახულება

გრიგოლ ბაკურიანის-ძე იყო ტაოელი, ძე ერისთავთ ერისთავის ბაკურიანისა. ბაკურიანსა და მის ძმას, ხვასროვანს, ტაოში დიდი მამულები ჰქონდათ და შესანიშნავი ოჯახების პატრონებიც იყვნენ; ბაკურიანს ჰყავდა ორი ვაჟი და რამდენიმე ასული, ხოლო ხვასროვანს - ერთი ვაჟი, ბიძის მოსახელე ბაკურიანი.

გავლენიანი და წარჩინებული დიდგვაროვნების ვაჟებს მემკვიდრეობად მხოლოდ მამის სახელი დარჩათ, რადგან ბაკურიანი ადრე გარდაიცვალა და დედამ ადგილ-მამული და ქონება უთავრესად თავის ქალიშვილებს მისცა მზითვად; ამის შესახებ გრიგოლ ბაკურიანის-ძე სინანულით მოგვითხრობს: „რამეთუ ნეტარი მამაი ჩუენი ვინაითგან ადრე მიიცვალა და ჩუენ მცირენი დაგვიტევნა და ჰასაკად ვერ მოწიფებულნი, ამისთვის ყოველი მონაგები და სახმარი მამისა ჩუენისა დედამან ჩუენმან დედობრივისა ჭირვეულობასა მიხედვითა სხუათა მათ შვილთა თვისთა დათა ჩუენთა ზითვად მისცა და ჩუენ შიშუელნი დაგვიტევნა ყოვლისაგან მამულისა და დედულისაგანცა სახმრისა. და დანი ჩუენნი ზითვითა მათითურთ წარვიდეს ქმართა მათთა და განიბნინეს სხუათა და სხუათა შინა სოფელსა და მუნ წარაგეს ყოველი“.

დაობლებულ გრიგოლსა და მის უმცროს ძმას აბაზს თავად მოუხდათ ცხოვრებაში გზის გაკვალვა. მრავალი გაჭირვება დაითმინეს და დიდი ნიჭის წყალობით ძლიერ დაწინაურდნენ ბიზანტიის სახელმწიფო სამსახურში, განსაკუთრებით გრიგოლი. თავდაპირველად იგი იყო ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციების ჯარების მხედართმთავარი; სხვადასხვა დროს მსახურობდა მშობლიურ საქართველოში, სომხეთში, სირიაში, განმგებლად იყო კარნუ ქალაქში (თეოდოსიოპოლში), ანისში, კარში. შემეგ დასავლეთში გადავიდა და გახდა ბიზანტიის იმპერიის დასავლეთის დიდი დომესტიკოსი, ანუ მთავარსარდალი. ამ დროს მისი რეზიდენცია იყო ადრიანოპოლში, ამასთანავე ფილიპოპოლის გარეუბანში ჰქონდა სასახლე და ადგილ-მამული. იმ დიდი ღვაწლისათვის, რომელიც გრიგოლსა და მის თანამემამულეთ მიუძღოდათ ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთი და დასავლეთი საზღვრების თავგანწირულ დაცვაში, იმპერატორებმა მას სხვა მხარეებშიც უბოძეს მამულები - ტაოში, ანისში, ეგეოსის ზღვის პირას მოსინოპოლში.

XI საუკუნეში ბიზანტია წარმოადგენდა უზარმაზარ იმპერიას, რომელიც სამხრეთ-დასავლეთით საქართველოს ესაზღვრებოდა, ქართველთა მიწა-წყლის ერთი ნაწილ - ტაო-კლარჯეთის კი უშუალოდ მის ფარგლებში შედიოდა. ბიზანტიის იმპერატორის მიხეილ VII დუკას (1071-1078) მეუღლე მარიამ-მართა საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხის ასული იყო; მიხეილსა და მარიამს ჰყავდათ შვილი კონსტანტინე, რომელსაც ზრდიდა იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანი, ბერძენი ეპისკოპოსი თეოფილაქტე ოხრიდელი. ბუნებრივია, მაშინ ბიზანტიის სამეფო კარზე ქართველებიც მოღვაწეობდნენ, რომელთა შორის იყვნენ ტაოელი ერისთავთ ერისთავის, ბაკურიანის ვაჟებიც - გრიგოლი და აბაზი. 1078 წელს ნიკიფორე ბოტანიატმა ტახტიდან ჩამოაგდო მიხეილ მეფე. მარიამ დედოფალი იძულებით ცოლად გაჰყვა ახალ იმპერატორს. ხანშიშესულმა უშვილო ნიკიფორემ გადაწყვიტა, სამეფო კვერთხი გვერდითი შტოსათვის, სინადინების გვარისთვის გადაეცა. ამით უკმაყოფილო ალექსი კომნენოსმა, მომავალმა იმპერატორმა, მისმა უფროსმა ძმამ ისააკმა და მარიამ დედოფალმა შეკრეს კავშირი, რომელმსაც მიემხრო ალექსისთან დაახლოებული გრიგოლ ბაკურიანის-ძეც. შეთანხმდნენ, რომ ბიზანტიის სამეფო ტახტზე ავიდოდა ერთ-ერთი კომნენოსი, ხოლო მარიამის მემკვიდრეს, კონსტანტინეს, ხელისუფლებას გაუნაწილებდნენ. აღსანიშნავია, რომ მარიამ დედოფლის ძმისშვილი ირინე ცოლად შეირთო იმპერატრო ალექსი კომნენოსის უფროსმა ძმამ ისააკმა. მათი ვაჟი იოანე-ადრიანე XII საუკუნის ორმოციან წლებში ბულგარეთის მთავარეპისკოპოსი გახდა.

კომნენოსთა განზრახვა წარმატებით დაგვირგვინდა - ნიკიფორე ბოტანიატმა უარი თქვა სამეფო ტახტზე და ბიზანტიის იმპერატორის გვირგვინი დაიდგა ალექსიმ, რომელმაც საფუძველი დაუდო კომნენოსთა დინასტიას. ალექსის გამეფებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა გრიგოლ ბაკურიანის ძემ და მადლიერმა იმპერატორმა მას დასავლეთის დიდი დომესტიკოსის, ანუ ევროპაში იმპერიის ჯარების მთავარსარდლის თანამდებობა უბოძა. იმ დროისათვის გრიგოლ სევასტოსის („პატიოსანი“) წოდესაც ჰქონდა მინიჭებული. თუკი იმპერიაში სულ ორი დომესტიკოსი იყო - აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, და მათგან ერთ-ერთს ქართველი მხედართმთავარი ფლობდა, მისი ტიტული - სევასტოსი ბიზანტიის სახელისუფლო იერარქიაში მეორე იყო კესაროსის შემდეგ.

1086 წელს ბიზანტიას პაჭანიკები შემოესივნენ. როდესაც ბიზანტიელები მიუახლოვდნენ ციხე-სიმაგრე ბელიატოვოს, სადაც პაჭანიკები იყვნენ დაბაკანებული, გრიგოლ ბაკურიანის-ძემ სტრატეგიულად არახელსაყრელი პირობების გამო თავი შეიკავა იერიშისაგან. პაჭანიკებს კარგად გაემაგრებინათ ბელიატოვოს მისასვლელები და ასეთ პირობებში პირდაპირი იერიშით ციხე-სიმაგრის აღება და გამარჯვება საეჭვო იყო. მაგრამ თავისი მოადგილის, ნიკოლოზ ვრანას დაჟინებული მოთხოვნით დაიწყო ბრძოლა, რომელშიც ბიზანტიელები დამარცხდნენ. გმირულად დაიღუპა თვით ნიკოლოზ ვრანა და მასთან ერთად გრიგოლ ბაკურიანის-ძეც. როგორც მეისტორიე ანა კონენა გადმოგვცემს: „დომესტიკოსი გაშმაგებით იბრძოდა, მტრის წინააღმდეგ ძლიერი მხედრული შემართების დროს მუხას დაეჯახა და იქვე დალია სული“.

როდესაც ალექსი კომნენოსმა თავისი ერთგული მხედართმთავრის სიკვდილის ამბავი გაიგო, მწარედ დაიტირა იგი, რადგან გრიგოლი განსაკუთრებით უყვარდა და აფასებდა. თავისი მეფობის ხანაში სწორედ ალექსიმ უბოძა და ოქროსბეჭდით დაუმტკიცა ბაკურიანის-ძეს სოფელი პეტრიწო ფილიპოპოლის თემში, სადაც კეთილმორწმუნე ქართველმა სარდალმა უფლის სადიდებლად და თავისი სულის საცხოვნებლად დააარსა პეტრიწონის სავანე, რომელიც ყოვლადწმდია ღმრთისმშობელს მიუძღვნა.

 

გრიგოლ ბაკურიანის-ძე - მართლმადიდებლობის აღმსარებელი და დამცველი

XI საუკუნეში ბიზანტია მართლმადიდებლური სარწმუნოების ბურჯი და მთავარი დამცველი იყო მსოფლიოში. გრიგოლ ბაკურიანის-ძეც მათ შორის იყო, ვინც ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა ამ ღმრთისმოსავ სახელმწიფოს. „ნებითა ღმრთისაითა, ჭეშმარიტისა მართლმადიდებლობისა მათისა მიმდგომნი ვართ და აღმსაარებელნი და მოწაფენი მათნი“ - ქართველთა სახელით ამბობს მადლიერი მხედართმთავარი და მოწმობს, რომ თავის მრავალრიცხოვან ერთიან - ტაოელ ქართველებთან ერთად ბევრჯერ დაუღვრია სისხლი საბერძნეთის კეთილდღეობისათვის: „ჰასაკითგან სიყრმისა ჩემისაით და ვიდრე სიბერედ ჩემდამდე არაოდეს უდებ ვიქმენ დათხევად სისხლთა ჩემთა და თვისთა ჩემთასა და მრავლისა მის ერისა ჩემისასა სათნოყოფისათვის მეფობისა მათისა, ვინაიცა ვიბრძანე მსახურებად აღმოსავლეთს გინა დასავლეთს საბერძნეთისა სარგებელსა და მსახურებასა“. არ იქნება ტყუილიო, ამბობს გრიგოლი, თუ ვიტყვი, რომ ცოტა ჩვენგანი მომკვდარა თავის სარეცელზე მშვიდობით, უმეტესობა კი „ხელთაგან საბერძნეთისა და ძელისა ცხორებისა მტერთაისა მახვილითა მომწყდარ არიან“. საქმე იქამდეც მისულა, რომ თვითონ მე და ჩემთან ერთად არა მცირედი ჩემი ერი ტყვედ ჩავცვივნულვართ საბერძნეთის მტრების ხელშიო.

მრავალი ბრძოლა გარდაუხდია ქართველ მთავარსარდალს. მათგან ყველაზე დიდებული იყო ომი პაჭანიკებთან, როდესაც ღმერთმა გრიგოლის წინამძღოლობით მართლმადიდებელ მხედრობას მიანიჭა ქრისტიანთა მტრებზე საკვირველი გამარჯვება. ამ გამარჯვებისთვის ალექსი მეფეს თავისი სამეუფო შესამოსლით დაუჯილდოებია გრიგოლი. აი, რას მოგვითხრობს თავად სარდალი ამ ბრძოლის შესახებ: „ღმერთმან დიდითა ძალითა თვისითა და შეწევნითა ძლიერისა მარჯუენისა თვისისაითა დაამხუა ჩუენ მიერ უშჯულოი და ფრიად მძლავრი მტერი ქრისტიანეთა და საბერძნეთისაი ნათესავი პეწინაგთაი, რომელთაცა ძლეულებაი და მოსრვაი წიგნითა აღწერად ვერ ძალ-მიც“. დასასრულ კი სიხარულით ამბობს, რომ ჩემი აღსრულების შემდეგაც კიდევ დიდხანს გაიხსენებენო მაშინ ღმრთის მიერ აღსრულებულ სასწაულს.

ქართველ სარდალს დიდი პატივი ჰქონდა ბოძებული და უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობა უპყრა ბიზანტიის იმპერიაში - პატივით იყო სევასტოსი და თანამდებობით დიდი დომესტიკოსი. მაგრამ მას თავი არასოდეს განუდიდებია, რადგან უმთავრესი ქრისტიანული სათნოებით - თავმდაბლობით იყო შემოსილი. მის ყველაზე დიდ საუნჯეს კი არა მიწიერი პატივი და სიმდიდრე, არამედ ჭეშმარტი მართლმადიდებელი სარწმუნოება შეადგენდა. „მე გრიგოლ, ფრიად და ცოდვილმან და უღირსმან მონამან ქრისტესმან, ვიხილე თავი ჩემი სიყრმით ჩემითგან და ვიდრე სიბერედმდე ამაოდ და ცარიელად ყოველთაგან საქმეთა კეთილთა, ოდენ ღირს-ქმნულად ჭეშმარიტსა და მართლმადიდებელსა სარწმუნოებასა ქართველთასა...“. თავად პატივსა და ქონებას გრიგოლი ღმრთისაგან მონიჭებულად თვლიდა და მადლობდა უფალს: „ესე ყოველი - გინათუ მონაგები, გინა სახმარი, ანუთუ პატივი მთავრობისაი მომიგიეს, - ყოველივე შეწევნითა ღმრთისაითა ქმნილ არს ჩემდა და მშობელთა ჩემთა ლოცვითა და თვით ჩემითა მრავლითა ტანჯვითა და მოჭირვებითა და სისხლთა დათხევითა“.

საკვირველია გრიგოლის რწმენა. მას ღრმად სწამდა, რომ უფლის გარეშე ამქვეყნად არაფერი ხდება და მტრის ტყვეობიდან თავდაღწეული მადლობას უძღვნიდა უფალს: „ტყუეობისაგან გამომიხსნა ღმერთმან წყალობითა თვისითა“. იგი ყველა საქმეში ხედავდა კაცთმოყვარე ღმერთის განგებას, რომელიც ყველაფერს ადამიანის სასიკეთოდ წარმართავს; ამიტომაც მუდამ უფალზე იყო მინდობილი, მას სასოებდა და თავის მიერ აღსრულებულ ყველა კეთილ საქმეს ღმრთის მადლს მიაწერდა: „...რომელნი-ეგე დასაბამითგან მიცნობთ მე, უწყით კეთილად ყოველი ხარკებაი და სწრაფაი და ოფლითა მრავლითა შრომილებაი ჩემი, და ნიჭნი ღმრთისანი, რომელნი-იგი არა მე, არამედ მადლმან ღმრთისამან ქნა ჩემ თანა“.

რაც მთავარია, გრიგოლ ბაკურიანის-ძეს სწამდა, რომ იგი უფლის ნებით იყო დადგენილი მართლმადიდებლელი ბიზანტიის სამსახურში, რასაც მოწმობს მისი გულწრფელი აღიარება: „მე გრიგოლ, ნებითა ღმრთისაითა სევასტოსი და დიდი დომესტიკოსი ყოვლისა დასავლეთისა“. დასავლეთის დიდი დომესტიკოსი დარაჯად უდგა მართლმადიდებლობით ქრისტეს მოსავ უმძლავრეს ქვეყანას და ბერძენთა სამსახურში თავისი საქმიანობით, მარადიულ, ზეციურ სასუფეველზე ზრუნავდა, ხოლო საქართველოს, როგორც მიწიერ სამშობლოს, მის გულში სრულად განსაკუთრებული ადგილი ეკავა.

გრიგოლ ბაკურიანის-ძის დამოკიდებულებას სამშობლოსა და თანამემამულეებთან ცხადჰყოფს გურიის პატარა სოფელ მეწიეთში აღმოჩენილი „მარხვანი“, სადაც მეფე დავით აღმაშენებელთან, დედოფალ თამართან, ღირს ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებთან ერთად მოხსენიებულია გრიგოლ ბაკურიანის-ძეც: „ყოველთა ნათესავთა ჩუენთა მასპინძლისა ქართველთა გრიგოლ სევასტოსისა ბაკურიანის ძისა და ყოვლისა დასავლისა დიდისა დემესტლიკოსისა მართლმადიდებელისა საუკუმოიმცა არს სახსენებელი“. ამ ხელნაწერში გრიგოლი იწოდება ყოველთა ქართველთა მასპინძლად, და მკითხველს თავად შეუძლია იგულისხმოს, თუ რამდენ სტუმარს მიიღებდა საქართველოდან და რამდენ საქმეს - დიდსა თუ მცირეს - აღასრულებდა თანამემამულეთა სასიკეთოდ.

მათგან ერთ-ერთი უმთავრესის შესახებ ცნობა შემოგვინახა დავით აღმაშენებლის მემატიანემ: „და წარვიდა მეფე გიორგი მამულსა თვისსა ტაოს და მოვიდა ბანას. ხოლო მუნ მოვიდა წინაშე მათსა ზორავარი აღმოსავალისა გრიგოლ ბაკურიანის-ძე, რომელსა ჰქონდეს ოლთისნი და კარნუ-ქალაქი და კარი, და დიდად განიხარეს და განისუენეს. და მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქუეყანაი, და განიყარეს“. აღნიშნული მხარე 1065 წელს შეიერთა ბიზანტიამ, მაგრამ იგი მალე თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს. საქართველოს მეფე გიორგი მეორემ 1073 წელს დაამარცხა უსჯულონი და მთელი მხარე ხელთ იგდო. გრიგოლ ბაკურიანის-ძემ განთავისუფლებული მიწა-წყალი გიორგი მეფეს დაუმტკიცა. ამით გრიგოლმა თავისი განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართველთა სამეფოს გაძლიერების საქმეში. მემატიანის სიტყვებიდან ნათლად ჩანს სიხარულის განცდა, როემლიც დაუფლებია მამულისათვის დამაშვრალ სპასალარს, როდესაც სამშობლოს დაუბრუნა მისი მიწა-წყალი.

გრიგოლი იღვწოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების საკეთილდღეოდ. ათონის ივერთა მონასტრის აღაპი გვამცნობს: „თუესა იანვარსა კე აღაპი არს გრიგოლ და აბაზ ბაკურიანის ძეთაი. და ყოვლითა გულსმოდგინებითა გარდაიხდებოდენ, ძალისაებრ, მათისა მზეგრძელობისათვის და ცოდვათა შენდობისა“.

გრიგოლ ბაკურიანის-ძემ ძალზე დიდი ღვაწლი გასწია მართლმადიდებელი სარწმუნოების დასაცავად მშობლიური საქართველოს საკეთილდღეოდ, მაგრამ ყველაზე დიდი ღვაწლი და გვირგვინი ბაკურიანის-ძის ცხოვრებისა და მოღვაწეობისა, იყო და არის ბულგარეთის მიწაზე მის მიერ აგებული პეტრიწონის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების ქართული სავანე.

 

აღშენება პეტრიწონის მონასტრისა

გრიგოლ ბაკურიანის-ძე ჯერ კიდევ აღმოსავლეთში მსახურობდა, როცა განიზრახა მონასტრის დაარსება, მაგრამ სახელმწიფო საქმეებით დატვირთულმა გულისწადილის შესრულება მხოლოდ გვიან, ხანდაზმულობის ჟამს მოახერხა. თავად გრიგოლი მოგვითხრობს: „თავიდანვე მეწადა და ვფიქრობდი აღმოსავლეთში ყოფნისას, დასავლეთში დამკვიდრებამდე, აღმეშენებია ეკლესია და მონასტერი ჩემი ცოდვილი ძვლების სამარხოდ და განსასვენებლად, მაგრამ ჩემი მრავალი ცოდვის, ამ სოფლის საქმეთა ცვალებადობის და საწუთო ზრუნვათა მიმართ ჩემი სიყვარულის გამო დღემდე ვერ გავხდი გულისწადილის აღსრულების ღირსი“. და როდესაც მიიწია სიბერის ჟამს და მოიცალა წუთისოფლის საქმეთაგან, მართლმადიდებლური სავანის დაარსების სანუკვარი განზრახვა განახორციელა.

1083 წელს ბიზანტიაში სიმშვიდემ დაისადგურა და გრიგოლმა გადაწყვიტა თავისი სიმდიდრე და უფლებები გამოეყენებინა და სულის ხსნისათვის ეზრუნა - ამოარჩია თავის მამულში საუკეთესო ადგილი სოფელ პეტრიწონში და დააარსა ქართველთა მონასტერი, რომელიც მისი და მისი ძმის, აბაზის შენაწირების ხარჯზე იყო აგებული. საამისოდ „ნებითა ღმრთისაითა და ბედითა წმიდათა და თვითმპყრობელთა მეფეთაითა და ჩემითა მოსწრაფებითა და მოჭირვებითა არარაი მაკლდა“ - ამბობს გრიგოლი, და აბაზიც „ნებითა ღმრთისაითა მდიდარი იყო და აქუნდა ყოველივე სახმარი უკლებად“.

გრიგოლ და აბაზ ბაკურიანის-ძეთ დიდი სიყვარული და მტკიცე ძმობა ჰქონდათ ურთიერთში, რასაც მოწმობს გრიგოლის სიტყვები: „არავინ მყავდა ვინმე სხვა, ვისაც სულით მასზე მეტად მივენდობოდი, არც მას ჰყავდა ვინმე, ვისაც ჩემზე მეტად მიენდობოდა“. ისინი ერთად იბრძოდნენ ქრისტიანობის მტრების წინააღმდეგ ბიზანტიაში, ერთად იღვწოდნენ თანამემამულეთა საკეთილდღეოდ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, და ერთადვე ადგენდნენ ქართული მართლმადიდებლური სავანის მშენებლობის გეგმებს. საამისოდ აბაზიც საკმაოდ მაღალ ტიტულს ფლობდა - იგი გახლდათ მაგისტროსი, რომელიც თავისი მნიშვნელობით მეშვიდე იყო ბიზანტიის სახელისუფლო იერარქიაში. მაგრამ აბაზს არ დასცალდა, იგი ადრე გარდაიცვალა და მთელი თავისი ქონება და ადგილ-მამულები ანდერძით ძმას დაუტოვა, რათა გრიგოლს მის სულის ხსნისათვის ეზრუნა. მან დაიბარა, რომ თვითონაც იმ ეკლესიაში დაეკრძალათ, რომელსაც გრიგოლი ააგებდა: „სადაც ინებებს ჩემი ძმა ეკლესიისა და საფლავის აღშენებას, მეც იქ დამმარხეთო“. მართლაც, პირველი ძვირფასი ნეშტი, რომელიც გრიგოლმა პეტრიწონის მონასტრის საძვალეში დაკრძალა, სწორედ აბაზისა იყო, და მისა სახელსაც ტაძარში საგანგებოდ მოიხსენიებდნენ.

მონასტრისათვის გრიგოლს არაფერი დაუნანებია; შეუწირავს სოფლები გლეხებითურთ და ციხეები, დიდძალი სახნავ-სათესი ადგილები, საძოვრები, ტყეები, სათევზაო ტბა, აუშენებია ერთი სასნეულო და სამი სასტუმრო - სტენიმახში და ეგეოსის ზღვისკენ: ნიკოლაწმიდასა და მარმარას. ასევე შეუწირავს პატიოსანი ხატნი და ჯვარნი „სავსენი ნაწილითა ძელისა ცხორებისაითა“, ქართული და ბერძნული სახარებანი, სამღვდელო და სამეფო შესამოსელნი, ბარძიმ-ფეშხუმნი და სხვა საეკლესიო ნივთები თავისი ნუსხით, რომლებიც დამტკიცებულია მონასტრისადმი მიცემულ ოქრობეჭედში. „ესე უკუე ყოველი მიმიცემიან მონასტრისა ჩემისა ქართველთა ღმრთისმშობელისა პეტრიწონისადა“ - დასძენს გრიგოლი.

გრიგოლ ბაკურიანის-ძის ძალისხმევითა და ალექსი მეფის შემწეობით პეტრიწონის სავანეს სტავროპიგიულობის ხარისხი ებოძა, რაც მას განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებდა და ქართველი ბერების უფლებებს განამტკიცებდა საუკუნეებში. მონასტერი თავისუფლდებოდა ყოველგვარი გადასახადისაგან - „სამეუფოსა და საპატრიარქოსა, სამეტროპოლიტოსა და საებისკოპოსოსა და სამამასახლისოსა ყოველსა“. გრიგოლის ნათესავებსაც აკრძალული ჰქონდათ მონასტრის საქმეებში ჩარევა და მისი ქონებიდან რაიმე ნაწილის მოთხოვნა.

პეტრიწონის მონასტერი აიგო საგანგებოდ ქართველი ბერებისათვის, რომელთა რიცხვი უნდა ყოფილიყო არანაკლებ ორმოცდაათისა. ქტიტორმა იზრუნა სავანეში ღირსეულ მოღვაწეთა დამკვიდრებისათვის - პეტრიწონის პირველი იღუმენი იყო გრიგოლ ვანელი, რომლის შესახებ მონასტრის მაშენებელი ამბობს: „ადრიდანვე შეგვიყვარდა ჩვენ სანატრელი მონაზონი გრიგოლ, რომელიც რწმენითა და მხურვალე გულით გვემსახურებოდა და ლოცულობდა ჩვენთვის, და მასზე დაკისრებული საღმრთო მშენებლობის კეთილად აღსრულებით მიემთხვია ჩვენს განსაკუთრებულ სიყვარულსა და სიტკბოებას“.

პეტრიწონის მონასტრის საგანმანათლებლო მოღვაწეობა და სულიერი მემკვიდრეობა

საზღვარგარეთ არსებულ ქართულ სავანეებს შორის, რომელთაც ღრმა კვალი დააჩინეს გარდასული საუკუნეების ქართულ აზროვნებასა და საეკლესიო ცხოვრებას, ღირსეული ადგილი უჭირავს პეტრიწონის მონასტერს. მონასტერი უცხოეთში ქართველთა თავშესაფრად და სასულიერო მოღვაწეობის თვალსაჩინო კერად იქცა. მონასტრის აგებისთანავე ქტიტორმა წმიდა ნიკოლოზის მონასტერში დააარსა სემინარია ქართველი ყმაწვილებისათვის, სადაც ყრმები ქართულ ენაზე განისწავლებოდნენ ღმრთისმეტყველებაში და საღმრთო მსახურებისთვის მოემზადებოდნენ:

„დაგვიდგენია, რათა უწვერულვაშო ბავშვები მოთავსებულ იქმნენ წმიდა ნიკოლოზის მონასტერში, მახლობლად ციხისა და ერთი ვინმე მოხუცებული მღვდელთაგანი, წმიდა და მოღვაწე და ღირსეულად ჟამის მწირველი, ასწავლის მათ საღმრთო წერილს... ამ მოხუცებულ მღვდელს უნდა ჰყავდეს არა ნაკლებ ექვსი ყრმისა, რომლებიც დიდი მონასტრიდან მიიღებენ საზრდოსა და ტანსაცმელს. ისინი უნდა დარჩნენ იქ, სანამ სრულიად არ განისწავლებიან და სამღვდელო ხარისხისთვის არ მოემზადებიან. როდესაც წამოიზრდებიან და წვერს გაუშვებენ, ღირსი მღვდლობისა განწესებულ უნდა იქნეს მღვდელმოქმედად დიდ მონასტერში, ხოლო რომელნიც მღვდლობის ღირსად არ აღმოჩნდებიან, სრულიად გაძევებულ უნდა იქნენ სემინარიიდან, თუმცა ექვსზე ნაკლები მოსწავლე იქ არასოდეს არ უნდა იყოს“ - ნათქვამი იყო ტიპიკონში.

გრიგოლ ბაკურიანის-ძემ ღმრთისმშობლის სავანეს უხვად შესწირა საღმრთო წიგნები, მათ შორის: ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასი თვლებით შემკული ექვსი სახარება; თარგმანება სახარებისა, იოანეს თავისა; წიგნი ღმრთისმეტყუელი; ეთიკა წმიდა ბასილისა; წიგნი მრავალთავი; წმიდა სვიმეონის ცხოვრება; წმიდა მაქსიმეს ორი წიგნი; ორი წიგნი „კლემაქსნი“; ორი წიგნი „ღმრთისმშობლის ცხოვრების“; წიგნი სტუდიელისა; „თთუენი“, სამი; რვათა ხმათა საგალობელი; სვინაქსარი; სრული კურთხევანი; წიგნები სამოციქულო, ორი; ჟამნი; ეკლესიის კურთხევა; პარაკლიტონი ოთხთა ხმათა; წიგნი წმიდა ისააკისა; იადგარი გამოკრებული, და დავითნი. თუ რა დიდი საუნჯე შეუწიტავს ქტიტორს პეტრიწონის მონასტრისათვის, მეტყველებს ის გარემოება, რომ საღმრთო წიგნების თარგმანება ბერძნულიდან ქართულად სწორედ XI საუკუნეში დაიწყეს ათონის ივერთა მონასტერში მოღვაწე წმიდა მამებმა. ამიტომაც, ქართულ ენაზე გადმოთარგმნილი სასულიერო წიგნები იმჟამად დიდი იშვიათობა იყო.

ქტიტორისაგან გაღებული უხვი შემოწირულობანი გახდა ის ქვაკუთხედი, რასაც დაეფუძნა პეტრიწონის მონასტრის მომავალი სასულიერო საგანმანათლებლო საქმიანობა, რამაც ახლო მომავალში იგი ჩააყენა ქართული სულიერების ისეთი დიდი კერების რიგში, როგორებიც იყვნენ: ივერიის მონასტერი ათონის მთაზე, წმ. სვიმეონ საკვირველთმოქმედის სავანე შავ მთაზე, ჯვრის მონასტერი პალესტინაში.

ქართველი ხალხისათვის პეტრიწონის მონასტრის დიდ მნიშვნელობასა და საქართველოს მეფეების მხრიდან მისდამი განსაკუთრებულ ყურადღებაზე მიუთითებს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობა იმის შესახებ, რომ დავითმა „ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თვისთა ოდენ სამეფოთა, არამედ საბერძნეთისაცა, მთაწმიდისა და ბორღალეთისანი, მერმეცა ასურეთისა და კვიპრისა, შავი მთისა, პალესტინისანი აღავსნა კეთილითა, უფროსღა საფლავი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი...“. ბორღალეთის მონასტერში აქ პეტრიწონი იგულისხმება. დიდი თამარიც მზრუნველობას არ აკლებდა „კერძოთა ელადისათა და მთაწმიდას, ეგრეთვე მაკედონიისათა პეტრიწონს, კერძოთა თრაკიისათა და კონსტანტინოპოლის მონასტერთა“.

პეტრიწონის სავანემ უდიდესი როლი შეასრულა ბულგარელი ხალხის სულიერ ცხოვრებაშიც. XI საუკუნეში მთელი ეს მხარე - ფილიპოპოლის თემი დასახლებული იყო პავლიკიანელი სომხებით, რომლებიც მწვალებლური მოძრაობის ცენტრს ქმნიდნენ. პავლიკიანები ახლოს იყვნენ ბოგომილებთან; ეს ორი მწვალებლობა ძლიერ გავრცელებული იყო თვით ბულგარელთა შორის. პეტრიწონის მართლმადიდებლური სავანე კი ამ მხარეში მართლმადიდებლობის დაცვისა და განმტკიცებისათვის იბრძოდა. ამგვარად, გრიგოლ ბაკურიანის-ძის მიერ დაარსებულმა მონასტერმა ბულგარელი ხალხი ბოგომილურ და პავლიკიანურ მწვალებლობას ააცილა და მართლმადიდებლობაში განამტკიცა და განაძლიერა. ნიშანდობილივია, რომ გრიგოლი დაიღუპა სწორედ აჯანყებულ პავლიკიანთა და მათ მომხრობილ პაჭანიკებთან ბრძოლაში.

თუ რა დიდი მნიშვნელობა შეიძინა პეტრიწონის ქართველთა მონასტერმა ბულგარელი ხალხის სულიერ ცხოვრებაში, მადლიერების გრძნობით აღნიშნავენ თანამედროვე ცხოვრებაში, მეისტორიენი: „თუ მონობის საშინელებებმა ვერ შეძლეს ეროვნული თვითშეგნების ამოშანთვა, ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ბაჩკოვოს მონასტერს. წმ. ღმრთისმშობლის ბაჩკოვოს მონასტერი ძველი ბულგარეთის ერთი ჩაუმქრალი ლამპარია, რომელამც თვით ახალი დროის დამპყრობთა პირობებშიც შეძლო თავისი პრივილეგიების შენარჩუნება. თურქული უღლის ხუთსაუკუნოვან მრუმე ღამეში მონასტერი იყო თბილი და ნათელი კერა, რომელიც სიტყვითა და წერილობით, ზარების გუგუნითა და ზღუდე-გალავნებით ინახავდა ბულგარელთა სამშობლოს სულიერებას“.

პეტრიწონის სავანე ქართული სასულიერო მწერლობის ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრი იყო, განსაკუთრებით XI-XII საუკუნეებში. აქ ჩამოყალიბდა სასულიერო მწერლობის სკოლა, რომელსაც მოგვიანებით პეტრიწონული სკოლა ეწოდა. რიგ ქართველ მკვლევართა ნაშრომების მიხედვით სწორედ ამ მონასტერში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი და ღმრთისმეტყველი იოანე პეტრიწი. აკადემიკოს კორნელი კეკელიძის მოსაზრებით, გრიგოლ ბაკურიანის-ძეს „იოანე ან საბერძნეთში გაიცნობდა, ან თვით საქართველოში, ვინაიდან 1080 წლის ახლო ხანებში გრიგოლი ბანას მოვიდა გიორგი მეუფესთან დიპლომატიურ-პოლიტიკური მისიით. პეტრიწონის მონასტერში, სადაც სასულიერო სემინარიას ჩაუდგა სათავეში, იოანემ დაჰყო ოციოდე წელიწადი. ასე რომ, უმნიშვნელოვანესი და უკეთესი ხანა მისი სამწერლო-სამეცნიერო მოღვაწეობისა პეტრიწონის მონასტერთანაა დაკავშირებული, ამიტომ საკვირველი არაა, რომ რომ ამ მონასტრისაგან მიიღო პეტრიწის სახელწოდება“. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ „მისი თავისუფალი ფილოსოფიური აზროვნება და აღზნებული სამეცნიერო სულისკვეთება, გახდა მიზეზი იმისა, რომ, როგორც თვით იოანე ჩივის, აქაც დევნა აუტეხიათ მისთვის და იძულებული გაუხდიათ სხვა ადგილის მოძებნაზე ეფიქრა“.

მიუდგომელი მეცნიერული მსჯელობით მიღებული დასკვნები ცხადჰყოფენ, რომ გრიგოლ ბაკურიანის-ძის მიერ დაარსებულ მონასტერში ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სამოღვაწეო ასპარეზი სუფევდა, სადაც მტკიცედ იდგნენ საღმრთო წერილისა და წმიდა მამათა სწავლებაზე, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი „თავისუფალი ფილოსოფიური აზროვნება და აღზნებული სამეცნიერო სულისკვეთება“, რაგინდ დიდი მოღვაწის გონებრივ ნაყოფსაც არ უნდა წარმოადგენდეს იგი.

პეტრიწონის სკოლის წარმომადგენელთა შორის, სამწუხაროდ, დღემდე მხოლოდ დავით პეტრიწონელის სახელი შემოგვრჩა, რომელიც XI საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწე უნდა იყოს. „დოგმატიკონში“, ნიკიტა სტიფატის თხზულების თარგმანის ბოლოს, იკითხება: „ლოცვა ყავთ, მამანო, არსენისათვის თარგმანისა და დავითისათვის, პეტრიწონელისა მონაზონ-ხუცისა, რომლისა იძულებითა ბერძნულისაგან გადმოუქართულებიან ხუთნი ესე სიტყუანი სომეხთა განმაქიქებელნი“. ჩვენამდე მოაღწია აგრეთვე პეტრიწონში გადაწერილმა ერთმა ხელნაწერმა, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება. ეს გახლავთ „დღესასწაულთა საკითხავნი“. მასში შესულია იოანე დამასკელის, ეფრემ ასურისა და სხვათა თხზულებანი, ჰაგიოგრაფიული ძეგლები. ეს ხელნაწერი პეტრიწონიდან როგორღაც სვანეთში მოხვედრილა, ამჟამად კი თბილისში, ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული. პეტრიწონში გადაწერილი სხვა ქართული წიგნები და აგრეთვე გრიგოლ ბაკურიანის-ძის მიერ შეწირული სასულიერო ლიტერატურა, რომლებიც ტიპიკონშია ჩამოთვლილი, დღეს აღარსად ჩანს.

ამრიგად, ვიდრე საქართველო მკვიდრად იდგა ფეხზე, მის საზღვრებს გარეთ მყოფ სავანეებსაც დიდი თანადგომა და ხელშეწყობა ჰქონოდათ სამშობლოდან, მაგრამ რაჟამს განქარდა მისი ოდინდელი ძლევამოსილება, პეტრიწონის მონასტერსაც მოაკლდა ყურადღება და იგიც აჰყვა ბულგარეთის მღელვარე ისტორიის ტალღების რყევას.

1189 წელს პეტრიწონის მონასტერი დაარბიეს და გაძარცვეს კათოლიკე ჯვაროსნებმა, რითაც კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიისაგან განკვეთილი პაპისტების ნამდვილი სახე. ჯვაროსნული ლაშქრობის მემატიანე აქსბერგი გვაწვდის შემდეგ ცნობას: „თავიანთი III ლაშქრობის დროს ჯვაროსნებმა დაიპყრეს სტენიმახის ციხე-სიმაგრე და დაუფლნენ მის მახლობლად მდებარე მონასტერს, რომლის ბერები ქართველები იყვნენ. მონასტრის წინამძღვარი, რომელიც ასევე ქართველი იყო, ჯვაროსნებმა წაიყვანეს ფილიპოპოლში და წარუდგინეს იმპერატორ ფრიდრიხ ბარბაროსს. იმპერატორმა პატივით მიიღო ქართველი ბერი და გულითადი საუბრის შემდეგ უკან გამოისტუმრა“. როგორც ჩანს, ფრიდრიხი მოხიბლა ქართველი ბერის კეთილკრძალულმა და სათნო გარეგნობამ და ტყვეს არაფერი ავნო.

1206 წელს, როდესაც ბულგარეთის მეფემ კალოიანმა თავის სამფლობელოს მიუერთა როდოპის მთები, პეტრიწონის სავანე შევიდა ბულგარეთის მეორე სამეფოს შემადგენლობაში. მონასტრის განსაკუთრებული მფარველი იყო მეფე ივანე ასენ II (1218-1241), რომელიც დიდი საბოძვარებით სწყლობდა მას. ასევე უხვად შეეწეოდა მონასტერს მეფე ივანე ალექსანდრე (1331-1371), რომელიც მის ქტიტორადაც მოიხსენიება.

1363 წლიდან პეტრიწონის სავანე უსჯულოთა ხელში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც თურქი ოსმალები პლოვდივის ოლქს დაეპატრონნენ. ოსმალებმა დაიკავეს ბულგარეთის მაშინდელი დედაქალაქი ტირნოვო და 1393 წლის 17 ივლისს სწორედ პეტრიწონის კედლებით შეზღუდეს წმ. პატრიარქ ექვთიმე ტირნოვოელის თავისუფლება. უკანასკნელმა ბულგარელმა პატრიარქმა მონასტერში მოიტანა რწმენა, რომ დაპყრობილი ხალხი არ დაიღუპება, თუ მათ ჰყავთ სულით ძლიერი და მტკიცე ნებისყოფის ადამიანები, დამპყრობთა წინააღმდეგ საბრძოლველად შემართული. 1404 წელს, პატრიარქ ექვთიმეს სიკვდილისა და ტირნოვოს დაცემის შემდეგ გაუქმდა ტირნოვოს საპატრიარქო, რითაც დასრულდა ბულგარეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა. ბულგარეთის მიწები გადავიდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში. ქვეყანას დაედგა ორმაგი უღელი: სულიერი და პოლიტიკური. XV საუკუნის ბოლოდან მონასტერი იმყოფებოდა ვალახელ და მოლდაველ დიდებულთა მეურვეობის ქვეშ. რადო დიდიდან (1493-1508) გრიგოლ გიკამდე (1727-1733) მონასტერი უხვად იღებდა მათგან დახმარებას.

პეტრიწონის სავანეს ოფიციალურად ჰქონდა შენარჩუნებული ავტონომია და ამიტომ, მას შემდეგ, რაც ბულგარეთი ოსმალეთის განმგებლობის ქვეშ მოექცა, არ გაუნადგურებიათ და არც დაუნგრევიათ. XV საუკუნის ხანძარმა მრავალი ხელნაწერი და საბუთი იმსხვერპლა; XVII საუკუნეში მონასტრის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა ხალხის შემოწირულებებით აღდგომისა და ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულებზე. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა გასცა დასტური მონასტრის ავტონომიის შესახებ. 1745 წელს მონასტერი ოფიციალურად იქნა აღიარებული სტავროპიგიულად.

1892 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა მონასტრის იღუმენად დანიშნა არიქმანდრიტი მაკარი, რომელმაც გაყიდა სამონასტრო მიწები. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ დროს დაიკარგა მონასტრიდან ბერძნულ-ქართული ტიპიკონი, რომელიც მოგვიანებით კუნძულ ხიოსზე აღმოჩნდა, კორაისის ბიბლიოთეკაში. 1894 წელს მონასტრის ძმობამ თხოვნით მიმართა ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რათა მონასტერი მიეღო თავის განმგებლობაში. 1895 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქის, ანთიმოზ VII-გან მოვიდა შეტყობინება, რომ თუმცა მრავალი წლის მანძილზე პეტრიწონის მონასტერი, როგორც სტავროპიგია, ექვემდებარებოდა უშუალოდ კონსტანტინეპოლის პატრიარქს, ისტორიული სინამდვილე მოითხოვდა, რომ იგი გადასულიყო ბულგარეთის საეგზარქოსოს იურისდიქციაში, როგორც სტავროპიგიული.

 

პეტრიწონის სამონასტრო ნაგებობანი

პეტრიწონის სამონასტრო კომპლექსში გრიგოლ ბაკურიანის-ძის მიერ სამი ეკლესია იყო გათვალისწინებული: ერთი დიდი ტაძარი - ღმრთისმშობლის სახელზე და ორი მომცრო - იოანე ნათლისმცემლისა და წმ. გიორგის სახელზე, ხოლო ამ ნაგებობებიდან ოდნავ მოშორებით - საძვალე, იგივე სამარხო.

წმიდა იოანე ნათლისმცემლის
ტაძარი ასენოვგრადში

წარსულში მონასტერს არაერთი ძნელბებოდა შემთხვევია დამპყრობთაგან. XV საუკუნის გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ მთელი სამონასტრო კომპლექსიდან მხოლოდ წმიდა მთავარანგელოზთა ეკლესია გადარჩა, რომელიც სავარაუდოდ ქტიტორის გარდაცვალების შემდეგ იყო აგებული. ხალხის მოწადინებამ და სულიერებისაკენ მისწრაფებამ თავისი ნაყოფი გამოიღო და მომდევნო XVI-XVIII საუკუნეებში ბერების მიერ ერში შეგროვილ შემოწირულობათა წყალობით და აღდგენით სამუშაოებზე დიდისა თუ პატარის თავდაუზოგავი, უსასყიდლო შრომით კვლავ აღიმართა გრიგოლ ბაკურიანის-ძის მიერ დაარსებული სავანე.

აღდგენის შემდეგ პეტრიწონის სავანეს სახელი შეუცვალეს და XVII საუკუნიდან ბულგარეთში მას ბაჩკოვის მონასტერს უწოდებენ. მისი თავდაპირველი სახელწოდება მომდინარეობდა მახლობლად მდებარე სოფელ პეტრიწოსგან, რაც ბერძნულად „კლდეს“ ნიშნავს („პეტრა“). აქედანაა მონასტრის პირვანდელი სრული დასახელებაც: „მონასტირიონ ტო ივერიკონ პეტრიწოს“. რაც შეეხება მეორე სახელს - „მონი ბაჩკოვუ“, იგი მიიღო იქვე არსებულ სოფელ ბაჩკოვოსაგან. სავარაუდოდ, ეს სახელი წარმომდგარა ირანული წარმოშობის სიტყვიდან - „ბაჯ“, რაც „ბაჟს“ ნიშნავს, ხოლო „ბაჯ-გაჰ“ - საბაჟო პუნქტს, რომელიც სლავურში გარდაიქმნა „ბაჩკოვოდ“ - სოფელი ბაჩკოვო საბაჟო პუნქტი იყო ეგეოსის ზღვისკენ მიმავალ გზაზე.

დღეისათვის პეტრიწონის სამონასტრო კომპლექსი ასე გამოიყურება: მონასტერი საცხოვრებელი ნაგებობებით არის შემოსაზღვრული და გაყოფილია ორად - მის ჩრდილოეთ ეზოში აღმართულია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა (XVIII ს.) და წმ. მთავარანგელოზთა (XII ს.) ეკლესიები, სამხრეთ ეზოში კი - წმ. ნიკოლოზის ეკლესია (1834-36 წწ.). საცხოვრებელ ნაგებობებში, რომლებიც გალავნის მაგივრობასაც სწევდნენ, მოთავსებულია ბერებისა და მონასტრის სხვა მკვიდრთა სენაკები, ოთახები მომლოცველებისა და სტუმრებისათვის.

1601 წელს აიგო ის ორსართულიანი შენობა, რომლითაც ჩრდილოეთის ეზო არის მოზღუდული. ქვედა სართულზე განლაგებულია სამონასტრო საკუჭნაოები, აგრეთვე ძველი სამონასტრო სამზარეულო, რომელსაც თავისთავადი ეთნოგრაფიული ღირებულება გააჩნია. იქვეა სატრაპეზო, რომელიც 1623 წელს არის აგებული. იგი მოხატულია 1623-1643 წლებში უცნობი ხატმწერის მიერ.

პეტრიწონის მონასტრის საძვალე

მონასტრის ჩრდილოეთი ეზოს აღმოსავლეთი ფრთა სოლდურად იყო ნაშენი - ქვის წყობის სქელი კედლები სათოფურებითურთ, საიდანაც გამოშვერილი იყო თოფზამბულაკების გრძელი ლულები; ამას გარდა, აქ იყო სპეციალური ღიობიც, საიდანაც აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლებოდა მომხდურთა თავზე ადუღებული ფისის გადასხმა - ხშირად ეს იყო უებარი საშუალება დაუპატიჟებელი სტუმრებისაგან თავდასახსნელად; 1928 წლის ჩირპანის მიწისძვრის შემდეგ ეს ფრთა მოირღვა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ აღადგინეს და მასთან ერთად მონასტრის 9-ზარიანი სამრეკლოც. იქვე აიგო მყუდრო სასტუმროც ჩამოსული სტუმრებისათვის. 1902 წელს აშენდა ახალი სამონასტრო კორპუსი, რომლის ცოკოლის სართულზე განლაგდა საწყობები, აბანო და პურის საცხობი. ორ ზედა სართულზე მოთავსებულია ბერების სენაკები, მონასტრის ბიბლიოთეკა და ოთახები მაღალი რანგის საპატივცემულო სტუმრებისათვის.

1595 წლის დიდმა ხანძარმა გაანადგურა ამავე ეზოს ჩრდილოეთის ფრთა - დარჩა მხოლოდ საძირკველი და დიდი ქვის კონტრაფორსები მდინარე ჩეპელარსკას მხრიდან. აქ აგებულ ახალ კორპუსში ცოკოლის სართულზე მოეწყო მონასტრის სამზარეულო და სატრაპეზო, სამუზეუმო ექსპოზიცია. მეორე სართულზე ოთახებია სტუმრებისათვის.

1947 წელს მთელს სამხრეთის ეზოში გაჩნდა ხანძარი. ყველაფერი დაიწვა. აქ იყო 1943 წელს ევაკუირებული სასულიერო სემინარია, სემინარიის ბიბლიოთეკა უძვირფასესი წიგნებით; გადარჩა მხოლოდ ეკლესია. 1971 წელს დაიწყო რესტავრაცია. სამხრეთი ეზოს დასავლეთის კორპუსში - ცოკოლის სართულზე მოთავსებულია მარანი, მეორე სართული განკუთვნილია ახალი სამუზეუმო ექსპოზიციისათვის. იქვეა იღუმენის მისაღები დარბაზი სიმპოზიუმებისათვის.

 

წმიდა მთავარანგელოზთა ტაძარი

კლუბიის წმიდა
მთავარანგელოზთა ტაძარი

არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია მონასტრის დამაარსებლის გარდაცვალების შემდეგ არის აგებული, იმპერატორ ალექსი I კომნენოსის მეფობის პერიოდში. XVIII საუკუნით დათარიღებული მისი გამოსახულება ეკლესიის ქვეშ ერთ-ერთ საყრდენ ბურჯს ამშვენებს. იმპერატორი სამეფო სამოსშია გამოწყობილი. მარჯვენა ხელში უპყრია საიმპერატორო ხელისუფლების სიმბოლო-ნიშანი. ეკლესია ერთნავიანია პატარა გუმბათითა და მოგრძო სარკმლებით, საიდანაც უხვად იღვრება სინათლე.

ბერების საცხოვრებელ კორპუსსა და ეკლესიას შორის ასაწევი ხიდი იყო, რომლითაც ბერები ეკლესიაში მონასტრის ეზოს გაუვლელად შედიოდნენ, რაც ზამთრობით განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. ტაძარი მოხატულია იოანე მოსხის მიერ 1846 წელს.

ეს ეკლესია ამჟამად დაზიანებულია, მაგრამ რაც მოღწეულია, გარკვეულწილად მიუთითებს ძველ ქართულ სატაძარო არქიტექტურასთან კავშირზე. ტაძრის გარეთა საფასადო ქვის წყობაში ქართული ტაძრებისათვის დამახასიათებელი ყრუ ნიშებია გამოყენებული.

 

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძარი

ჩრდილოეთის ეზოს შუაგულში ბაკურიანის-ძისეული ეკლესიის ნაფუძარზე დგას ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი.

XV საუკუნეში დანგრეული ძველი ეკლესიის ადგილზე 1604 წელს აშენდა ამ პერიოდისათვის თითქმის ერთადერთი დიდი ტაძარი ბულგარეთში (XVI საუკუნის ბოლომდე ბულგარელებს დამპყრობთაგან თავიანთ მიწაზე აკრძალული ჰქონდათ ტაძრების მშენებლობა).

არქიტექტურული სტილით ეს ცენტრალური სამონასტრო ეკლესია მიეკუთვნება ათონის ჯვარ-გუმბათოვან ტაძართა რიგს. ტაძარში უხვად იღვრება სინათლე თაღში ამოჭრილი 12 სარკმლიდან. წარწერა დასავლეთის კარზე მიუთითებს, რომ ძველი მოხატულობა 1850 წელს განუახლებია ბერძენ ხატმწერს იოანე მოსხს. ეკლესიის აშენების თარიღი აღნიშნულია წარწერაში, რომელიც გვაუწყებს, რომ იგი აგებულია „იღუმენი პართენის დროს 7112 (1604) წელს“.

კანკელის ზედა რიგში, მცირე ზომის ხატებს შრის არის წმიდა პეტრესა და პავლეს ხატები, რომლებიც XIV საუკუნით თარიღდება და ახალ კანკელში ძველი კანკელიდან არიან შემორჩენილნი. საკურთხევლის მხატვრობა XIX საუკუნისაა, ტაძრის მთავარი სიწმინდეა ღმრთისმშობლის საკვირველთმოქმედი ქართული ხატი.

 

წმიდა ნიკოლოზის ეკლესია

სამხრეთის ეზოში აღმართულია 1834-1836 წლებში აგებული წმიდა ნიკოლოზის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც მოხატულია ხატმწერ ზაქარია ზოგრაფის მიერ. ფრესკების დიდი ნაწილი ეთმობა წმ. ნიკოლოზის ცხოვრებას და უდიდეს საეკლესიო დღესასწაულებს. წმიდანთა გარდა აქ გამოსახულია ხატმწერის თანამედროვე ცხოვრების სურათები, თავისი დროის ტკივილით აღსავსე ისტორიები და მისი თანამემამულეების პორტრეტები საშინელი სამსჯავროს წინაშე.

 

მონსტრის ძველი სატრაპეზო

მონასტრის სატრაპეზო

შენობა აგებულია XV საუკუნის მიწურულს. იგი წარმოადგენს გრძელ ნაგებობას თაღოვანი ჭერით. ოთახის შუაში დგას მარმარილოს მაგიდა.

მონასტრის ძველი სატრაპეზოს მოხატულობა თარიღდება 1643 წლით. ამავე პერიოდში მოიხატა ტაძრის სტოა. ხატმწერიც ერთიდაიგივე უნდა იყოს.

სატრაპეზოს თაღზე გამოსახულია „იესეს ხე“ - საგვარეულო ხე ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა და პირველმღვდელმთავართა, წმიდა მოციქულთა და მახარებელთა 62 ხატით. თაღის დასავლეთის მხარეს, ქვედა რიგში გამოსახულია ძველბერძენ ფილოსოფოსთა და სახელმწიფო მოღვაწეთა 12 ფიგურა.

თაღის ქვეშ, სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლები დამშვენებულია ღმრთისმშობლის დაუჯდომლის ციკლით. ჩრდილოეთის კედლის ნაწილი ეძღვნება შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებას.

სატრაპეზოს აქვს ორი ნახევარწრიული მოყვანილობის ნიში - აღმოსავლეთისა და დასავლეთის. აღმოსავლეთ ნიშში გამოსახულია დედა-ღმრთისმშობელი, აქეთ-იქით ორი მთავარანგელოზით. ნიშის თავზე აღმოსავლეთის კედლის ზედა ნაწილი მთლიანად ეთმობა საშინელი სამსჯავროს კომპოზიციას, რომლის ცენტრში მაღლა „დეისუსი“ (ვედრება) არის გამოსახული - ღმრთისმშობელსა და იოანე ნათლისმცემელს შორის წრიულ მანდორალში სუფევს სამყაროს მბრძანებელი - იესო ქრისტე.

ძველი სატრაპეზოს გარეთა კედელი მოხატულია დიდი სამონასტრო პანორამით. მიუხედავად ამინდის ჭირვეულობისა: წვიმისა თუ მზისა, ყინვისა თუ ქარისა, საუკუნეზე მეტია თავის ცოცხალ ფერებს უცვლელად ინარჩუნებს მთელს ბულგარეთში ყველაზე დიდი პანორამული კედლის მხატვრობა, რომელიც ნუგეშელ ბულგარელ ხატმწერს, ალექსი ათანასოვს ეკუთვნის და შესრულებულია 1846 წელს. პანორამა მდიდარ ცნობებს იძლევა გასული საუკუნის მონასტრის არქიტექტურული ანსამბლისა და მისი შემოგარენის შესახებ - ხედით ჩრდილოეთიდან მოჩანს მთავარანგელოზთა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ეკლესიები. აქვეა გამოსახული მონასტრის შორიახლო გარეუბანში მდებარე ასენოვგრადის სამონასტრო მეტოქი, ასენოვის ციხე-სიმაგრე, სამლოცველოები.

საშინელი სამსჯავროს ფრესკის ფრაგმენტები

მოციქულები და ანგელოზთა დასი მოციქულთა გუნდი მოციქულები და ანგელოზთა დასი

პეტრიწონის საძვალე და ქართველი ხატმწერი იოანე ივეროპულოსი (ივერიელი)

მონასტრის ყველაზე ძველი ნაგებობაა საძვალე, რომელიც ერთადერთი შემორჩა სრული სახით გრიგოლ ბაკურიანის-ძის დროიდან. დიდი დემესტიკოსი მის შესახებ წერდა: „რომელი ესე მებრ მაშენებელი ვარ პირველ ხსენებულისა მის ახალშენებულისა მონასტრისა და მას შინა სამარხოისა მის განსასუენებელისა ჩემისა...“

სამაროვანი, სიგრძით 21 და სიგანით 7 მეტრი, ერთნავიანი, ორსართულიანი შენობაა, რომლის ქვედა სართულში საძვალეა, ხოლო ზემო სართული წარმოადგენს ეკლესიას. აკაკი შანიძის ვარაუდით, ეს ბაკურიანის-ძის დროინდელი წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაა. საძვალე შიგნით სამი განყოფილებისაგან შედგება: კარიბჭე, შუა ნაწილი და საკურთხეველი. კარიბჭეს წინათ ოთხი შესასვლელი ჰქონდა. რესტავრაციის შემდეგ სამი ამოუშენებიათ და ერთი დაუტოვებიათ.

სატრაპეზოს აღმოსავლეთ კედლის მოხატულობა

ქვედა სართულზე საძვალის ცენტრალურ ნაწილში სტოადან შევყავართ პატარა კარებს. ქვის იატაკში გაჭრილია სამარხები, სადაც მარხავდნენ მონასტერში მცხოვრებ ბერებს. ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი.

გარედან საძვალის ეკლესია არაჩვეულებრივი დახვეწილობით გამოირჩევა. რვა ყრუ თაღოვანი ნიში და კედლის მხატვრული წყობა, სადაც რიტმულად მონაცვლეობენ ტუფის, აგურისა და დუღაბის ზოლები, ქმნიან არქიტექტურის ელეგანტურ სტილსა და ერთიან ჰარმონიას, რაც აგრერიგად დამახასიათებელია ქართული სატაძრო ნაგებობებისათვის. აღმოსავლეთის მხრიდან ფასადი დამშვენებულია შვერილი აფსიდით, რომელშიც სამი მცირე ზომის სარკმელია გაჭრილი. დასავლეთის მხრიდან ორივე სართულზე არის სტოა.

მთლიანობაში საძვალის არქიტექტურული იერსახე თვალსაჩინოდ განსხვავდება პეტრიწონის დღეისათვის არსებული სხვა სამონასტრო-სატაძრო ნაგებობებისაგან, რაც წარმოდგენას გვაძლევს მათ პირველსაწყის ხასიათზე - თუ როგორი დიდებულებით ბრწყინავდნენ ისინი ცხრა საუკუნის წინათ, როდესაც მთელი სამონასტრო კომპლექსი ერთ ხუროთმოძღვრულ სტილში იყო გადაწყვეტილი. როგორც საძვალის რესტავრაციაზე მომუშავე ბულგარელი სპეციალისტები აღნიშნავენ, მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელია ისეთი ძვირფასი სამარხები, როგორც პეტრიწონშია, ხოლო ასეთი ძვირფასი ხატწერის ნიმუშები თვით საბერძნეთშიც არ გვხვდება.

პეტრიწონის საძვალე მოხატულია ქართველი ხატმწერის იოანე ივეროპულოსის მიერ. არსებობს მოსაზრება, რომ იგი თვით გრიგოლ ბაკურიანის-ძეს ჩამოუყვანია საქართველოდან. ქვედა სართულზე, საძვალის კარის თავზე სტოას მხრიდან, არის წარწერა: „ეს ყოვლადპატიოსანი ტაძარი მოხატა ძირიდან ზემოთამდე, იოანე ზოგრაფ ივეროპულოსის ხელმა. ხოლო თქვენ, ამ სტრიქონთა მკითხველო, ილოცეთ ჩემთვის ღმრთის წინაშე“.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი.
ფრაგმენტი „ვედრების“ ფრესკიდან

XIV საუკუნის ქტიტორთა ფერწერული გამოსახულების გარდა, რომელიც, ცხადია, არ ეკუთვნის იოანე ივეროპულოსს, სტოათა ნიშებში ხატწერის კიდევ რამდენიმე ნიმუშია, ზოგი განახლებული XI საუკუნის შემდეგ (მაგალითად, გრიგოლისა და აბაზის პორტრეტებში), ან თავიდან შესრულებული (წმ. ელენესა და კონსტანტინეს ხატი, მამა-შვილი გიორგი და გაბრიელი - XIV საუკუნის ქტიტორები). დანარჩენი მხატვრობა მთლიანად იოანე ივეროპულოსის, იგივე ივერიელისა გახლავთ.

განახლებული ნიმუშებიდან გამოირჩევა გრიგოლ და აბაზ ბაკურიანის-ძეთა ფრესკები - ისინი ქვედა სართულის სტოას ჩრდილოეთ კედელზე თაღოვან ნიშში მთელი ტანით არიან გამოსახული ეკლესიის მაკეტით ხელში; გრიგოლის თავთან წარწერაა: „გრიგოლ-სევასტოსი და თავადი ბაკურიანთა გვარტომიდან, დიდი დემეტიკოსი და ქტიტორი“, აბაზის თავთან კი: „აბაზ მაგისტროსი, ქტიტორის ძმა“. ორივენი სადღესასწაულოდ, მდიდრულ ტანსაცმელში და წითელ ჩექმებში არიან გამოწყობილი.

XI საუკუნის უცვლელად შენარჩუნებული ხატწერიდან ყურადღებას იქცევს საძვალის კარიბჭეში წარმოდგენილი ტახტზე დაბრძანებული ღმრთისმშობელი, მარცხნივ და მარჯვნივ - ბიბლიური მამამთავარი აბრაამისა და კეთილგონიერი ავაზაკის მეზობლობაში და აგრეთვე - საშინელი სამსჯავროს სცენები, ხოლო საძვალის აღმოსავლეთის ნიშში „დეისუსის“ გამოსახულება, სადაც ყველაზე კარგად არის შემონახული ღმრთისმშობლის ხატი.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ფრესკული
გამოსახულება „ოდიგიტრია“

საძვალის ეკლესიის ტიმპანის თავზე გამოსახულია ღმრთისმშობლის „ოდიგიტრიის“ (ანუ მეგზურის) ხატი ყრმა იესოთი ხელში. ეკლესიის ინტერიერის მოხატულობიდან განსაკუთრებული სინატიფით გამოირჩევა „ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინება“. ამ მრავალფიგურიან კომპოზიციაში პერსონაჟები იკონოგრაფიული კანონის მიხედვით არიან განლაგებული. ღმრთისმშობლის განსასვენებლის ორივე მხარეზე ურვით შეპყრობილი მოციქულები დგანან. პეტრე მოციქულს ხელში საცეცხლური უჭირავს. პავლე მოციქული თავდახრით დგას, შუბლით მიძინებულის ფეხთ ეხება. თავთან იესო ქრისტეა ჩვილით ხელში, რომელიც სიმბოლურად მისი დედის უბიწო სულს განასახიერებს.

ეკლესიის საკურთხევლის აფსიდის კონქში გადარჩენილია ნაწილი კომპოზოციიდან: „ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი - ზეციური დედოფალი“. წმიდა მარიამის ორივე მხარეს სათნოებით აღსავსე სახის მთავარანგელოზები - მიქაელი და გაბრიელი დგანან ოქროსფერი ნიმბებით.

ქართველი ხატმწერის შემოქმედება ბულგარელი მეცნიერებისა და ხელოვნების მოღვაწეების ერთსულოვანი მაღალი შეფასების საგანია. მთელი მსოფლიოს სასულიერო სახვითი ხელოვნების მასშტაბებშიც სრულიად განსაკუთრებულ ადგილს აკუთვნებენ ქართველ ხატმწერს: „ქართველი ხელოვანის ნამუშევრები შეიძლება მივაკუთვნოთ შუა საუკუნეების ფერწერის საუკეთესო ნიმუშებს“.

 

ქართულ სიძველეთა ნაშთები პეტრიწონის მონასტერში

გრიგოლ ბაკურიანის ძის
დროინდელი რკინის
ალაყაფის კარი

ოდესღაც მონასტრის ყოველი ქვა და ყოველი ფრესკა ქართული სულიერი კულტურის ნიშანს ატარებდა. დღეს ქართული სულიერების კვალი ფრაგმენტულად შემორჩა.

მონასტრის ყველაზე დიდ სიწმიდეზე, „ქართველთა პეტრიწონის ღმრთისმშობელზე“, საგანგებოდ გვექნება საუბარი, ხოლო ამჯერად შევჩერდებით ქრისტიანული სიწმინდეების იმ ზოგიერთ ნიმუშზე, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა  საუკუნეებრივ განსაცდელთ და დღემდე მოაღწია ისტორიულ ხსოვნასა თუ რელიქვიებში.

მონასტრის შესასვლელშივე, ქვით კირის კედელში გამოჭრილი დიდი თაღის ქვეშ, რომელსაც ამშვენებს წარწერა ბულგარულ ენაზე: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა!“ შეკიდულია ლითონით შეჭედილი უზარმაზარი მუხის კარები. დღეს ეს არის ძირითადი ჭიშკარი - ალაყაფის კარი. მონასტრის მკვიდრთა გადმოცემით, იგი თვით გრიგოლ ბაკურიანის-ძის დროინდელია.

მთავარი ტაძრის გუმბათზე აღმართულია ერთი მეტრი სიგრძის მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, რომლის საყრდენში ქართული ასომთავრული წარწერაა დაქარაგმებული: „იესუს ქრისტეს ძლევაი“. სავარაუდოა, რომ ეს ჯვარი ეკუთვნოდა დანგრეულ ძველ ეკლესიას, რადგან XVII საუკუნეში ჯვარს ქართული წარწერით აღარ შეამკობდნენ (ნახატი ა).

ნ. ბერძენიშვილს 1949 წელს ჯვარზე აღმოჩენილი წარწერის არასრულად ამოკითხვის საფუძველზე გამოთქმული ჰქონდა მოსაზრება, რომ ეს იყო გრიგოლ ბაკურიანის-ძის საზოლავრო, ანუ სამხედართმთავრო ჯვარი. ის იმთავითვე გუმბათზე ასამართავად გაჭედილი არ ყოფილა და რომ გრიგოლმა იგი ეკლესიას შესწირა ლაშქრობის დამთავრების შემდეგ, მოგვიანებით, წარწერის სრულად აღმოჩენის დროისათვის წარწერამ მიიღო ქრისტიანული ეკლესიების ჯვრებისა და ფრესკებისათვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ფორმულის სახე.


ნახატი ა

სატრაპეზოს შესასვლელი კარების
თავზე გამოსახული
მონასტრის მაშენებლები -
გრიგოლ და აბაზ ბაკურიანის-ძენი

მონასტრის სატრაპეზის გარეთა კედელს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამშვენებს ბულგარელი ოსტატის ალექსი ათანასოვის პანორამა, რომლის ცენტრში ყველაზე უფრო მსხვილი პლანით და მთელი სხეულით გამოსახული არიან სავანის დამაარსებელი ქართველი ძმები - გრიგოლ და აბაზ ბაკურიანის-ძენი. მათ შორის დგას ბიზანტიის იმპერატორი ალექსი კომნენოსი. აქვეა ბერძნულ ენაზე შესრულებული წარწერა: „ამშენებელი მონასტრისა გრიგოლი და ასპასიოსი ძმა მისი. ალექსი კომნენოსი. იმპერატორი“. პანორამის მარცხენა ქვედა ნაწილში გამოსახულია საეკლესიო პროცესია, რომელიც ღმრთისმშობლის ქართულ ხატს კლუბიაში მიასვენებს. პანორამასთან დაკავშირებით საგულისხმოა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ფერწერული ქმნილების მარჯვნივ, სატრაპეზოში შესასვლელი კარების თავზე გამოსახულია ორი ჭარმაგი, კეთილშობილი სამოსით მოსილი მამაკაცი, რომელთაც ხელთ უპყრიათ ტაძარი. პეტრიწონის სავანისადმი მიძღვნილ ბულგარულ გამოცემებში აღნიშნულია, რომ ესენი არიან წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ორი ადამიანი წარმოდგენილია შარავანდედის გარეშე და მათ დიდი მსგავსება მოეპოვებათ პანორამისეულ გრიგოლსა და აბაზის სახეებთან, და ამასთანავე, ხელთ უპყრიათ საკუთარი სულიერი და მატერიალური ღვაწლის შედეგი - ღმრთისმშობლის ტაძარი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აქ მოციქულთა ხატები კი არა, ქტიტორტა სახეებია აღბეჭდილი.

სავარაუდოდ, ქართული ანბანის შემქმნელის
ფრესკული გამოსახულება

თვით სატრაპეზოში დიდად საყურადღებოა ჩრდილოეთ კედელზე, თითქმის ჭერთან არსებული ფრესკა. ამ ფრესკაზე გამოსახულია კოშკისებრი შენობა, რომლის ქვეშ მარჯვენა ხელზე დაყრდნობით წამოწოლილია შუა ხნის კაცი. იგი საერო პირია და შარავანდედის გარეშეა დახატული. მაგრამ ხსვა უნიმბო პერსონაჟის - არიოზისგან განსხვავებით, რომელიც ქვესკნელშია დანთქმული, ეს ადამიანი შარავანდედით მოსილი წმიდანების გარემოცვაშია წარმოდგენილი. კოშკის თავიდან ამ კაცს მზე დაჰნათის. ხოლო მის თავს ამკობს წარწერა: „ი ხარი ტუ“, რაც ნიშნავს „მადლით მოსილი“. ცნობილია მონასტრის ბერების შემდეგი გადმოცემა, რომელიც აკაკი ურუშაძემ ჩაიწერა პეტრიწონის სავანეში ყოფნისას: „არქიმანდრიტი კლიმენტი ამ ფრესკის შესახებ ამბობს: აქ გამოსახულია ის პირი, ვინც ქართული ანბანი შემოიღო... ეს ამბავი ტრადიციითაა დაცული და ყველასათვის ასეა ცნობილი... შესამოწმებლად ამ ფრესკის ამბავი ვკითხეთ არქიმანდრიტ ექვთიმეს, რომელიც ცალკე დავიხელთეთ. მანაც დაგვიდასტურა არქიმანდრიტ კლიმენტის ნათქვამი: ფრესკაზე გამოსახული კაცი ქართული ანბანის შემომღებიაო!“

ეს ფრესკა სპეციალისტების სერიოზულ გამოკვლევას საჭიროებს და თუ ბერების გადმოცემა დადასტურდა, შესაძლოა ეს იყოს მეფე ფარნავაზის ერთადერთი ფრესკული გამოსახულება ქართულ საისტორიო მატიანეში.

მსგავს ვარაუდს ის გარემოებაც განამტკიცებს, რომ იგი გამოსახულია მაცხოვრის დაბადებამდე მოღვაწე მეცნიერებთან და ფილოსოფოსებთან ერთად. ხოლო წარწერა - „ი ხარი ტუ“ ანუ „მადლით მოსილი“, მეტად საგულისხმო ერთობაში მოდის უფლის იმ მადლთან, რომლის შესახებაც ტიპიკონის მეთხუთმეტე თავშია საუბარი, სადაც ნათქვამია: „მადლისა მისებრ ღმრთისა მიერ მაცხოვრისა მონიჭებულისა თვითოეულისა ენისა ხმობად გალობისა თავადისა ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაი არს დიდებაი უკუნითი უკუნისამდე. ამინ“.

პეტრიწონის საძვალის კედლის მოხატულობაში ჯერ კიდევ 1898 წელს იხილვებოდა ქართულწარწერიანი ფრესკა წმიდა გიორგის გამოსახულებით. მაშინ ეს წარწერა გადმოიღო ბულგარელმა მეცნიერმა დ.ლასკოვმა და გაუგზავნა ნ.მარს, რომელმაც იგი XI საუკუნით დაათარიღა. წარწერაში ასომთავრულით გამოყვანილი იყო: „წმიდა გიორგი ქაშუეთისაი“. სამწუხაროდ ეს წარწერა დღეს აღარ არსებობს, თავად ამ ხატზე მიუთითებენ საძვალის ეკლესიის სტოაში, დასავლეთის კედელზე (ნახატი ბ).


ნახატი ბ

არცთუ დიდი ხნის წინათ ქართული წარწერა აღმოჩენილ იქნა იოანე ღმრთისმეტყველის ფრესკაზე, რომელიც XIV საუკუნეს განეკუთვნება და იმყოფება პეტრიწონის საძვალისავე სტოაში, ბულგარელი მეფის ივანე ალექსანდრეს ფრესკის გვერდით. ამ ფრესკაზე XIV საუკუნის შეთეთრებული ფენის ქვეშ აღმოჩნდა ქართული წარწერა: „წმიდაი იოანე ღმრთისმეტყუელი“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პეტრიწონის მონასტერი XIV საუკუნის პირველ ნახევარში ჯერ კიდევ ქართველებს ეკუთვნოდათ. თვით საძვალის ეკლესიაში, კარის კედელზე, შესასვლელთან მარცხნივ, გამოსახული არიან დიდი ქართველი მამები - იოანე, ექვთიმე და გიორგი ათონელები, რაც ათონის მთის ქართული სავანის მიმართ ქტიტორის განსაკუთრებულ პატივისცემასა და მოკრძალებაზე მეტყველებს.

საძვალის ხედი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან

საარქივო წყაროებზე დაყრდნობით დღევანდელ სამეცნიერო ლიტერატურაში ფეხმოკიდებულია თვალსაზრისი, რომ საძვალეში დაკრძალული არიან თვით ძმები ბაკურიანის-ძენი. აღინიშნება ის გარემოება, რომ გრიგოლმა მონასტრის აშენებისთანავე უპირველესად ვალი მოიხადა თავისი ძმის წინაშე და 1083 წელს პირველი ძვირდასი ნეშტი მიაბარა მიწას აბაზ ბაკურიანის-ძის სახით, ხოლო სამი წლის შემდეგ თვით იგი ღირს-ჰყო უფალმა თავის აგებულ საძვალეში სამუდამო განსასვენებლისა. მაგრამ, როგორც მონასტრის მემატიანეები იუწყებიან: „არ არის ჯეროვანი ცნობები, რომლებიც გვარწმუნდნენ, რომ კრიპტები გამოყენებული იყო დანიშნულების მიხედვით, ანუ მონასტრის დამფუძნებელთა დასაკრძალავად“. თუ ამ ცნობას დავეყრდნობით, მაშინ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საკითხი, რაც აქამდე დადასტურებულად მიაჩნდათ, სახელდობრ იქ ფაქტი, რომ კრიპტში, თაღოვან ნიშთან მონასტრის დამფუძნებელთა - გრიგოლისა და აბაზის ძვალთშესალაგია. უფრო სარწმუნო ჩანს საძვალის სარესტავრაციო სამუშაოთა წარმმართველის, პეტერ პოპოვის ცნობა იმის თაობაზე, რომ ეს საფლავები მათ აქ არც უნახავთ და არც ეგულებათ. მათ გაცილებით რეალურად მიაჩნიათ, რომ ძმების საფლავებად ჩაითვალოს ის ორი მდიდრული სამარხი, რომელიც მთავარ ტაძარშია აღმოჩენილი და რაც ქტიტორთა პატივს სრულიად შეეფერება.

 

„ასენოვგრადი - ბულგარეთის იერუსალიმი“
ქართული სულიერების კერა

პეტრიწონის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის
ხატის სახელზე აგებული ტაძარი ასენოვგრადში

ასენოვგრადი ძველი სტენიმახია. ხოლო ყველა ის ისტორიული ნაგებობა - ციხე-სიმაგრე თუ ეკლესია-მონასტერი, რომლებიც ასენოვგრადის ტერიტორიაზე მდებარეობს, ცოტად თუ ბევრად გრიგოლ ბაკურიანის-ძის სახელთან არის დაკავშირებული. ამდენად, თუ ეს ქრისტიანული სიძველენი ბულგარეთის ისტორიას ეკუთვნის, იგი თანაბრად საქართველოს ისტორიის კუთვნილებაცაა.

უძველესი თრაკიის მიწაზე, პლოვდივიდან დაწყებული, ასენოვგრადისა და მთელი მიმდებარე ტერიტორიების ჩათვლით, ტაძრები და ციხე-სიმაგრეები ძირითადად მთებისა და გორაკების მწვერვალებზეა აგებული და საქართველოს ციხეებისა და ტაძრების დარად სულიერთან ერთად ფორტიფიკაციურ დანიშნულებასაც ასრულებდნენ. ერთმანეთის გასწვრივ მიჯრით განლაგებულნი მტრის შემოსევასაც ზუსტად იმავე ნიშნებით - კოცონთა მეშვეობით აუწყებდნენ ერთმანეთს, როგორც ეს საქართველოში ხდებოდა.

როდოპის ჩრდილოეთ კალთაზე შეფენილ ასენოვგრადს, რომელიც დღეს ბულგარელი მეფის სახელს ატარებს, გრიგოლ ბაკურიანის-ძის დროინდელი სტენიმახის სახელით იცნობს მემატიანე, რაც ბერძნულად „ვიწრო გასასვლელს“ ნიშნავს. ციხით გამაგრებული სოფელი სტენიმახი მნიშვნელოვან პუნქტად ითვლებოდა ეგეოსის ზღვისკენ მიმავალ გზაზე. ჯვაროსანთა ლაშქრობის დროს 1189 წ. სტენიმახი დაუნგრევიათ, მაგრამ 1231 წ. მეფე ივანე ასენ II აღუდგენია. 1370 წელს ციხე-სიმაგრე თურქებმა დაანგრიეს. ხელახლა აღდგა სტენიმახი XVIII საუკუნეში.

პეტრიწონის სავანის ტიპიკონის მეორე თავში ნათქვამია, თუ რა და რა შესწირა მონასტერს დასავლეთის დიდმა დომესტიკოსმა: „პირველად თავითგანვე თემსა ფილიპოპოლისასა ციხედ წოდებული სოფელი პეტრიწონისაი, რომელი ვასილიკოსობად წოდებულ არს, სრულად ყოვლითა აგარაებითა თვისითა“ და „ეგრეთვე მივეც დამოკიდებით მისსა ჩემი დიდი სოფელი სტენიმახი, ჩემ მიერ აგებულითა ორითავე ციხით მისითურთ და ეგრეთვე მსგავსად აგარაებითურთ: ლიპიწონით და აგარაით ბარბარეწმიდითურთ, რომელი-იგი ფრენაკსა ახლავს, და სოხასტრებით მისით: ნიკოლწმიდით, ელიაწმიდით, ზემოით გიორგიწმიდითურთ და ქუემოით, რომელი სოფელსა ახლავს, მითვე სახითა სრულები თავისა ყოვლითავე პირველითგან გარე-შემოწერილთა ზღვრითა და ჩემ მიერ დადებულითა სინორითა შორის მისსა და მეორისა ციხისა ვოტინაისა“.

ტიპიკონი ცხადჰყოფს, რომ, როდესაც გრიგოლ ბაკურიანის-ძემ ააგო მონასტერი, მას საკუთრებაში გადასცა ყველა ის ციხე-სიმაგრე და ტაძარი, რომლებიც მის მიერ არის მითითებული. ეს ნაგებობები პეტრიწონის სავანესთან ერთად მთლიან ჰარმონიას ქმნიან. და სწორედ ისევე, როგორც ეკლესია-მონასტრები განკუთვნილი იყო მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ბერებისათვის, ხოლო ტაძრის მოსახატად გრიგოლს ჩამოჰყავდა ქართველი ხატმწერები - სრულიად ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ნაგებობათა კონსტრუქციებისა და გარეგბული იერის გათვალისწინებით, მათი ხუროთმოძღვარნი და კირითხურონიც უცილობლად ქართველები იქნებოდნენ! ასე აშენდა ასენოვგრადში ასენოვის ცნობილი ციხე-სიმაგრე თავისი ტაძრითურთ, წმიდა დიმიტრის სახელზე აგებული სამლოცველო, წმიდა იოანე ნათლისმცემლისა და წმიდა ეკატერინეს სახელობის ეკლესიები, წმიდა კვირიკეს სახელობის მონასტერი...

მთის ყველაზე მაღალ კლდოვან თხემზე მდებარეობს წმიდა დიმიტრი თესალონიკელის სახელზე აგებული სამლოცველო, ბაკურიანის-ძის დროინდელი მეტოქის დამცავი კოშკის ნაფუძარზე დამკვიდრებული.

წმ. მთავარანგელოზი მიქაელი

ტიპიკონში აღნიშნულია: „ხოლო რომელ-იგი სოფლისა სტენიმახისა ქუემო კერძო, ორთა მათ გზათა ზედა აღვაშენეთ ქსენადოში ერთი, განუწესებ და განუსაზღვრებ მას მისვე სოფლისა სტენიმახისა შემოსავალისაგან, რაითა მიეცემოდის მგზავრთათვის და გლახაკთა ყოველთა შინა დღეთა წელიწადისათა... აღიშენოს უკუე სამწიროისა მის თანა ბორცუსა ზედა კოშკი ერთი, რაითა სახმარი რაიცა იყოს, მას შჲნა დაიმარხოს და არავის ხელ-ეწიფოს მძლავრთა მგზავრთაგანსა უნებლებით მიტაცებად“.

როგორც ციტირებული ტექსტიდან ჩანს, ეს კოშკი მტრისაგან დაცვისა და საკვები მარაგის შენახვის ფუნქციებით, ტიპიკონის შედგენისას ჯერ არ იყო აგებული და მოგვიანებით აშენდა ყველაზე მაღალ მწვერვალზე, ზღვის დონიდან 400 მეტრ სიმაღლეზე, რომელსაც ძნელად მისასვლელი გზა უდგებოდა ქსენადოშიდან ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. დღეს ამ სიმაგრის ნანგრევებზე დგას წმიდა დიმიტრი თესალონიკელის სახელობის სამლოცველო.

პეტრიწონის მონასტრიდან სტენიმახის გზაზე პირველი უდიდესი ციხე-სიმაგრე და „პეტრიწონის წმ. ღმრთისმშობლის“ სახელობაზე აგებული ტაძარი აღმართულია მაღალ ბორცვზე და გარემოს გადმოჰყურებს მთელი თავისი გოროზი დიდებულებით. გრიგოლ ბაკურიანის-ძის ტიპიკონი ამ ციხე-სიმაგრეს გულისხმობს უპირველეს ყოველისა, როდესაც ასახელებს სტენიმახში პეტრიწონის მონასტრისათვის გადაცემულ ნაგებობებს. ეს არის არქიტექტურული ხელოვნების იშვიათი ნიმუში, რომელშიც მშვენივრად არის შერწყმული ბიზანტიური და ქართული ხუროთმოძღვრული ტრადიციები. ერთაფსიდიანი, ერთგუმბათოვანი ორსართულიანი ნაგებობა თავისი კოშკითურთ სტოას თავზე, მეორე სართულზე - სრულიად ახალ ელემენტს ქმნის მთელი ბულგარეთის ეკლესია-მონასტრებისა და ციხე-კოშკების არქიტექტურულ გააზრებაში.

ამ ეკლესიის შესახებ ქართველი მეცნიერი აკაკი ურუშაძე გვაუწყებს: „სტენიმახის ძველ ციხე-სიმაგრეში, ძნელად მისასვლელ მაღლობზე დგას ორსართულიანი, ცენტრალურგუმბათოვანი (ჯვრის სახიანი) ეკლესია, ღმრთისმშობლის სახელობისა. ეკლესიის კედლები, პეტრიწონის საძვალის მსგავსად ბრტყელი აგურით და ქვითაა ნაშენები. კარიბჭეზე აღმართულია კვადრატული კოშკი. ეს ეკლესია დღესაც პეტრიწონის ღმრთისმშობლის ეკლესიად იწოდება... უეჭველი ჩანს, ეს ეკლესია გრიგოლ ბაკურიანის-ძის დროინდელია... ეკლესია სრულიად ორიგინალურია და აშკარად განსხვავდება ამ ეპოქის ბიზანტიური ტაძრებისაგან... მეტად სასურველი და აუცილებელიცაა, პეტრიწონის საძვალეც და სტენიმახის ღმრთისმშობლის ეკლესიაც ქართველმა სპეციალისტებმა მოინახულონ და ყოველმხრივ შეისწავლონ“.

წმ. მთავარანგელოზი გაბრიელი

ასენოვგრადის დასავლეთის უბანში, მაღალი კლდის ქიმზე არწივივით არის გადმომდგარი წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, სრულიად მიუდგომელი ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან. იგი სწორედ ამ მხრით წარმოადგენდა როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური თავდაცვის ზღუდეს ქალაქისათვის. ერთნავიანი, ერთაფსიდიანი, უგუმბათო ტაძარი, სადაც შემონახულია საკურთხევლის მარჯვნივ კედელთან ძველი ხატწერის ნაშთი, იშვიათი სილამაზის ნაგებობაა.

შეუიარაღებელი თვალითაც იოლი შესამჩნევია, რომ პეტრიწონის საძვალე, იოანე ნათლისმცემლის ტაძარი და ასენოვის ციხე-სიმაგრე ერთ არქიტექტურულ სტილს ემორჩილება და ერთმანეთის მსგავს ნაგებობებს წარმოადგენს, იდენტური ყრუ თაღოვანი ნიშებით, კედლის წყობაში ტუფის, აგურისა და დუღაბის მონაცვლეობით; ორი უკანასკნელი ტაძარი უცილობლად მიეკუთვნება იმავე პერიოდს, როდესაც პეტრიწონის სავანეა აგებული და იმავე არქიტექტურულ სკოლას, რომელიც პეტრიწონის სამონასტრო კომპლექსს ქმნიდა.

მათივე სტილშია გადაწყვეტილი წმიდა ეკატერინეს ეკლესია ასენოვგრადის მაღალ გორაკზე, რომლის საკურთხევლისა მოხატულობა ძლიერ უახლოვდება XII საუკუნის ქართული ტაძრების კედლის მხატვრობას და როგორც ბულგარელი ხელოვნების ისტორიკოსები ვარაუდობენ, შესაძლოა ეკუთვნოდეს კიდეც ხატწერის ქართულ სკოლას. ეკლესია ნაგებია გრიგოლ ბაკურიანის-ძის დროს, ბულგარულ წყაროებში კი თარიღად ბეჯითად მოიხსენიება XII-XIV საუკუნეები. თუმცაღა, თვით ბულგარელი მეცნიერებიც ვერ უარყოფენ ყველა ზემოხსენებული ტაძრის ფორმასა და სტილის ერთიანობას.

ასენოვგრადიდან ოდნავ მოშორებით კიდევ ერთი სატაძრო კომპლექსია, რომლის თაობაზე გრიგოლ ბაკურიანის-ძე თავის ტიპიკონში აღნიშნავს, რომ სტენიმახში გადაცემული აქვს სამონასტრო მამულები სხვადასხვა თემისათვის. იმ ადგილმდებარეობას, რომელთანაც გრიგოლ ბაკურიანის-ძე აიგივებს „ციხეს მოტინაისას“, უკავშირდება ამჟამად არსებული წმიდა კვირიკესა და ივლიტეს ტაძარი, რომლის დაარსების თარიღი გრიგოლის მოღვაწეობის ხანას ემთხვევა.

ამრიგად, ასენოვგრადში გრიგოლ ბაკურიანის-ძის მიერ აგებული ყოველი ნაგებობა უცილობლად უკავშირდება ქართული ხუროთმოძღვრების ტრადიციებს, ხოლო შიგნიდან ისინი ხშირად ქართული ხატწერის ნიმუშებითვე არიან სრულქმნილი. მაგრამ ყოველივე ამის დადასტურება გარე სამყაროსათვის მტკიცე არგუმენტების გარეშე შეუძლებელია. ჩვენი საისტორიო მეცნიერება კი, მისი საერთაშორისო ავტორიტეტის თვალსაზრისით, კვლავ იმ დონეზე დგას, რომელსაც უჩიოდა ნიკო ბერძენიშვილი პეტრიწონის მონასტრის შესახებ დაწერილ თავის წიგნში „ძლევაი“:

„...ჩვენშიაც აგრე არ იყო გაან და კიდევ მეტიც: არქიტექტურა, მხატვრობა, ლიტერატურა, თვით ენაც კი (მაინცდამაინც მისი კულტურულ ცნებათა მარაგი) გამოცხადებული იყო ან ბერძნულ ბიზანტიურად, ან სპარსულ-არაბულად, თვით თურქულ-ოსმალურადაც კი. საქართველოში ქართული ცხოვრებისათვის ადგილი აღარა რჩებოდა, ან უკეთ, მას არავინ ეძებდა და არც არავინ ხედავდა“...

„პეტრიწონის ქართველთა სავანე ბულგარეთში“, თბილისი, 2001 წ.