უწმიდესისა და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე

27 იანვარი, 2007 წელი

„მე ვაგრძელებ ქადაგებას საქართველოში“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ქრისტე აღსდგა!

მთელ საქართველოს გილოცავთ ნინოობის დღესასწაულს!

წმინდა ნინო ბრძანდება წმინდანი წმინდანთა შორის ქართველი ერისა!

საოცარია, რომ ხშირად უფალი თავის ძალას, თავის მადლს ანიჭებს უძლურ ადამიანს, - მათ, ვინც უძლურია ფიზიკურად, მაგრამ ძლიერი სულიერად. სწორედ ასეთი წმინდანი ბრძანდება წმინდა ნინო.

თქვენ იცით წმინდა ნინოს ცხოვრება, ამიტომ მე არაფერს გეტყვით ამის შესახებ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ წმინდა ნინო დღესაც აგრძელებს თავის ქადაგებას საქართველოში, დღესაც ცდილობს, მოაქციოს, - იგი დღესაც არის განმანათლებელი საქართველოსი. წმინღა ნინოს ღვაწლი - არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტი, წმინდა ნინოს მოღვაწეობა გაგრძელდება, ვიდრე ეს ქვეყანა იარსებებს.

მახსენდება ერთი მეუდაბნოე მონაზონი, რომელიც აფხაზეთში მოღვაწეობდა და ზოგჯერ სოხუმში ჩამოდიოდა, იგი იყო ბრმა. და მას ჰქონდა ასეთი ჩვენება, იხილა წმინდა ნინო, რომელმაც უთხრა: „მე ვაგრძელებ ქადაგებას საქართველოშიო“. მონაზონმა დაინახა როგორ დადიოდა წმინდანი და ქადაგებდა. ასე რომ, წმინდა ნინო ქართველთა განმანათლებელი იყო წარსულშიც, არის დღესაც და იქნება მომავალშიც.

საოცარია ადამიანის ბუნება. მის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც იგი გალაღებული ივიწყებს ღმერთს, ივიწყებს სარწმუნოებას, სასოებას, სიყვარულს. მაგრამ ასევე დგება დრო, როდესაც, გაჭირვებაში მყოფი, კვლავ უბრუნდება უფალს.

იყო დრო, როდესაც ჩვენი მღვდელმთავრები გულისტკივილით ამბობდნენ, რომ წმინდა ნინოს დღესასწაულზე ქართველი ხალხი არ მიდიოდა ეკლესიაში და წირვას ესწრებოდნენ მხოლოდ ბერძნები, რუსები, სხვა ეროვნების ადამიანები. ქართველი მღვდელმთავრები ოცნებობდნენ იმ დროზე, როდესაც ქართველი ერი დაბრუნდებოდა ეკლესიაში.

მახსენდება ჩემი ახალგაზრდობა, სტუდენტობის წლები, როდესაც ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად ასრულებდა წირვას და ამ წირვაზე სულ 20-25 კაცი იდგა. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც ტაძარში ურწმუნო ადამიანი შემოვიდოდა და შეურაცხყოფდა სიწმინდეს. ერთხელ უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე წირვას აღავლენდა და შემოსულა ერთი ურწმუნო კაცი ქუდით და სიგარეტით ხელში, რომელიც დაცინვით ათვალიერებდა ყველას. არავინ იყო, რომ გაეყვანა ეს ადამიანი ტაძრიდან. თვითონ კათოლიკოს-პატრიარქს შეუწყვეტია წირვა, გამოსულა და იგი გაუყვანია ტაძრიდან. აი, ასეთი სულიერი გაჭირვებაც ჰქონია საქართველოს! მაგრამ დადგა ჟამი ლოცვისა, შენებისა და ქართველი მრევლი ვეღარ ეტევა ტაძრებში და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისათვის! მიმაჩნია, რომ ეს არის წმინდა ნინოს დამსახურება, მისი დიდი ღვაწლი. წმინდა ნინო დღესაც ზრუნავს საქართველოზე, ჩვენს სულიერებაზე, ჩვენს ყოფაზე და დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა ნინოს ლოცვით, წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზისა და სხვა მრავალ წმინდანთა ლოცვით ღმერთი გაამთლიანებს და სულიერად აღადგენს საქართველოს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ წმდა ნინოს დღესასწაულს!

წმინდა ნინოს ლოცვა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

განსაკუთრებით მინდა შევთხოვო წმინდა ნინოს, დაეხმაროს ურწმუნო, გზააცდენილ ადამიანებს, შეწიოს მათ, რომლებიც ამჟამად საავადმყოფოებსა და ციხეებში არიან და ღმერთმა ინებოს, რომ წმინდა ნინოს ლოცვით აღდგეს საქართველოში სულიერება!

ჩვენთანა არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №3, 2007 წ.