უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სიტყვა ქართული საეკლესიო უნივერსიტეტის გახსნაზე

12 ოქტომბერი, 2008 წ.

„ქართველი ადამიანი მუდამ ცდილობდა ცოდნის შეძენას, მუდამ ეწაფებოდა მეცნიერებას
და მის გონებაში არასდროს ყოფილა წინააღმდეგობა ცოდნასა და რწმენას შორის“

ქალბატონებო და ბატონებო.

გულითადად მოგესალმებით, საქართველოს ეკლესიის სახელით. ჩვენს ცხოვრებაში არის მოვლენები, რომელიც აღემატება დღევანდელობას, თითქოს ცდება ისტორიის ფარგლებს. აი, ამგვარი განსაკუთრებული მოვლენაა დღევანდელი დღეც.

დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენი წმინდა მეფის, დიდი დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც იხსნებოდა გელათის, იყალთოს და სხვა აკადემიები. მოგეხსენებათ, დავით აღმაშენებელს ჰქონდა ჩანაფიქრი, რომ გელატის აკადემია უნდა გამხდარიყო მეორე იერუსალიმი თავისი სულიერი ცხოვრებითა და ღვაწლით, და ახალი ათინა - თავისი დიდი მეცნიერებით.

დღეს ჩვენ მოწმენი ვართ დიდი მოვლენის - იხსნება საეკლესიო უნივერსიტეტი, როელიც არის მემკვიდრე გელათის აკადემიისა. საკითხი ცოდნის ანუ მეცნიერების და სარწმუნოების ურთიერთობისა, - ეს არის უძველესი საკითხი. თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ I-II საუკუნეებში, ეს იყო მეტად აქტუალური თემა და ამაზე მსჯელობდნენ და ფიქრობდნენ დიდი მეცნიერები; მათ შორის ისეთი აღიარებული ღვთისმეტყველი და მეცნიერიც, როგორიც იყო კლიმენტი ალექსანდრიელი.

მოგეხსენებათ, რომ ალექსანდრია წარმოადგენდა ცენტრს მეცნიერებისა, იქ მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ფილოსოფოსები. ცნობილი იყო ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, ალექსანდრიის სკოლა. კლიმენტი ალექსანდრიელმა ამ საკითხს მიუძღვნა თავისი ისტორიული შრომა სახელწოდებით „სტრომატები“, ანუ - „ხალიჩა“. ამ შრომაში იგი მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან ცოდნა და რწმენა. კლიმეტი ალექსანდრიელი ამბობს, რომ პირველადი არის რწმენა და ზედ დაშენებულია ცოდნა; და აკეთებს საოცარ დასკვნას, - რომ მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა, ხოლო მორწმუნე და განათლებული ადამიანი - არის მეგობარი უფლისა. აი, ამ კიბეზე აჰყავს კლიმენტი ალექსანდრიელს ადამიანი.

მოგეხსენებათ, ქართველი ადამიანი მუდამ ცდილობდა ცოდნის შეძენას, მუდამ ეწაფებოდა მეცნიერებას და მის გონებაში არასდროს ყოფილა წინააღმდეგობა ცოდნასა და რწმენას შორის. გავიხსენოთ პეტრიწონის მონასტერი. აქ სატრაპეზოში იყო მოხატული კედელი, რომელზეც გამოსახულნი იყვნენ ანტიკური ფილოსოფოსები. ფილოსოფია მუდამ იყო საფუძველი დიდი ღვთისმეტყველებისა და ამასთან ფილოსოფია არის მსახური თეოლოგიისა.

დღეს ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ იხსნება წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საეკესიო უნივერსიტეტი, რომელიც გააგრძელებს ჩვენი წარსულის დიდ ტრადიციებს. მინდა მოგილოცოთ თქვენ, მივულოცო მთელ საქართველოს ეს დიდი მოვლენა და აღვნიშნო ჩვენი ხელისუფლებისა და განსაკუთრებით, ჩვენი პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ სააკაშვილის დიდი მხარდაჭერა.

დღეს არის ზეიმი საქართველოსთვის; და აი, ამ ისტორიულ დღეს მე გახსნილად ვაცხადებ საეკლესიო უნივერსიტეტს და მოგახსენებთ, რომ მის პირველ რექტორად დაინიშნა ბატრონი პარმენ მარგველაშვილი.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №36, 2008 წ.