დილისა და ძილად მისვლის ლოცვათა განმარტებანი

 

„ოდეს კაცი იტყვის რომელსამე ლოცვასა,
კარგად თუ არ ესმის აზრი მისი,
უსარგებლო იქნება მისთვის ის ლოცვა“
წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)

წმინდა მამების განმარტებით ლოცვა გონების საუბარია ღმერთთან. დიდი მნიშვნელობა აქვს მის სისწორეს. ამიტომ წმინდა ეკლესიამ დაადგინა დღის განმავლობაში გარკვეული ლოცვების კითხვა. მათ შორის მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის ყველაზე აუცილებელია დილისა და საღამოს ლოცვები.

უნდა ვილოცოთ აუჩქარებლად და გააზრებულად. ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული (1815-1894) გვირჩევს, თავისუფალ დროს ვიფიქროთ იმაზე, თუ რა წერია დილა-საღამოს ლოცვებში. მათი ყურადღებით კითხვა თანაზიარს გაგვხდის იმ მოღვაწეთა სულიერებასთან, ვისი გულიდანაც გამოვიდნე ისინი.

თუ ჩავუღრმავდებით დილისა და საღამოს ლოცვების ყოველ სიტყვას (ზოგჯერ ჩვენთვის მოულოდნელად) დავრწმუნდებით, რომ ღვთისადმი მიმართვა ამ ლოცვათა სიტყვებით გვავალებს, ჩვენი სულიერი სამყარო მოვაწყოთ სახარებისეული მცნებების შესაბამისად. როდესაც საღამოს ვამბობთ: „მიხსენ მე, უფალო... საწადელთაგან ბოროტთა“, ხოლო მეორე დღეს ჩავდივართ საწინააღმდეგოს, ჩვენი ლოცვა ხდება სხვისი სიტყვების მექანიკური გამეორება.

დილის ლოცვათა განმარტებანი

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ“ - ამ სიტყვებით ვადასტურებთ ჩვენს რწმენას ერთი სამპიროვანი ღმერთისადმი.

მეზვერის ლოცვა - „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ (ლუკა 18,9-14). განგვაწყობს საკუთარ ცოდვებსა და ნაკლოვანებებზე წუხილისათვის. შევიმეცნებთ ჩვენს ცოდვებს და დახმარებისათვის მივმართავთ მათ, ვისი ლოცვებიც, როგორც ნათელი სხივი, ადის ღმერთთან. სწორედ ამას ნიშნავს დასაწყისი ლოცვა, რომელშიც ვთხოვთ ღმერთს მოწყალებას წმინდა მამათა შუამდგომლობით.

წმინდა ბასილი დიდი (330-379) განასხვავებს ლოცვის ოთხ სახეს: სადიდებელი, სამადლობელი, სინანულისა და თხოვნითი. წმინდანთა მაგალითისამებრ ლოცვით კანონს ვიწყებთ წმინდა სამების დიდებით და მაშინვე აღვავლენთ ლოცვას სულიწმიდისადმი - რათა თავისი მადლით შეგვეწიოს და აკურთხოს ჩვენი ლოცვა. „ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩვენთა, რამეთუ რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თჳთ იგი სული მეოხ არს ჩვენთჳს სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა“ (რომ. 8,26), - ამბობს პავლე მოციქული.

სამწინდის კითხვისასაც შეწყალებას ვითხოვთ წმინდა სამებისაგან. ამ ლოცვას შემდეგი ისტორია აქვს: საბერძნეთში V საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა ძლიერი მიწისძვრა. ხალხი ღმერთს ევედრებოდა ხსნას. ერთმა ყმაწვილმა ხილვის დროს მოისმინა ანგელოზების გალობა - „წმიდაო ღმერთო, წმიდა ძლიერო, წმიდაო უკვდავო“. მან ხალხს აუწყა მოსმენილის შესახებ. ყმაწვილთან ერთად ყველამ დაიწყო ანგელოზთა გალობის გამეორება და დაუმატეს მას სიტყვები: „შეგვიწყალენ ჩვენ“. მიწისძვრა შეწყდა.

მოკლე სადიდებელი ჰიმნი წმინდა სამებისადმი - „დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, შედგენილია ანტიოქიელი პატრიარქების მელენტისა და ფლაბიანეს (IV ს.) მიერ, წმინდა სამების სამი პირის თანასწორობის დოგმატის განსამტკიცებლად.

ლოცვა წმიდა სამებისადმი ხსნის წმიდა სამების თითოეული პირის მონაწილეობას ადამიანის გადარჩენის საქმეში. სიტყვებით „უფალო, გჳხსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან“ - მიმართავენ მამა ღმერთს, რომელიც ძის სისხლით განგვწმენდს ცოდვათაგან; „მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი“, - ძე ღმერთს, რომელსაც აქვს ძალაუფლება განათავისუფლოს ცოდვებისაგან ჩვენი სულები; „წმიდაო, მოიხილენ და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი“, - სულიწმიდა ღმერთს, რომელიც მოდის ჩვენთან და განგვკურნავს სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან.

წმიდა სამების სახელით სამჯერ წარმოვთქვამთ მოკლე ლოცვას: „უფალო, შეგვიწყალენ“.

სხვა ლოცვებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საუფლო ლოცვას „მამაო ჩვენო“. იგი, როგორც ლოცვის ნიმუში, მოგვცა მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ (მთ. 6,9-13 და ლუკა 11,2-4). ეკლესიის მამები და მასწავლებლები ამ ლოცვაში ხედავდნენ „მთელ სახარებას შემოკლებით“ და გაოცებულნი იყვნენ მისი უბრალოებით და სიღრმით.

წმიდა მაქსიმე აღმსარებელი (VI-VII სს.) ყველაზე უფრო შემჭიდროებული ფორმით განსაზღვრავს ამ ლოცვას, როგორც „ღვთისმეტყველებას“ (მთ. 6,9-10), უფლის მოწყალებით ადამიანთა ღვთის შვილებად (მუხ.9), ანგელოზების თანაბარ პატივში ყოფნას (მუხ.10), საუკუნო ცხოვრებასთან ზიარებას (მუხ.11), ადამიანური ბუნების აღდგენას მის პირველყოფილ უცოდველ მდგომარეობაში (მუხ.12), დაგმობას ცოდვისა (მუხ.12-13) და ბოროტებისა (მუხ.13).

თითქოს „ადამიანთა ანგელოზებრივ პატივში ყოფნაზე“ მიუთითებენ წმ. სამების ტროპარები, რომლებიც „მამაო ჩვენოს“ შემდგომ იკითხება, მათში ანგელოზთა საგალობლით ვადიდებთ უფალს. ამ საგალობელზე ამბობს ესაია წინასწარმეტყველი: „ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა. და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა. და სერაფიმნი დგეს  გარემოჲს მისსა, ექუსნი ფრთენი ერთსა, და ექუსნი ფრთენი ერთსა და ორითა უკუე დაიბურვიდეს პირსა, ხოლო ორითა დაიბურვიდეს ფერჴთა და ორითა ფრინვიდეს. და ღაღადებდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ და იტყოდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!“ (ესაია 6,1-3).

ეს სიტყვები შევიდა ევქარისტიულ კანონშიც და იკითხება საღმრთო ლიტურგიაზე წმიდა ძღვენის გარდაქმნის წინ.

ვკადნიერდებით ანგელოზთა საგალობელის წარმოთქმით, მაგრამ ამავე დროს ვაცნობიერებთ ჩვენს უღირსებას, ამიტომაც კიდევ და კიდევ გამოვითხოვთ შეწყალებას ადამიანთა მოდგმის ქომაგის, ღვთისმშობლის მეოხებით.

ლოცვით „უფალო, შეგვიწყალენ“ ვამზადებთ სულიერ და ხორციელ ძალებს, მთელს ჩვენს გონებას, გულს და ნებას ღვთის თაყვანსაცემად და ვთხოვთ უფალ იესო ქრისტეს, იმეფოს ჩვენზე.

შემდეგ ლოცვაში ვმადლობთ წმიდა სამებას, რომელმაც მოგვმადლა კიდევ ერთი დღე ჩვენი ცხოვრებისა და ვთხოვთ, მისი წყალობით ამ დღეს ვაკეთოთ ყოველივე მისი სახელის სადიდებლად.

„მოვედით, თაყვანის-ვსცეთ...“ ამ შევრდომას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესადმი ვასრულებთ მეტანიებით.

50-ე ფსალმუნი დაწერილია მეფისა დაა წინასწარმეტყველის დავითის მიერ, მისი ცოდვით დაცემის შემდეგ (იხ. 2 მეფ. 11,12). ამ ფსალმუნში იგი ღრმა, გულწრდელ სინანულს გამოხატავს.

ამ ფსალმუნიდან ეკლესიამ გამოყო ორი ტაეპი: „გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან“. ამ სიტყვებს წარმოთქვამს მღვდელი საღმრთო ლიტურგიაზე წმიდა ძღვენის გარდაქმნის წინ. ამ ლოცვებს წარმოთქვამენ მორწმუნეები დიდი მარხვის დროს მესამე ჟამნის ტროპარში და ითხოვენ ლოცვათა მიტევებას და სულის სიწმინდეს. ეს სიტყვები შეადგენენ წმიდა ზიარების კანონის საფუძველს. ისინი შეიძლეაბ წარმოვთქვათ დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს.

სიმბოლო სარწმუნოებისა - „მრწამსი“ არ არის ლოცვა, მაგრამ შესულია დილის ლოცვებში მართლმადიდებლური ცნობიერები სუფთად შენახვისათვის, ქრისტიანის პირადი რწმენის, როგორც ჭეშმარიტების, აღიარებისათვის, რომელსაც დოგმატი ჰქვია. სარწმუნოების სიმბოლო შედგენილია პირველი (325 წ.) და მეორე (381 წ.) მსოფლიო კრებების მიერ.

ორი შემდეგი ლოცვა უფლისადმი ეკუთვნის ეგვიპტელ მოღვაწეს - ღირს მაკარი დიდს (IV ს.). ცოტათი მაინც თუ ჩავწვდებით მის ღვთიურ სიბრძნეს, ლოცვით შევთხოვთ კაცთმოყვარე მაცხოვარს, „გამოაბრწყინვოს გულთა შინა ჩვენთა ჭეშმარიტი ნათელი“ და ღირს გვყოს ზეციური სასუფევლისა.

შემდეგი ლოცვა შედგენილია ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი მოღვაწის ბასილი დიდის მიერ. ეს ლოცვა გვახსენებს ყოვლისმპყრობელი უფლის სიდიადეს, რომელმაც უწყის ჩვენი ნებსითი და უნებლიე ცოდვები. იგი მოგვიწოდებს სინანულისაკენ. ვთხოვთ უფალს, განგვათავისუფლოს სიზარმაცისაგან - ამ მუდმივი შინაგანი მტრისაგან - და გადაარჩინოს ჩვენი სულები.

ლოცვა ჩვენი სულისა და ხორცის მცველი მფარველი ანგელოზისადმი გვეუბნება, რომ ღვთის ნების გამოცხადებას, ჩვენში ღვთისთვის სათნო წმიდა კეთილი აზრების გამღვიძებლის, მფარველი ანგელოზისაგან ვიღებთ. იგი ღვთის წინაშე არის მოწმე იმისა, თუ როგორ მიიღო ადამიანმა ღვთის გამოცხადება და რამდენად გაუღო გული უფლის მოწოდებას ღვთის მცნებების, სულიერი ცხოვრების ამ ურყევი კანონების, შესრულების შესახებ. ქრისტიანს უნდა ახსოვდეს თავისი მფარველი ანგელოზი, ლოცვით სთხოვდეს შუამდგომლობას ღვთის წინაშე, რათა მიიღოს და შეინარჩუნოს კეთილი საქმეების საკეთებლად საჭირო ძალა და მადლი, ითხოვოს შენდობა მისი შეურაცხმყოფელი ყველა ცოდვისათვის.

მთავარანგელოზის მიერ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მოკითხვა (ლკ. 1,28) ყოველდღიურად აგვავსებს სიხარულით და გვამცნობს რომ ეს დღე - ხარება - არის „საწყისი ჩვენი გადარჩენისა“.

მფარველი ანგელოზის გარდა „მაქუს გარემოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ“ (ებრ. 12,1) - წმინდანთა, რომელთაც აქვთ ჩვენთვის ლოცვის კადნიერება ღვთის წინაშე. მათგან ყველაზე მახლობელი ჩვენთვის არის წმინდანი, რომლის სახელიც მონიჭებული გვაქვს ნათლობის დღიდან. მისი ტროპარი დღეში ერთხელ მაინც უნდა წავიკითხოთ და, რა თქმა უნდა, ზეპირად უნდა ვიცოდეთ.

ჯვრის ტროპარი გვახსენებს მაცხოვრის მიერ, ჯვარზე გაკვრით, ჩვენს გამოსყიდვას და გვაძლევს ძალას და მადლს ვიტვირთოთ საკუთარი ჯვარი. ტროპარის სიტყვები მორწმუნეებს გულში ჩაგვინერგავს ღვთის მოწყალების იმედს, რომელსაც ჩვენი ლოცვებით მოიღებს ღმერთი ჩვენს სამშობლოზე და მართლმადიდებელ ქრისტიანებზე.

ქრისტიანი ლოცულობს წმიდა მსოფლიო საყოველთაო, სამოციქულო ეკლესიაზე, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, უწმიდესსა და უნეტარეს პატრიარქზე, სამშობლოზე, მის მთავრობასა და მხედრობაზე, სულიერ მამაზე, თავის მშობლებზე, ახლობლებზე, მეგობრებზე, სულიერ ძმებსა და დებზე, უბედურებაში მყოფებზე, თავის მოძულეებსა და მაჭირვებლებზე და სთხოვს ღმერთს მათთვის დახმარებასა და მათ დაცვას.

აგრეთვე ვლოცულობთ ჩვენგან წასულ იერარქებზე, ღვთის მსახურებზე, მონაზვნებსა და საერო ხალხზე, ვითხოვთ მათთვის ცოდვების მიტევებას და სასუფევლის დამკვიდრებას.

ამ ლოცვებით ქრისტიანეი განიმტკიცებენ ურთიერთსიყვარულს, სულიერ კავშირს და ეხმარებიან ერთმანეთს სულის გადარჩენაში.

ძილად მისვლის ლოცვების განმარტებანი

დაძინების წინ, მართლმადიდებელი ქრისტიანები ლოცვით ემზადებიან დამდეგი ღამისათვის და მომავალი დღისათვის. აჯამებენ განვლილი დღის შედეგებს და, რათა აღარ გაიმეორონ შეცდომები და ცოდვები, სთხოვენ უფალს განამტკიცოს ისინი, რომ ღვთის მცნებებით იცხოვრონ.

ძილად მისვლის ლოცვების ჩვეულებრივი დასაწყისის შემდეგ ითხოვენ ღვთის წყალობას სინანულის ტროპარების კითხვით: „მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ...“

„უფალო, შეგვიწყალენ“-ის თორმეტჯერ წაკითხვის შემდეგ (ამ ლოცვის თორმეტჯერ წაკითხვა დილით და ამდენჯერვე საღამოს ნიშნავს დღე-ღამის ყოველი საათის კურთხევას) იკითხებეა წმიდა სამების თითოეული პირისადმი მიმართული სამი საღამოს ლოცვა.

მამა ღმერთისადმი მიმართულ ლოცვაში წმიდა მაკარი გვასწავლის, ვითხოვოთ განვლილი დღის განმავლობაში ჩადენილი ცოდვების მიტევება, რათა ღმერთმა ღირსი გაგვხადოს, მშვიდობით გავიაროთ ღამე და შევხვდეთ შემდეგ დღეს.

ლოცვაში ძე ღმერთისადმი ვითხოვთ „უჯერო“ აზრებისაგან განშორებას და შეწყალებას.

გულწრფელად გვინდა მივიღოთ სულიერი ძღვენი, ამიტომ დახმარებისათვის მივმართავთ სულიწმიდას, ცხოვრების მომნიჭებელ ზეცათა მეუფეს. მთელი განვლილი დღე ცოდვებსა და სულიერად არასრულყოფილ საქმეებში გავატარე, - ვეუბნებით ამ ლოცვაში ღმერთს, - ამან ნაღველი წარმოშვა ჩემში, დავკარგე სულის სიმშვიდე, შემიწყალე, რათა ჩემი სინდისი დამშვიდდეს და ვადიდებდე შენს სახელს.

შემდეგ ლოცვაში ღმერთს ცოდვათა შენდობას და წყალობას შევთხოვთ, რათა სათნო ვეყოთ ღმერთს, მშვიდად დავიძინოთ, გავთავისუფლდეთ ბოროტი აზრებისაგან და დილით სამადლობელი ლოცვა აღვავლინოთ უფლის მიმართ.

ლოცვაში მფარველი ანგელოზისადმი ვითხოვთ მფარველობას ჩვენი სულისა და ხორცისადმი და დაცვას ჩვენი მტრის, ეშმაკის თავდასხმისაგან. სწორედ მისი ქომაგობით შეიძლება გავხდეთ ღვთის წყალობის ღირსი.

მლოცველის გულს თანდათან განეშორება სევდა, იგი სხვა სულიერი სიმაღლეზე ადის, როდესაც სინანულის ლოცვების შემდეგ სამადლობელ ლოცვას იწყებს. სწორედ სამადლობელი ჰიმნია ზეციური დედოფლისადმი მიძღვნილი კონდაკი - „ზესთამბრძოლისა... და მოღვაწისა უძლეველისა“... იგი შედგენილია კონსტანტინოპოლის პატრიარქის - სერგის მიერ 626 წელს ბერძნული სახელმწიფოს სპასრთა და ხუნძთა შემოტევისაგან სასწაულებრივი გადარჩენის შემდეგ. ამაღლებული საგალობელი „უძლეველი მოღვაწის“ მიმართ შეიტანეს, მაშინ უკვე არსებულ, ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ დაუჯდომელში. ამ კონდაკით მთავრდება ცისკრის მსახურება ეკლესიაში.

შემდეგ იკითხება ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ორი მოკლე ლოცვა. ამ ლოცვებში მთელ იმედებს ყოვლადწმიდა ქალწულზე ვამყარებთ. ვთხოვთ მას მფარველობას და შუამდგომლობას ღვთისადმი.

ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ლოცვებს მოსდევს ღირსი იოანიკე დიდის (+846 წ. ხს. 4 ნოემბერს) მიერ შედგენილი ლოცვა. მან თავისი თითქმის ასწლოვანი ცხოვრების სამოცდაათი წელი ბერულ მოღვაწეობაში გაატარა, ზეპირად იცოდა „დავითნი“ და ყოველი ფსალმუნის თითოეულ მუხლს აბამდა ამ პატარა, მაგრამ საუცხოო ლოცვას - „სასოება ჩემდა მამა...“.

შემდეგ მოდის „ღირს არსი“... და სამი მოკლე ტროპარი, რომლებშიც ვთხოვთ ღმერთს, რათა ჩვენი ბუნებრივი ძილი არ გადავიდეს ფიზიკურ სიკვდილში და არ გარდავიცვალოთ უნანელად (შეუნანებლად).

ბოლო ტროპარი ამ სამთაგან ეძღვნება ღვთისმშობელს, რომელიც გამუდმებით ლოცულობს ჩვენი გადარჩენისათვის.

ამის შემდეგ გადავიწერთ პირჯვარს და ვამბობთ ლოცვას პატიოსანი ჯვრისადმი. მასში გამოვხატავთ მტკიცე რწმენას, რომ ჯვრის ძალით, პირჯვრის გამოსახვით განიდევნებიან ეშმაკები. მაცხოვრის ჯვარს ცხოველმყოფელს ე.ი. სიცოცხლის მომნიჭებელს ვუწოდებთ, რადგანაც იგი მიუწვდომელი და უძლეველი ძალაა. მასზე თვით მაცხოვარი გაეკრა, როგორც მსხვერპლი, თვითონ უცოდველი, ჩვენი ცოდვების მოსატევებლად და ამით გამოგვიხსნა სამუდამო სიკვდილისაგან.

მოკლე ლოცვით თხოვნაში „გვიხსენ, გვილხინე...“, როგორც შვილნი გამოვხატავთ ერთგულებას ზეციური მამისადმი, „რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა“ (მთ. 5,45). მოვუხმობთ რა მაცხოვარს და მის წმინდანებს, ლოცვას ვიწყებთ „მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთათვის“.

ძილის წინ ქრისტიანი ფიქრობს განკითხვის დღეზე, იმაზე, რომ პასუხი უნდა აგოს ყოვლისმყრობელის წინაშე და სინანულს გამოთქვამს თავის ცოდვებზე. დაწვრილებით განიხილავს რა მთელ განვლილ დღეს დილიდან ამ მომენტამდე, შესთხოვს უფალს ამ დღის და მთელი ცხოვრებისეული ცოდვების მიტევებას. წმინდა მამები თავის თხზულებებში გვასწავლიან, რომ სჯობს ვიტიროთ ყოველდღე მთელი ცხოვრების განმავლობაში და ვთხოვდეთ ღმერთს შეწყალებას, ვიდრე მძიმე ცოდვებით დავირთული გავიდეთ ამ ცხოვრებიდან.

ძილად მისვლის წინ, ქრისტიანი ჯვარს გადასახავს საწოლს, ამბობს მოკლე ლოცვას, რომელშიც მიანდობს თავის სულს ღმერთს და ამიტომ იძინებს, როგორც მშობლის ხელში. „ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, მაკურთხე, შემიწყალე და ცხოვრებაჲ საუკუნო მომმადლე, ამინ“.

თარგმნა დავით ქერაშვილმა