სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II

ყოველმა ჩვენგანმა უნდა ჰკითხოს თავის თავს,
რას აკეთებს რწმენისა და მამულისათვის

ჩვენ ხშირად ვკითხულობთ წმიდა მამათა და დედათა ცხოვრებებს, აღფრთოვანებულნი ვართ მათი ღვაწლით და დამსახურებით ერისა და ეკლესიის წინაშე, მაგრამ არ განვიცდით მათი მოღვაწეობის მადლსა და ცხოველმყოფელ ძალას, რომელმაც ჩვენში მიბაძვის სურვილი უნდა აღძრას. ამ დროს ვფიქრობთ, და ზოგჯერ ხმამაღლადაც ვაცხადებთ, რომ ისინი წმინდანები იყვნენ, ხოლო ჩვენ ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები ვართ. უნდა მოგახსენოთ, რომ ამგვარი მსჯელობა მცდარია, ყოველი წმინდანი ისეთივე ადამიანი იყო როგორიც ჩვენ ვართ, მაგრამ იმდენად დიდი იყო მათი რწმენა და სიყვარული, რომ ხორციელსა და მიწიერ ზრახვებზე მაღლდებოდნენ, პირადულს თმობდნენ და სიცოცხლეს უფლისა და მოყვასის სამსახურში ატარებდნენ.

მინდა ამჯერად თქვენი ყურადღება წმიდა ნინოს მივაქციო, რომლის ღვაწლიც იმდენად დიდია, რომ რაც არ უნდა დიდი იყოს ჩვენი მადლიერება და მხურვალე მის სახელზე აღვლენილი ლოცვა, მის წინაშე მაინც მუდამ ვალში დავრჩებით.

წმიდა ნინო წარმოშობით კაპადოკიიდან იყო, იმ ქვეყნიდან, რომლის უძველეს მკვიდრსაც მესხთა ქართული ტომი წარმოადგენდა. ცნობილია, რომ ბიზანტიელი ისტორიკოსები კაპადოკიელებს სწორედ მესხებს უწოდებდნენ, ამ და სხვა მიზეზებითაც ჩვენში თავიდანვე არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც კაპადოკიელი მოღვაწენი - წმიდა გიირგი, წმიდა ბასილი დიდი, წმიდა გრიგოლ ნოსელი და მათ შორის წმიდა ნინოც, წარმოშობით ქართველები იყვნენ.

როცა წმიდა ნინომ აღმზრდელისაგან შეიტყო, რომ ის ქვეყანა, რომლის დედაქალაქშიც ჩვენი უფალი იესო ქრისტეს კვართი ინახებოდა, წარმართული იყო და კერპებს სცემდა თაყვანს, მისი მოქცევის სურვილით აღენთო და შორეული იერუსალიმიდან მცხეთისაკენ გამოემართა. მისი თანამგზაგრები - გაიანე და რიფსიმე, სომხეთში აწამეს. მათ საფლავებზე დღეს მთნასტრებია აგებული, წმიდა ნინო კი წამებას სასწაულებრივად გადაურჩა, რადგან ღვთისაგან უდიდესი მისია - საქართველოს მოქცევა ჰქონდა დაკისრებული. მან მარტომ ვამოაგრძელა გზა და ჯავახეთის მთებს მოადგა, ფარავნის ტბასთან მშიერი ქალწული მეთევზეებმა დააპურეს და მესხეთისაკენ მიმავალი გზაც ასწავლეს. სწორედ ფარავნის ტბასთან გამოეცხადა უფალი ძილში ქალწულს, წიგნი მისცა და უბრძანა, რომ იგი ქართლის მეფისათვის გადაეცა. ამ წიგნში ათი წინადადება ეწერა, რომელთაგან ერთი იყო: სახარებით წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. აი, რისთგის აგზავნიდა წმინდა ნინოს ქართლში უფალი, აი, რას მოგვიწოდებს იგი ჩვენც: წარვედით, მოიმოწაფენით, მოაქციეთ, უქადაგეთ და ნათელი ეცით, ე.ი. მონათლეთო. არ არის საკმარისი, რომ ადამიანი მორწმუნე იყოს, ამავე დროს იგი აუცილებლად მონათლულიც უნდა იყოს სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. თქვენ იცით, როგორ მოაღწია წმიდა ნინომ მცხეთამდე, როგორ მოხდა მოქცევა მირიან მეფისა და დედოფალი ნანასი და საერთოდ მთელი ქართლისა და როგორ აღესრულა ღვაწლმოსილი წმიდა ნინო კახეთში. მისი ნეშტი ბოდბის მონასტერშია დაკრძალული.

მე მინდა კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილება ფარავნის ტბის შესახებ. ამ რამდენიმე დღის წინათ ჩვენ სამცხე-ჯავახეთში მოვინახულვთ ეს საოცარი მხარე საქართველოსი, წმიდათაწმიდა ადგილია, საიდანაც დაედო სათავე ჩვენს გაქრისტიანებასა და სულიერ კულტურას. ამ მხარეში თითქმის ყველა ნაბიჯზე, ბარსა თუ მთაში, სოფელსა თუ ქალაქში ტაძარი და მონასტერი იდგა. მარტო ვარძიის გახსენება რად ღირს, ამ სულიერი ქალაქისა, სადაც წმიდა მამები არა მხოლოდ ლოცულობდნენ, არამედ ინტენსიურად იღვწოდნენ ერის სულიერი ამაღლებისათვის, საიდანაც თამარ მეფემ თავისი ჯარი ბასიანის ბრძოლაში გაისტუმრა. დღეს ამ დიდებული, კლდეში ნაკვეთი ქალაქისაგან მხოლოდ მესამედი თუღაა გადარჩენილი, მაგრამ ისიც, რაც ჟამთა ავბედობას გადაურჩა, მეტისმეტად ძვირფასია ჩვენთვის. 60 წელია ვარძიაში წირვა-ლოცვა არ აღსრულებულა. როგორც იქაური მცხოვრებნი ყვებიან, უკანასკნელი მოძღვარი 1928 წელს გადმოუგდიათ კლდიდან. იმ დღიდან ვარძია მრავალი წლის მანძილზე დუმდა, მაგრამ ღმერთმა ინება და მისი განგებით 60 წლის მემდეგ იქ მოციქულთა - პეტრესა და პავლეს მოსახსენებელ დღეს საზეიმო წირვა შესრულდა. ლოცვის დაწყების წინ ჩვენ ვიკითხეთ, იყო თუ არა ვარძიაში ზარები, რომელთა ხმაც ხალხს ვარძიაში ლოცვის დაწყებას შეატყობინებდა. მიპასუხეს, რობ იქ უკვე აღარაფერი აღარ იყო, მაგრამ, სადღაც იშოვეს და მოიტანეს ორი დიდი ზარი, რომელთა გუგუნმაც ვარძიის ხეობის მოსახლეობას საღამოს ლოცვის დაწყება ამცნო. ზარების ხმაზე გახარებული ადამიანები სოფლებიდან ვარძიისკენ გამორბოდნენ. მეორე დღეს, საზეიმო წირვაზე, უამრავი ადამიანი მოვიდა, ბევრი მათგანი ვერ ლოცულობდა, მხოლოდ ტიროდა, ტიროდა სიხარულისაგან. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაცნობა, რომ ვარძია ძალიან მალე გაიხსნება და იქ წირვა-ლოცვა მუდმივად ჩატარდება.

ძალიან გაგვახარეს სტუდენტებმა, რომლებიც ვარძიისა და ვანის ქვაბების აღდგენაზე მუშაობენ. მათი თხოვნით ვანის ქვაბების დედათა მონასტერშიც ავედით და იქაც ვილოცეთ.

შემდეგ სხვა ტაძრებიცა და წმინდა ადგილებიც მოვილოცეთ, მოვიარეთ სოფლები, უმეტესწილად დაცარიელებულნი, ვიყავით სოფელში, სადაც ადრე სამასი ქართული ოჯახი ყოფილა, დღეს კი მხოლოდ სამი ოჯახი ცხოვრობს. მაგრამ განსაკუთრებით გულდასაწყვეტი მდგომარეობა ახალქალაქისა და ბოგდანოვკის რაიონებშია შექმნილი. ახალქალაქის რაიონში მოსახლეობის მხოლოდ სამი თუ ოთხი პროცენტია ქართული. დაცარიელებული და დაობლებული ქართული ტაძრები მძიმე განცდას იწვევს, ვიყავით კუმურდოს ტაძარში, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად დანგრეულია, დიდებულება მაინც შენარჩუნებული აქვს, მაგრამ მინდა ისევ ფარავნის ტბას მივუბრუნდე, რომლის გარშემოც დღეს მხოლოდ სომხური სოფლებია, ერთ-ერთ მათგანში, რომელსაც ფოკა ჰქვია, ქართული ტაძარი დგას წმიდა ნინოს სახელობისა. იქ ყოფნისას განსაკუთრებით შევიგრძენით წმიდა ნინოს მადლი, ჩვენ შევსთხოვეთ უფალს, რომ ამ მშვენიერ მიწა-წყალს თავისი ძველი პატრონი - ქართველობა დაუბრუნოს. და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფარავნის ტბის ნაპირს, იქ, სადაც წმიდა ნინოს უფალი გამოეცხადა, ქართული ეკლესიის ცენტრი, საპატრიარქოს რეზიდენცია ავაშენოთ, სადაც არა მხოლოდ ჩამოსულ სტუმრებს მივიღებთ, არამედ მისვლის საშუალება ყოველ თქვენგანსაც ექნება, ასე რომ, ამ წმიდა ადგილას უნდა აღდგეს წმიდა ნინოს ტაძარი, რომელიც იქ მე-11 საუკუნეში აუშენებიათ. ხელისუფლება შეგვპირდა, რომ რამდენიმე ჰექტარ მიწას გამოგვიყოფს, რომელზეც ჩვენს მეურნეობას მოვაწყობთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება დასაწყისი თავის ძველ სამკვიდრებელში ქართველების დაბრუნებისა. ამას ვევედრები დღეს წმიდა ნინოს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომელიც ყოველთვის იყო და მარად იქნება მფარველი საქართველოსი.

და ბოლოს მინდა ისევ იმას მივუბრუნდე, რითაც დავიწყე, წმინდანთა ცხოვრებებს კი ვკითხულობთ, მაგრამ მათი მადლის გარეშე ვრჩებით. ყოველმა ჩვენგანმა თავის თავს უნდა ჰკითხოს: პირადად ის რას აკეთებს იმისათვის, რისთვისაც წმიდა ილია მართალი მოგვიწოდებდა, სახელდობრ, მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვისათვის. რამდენი ახალგაზრდაა დღეს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, რომელთაც საკუთარი არც სახლ-კარი აქვთ და არც მიწა, ამ მხარეში კი ამდენი თავისუფალი ადგილია. რაიაღმასკომის თავმჯდომარე, რომელიც ქართველია, შემპირდა, რომ ყოველ ახალგაზრდას, რომელიც იქ დასახლებას მოისურვებს, ნახევარ ჰექტარ მიწას გამოუყოფს და ოციათას მანეთს მისცემს სესხად 50 წლის ვადით. ეს ხომ საჩუქარია. ფარავნის ტბა თევზითაა სავსე, ფართოდ გაშლილი საძოვრები და ყვავილოვანი მდელოები მესაქონლეობისა და მეფუტკრეობის განვითარებისთვის შესანიშნავ პირობებს ქმნის, ასე რომ, მშრომელ კაცს იქ ცხოვრება არ გაუჭირდება და ღვთის ლოცვა-კურთხევით ამ მხარეში ქართველობა ისევ გამრავლდება. ღმერთმა ინებოს, ამინ.

19 ივლისი, 1988 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.