უწმიდესისა და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 23 სექტემბერი, 2007 წელი

„...ადამიანის ცხოვრებაში ჩიხი არ არსებობს; აუცილებლად ყოველთვის არის გამოსავალი და აუცილებლად არის იმედი“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ხშირად ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს აზრებს, გრძნობებს, შეხედულებებს, ჩვენს გეგმებს დღევანდელ დღესა და მომავალზე. ამასთან, ხშირად პესიმისტურად შევყურებთ ჩვენ ცხოვრებას, დღევანდელ დღესა თუ მომავალს.

ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი ხასიათით, მსოფლმხედველობით, გრძნობებითა და შეხედულებებით. არიან ისეთნი, რომლებიც ყველაფერს მუქ ფერებში ხედავენ, ყველაფერს უფრო მძაფრად აღიქვამენ და ისეთ მდგომარეობაში ვარდებიან, საიდანაც თითქმის არ არსებობს გამოსავალი. სინამდვილეში ცხოვრებაში ასე არ არის. უფალი ყოველთვის გვიტოვებს გამოსავალს. უბრალოდ, ზოგჯერ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ასე რომ, არსებობენ პესიმისტი და ოპტიმისტი ადამიანები. და ვინ უნდა ვიყოთ ჩვენ? რა თვისებები უნდა ახასიათებდეს მორწმუნე ადამიანებს?

რა თქმა უნდა, იმედი უნდა გვქონდეს, უნდა გვქონდეს მართლმადიდებელი რწმენა, სიყვარული და სასოება. თუკი ჩვენ ვართ მორწმუნენი, არასწორი იქნება, რომ ვთქვათ, ვართ პესიმისტები ან ოპტიმისტები, - თუკი ვართ მორწმუნენი, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიყოთ რეალისტები. რეალურად უნდა შეხედოს ადამიანმა ცხოვრებას, რეალურად შეაფასოს მოვლენები. და რაც მთავარია, ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ისეთი მდგომარეობა, საიდანაც გამოსავალი არ არის - არ არსებობს! შეიძლება დღეს შენ გიჭირდეს, შეიძლება დღეს შენ სამსახური არ გქონდეს, მაგრამ შენ უნდა იფიქრო, როგორ დააღწიო თავი პრობლემებს, არ დაკარგო უფლის იმედი, ილოცო და ეძიო გამოსავალი. და იგი აუცილებლად გამოჩნდება, უფალი გამოაჩენს.

მე ვყოფილვარ ციხეებში და მინახავს მრავალი სიკვდილმისჯილი და უნდა გითხრათ, რომ მე იმათშიც ვხედავდი იმედს. მახსენდება ერთი შემთხვევა - ჩვენ ვინახულეთ სიკვდილმისჯილები და მათ შორის იყო ერთი აფხაზი ბიჭი. რატომღაც ყველაზე მეტად ის შემებრალა და ვკითხე მას: „ვინმე თუ გყავს-მეთქი?“ „დედა მყავსო“, - მომიგო. მე შევთავაზე, პატარა ფურცელზე რამდენიმე სიტყვა დაუწერე დედაშენს და მე გადავცემ-მეთქი. და მანაც დაწერა: „დედა, შეიძლება მალე მაღლა ამიყვანონო“, - ანუ დახვრეტა პატიმრობით შეეცვალათ. ამ იმედით იყო ის ბოლომდე და აუსრულდა კიდეც.

მახსოვს, მაშინ სიკვდილმისჯილებს საჩუქრები მივუტანეთ (ამის ნება მოგვცეს) და ყველაზე კარგი საჩუქარი იმ აფხაზ პატიმარს გადავეცით, რომ თავი უცხოდ არ ეგრძნო.

ეს ყველაფერი იმიტომ გიამბეთ, რომ არასდროს დაკარგოთ იმედი. დღეს ქართველებმა არ უნდა დავკარგოთ იმედი იმისა, რომ აფხაზეთი დაბრუნდება. მე მტკიცედ მჯერა და მწამს - ის აუცილებლად დაბრუნდება! წარმოუდგენელია საქართველო აფხაზეთის გარეშე, წარმოუდგენელია სამაჩაბლოს გარეშე, - ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი სისხლი და ხორცია! ამას ამბობენ არა მარტო ქართველები, მე ხშირად მსმენია ეს სხვებისგანაც, მაგალითად, რუსებისგანაც.

ოპტიმიზმის კიდევ ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო. გერმანიაში იყო ერთი ბავშვი, რომელიც დაიბადა ყრუ-მუნჯი და ამავდროულად ბრმა, მაგრამ უაღრესად ნიჭიერი გამოდგა. ერთმა ქალბატონმა, სულ უცხო ადამიანმა, იგი აღსაზრდელად აიყვანა და გადაწყვიტა, რომ ამ ბავშვისთვის მეტყველება ესწავლებინა. თითქოს წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, ასწავლო ლაპარაკი ყრუ-მუნჯსა და ბრმას. მაგრამ მან გამონახა საგანგებო მეთოდი. უპირველეს ყოვლისა, მან გააგებინა ამ ბავშვს, რომ ყოველ საგანს აქვს თავისი სახელი, რომ ეს არის სკამი, ეს არის მაგიდა, ეს არის პური და როგორ გააგებინა... ჯერ ბავშვის თითები ჩაიდო თავის პირში, მერე თავისი თითები ჩაუდო პირში ბავშვს და აგრძნობინა, რომ ენის გარკვეული მოძრაობის შედეგად გამოითქმება სიტყვა. და უცბათ მიხვდა ეს ბავშვი, რომ ყველაფერს ჰქონია თავისი სახელი და დღე და ღამე არ ასვენებდა თავის აღმზრდელს; სულ ზეპირად იცოდა სახლში სად რა იდგა და თავისი აღმზრდელი მიჰყავდა სხვადასხვა ნივთებთან და ხელით აჩვენებდა - ეს როგორიაო და ის ქალბატონი ასწავლიდა, თუ ენისა და ტუჩის როგორი მოძრაობით რა სახელი ჰქონდა ამა თუ იმ ნივთს. და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ბავშვმა დაიწყო ლაპარაკი, დაამთავრა საშუალო სკოლა, დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდა. წარმოიდგინეთ, რამდენი შრომა ჩადო აღმზრდელმა ამისათვის, - მან მთელი სიცოცხლე შესწირა ამ ბავშვს. და შედეგმაც არ დააყოვნა, ეს ბავშვი გაიზარდა, მიიღო განათლება და დაწერა წიგნი - „რატომ ვარ მე ოპტიმისტი“.

აი, ეს მინდოდა თქვენთვის მომეყოლა. ადამიანი რეალისტი უნდა იყოს და მუდამ იმედით აღსავსე. იმედი უნდა გვქონდეს ღვთისა, იმედი მომავლისა, იმედი ადამიანისა.

ძველ დროს რომაელებს უთქვამთ: ჰომო ჰომინის ლუპუს ეს - ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო. ადამიანი ადამიანისთვის მგელი კი არა, ძმა უნდა იყოს და მეგობარი. აი, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.

ყოველდღე უნდა ვთესოთ სიკეთე და სიკეთე ასმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!

დღეს მინდა დავაჯილდოვო დეკანოზი ლავრენტი ბეთლემიშვილი, რომელიც არის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარი, იგი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით.

დეკანოზი დავით ნოზაძე დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით.

დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით. ეს ის მოძღვარია, რომელიც ეხმარება პატიმრებს.

დეკანოზი თევდორე გოგოლაძე, რომელიც ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მსახურობს და ერთგულად ემსახურება საქართველოს ეკლესისას, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №29, 2007 წ.