სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ქადაგება წმიდა ანდრია პირველწოდებულისა და
წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს.
სიონის საკათედრო ტაძარი, 13 დეკემბერი 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ფსალმუნში ვკითხულობთ: „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“. უფალი ირჩევს და უფალი აღამაღლებს რჩეულს ერისაგან თვისისა. ასეთი რჩეულები არიან წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული და წმიდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი, რომელთაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ქრისტიანული საქართველოს ისტორიაში. წმიდა ანდრია პირველწოდებული ის მოციქულია, რომელსაც უფალმა პირველად მოუწოდა მოციქულებრივი სამსახურისთვის. იგი I საუკუნეში შემოვიდა საქართველოში, სადაც პირველმა იქადაგა წმიდა სახარება. V საუკუნეში წმიდა ვახტანგ გორგასალი აგრძელებს წმიდა ანდრია პირველწოდებულის მიერ დაწყებულ მოციქულებრივ მოღვაწეობას, რითაც მან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია განამტკიცა.

თქვენ იცით, რომ წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხელშეწყობით საქართველოში დადგინდა პირველი კათოლიკოსი პეტრე. ეს მოხდა V საუკუნის შუა წლებში, ამავე პერიოდში ანტიოქიის ეკლესიამ ავტოკეფალია მიანიჭა ჩვენს ეკლესიას, რაც ასევე წმიდა ვახტანგ გორგასლის უდიდესი დამსახურებაა.

ჩვენ დღეს აღვავლენთ ლოცვებს წმიდა ანდრია პირველწოდებულისა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლისადმი, რათა მეოხ გვეყვნენ ისინი უფლის წინაშე და უფრო მეტად განმტკიცდეს და გაძლიერდეს სარწმუნოება ჩვენს ხალხში. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც ამ ურთულეს პერიოდში გადაარჩენს ქართველ ერს და რისი იმედიც უნდა გვქონდეს მომავალშიც - ეს არის ქრისტიანობა, ჩვენი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ყოველივე ეს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ჩვენს წინაპრებს და ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თავგამოდებით იცავდნენ ეკლესია-მონასტრებს, ქართველი ერის ამ უდიდეს ქრისტიანულ სიწმიდეებს და მათ გადასარჩენად ყველაფერს აკეთებდნენ.

ეკლესია, თავის მხრივ, იცავდა ჩვენს სამშობლოს, რწმენას, ჩვენს კულტურას, ენას. საქართველოს მუდამ ბევრი ჰყავდა მტერი და დღესაც ჰყავს. მტერმა უწყოდა, თუ რაში იყო ძალა ქართველი ერისა, ამიტომაც, როცა შემოიჭრებოდა, პირველ რიგში, ტაძრებსა და მონასტრებს ანგრევდა; ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება დაგვეკარგა.

ღმერთმა დაგლოცოთ! წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული და წმიდა მეფე ვახტანგ დიდი გორგასალი გეწეოდეთ თქვენ და მთელს საქართველოს. მათი ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ყოველ ქართველს უნდა ახსოვდეს საოცარი ანდერძი წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლისა: „ამას გამცნებთ თქვენ, რათა ეძიებდეთ სიკვდილსა ქრისტესათვის!“ ის კი არა თქვა, ვაჟკაცურად შეხვდით სიკვდილს ქრისტეს გამოო, არამედ თქვენ თვითონ ეძიებდეთო მას ქრისტესათვის. აი, რამხელა სიყვარული, როგორი დიდი რწმენა იყო ამ საოცარ პიროვნებაში! შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა!

ჩვენთან არს ღმერთი!