მოგზაურობა წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

ბეთლემი

კურთხეული საუკუნიდგან ქალაქი, რომელსა შინაც თვით ღმერთმან, დამბადებელმა მსოფლიოსა, სათნო იჩინა ხორციელად გამოცხადება ცხოვრებად ქვეყანისა ყოვლად წმიდისა ქალწულისა მარიამისაგან, არის მთის გრეხილის ფერდობზედ დაშენებულ დაშვებულს ვაკეზედ. იგი აშენებულია სამხრეთით იერუსალიმისა ორის საათის მანძილზედ. საღმრთო წერილში იგი იწოდება ბევრნაირად: „ბეთლემი“ , „ბეთლემი იუდეანთა“, გასარჩევად ბეთლემისა გალილეანისა, რომელიც ეკუთვნოდა ზაბულონის ტომსა; „ევფრათა“ ანუ „სახლი ევფრათა“, თვისის არა ჩვეულებრივის ნაყოფიერებისათვის, ვინაიდგან ევფრათა ებრაულად ჰნიშნავს ბარაქიანობას, ნაყოფიერობას; იწოდება ეგრეთვე „ქალაქად დავითისა“, ვითარცა სამშობლო წინასწარმეტყველისა და მეფისა დავითისა. ბეთლემი ურიულად ჰნიშნავს - სახლი პურისა. ეს სახლი პურისა გამოსჩნდა სახლად კურთხევისა და მადლისა ღვთაებრივისა, რომელიც აღმოგვიცენდა დავრდომილს კაცობრიობას აქ განხორციელებითა მხოლოდშობილისა ძისა ღვთისათა. „და შენ, ბეთლემ, ქვეყანა ეგე იუდასი, არა სადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდასთა: რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღვარი, რომელმან დაჰმწყსოს ერი ჩემი, ისრაილი“ (წინასწარ. მიქ. 5,2; მათ. 2,6).

ბეთლემის ბაზილიკის ინტერიერი

მეორე საუკუნის დამდეგს, შემდეგ ქრისტეს შობისა, ბეთლემში კვალადცა იყვნენ ურიანი: ევარესტ, რომთა პაპი, იყო ნათესაობით ბეთლემელი ურია. გარნა იმპერატორმა ადრიანემ სასტიკის ბრძანებით აღუკრძალა ებრაელთა დასახლება და ცხოვრება ბეთლემში და ეხლა არ მოიპოვება ბეთლემში არც ერთი ურია. პირველი ტაძარი ქრისტეს შობის ადგილზედ აღაშენა ნეტარმა ელენა დედოფალმა, რომელიც შემდეგ დაქცეულ იქმნა სარკინოზთაგან და მეხუთე საუკუნეში განაახლა ის ტაძარი იუსტინიანე კეისარმა.

მცხოვრებნი აწინდელის ბეთლემისა, რიცხვით ექვსი ათასამდე, მომეტებულად არიან ქრისტეანენი; მათგან ნახევარზედ მომეტებული არიან მართლ-მადიდებელნი არაბნი, დანარჩენნი - ლათინები, სომხები, კოპტები და მეოთხედი ნაწილიც მაჰმადიანნი. უმთავრესს წარმოებას ბეთლემის მცხოვრებელთა შეადგენს ხვნა თესვა პურისა და პირუტყვთა მოშენება, ხოლო კერძოობითად კეთება კრიალოსანთა, ჯვართა, ხატთა, სამაჯურთა სადაფისაგან, შეკრება ფერად ფერადთა ადგილობრივთა ყვავილთა გაზაფხულზედა, ხელოვნებით გახმობა მათი, ასრე რომ ბუნებითს სიმშვენიერეს არ მოაკლდებიან და შემდეგ ალბომებად მოამზადებენ მათ. ყოველსა ამა ხელოვნების ნაწარმოებსა ბლომად ყიდულობენ მისულნი უცხოეთით მლოცავნი. ბუნებითნი წარმოებანი ბეთლემისა არიან: ზეთი, მომზადებული ზეთისხილიდამ, ლეღვი, ბროწეული და განსაკუთრებით ღვინო. საზოგადოდ პალესტინაში მოდის ტკბილი ღვინო, რომელსაც მიწის გემოც მოსდევს, რადგანაც ვაზს სარი არ უდგას, და ყურძენი მიწას ეხება, და ამისათვის მისი დალევა ჩვენებურს კაცს ემძიმება, თუ წყალით არ შეაზავა. ნამდვილად ამგვარის ღვინის თვისება გამოიხატება, როდესაც მეერგასესა დღესა, შემდეგ ქრისტეს აღდგომისა, სული წმიდა გარდამოვიდა მოციქულთა ზედა და მათ სხვა და სხვა ენათა ზედა იწყეს დიდება ღმრთისა, ხოლო რომელნიმე წარმართნი „ეკიცხევდეს და იტყოდეს, ვითარმედ ტკბილთაგან სავსე არიან იგინი“, ე.ი. მოციქულნი (საქ. მოციქ. 2,13), „ვინაიდგან ვერ გულის-ხმა ჰყვეს წარმართთა მოციქულთა ზედა მოსრული ძალი სულისა წმიდისა და მთვრალ-საგონებელ იქმნნეს იგინი უცხოთა მათთვის ენათა“ (სტიქარონსა ზედა დასდებელი კვირიაკესა მეერგასისასა მწუხრად). ტიმოთე მთავარ-ეპისკოპოზი გარდმოგვცემს, რომ ქართველებს მე-18 საუკუნეშიაც კვალადცა ჰქონიათ ბეთლემის ქრისტეს შობის ეკკლესიაში ტრაპეზი მღვდელ-მოქმედებისათვის.

ბეთლემის მღვიმის შესასვლელი

ვასილი დიდი თვისს შვენიერს ქადაგებაში ქრისტე მაცხოვრის შობის დღეზედ, ღვთის-მშობლის პირით, ესრეთ ამბობს: „რაიმე სახელ-გდვა შენ, საყვარელო ჩემო? ვითარ უნდა გიწოდო ენ? მომაკვდავად? გარნა მუცლად გიღე შენ გარდამოსვლითა წმიდისა სულისათა. ღმერთად? მაგრამ შენ გმოსია კაცობრივი სხეული.

ვითარ უნდა მოვიქცე მე შენს წინაშე? „თანამდებვარ მე მოგიახლოვდე შენ კმევითა გუნდრუკისათა, ანუ წინადაგიდვა შენ საზრდოდ რძე ძუძუთაგან ჩემთა? ვალდებულ ვარა მე მქონდეს შენზედ ზრუნვა, ვითარცა თვით ნაზსა დედასა, ანუ ვალდებულ ვარ გემსახურო შენ, დავარდნილმა შენს წინაშე მტვრად. აი საკვირველი წინააღმდეგობა: ცა შენი სამკვიდრებელია, ხოლო მე ნანათი შეგაქცევ შენ ჩემს მუხლებზედა!“

ქრისტე მაცხოვრის შობის ადგილზედ ბეთლემის ტაძარში თაყვანისცემის დროს მომაგონდა ზემოხსენებულნი ღვთივ-შვენიერნი სიტყვანი მსოფლიო მოძღვრისა და დიდისა მღვდელ-მთავრისა ვასილისა.

 

„რძიანი“ მღვიმე ყოვლად წმიდისა ღვთის-მშობელისა

ბეთლემის მღვიმე

ორას ნაბიჯზედ აღმოსავლეთის მხრივ ბერძენთა მონასტრისაგან ბეთლემში მდებარებს პატარა მღვიმე, გამოკვეთილი კლდეში, სიგრძით ორი საჟენი, სიგანით საჟენი და ნახევარი და სიმაღლით ერთი საჟენი. შესავალი მღვიმეში არს ჩრდილოეთის მხრით კიბით 13 საფეხურით ეს გამოქვაბული შეადგენს საკუთრებასა ფრანგთა მონაზონთასა (ბერებისას) და უწოდებენ მას: „ქვაბი ღვთის-მშობელისა და რძიანი მღვიმე“. ამ მღვიმეში ყოვლად წმიდა ქალწული პირველ საუკუნეთა ყრმითურთ მიეფარა დევნულებისაგან იროდისა, როდესაც წმიდა სახლობა ივლტოდა ეგვიპტედ, ვიდრემდის მართალი იოსებ იყიდდა ბეთლემში სამგზავროდ საჭირო საჭმელსა საგზლად.

მოუთხრობენ, რომ როდესაც ყოვლად წმიდა დედა ღვთისა აწოვებდა ღვთაებრივს ყრმას იესო ქრისტესა, მაშინ რამდენიმე წვეთი მის რძისა დავარდა ძირს და ამისათვის ქვას ამ მღვიმეში აქვს მოთეთრო რძის ფერი. ამას ფხეკავენ და განაზავებენ წყალში, რომელიც გარდაიქცევა თეთრად, ვითარცგ რძე, აკეთებენ ნაძირალისაგან კვერის ხმიადის მსგავსს, რომელსაც უწოდებენ რძედ ღვთის-მშობელისა“ ანუ „დაბეჭდილ მიწად“, ვინაიდგან ამ კვერიებზედ, რომელთაც მრავლად მიეზიდებიან ევროპაში გასასყიდელად, დაბეჭდილია ჯვარი ანუ ასო მ (მარიამ).

გალესილნი წყალში ეს კვერიები, ამბობენ, შველიან მშობიარეთა ძნელის მშობიარობის დროსა. როდესაც საჭიროება მოითხოვს, ამ სახედ მოიქცევიან: კვერიას ჩაუშვებენ სტაქან წყალში სამს ანუ ოთხს წამს, და როდესაც წყალი გათეთრდება, კვერიას ამოიღებენ, გაახმობენ და შეინახავენ სახმარებელად მეორე გზის, ხოლო წყალს დაჰლევენ.