სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის გამო

წმინდა იოვანე ღვთისმეტყველის სახარებაში ვკითხულობთ მაცხოვრის სიტყვებს: და სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ (8,32).

ჭეშმარიტება და თავისუფლება! ქართველი კაცი მას შემდეგ რაც ქრისტიანობა იწამა, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ჭეშმარიატებას, სიმართლეს ემსახურებოდა. არა მარტო ადამიანებს, არამედ ერებსაც კი ჭეშმარიტების სხვადასხვა გაგება აქვთ და განსხვავებულ პასუხს იძლევიან კითხვაზე: რა არის ჭეშმარიტება? ეს კითხვა დაუსგა პილატემაც იესო ქრისტეს ჯვარცმის წინ, მაგრამ, მაცხოვარმა პასუხი არ გასცა, რადგან პილატე ვერ მიხვდა, რომ ჭეშმარიტება მის წინ იდგა. რა თქმა უნდა, იგი ვერც იმას გაიგებდა, რასაც უფალი ამ კითხვაზე უპასუხებდა.

ჭეშმარიტებისა და თავისუფლების ურთიერთდამოკიდებულება იმიტომ შეგახსენეთ, რომ დღეს ჩვენი დიდი ეროვნული დღესასწაულია, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე! თქვენთვის ცნობილია, რომ როცა საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო გახდა, მისი ეკლესია ანტიოქიის ტახტს, მის მამათმთავარს დაემორჩილა, რაც მე-5 საუკუნემდე გაგრძელდა. 468 წელს წმ. მეფის, ვახტანგ გორგასალის, დიდი მცდელობითა და ღვაწლით ქართულმა ეკლესიამ ანტიოქიის პატრიარქისგან ავტოკეფალია მიიღო და დამოუკიდებელი გახდა. ეს იყო უდიდესი ფაქტი ჩვენი ერის ისტორიაში, რომელსაც ეროვნული კულტურის - მწერლობის, არქიტექტურის, ფერწერის არნახული აღმავლობა მოჰყვა. საუკუნეების მანძილზე ჩვენი ერი განსაკუთრებით უფრთხილდებოდა და იცავდა ეკლესიის სიწმინდეს და დამოუკიდებლობას და ასე გრძელდებოდა მე-19 საუკუნის დასაწყისამდე, როცა საქართველომ პოლიტიკური თავისუფლება დაკარგა. მაშინ ჩვენი ქვეყნის საპატრიარქო ტახტზე ერეკლე II-ის შვილი, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II ბრძანდებოდა. 1811 წელს იგი პეტერბურგში გაიწვიეს. მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ კარგად იცოდა ეს გაწვევა რასაც მოასწავებდა, ამიტომ იგი ცრემლითა და ლოცვით გამოემშვიდობა სვეტიცხოველსა და საქართველოს. ანტონ II სამშობლოში აღარ გამოუშვეს და ქართული ეკლესიის მმართველობა ეგზარქოსს ჩააბარეს, პირველი ეგზარქოსი ვარლამ ერისთავი იყო. ეს მდგომარეობა 1917 წლამდე გაგრძელდა - საქართველოს ეკლესიას რუსეთის უწმიდესი სინოდის ერთ-ერთი წევრი მართავდა ეგზარქოსის წოდებით. ამ ხნის მანძილზე ქართველობას არასოდეს შეუწყვეტია ზრუნვა რუსეთის იმპერატორის არაკანონიერი აქტის გაუქმებისა და მშობლიური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის და აი, ეს ბედნიერი დღეც დადგა - 1917 წლის 12(25) მარტი, კვირა, როცა სვეტიცხოველში საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლებმა, როგორც სასულიეროებმა, ასევე საეროებმაც, მოიყარეს თავი. წირვის შემდეგ, რომელიც გურიის ეპისკოპოსმა ლეონიდე ოქროპირიძემ შეასრულა, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გამოცხადდა. ავტოკეფალიის აღდგენას განსაკუთრებით მძაფრი წინააღმდეგობა დროებითმა მთავრობამ გაუწია, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, არა ტერიტორიული, არამედ ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადება შემოგვთავაზა, რაც იმას გულისხმობდა, რომ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციას ჩვენში არსებული არა ყველა, მაგალითად, რუსული და ბერძნული, არამედ მხოლოდ ქართული ტაძრები დაემორჩილებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ვერც ამას მიაღწია და თავისი ინტერესების დასაცავად საქართველოში პროფესორი ბენეშევიჩი გამოგზავნა. როგორც ვიცით, ბენეშევიჩის მცდელობამაც ამაოდ ჩაიარა, ქართველი ერის დელეგაცია მთავარეპისკოპოს პლატონ როჟდენსტვენსკისთან მივიდა, რომელიც ამ დროს ეგზარქოსის მოვალეობას ასრულებდა და განუცხადა, რომ ამიერიდან ქართული ეკლესიის მართვის უფლება აღარ ჰქონდა. როჟდენსტვენსკი მიხვდა, რომ საქართველოში აღარ დაედგომებოდა და აქედან გაემგზავრა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ეროვნული სიმდიდრეც თან გაიყოლა. პლატონ როჟდენსტვენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.

იმავე 1917 წლის 17 სექტემბერს მოწვეული იქნა საეკლესიო კრება, რომელიც სიონის ამ წმინდა ტაძარში ჩატარდა და რომელმაც კათოლიკოს-პატრიარქად კირიონი აირჩია.

აქედან მოყოლებული ჩვენი ეკლესია, რომელიც ჩვენი ერის სულია, ღვთის წყალობით თავისუფალი და დამოუკიდებელია, ახლა უკვე ჩვენ გვევალება, რომ არა მხოლოდ ის შევინარჩუნოთ, რაც წინაპრების ღვაწლით მოვიპოვეთ, არამედ მშობლიური ერის წინსვლისა და გაძლიერებისათვის მოუღლელად ვიღვაწოთ.

დღეს ჩვენ სამადლობელო ლოცვებს აღვავლენთ უფლის სახელზე და შევსთხოვთ, რომ მთელ ჩვენს ხალხს მოანიჭოს ძალა ჭეშმარიტების შეცნობისა, რადგან ნამდვილი თავისუფლება სწორედ ჭეშმარიტების შეცნობას მოაქვს.

ყველას გილოცავთ ამ დიდ ეროვნულ დღესასწაულს.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო,

ამინ.

25 მარტი, 1985 წ.