უწმიდესისა და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება. ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 29 იანვარი 2005 წ.

„ჩვენი ეროვნული თვითშეგნება იმდენად ღრმად უნდა იყოს აღბეჭდილი
ჩვენს გულსა და გონებაში, რომ ვერავინ შესძლოს მისი ამოშანთვა!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის ხსენება ეგვიპტელი დიდი მოღვაწისა, ღირსისა მამისა ჩვენისა ანტონი დიდისა, რომელიც არის დამაარსებელი ბერობისა და ცნობილია თავისი დიდი სულიერებით.

წმიდა ანტონი დიდი დაიბადა III საუკუნეში, 252 წელს, ეგვიპტეში. ის იყო შეძლებული მშობლების შვილი, მაგრამ მისი სწრაფვა იყო სულ სხვა, არამიწიერი, და მან გადაწყვიტა წასულიყო უდაბნოში და იქ გაეტარებინა თავისი ცხოვრება.

წმიდა ანტონი დიდი არის საოცარი მაგალითი სულიერი განწმენდისა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „იყავით სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს.“ ეს არის მითითება იმისა, რომ სრულყოფა დაუსრულებელია. სწორედ ამ გზას დაადგა ანტონი დიდი.

საოცარი განსაცდელი გამოიარა მან. უდაბნოში იყო შემთხვევა, როცა ეშმაკმა თითქმის სიკვდილამდე მიიყვანა იგი, მაგრამ სული მაინც იდგა მასში. ახლობლებმა ანტონი დიდად ნაგვემი და ნაცემი რომ დაინახეს, გარდაცვლილი ეგონათ და დამარხვას ფიქრობდნენ, მაგრამ ღამე მას უფალი გამოეცხადა და ცნობიერება დაუბრუნდა, წმიდა ანტონი დიდი ეკითხება მაცხოვარს: „უფალო, სად იყავი, როცა მე მკლავდნენ?“ და მაცხოვარი პასუხობს: „შენთან ვიყავი, მაგრამ ველოდებოდი, გამოგემჟღავნებინა მოთმინება და ნებისყოფა; ველოდებოდი, რომ შენ დაგეწყო ბრძოლა. ამიერიდან კი მე მუდამ შენთან ვიქნები!“

ანტონი დიდმა იცოცხლა დიდხანს, 105 წელი. მას აქვს ბევრი გამონათქვამი, ბევრი ისეთი სიტყვა, რომელიც არასდროს დაკარგავს თავის მნიშვნელობას. იგი ასე არიგებს ადამიანებს: „ეცადე მოიქცე ისე, რომ ყოველი ადამიანი გლოცავდეს შენ“. ეს არის დიდი შრომა; ძნელად მისაღწევია, რომ ყოველი ადამიანი გლოცავდეს.

მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ ბოროტება ბოროტებით არ იკურნება: ბოროტება იკურნება მხოლოდ სიკეთითა და სიყვარულით. სწორედ ამას აკეთებდა წმიდა ანტონი დიდი.

წმიდა ანტონი დიდი, როგორც გითხარით, დამაარსებელია ბერობისა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ქრისტიანობა, როგორც მსოფლიოში, ისე ჩვენთან ბერობით გადარჩა, ბერობამ გადაარჩინა. ბერი ან მონოზონი, ეს არის ის ადამიანი, რომელიც თავის თავს უფალს სწირავს, ეს არის ის ადამიანი, რომელიც არასდროსაა კმაყოფილი თავისი სულიერი ცხოვრებით; ეს არის ის ადამიანი, რომელიც ზრუნავს, რომ დღეს იყოს ოდნავ მაინც უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ. ბერი არის ის ადამიანი, რომელიც დაცემის შემდეგ კვლავ დგება და მიდის უფალთან და იცის, რომ სხვა გზა მისთვის არ არსებობს.

დღეს, კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე. ჩვენ ვხედავთ, რამდენად დიდია და მძიმე დღეს ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც, გამოიჩენს კეთილ ნებას და აირჩევს სიკეთეს, ღვთის მადლითა და ღვთის შემწეობით, მუდამ გამარჯვებული იქნება. ასე ცხოვრობდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, ასეთი ცხოვრებით მოვედით ჩვენც დღემდე, ასეთივე სულისკვეთებით უნდა ვიაროთ მომავალში. ეს არის ერთადერთი გზა - გზა უფლისა!

მინდა შეგახსენოთ, რომ ყოველ ადამიანს და ჩვენს ერს გააჩნია სულიერი და ეროვნული ფასეულობანი. სულიერი ფასეულობა - ეს არის უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება, ეს არის მართლმადიდებლობაზე აშენებული ჩვენი სულიერი სახლი, ჩვენი ყოველდღიური ყოფა.

მაგრამ ამ სულიერ ფასეულობასთან ერთად არსებობს კიდევ ეროვნული ფასეულობანი - ეს არის ჩვენი კულტურა, ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი საგალობლები, მუსიკა, ხატწერა, ფერწერა, ეს არის ჩვენი მინანქარი და მრავალი სხვა. და ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ამას ყველაფერს დაცვა სჭირდება. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა უცხო კულტურა თუ ფსევდოკულტურა შემოდის საქართველოში და ცდილობს წალეკოს ეს ყოველივე. ამიტომ ჩვენი ეროვნული თვითშეგნება იმდენად ღრმად უნდა იყოს აღბეჭდილი ჩვენს გულსა და გონებაში, რომ ვერავინ შესძლოს მისი ამოშანთვა!

შემდეგ სამშაბათს, 8 თებერვალს, არის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე და ჩვენ გვექნება საზეიმო წირვა-ლოცვა.

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი, თქვენ იცით, არის სიმბოლო საქართველოს მთლიანობისა და საქართველოს ძლიერებისა. შემთხვევით არ ხდება, რომ მრავალი მწერალი, პოეტი, თუ ხელოვნების სხვა მოღვაწე ფიქრობს ამ პიროვნებაზე; ფიქრობს, რომ ჩვენ უნდა მივსდიოთ მას, გავიმეოროთ ის საქმენი საგმირონი, რომელთაც ის აკეთებდა.

თქვენ იცით, რომ დავით აღმაშენებელი მართლაც რჩეული იყო უფლისა! ისევე, როგორც დავით წინასწარმეტყველი, წმიდა დავით აღმაშენებელი იყო სულ 16 წლისა, როცა ღვთის განგებით მას სამეფო გვირგვინი დაადგეს და ქვეყანის სიმძიმე იტვირთა. მან ყოველივეს წარმატებით გაართვა თავი და საოცარი დიდება მოიპოვა ღვთისა და ერის წინაშე. თუმცა ბოლომდე შეინარჩუნა დიდი რწმენა და დიდი თავმდაბლობა. გავიხსენოთ მისი „გალობანი სინანულისანი.“ ეს არის ერთ-ერთი მსოფლიო შედევრი. თქვენ იცით, არსებობს ანდრია კრიტელის კანონი; დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ თითქმის აღემატება მას.

საოცარი თავმდაბლობის მაჩვენებელია მისი ანდერძიც, სადაც გამოთქმულია სურვილი იმისა, რომ დაესაფლავებინათ კარიბჭეში და ადამიანებსა და პირუტყვებს ევლოთ მის გულზე, - ამიტომაც აღამაღლა უფალმა იგი, ვითარცა რჩეული ერისაგან ჩვენისა.

როგორც მე გითხარით, 8 თებერვალს ჩვენ გვექნება საზეიმო წირვა-ლოცვა და წირვის ბოლოს იქნება საპატრიარქო ფონდის დაარსება, რომელიც მოემსახურება საქართველოში სულიერების, კულტურისა და მეცნიერების აღორძინებას.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!