სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

ღვთის მადლით მოგვიახლოვდა დიდი მარხვა. დღევანდელ დღეს მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე ეწოდება. თქვენ მოისმინეთ სახარებიდან ის ადგილი, სადაც უფალი ბრძანებს: ტაძარში სალოცავად ორი ადამიანი შევიდა: მეზვერე და ფარისეველი. ვინ არიან ესენი? ფარისეველთა წოდება იმდროინდელ საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობდა, რადგანაც ფარისეველი მოსეს სჯულის მცოდნედ და კანონის აღმსრულებლად ითვლებოდა, ხოლო მეზვერენი დამცირებულნი და ყველასაგან დამდაბლებულნი იყვნენ. მეზვერე ხალხში ხარკის ამკრეფი იყო და ძალიან ხშირად იმაზე მეტსაც იღებდა, ვიდრე ევალებოდა, ამიტომ ხალხს მეზვერენი ეჯავრებოდა და ცოდვილებად თვლიდა. ტაძარში შესული ფარისეველი წინ წარდგა და ღმერთს მადლობას უხდიდა, რომ სხვებივით ბოროტი და მემრუშე არ იყო, მარხულობდა და შემოსავლის მეათედს ტაძარს სწირავდა. მეზვერე კი უკან დადგა და იმდენად შეაწუხა საკუთარი ცოდვების შეგრძნებამ, რომ მაღლა თვალის აწევაც კი ვერ გაბედა. იგი მხოლოდ ამას ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს და შემიწყალე მე. უფალმა თქვა, რომ მეზვერე ფარისეველზე გამართლებული გამოვიდა ტაძრიდან. ზოგიერთი ფიქრობს, თითქოს ფარისეველი ტაძრიდან დასჯილი გამოვიდა, მეზვერე კი გამართლებული, მაგრამ თუ სახარებას გულდასმით წავიკითხავთ, მივხვდებით, რომ ყოვლადმოწყალე ღმერთმა ისიც გაამართლა, ვისაც თავი მოჰქონდა, მაგრამ უფრო გამართლებული მეზვერე წავიდა, ანუ მადლი და წყალობა ორივეს მისცა, მაგრამ მეტი იმას, ვინც თავმდაბალი იყო. ესაა კანონი ღვთისა: იგი ამპარტავანთ შემუსრავს და მადლს თავმდაბალთ მისცემს.

ადამიანი შეიძლება მორწმუნეც იყოს და მრავალ სიკეთესაც აკეთებდეს, მაგრამ თუ თავმდაბლობა არა აქვს, ღმერთი მის მსხვერპლს არ შეიწირავს. გავიხსენოთ კაენი და აბელი: უფალს მსხვერპლი ორივემ შესწირა, მაგრამ ღმერთმა ერთის მსხვერპლი შეიწირა, მეორისა კი არა. რატომ? იმიტომ რომ უფალი გულს კაცისას ხედავს. მთავარი მსხვერპლის მიტანა კი არა არის, არამედ მთავარი ისაა, რა ხდება ამ დროს ადამიანის გულში. თუ მსხვერპლის შეწირვისას ადამიანის გული ამპარტავნებითა და ღვარძლითაა სავსე, ღმერთი მისგან არავითარი სახის მსხვერპლს, თვით სიცოცხლესაც კი არ შეიწირავს. აი, ამიტომ ამბობს წმიდა დავით წინასწარმეტყველი: გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

თუ ბიბლიის ტექსტებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მთავარი გულის კულტურა, მისი სისპეტაკე და სიწმინდე ყოფილა. ყველაფერი ადამიანის თვალიდან იწყება. სიკეთე და ბოროტება იწყება თვალით, შემდეგ გადადის გონებაში, გონებიდან კი გულში და ადამიანის მთელ სულიერსა და ფიზიკურ სამყაროს მოიცავს. ყველაზე დიდი და ბრძენი ის ადამიანია, ვინც თავის ნაკლს ხედავს. ამიტომაც ევედრება წმიდა ეფრემ ასური ღმერთს: მომანიჭე მე განცდაჲ თვისთა ცოდვათა. ჩვენ ვიცით, რომ არ არსებობს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. მაგრამ მარტო ცოდვის შეგნება არაა საკმარისი, ადამიანმა აუცილებლად გზებიც უნდა მოძებნოს მისგან განთავისუფლებისათვის. პლატონი ამბობდა, რომ ჭეშმარიტი ფილიასოფოსი ისაა, რომელიც სიკვდილისათვის ემზადება. ვისაც შეგნებული აქვს, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ მზადებაა მომავალი და მარადიული ცხოვრებისათვის, აი, ის არის ნამდვილი და ჭეშმარიტი ფილოსოფოსი.

დღეს დიდი ღვთისმეტყველის წმიდა გრიგოლის მოსახსენებელი დღეა. იგი ერთ-ერთი სვეტია მსოფლიო ეკლესიისა. ეკლესიამ წმიდა იოანე მახარებლის შემდეგ მას უწოდა ღვთისმეტყველი, ამგვარ სიმაღლეს ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაში წმიდა გრიგოლმა დიდი სიწმინდით, ინტელექტითა და ცოდნით მიაღწია. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი მე-4 საუკუნეში ცხოვრობდა, მისი მამა ეპისკოპოსი იყო და მასაც გრიგოლი ერქვა, ხოლო დედა, ნონა, ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. აი როგორ ბრწყინავდნენ იმ დროს ოჯახები სიწმინდით, მისი წევრები მომხვეჭელობისათვის კი არ ირჯებოდნენ, არამედ სულიერი სიმდიდრის დასაუნჯებლად. დღეს ხშირად სულ სხვა სურათს ვხედავთ. ჩვენ არა გვაქვს უფლება ახალგაზრდობის დადანაშაულებისა, რადგან იგი მშობლებისაგან ხშირად ცუდ მაგალითს ხედავს, რის შედეგადაც შინაგანი პროტესტი ებადება. ახალგაზრდებს სული უორდებათ, ერთი მხრივ, მათ უყვართ თავიანთი მშობლები, მეორე მხრივ ვერ ეგუებიან იმას, რასაც ისინი აკეთებენ. შედეგი სავალალოა - ამდენი ნარკომანიით დაავადებული გზასაცდენილი ახალგაზრდა, რა თქმა უნდა, ახალგაზრდათა მიერ არჩეული გზა პროტესტისა მცდარია, რადგან ისინა ამ გზით მხოლოდ თავს იღუპავენ, მაგრამ ჩვენი ვალია, ყოველი ღონე ვიხმაროთ მათ გადასარჩენად და უფროსსა და უმცროს თაობებს შორის დაკარგული კავშირის აღსადგენად.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი უდიდესი მაგალითია ჩვენი ახალგაზრდობისათვის. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო და შესანიშნავად იცნობდა ბერძენ ფილოსოფოსებს. დღეს იმ ახალგაზრებისაგან, რომელნიც ქრისტიანობის გზაზე დგანან, ხშირად გვესმის უარყოფა ანტიკური ფილოსოფიისა. მათ ავიწყდებათ, რომ წმიდა ბასილი დიდი და წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბერძნულ ფილოსოფიაზე იყვნენ გაზრდილნი. მათთან ერთად ათენში სწავლობდა იულიანე განდგომილიც, მაგრამ იგი შემდეგში ქრისტიანობის დაუძინებელი მტერი გახდა. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სულიერი ამაღლებისათვის მხოლოდ ცოდნა როდია საკმარისი, არამედ საჭიროა გულის სისპეტაკეც.

ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი ახალგაზრდები ისე აღვზარდოთ, არც ზნეობრივი სიწმინდე აკლდეთ და არც ცოდნა. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქცევიან ისინი ღვთის მეგობრებად, რაც საწინდარი გახდება არა მხოლოდ მათი, არამედ მთელი ჩვენი ერის გადარჩენისა.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ლოცვა ეწეოდეს ჩვენს ახალგაზრდობასა და სრულიად საქართველოს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო. ამინ.

6 თებერვალი, 1993 წ.