პირველი წირვა საფარაში

ეპისკოპოს ანანიას ქადაგება

1988 წლის 28 აგვისტოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს საფარის მონასტრის წმიდა საბას ტაძარში სწირა ახალციხისა და სამხცე-ჯავახეთის ეპისკოპოსმა ანანიამ (ჯაფარიძე). ეს იყო პირველი ლიტურგია 20-იანი წლების შემდეგ. ზიარებისას ეპისკოპოსმა ქადაგებით მიმართა მორწმუნეებს.


პატიოსანნო და დიდებულო ქართველნო, მარად აღავსებს მადლი ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლისა ჩვენს მორწმუნე ერს. ყოვლადწმინდის მფარველობით დღეს საფარის წმინდა ტაძარში პირველად, ოციანი წლების შემდეგ, კვლავ შეიწირა წმინდა წირვა თითქმის სამოც წლისთავზე.

ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა იესო ქრისტემ თავის დედას - ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს განუცხადა (თანახმად „ქართლის ცხოვრებისა“), რომ არასდროს მოაკლებდა თავის მფარველობასა და წყალობას „საზეპურო“ ქართველ ერს, და მართლაც, ქრისტიანობა კვლავ ჩვენი ეროვნული ნიშან-თვისებაა, ჩვენი მორწმუნე ხალხი კვლავ იმ გზით მიდის, რომელი გზითაც წინაპრებს უვლიათ. ენა, მამული და ქრისტიანული სარწმუნოება - აი, დიდი ილია მართლის მიერ დატოვებული ანდერძი. ქრისტიანობა ჩვენთვის არა მარტო საზოგადო რელიგიაა, არამედ ჩვენი სუბიექტური თვისებაა, ჩვენი პირადობა და მეობაა. ჩვენს წინაპრებსაც ასევე მიაჩნდათ და იმ ქართველს, რომელიც ქრისტიანობას უარყოფდა, ქართველად აღარც კი თვლიდნენ. ეს ჩვენი კუთხის ტრაგედიაც იყო, როგორც ამას უჩვენებს მაგალითი მესხების იმ მნიშვნელოვანი ნაწილისა, რომელთაც ნებსით თუ უნებლიეთ მაჰმადიანობა მიიღეს.

დღევანდელ წირვისას მე თქვენთან ერთად მოვიხსენიე ამ წმინდა ტაძრის აღმშენებელთა სულნი, საბასარგისყოფილ და ბექა ჯაყელებისა და ასევე, სულნი ათასობით ბერისა, რომელნიც ამ მონასტერში საუკუნეთა მანძილზე მკვიდრობდნენ. საფარაში, თვით თურქების საშინელი გაბატონების დროსაც კი, წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა. „აწ ხუცის ამარააო“ - წერდა XVIII საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი. შემდეგ საუკუნეებშიც აქ კვლავ დამკვიდრდნენ ბერები, ჩვენი საუკუნის პირველ მეოთხედში კი სასულიერო ცხოვრება სრულიად ჩაკვდა.

თქვენც ხედავთ, რა შედეგი გამოიღო ამ ეკლესიის უმოქმედობამ. ჩვენს წინაა სრულებით მოუვლელი, უპატრონო ეკლესია, აღარსადაა კანკელი და ხატები, წვიმის წყალს გაუჟონავს კედელში, ათხრილია იატაკი, უსუფთაობის დაღი აძევს ყოველივეს და, რა თქმა უნდა, არ ისმის ზარის ხმა.

ბევრი თქვენგანისგან მსმენია, როგორ გამოიყურებოდა ეს ეკლესია 50-60 წლის წინ – მშვენივრად ნაჩუქურთმევი, მოოქროვილი კანკელი, მაღალმხატვრული, უძვირფასესი ხატები მშვენიერი ჩარჩოებით, თითქმის მთელი დარბაზის შემავსებელი ბრინჯაოსაგან ოსტატურად ჩამოსხმული ქორკანდელი, მოჭედილ-მოთვალულ ყუთებსა და კოლოფებში პატივისცემით ჩალაგებული წმიდათა აურაცხელი ნაწილები, საგანგებო შანდლები თუ სასანთლეები და აქაური ბერებისათვის განსაკუთრებით თაყვანსაცემი საბა განწმედილის (VI ს.) წმიდა ნაწილები. უცხოეთშიც საბერძნეთში, კი მკითხეს: ამჟამად სად ინახება განძი მსოფლიო მართლმადიდებლობისა - ნაწილები წმიდა საბასიო“. ვინ იცის, თვალთაგან მიეფარა ჩვენი ურწმუნოების გამო.

ვინ უნდა „დავადანაშაულოთ“? მხოლოდ ჩვენი თავი. ყველამ, ყველა ჩვენგანმა უნდა ჩავიხედოთ გულში, ვაღიაროთ ჩვენი შეცოდებანი. სინანული, აღსარება და ცოდვებისაგან განწმედა აღადგენს ჩვენს ქრისტიანობას. არა ცუდმედიდობა, ცუდმეტყველება, სხვისი განკითხვა და აუგი, არამედ სიწმიდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული. ეს, და მხოლოდ ეს, კვლავ აგვამაღლებს. წმიდა წიგნებში ნაბრძანებია, ტაძარი შეიძლება დაინგრეს და თავისი ქვებითვე აღადგინონ, მაგრამ ადამიანის დაშლილი სულის აღდგენა აღარავის ხელეწიფებისო. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ადამიანის სულზე. არ უნდა დაირღვეს ადამიანის სულის მთლიანობა, სახარებაც ასევე ბრძანებს: გწამდეს ღმერთი და გიყვარდეს ადამიანი, ტაძარს კი სულმთელი ადამიანი კვლავ აღაშენებს. დიახ, უნდა ვიზრუნოთ ტაძარზე, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ტაძრები ადამიანისათვის, მისი სულის ცხონებისათვის არის აგებული.

1828 წლისათვის ათასობით ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი ხალხი, ვალაშკერტის, ანისის, არზრუმის თუ კარის ქართული საეპისკოპოსოების ყოფილი მრევლი, იმ დროისათვის უკვე ჩამოშორებული ქართულ დედა ეკლესიას, ჩამოსახლდა სამცხე-ჯავახეთში, თრიალეთსა და წალკაში. მათ დედაენაც დავიწყნოდათ და თურქულად ლაპარაკობდნენ, მაგრამ ქრისტიანული სული შენარჩუნებული ჰქონდათ.

თურქეთში ყველა მართლამადიდებელს „ბერძენს“ უწოდებდნენ, მიუხედავად მათი ეროვნებისა, კონსტანტინეპოლის ბერძნული საპატრიარქოს მრევლად მიიჩნევდნენ. ყველა გრიგორიანს - „სომეხს“, ყველა კათოლიკეს - „ფრანგს“, სამხრეთ მესხეთშიც – არზრუმსა და გიუმიშხანეს, ვალაშკერტსა და ბასიანში მცხოვრებ ქართველ მართლმადიდებლებს „ბერძნებს“ უწოდებდნენ, ლაზებსაც კი, რომლებმაც მაჰმადიანობა არ მიიღეს, მართლმადიდებლობა დაიცვეს, თურქები „ბერძნებს“ უწოდებდნენ. იმის შემდეგ, რაც ეს „ბერძნები“ თურქეთიდან საქართველოში გადმოსახლდნენ, ჩვენშიც გაუგებრობა მოხდა, ჩვენც აღარ ვუწოდეთ მათ თავიანთი ნამდვილი სახელი. საუკუნეთა მანძილზე სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ და პოლიტიკურ გარემოში მცხოვრებმა თანამორწმუნეებმა ერთმანეთი ვერ შევიცანით.

დღევანდელ დღეს ისე, როგორც ყოველწლიურად, ალბათ კვლავ იქნება ჩვენი მორწმუნეების შეკრება ვარძიის კედლებთან. წლევანდელ ვარძიობაში მონაწილეობის სურვილი სოფელ ტურცხში მცხოვრებმა კათოლიკეებმაც - ე.წ. „ფრანგებმაც“ გამოთქვეს. საყოველთაოდ ცნობილია და მეცნიერული გამოკვლევებიც არსებობს იმის შესახებ, თუ თურქეთის საზღვრებში მოხვედრილი სოფელ ველის ქართველობა 1828 წლის გადმოსახლების დროს როგორ დაესახლა ჯავახეთის რამდენიმე სოფელში - ხულგუმოში, ტურცხში, ბავრასა, კარტიკამსა და სხვაგან. მათ ამ დროს იცოდნენ თავიანთი დედაენა. შ. ლომსაძე შრომაში „სოფელ ველის ისტორიიდან“ წერს, რომ მათ 1841 წლამდე ეკლესიებში ქართული ტიპიკონი ჰქონდათ, ხოლო შემდეგ კი - სომხური. ზოგიერთ ზემოთ ჩამოთვლილ სოფელში ჩვენი საუკუნის 50-იან წლებამდე ქართული სკოლები არსებობდა. დღეს ასე აღარ არის. ამ სოფლებში ჩასახლებულ ველეს ქართველებს ქართული ენა დედაენად აღარ მიაჩნიათ და თითქმის აღარ იციან. მათ საქართველოშივე, ჩვეს შორის დაკარგეს დედაენა და ქართული ტიპიკონი. სწორედ ამის გამო, მათ მონაწილეობას ვარძიის დღესასწაულში დიდი მნიშვნელობა უნდა მიეცეს. ვარძიის ამოქმედებას იმედით ელიან ჯავახეთში შემორჩენილი სულ რამდენიმე ქართული სოფლის მცხოვრებნი. პლატო, რომელიც ვარძიას გადმოჰყურებს - ჯავახეთის ზეგანი - ძალზე მჭიდროდაა დასახლებული, აქ ახალქალაქის და ბოგდანოვკის რაიონებში 120 ათასზე მეტი ადამიანი სახლობს, მაგრამ მათგან მხოლოდ სამი ათასამდეა ქართველი. სწორედ მათ, გოგაშნელებმა, კოთელიელებმა, პრტელებმა და ჩუნჩხელებმა ითხოვეს ვარძიის ეკლესიის ამოქმედება. ეს ეკლესია მათ მართლმადიდებლების (ანუ ქართველების) შენარჩუნებისათვის აუცილებლად ესაჭიროებათ.

შევთხოვოთ ყოვლადწმიდას, მიხედოს თავის მოწყალე ჯავახეთს. ჩვენც ხელი შევუწყოთ და ქრისტიანული სითბო ვაგრძნობინოთ თანამორწმუნეებს. ჯავახეთის ქართველობას უსათუოდ უნდა დავეხმაროთ - თუ მათთვის წყლისა და გზის გაყვანა არ შეგვიძლია, ისღა მაინც შეგვიძლია, უბრალოდ ავიდეთ, მოვინახულოთ, ვესაუბროთ. ამით მათ გულის სითბოს ვაგრძნობინებთ, მართლმადიდებლობასა და ქართულ ენას არ დავავიწყებთ! იქ ამჟამად არა მარტო ბავშვებს, მოზრდილებსაც უჭირთ ქართულად გამართული ლაპარაკი. ასეა ახალქალაქის ახლომდებარე ქართულ სოფელ ხოსპიოშიც. ამ სოფელში მითხრეს, ეს რაა, სოფელ მურჯახეთში ქართველებმა ქართული სრულებით არ იციანო. ახალგაზრდებიც ტოვებენ ამ სოფლებს. თითქმის ერთი საათი ვესაუბრებოდით და მშობლებთან ერთად ვარწმუნებდით ერთ ხოსპიოელ ახალგაზრდას, არ წასულიყო საცხოვრებლად სხვა რესპუბლიკის რომელიღაც ქალაქში, დარჩენილიყო თავის რაიონში, მაგრამ ამაოდ. უფალი წმიდა სახარებაში ბრძანებს - „ეძიებდეთ და ჰპოვეთ, ირეკდეთ და განგეღოთ თქვენ“, რასაც უფალ ღმერთს წმიდა რწმენით შევთხოვთ, უთუოდ აგვისრულდება, მაგრამ ჩვენი უბედურება სწორედ ჩვენს ურწმუნოებაშია, ღმერთს სასოებითა და სიწმიდით აღარაფერს ვთხოვთ, მაშასადამე, აღარც სიკეთის მიღების უნარი გვაქვს და თუ უფლისაგან სიკეთეს არ ვიღებთ, გვაქვს ის, რასაც ჩვენ თვალით ვხედავთ – სამცხე-ჯავახეთის დღევანდელი დემოგრაფიული ყოფა.

ეს, უპირველეს ყოვლისა, ითქმის გამრავლებაზე. მუცლის მოშლა და დედის წიაღში ბავშვის მოკვლა უდიდესი ცოდვაა. მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. მე ვკითხე ერთ მაჰმადიან ინტელიგენტს, ცხრა შვილის მამას და მეათის მომლოდინეს, სურდა თუ არა მის მეუღლეს ამდენი ბავშვი. მან მიპასუხა - ჩემს მეუღლეს ღმერთი სწამს და ბავშვის მოკვლით თავის თავზე ღვთის რისხვას არ დაიტეხს, თავის ცოდვით ღმერთს არ განარისხებს. საერთოდ, ყველა ჩვენი ქალი ასეთია - ყოველი ბავშვი ღვთისაგან მონიჭებულ ძღვნად მიაჩნია და რასაც ღმერთი აძლევს, სიხარულით იღებსო. ასეთი ღვთის რიდი რომ ჰქონდეს არა მარტო სამცხე-ჯავახეთის, არამედ მთელი საქართველოს დედებს, დემოგრაფიული პრობლემა აღარ იარსებებდა. უღმერთობამ და ურწმუნოებამ არა მარტო ზნეობრივად შეგვცვალა, ღვთის იმ მოჭარბებული მადლის მიღების უნარიც გამოგვაცალა, რითაც ასე უხვად აჯილდოებს უფალი ყოველ ქართველს.

აი, ახლა ჩვენ საფარის წმიდა ტაძარში ვიმყოფებით, რომელიც ამავე დროს საუკუნეთა მანძილზე საძვალეც იყო წარჩინებული ქართველი არისტოკრატიისა და საეკლესიო მოღვაწეთა, ამჟამად კი, თქვენც ხედავთ, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში იატაკი ათხრილია, საფლავები ღიაა, ამოყრილი ძვლები აქამდე კუთხეებში იყო მიწყობილი, ახლა საერთოდ აღარ ჩანს; ეს სულ უკანასკნელი წლების „ნაღვაწია“. მე გეკითხებით, განა მათი სულები, რომელთა საფლავებიც ასე უდიერად ხელვყავით, ილოცებენ ღვთის წინაშე ჩვენთვის, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ხოლო დრო ყოველივეს მკურნალი. შევთხოვ ღმერთს, ჩვენ სულსა და გულში ღრმა სარწმუნოებით დაემკვიდროს ქრისტე.

მორწმუნენო, დღეს არის, აგრეთვე, თაყვანისცემა აწყურის ღვთისმშობლის ხატისა. აწყურის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ, ანუ როგორც მესხეთში იტყვიან, „სასწაულიან“ ხატს თაყვანს სცემენ სხვა ქვეყნების ეკლესიებიც. მაგალითად, რუსეთის საპატრიარქოს კალენდარში აღნიშნულია, რომ ეს ხატი არის I საუკუნისა. „ქართლის ცხოვრების“ თანახმად, ის მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა ჩამოასვენა იერუსალიმიდან აწყურში, სადაც ამ ხატს უდიდესი ტაძარიც აუგეს. ეს არის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი.

ჩვენში ცნობილია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიც - ანჩისხატი. ხშირად იბადება კითხვა, შეიძლება თუ არა ხატი იყოს ხელთუქმნელი. დიახ, შეიძლება. თუ ჩვენს წინაპრებს ამის შესახებ გააჩნდათ რწმენა, ჩვენ გვაქვს ცოდნაც. ეკლესიაში დაცულია მრავალი გადმოცემა, თუ როგორ გადადიოდა ქრისტეს ღვთაებრივი სახე ტილოზე, ფიცარზე, ან კეცზე (გამომწვარი თიხა). ავადმყოფი მეფე აბგარის მხატვარმა ვერ შეძლო იესოს სახის სრულყოფილად გადატანა ტილოზე, მაშინ უფალმა მიიდო სახეზე ნაჭერი და მასზე აღბეჭდილი გამოსახულება გაუგზავნა მეფეს. ეს იყო იესოს პირველი ხატი.

ანდრია მოციქულმაც ასევე ფიცარზე აღბეჭდილი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი ჩამოასვენა. როგორც მეცნიერების ერთ ნაწილს მიაჩნია, ტურინის სუდარაზე გადასულია იესო ქრისტეს სხეულის სრული ანაბეჭდი. ამ სუდარაში იყო ის გახვეული გარდამოხსნიდან აღდგომამდე. თუ ყურადღება მიაქციეთ წლევანდელ გაზეთს „ზა რუბეჟომ“-ს, მის ერთ ნომერში აღწერილია ის დაინტერესება, რომელსაც იჩენენ მსოფლიოს მეცნიერები ამ სუდარის მიმართ. მსოფლიოს უმსხვილესმა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრებმა ყველაზე თანამედროვე ხელსაწყოებითა და სხვა საშუალებებით გამოიკვლიეს სუდარა. 50-მდე გამოჩენილმა ამერიკელმა მეცნიერმა, აგრეთვე, ფრანგმა და იტალიელმა სპეციალისტებმა ყოველმხრივი ანალიზით (სპექტრომეტრიულით, რენტგენულით თუ სხვა ხერხებით) დაადგინეს, რომ ტურინის სუდარაზე აღბეჭდილი გამოსახულება არ წარმოადგენს ადამიანის ხელით დახატულს, ეს არის „ხელთუქმნელი ხატი“. აღსანიშნავია, რომ ტურინის სუდარის გამოსახულების ფოტოგრაფია შეიტანეს კოსმოსური კვლევის საგანგებო ხელსაწყოში - ე.წ. „გამოსახულების ანალიზატორში“, რომლის უმთავრესი კომპონენტი არის მიკრო-ელექტრული გამომთვლელი მანქანა. აქ თვით მეცნიერთა თქმით, მოხდა შეუძლებელი და დაუჯერებელი რამ - მანქანის დისპლეიზე გამოჩნდა ადამიანის სამგანზომილებიანი გამოსახულება, რომელიც იყო ნაგვემი მათრახით და ჯვარცმით. მას გრძელი თმა და წვერი ჰქონდა და თავის მრავალრიცხოვანი ჭრილობებიდან გამომავალი სისხლის ნაკვალევი აჩნდა. აღნიშნულ დისპლეიზე მიღებული გამოსახულების ფოტო გაზეთის ამავე ნომერშია დაბეჭდილი.

სწორედ ტურინის სუდარის მსგავსი ხელთუქმნელი ხატია აწყურის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც დღეს თაყვანს ვცემთ. აწყურის ხატმა საუკუნეთა მანძილზე სრულიად გაიზიარა მესხეთის ბედი. აწყურის ტაძრიდან ის ორჯერ გაიტაცეს სპარსელებმა, მაგრამ სასწაულით ყოველთვის სამცხეს უბრუნდებოდა, მესხეთის გამაჰმადიანების შემდეგ კი ის გელათში გადაასვენეს. საუბედუროდ, აწყურის ხატის მრევლი (მესხეთი) ქრისტიანობას განუდგა (მოსახლეობის ერთი ნაწილის გარდა), რომელთა წინაპრებიც თაყვანს სცემდნენ ჭეშმარიტ ღმერთს მოციქულთა დროიდან. ისინი რამდენჯერმე გადაასახლეს კიდეც და ახლა მათ „თურქ მესხებს“ უწოდებენ. 1944 წელს მესხეთიდან გადასახლების დროს კი ისინი თავიანთ თავს „მუსულმანებს“, „ბინალებს“, ე.ი. ადგილობრივებს უწოდებდნენ. რუსეთის იმპერიის აღწერის წიგნში, კერძოდ 1870 წელს გამოცემულ „თბილისის გუბერნიის აღწერის მასალების კრებულში“ მათ ეწოდებათ არა თურქები, არამედ „ქართველი სუმიტები“ (ახლანდელი ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ახალქალაქის რაიონებში). სწორედ მათ, ქართველ მაჰმადიან სუმიტებს უწოდებენ ახლა „თურქ მესხებს“. ეს სახელი მათ მხოლოდ გადასახლების შემდეგ მიიღეს, თუმცა ზოგიერთებს ქართული გვარები შემონახულიც კი აქვთ და ქართულიც იციან. შესაძლებელია, მათი ერთი ნაწილი კვლავ დაუბრუნდეს თავის ქვეყანას. როგორ უნდა შევხვდეთ მათ წმიდა სახარებაში ნაბრძანებია - „ღმერთი სიყვარულია“. მაშასადამე უსიყვარულობა მხოლოდ უღმერთობის ნიშანია. თუ ჩვენ სიყვარული გვაქვს, თუ ღმერთი გვწამს, ჩვენ უნდა ვიცნოთ ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლი და ხორცი, გზას აცდენილი, ნატანჯი შვილები ქართველი ერისა, თავიანთი თავის შეცნობის უნარიც რომ აღარა აქვთ და თავიანთი სახელიც არ ახსოვთ. ვაპოვნინოთ თავიანთი თავი, დავუბრუნოთ ისინი მშობელ ერს.

მე მინდა დღევანდელ ღვთის კურთხეულ დღეს საფარის წმიდა ტაძარში შევთხოვო უფალს, მოწყალე თვალით გადმოხედოს სრულიად საქართველოს, მესხეთს. შევთხოვ თქვენ სიხარულსა და გამრავლებას. ღმერთმა დაგლოცოთ.

„ჯვარი ვაზისა“, №4 1988 წ.