უწმიდესისა და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ჯვართამაღლების დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 27 სექტემბერი, 2007 წელი

„როცა ადამიანი ჯვრის სიმძიმეს ვეღარ უძლებს და ეცემა, - აღარ აქვს ძალა, რომ განაგრძოს გზა, მაგრამ ამის თქმა მაინც უნდა შესძლოს: „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო!“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ ჯვართამაღლებას! ჯვრის ძალა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

არსებობს ერთი აღმოსავლური სიბრძნე სიხარულისა და მწუხარების შესახებ. იგი ამბობს: „ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა! და ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა!“ აი, ასეთი მონაცვლეობა ხდება ადამიანისა თუ ერის ცხოვრებაში. როდესაც ადამიანი თუ ერი იმყოფება სიხარულში, მას უნდა ახსოვდეს, რომ ამას მოსდევს მწუხარება, შემდეგ მწუხარებას კვლავ ცვლის სიხარული და ა.შ.

სიხარულსაც და მწუხარებასაც თავისი მიზანი აქვს. ხშირად ჩვენ ვერ ვხსნით, თუ რატომ შეგვემთხვა ესა თუ ის მოვლენა. ვერ ვხსნით იმიტომ რომ, ალბათ, სულიერება და რწმენა გვაკლია. არსებობს ასეთი მეცნიერება - ღვთისმეტყველების ისტორია, რომელიც შეისწავლის თუ როგორ ვითარდებოდა ღვთისმეტყველება - პირველი საუკუნეებიდან, ანუ სახარების ტექსტიდან დაწყებული და შემდეგ წმინდა მამების ნაშრომებითა და წმინდა წერილის განმარტებებით გამდიდრებული ისეთი დიდი მამების მიერ, როგორებიცაა - ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, მაქსიმე აღმსარებელი და მრავალი სხვა. მაგრამ არსებობს ასევე ახალი მეცნიერება, - ისტორიის ღვთისმეტყველება - თუ როგორ შეიძლება, რელიგიური თვალსაზრისით ავხსნათ ესა თუ ის ისტორიული მოვლენა.

დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულია, ეს არის ჯვრის სადიდებელი და თაყვანსაცემი დღესასწაული. ამ დღეს ჩვენ თაყვანსა ვსცემთ პატიოსანსა და ცხოველსმყოფელსა ჯვარსა უფლისასა. და ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რა არის ჯვარი ჩვენს ცხოვრებაში, რა არის ჯვარი ერის ცხოვრებაში და ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯვარი არის ჩვენი თანამგზავრი, ჯვარი არის ჩვენი ბედი. და იგი ღირსეულად უნდა ვატაროთ.

მახსენდება ერთი შესანიშნავი ქართული სიმღერაა - „გადი-გამოდი გუთანო“. ეს სიმღერა, თუ გახსოვთ, ასეთი სიტყვებით მთავრდება: „ჰეი, ბიჭებო გავედით ბოლოშიო“. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავის ჯვართან ერთად გავა ბოლოში, ბოლომდე მიიტანს თავის ჯვარს, არ მიატოვებს. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ადამიანი ჯვრის სიმძიმეს ვეღარ უძლებს და ეცემა, - აღარ აქვს ძალა, რომ განაგრძოს გზა, მაგრამ ამის თქმა მაინც უნდა შესძლოს: „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო!“

დღეს საქართველო იხსენებს იმ მეცად მძიმე მოვლენებს, როცა სოხუმი დაეცა და როცა ჩვენ დროებით დავკარგეთ კონტროლი აფხაზეთზე. ეს იყო და არის ჩვენი დიდი გამოცდა. და აი, როგორ შეიძლება, ავხსნათ ეს მოვლენები სულიერად, ღვთისმეტყველების საშუალებით, თუ რატომ მოხდა ეს. პირადად ჩემთვის ამ ტრაგედიის მიზეზები გასაგებია. მე 11 წლის მანძილზე, როგორც თქვენ იცით, ვიყავი ცხუმ-აფხაზეთის მღვდელმთავარი და მე ვიცნობ ყოველ კუთხე-კუნჭულს ცხუმ-აფხაზეთისა, მახსოვს ის ძმური ურთიერთობა, რაც არსებობდა აფხაზებსა და ქართველებს შორის. მე აფხაზების ოჯახში ბევრჯერ მივსულვარ! რამდენი აფხაზი ნათლული მყავს! მაშინ არ არსებობდა მიზეზი, გვეფიქრა, რომ ასე დაიძაბებოდა ურთიერთობა. ეს აშკარად არის გარეშე მტრის მიერ შექმნილი კონფლიქტი და ეს ყველამ ვიცით; მარტო გარეშე მტერს ჭირდებოდა ჩვენი დაყოფა.

მცირე ხნის წინ ჩვენთან საპატრიარქოში ბრძანდებოდა რუსეთის ელჩი და მე მას ვუთხარი: „რუსეთმა არ უნდა დაუშვას საბედისწერო შეცდომა-მეთქი“. რომელიო? - მკითხა ელჩმა. და მე ვუთხარი: „რუსეთი არ უნდა შეეცადოს აფხაზეთის ჩამოშორებას საქართველოდან, რადგან თუკი დღეს არსებობს უნდობლობა რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის, შემდეგ ეს უკვე ხალხში გადავა. იცოდეთ, ქართველი ხალხი არასდროს შეურიგდება იმას, რომ აფხაზეთი არ იყოს საქართველოს შემადგენლობაში“. მან მითხრა: „თუ თქვენი ნებართვა იქნება, მე ამას ჩვენს პრეზიდენტს გადავცემო“. „დიახ, გადაეცით, ჩემგანაც და მთელი ქართველი ხალხისაგანაც-მეთქი“ - ვუთხარი.

მინდა როგორღაც სულიერი თვალსაზრისით, სულიერი თვალით ავხსნა, რატომ მოხდა ეს ტრაგედია. ეს მოხდა ჩვენი ურწმუნოებისა გამო. ამ 11 წლის განმავლობაში, როცა მე აფხაზეთის მღვდელმთავარი ვიყავი, ძალიან ცოტა ქართველი დადიოდა ეკლესიაში. ისინი ასრულებდნენ ნათლობას, წესის აგებას, მაგრამ ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე მოსვლისათვის არ ეცალათ. მქონდა ხოლმე მათთან საუბარი ამის შესახებ, თუ რატომ აკეთებენ ამას; მპასუხობდნენ: „ჩვენ მანდარინის დიდი ბაღები და დიდი სახლები გვაქვს, ამას ყველაფერს მოვლა სჭირდება და აბა სადღა გვაქვს დრო, ეკლესიაში რომ ვიაროთო. და აი, ღმერთმა მოგვივლინა ეს განსაცდელი და ჩვენ ყველაფრისათვის მოვიცალეთ, ყველაფრისთვის დრო დაგვრჩა. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაკარგული არ არის, ჩვენ დროებით დავკარგეთ კონტროლი ამ ტერიტორიებზე და, ღვთის მადლით, აფხაზეთიც და ცხინვალიც, - საქართველოს განუყოფელი ნაწილია, დაგვიბრუნდება. მჯერა, მალე დადგება დრო, როცა, ღვთის მადლით, ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს გამთლიანებას.

მინდა დღეს დავლოცო ჩვენი გმირები, ჩვენი ვაჟკაცები, ჩვენი დედები და ჩვენი შვილები, რომლებიც აფხაზეთში ან ჭუბერის გზაზე დაეცნენ. მინდა გავიხსენო ჟიული შარტავა (ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მას ნათლობის სახელი დავითი ერქვა).

აი, ასეთ კრიტიკულ დროს ჩავიდა სოხუმში ქუთაისიდან მეუფე კალისტრატე და კიდევ საერო ხელისუფლების წარმომადგენელი. ისინი შეხვდნენ ჟიული შარტავას და ნახეს, თუ რა საოცრად შემართებული, საოცრად ძლიერი ყოფილა სულიერად იგი იმ დროს. მას შეეძლო, გამოსულიყო სოხუმიდან, მას შეეძლო, თავი გადაერჩინა, მაგრამ არ ინდომა. მას აღუპყრია ხელები ზეცად და უთქვამს: „ღმერთო, მე დამსაჯე, ოღონდ საქართველო გადაარჩინეო“ და შემდეგ სხვა ოთახში გასულა. მეუფე კალისტრატეს მაშინ ასეთი აზრი მოსვლია, რომ ამ დღეებში უფალი მას გაიყვანსო. მართლაც ასე მოხდა. თქვენ იცით, რომ ჟიული შარტავა დახვრიტეს.

მას შემდეგ გავიდა ხანი და ერთხელაც ვღებულობ წერილს. ეტყობოდა, რომ ეს წერილი არ იყო რუსის მიერ დაწერილი; - რომელიღაც სხვა ერის წარმომადგენელი წერდა. იგი მწერდა: მე ვესწრებოდი ჟიული შარტავას დახვრეტას. მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო იგი და ერთ ჯარისკაცს ვკითხე - ვინ არის-მეთქი; მითხრეს - ჟიული შარტავაო. რომ არ დამვიწყებოდა, ასანთის კოლოფზე მივაწერე მისი გვარი და სახელი. დიდი ხანია, მინდოდა მომეწერა თქვენთვის და მეთქვა ამის შესახებ, მაგრამ ვერ ვბედავდი. ბოლოს მაინც გადავწყვიტე და აი, გწერთ. თქვენ უნდა ამაყობდეთ ასეთი შვილები რომ ჰყავს საქართველოს!“

დღეს ჩვენ ვახსენებთ აფხაზეთში აღსრულებული ჩვენი შვილების სულებს და შევთხოვთ უფალს, რომ სასუფეველში დაამკვიდროს ისინი!

ღმერთმა დაგლოცოთ! ჯვარის ძალა გეწეოდეთ თქვენ და მთელ საქართველოს!

ახლა შესრულდება პანაშვიიდი ჟიული შარტავასა და იმ ადამიანთა სულების საოხად, რომელნიც აფხაზეთში დაეცნენ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს სულნი მათნი!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯვართამაღლების დღესასწაულს. ჯვრის ძალა გფარავდეთ თქვენ, მთელ საქართველოს და ჯვრის ძალამ გაამთლიანოს ჩვენი სამშობლო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №30, 2007 წ.