უწმიდესისა და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 20 თებერვალი, 2005 წ.

„ჩემი პატრიარქობის პერიოდში ყველაზე დიდ საქმედ შვიდგზის ლოცვის აღდგენა მიმაჩნია:
მთელმა ერმა ყოველდღიურად უნდა წაიკითხოს ეს ლოცვები და,
ამასთან, ლოცვის შემდეგ დღეში 7-ჯერ თქვას:
უფალო, დიდება შენდა, გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

წმიდა მამები ამბობენ: აღსარება და სინანული რომ არ ყოფილიყო, ვერ ცხონდებოდა ვერცერთი ადამიანი დედამიწაზე. ლოცვაშიც ამიტომ წერია: „არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს.“ ე.ი. არ არის ადამიანი, არ ყოფილა და არც იქნება, რომ ამქვეყნად ცოდვა არ ჩაიდინოს. ცოდვის გამოსასყიდად კი აუცილებელია სინანული, „განცდაი თვისთა ცოდვათა.“ უფრო სწორად კი, აუცილებელია ისეთი სულიერი მდგომარეობა, რომელზეც წმიდა ეფრემ ასური ამბობს: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.“

დღეს განსაკუთრებული დღეა. მას ეწოდება „მეზვერე და ფარისეველის კვირიაკე“. სახარებაში წერია: ორი ადამიანი შევიდა ტაძარში - მეზვერე და ფარისეველი. ვინ არიან ისინი? ფარისეველი ყველას მიერ პატივში იმყოფებოდა. იგი ასრულებდა ყველა იმ კანონს, რომელიც დატოვა მოსე წინასწარმეტყველმა და ამაყობდა, რომ ღვთის წინაშე მართალი იყო.

მეზვერე კი - ცოდვილი ადამიანია, ეს არის ხარკის ამკრეფი, რომელიც ძალიან ხშირად უკანონოდაც ართმევს ხალხს ქონებას. თავის ცოდვილობას გრძნობს მეზვერე და ამიტომ ტაძარში სულ უკან დადგა, ფარისეველი კი - წინ. ფარისეველი ამბობს: მადლობელი ვარ უფალო, რომ მე ვასრულებ ამას და ამას, - და ჩამოთვლის იმ კანონებს, რასაც იგი ასრულებს, - და რომ მე არა ვარ ისეთი ცოდვილი, როგორიც ის მეზვერე. და მეზვერე კი მჯიღს იცემს მკერდში და ამბობს: „ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას“.

ორი ადამიანი ლოცულობს, მაგრამ მათი განწყობა სრულიად განსხვავებულია. ერთი მადლობს უფალს, რომ ის ღვთის წინაშე მართალია, მეორე კი გრძნობს თავის უღირსებას და მოწყალებას სთხოვს უფალს. და უფალი ამბობს, რომ მეზვერე უფრო გამართლებული გამოვიდა ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ფარისეველი დასჯილი გამოვიდა ტაძრიდან, რომ უფალმა განიკითხა იგი. მაგრამ ასე არ არის, მანაც მცირე მადლი მიიღო თავისი ლოცვით. მაგრამ უფრო დიდი მადლი მოიპოვა მეზვერემ. აქ ნათლად ჩანს, თუ რას ნიშნავს თავმდაბლობა, უპირველეს ყოვლისა, კი რა არის გულითადი ლოცვა. ეს არის უდიდესი საიდუმლო, ეს არის კავშირი ცასა და ქვეყანას შორის. როცა ადამიანი, თავისი გონებით, სულით, გულით (ხშირად უსიტყვოდ) უახლოვდება უფალს და უფალი ანიჭებს მას მადლს სულისა წმიდისა - უძლურთა მკურნალსა და ნაკლულევანთა აღმავსებელსა.

მაგრამ მაინც რომელი ლოცვა უფრო ნაყოფიერია? ნაყოფიერია ის ლოცვა, რომელშიც არის თავმდაბლობა, სადაც ადამიანს გააჩნია „განცდაი თვისთა ცოდვათა“ და მიაჩნია, რომ ის არ არის ღირსი მოწყალებისა, თუმცა მაინც ითხოვს შეწყალებას.

ხშირი შემთხვევაა, როცა ესა თუ ის ადამიანი მოდის ჩვენთან და გვეუბნება: ჩემი სიტყვებით ვლოცულობ, ლოცვანი არა მაქვსო, ან კიდევ - გულით ვლოცულობ, უსიტყვოდო. მინდა გითხრათ, რომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ადამიანმა უნდა გააგრძელოს ასეთი ლოცვა, მაგრამ ამასთან ერთად წმიდა ეკლესიის მიერ დადგენილი ლოცვებიც აუცილებელია.

ერთ-ერთ ეპისტოლეში მოყვანილი მაქვს ერთი შემთხვევა, როცა წირვის შემდეგ, მრევლი სახლებში რომ მიდიოდა, ერთი მორწმუნე ტაძარში რჩებოდა, დაჯდებოდა სადმე კუთხეში და მაცხოვრის ხატს უყურებდა. როცა მოძღვარმა შენიშნა, რომ ეს მორწმუნე მუდმივად ასე იქცევა, მივიდა მასთან და ჰკითხა: - „ლოცულობ?“ „არა“ - უპასუხა მან.

- ხატწერა გაინტერესებს?

- არა.

- აბა რატომ უყურებ ხატს?

- მე ვუყურებ მაცხოვარს, მაცხოვარი მიყურებს მე და ასე ჩვენ ერთად კარგად ვართ.

ეს შინაგანი, გულის ლოცვა იყო, გულით კავშირი იყო უფალთან. ამ ცქერითა და უსიტყვო ურთიერთობით უფალი მის გულში შევიდა და მორწმუნე ამ სიახლოვეს გრძნობდა, იმიტომ თქვა: ჩვენ ერთად კარგად ვართო. ანუ უფალთან ერთობა იგრძნო.

ალბათ, ყველაზე დიდი ლოცვა ეს არის, როცა ადამიანი ხსნის თავის გულს და გული ადამიანისა ხდება ტაძარი ღვთისა, ტაძარი სულისა წმიდისა. ეს ყველაზე ძვირფასია. ამიტომ ადამიანი დღის განმავლობაში, შეიძლება სულ რამდენიმე წუთით, განმარტოვდეს და უფალს გულით ესაუბროს. შეიძლება ამ დროს ისხდეთ კიდეც (არ არის აუცილებელი ფეხზე დგომა). მთავარია, მთელი არსებით მიეახლოთ მას.

მინდა შეგახსენოთ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს 7-გზის ლოცვას. ეს არის დიდი მადლი, რომელიც მოგვცა ჩვენ უფალმა. ძალიან ხშირად მეკითხებიან: ამ წლების განმავლობაში, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი ბრძანდებით, რა მიგაჩნიათ თქვენს მიერ გაკეთებულ ყველაზე დიდ საქმედ? ზოგს მიაჩნია: ალბათ, ტაძრები რომ აშენდა ისო; ზოგის აზრით, წმიდა სამების საკათედრო ტაძარი არის მთავარი საქმე; ზოგი მიიჩნევს სამღვდელოებისა და მღვდელმთავრების გამრავლებას, სასულიერო სასწავლებლების ამოქმედებას და სხვ. პირადად მე კი ამ წლების განმავლობაში ყველაზე დიდ საქმედ მიმაჩნია 7-გზის ლოცვა.

ეს არის უდიდესი მადლი, უდიდესი საიდუმლო, რომელიც გაგვიხსნა უფალმა. პირველი ფიქრი, ამ ლოცვის შესახებ ეგვიპტეში გაჩნდა. თქვენ იცით, ეგვიპტის უდაბნოები მადლით მოსილია. ეს ის უდაბნოებია, სადაც წარმოიშვა ბერობა, სადაც მოღვაწეობდნენ ანტონი დიდი, მაკარი დიდი, პავლე თებელი და სხვები. და სწორედ იქ, იმ გარემოში დაიბადა ეს აზრი.

მე ვიყავი ეგვიპტეში ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის ნიკოლოზ VI-ის მიწვევით და ვაკვირდებოდი ხალხს ალექსანდრიაში, როგორ ჩერდებოდნენ მუსულმანები და დღეში 5-ჯერ ლოცულობდნენ. ყველაფერი ჩერდებოდა ლოცვისთვის: მანაქანებს აჩერებდნენ, ხალხი ყველა საქმეს წყვეტდა და ლოცვას იწყებდნენ. შემშურდა მათი. შემშურდა, რომ ჩვენ ქრისტიანებმა ნუთუ არ ვიცით, თუ რამდენჯერ უნდა ვილოცოთ. და მე დავიწყე ძიება ბიბლიაში იმ ადგილისა, სადაც მითითებული იქნებოდა პასუხი ამ კითხვაზე. და მე ეს მითითება ვიპოვე ფსალმუნში. აქ წერია: „7-გზის დღესა შინა გაქებდე შენ უფალო.“ საერთოდ უნდა ითქვას, რომ თვითონ რიცხვი „7“ - ეს არის წმიდა რიცხვი, ეს არის საკრალური რიცხვი. და აი, ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ ჩვენი დიდი წინაპრების ლოცვითი ტრადიცია. ამ ლოცვის მნიშვნელობა, მისი ძალა იმაშია, რომ მთელი ერი ერთიანდება უფლის წინაშე.

თქვენ ალბათ გაქვთ ეს ლოცვანი და მადლობა ღმერთს, ბევრმა თქვენთაგანმა უკვე ზეპირადაც იცის ისინი. მინდა გითხრათ ისიც, რომ ძალა ამ ლოცვისა არის ერთობაში. მთელი ერი უნდა შეჰღაღადებდეს უფალს, რომ უფალმა გადმოგვხედოს წყალობით. ამასთან, აუცილებელია კონცენტრირება გონებისა, ასე რომ, მთელმა ერმა უნდა წაიკითხოს ეს ლოცვები. ამიტომ მინდა მოგცეთ ასეთი ლოცვა-კურთხევა, როდესაც დაამთავრებთ ამ 7-გზის ლოცვას, სთქვით ყოველთვის დღეში შვიდჯერ: „უფალო დიდება შენდა! გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო!“ მოდით, ახლა ვთქვათ ერთად: უფალო დიდება შენდა! გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო!

ღმერთმა ისმინოს ჩვენი ლოცვა და გადაარჩინოს საქართველო!

ღმერთმა ისმინოს ჩვენი ლოცვა და გაამთლიანოს საქართველო!

ღმერთმა სულიერი ძალა მოგცეთ; უფალმა ისმინოს თქვენი ლოცვები და მოგცეთ მადლი უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ და სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!