უწმიდესისა და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 1 ივნისი, 2007 წელი

„წმინდა ნინომ მოიკვეცა თავისი თმები, შემოახვია ამ ჯვარს და ეს ჯვარი, როგორც სიმბოლო გამარჯვებისა, სიმბოლო ძლევისა, ინახება საქართველოში!“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ქრისტესმიერო ძმანო და დანო!

ყველას სიყვარულით, გულითადად გილოცავთ წმინდა ნინოს დღესასწაულს! წმინდა ნინოს ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.

მოგეხსენებათ, რომ მეტად დიდია ღვაწლი წმინდა ნინოსი. იგი სულ პატარა ასაკისა იყო, როცა, საქართველოში წამოსვლა გადაწყვიტა. მან თავისი მშობლებისა და აღმზრდელებისაგან იცოდა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ბრძანდება კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ეს ქვეყანა არის წარმართული. აი, ამიტომ უფლის რწმენით ანთებული ნინო მოდის, რომ აქ ქრისტეს სჯული იქადაგოს. მან გამოიარა გრძელი გზა; გამოიარა სომხეთი, სადაც აწამეს მისი მეგობრები რიფსიმე და გაიანე. თავად ცოცხალი გადარჩა და საქართველოში ჩამოაღწია.

დღევანდელი დღესასწაული სწორედ ის დღეა, როდესაც წმინდა ნინო შემოვიდა ფარავნის ტბიდან ჩვენს ქვეყანაში და ჰკითხა მწყემსებს: სად არის ივერიაო, მწყემსებმა უპასუხეს, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც შენ უკვე ფეხი დადგიო.

განსაკუთრებულია ცხოვრება წმინდა ნინოსი. მას გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა და მისცა ჯვარი ვაზისა, რათა ამ ჯვრის ძალით მოექცა ქრისტეს სჯულზე ქართველი ერი. ეს უდიდესი სიწმინდე - ჯვარი ვაზისა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა დედამ უბოძა წმინდა ნინოს, დღეს სიონის ტაძარში ინახება და ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ ვემთხვიოთ მას და შევთხოვოთ საქართველოს კეთილდღეობა. წმინდა ნინომ მოიკვეცა თავისი თმები, შემოახვია ამ ჯვარს და ეს ჯვარი, როგორც სიმბოლო გამარჯვებისა, სიმბოლო ძლევისა, ინახება საქართველოში!

ჯვარი არის უდიდესი ძალა. ყოველმა ქრისტიანმა ადამიანმა აუცილებლად უნდა ატაროს გულსაკიდი ჯვარი, რადგან ეს არის სულიერი იარაღი, რომელიც იცავს მას მტრებისგან. ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას სულიერი ჯვარი. უპირველესია სულიერი ჯვრის ვერტიკალური ძელი, რაც ღვთისაკენ სწრაფვას განასახიერებს. ჯვრის ჰორიზონტალური ძელი კი არის სწრაფვა ადამიანებისაკენ. ადამიანს უნდა ჰქონდეს სულიერი თვალი, რომელიც დაინახავს სხვა ადამიანების გასაჭირს. ყოველ ადამიანს აქვს საშუალება იმისა, რომ დაეხმაროს გაჭირვებულს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა ნინოს ლოცვა დიდი და ძლიერია. შეგეწიოთ იგი თქვენ და სრულიად საქართველოს.

მინდა ამ დღესასწაულზე წმინდა ნინოს ხატი გადავცე ჩვენს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს, ეს ხატი იყოს მისი მფარველი.

წმინდა ნინოს ლოცვითა და მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი და სრულიად საქართველო, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №19, 2007 წ.