ანტონ სუროჟელი მიტროპოლიტი
ისწავლეთ ლოცვა!..

 

როდესაც არ არის ღმერთი

ვიდრე საუბარს დავიწყებდე მათთან, ვინც ახლა იწყებს ლოცვით გზას, მსურს ერთ საკითხზე ძალიან გარკვევით შევთანხმდეთ: რომ მიზნად სულაც არ ვისახავთ იმას, რომ აკადემიურად ავხსნათ ან განვმარტოთ, თუ რისთვის არის საჭირო ლოცვის სწავლა. ამ საუბრებში მსურს, ვაჩვენო, თუ რა უნდა იცოდეს, ან რა უნდა გააკეთოს მან, ვისაც ლოცვა სურს. რამდენადაც თვითონ მე დამწყები ვარ, ჩავთვლი, რომ თქვენც დამწყებები ბრძანდებით. ამიტომ შევეცადოთ, რომ ერთად დავიწყოთ. მე მათთვის არ ვსაუბრობ, ვინც მისტიკურ ლოცვას ან სრულყოფილების უმაღლეს საფეხურს ესწრაფის. მათკენ „ლოცვა თვითონ გაიკვლევს გზას“ (წმ. თეოფანე დაყუდებული).

როდესაც ღმერთი თვითონ მოგვიკაკუნებს ჩვენ, ან რაღაც განსაკუთრებული შემთხვევის გამო თავად მივმართავთ მას მაშინ, როდესაც ყოველდღიურობა გაიხსნება ჩვენს წინაშე მანამდე წარმოუდგენელი სიღრმით - რომელსაც ადრე ვერ ვამჩნევდით, როდესაც თვით ჩვენივე თავში აღმოვაჩენთ სიღრმეს, რომელშიც ცხოვრობს ლოცვა, მაშინ პრობლემა აღარ არსებობს. როდესაც ჩვენ შევიგრძნობთ ღმერთს, მაშინ მასთან პირისპირ ვდგებით, თაყვანს ვსცემთ მას, ვსაუბრობთ მასთან. ამიტომ ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოსავალი პრობლემა - ეს არის ადამიანის განწყობა მაშინ, როდესაც მას ეჩვენება, რომ ღმერთი არ არის. აი, სწორედ ამაზე მსურს, რომ შევჩერდე ამჟამად. აქ ღმერთის ობიექტურ არარსებობაზე კი არ ვსაუბრობთ, - სინამდვილეში შეუძლებელია, ღმერთი არ არსებობდეს. - არამედ მისი არ არსებობის იმ შეგრძნებაზე, რომელიც ჩვენ გვიჩნდება ხოლმე; ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე და შევძახით ცარიელ ცას, საიდანაც პასუხს ვერ ვღებულობთ. ჩვენ ყოველ მხარეს მივმართავთ და ღმერთი არსად არის. რა ვუყოთ ამას? პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ლოცვა ეს არის შეხვედრა. ეს არის ღრმა ურთიერთობა, რომელიც არ შეიძლება, აიძულო ან საკუთარ თავს და ან - ღმერთს. თვით ის ფაქტი, რომ ღმერთს შეუძლია, აშკარად გვაგრძნობინოს თავისი მყოფობა, ან თავისივე არყოფნის გრძნობით დაგვტოვოს, უკვე ამ რეალური, ცოცხალი ურთიერთობის ნაწილია. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ჩვენთან შესახვედრად მექანიკურად გამოგვეძახებინა ღმერთი, გვეიძულებინა იგი, შეგვხვედროდა მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ ეს დრო გვქონდა ჩვენ მასთან შესახვედრად დათქმული, მაშინ არც შეხვედრა შედგებოდა და არც ურთიერთობა. ამგვარად შეიძლება, შეხვდე გამონაგონს, წარმოსახვის ნაყოფს, სხვადასხვაგვარ კერპებს, რომლებიც, შეგიძლია, ღმერთის მაგიერ აღმართო შენს წინაშე. მაგრამ ამავეს ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობაში ან ურთიერთობებში ვერ იზამ. ისევე როგორც ეს ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობისას არის შეუძლებელი. ურთიერთობები შესაძლებელია მხოლოდ ორმხრივი თავისუფალი ნების საფუძველზე დაიწყოს და განვითარდეს.

თუ სამართლიანები ვიქნებით და ამ ურთირეთობებს შევხედავთ, როგორც ორმხრივს, აშკარა გახდება, რომ ღმერთს გაცილებით დიდი საფუძველი აქვს, წუხდეს ჩვენზე, ვიდრე ჩვენ - იმისა, რომ ვემდუროდეთ მას. ჩვენ ვემდურით, რომ იგი თავის მყოფობას არ გვიცხადებს იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში, რომელსაც მთელი დღის მანძილზე გამოვყოფთ მისთვის; მაგრამ იმ დანარჩენი ოცდასამ-ნახევარი საათის შესახებ რაღას ვიტყვით, როდესაც ვინ იცის, ღმერთი რამდენჯერ მოგვიკაკუნებს, ჩვენ კი ვპასუხობთ: - „მაპატიე, დაკავებული ვარ!“ ან საერთოდ არ ვპასუხობთ, იმიტომ, რომ არც კი გვესმის, რომ იგი აკაკუნებს კარზე ჩვენი გულისა, ჩვენი გონებისა, ჩვენი ცნობიერებისა თუ სინდისისა, საერთოდ - ჩვენი ცხოვრებისა. მაშ ასე: ჩვენ უფლება არა გვაქვს, ვემდუროდეთ ღმერთს, რომ იგი არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ გაცილებით ხშირად არ ვართ ხოლმე.

მეორე მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ ღმერთთან პირსპირ შეხვედრა ყოველთვის სამსჯავროა ჩვენთვის. შეხვედრა ღმერთთან, იქნება ეს ლოცვით, ღვთისშემეცნებით თუ - ჭვრეტით, მთავრდება ან ჩვენი გამართლებით ან სასჯელით. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ამ დროს ჩვენი სამარადისო დაჯის ან საბოლოო ცხონების განაჩენი დგინდება, მაგრამ შეხვედრა ღმერთთან ყოველთვის კრიტიკული დროა, კრიზისია. „კრიზისი“ ბერძნული სიტყვაა და „სასამართლოს“ ნიშნავსა. ლოცვაში ღმერთთან პირისპირ შეხვედრა კრიტიკული მომენტია და მადლობა ღმერთს, რომ იგი ყოველთვის არ გვიცხადებს თავს, როდესაც ჩვენ უპასუხისმგებლოდ და უზრუნველად ვცდილობთ, მივაღწიოთ მასთან შეხვედრას. იმიტომ, რომ შეიძლება, ამ შეხვედრისთვის ძალა არც გვეყოს. გაიხსენეთ, რამდენჯერ გვაფრთხილებს წმიდა წერილი, რომ სახიფათოა პირისპირ ყოფნა უფალთან, იმიტომ, რომ ღმერთი არის ძალა, არის - სიმართლე, არის - სიწმიდე; და, აი მაშინ, როდესაც ჩვენ სასოება არა გვაქვს, როდესაც გრძნობადად არ განვიცდით ღვთის მყოფობას, ჩვენი უპირველესი მოძრაობა მადლიერების გამოხატვა უნდა იყოს. ღმერთი მოწყალეა... ის დროზე ადრე არ მოვა ჩვენთან. იგი საშუალებას გვაძლევს, შევხედოთ საკუთარ თავს, შევისწავლოთ ის და ნუ შევეცდებით, შევხვდეთ ღმერთს მაშინ, როდესაც ეს შეხვედრა ჩვენ მსჯავრსა და სასჯელს მოგვიტანს.

ვნახოთ ერთი მაგალითი: მრავალი წლის წინ ჩემთან ერთი კაცი მოვიდა, იგი მთხოვდა: „მაჩვენეთ ღმერთი!“ ვუპასუხე, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო და დავამატე, რომ რომც შემძლებოდა, ის ღმერთს მაინც ვერ დაინახავდა. იმიტომ, რომ მე მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ: იმისათვის, რომ შევხვდეთ ღმერთს და ვიხილოთ იგი, რაღაც საერთო უნდა გვქონდეს მასთან, რაღაც, რაც მოგვცემს თვალებს, - რომ დავინახოთ, აღქმის უნარს, - რომ მოვიხელთოთ და შევიგრძნოთ. მაშინ ამ ადამიანმა მკითხა, თუ რატომ ვფიქრობდი მასზედ ამგვარად. მე შევთავაზე, დაფიქრებულიყო და ეთქვა, თუ სახარების რომელი ეპიზოდი იყო მისთვის ყველაზე გულში ჩამწვდომი, რათა ამით როგორღაც მომეხელთებინა მისი მიმართება ღმერთთან. მან მომიგო: „დიახ, არის ასეთი ადგილი: იოანეს სახარების მერვე თავში, აქ მოთხრობილია სიძვის ვნებით შეპყრობილი დედაკაცის შესახებ“. „კარგი, - ვუთხარი მე, ეს ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი და ამაღელვებელი ეპიზოდია; ახლა კი დაჯექით და დაფიქრდით: ვინ ხართ თქვენ ამ სცენაში? უფლის მხარეს ხართ, მოწყალებითა და რწმენით რომ შესცქერის ამ ქალს, რომელსაც შეუძლია, შეინანოს და გახდეს ახალი ადამიანი?! თუ ის დედაკაცი ხართ, სიძვის ცოდვაში რომ ამხილეს?! ან იქნებ - ერთი იმ მოხუცებულთაგანი - ერთმანეთის მიყოლებით რომ გაეცალნენ იქაურობას, იმიტომ, რომ საკუთარი ცოდვები გაახსენდათ?! ან იქნებ - სულაც რომელიმე - იმ ახალგაზრდებიდან, რომ ყოყმანობდნენ და აყოვნებდნენ წასვლას?!“ მან იფიქრა და მითხრა: „არა, მე ერთადერთი ვარ იმ იუდეველთაგან, რომელიც იქაურობას არ გაეცალა და დედაკაცს ქვის სროლა დაუწყო“. მაშინ მე მას ვუთხარი: „მადლობა შესწირეთ ღმერთს, რომ იგი ამჟამად თავისთან შეხვედრის საშუალებას არ გაძლევთ!“

ეს, შესაძლოა, უკიდურესობაც კი იყოს, მაგრამ განა ის ჩვენ იშვიათად შეგვეფერება?! ჩვენ იქნებ პირდაპირ და უხეშად არ განვაგდებთ უფლის მაგალითსა და სიტყვას, მაგრამ ხშირად მაინც ისე ვიქცევით, როგორც ის მხედრები - ქრისტეს ვნებისას... გვინდა თვალები დავუხუჭოთ ქრისტეს, რათა დაუბრკოლებლად ვცეთ მას, მან კი ვერ დაგვინახოს ჩვენ. განა ასე არ ვიქცევით, როდესაც ღვთის არსებობას ვემალებით, თვითნებურად ვმოქმედებთ - ჩვენი გამწყობილებებისა და სურვილების მიხედვით, იმის მიუხედავად, თუ როგორია ღვთის ნება! ვცდილობთ, საფარველი თვალებზე მას ჩამოვაფაროთ, სინამდვილეში კი მხოლოდ საკუთარ თვალებს ვიბრმავებთ. როგორ შევძლებთ, ასეთ წუთებში მისი მყოფობის შეგრძნება შევძლოთ? ალბათ სინანულითა და გულის შემუსვრით! მაგრამ არ შეიძლება, მისკენ მიდიოდე და წინასწარ გქონდეს გათვლილი, რომ იგი მეყსეულად სიყვარულით მიგიღებს - როგორც მეგობარს.

გაიხსენეთ სხვადასხვა ადგილები სახარებიდან: ჩვენზე გაცილებით დიდი სულის მქონე ადამიანები ვერ ბედავდნენ, მიეღოთ ქრისტე. გაიხსენეთ ხედარი, რომელმაც ქრისტეს თავისი მსახურის განკურნება სთხოვა. ქრისტემ თქვა: - „მე მოვალ“, მაგრამ მხედარმა მიუგო: - „არ არის საჭირო, მხოლოდ თქვი და ჩემი მსახური განიკურნება“. განა ჩვენ ასე ვიქცევით?! განა ჩვენ ღმერთს მივმართავთ ამ სიტყვებით: - „ნუ იქმ შენს მყოფობას აშკარას, ჩემთვის საგრძნობს, საკმარისია, თუ მხოლოდ იტყვი სიტყვას და აღსრულდება ის, რაც საჭიროა; ჯერ ჩემთვის მეტი არ არის საჭირო...“ ან გაიხსენეთ პეტრე ნავში - დიდი თევზჭერის შემდეგ: ის მუხლებზე დაემხო და თქვა: - „დამტოვე, უფალო, მე ცოდვილი კაცი ვარ!“ მან სთხოვა უფალს, განშორებოდა მის ნავს, იმიტომ, რომ შესაძლოა, პირველად დაეუფლა სიმდაბლის განცდა. სიმდაბლის განცდა კი იმიტომ ეწვია, რომ მოულოდნელად ქრისტეს სიდიადე იხილა. მოხდება ეს ოდესმე ჩვენშიც?! როდესაც სახარებას ვკითხულობთ და ჩვენს წინაშე ქრისტეს ხატების გამოუთქმელი სილამაზე და დიდებულება წარმოსდგება, როდესაც ვლოცულობთ და ღვთის დიდებულებისა და სიწმიდის გრძნობა გვიპყრობს, ვამბობთ კი ოდესმე: - „უღირსი ვარ, რომ შენ ჩემთან მოხვიდე?!“ ან რა ვთქვათ იმ შემთხვევის შესახებ, როდესაც უნდა გვესმოდეს, რომ მას ჩვენთან მოსვლა არ შეუძლია იმიტომ რომ, ჩვენ თვითონ არ ვართ, რომ იგი მივიღოთ; ჩვენ გვინდა, მისგან მივიღოთ რაიმე და არა თვით - იგი. განა შეიძლება, ამას ურთიერთობები ეწოდოს?! განა მეგობრებს ასე ექცევიან?! ჩვენ იმას ვეძებთ, რასაც მეგობრობა იძლევა, თუ თვითონ მეგობარი გვიყვარს?!. და როგორი ხარისხის ერთგულებაა ეს უფალთან დამოკიდებულებაში?

ახლა კი დავფიქრდეთ ლოცვაზე - თქვენსა და ჩემს ლოცვაზე; გავიხსენოთ, როგორი ძლიერი, მხურვალე და ღრმა არის ლოცვა, როდესაც იმისთვის ლოცულობ, ვინც გიყვარს, ან ისეთი რამისთვის, რაც შენთვის მნიშნველოვანია. გული გახსნილია, მთელი ჩვენი არსება კონცენტრირებულია და მოკრებილია ლოცვაში. ნიშნავს ეს იმას, რომ ლოცვის მთელი აზრი, მისი მთელი ძალა ღმერთთან შესახვედრად არის მიმართული?! არა!.. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შენთვის მნიშნველოვანია ის, ვისთვისაც ლოცულობ. იმიტომ რომ, როდესაც ასეთი დაძაბული, მხურვალე და ღრმა ლოცვის შემდეგ საყვარელი ადამიანისა თუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენის გამო, - გადავდივართ სხვა თემაზე, რომელიც იმდენად არ გვეხება, ერთგვარად ვცივდებით... რა შეიცვალა?.. ღმერთი ხომ არ გაცივდა და გაგვეცალა ჩვენ?! არა... ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ლოცვითი აღმაფრენა და მხურვალება ღვთის მყოფობით არ იყო გამოწვეული. არა ჩემი რწმენით, ჩემი ღვთის მონატრებით, - მისდამი სინაზით, არამედ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი გული წუხს ვიღაცისა თუ რაღაცისთვის, მაგრამ არა - ღვთისთვის. მაშ რაღად გვიკვირს, რომ ღვთის მყოფობას ვერ ვგრძნობთ?!. ეს - განა ის არ არის, არამედ - თვით ჩვენ არ ვართ ხოლმე არ „შეხვედრის“ დროს. იგი კი არა - ჩვენი გულისა გაგრილებული, იმიტომ, რომ იგი ასე ცოტას ნიშნავს ჩვენთვის.

ზოგჯერ ღმერთი სხვა მიზეზის გამო არ არის ხოლმე. როდესაც ჩვენ ბუნებრივები ვართ, როდესაც ჩვენ თავისთავადები ვართ, ღმერთს შეუძლია, მონაწილეობდეს ამ შეხვედრაში და შეუძლია, რაღაც გააკეთოს ჩვენთვის. მაგრამ როგორც კი ჩვენ შევეცდებით, ვიყოთ არა ის, რაც სინამდვილეში ვართ, მაშინ ჩვენთვის არც რაიმეს თქმა და არც რაიმეს გაკეთება არ შეიძლება.

იმისათვის, რომ ლოცვა შევძლოთ, ჩვენ უნდა შევიდეთ ურთიერთობებში, რომლებიც განისაზღვრება, როგორც - ღვთის მეუფება. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ღმერთია, რომ ის მეფეა და საკუთარი თავი მას გადავცეთ. ჩვენ მოვალენი ვართ, მისი ნება გვახსოვდეს მაინც ყოველთვის. თუნდაც ამჯერად მისი აღსრულება ვერც შევძლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ღმერთს ისე მოვექცევით, როგორც მდიდარი ყმაწვილი, რომელმაც ვერ შეძლო, შედგომოდა ქრისტეს, იმიტომ, რომ მეტისმეტად მდიდარი იყო, - მაშ როგორღა შევძლებთ, შევხვდეთ მას?!. რა ხშირად ხდება, რომ ლოცვით და ღრმა ურთიერთობებით ღმერთთან, რომელიც ჩვენ გვენატრება, უბრალოდ, ცოტაოდენ სიხარულს ვეძებთ ჩვენთვის; ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფრის გაყიდვა, რომ შემდეგ ძვირფასი მარგალიტი ვიყიდოთ. მაგრამ სხვანაირად როგორ შევიძენთ ამ მარგალიტს?! ჩვენ მას ვეძებთ?.. ადამიანურ ურთიერთობებშიც ხომ რაღაც ამდაგვარი ხდება: როდესაც ქალი ან მამაკაცი ვინმეს შეიყვარებს, დანარჩენი ადამიანები მისთვის ისეთი მნიშვნელოვანნი აღარ არიან, ეს მდგომარეობა გამოხატულია ძველებურ გამონათქვამში: „როდესაც ყმაწვილს საცოლე ჰყავს, იგი ქალებით და კაცებით კი არ არის გარშემორტყმული, არამედ - ადამიანებით“.

განა არ შეიძლება, იგივე დაემართოს და განა მართლაც იგივე არ უნდა ემართებოდეს ჩვენს ნებისმიერ სიმდიდრეს, როდესაც ღვთისკენ მივიქცევით?!. განა ეს სიმდიდრე არ უნდა იქცეს ერთგვარ ფერმკრთალ, ნაცრისფერ ფონად, რომელზედაც მთელი რელიეფურობით წარმოდგენილი იქნება ერთადერთი უმნიშვნელოვანელი პიროვნება?! ჩვენ, ალბათ ვისურვებდით, რომ საკუთარი ცხოვრების სურათის სისრულისათვის - მისთვის ერთი ფუნჯის მოსმა ზეცის ლაჟვარდი მიგვემატებინა, რადგან მასში მეტად ბევრია ბნელი მხარეები. ღმერთი მზადაა, შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში, იგი მზადაა, თავის თავზე აიღოს ის მთელი სიმძიმით, - როგორც ჯვარი. მაგრამ იგი არაა მზად იყოს ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი - უბრალო მოვლენა.

მაშ ასე, როდესაც მივედით დასკვნამდე, რომ არ არის ღმერთი, განა საკუთარი თავის წინაშე არ უნდა დავსვათ კითხვა - ვის ვადანაშაულებთ ამაში? ჩვენ ყოველთვის ვადანაშაულებთ ღმერთს. ხან პირდაპირ ვადანაშაულებთ მას, ხან სხვებს შევჩივით, რომ იგი არ არსებობს, რომ იგი არასოდეს არ არის, როცა გვჭირდება, რომ იგი არ გვპასუხობს, როდესაც მას მივმართავთ. ზოგჯერ კი უფრო „ღვთისმოსავები“ ვართ, სწორედ რომ - ბრჭყალებში! - და ვამბობთ: „ღმერთი სცდის ჩემს მოთმინებას, ჩემს რწმენას, ჩემს სიმდაბლეს...“ და უამრავ საშუალებას ვნახულობთ, რომ ღვთის სამართალი ჩვენთვის სასურველ მხარეს შემოვაბრუნოთ: „მე ისეთ მომთმენი ვარ, რომ თვით ღმერთსაც კი ვუთმენ!“ განა ეს ასე არ არის?!

მახსოვს, ახალგაზრდა მღვდელი რომ ვიყავი, ტაძარში ქადაგების შემდეგ ჩემთან ერთი გოგონა მოვიდა და მითხრა: - „მამა ანტონი, როგორც ჩანს, თქვენ ძალიან ცუდი ადამიანი ხართ“. - მე მივუგე: - „ვაი, რომ ეს მართლაც ასეა, მაგრამ თქვენ როგორ მიხვდით ამას?“ მან განმიმარტა: - „თქვენ ისე კარგად აღწერეთ ჩვენი ცოდვები, რომ, როგორც ჩანს, ყველა მათგანი ჩადენილი გაქვთ“. რა თქმა უნდა, ბოროტი აზრები და ბოროტი შინაგანი მდგომარეობები, რომელთა შესახებ საუბარსაც მე აქ ვაპირებ, უდავოდ - საკუთრივ ჩემია, მაგრამ ხომ შეიძლება, თუნდაც რაღაც განსაზღვრული დოზით, ისინი თქვენიც აღმოჩნდეს.

თუ ლოცვა გვინდა, უპირველეს ყოვლისა, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ იმაში, რომ ცოდვილები ვართ. რომ - ხსნა გვჭირდება, რომ - განშორებულნი ვართ ღვთისაგან, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. და ერთადერთი, რაც შეგვიძლია, მას მივუძღვნათ, არის ჩვენი გულისმომკვლელი მწუხარე სურვილი იმისა, რომ გავხდებით ისეთები, როგორებსაც ღმერთი შეგვიწყნარებდა ჩვენ, შეგვიწყნარებდა ჩვენი სინანულით, შეგვიწყნარებდა მოწყალებითა და სიყვარულით. და აი ლოცვა - თვით მისი საწყის ეტაპზეც კი. ეს არის ჩვენი ძალისხმევა - გავემართოთ ღვთისკენ. ღმერთისკენ შემობრუნების წუთი, როდესაც ახლოს მისვლა ვერ გაგვიბედავს, რადგან ვიცით, რომ, თუ დროზე ადრე შევხვდებით მას, ვიდრე მის მადლთან შეხვედრისთვის მზად ვიქნებით, ეს შეხვედრა ჩვენს დასასჯელად იქნება. ყველაფერი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, არის ის, რომ მისკენ შევბრუნდეთ, - ღვთისმოსაობით, ისეთი მოკრძალებული მუხლდრეკითა და თაყვანისცემით, - როგორიც შეგვიძლია, მთელი ჩვენი ყურადღებითა და სერიოზულობით, და შევთხოვოთ მას, რამე მოგვიხერხოს, მოგვცეს იმის ძალა, რომ პირისპირ შევხვდეთ მას - არა სასჯელად და არცა დასასჯელად, არამედ - მარადიული ცხოვრებისათვის.

აქ მსურდა, მეზვერისა და ფარისევლის იგავი გამეხსენებინა. მეზვერე მოდის ტაძარში და უკან, შემოსასვლელთან დგება. მან იცის, რომ განსასჯელად დგას. მან იცის, რომ სამართლიანობის კატეგორიებით მას არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ იგი ცათა სასუფევლის მოზიარე არ არის; ის არ ეკუთვნის სიმართლისა და სამართლიანობის, ან სიყვარულის სამეფოს. მაგრამ ძალადობის იმ მახინჯი, სასტიკი ყოფიდან, რომელსაც მისი ცხოვრება წარმოადგენს, მან ცოტაოდენი რამ ისწავლა - სწორედ ისეთი რამ, რაზედაც მართლად ფარისეველს წარმოდგენაც კი არა აქვს. მან ისწავლა, რომ ცხოვრებაში დაპირისპირებებია, რომ ცხოვრებაში მტაცებლური ურთიერთობებია, სისასტიკე და უგულობაა, ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება იქონიო, ესაა მოულოდნელი შემოჭრა გულმოწყალებისა, შემოჭრა თანაგრძნობისა, - მოულოდნელი და წარმოუდგენელი... რომელიც არც მოვალეობებიდან გამომდინარეობს და არც ყოველდღიური ურთიერთობებიდან და რომელიც ამ ყოველდღიურ ურთიერთობებში შეაჩერებდა სისასტიკის, უგულობის, ძალადობის კანონიერებას. მეზვერემ, რომელიც ადრე გამომძალველი, მევახშე და მტაცებელი იყო, პირადი გამოცდილებით იცოდა, რომ არის წუთები, როდესაც, მისი პირადი მსოფლმხედველობის მიუხედავად, - მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გული შეიძრა და მგრძნობიარე გახდა, ვიღაცას ციხეში არ გაუშვებს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანის სახემ მას რაღაც გაახსენა, ან მისი ხმა ჩასწვდა გულში. ამაში ლოგიკა არ არის. ეს არც მისი აზროვნების სტილისთვისაა დამახასიათებელი, არც მისი საქციელისთვის არის თვისობრივი. აქ ყველაფრის საწინააღმდეგოდ და საპირისპიროდ შემოიჭრება რაღაც, რისთვისაც წინააღმეგობის გაწეცა მას არ შეუძლია; და ალბათ იცის კიდეც, რომ თვითონაც ხშირად გადარჩენილა კატასტროფას მოწყალების, თანაგრძნობის, პატიების ამ მოულოდნელი შემოჭრით. და აი იგი ეკლესიის შემოსასვლელთან დგას, იცის, რომ ეკლესიის შიგნით გარემო ღვთიური სიმართლისა და სიყვარულის გარემოა. გარემო, რომელსაც თვითონ არ ეკუთვნის და რომელში შეღწევაც არ შეუძლია. მაგრამ მან გამოცდილებით იცის, რომ დაუჯერებელი რამაც შეიძლება მოხდეს და აქ ის ამბობს: „შემიწყალე! დავარღვიე სამართლიანობის კანონები, დავარღვიე რელიგიის კანონები... მოწყალებით ჩამოდი ჩვენთან - ვისაც ნება არა გვაქვს შენდობა და ამ გარემოში შემოსვლა ვითხოვოთ“. და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი, რომლიდანაც უნდა დავიწყოთ ჩვენ კვლავ და კვლავ - უსასრულოდ.

თქვენ აუცილებლად გემახსოვრებათ ერთი ეპიზოდი პავლე მოციქულთან, როდესაც ქრისტე მას ეუბნება: ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ-იქმნების... ეს უძლურება ის სისუსტე კი არ არის, რომელსაც ჩვენში აღმოვაჩენთ ხოლმე, როდესაც ვცოდავთ და ღმერთს ვივიწყებთ. არამედ სისუსტე, რომელის გულისხმობს მოქნილობას, სრულ გამჭირვალობას, საკუთარი თავის სრულად გადაცემას ღვთის ხელში. ჩვეულებრივ ჩვენ „მთელი ძალებით“ ვცდილობთ ხოლმე და ხელს ვუშლით ღმერთს, რომ მან გამოავლინოს თავისი ძალა.

როდესაც ბავშვი ჯერ მხოლოდ სწავლობს წერას და არ იცის, რა გამოუვა, მისი ხელი სრულიად გაუბედავია და მთლიანად დედის ხელს არის დანებებული; მაგრამ, როგორც კი „მიხვდება“, რომ გაიგო და შეეცდება, დაეხმაროს მას, ყველა ხაზი მიბრეცილ-მობრეცილი ხდება: აი, რა მაქვს მხედველობაში, როდესაც ვამბობ, რომ ძალა ღვთისა უძლურებაში ვლინდება. ანდა ავიღოთ აფრა: ქარმა შეიძლება, ისე აავსოს იგი, რომ მთელი ხომალდი გაიტაცოს... - მხოლოდ იმიტომ, რომ აფრა მოქნილია; თუ აფრის ადგილას გატეხილ დაფას დავდგამთ, არაფერი გამოგვივა. რკინის ხელჯაგი (თათმანი) მაგარია, მაგრამ რა ცოტა რამის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ მისი საშუალებით... ქირურგის ხელთათმანი გაცილებით მგრძნობიარეა, გაცილებით ნაზი, მის დასახევად არანაირი ძალა არ არის საჭირო, მაგრამ მისი წყალობით ექიმის გონიერი ხელი სასწაულებს აღასრულებს... და აი, ერთერთი - რის სწავლებასაც უფალი გამუდმებით ცდილობს: ჩვენი ანარქიული, წარმოსახული და არაფრისშემძლე „ძალის“ მაგიერ - ეს სიფაქიზე, მოქნილობა, საკუთარი თავის სრულად გადაცემა ღვთის ხელში.

მე თქვენ მაგალითს მოგცემთ. ოცდახუთი წლის წინ ერთი ჩემი მეგობარი, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა, პარიზის გათავისუფლებისას დაიღუპა. მის შვილებს მე არ ვუყვარდი, ეჭვიანობდნენ, რომ მათ მამას ასეთი ახლო მეგობარი ჰყავდა, მაგრამ, როდესაც მამა გარდაიცვალა, ისინი მომეჩვივენ, იმიტომ, რომ მამის მეგობარი ვიყავი... და აი, ერთხელ მისი ქალიშვილი - თხუთმეტი წლის გოგონა ჩემთან მისაღებში მოვიდა (ვიდრე ღვთისმსახური გავხდებოდი, მე ექიმი ვიყავი) და დაინახა, რომ სამედიცინო ხელსაწყოების გვერდით, მაგიდაზე სახარება მიდევს. სიყმაწვილის სრული თვითდაჯერებულობით მან მითხრა: - „არ მესმის, როგორ შეიძლება, რომ ერთი შეხედვით განათლებულ ადამიანს ასეთი სისულელე სჯეროდეს“. მაშინ მე ვკითხე: - „შენ წაგიკითხავს?“ - „არა“. მომიგო მან. - „მაშ, დაიმახსოვრე, მხოლოდ ძალიან უგნური ადამიანები მსჯელობენ იმაზე, რაც არ იციან“. შემდეგ სახარება წაიკითხა და მან ისე დაიპყრო მისი გული, რომ მთელი მისი ცხოვრება შეიცვალა, იმიტომ, რომ მან დაიწყო ლოცვა, ღმერთმა მას თავი გამოუცხადა და იგი გარკვეული ხნის განმავლობაში ამით ცხოვრობდა. შემდეგ მას უკურნებელი სენი შეეყარა და როდესაც უკვე მოძღვარი ვიყავი და ინგლისში ვცხოვრობდი, წერილი მომწერა. იგი ამბობდა: - „მას შემდეგ, რაც ჩემმა სხეულმა დასუსტება და კვდომა დაიწყო, ჩემი სული უფრო ცოცხალია, ვიდრე - ოდესმე, და მე ღვთის მყოფობას ისე ადვილად და ისეთი სიხარულით განვიცდი...“ მე მას პასუხად მივწერე: - „ნუ ელი, რომ ეს მდგომარეობა გაგრძელდება, როდესაც ძალა თანდათანობით მოგაკლდება, როდესაც ღვთისკენ სწრაფვისათვის საკუთარი ძალები აღარ გექნება, მაშინ მოგეჩვენება, რომ ღმერთამდე მიღწევა შეუძლებელია“. გარკვეული ხნის შემდეგ მან კვლავ მომწერა: - „დიახ, თქვენ მართალი იყავით, მე ამჟამად იმდენად სუსტად ვარ, რომ ძალა აღარ შემწევს, ღმერთს ვესწრაფოდე, ან თუნდაც ვნაღვლობდე მასზედ და თითქოს ღმერთი არ არის...“ მაშინ მას ვურჩიე, რომ ეცადა, სხვაგვარად მოქცეულიყო: ესწავლა მორჩილება - ამ სიტყვის ნამდვილი, ღრმა გაგებით.

ლათინურ ენაზე სიტყვა Humilites - სიმდაბლე მომდინარეობს სიტყვიდან Humus - „ნაყოფიერი მიწა“; და აი, სიმდაბლე იმაში კი არ მდგომარეობს, რასაც ჩვენ გამუდმებით ვაკეთებთ ხოლმე... საკუთარ თავზე ცუდს ვფიქრობთ და ვამბობთ, და სხვებს ვარწმუნებთ, რომ სწორედ ჩვენი უხამსი მანერებია სიმდაბლე. სიმდაბლე ეს ნაყოფიერი მიწის მდგომარეობაა; მიწა ყოველთვის ჩვენს ფეხთა ქვეშაა. ის თავისთავად ჩანს, ის დავიწყებულია, ჩვენ მასზედ დავდივართ და არასოდეს გვახსოვს. ის ყველაფრისთვის ღიაა, მას ვაყრით ნაგავს, ყველაფერს, რაც არ გვჭირდება, იგი უშფოთველია და იღებს ყველაფერს, თვით ნაკელს და ნარჩენებს იგი შემოქმედებითად იღებს და მათ ცოცხალ და მაცოცხლებელ სიმდიდრედ გარდაქმნის. ის თვით გახრწნილ გვამსაც კი ახალ სიცოცხლეს ანიჭებს. იგი იხსნება თესლისთვის, იგი იხსნება წვიმისათვის და ამის შედეგად ათმაგად და ასმაგად აღმოაცენებს ნაყოფს.

და მე ამ ქალს ვურჩიე: - „ისწავლე, რომ შენც ასეთივე იყო ღვთის წინაშე: ყველაფრის გამღები, წინააღმდეგობა არავის გაუწიო და როგორც ღვთისგან, ისე ადამიანებისგან მიიღო ყველაფერი, რასაც ისინი მოგცემენ“. და მართლაც მას ადამიანებისგან ბევრი რამის მოთმენამ მოუწია. ავადმყოფობიდან მეექვსე თვეს ქმარი დაღალა ავადმყოფი ცოლის ყურებამ და მიატოვა იგი. მან უდიდესი უარყოფა გამოსცადა, მაგრამ ღმერთმაც უხვად მიჰფინა მას თავისი ნათელი და მაგრილებელი ცვარი გამოუგზავნა. მოგვიანებით იგი მწერდა: - „მე სრულიად დავუძლურდი და ღვთისკენ სწრაფვის აღარანაირი ძალა აღარ მაქვს, მაგრამ ეხლა უკვე თვით ღმერთი მოდის ჩემთან“. აქ მონათხრობი მარტოდენ ილუსტრაცია როდია, ეს ხაზს უსვამს უმთავრეს აზრს: ესაა სწორედ ის უძლურება, რომელშიც ღმერთი საკუთარ თავს ავლენს. ეს ის სიტუაციაა, როდესაც ღმერთის არყოფნა მის მყოფობად გადაიქცევა. ძალით ღმერთს ვერ დავეუფლებით, მაგრამ თუკი მეზვერის ან ამ ქალის მსგავასად ვდგევართ იმის საზღვართან, რაც სწორია, მაგრამ იმ საზღვრებში, სადაც გულმოწყალება მეფობს, შეგვიძლია შეხვედრა ღმერთთან. ახლა შეეცადეთ, ღმერთის „არყოფნა“ გაიაზროთ და შეიგნეთ მთელი თქვენი არსებით, რომ ვიდრე კარზე დააკაკუნებდეთ, საჭიროა, გაიაზროთ, რომ ჩვენ შიგნით არ ვიმყოფებით. თუკი ჩვენი უგუნურებით წარმოვიდგენთ, რომ უკვე ღვთის სასუფეველში ვიმყოფებით, მაშინ სადღა უნდა დავაკაკუნოთ და ისღა დაგვრჩენია, რომ ირგვლივ მიმოვიხედოთ ანგელოზების, წმიდანების და ჩვენთვის გამზადებული სავანის დასანახად. და ამ დროს, როდესაც სიბნელისა და კედლების გარდა ვერაფერს ვხედავთ, მაშინ შესაძლოა, სრულიად სამართლიანმა გაკვირვებამ შეგვიპყროს, თუ რამდენად უინტერესო აღმოჩნდა სამოთხე... უნდა შეგვეძლოს, გავისიგრძეგანოთ, რომ ჯერ კიდევ არა ვართ სამოთხეში, ჯერ კიდევ არა ვართ ღვთის სამეფოში. მაშინ კი ვკითხავთ საკუთარ თავს: სად არის კარი და როგორ დავაკაკუნოთ მასზე?

გაგრძელება...