ბიბლია - მითოლოგია თუ სინამდვილის ობიექტური ასახვა

ბიბლიაზე რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ბოლომდე ვერასოდეს ამოვწურავთ მის უსაზღვრო მნიშვნელობას. მოკლედ მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ყოფიერებისა და ცნობიერების არცერთი საკითხი, რომელიც ბიბლიაში არ იყოს ასახული.

წინამდებარე სტატია, რომელიც მომზადებულია ჯონ მაკდაუელის „უტყუარი მტკიცებულებები“ მიხედვით, ბიბლიის მრავალმხრიობის წარმოჩენის ერთ-ერთი მცდელობაა.

ჩვენს წინაშეა წიგნი, რომელიც:

იწერებოდა 1600 წლის მანძილზე;

წერდა 60 თაობა;

წერდა 40-ზე მეტი ავტორი, სხვადასხვა სოციალური ფენიდან: მეფე, გლეხი, ფილოსოფოსი, მეთევზე, პოეტი, სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი და ა.შ. მათ შორის:

პეტრე - მეთევზე;
ამოსი - მწყემსი;
ისო ნავესი - მხედართმთავარი;
ნეემია - მწდე (მეღვინე);
დანიელი - პრემიერ-მინისტრი;
ლუკა - მკურნალი;
სოლომონი - ექიმი;
მათე - მეზვერე;
პავლე - რაბინი.

იწერებოდა სხვადასხვა ადგილას:

მოსე წერდა უდაბნოში;
იერემია - საპყრობილეში;
დანიელი - კლდის ქიმზე და სასახლეში;
პავლე - ციხეში;
ლუკა - მოგზაურობისას;
იოანე - კუნძულ პატომსზე;
სხვები - ომის დროს.

იწერებოდა სხვადასხვა განწყობილებით: ხან უზომო სიხარულით, ხანაც მწუხარების ჟამს.

იწერებოდა სამ ენაზე: ივირთზე, არაბულზე, ბერძნულად.

ბიბლიის თემატიკა ასეულობით საკითხს მოიცავს, რომელიც კამათისა და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. ყველა საკითხი ერთმანეთთან თანხმობაშია, რადგან მთლიანად, შესაქმიდან აპოკალიფსამდე, მოიცავს ერთ ისტორიას: ღმერთის მიერ ადამიანის გამოხსნას.

გაისლერი და ნისკი ბიბლიის ერთიანობის იდეას ასე აყალიბებენ: „შესაქმის „დაკარგული სამოთხე“ აპოკალიფსში „დაბრუნებულ სამოთხედ“ იქცევა. შესაქმეში ცხოვრების ხისკენ მიმავალი კარები იხურება, აპოკალიფსში კი მარადიულად ღიაა“.

ფ. ბრიუსი მიუთითებს: „სხეულის თითოეული ნაწილის დანიშნულების გაგება შესაძლებელია სხულთან მიმართებაში. ასევე, ბიბლიის ნებისმიერი ადგილი უნდა განვიხილოთ მთლიანი წმიდა წერილის კონტექსტში“.

„ერთი შეხედვით, ბიბლია ლიტერატურული ნაწარმოებების კრებულია, მაგრამ თუ კარგად ჩავწვდებით მის სიღრმეებს, ვნახავთ, რომ ბიბლიის (ბიბლიური) დოკუმენტები იქმნებოდა 1600 წლის მანძილზე, იწერებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, იტალიიდან მესოპოტამიამდე, შესაძლოა, სპარსეთშიც კი. მათ ავტორებს ერთმანეთისგან ჰყოფდა არა მარტო ასეული წლები და ათასობით კილომეტრი, არამედ სოციალური წარმომავლობა. მათ შორის იყვნენ მეფეები, მწყემსები, მეომრები, კანონშემოქმედები, მეთევზეები, სახელმწიფო მოღვაწეები, სასახლის კარის დიდებულები, მღვდლები, წინასწარმეტყველები, რაბინები, მკურნალები; თვით ბიბლიის ტექსტი სხვადასხვა ჟანრს მოიცავს. მათ შორისაა ისტორიული ჩანაწერები, კანონები, რელიგიური პოეზია, დიდაქტიკური ტრაქტატები, ლირიკა, იგავები და ალეგორიები, ბიოგრაფიები, პირადი მიმოწერა, მოგონებები და დღიურები. აღარაფერს ვამბობთ წმიდა ბიბლიურ ჟანრზე - წინასწარმეტყველებაზე და გამოცხადებაზე“.

„ყოველივე ამის გამო ბიბლია უბრალო ანთოლოგია კი არ არის, არამედ ერთი მთლიანი ქმნილებაა. ანთლოგიას არჩევს შემდგენელი, ბიბლია კი არავის შეუდგენია“.

ბიბლიას ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს და ყველაზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ბიბლია თავიდან რბილ მასალაზე იწერებოდა. საუკუნეების მანძილზე, საბეჭდი მანქანის გამოგონებამდე, მას ხელით წერდნენ, მაგრამ ოდნავადაც არ დარღვეულა მისი საერთო სტილი და სიზუსტე. „ებრაელები განსაკუთრებულად უფრთხილდებოდნენ ბიბლიას, ისინი ყურადღებას აქცევდნენ ყოველ სიტყვას, ყოველ ასოს, ყოველ აბზაცს. იუდეველთა საზოგადოებაში არსებობდა ადამიანთა განსაკუთრებული ჯგუფები, რომელთა ერთადერთი მოვალეობა ხელნაწერთა სამმაგი შემოწმება და მათი გამრავლება იყო“, - წერს ღვთისმეტყველების პროფესორი ბერნარდ რაბი.

პირველი დაბეჭდილი წიგნიც ბიბლია იყო - გუტენბერგმა თავის სტამბაში ყველაზე პირველად ბიბლია დაბეჭდა. დიდი ბრიტანეთის ენციკლოპედიაში წერდა, რომ 1966 წლისათვის ბიბლიის სრული ტექსტი გამოცემულ იქნა 240 ენასა და დიალექტზე... მისი ცალკეული წიგნები კიდევ 739 ენაზე, რაც მთლიანობაში წარმოადგენს 1279 თარგმანს.

ბიბლიამ სასტიკ დევნას გაუძლო. მას დევნიდნენ რომის იმპერატორთა ეპოქიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე.

რელიგიის სასტიკი მდევნელი, ცინიკოსი ათეისტი, მწერალი ვოლტერი წერდა: - „ჩემი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ ქრისტიანობა აღიგვება პირისაგან მიწისა და ისტორიის კუთვნილება გახდება“. სინამდვილეში ისტორიის კუთვნილება გახდა ვოლტერი, ბიბლიის პოპულარულობა კი ყოველდღიურად იზრდება და მისი მადლი მთელ სამყაროს მოეფინება.

რაც შეეხება ვოლტერის „წინასწარმეტყველებას“ ქრისტიანობის და ბიბლიის ბედზე 100 წლის შემდეგ (ვოლტერი გარდაიცვალა 1778 წელს), გაისლერსა და ნიკსს მოჰყავთ ასეთი ფაქტი: ვოლტერის გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ ჟენევის ბიბლიურმა საზოგადოებამ ბიბლიის დასტამბვა დაიწყო... მწერლის პირად საბეჭდ დაზგაზე... ასე დასცინა ისტორიამ ვოლტერს.

303 წელს იმპერატორმა დიოკლეტიანემ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქრიტიანობა კანონგარეშე გამოცხადდა. დაიწყო ქრისტიანთა სასტიკი დევნა: არბევდნენ ეკლესიებს, აპატიმრებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ ქრისტეს მიმდევრებს, წმიდა წიგნებს წვავდნენ.

ისტორიამ დიოკლიტიანესაც მწარედ დასცინა: 25 წლის შემდეგ იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ბრძანა, დამზადებულიყო ბიბლიის 50 ეგზემპლარი სახელმწიფოს ხარჯზე.

ორი ათასწლეულის მანძილზე ურწმუნოები ყველანაირად ცდილობდნენ ბიბლიის განადგურებას, მაგრამ ვერაფერი დააკლეს მას.

ბიბლია საუკეთესო ისტორიოგრაფიული წყაროა: ინგლისური ბიბლიის მკვლევარი, პროფესორი უილბერ სმიტი წერს: „ეს ერთადერთი წიგნია, სადაც მოყვანილია წინასწარმეტყველებანი ებრაელ და სხვა ხალხებზე, სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებზე. ანტიკურ სამყაროში მრავალი წინასწარმეტყველება არსებობდა, მაგრამ მათში არ მოიპოვება არცერთი ცნობა მესიის მოსვლის შესახებ... ეჭვგარეშეაა, რომ ებრაელები გენიალური ისტორიკოსები იყვნენ“.

ბიბლია არ მალავს თავისი გმირების ნაკლსა თუ ცოდვებს. იგი ჩვეულებრივად, მართებულად აღწერს ყოველი გმირის დადებით და უარყოფით მხარეებს. არ მალავს არც ებრაელთა ცოდვებს, არც პატრიარქების ნაკლს, ერთი შეხედვით ეს გაუგებარიცაა, მაგრამ ბიბლიას სხვაგვარად არ შეუძლია, იგი ისტორიულ სიმართლეს აღწერს და აქ ტყუილის თქმა მკრეხელობაა.

ბიბლიამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიო ლიტერატურაზე. ინგლისელი მკვლევარი კლელანდ მაკაფი წერს: „ბიბლიის დღემდე ცნობილი ყველა ხელნაწერი თუ გამოცემა რომ განადგურებულიყო, მას მწერალთა მიერ მოყვანილი ციტატებით აღვადგენდით“.

ისტორიკოს ფილიპე შაფის სიტყვებით: „იესო ნაზარეველმა უიარაღოდ დაიპყრო იმაზე მეტი გული, ვიდრე იარაღით მაკედონელმა, კეისარმა, ნაპოლეონმა და ჰანიბალმა ერთად. მან ისეთი სიტყვები თქვა, რომლის მსგავსი არც მანამდე და არც მას შემდეგ არავის წარმოუთქვამს; თუმცა არცერთი  სტრიქონი არ დაუწერია, მაგრამ მისმა მოძღვრებამ ათასობით შემოქმედს ააღებინა ხელში კალამი.

ბიბლიის გადაწერა უმკაცრესი წესების მიხედვით სრულდებოდა. შემუშავებული იყოს ბიბლიის გადაწერის მეტად მკაცრი სისტემა:

  1. სინაგოგისთვის გადასაცემი ხელნაწერი უნდა შესრულებულიყო წმიდა (შეურყვნელი) ცხოველის ტყავზე.
  2. ტყავი სინაგოგისთვის უნდა შეეწირა მხოლოდ იუდეველს.
  3. ყოველ პერგამენტზე უნდა ყოფილიყო გარკვეული რაოდენობის სვეტი.
  4. ყოველ პერგამენტზე უნდა ყოფილიყო 48 სტროფზე ნაკლები და 60-ზე მეტი.
  5. ყოველ სტროფში უნდა ყოფილიყო 30 ასო.
  6. ყოველი სიტყვის სისწორე უნდა შემოწმებულიყო და თუ სამი სიტყვა უსწორმასწოროდ დაიწერებოდა, ხელნაწერს ადანგურებდნენ.
  7. მელანი უნდა ყოფილიყო მხოლოდ შავი. ის განსაკუთრებული რეცეპტით მზადდებოდა.
  8. გადამწერს ზუსტად უნდა გადაეწერა ყოველი სიტყვა, ასო, სასვენი ნიშანი. ერთი შეცდომის დაშვების შემთხვევაში ხელნაწერი ნადგურდებოდა.
  9. არცერთი ასო არ და უნდა ჩაწერილიყო ორიგილთან შედარების გარეშე.
  10. ყოველ ორ თანხმოვანს შორის უნდა დარჩენილიყო თმის ან ძაფის სისქის მანძილი.
  11. ორ აბზაცს შორის უნდა დარჩენილიყო ცხრა თანხმოვნის ადგილი.
  12. წიგნთა შორის უნდა დაეტოვებინათ სამი სტრიქონი.
  13. მოსეს ხუთი წიგნის ბოლო სტრიქონის გადატანა არ შეიძლებოდა.
  14. გადამწერი უნდა ყოფილიყო ნაციონალურ ტანსაცმელში ჩაცმული.
  15. მუშაობის წინ უნდა განბანილიყო.
  16. მელანში ახლად ჩაწებილი კალმით არ უნდა დაეწერათ ღმერთის სახელი.
  17. მუშაობისას გადამწერს ყურადღება არ უნდა მიექცია თვით მეფისთვისაც კი.

მეთვალყურის მიერ ახლის სამგზის შემოწმების შემდეგ ძველი ხელნაწერები მიწაში იმარხებოდა აწ წვავდნენ.

ამდენად, ძნელია არ დაეთანხმო იმ მეცნიერებს, რომელთაც ბიბლიის ტექსტთა სიზუსტე ეჭვგარეშედ მიუჩნევიათ.

ბიბლიის ისტორიულობის დასადასტურებლად საკმარისია ის ფაქტი, რომ ძვ. წ. აღ-ის 2000 წლიდან მოყოლებული, ბიბლიაში ჩამოთვლილი ორმოცი მეფის სახელი ისტორიულადაა დამოწმებული, თანაც, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ მეფის ხსენებისას არ ავიწყდებათ სხვა ქვეყნის მეფეთა მოხსენიებაც. რობერტ დიკ უილსონი წერს: „ძნელია წარმოიდგინო ბიბლიის ისტორიულობის დასამტკიცებლად უკეთესი არგუმენტი, ვიდრე ამ მეფეთა კოლექციაა. მათემატიკური ალბათობა, რომ ყოველივე შემთხვევით დაემთხვა, წარმოადგენს 1 შესაძლებლობას 750 000 000 000 000 000 000 000-დან. შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ 2000 წლის მანძილზე თაობიდან თაობაზე გადადიოდა აბსოლუტური სიზუსტით შედგენილი დოკუმენტები. კიდევ ერთი: იმის მტკიცება, რომ დღეს ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტები ორი ათასი წლის წინანდელი ორიგინალებიდან არის გადაწერილი, არათუ შესაძლებელია - დასაშვებზე მეტიცაა. ისტორიულ სიზუსტეზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მეფეთა სახელები დამახინჯებული არ არის.

უტყუარ მტკიცებულებათა მიუხედავად, ისტორიკოსთა დიდი ნაწილი კრიტიკულად აფასებდა ძველი და ახალი აღთქმის უამრავ ცნობას და ბიბლია მიჩნეული იყო ნახევრადისტორიულ, ნახევრადმხატვრულ ლიტერატურად. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ბიბლია ნაკლებად სარწმუნო წიგნთა კატეგორიას მიაკუთვნეს.

მეცნიერებს არ სჯეროდათ სოდომისა და გომორის ამბავი. მითუმეტეს, რომ ძველ ათქმაში ამ ქალაქების მოსრა დღევანდელ ატომურ აფეთქებას და მის შედეგებს თუ შეედრება. მეცნიერებს ავიწყდებათ, რომ ღვთის ნება და ძალა მეგატონებით არ განისაზღვრება.

არქეოლოგიამ თავსატეხი გაუჩინა სწავლულ სკეპტიკოსებს. მიკვლეულ იქნა და გათხარეს სოდომიცა და გომორიც. დამტკიცდა, რომ ორივე ქალაქი სწორედ იმ ფორმით განადგურდა, როგორადაც აღწერილია ძველ აღთქმაში.

ეჭვს იწვევს ძველ აღთქმაში ისუ ნავეს ძის მიერ აღწერილი ფაქტი: „კედლები საძირკვლამდე დაინგრა, ხალხი შევიდა ქალაქში, ყოველი თავის მხრიდან და აიღეს ქალაქი“ (ისე ნავესი 6, 19). ისუ ნავეს ცნობით, ქალაქის კედელი გარეთ გადმოინგრა. სამხედრო სპეციალისტები კი ამტკიცებენ, რომ შეტევისას კედლები მხოლოდ შიგნით ინგრევა.

1930-36 წლებში არქეოლოგმა გარგსტანგმა გათხარა იერიქონი და აღმოჩნდა, რომ ისუ ნავეს ძის ცნობა სწორია - ქალაქის კედლები რატომღაც გარეთ გადმოწოლილა.

გარკვეულ დრომდე უარყოფნენ ებრაელთა პატრიარქის, აბრაამის არსებობას, მაგრამ ბაბილონის ხელნაწერებში აღმოჩნდა, რომ არაერთხელაა მოხსენიებული, „აბრაამი, ებრაელთა მამა“.

იულიუს ველჰაუზენი ეჭვქვეშ აყენებდა მოსეს მიერ აღწერილი ბრინჯაოს განბანვის ჭურჭლის არსებობას და ამტკიცებდა, რომ ამგვარი ჭურჭლის კეთება 500 წლის შემდეგ დაიწყო. არქოლოგიამ ეს მოსაზრებაც უარყო: ეგვიპტეში გათხარეს სამარხი, რომელიც მიეკუთვნებოდა ძვ. წ. აღ-ის 1500-1400 წლებს, ანუ იმ პერიოდს, როცა მოღვაწეობდა მოსე. სამარხში იპოვეს მოსეს მიერ აღწერილი ბრინჯაოს სარკეებისაგან დამზადებული განბანვის ჭურჭელი.

ისტორიკოსები მითად მიიჩნევენ „დაბადებაში“ აღწერილ ბაბილონის გოდოლს. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ამ კოლოსალური შენობის ნანგრევები. რაც შეეხება ბაბილონის გოდლის დამხობის შემდეგ ღმერთის მიერ ენების აღრევას, მსოფლიოში ცნობილი ლინგვისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველა ენას საერთო ძირი ჰქონდა.

სხვათაშორის, ბიბლიის კრიტიკა მეტწილად იმიტომ დაიწყეს, რომ სკეპტიკოსებს ღმერთი არ სწამდათ და არც მისი ყოვლადუძლეველობის დაჯერება სურდათ, მაგრამ ფაქტები ფაქტებად რჩება და სკეპტიკოსები იძულებულნი არიან, რომ არასებული მტკიცებები ამ მეცნიერულად ახსნან, ან... დაიჯერონ ღმერთის არსებობა.

თარგმნა მანანა ბუკიამ
ჟურნალი „საფარველი“, № 2