უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საახალწლო სატელევიზიო მილოცვა 1 იანვარი, 2005 წ.

„საჭიროა საქმე, საჭიროა ფიქრი, საჭიროა ახალი იდეები და მომავალი ჩვენი ნათელი იქნება!“

დღეს არის ბედნიერი დღე - ღვთის მადლით, დაგვიდგა ახალი წელი. ახალ წელს გილოცავთ თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძრიდან; ვულოცავთ მას სრულიად საქართველოს!

მინდა, დავლოცო ყოველი მკვიდრი საქართველოისა და ჩვენი თანამემამულენი, დროებით მყოფნი საქართველოს საზღვრებს გარეთ; დავლოცო საქართველოს პრეზიდენტი და მთელი ჩვენი ხელისუფლება.

მინდა, დავლოცო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი და ვთქვა, რომ რაც უფრო მალე გამთლიანდება საქართველო, მით უკეთესი იქნება ჩვენგანისათვის.

მინდა დავლოცო ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა. გახსოვდეთ, მომავალი თქვენია! თქვენ უნდა ჩაიბაროთ ჩვენი ქვეყანა და უხელმძღვანელოთ მას.

მინდა, დავლოცო ყოველი გაჭირვებული ადამიანი და ვანუგეშო, რომ ღვთის მადლით მათი მწუხარება სიხარულით შეიცვლება.

ბედნიერი დღეა დღეს! დღეს ჩვენ ერთმანეთს ვუსურვებთ ბედნიერებას; მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ვინ ვიყავით, ვინ ვართ დღეს და ვინ ვიქნებით მომავალში. რა უნდა ვაკეთოთ საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა.

ზოგიერთი ჩვენგანი ფიქრობს და ხედავს მხოლოდ იმ პრობლემებს, რომელის წინაშეც ვდგავართ, მაგრამ მინდა განუგეშოთ ყველანი, რომ უარესი დღეებიც ჰქონია ჩვენს ქვეყანას და საქართველო დახმარების გარეშეც გამოსულა ამ მძიმე მდგომარეობიდან.

ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია დიდი სულიერი ძალით. ეს წმიდა ტაძარი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ ბევრი რამ კარგი შეგვიძლია გავაკეთოთ. ამ ტაძრის აშენებით ქართველმა ადამიანმა შექმნა თავისი ავტოპორტრეტი. აი, ასეთი ძლიერი, ასეთი ამაღლებულია ქართველი ადამიანი. ჩვენი მომავალი ნათელია!

წმიდა სამების ტაძრიდან ასევე მინდა, დავლოცო სხვა ერის წარმომადგენლები, მკვიდრნი საქართველოისა. მჯერა, რომ ისინი თავის წვლილს შეიტანენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი და მთლიანი.

ვფიქრობ, განსაკუთრებული როლი ეკისრება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. როგორც წარსულში, ისე დღეს და მომავალშიც. იგი იყო და დარჩება იმ სულიერ ძალად, რომელიც ამთლიანებს და ადუღაბებს ქართველ ერსა და მთელს საქართველოს. იმედი მაქვს, საქართველო იქნება ბედნიერი. ოღონდ საჭიროა საქმე, საჭიროა ფიქრი, საჭიროა ახალი იდეები და მომავალი ჩვენი ნათელი იქნება!

ახლა კი ვთხოვ ყველას, ავდგეთ ფეხზე და მოვისმინოთ დალოცვა:

ყოვლადწმიდაო სამებაო,
მამაო, ძეო და სულო წმიდაო,
უფალო, დიდება შენდა!
დალოცე, გააძლიერე, გაამთლიანე და დაამშვიდე სრულიად საქართველო. დაგვიფარე ჩვენ საფარველსა ქვეშე ფრთეთა შენთასა. წარსდევნე ჩვენგან ყოველნი მტერნი და ბრძოლნი ჩვენნი. დაამშვიდე ცხოვრებაი ჩვენი, უფალო. შეგვიწყალენ ჩვენ და სოფელი შენი და აცხოვნე სულნი ჩვენი ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე.

კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №1(308), 2005 წ.