უწმიდესისა და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს. სამების საპატრიარქო ტაძარი, 15 მაისი, 2005 წ.

ქრისტე აღსდგა!

დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია - მენელსაცხებლე დედათა ხსენება.

მინდა გითხრათ, რომ დღეს ღვთისა და ერის წინაშე გამორჩეული პასუხისმგებლობა ეკისრება დედებს. მენელსაცხებლე დედები არიან შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორი ერთგულება უნდა გამოიჩინოს ქალმა, დედამ ღვთის მიმართ. მაცხოვრის სიყვარულითა და ჭეშმარიტების მსახურებით ისინი არაფერს შეუშინდნენ. წამებისთვისაც კი მზად იყვნენ, ყველაფერზე მიდიოდნენ, ოღონდ არ დაშორებოდნენ მაცხოვარს და უფალმაც დააფასა მათი ერთგულება: იგი პირველად გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს - თავის დედას და მერე - მენელსაცხებლე დედებს. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია კიდევ იმით, რომ გუშინ და დღეს ზედიზედ არის ხსენება წმიდისა თამარ მეფისა. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თამარ მეფე იყო მხოლოდ ისტორიული პიროვნება, დიდებული მეფე. თამარ მეფე დღესაც მეფობს და ეხმარება საქართველოს.

შევთხოვთ უფალს, რომ მენელსაცხებლე დედათა ლოცვით, წმიდა თამარ მეფის, ნიკოდიმოსისა და იოსებ არიმათიელის ლოცვით ღმერთმა განამტკიცოს რწმენა, სიყვარული და იმედი, სასოება, რადგან სადაც რწმენა, სიყვარული და იმედია, იქ აუცილებლად იქნება სიხარულიც.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს არის წმიდა იოანე ზედაზნელისა და მისი ათორმეტი მოწაფის დღესასწაული. ზედაზენზე შესრულდება განსაკუთრებული საზეიმო წირვა-ლოცვა.

შაბათს არის ხსენება წმიდა იოანე ღვთისმეტყველისა. ამასთან დაკავშირებით წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში ასევე ჩატარდება საზეიმო წირვა. კვირას კი ნიკოლოზობაა. რა თქმა უნდა, ყველგან შესრულდება წირვა-ლოცვა.

ჩვენთან არს ღმერთი.