სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

საკვირაო ქადაგება. სიონის საკათედრო ტაძარი, 1 ივლისი 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ღვთის მადლით, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს სამების საპატრიარქო ტაძრის მშენებლობა. უკვე მესამე სართული შენდება. ამ საკმაოდ დიდ საკათედრო ტაძარში 9 ტრაპეზი იქნება. 25 ივნისს მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება, გამოვეცით ბრძანება, რომლის მიხედვით, თბლისის წმიდა სამების საპატრიარქო ტაზართან დაარსდა მამათა მონასტერი და მას წმიდა სამების საპატრიარქო ლავრა ეწოდა. ლავრა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს დიდ მონასტერს, რელიგიურ, სულიერ ცენტრს. ცნობილია, რომ ლავრები უკვე VI საუკუნიდან არსებობდა.

წმიდა სამების ამ მშენებარე ლავრაში, სულიერი მოღვაწეობის გარდა წარიმართება მეცნიერული მოღვაწეობა, შეიქმნება ხატწერის სკოლა, ჩვენი ახალგაზრდები შეისწავლიან ქართულ საგალობელს, ხეზე ჭრას, ქვაზე კვეთას. გაიხსნება მრავალი სახელოსნო. ასე რომ, ეს იქნება სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი სულიერი ცენტრი. აქ უკვე ოთხი ბერი მოღვაწეობს. მონასტრის წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა არქიმანდრიტი ექვთიმე ლეჟავა (რადგან საპატრიარქო ტაძარია, ამიტომ წინამძღვარი პატრიარქია). თქვენ იცნობთ მამა ექვთიმეს, იგი ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი იყო, გახლავთ მეტად სულიერი და განათლებული ადამიანი. დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია, არის მხატვარ-არქიტექტორი. ასე რომ, მონასტერი უკვე არსებობს. გუშინ აღესრულა ლოცვა, დღეს კი უკვე პირველი წირვა ჩატარდა. ტაძრის მრევლი ნელ-ნელა იკრიბება. ამ კვირიდან, როცა სურვილი გაგიჩნდებათ, თქვენ გექნებათ საშუალება, დაესწროთ წირვა-ლოცვას წმიდა სამების ტაძარში.

ღმერთმა დალოცოს წმიდა სამების ლავრა და ღმერთმა ინებოს, რომ ამ ბერების და იქ მოღვაწეთა ლოცვით გაძლიერდეს, განმტკიცდეს და გამთლიანდეს სრულიად საქართველო!

შეგახსენებთ, რომ შაბათს - წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის ბრწყინვალე დღესასწაულია. პარასკევს საღამოს, სიონში, სამღვდელოებასთან ერთად, შევასრულებ საზეიმო ლოცვას, ხოლო წირვას - ავჭალის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში. თქვენ იცით, რომ იქ ადრე არსებულ ტაძართან აშენდა ახალი ტაძარი, სადაც პირველი წირვა ჩატარდება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!

ჩვენთან არს ღმერთი!