უწმიდესისა და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 4 თებერვალი, 2007 წელი

„დღეს ხარობს ანგელოზთა დასი და ზეციური საქართველო, რამეთუ ამ წმინდა ტაძარს მორწმუნე ერით სავსეს ხედავენ!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღევანდელ კვირას ეწოდება უძღები შვილის კვირიაკე და ამიტომ იგი, ალბათ, თითოეული ჩვენგანის დღესასწაულია, რადგან ყველანი უძღები შვილები ვართ უფლის წინაშე მამასთან დაბრუნებულნი. დღეს კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე, ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს აწმყოზე, წარსულსა და მომავალზე. უნდა დავფიქრღეთ, რას ვაკეთებდით წარსულში, რას ვა კეთებთ დღეს და რა უნდა ვაკეთოთ მომავალში. ეს არის მომზადება დიდი მარხვისათვის, სინანულისთვის და მარხვის შემდეგ - ბრწყინვალე აღდგომისათვის.

საერთოდ, უფალი ჩვენი იესო ქრისტე იგავით მიმართავდა მოციქულებს და ზოგადად - ერს. ერთხელ მან უამბო თავის მოწაფეებს იგავი უძღები შვილის შესახებ: ადამიანს ჰყავდა ორი ძე; უმცროსმა ვაჟმა მამისაგან წასვლა განიზრახა. ხშირი შემთხვევაა, როცა გამოუცდელი შვილი ფიქრობს, თუ მამის სახლს დატოვებს და დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებს, უკეთ იქნება, რადგან ჰგონია, რომ მამას არ ესმის მისი მოთხოვნილებების.

მართლაც, უმცროსი ვაჟი მიდის მამასთან და ეუბნება: „მომეცი ჩემი კუთვნილი ნაწილი, მინ და ცალკე ვიცხოვრო“ და სახლიდან წავიდა. ცოტა ხანში მან მთელი თავისი ქონება მეძაობასა და თავისუფალ ცხოვრებაში განაბნია. როდესაც გაუჭირდა, მოსამსახურედ დადგა და ისეთ მდგომარეობამდე მივიდა, რომ ღორების მწყემსვა დაიწყო. სახარებაში წერია, რომ მას ღორების სალაფავიც კი ენატრებოდა, იმდენად გაუჭირდა. ამ დროს მას ეწყება სინანული. ადამიანის ბუნებას ახასიათებს, გაჭირვების ჟამს გაიხსენოს უფალი. და თუკი ზოგჯერ ადამიანს დალხინებულ ცხოვრებაში არ ახსოვს მამა, არ ახსოვს ღმერთი, როგორც კი გაუჭირდება, იწყებს ფიქრს: სად იყო, რა დაკარგა და როგორ შეიძლება ყოველივე ამის დაბრუნება. ამ ვაჟსაც გაახსენდა მამის სახლი და მიხვდა, რა დაკარგა და რაზე თქვა უარი. ამ სინანულის დროს მას ასეთი აზრი დაებადა: მამაჩემს მრავალი მოსამსახურე ჰყავს, დავბრუნდები, მივალ მამასთან და ვეტყვი: მამა, მე არა ვარ ღირსი, რომ მერქვას შენი შვილი, ამიტომ მიმიღე მე, როგორც ერთ-ერთი შენი მუშაკთაგანი, როგორც შენი მსახური. მართლაც, ასეც მოიქცა იგი და მივიდა მამასთან. მამა კი ეტყობა ყოველდღე ელოდა თავის შვილს. იგი გაჰყურიბდა გზას და ელოდა... დაინახა თავისი მონანული, გაჭირვებული ვაჟი, გახარებული მიეგება და მოეხვია მას. შვილი მიმართავს: „არა ვარ ღირსი, რომ მერქვას შენი შვილი, მიმიღე, როგორც ერთი მსახურთაგანი“. მამა კი უხმობს თავის მოსამსახურეებს და ეუბნება: „მოიტანეთ საუკეთესო ტანსაცმელი და ჩააცვით მას, მოიტანეთ ბეჭედი და წამოაცვით მას თითზე“. ბეჭედი ნიშანი იყო იმისა, რომ მამა მას შვილის წოდებას უბრუნებდა. ბოლოს მამა ამბობს: „დაკალით ზვარაკი ჭამებული“ და გაიმართა ლხინი. სახარებაში წერია, რომ ამ დროს უფროსი ვაჟი შინ ბრუნდება. მას სახლიდან გამომავალი ხმაური შემოესმა. როდესაც შეიტყო, რომ ლხინი მისი უმცროსი ძმის დაბრუნების გამო გაიმართა, შეწუხდა და იწყინა. ჩემთვის მამას არასდროს დაუკლავს ზვარაკი, რათა ჩემს ტოლებთან მომელხინა, ჩემმა ძმამ კი მამის ქონება გაანიავა და მას ლხინით ეგებებიანო. აი, ამ უფროსი ვაჟის ნათქვამზე გვმართებს დაფიქრება, მას რომ არ ვემსგავსოთ.

ეს არის იგავი სინანულისა, მაგრამ, ამასთან, წინასწარმეტყველება მთელი კაცობრიობისთვის. ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი უკვე დაწყებულია, დადგა ღრო, როდესაც ღვთისაგან განდგომილი კაცობრიობა კვლავ ბრუნდება ეკლესიაში. ეს არის შესანიშნავი პროცესი, საიდუმლო განგება, დიდი წყალობა და სიყვარულის გამოვლინება ღვთისა. ჩვენ კი დაფიქრება გვმართებს იმაზე, თუ როგორ ვხვდებით ეკლესიაში ახალმოსულ ადამიანებს. ჩვენ ეს უნდა გვიხაროდეს! მთელი ანგელოზთა სამყარო ხარობს, როდესაც თუნდაც ერთი მონანული ადამიანი ბრუნდება ღვთის სამწყსოში! დღეს ხარობს ანგელოზთა დასი და ზეციური საქართველო, რამეთუ ამ წმინდა ტაძარს მორწმუნე ერით სავსეს ხედავენ!

ღმერთმა ინებოს, როშ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს უფლის სამწყსოს გარეთ. ღმერთმა ინებოს, რომ იყოს ერთი სამწყსო და უფალი ჩვენი იესო ქრისტე იყოს მწყემსი ჩვენი! ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ! მართალიაა ცოდვილნი ვართ, უძღები შვილები ვართ, მაგრამ ღვთისანი ვართ და ამით - ბედნიერნი! როგორც წერია ფსალმუნში: „შენი ვარ, უფალო, მაცხოვნე მე“. და ჩვენ, ცოდვილნი მონანი და მხევალნი ღვთისანი, მივმართავთ უფალს: „უფალო, მართალია, ცოდვილნი ვართ, მაგრამ შენი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ, ამინ!“

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №5, 2007 წ.