უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სიტყვა წარმოთქმული ქალაქ ბაქოში
მისი აღმატებულების, სრულიად კავკასიის მუსლიმთა ლიდერის,
შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს
დაბადების 60 და მოღვაწობის 30 წლისთავთან დაკავშირებით

„ჩვენ მეგობრობა და სიყვარული გვაკავშირებს“

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, შეიხ-ულ-ისლამ ალაპ შუქურ ფაშა-ზადე, თქვენო უწმიდესობავ, ბატონებო და ქალბატონებო!

ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა და სიყვარული თქვენდამი, ძვირფასო ძმაო, და მოგილოცოთ დაბადებიდან 60 წლისთავი.

ეს კონფერენცია კიდევ ერთი დადასტურებაა იმ გონივრული მშვიდობისმოყვარე პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს აზერბაიჯანის დღევანდელი ხელმძღვანელობა, მისი პრეზიდენტის ბატონ ილჰამ ალიევის მეთაურობით.

ასევე დიდია თქვენი, ძვირფასო ფაშა-ზადე, როგორც კავკასიის მუსლიმთა სულიერი ლიდერის დამსახურება აზერბაიჯანის, საერთოდ კავკასიის, კასპიისა და შავი ზღვის ქვეყნების ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებაში, ამიტომაც სარგებლობთ ყველგან ასეთი მაღალი ავტორიტეტით.

თქვენი მოღვაწეობის უშუალო შედეგია ისიც, რომ კავკასიაში და წარმატებით მიმდინარეობს დიალოგი სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებს შორის, ტარდება კონფერენციები და შეხვედრები, რაც ადამიანურ, თბილ ურთიერთობებში გადადის. ამის ნათელი მაგალითია აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების მეგობრობა, რომელიც მრავალსაუკუნოვან ისტორიასთან ერთად დღეს ურთიერთობების სრულიად ახალ ეტაპზე იმყოფება.

ის, რომ სამხრეთ კავკასიაში ამჟამად მძიმე სიტუაციაა, ყველამ ვიცით. ვიცით ისიც, რომ ჩვენს წინაშე უმნიშვნელოვანესი ამოცანები დგას. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა და ამასთან მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება.

ვფიქრობთ, ამ მიზანს ჩვენ მშვიდობიანი გზით უნდა მივაღწიოთ. ძნელია ეს, მაგრამ არა შეუძლებელი, რადგან აზერბაიჯანსაც და საქართველოსაც აქვს კულტურული და მორალური რესურსები იმისა, რომ ჩვენი მეზობლებისა და მეგობარი ქვეყნების ხელშეწყობით ეს რეგიონი მშვიდობიან სივრცედ ვაქციოთ.

ჩვენ, როგორც ჩვენი ქვეყნის სულიერ ლიდერებს, ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობისთვის და კეთილმეზობლური და კეთილმეგობრული ურთიერთობის განმტკიცებისათვის. მართალია, თანამედროვეობა მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან ახალ გამოწვევებს გვთავაზობს და სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის, მაგრაშ უნდა ვეცადოთ, სულიერებით, სიყვარულით, მშვიდობით დავძლიოთ პრობლემები და საზოგადოებაშიც ეს განწყობა დავამკვიდროთ.

საქართველოს ისტორია ფაქტობრივად ომების ისტორიაა. ომის სიმძიმე ჩვენ ბოლო პერიოდშიც გამოვცადეთ და კარგად ვიცით ფასი მშვიდობისა. ამიტომაც ქართველები მისალმების ორ ძირითად ფორმას ხმარობენ. მშვიდობა და გამარჯვება. მშვიდობას და მშვიდობით მიღწეულ გამარჯვებებს ვუსურვებ ჩემს ქვეყანასაც, აზერბაიჯანსაც და თქვენც ყველას.

ძვირფასო ფაშა-ზადე, ჩვენ, - მე და თქვენ, გარდა ოფიციალური ურთიერთობისა, მეგობრობა და სიყვარული გვაკავშირებს, რასაც კარგა ხნის ისტორია აქვს და რაც, შეიძლება ითქვას, სამაგალითოა სხვადასხვა აღმსარებლობის სულიერ ლიდერთა ურთიერთდამოკიდებულების თვალსაზრისით. თქვენ ათეული წლებია ხართ კავკასიის მუსლიმთა წინამძღოლი. ადამიანები ხშირად ამა თუ იმ პიროვნების მიღწევების მხოლოდ გარეგნულ მხარეს ხედავენ და ავიწყდებათ, რომ ყველა თანამდებობა და მითუმეტეს სულიერი ხელმძღვანელობა ურთულესი და უმძიმესი ტვირთია; განსაკურებით დღეს.

შეგაძლებინოთ გამჩენმა, იყოთ თქვენი ხალხის ერთგული მსახური და თქვენი სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით კვლავაც მრავალი პრობლემა გადაალახინოთ არა მარტო თქვენს ხალხს, არამედ კავკასიის მოსახლეობასაც. გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და შემდგომ წარმატებებს თქვენს პირად ცხოვრებაში და მოღვაწეობაში.

ვისურვებდი, ჩვენ ყველას გვეცხოვრა ისე, როგორც წერს ნიზამი განჯელი: „იყავი ისეთივე მდიდარი და თავმდაბალი, როგორიც მიწა“.

6 ნოემბერი, 2009 წ.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №34, 2009 წ.