ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე

წრის რადიუსები უკავშირდება ცენტრს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ხოლო ცენტრს თუ მოცილდებიან, დაშორდებიან ერთმანეთსაც. ასევეა ადამიანებიც. რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს.
შეიყვარე ერთი ღმერთი და შეიყვარებ მის ყველა შვილს.
ღმერთი მუდამ ზრუნავს შენზე, შენც ნუ შეწყვეტ მოყვასზე ზრუნვას. თუ შენი მოყვასი, შენი აზრით, არ არის სიყვარულის ღირსი, სიყვარულის ღირსია ღმერთი, რომლის მონა და ხატია იგი: სიყვარულის ღირსია ქრისტე, რომელმაც თავისი სისხლი დაღვარა მისთვის.
წმ. ტიხონ ზადონელი

როგორ ვანუგეშოთ მგლოვარენი? – მათთან ერთად ვიტიროთ.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

თუკი სხვებთან ერთად ცხოვრობთ, მაშინ ემსახურეთ მათ ისე, როგორც თავად ღმერთს, და ნუ მოითხოვთ სიყვარულისთვის სიყვარულს, თავმდაბლობისთვის – შექებას, სამსახურისთვის – მადლიერებას.
ს.ა. ნილუსი

ისინი (ბოლო დროის კოსმოპოლიტური იდეების მქადაგებლები) დაუსრულებლად ლაპარაკობენ კაცობრიობის სიყვარულზე, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ გვერდზე მყოფს. მოყვასის სიყვარული კი სწორედ რომ ყველას სიყვარულის გულისხმობს.
მაცხოვარმა ჩვენ მოყვასის სიყვარულისკენ მოგვიწოდა და არა მსოფლიოსადმი ზოგადი გრძნობების გამოვლენისაკენ. მოყვასი კი მოიცავს ყველას, ვისთანაც კი რაიმე შეხება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს.
ბავშვისთვის მოყვასი ნიშნავს ოჯახის წევრებს და ახლობელთა ვიწრო წრეს. მოზრდილი ადამიანისთვის თავისი ქვეყანა და ხალხი ავსებს „მოყვასის“ სივრცეს. მასთანაა იგი დაკავშირებული სახელმწიფოებრივი თუ პოლიტიკურ-მოქალაქეობრივი ვალდებულებებით. თავისი ხალხის კულტურა, ცხოვრების წესი, ტრადიცია არის მისთვის მშობლიური და საყვარელი.
უკვე სრულიად განვითარებული, მაღალი ზნეობის პიროვნებისათვის კი ნებისმიერი ადამიანი მოყვასია.
უნდა ითქვას ისიც, რომ მესამე ასაკობრივი საფეხური გულისხმობს პირველი და მეორე საფეხურების აუცილებელ არსებობას ისევე, როგორც მეორე საფეხური გულისხმობს პირველი საფეხურის არსებობას.
აი, აქ აქვთ დაშვებული შეცდომა კოსმოპოლიტებს. ისინი მესამე საფეხურს მეორის გარეშე მოიაზრებენ და არაჯანსაღი, უშინაარსო, უსულო საზოგადოების შექმნისკენ უბიძგებენ ადამიანებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ვინც მოყვასს წრფელი სიყვარულით ემსახურება, მისთვის დაღლაც კი დასვენებაა, ხოლო ვისაც მხოლოდ თავისი თავი უყვარს და ზარმაცია, უსაქმურობაც კი ღლის.
სქიმ-მონაზონი პაისი მთაწმინდელი

როგორც ღუმელი ვერ იქნება თბილი ცეცხლის გარეშე, ისევე ღმრთისაგან განდგომილ ადამიანს, რომელსაც გულში ღმერთი არა ჰყავს დავანებული, ვერ ექნება სიყვარული მოყვასისადმი.
იაკობ ნიჟეგოროდის მთავარეპისკოპოსი

უფალს ყველა ჩვენგანი უყვარს, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ყველა.
ზოგი შეიძლება ღარიბულ ქოხში ცხოვრობდეს, მაგრამ მისი სული სამსახოვანი ღმერთის სავანე იყოს.
ვისაც გულწრფელად უყვარს ღმერთი, შეუძლებელია არ უვარდეს მოყვასი.
ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი ფილარეტი

შეუძლებელია ადამიანმა ავნოს მოყვასს ისე, რომ არ ავნოს საკუთარ თავს.

ეგოიზმი ვნებების გრძელი ჯაჭვის პირველი რგოლია.

არ არსებობს იმაზე მაცხოვნებელი წესი ცხოვრებისა, ვიდრე ურთიერთის სიმძიმის ტარება.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

სიყვარული მხოლოდ მაშინაა სიყვარული, როცა იგი ყველას მიმართ არის, გამონაკლისის გარეშე. ხოლო ვიდრე იგი მხოლოდ მათ მიმართაა მიმართული, ვინც „მე“ მიყვარს, ეს სიყვარული არ არის, არამედ ეგოიზმია.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

სიყვარული სულით გვაერთებს მათთანაც, ვინც დროსადა სივრცეში განგვეშორა.
წმ. ბასანოფი დიდი

არ შეიძლება ითქვას - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი... უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი; გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა... თუ გვინდა, ვიყოთ ბედნიერნი. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღვთისასა, როცა სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა „სიყვარული“, რათა ასე დაერქმიათ უფალთან თავიანთი დამოკიდებულებისათვის.
როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ამ სიტყვას და ასე მიწიერ ურთიერთობებს მოიხსენიებენ, მაშინ იგი კარგავს თავის აზრს.
სიტყვები კარგავენ წმიდა და ღვთაებრივ ძალას და თითქოსდა კვდებიან. ისევე, როგორც ჩრდილოეთში გადარგული სამხრეთის ხე ჭკნება და კვდება.
წმიდა ნიკოლოზ სერბელი