ანტონ სუროჟელი მიტროპოლიტი
საღმრთო ლიტურგიაზე

ერთ-ერთმა დასავლელმა მოღვაწემ, ხანგრძლივი სამღვდლო ცხოვრების შემდგომ, როგორღაც მორიგი ლიტურგიის აღსრულების დასასრულ შეძრწუნებულმა აღმოიძახა: მე რომ მცოდნოდა თუ რა დიდებაში და რა საშინელ ადგილზე დგას მღვდელი, ვერასდროს გავბედავდი ასეთი გავმხდარიყავ... არსებობს აგრეთვე მოთხრობა წმ. პაფნუტი ბოროვსკელის ცხოვრებიდან. ხანგრძლივი განდეგილი ცხოვრების შემდეგ ერთხელაც მას მონასტერში ლიტურიის აღსრულება სთხოვეს, რამეთუ იქ მღვდელი არ აღმოჩნდა. და აი, მანაც აღასრულა მსახურება და როდესაც ტაძრიდან გამოდიოდა, საძმოს მიმართა: უკიდურესი საჭიროებაც რომ გქონდეთ, ნუღარ მთხოვთ ლიტურგიის აღსრულებას: შეუძლებელია ადამიანმა ეს განიცადოს და ცოცხალი დარჩეს... ამგვარია წმინდანთა მიერ საღმრთო ლიტურგიის აღქმა.

ჩვენ რომ დაგვენახა, მხოლოდ გულით რომ აღგვექვა, სულიერი თვალით რომ განგვეჭვრიტა, სად ვართ და რა ხდება! იმ ადგილის მარჯვენით ხომ, სადაც მღვდელი დგას, მარტოოდენ ქრისტე შეიძლება იდგეს, ერთადერთი აღმსრულებელი საღვთო ლიტურგიისა, რამეთუ იგია ეკლესიისა და ყოველი ქმნილების პირველ მღვდელმთავარი და იმავ დროს მსხვერპლი, რომელსაც იგი შესწირავს რათა მოწყალე-ჰყოს მამაჲ ცხონებისათვის სოფლისა.

რა საშინელია იდგე იქ, სადაც ღმერთი, კაცქმნილი, მარჯვენითა დგას, რადგანაც იგი ღმერთია, და იმიტომაც რომ მან ვითარცა კაცმა ერთიანად თავი თვისი უკლებლივ, უკანასკნელ სისხლის წვეთამდე, ვიდრე სიკვდილამდე, ვიდრე ღვთისგან დატოვებულობამდე, ვიდრე ჯოჯოხეთად შთასვლამდე ღმერთს მიუბოძა, თავი თვისი უმსხვერპლა.

საიდუმლო სერობაზე ვინ იყვნენ ქრისტეს გარშემო? მოციქულები. ხოლო გეთსიმანიის ბაღში იგი მარტო დარჩა, რადგან არავის ეყო ადამიანური სიმტკიცე ჟამ ერთ მასთან ერთად ეფხიზლა. და გოლგოთაზეც ქრისტე მხოლოდ თავის დედასთან და იოანე მოციქულთან ერთად იყო; რამოდენიმე დედაკაცი, გულით ერთგული, იდგა შორიახლოს – ხოლო მოციქულები კი არ იყვნენ: შიშმა შეიპრყო ისინი.

გეთსიმანიაც და გოლგოთაც ჩვენგან აღსრულებული საღვთო ლიტურგიის ნაწილს შეადგენენ, რამეთუ იგი იმას წარმოადგენს, რაც მოხდა მაშინ. ეს იყო საშინელი ღამე, როდესაც კაცი იესუ ქრისტე, როგორც მას პავლე უწოდებს, როცა უფალი ჩვენი თავისი კაცობრივი ბუნებით ძრწოლას მოეცვა მომავალი სიკვდილის წინაშე; და მაინც, ზეადამიანური ძალით, ამარცხებდა რა ადამიანურ უძლურებას სრულყოფილი რწმენით, სრულყოფილი სიყვარულით ღვთისა და ადამიანისადმი, ქრისტეს თავსა თვისსა მისცემდა (უმსხვერპლებდა). ნუთუ, – ამბობდა იგი, – მე უნდა ვლოცულობდე, რომ ჟამი ესე ამცდეს (ჟამი ესე თანაწარმხდეს?)? განა მე ამისთვის არ მოვედი?.. და თასზე ლოცულობდა: უკეთუ შესაძლებელ არს, რათა თანა წარმხდეს თასი ესე, გარნა არა ვითარცა მე მნებავს, არამედ, იყავნ, მამაო, ვითარცა შენ გნებავს... ამ ღამეს ქრისტემ თავი თვისი მსხვერპლად შესწირა; მან ერთიანად მოგვცა თავი თვისი, ჩვენს გამო, ჩვენთვის. და ამიტომაც იგია ერთადერთი, ვისაც ძალუძს შესწიროს წმიდა, საშინელი მსხვერპლი საკურთხევლისა, როცა პური ხორცად მისად გარდაისახება, ოდეს ღვინო იქმნება სისხლად მისად და როდესაც ისინი ღვთის წინაშე ჩვენთვის აღევლინებიან, როგორც დაკლული კრავი. მან ჩვენ გამოგვისყიდა; მან სული თვისი ჩვენთვის დასდვა; ჩვენგან ამ სიცოცხლეს ვერავინ მოგვთხოვს, რა საშინელია იდგე და ხედავდე: აქ რაც აღესრულება ეს ხომ იგია, რაც მოხდა საიდუმლო სერობაზე და გეთსიმანიის ბაღში და საშინელ, მთრთოლვარე გოლგოთაზე.

მე მომითხრობდა ერთი მღვდელი, თუ ახალგაზრდობისას, დათრგუნვილობის, უმწეობის, მოწყენილობის განცდებში – როგორ უნდა დაეყენებინა წირვა. იგი შეუდგა მსახურებას – და ძრწოლამ შეიპყრო, რომ მას ამის გაკეთება არ ძალუძს; რომ იგი უღირსია, რომ მას სიტყვების წარმოთქმაც კი არ შეუძლია, იმ სიტყვებისა, რომელთაც წმინდანები წარმოსთქვამენ, რომ მას არ ძალუძს სიწმინდეს შეეხოს. და ასეთ მდგომარეობაში მან ღმერთს მიმართა და უთხრა: უფალო იესუ ქრისტე! შენ ხარ პირველიერარქი ჩვენისა ეკლესიისა: დადექ და შენ აღასრულე ის, რასაც მე ვერ ვბედავ, რაზეც ვერ ვკადნიერდები... და მოულოდნელად მან იგრძნო, რომ მასსა და წმ. ტრაპეზს შორის ვიღაც დადგა; უკან დაიწია და შეიგრძნო, რომ ქრისტე დგას და კვლავაც, როგორც საიდუმლო სერობაზე, მსახურებას აღასრულებს, – მღვდელი კი მხოლოდ ხმამაღლა იმორებს ხალხის გასაგონად წმინდა სიტყვებს, იცის რა, რომ მათ, ამ სიტყვებს, ძალაუფლებათ, შემოქმედებათ, მაცხოვნებელად თავად უფალი წარმოსთქვამს; და რომ საკურთხეველში და ტაძარსა ზედა მოჰბერავს, საკურთხეველში და იქ შეკრებილ ადამიანში ჰგიეს – სული წმიდა, გარდამქცეველი მიწისა ზეცად.

აი, რის წინაშე ვართ წარდგომილნი, როდესაც საღვთო ლიტურგიას აღვასრულებთ ან ვისმენთ მას. ჩვენ – ღვთის ერი ვართ; ნათლის-ღების გზით ჩვენ ქრისტეს სხეული გავხდით, იგი თავისიანებად მიგვიჩნევს, თავისი ცოცხალი, მრავალტანჯული, ჯვარცმული, ნაწამები, მომკვდარი, მაგრამ ასევე აღმდგარი და დიდებით ამაღლებული სხეულის ცოცხალ ასოებად (ნაწილებად). მან ჩვენ სული თვისი წმიდა მოგვცა, რომელიც ეკლესიაში ჰგიეს და რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს განაცხოველებს – როგორც სხეულთა შინა ჩვენთა, ესრეთ სულებში.

ეკლესია – საკვირველი ადგილია; იგი ადგილია, სადაც ღმერთი და ერი მისი – ერთად არიან, ერთი სიყვარულით არიან შეკრულნი, ღვთის ჩვენდამო დაურღვეველი სიყვარულით არიან შეკრულნი. დე ჩვენი სიყვარული არაა მტკიცე, დე მერყეობდეს იგი; მაგრამ ღმერთის სიყვარული აღმართულა და არ მერყეობს არასდროს. ეკლესია – საშინელი ადგილია და საკვირველი ადგილი; ეკლესია – ეს ცოცხალ ღმერთთან შეხვედრის ადგილია; იგი ადგილია, სადაც ჩვენ ღვთისათვის – თავისიანები ვართ. როგორი მიმართება უნდა გვქონდეს ჩვენ როგორც ტაძართან, ასევე ერთმანეთთან! თითოეული ჩვენთაგანი ხომ – ღვთისაა; თითოეული ჩვენთაგანი, იმდენად ძვირფასია ღვთისათვის, რომ მან სული თვისი თითოეულისთვის დასდვა;

ერთ-ერთი წმინდანის ცხოვრებაში მოთხრობილია იმის თაობაზე, თუ მის გარშემო მყოფი ადამიანების ცოდვებით შეძრულმა ერთმა მღვდელმა როგორ მიმართა ღმერთს: „უფალო, ნუთუ შენ არ დასჯი მათ?!“ და გამოეცხადა მას ქრისტე და უთხრა: „ნუ მთხოვ მათ დასჯას; თითოეული მათგანისათვის მე მზად ვარ კვლავ ხორცნი შევისხნა და კვლავაც განვვლო მთელი ცხოვრება, კვლავ დავითმინო ყველა ვნება წამება, სიკვდილი და ჯოჯოხეთად შთასვლა. აი, როგორ ვუყვარვართ ღმერთს თითოეული ჩვენთაგანი. ნუთუ არ ძალგვიძს ესევითარი ღვთიური სიყვარულის თანაზიარობა გვქონდეს ერთმანეთთან? ნუთუ ჩვენ არ გვექნება ერთმანეთთან იმგვარი დამოკიდებულება, როგორიც ღმერთს ჩვენთანა აქვს? ნუუკუე არ ძალგვიძს, არ შეგვიძლია ერთმანეთში ვსცნოთ ძმა, და, მოყვასი თვისი? სიტყვიერად ამას ჩვენ ვიქმთ; წუთიერად, როცა გული უეცრად გაგვინათდება, ეს ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ შემდეგ? როგორ ვხდებით საზარლად უხეშნი, უგრძნობელნი, გულგრილნი – ხოლო ზოგჯერ სასტიკნიც კი ერთმანეთის მიმართ! როგორ ჩამოვიცილებთ ხოლმე სხვას ჩვენი გზიდან... როგორ ავუვლით ხოლმე გვერდს სხვის ჭირ-ვარამს (სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი)... რადგან არ ვიცით სხვისი სიხარულით გახარება... და ეს მაშინ, როდესაც ტაძარში ჩვენს გვერდით მდგომი – ძმაა, და, ერთ-სისხლ-არს ქრისტესი, იმავე ღვთის შვილები არიან, ქრისტეს ძმები, დანი ქრისტესი... ნუთუ აქედან სწავლას არ მივიღებთ?

ვიყვარებოდეთ ურთიერთარს! ვუმზერთ რა ერთმანეთს, შევეცადოთ განვსჭვრიტოთ ის მშვენიერება, ის სიწმინდე, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანში უყვარს და რომელსაც თავისი სიკვდილით გამოისყიდის ქრისტე. და მაშინ არამარტო ჩვენი გულები გახდება წმინდა, ისეთი წმინდა, სუფთა, რომ მათში თვით იგი (მაცხოვარი) აირეკლება, მათში შესაძლებელი გახდება ღმერთის დანახვა, არამედ მთელი ჩვენი საკრებულო, ქრისტეს ერი, მიუწვდომლად მშვენიერი საზოგადოება შეიქმნება. ადამიანები შეხედავენ და იტყვიან, როგორც ძველად ამბობდნენ: ეს რა ადამიანები არიან? ასე როგორ შეუძლიათ ერთმანეთის სიყვარული?! როგორ შეუძლიათ მათ გარშემო ამხედრებული მოძულენიც უყვარდეთ?.. და მაშინ, ჩვენი კეთილი საქმეების შემხედვარე ადამიანები, მყოფნი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა, დიდებას მისცემენ ღმერთს, შეიცნობენ, დაინახავენ მას, მადლიერი სიყვარულით შეიყვარებენ მას იმის გამო, რომ მისი (ღმერთის) სახელით ვიღაცამ შესძლო მათი შეყვარება. ამინ.