პირველი წირვა უდეს ტაძარში

პირველი წირვა ასურეთის ეკლესიაში

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
ქრისტესმიერ საყვარელო შვილებო, დღეს ჩვენთვის ორმაგი ზეიმია, პირველად ის, რომ ჩვენი ახალაშენებული ეკლესია ვაკურთხეთ და წმიდა ტრაპეზზე პირველი წირვა დავაყენეთ, ამასთანავე დღეს არის სულთმოფენობის დიდი საუფლო დღესასწაული.
ვმადლობ უფალ ღმერთს, რომელმა ინება ამ სოფელში ახალი ეკლესიის აშენება.
სადიდებლად ყოვლად წმიდა სამებისა ამ ეკლესიას დღეიდან ეწოდება „წმიდა სამება“.
ყოვლადწმიდა სამების მადლის მატარებელია დღეიდან ეს ტაძარი და ამისთვის კიდევ და კიდევ ვმადლობდეთ უფალ ღმერთს. ვლოცავთ ამ ეკლესიის მშენებლობის დამფინანსებელ ბატონ დავითს, რომელმაც ხალხის გული გაათბო ამ ღვაწლით.
ასურეთში ოდესღაც იყო ძველი ქართული სოფელი, შემდეგ თეთრიწყაროს ამჟამინდელი რაიონი ისევე, როგორც მთელი ქვემო ქართლი და ალგეთის ხეობა გატეხა სასტიკმა მტერმა, რომელიც ებრძოდა ქრისტიანობას, ქრისტესმოყვარე ქართველ ერს.
დაიწყო სასტიკი ლეკიანობა, სპარსეთ-ოსმალეთის წაქეზებით ჩრდილო კავკასიელთა ტომები შემოესივნენ საქართველოს კუთხეებს. ისინი ებრძოდნენ მხოლოდ მართლმადიდებლებს, აოხრებდნენ და ატყვევებდნენ მხოლოდ ქართულ სოფლებს.
ეს სოფელიც გატყდა და ხალხისგან თითქმის დაიცალა. შემდეგ როდესაც რუსეთის იმპერიის ხელში გადავიდა ეს მხარე, აქ ჩამოასახლეს გერმანელი კოლონისტები, კარგი, მშრომელი ხალხი, თავისი სარწმუნოების მქონე. მათ მოეწონათ ეს ადგილი და აქ გადაწყვიტეს დაფუძნება.
როგორც გადმომცეს, ახლანდელი სოფლის ცენტრში გერმანელებს დახვედრიათ ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევები და იქვე, იმავე ადგილას, რადგანაც მოვაკებული და კარგი მდებარეობის ადგილია, გადაუწყვეტიათ თავიანთი დიდი და მშვენიერი ეკლესიის აშენება დანგრეული ქართული ეკლესიის ქვებით, მართლაც ააშენეს, მაგრამ შემდეგ, გასაბჭოების დროს, თვითონვე გადასცეს სახელმწიფოს ეს შენობა და იქ თვითონვე დააფუძვნეს კულტურის სახლი. შემდეგ, II მსოფლიო იმის დროს, ისინი შუა აზიაში გადაასახლეს.
გერმანელების ძველი ეკლესიის შენობა, ახლა უკვე სოფლის კულტურის სახლი, თანდათან დაინგრა. სოფელში რაჭიდან ჩამოსახლებულმა ქართველებმა შეიტყვეს, რომ კულტურის სახლი აგებული იყო ძველ, ნაეკლესიარ, მართლმადიდებელთა მიერ ნაკურთხ ადგილზე, ისევ ძველი ქართული ეკლესიის ქვებით და ამიტომაც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამ კლუბის ერთერთ კუთხეში გამართეს მართლმადიდებელთა ეკლესია, მოიტანეს ოჯახებიდან ხატები, ჯვრები და იქ ლოცულობდნენ, და ახლაც ლოცულობენ. ახალი ეკლესია, რომელიც დღეს ვაკურთხეთ, მართალია სოფლიდან შედარებით მოშორებითაა, მაგრამ უკვე კურთხეულია. ის ახალ, მშვენიერ ადგილას აშენდა, ამ გორაზე, პარკში. აქ დავნიშნეთ შესანიშნავი მამაო მიქაელ დევყურაშვილი, მისი დიდი იმედი გვაქვს.
ამ ეკლესიის დღესასწაული იქნება ყოველი წლის სულთმოფენობა.
უფალმა ღმერთმა მრავალს, მრავალს დაგასწროთ, ღმერთმა გაკურთხოთ, ამინ.