ანტონ სუროჟელი მიტროპოლიტი
ისწავლეთ ლოცვა!..

 

„ირეკდით და განგეღოს...“

წინა საუბარში იმაზე ვლაპარაკობდით, თუ როგორ ვრეაგირებთ ჩვენ ღმერთის არყოფნაზე. ოღონდ, არა - მის ობიექტურ არყოფნაზე, არამედ იმაზე, როდესაც ჩვენ თვით განვიცდით ამ მდგომარეობას. მე ვთქვი, ვიდრე არ გავაცნობიერებთ იმას, რომ ღვთის სასუფევლის გარეთ ვიმყოფებით და იმისათვის, რომ იქ შეგვიშვან, საჭიროა კარზე დავაკაკუნოთ, შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში ვცხოვრობდეთ იმ ილუზიით, თითქოს უკვე იქ ვართ - და ვერასოდეს ჩავწვდეთ იმ სიღრმეს, სადაც ღვთის სამეუფო გაიხსნება მთელი თავისი მშვენიერებით, მთელი თავისი სიმართლით, მთელი თავისი დიდებულებით...

მაგრამ, როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ „გარეთ“ ვართ, იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ჩვენ უბრალოდ და რადიკალურად ვართ სამეფოს მიღმა, მაშინ, როცა შეგვეძლო, რომ ასევე უბრალოდ და რადიკალურად მის ფარგლებში ვყოფილიყავით. აქ, ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება, თუ ვილაპარაკებთ გამუდმებულ სვლაზე სიღრმიდან სიღრმეში, ან სიმაღლიდან - სიმაღლისაკენ. იმიტომ, რომ თითოეულა საფეხურზე უკვე ვფლობთ რაღაც სიმდიდრეს, რაღაც სიღრმეს - და ამასთან ვაგრძელებთ წუხილს და ლტოლვას უმეტესი სიმდიდრის და სიღრმის მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ეს, იმიტომ, რომ თვით ღვთის სასუფევლის გარეთ მყოფნიც კი ჩვენ განსაცვიფრებლად მდიდრები ვართ, ღმერთმა ამდენი რამ მოგვცა: ჩვენ გონებითა და ემოციებით ვართ დაჯილდოებულნი, ჩვენი ცხოვრება იმდენად სავსეა, რომ შეიძლება, მეტის ქონა წარმოუდგენელიც კი ჩანდეს. შეიძლება, მოგვეჩვენოს, რომ მივაღწიეთ სისრულესა და მთლიანობას - ჩვენი ძიების მიზანს. მაგრამ ყოველთვის უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს, რომ ყოველთვის არის რაღაც - უმეტესი. უნდა ვხარობდეთ იმაზე, რომ როგორი ღარიბებიც არ უნდა ვიყოთ, მაინც ასე მდიდრები ვართ. მაგრამ ამავდროულად ღვთის სასუფევლის ჭეშმარიტი საუნკისაკენ ლტოლვაში საკუთარი თავი იმით არ უნდა დავიკმაყოფილოთ, რაც უკვე გვაქვს, რომ ზურგი არ შევაქციოთ იმას, რაც ჯერ კიდევ წინაა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი, რაც გვაქვს, საჩუქრად არის მოცემული, ნეტარების პირველი მცნება სიგლახაკეზე ლაპარაკობს და მხოლოდ იმ შემთხვევაში შევალთ ცათა სასუფეველში, თუ ამ მცნებით ვცხოვრობთ. ამ მცნებას ორმაგი აზრი აქვს. ერთი მხრივ, ცხადია, რომ გვინდა თუ არა, არაფერს ისეთს არ ვფლობთ, რისი შენარჩუნებაც შეგვიძლია; აღმოჩნდება, რომ არავისი და არაფრის მფლობელნი ვართ. ვარსებობთ იმიტომ, რომ ღმერთმა მოგვიყვანა არსებობაში; ამ საქმეში ჩვენ თავად არანაირი მონაწილეობა არ მიგვიღია, ეს ჩვენი თავისუფალი ნების გამოვლინება არ ყოფილა. ჩვენ ცხოვრებას იმგვარად ვერ ვფლობთ, რომ ვიღაცამ, ნებისმიერ წუთში მისი წართმევა ვერ შეძლოს. ამიტომ ყველაფერი, რაც გვაქვს და რაშიც თავს ვავლენთ, ხანგრძლივი არ არის. ჩვენ გვაქვს სხეული, მაგრამ ის მოკვდება; გვაქვს გონება, მაგრამ საკმარისია ტვინის უწვრილესი ნაწილაკი განადგურდეს და უდიდესი გონებაც ჩაიფერფლება. გვაქვს მგრძნობიარე, ცოცხალი გული, მაგრამ დგება წუთები, როდესაც გვსურს, გამოვხატოთ თანაგრძნობა და თანადგომა იმის მიმართ, ვისაც ეს სჭირდება - და საკუთარ მკერდში მხოლოდ ქვას აღმოვაჩენთ...

ამგვარად, რაღაც აზრით შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს, რადგან რაც გვაქვს, მას თავისუფლად ვერ ვიყენებთ. ამას შეიძლება, მივეყვანეთ არა იმ გრძნობასთან, რომ ღვთის სასუფეველს ვეკუთვნით და ამით უნდა ვხარობდეთ, არამედ - სასოწარკვეთილებასთან. თუკი არ გვეხსომებოდა, რომ თუმცა ისეთი არაფერი გაგვაჩნია, რისი წართმევაც შეუძლებელი იქნებოდა, ყველაფერი ეს მაინც გვაქვს. ჩვენ მდიდრები ვართ და ყველაფერი რასაც ვფლობთ, არის წყალობა და გამოვლინება ღვთისა და ადამიანის სიყვარულისა, ყოველივე საღმრთო სიყვარულის უწყვეტი ნაკადით მოედინება და ამისდა მიხედვით (და რამდენადაც ჩვენ არაფერს ვფლობთ) ღვთის სიყვარული მარადიულობითა და სისრულით ვლინდება. ხოლო ყველაფერი ის, რასაც საკუთარი ხელით ვშოულობთ, რათა მივითვისოთ, სიყვარულის სფეროდანაა მიტაცებული. დიახ, ის ჩვენი ხდება, მაგრამ სიყვარული იკარგება. და მხოლოდ ისინი, ვინც ყველაფერს გასცემენ, ნამდვილი, ყოვლადსრული, საბოლოო და უცვეთი სულიერი სიგლახაკით - მოიპოვებენ ღვთის სიყვარულს, რომელიც მისი ყოველგვარი ნიჭით ვლინდება. ერთ-ერთმა ღვთისმეტყველმა მამა ალექსანდრე შმემანმა თქვა - „მთელი ქვეყნიერების საკვები არის ღვთის სიყვარული, რომელიც საჭმელად გამოდგება“. ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ასეა. და იმ წუთებში, როდესაც ვცდილობთ, რომ გავმდიდრდეთ და ხელში მოვიგდოთ რაღაც, რისი შენახვაც შესაძლებელია, უცებ წაგებულნი ვრჩებით, იმიტომ, რომ ვიდრე ხელში არაფერი გვიჭირავს, ჩვენ შეგვიძლია მისი საშუალებით რაღაც ავიღოთ, ან არ ავიღოთ, ან გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც მოვისურვებთ.

აი, ეს არის ღვთის მეუფება: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ყოველგვარი დაქვემდებარებებისაგან თავისუფალნი ვართ. და ეს თავისუფლება ისეთ ურთიერთმიმართებაში გვაყენებს, სადაც ყველაფერია - სიყვარული ადამიანური თუ ღვთაებრივი სიყვარული.

ასე რომ, თუ ასეთი კატეგორიების მიხედვით განვსჯით, შეიძლება ეს იმაზე გადავიტანოთ, რაზედაც ადრე ვსაუბრობდით. დიახ, ჩვენ მდიდრები ვართ, მაგრამ ამ ქონებამ არ უნდა გაგვაამპარტავნოს და წარმოგვადგენინოს, რომ თითქოსდა, შესაძლებელია, დავანგრიოთ ძველი საცხოვრებლები, ძველი ბეღლები და ახლები ავაშენოთ, რათა იქ სულ უფრო და უფრო მეტი სიკეთე შევინახოთ (ნახ. ლუკ. 12, 16-22). არაფრის მოხვეჭა არ შეიძლება, გარდა - თვით ცათა სასუფეველისა. და მაშინ შევძლებთ, ყოველგვარი საგანი ერთმანეთის მიყოლებით მოვიშოროთ, რათა წინ თავისუფლად ვიაროთ, თავისუფლებმა - ყოველგვარი დამოკიდებულებებისაგან. არ შეგიმჩნევიათ, რომ სიმდიდრის ფლობა რომელიღაც ასპექტში გაღარიბებას გულისხმობს?! საკმარისია ვთქვათ: „აი საათი - ის ჩემია“ და ის ხელში ჩავიდოთ, რომ საათი კი გვაქვს, მაგრამ ხელს ვეღარ ვფლობთ. ხოლო, თუ გონებაც ჩვენს ქონებაშია მომწყვდეული, თუ გულშიც ისაა მოქცეული, რომ გავუფრთხილდეთ და არ დავკარგოთ, რაც შიგ ინახება, მაშინ გულიც და გონებაც ისეთივე მცირე აღმოჩნდება, როგორც ის ნივთი, რომელშიც ჩავიკეტეთ.

თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ იმ წუთებში, როდესაც ფსკერზე დავეშვებით და მეტი დაღმასვლა შეუძლებელი გახდება, როდესაც მთელი ჩვენი სიღატაკე გადაიხსნება ჩვენს წინაშე, სწორედ მაშინ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ ღვთის სასუფევლის პირას ვართ მისულნი, რომ ღმერთი სიყვარულია და თავისი სიყვარულით ვუპყრივართ ჩვენც. ამ დროს ჩვენს წინაშე ორი შესაძლებლობა გაიხსნება. ჩვენ შეიძლება, უსაზღვრო მწუხარების, სიღატაკის, უკმარისობი გამო ლოცვა დავიწყოთ, ან შეიძლება ვიზეიმოთ, რომ ღმერთმა თავისი სიყვარულით ასე დაგვაჯილდოვა. მაგრამ ეს იმ პირობითაა შესაძლებელი, თუ ერთსაც და მეორესაც გამოცდილებით შევიცნობთ. იმიტომ რომ, ვიდრე თავი მდიდრად წარმოგვიდგენია, ღვთისთვის სამადლობელი არაფერი გვაქვს და არ გაგვაჩნია ის გზა, რომლის საშუალებითაც შევიცნობთ, რომ ვუყვარვართ მას. ჩვენი მადლიერება ღვთისადმი ძალიან ხშირად არის „ზოგადი“ მადლიერების გრძნობა და სინანული, რომელსაც ღმერთს შევწირავთ, ხშირად ასევე მეტისმეტად განზოგადებულია.

ეს მე მეტად არარომანტიულ და არასულიერ ვითარებაში გამოვცადე. ერთხელ, მოზარდი რომ ვიყავი, ვიღაცის მოსანახულებლად მივდიოდი, დრო წინასწარ განვსაზღვრე და იმედი მქონდა, რომ სადილობისას მივიდოდი. იქ მეორე ოთახში დაცდას არ მაიძულებდნენ და რამით გამიმასპინძლდებოდნენ. მაგრამ, როგორც ყოველთვის ასეთ დროს ხდება ხოლმე, მატარებელმა დაიგვიანა და სადილობის შემდეგ მივედი. მგელივით მშიერი ვიყავი. ამხანაგთან ერთად ვიყავი, რადგან უკვე მართლა ძალიან გვშიოდა, ცოტაოდენი საჭმელი ვითხოვეთ. შემოგვთავაზეს ნახევარი კიტრი, ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ და გავიფიქრეთ: - „განა სულ ეს არის, რასაც ღმერთი გვიგზავნის?“ მაშინ ჩემმა ამხანაგმა თქვა: - „მოდი ვილოცოთ“. მე გამიელვა „-კიტრის გამო?“ ამხანაგს კი მეტი რწმენა ჰქონდა და უფრო ღვთისმოსავი იყო. ერთად წავიკითხეთ მეცხრე ჟამნი, შემდეგ კი ლოცვა საზრდელის მიღების წინ  და ამ ხნის განმავლობაში გონებით არ მოვშორებივარ ნახევარ კიტრს, რომლის მეოთხედიც მე მეკუთვნოდა. მერე კიტრი გავტეხეთ და შევჭამეთ. მთელი ცხოვრების განმავლობაში ღვთის მიმართ არანაირი საჭმლის გამო ასეთი მადლიერება არ მიგრძვნია. ისე ვჭამდი, როგორც წმიდა საკვებს. ვჭამდი დაკვირვებით, რომ ამ ახალი კიტრისგან მოგვრილი სიამოვნების არც ერთი წამი არ გამომრჩენოდა და როდესაც ჭამა დავამთავრეთ, უყოყმანოდ ვთქვი: „ახლა კი მოდი, მადლობა შევწიროთ ღმერთს“ და ჩვენ სამადლობელი ლოცვა დავიწყეთ.

ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შეუძლებელია, იცხოვრო ლოცვით, შეუძლებელია, წინ, ღმერთისკენ მიდიოდე, თუ რაღაცაზე ხარ დამოკიდებული: ორივე ხელი თავისუფალი უნდა გვქონდეს, გული - სრულიად გახსნილი, საფულესავით კი არა, რომლის ღიად დატოვებსა ვერიდებით, რომ იქიდან ფული არ გადმოგვიცვივდეს, არამედ - როგორც ღია და ცარიელი საფულე. ჩვენი გონებაც სრულიად გახსნილი უნდა იყოს, „ცარიელი“ - უცხოსა და მოულოდნელისაგან. ამგავარად ვართ ჩვენ ერთდროულად მდიდრებიც და თავისუფლებიც ყოველგვარი დამოკიდებულებისაგან. აი, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ ღვთის სასუფეველში არა ვართ, მაგრამ ასე მდიდრები ვართ. ან მასში ვართ, მაგრამ ვართ ასე თავისუფალნი.

ასე ხდება, მაგალითად, მაშინ, როდესაც ვმარხულობთ. მე იმ მარხვასა და თავშეკავებაზე არ ვლაპარაკობ, რომელიც მხოლოდ სტომაქზეა კონცენტრირებული, არამედ იმ სიფხიზლეზე, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ზოგჯერ კი პირდაპირ გვაიძულებს არაფერს დავემონოთ. ეს მთელი ჩვენი ცხოვრებისეული განწყობის საკითხია. პირველ რიგში ეს წარმოდგენებს უკავშირდება, იმიტომ, რომ ცოდვა წარმოდგენიდან იწყება. IX საუკუნის ერთმა მწერალმა თქვა, რომ ხორციელი ცოდვები ის ცოდვებია, რომელსაც სული ხორცის წინააღმდეგ აღასრულებს. პასუხისმგებელი ხორცი არ არის! - ამ აზრით, ვფიქრობ, რომ საკუთარი წარმოსახვის ფლობა უნდა ვისწავლოთ. ვიდრე წარმოსახვა ჩვენზე არ გაბატონებულა, ყველაფერი ჩვენს გარეთაა, ხოლო თუ გონებაში წარმოსახვა საგნებს გადაეხლართა უკვე მასზე მიჯაჭვულნი აღმოვჩნდებით. თქვენ, მაგალითად, გახსოვთ, რომ არსებობს საჭმელი: ხორცი, ბოსტნეული, ტკბილეულობა; თქვენ იცით, რომ ეს ობიექტური ფაქტია, თუ მიუჯდებით და იტყვით: „ძალიან მშიერი ვარ, მაგრამ აქ იმდენი შესანიშნავი საჭმელია - რაც კი მომესურვება“. - მაშინ ხუთი წუთიც არ გაივლის და საცეცებს უამრავი საგნის მიმართ გაიწვდით. თქვენ დაემსგავსებით გულივერს, რომელიც მიწაზე, თმის სათითაო ღერით ეჯაჭვებოდა მიწას, ჯერ ერთით, მერე - მეორეთი, მერე - მესამეთი; თითო ღერი თავისთავად არაფერს ნიშნავს, მაგრამ ყველამ ერთად მყარად მიალურსმა დედამიწაზე! ამგვარად საკმარისია, საკუთარ წარმოსახვას სრული თავისუფლება მიანიჭოთ, რომ ყველაფერი გაცილებით რთულდება. ამ აზრით ფხიზლად უნდა ვიყოთ და თავისუფლებისთვის ვიბრძოლოთ. სიყვარულსა და მიჯაჭვულობას შორის დიდი განსხვავება არსებობს; ასევე - შიმშილსა და სიხარბეს შორის, ცოცხალ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას შორის და ა.შ. თითოეულ ჩვენს მიდრეკილებას თანშობილი ბოროტი ორეული სდევს თან; სწორედ ისაა ჩვენი დამონების ერთ-ერთი გზა. ეს ისაა, რაც მხედველობაში მქონდა მაშინ, როდესაც გაწვდილ საცეცებზე ვლაპარაკობდი. ისინი უკან უნდა წაიღოთ, თუ დროულად არ იტყვი „არას“, ბრძოლა არ დასრულდება. ასე რომ, დაუნდობელნი იყავით, იმიტომ, რომ გონების სინათლე და დამოუკიდებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კმაყოფილება, რომელსაც მონობა მოგანიჭებთ.

თუკი ის, რასაც ვამბობ სიმართლეა, მაშინ შემდეგში უკვე კარზე უნდა დავაკაკუნოთ. ამ დროს ზოგიერთი პრობლემა განსაკუთრებით მძაფრდება. აქ რომ რომელიმე განსაზღვრული ტაძრის კარზე იყოს საუბარი, ყველაფერი უფრო უბრალო იქნებოდა: მივიდოდით და დავაკაკუნებდით, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით, სად დავაკაკუნოთ. ხშირად ადამიანს ლოცვა სურს და მის წინაშე დგება საკითხი: - სად არის გულისმიერი ლოცვა? საით მივმართოთ მზერა - საკუთარი გულისკენ?.. თუ მუსულმანი ხართ, ეს ძალიან ადვილია: მექასკენ შებრუნდებით, მაგრამ მაშინაც კი აღმოსავლეთისკენ პირმიქცეულებმა მერე რაღა უნდა გააკეთოთ? არ შეიძლება, მთელი ყურადღება მიაპყრო რამეს, თუ ის ნაკლებად მნიშვნელოვანია - ვიდრე ღმერთი. როგორც კი შეეცდებით ყურადღება მიაპყროთ ღმერთს, რომელსაც თქვენს წინაშე წარმოიდგენთ, ჩნდება საშიშროება, რომ თქვენსა და ნამდვილ ღმერთს შორის თქვენ კერპს აღმართავთ. ეს აზრი ჯერ კიდევ IV ს-ში გამოხატა გრიგოლ ღვთისმეტყველმა, რომელიც ამბობს, რომ როგორც კი ჩვენს წინაშე რაიმე ხილულს აღვმართავთ - იქნება ეს ჯვარცმა, ტრაპეზი, ხატი ან უხილავი ღმერთის ისეთი გამოსახულება, როგორადაც წარმოგვიდგენია იგი, ან - იესო ქრისტესი, როგორც ის ხატებზე გვინახავს და მთელ ყურადღებას მას მივაპყრობთ, მაშინ ჩვენსა და ღმერთს შორის აღიმართება ჯებირი, იმიტომ რომ, იმ ხატით, რომელიც ჩვენში შევქმენით, ვცვლით იმ პიროვნებას, ვისაც ლოცვით მივმართავთ. ამის გაკეთება ასე უნდა: მოვკრიბო მთელი ჩემი ცოდნა ღმერთის შესახებ, რათა მისი მყოფობის წინაშე წარვსდგე, თანაც მახსოვდეს, რომ მთელი ეს ცოდნა მასზე სადღაც წარსულშია - ჩემს ზურგს უკან, ხოლო ჩემს წინაშე ღმერთია - მთელი მისი სირთულითა და მთელი მისი უბრალოებით, ასეთი ახლობელი და ასეთი მიუწვდომელი. თუ ჩვენ აბსოლუტურად გახსნილები ვდგავართ შეუცნობლობის წინაშე, მაშინ ამ შეუცნობლობას, ამ შეუცნობელს შეუძლია ისე გაიხსნას, როგორც თვითონ მოისურვებს ჩვენს წინაშე, ისეთების წინაშე, როგორებიც დღეს ვართ. გულის ასეთი გახსნილობით, გონების ასეთი გახსნილობით უნდა ვიდგეთ ღმერთის წინაშე. არ უნდა ვეცადოთ, მას რაიმე ფორმა მივცეთ, ან რაიმე ცნებასა და ხატებაში მოვაქციოთ... და ამის შემდეგ დავაკაკუნოთ...

სად?! სახარება გვეუბნება, რომ ღვთის სასუფეველი ჩვენშია, თუ ღვთის სასუფევლის პოვნას საკუთარ თავში ვერ შევძლებთ, თუ საკუთარ თავში, ჩვენივე არსების სიღრმეში ვერ შევხვდებით ღმერთს, მაშინ ნაკლებად სარწმუნოა, რომ მასთან შეხვედრას სადმე - ჩვენს გარეთ შევძლებთ. როდესაც პირველი კოსმონავტი გაგარინი „კოსმოსიდან“ დაბრუნდა და თავისი ცნობილი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ზეცაში ღმერთს არ შეხვედრია, მაშინ ერთმა მოსკოველმა მღვდელმა შენიშნა: - „თუ თქვენ მას აქ, მიწაზე არ შეხვედრიხართ, ზეცაში ვერასდროს ნახავთ“. თუ მე, ასე ვთქვათ, საკუთარი ტყავით, არ შემიძლია ღმერთთან შეხება - აქ, ამ პატარა სამყაროში, რომელსაც თვითონვე წარმოვადგენ, ნაკლებად სარწმუნოა, რომ პირისპირ შეხვედრისას ვიცნო იგი. წმიდა იოანე ოქროპირმა თქვა: - „იპოვე საკუთარი გულის კარი და მიხვდები, რომ ის ცათა სასუფევლის კარია“. ამიტომ საკუთარი თავის შიგნით უნდა ჩავიხედოთ და არ ვიცქირებოდეთ გარეთ. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ თვითანალიზს უნდა მივმართოთ; არც იმას ვგულისხმობ, რომ საკუთარ შინაგან სამყაროს ფსიქოანალიზისა და ფსიქოლოგიის ხერხებით უნდა ჩავუღრმავდეთ. ეს არ უნდა იყოს ჩემს პირად „მე“-ში მოგზაურობა; არამედ ეს არის გზა პირადი „მე“-ს გავლით, რათა საკუთარი სიღრმეებიდან ამოვყვინთოთ იქ, სადაც ღმერთია, სადაც ღმერთი და მე ერთმანეთს შევხვდებით.

ამგვარად საკითხი, რომელიც ლოცვასთან დაკავშირებით დაისმის, ორ ასპექტს შეიცავს: პირველი - სვლა სიღრმისკენ; მეორე - როგორ წარმოვთქვამთ ლოცვის სიტყვებს და საით მივმართავთ მათ.

ამჯერად მეორეს შესახებ ვიტყვი: ვისკენ ან რისკენ უნდა მივმართო ჩემი მხურვალე ლოცვა? ხშირად ადამიანი ცდილობს, იყვიროს ზეცის მიმართულებით და ძალიან უკვირს, რომ ცა ცარიელია და არ იხსნება, მაგრამ იქ გამოძახილს ვერც იპოვი. VII საუკუნეში წმიდა იოანე კიბისაღმწერელი წერდა, რომ ლოცვა, ლოცვის სიტყვები ისრებს ჰგავს; მაგრამ იდრის ქონა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, თუ გსურთ მიზანში მოარტყათ, საჭიროა მშვილდი - კარგი ლარით და ძლიერი ხელი, რომ ის მოზიდოთ. თუ კარგი მშვილდი გაქვთ, მაგრამ ლარი დაჭიმული არ არის, ისარი შორს ვერ წავა და მალევე ჩამოვარდება მიწაზე. თუ ისარს ძლიერი ხელით არ გასტყორცნით, ასევე ვერ მიაღწევთ მიზანს. ამიტომ საჭიროა მშვილდი, საჭიროა ლარი, საჭიროა ხელი და საჭიროა ძალა. თუ ლოცვის სიტყვა ისარია, ის ზუსტად სიღრმისკენ უნდა დავუმიზნოთ, იქ, სადაც ჩვენში ღმერთი იმყოფება, მშვილდი შინაგანისაკენ უნდა მივმართოთ, რათა, რაც შეიძლება, ღრმად განვგმიროთ საკუთარი თავი. ამასთან, ყოველგვარი პირობა უნდა შევქმნათ, რომ ისარი რაც შეიძლება დიდი ძალით იყოს ნატყორცნი. ხშირად კი ლოცვისას უყურადღებოდ ვართ, ჩვენი გული ჩვენსავე ლოცვაში არ არის დაუნჯებული და ის ცხოვრება, რომლითაც ვცხოვრობთ, ჩვენივე ლოცვის მცველად ვერ გამოდგება. ასეთია მშვილდთან, ლართან და ძალასთან დაკავშირებული ანალოგიები.

არის წუთები, როდესაც შესაძლებელია მცდელობა იმისა, რომ შეიჭრა სიღრმეში, უხმობდე მას, ვინც ყოველივე ქმნილის ფესვსა და სიღრმეში არსებობს, მაგრამ თქვენ სრულიად აშკარად დაინახავთ, თუ საით მიემართებით და საით უმიზნებთ თქვენს ლოცვას: არა - უკან, არა - მაღლა, არამედ - სულ უფრო ღრმად - ყველა უკუქმედების მიმართ, რომელიც წინ გეღობებით, ყველა ფარული მახისა და ცდომილებისაკენ, ყველაფერი იმისკენ, რაც თქვენს სიღრმეში შესვლას აღუდგება წინ. და მაშინ ლოცვა გახდება რაღაც - ბოლომდე განხორციელებული - თუმცა ეს მკაცრი, დაძაბული და გაბედული შრომით მიიღწევა.

და აი, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევარჩიოთ ლოცვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის; ისევე როგორც ადამიანურ ურთიერთობაშია აუცილებელი საჭირო სიტყვის გამონახვა, ასევე მნიშვნელოვანია ის ლოცვისას. რა ლოცვაც არ უნდა ავირჩიოთ, ის ჩვენს მიერ უნდა იყოს გააზრებული და არანაირ უხერხულობას არ იწვევდეს. უნდა გამოვტყდე რომ, როდესაც არსებულ ლოცვანებს გადავშლი, ერთგვარი უხერხულობა მიპყრობს. როდესაც წარმოვიდგენ, რომ ღმერთი ნამდვილად, სრულიად კონკრეტულად არის აქ - ჩემთან, ვერაფრით ვერ გავკადნიერდები, რომ მის წინაშე და მის შესახებ ასეთი სიტყვები წარმოვთქვა, ვუამბო მას, თვით მასზე უამრავი ისეთი რამ, რომელიც ჩვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე იცოდა. ამგვარად, არჩევანია საჭირო, იმიტომ, რომ თუ თქვენ თვითონ გერცხვინებათ თქვენი ლოცვა, მით უფრო ღმერთისთვის იქნება ის უხერხული და ღვთისადმი მთელი გულით მის შეწირვას ვერ შეძლებთ. პირველი სწორედ ისაა, რომ ლოცვის ისეთი სიტყვები იპოვო, რომელიც თქვენი საკადრისია და ღმერთის საკადრისი. მე ვამბობ - „თქვენი საკადრისი და ღმერთის საკადრისი...“ იმიტომ, რომ თუ ისინი საკმარისად კარგია თქვენთვის, ღმერთი შეძლებს მათ მიღებას, მაგრამ თუ ის სიტყვები თქვენთვის კარგი არ არის, ნურც ღმერთს დატვირთავთ, მას ხომ უამრავი, გაცილებით უკეთესი სიტყვა მოუსმენია. საჭირო არ არის, რაღაც განსაკუთრებული სიტყვების მოძებნას შეეცადოთ; ერთ-ერთი საშიშროება, რომელიც ლოცვასთან დაკავშირებით არსებობს, ისეთი სიტყვების ძებნაა, რომლებიც „ღმერთის დონეზე“ იქნება. სამწუხაროდ, რამდენადაც არც ერთი ჩვენგანი არ არის „ღმერთის დონეზე“, ეს არ გამოგვივა და ტყუილად ვკარგავთ ამდენ დროს განსაკუთრებული სიტყვების საპოვნელად.

მართალია, არ ვცდილობ, რომ ეს სფერო სრულად მოვიცვა, მაგრამ მსურს, ლოცვითი ქმედების ან სიტყვების გამაჯერებლობისთვის მაგალითი შემოგთავაზოთ. ებრაულ ფოლკლორში არსებობს თქმულება მოსეს ცხოვრების შესახებ და იქ შესანიშნავი ეპიზოდია. მოსე უდაბნოში მწყემსს ხვდება. იგი მასთან მთელ დღეს ატარებს, ეხმარება ცხვრის წველაში, საღამოს კი ხედავს, როგორ აგროვებს მწყემსი საეკეთესო ჯიშის რძეს ხის ჯამში და ბრტყელ ქვაზე, განცალკევებით დგამს. მოსე ეკითხება მას, თუ რატომ აკეთებს ამას. მწყემსი კი პასუხობს: - „ეს ღმერთის რძეა“. მოსე დაინტერესდება და კვლავ ჰკითხავს, თუ რა აქვს მხედველობაში. მწყემსი კი მიუგებს: - „მე ყოველთვის ვაგროვებ საუკეთესო რძეს და საჩუქრად ვწირავ ღმერთს“. მოსე, რომელიც მეტადაა გაწაფული და დახვეწილი გონებრივად, ვიდრე მწყემსი - თავისი გულუბრყვილო რწმენით - ეკითხება: - „მერე სვამს ღმერთი შენს რძეს?“ - „კი, სვამს“. - პასუხობს მწყემსი. მოსე გრძნობს, რომ საბრალო მწყემსს დახმარება სჭირდება და უხსნის მას, რომ ღმერთი სულია და რძეს არ სვამს; მაგრამ მწყემსი დარწმუნებულია, რომ ეს ასე არ არის. ისინი კამათობენ, ბოლოს კი მოსე ეუბნება მწყემსს, დაიმალოს ბუჩქებში და ნახოს, ნამდვილად თუ მოდის ღმერთი რძის დასალევად. ამის შემდეგ იგი უდაბნოში გადის სალოცავად. მწყემსი ბუჩქებში დაიმალა. დაღამდა. მთვარის შუქზე მწყემსი ხედავს მელას, რომელიც მორბის უდაბნოდან, მარჯვნივ და მარცხნივ იხედება, ჯამთან მიირბენს და სწრაფად ხვრეპს რძეს, შემდეგ კი კვლავ უდაბნოში მირბის. მეორე დღეს მოსემ მწუხარე და დათრგუნული მწყემსი ნახა. „რაშია საქმე?“ - ეკითხება მოსე. „შენ მართალი იყავი, ღმერთი სულია და მას ჩემი რძე არ სჭირდება“. მოსე გაკვირვებულია მისი წუხილით - „უნდა გიხაროდეს, რომ ახლა მეტი იცი ღმერთზე, ვიდრე ადრე იცოდი“... „ - ხო, მაგრამ ერთადერთი რამ, რითაც შემეძლო მისდამი სიყვარული გამომეხატა, აღარ მაქვს“. მაშინ მოსეს რაღაც აეჭვებს. ის გადის უდაბნოში და გულმოდგინე ლოცვას იწყებს. ღამით, ხილვაში, ღმერთი გამოეცხადება მას და მიმართავს: - „მოსე, შენ შეცდი! ჭეშმარიტად მე ვარ სული, მაგრამ ყოველთვის მადლობით ვიღებდი რძეს, რომელიც მწყემსს ჩემთვის მოჰქონდა - სიყვარულის ნიშნად. მაგრამ, როგორც წმიდა სულს, მე რძე არ მჭირდება, ამიტომ მას მელაკუდას ვუნაწილებდი, რომელსაც ის ძალიან უყვარს“.

მე შევეცადე, პირველ რიგში, მეჩვენებინა, რომ ლოცვა სიღრმისკენ უნდა იყოს მიმართული, არა - ღმერთისკენ ცაში, ან - ღმერთისკენ სადღაც შორს... არამედ ღმერთისკენ, რომელიც უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე ამას ვაცნობიერებთ. მეორე: პირველი ქმედება ლოცვისა - ისეთი სიტყვების შერჩევაა, რომლისაც არ გვრცხვენია, რომელიც სრულიად გამოხატავს ჩვენს თავს და რომელიც ჩვენთვის საკადრისია; და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შევწიროთ ისინი ღმერთს, მთელი ჩვენი გონიერებით, რამდენადაც ეს ძალგვიძს. საჭიროა, მთელი ჩვენი გული დავაუნჯოთ ამ ლოცვაში, ამ ხმობაში ჩვენი ღმერთისადმი, სიყვარულის ამ უნაზეს აქტში, ქმედებაში, რომელიც მოიცავს მთელს ჩვენს გონებას, მთელს ჩვენს გულს, და ისეთ ქმედებაში, რომელიც სრულიად ადეკვატურია იმისა, რასაც ჩვენ წარმოვიდგენთ.

ამიტომ პირველი, რასაც გთავაზობთ, ეს ისაა, რომ თქვენ დასაწყისისთვის მოიფიქროთ, ლოცვის რომელი სიტყვები ნიშნავს თქვენთვის რაიმეს ისეთს, რისი შეწირვაც ღმერთისთვის შეგიძლიათ, იქნება ეს თქვენი საკუთარი, თუ ვიღაცის მიერ უკვე ნათქვამი სიტყვები. დაფიქრდით იმაზე, თუ რამდენად მგრძნობიარედ ხვდებიან ისინი თქვენს გულს, რამდენად შეგიძლიათ მათში მოუყაროთ თავი თქვენს აზრებს, იმიტომ, რომ თუ თქვენ არ შეგეძლებათ, ყურადღებით იყოთ იმ სიტყვების მიმართ, რომელთაც წარმოთქვამთ, რატომღა იღებს მათ ყურად ღმერთი?! როგორ მიიღებს მათ, როგორც სიყვარულის გამოხატვას, თუ მათში მთელ თქვენს გულს არ დააუნჯებთ, თუ მათში მარტოდენ თავაზიანობის ნაწილსა და დაბნეულობის ნაწილს ჩადებთ?!

და მაშინ, თუ შერჩეული ლოცვის სწორად გამოყენებას ისწავლით და ამასთან შეძლებთ, რომ ლოცვისთვის განკუთვნილი დრო მთლიანად ღმერთისკენ მიმართოთ, ღვთის შემეცნება იმდენად გაიზრდება თქვენში, რომ მაშინაც, როდესაც ხალხთან ურთიერთობაში იქნებით, ან მაშინ როდესაც მარტო მოგიხდებათ ყოფნა, ლოცვითი მდგომარეობის შენარჩუნებას მაინც შეძლებთ. ანალოგიები, რომლებიც ჩვენს სულიერ მამებს მოაქვთ, ორ ხარისხად განიყოფა: ერთნი უბრალოდ და პირდაპირ და როგორც მე მეჩვენება - ძალიან კარგად გადმოსცემენ იმას, რაც სურთ, რომ გაგვაგებინონ; მეორენი - რამდენიმე მეტად ამაღლებულნი არიან;

უბრალო და პირდაპირი პარალელი - ესაა წმიდა თეოფანე დაყუდებულის გამონათქვამი, რომელიც ამბობს: „ღვთის მყოფობის შეგრძნება ჩვენთვის კბილის ტკივილივით აშკარა უნდა იყოს“. მართლაც, ვიდრე კბილი გტკივათ, ამის დავიწყებას ვერ შეძლებთ, შეიძლება კითხულობდეთ, ალაგებდეთ, მღეროდეთ, ან აკეთებდეთ ნებისმიერ რამეს: კბილის ტკივილი განუყრელად იქნება თქვენთან და მის დაჟინებულ არსებობას ვერსად გაექცევით. ის ამბობს, რომ ჩვენს გულებში სწორედ ამგვარად უნდა აღვზარდოთ ტკივილის და მწუხარება. აქ ფიზიკურ გულზე არ არის ლაპარაკი. არამედ იმაზე, რომ იმ წუთებში, როდესაც ღმერთთან ლოცვით ერთობას დავკარგავთ, ჩვენი გულის საიდუმლო კუნჭულში ფესვი გაიდგას ისეთმა „ტკვილმა“, რომელიც მის მიმართ სასოწარკვეთილ მწუხარებად იქცევა, გრძნობად, რომ - „აი, მე მარტო არა ვარ, და სად არის ახლა ის?!“

უფრო ამაღლებულად ეს ამას ნიშნავს: როდესაც დიდი სიხარული გვეწვევა, დიდი მწუხარება, ან დიდი ტანჯვა, მაშინ მთელი დღის განმავლობაში ვერ ვივიწყებთ მას. გვესმის, რას გველაპარაკებიან ადამიანები, ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს, ვკითხულობთ, ვაკეთებთ ყველაფერს, რასაც ჩვენგან ელიან, მაგრამ დანაკარგის ტკივილი, თუ სიხარულის თრთოლვა - სუნთქვისშემკვრელი ამბის ხსოვნა ერთი წამითაც არ გვტოვებს... ასეთივე უნდა იყოს ღვთის მყოფობის განცდა. და თუ ეს განცდა ასეთივე მკვეთრია, მაშინ შეგიძლია, ნებისმიერ დროს ილოცო, რასაც არ უნდა აკეთებდე მოცემულ მომენტში. შეგიძლია ილოცო მაშინ, როდესაც ფიზიკურად შრომობ, მაგრამ ლოცვა მაშინაც შეგიძლია, როცა ხალხში ხარ, რაღაცას ისმენ, რაღაცაზე საუბრობ, ან სხვა ადამიანით ხარ დაკავებული. მაგრამ, როდესაც უკვე ვთქვი, ეს უცებ არ ხდება და მე ვფიქრობ, რომ თავდაპირველად, როდესაც ვითარება საშუალებას მოგვცემს, ჩვენ ამაში უნდა ვვარჯიშობდეთ, რათა ლოცვით ყურადღებას და გულის შემუსვრილებას მივაღწევთ. იმიტომ, რომ ლოცვისას გაბნეულობა ადვილად გვიპყრობს და უეცრად შეიძლება, სიფხიზლიდან ზმანებებში გადავვარდეთ. ამიტომ უნდა დავიწყოთ იმის სწავლა, თუ როგორ შევინარჩუნოთ ყურადღება ლოცვისას, სრულყოფილი სიმტკიცე, ლოცვითი დგომა ღვთის წინაშე და მისთვის საკუთარი თავის სრულად მიძღვნა მაშინ, როდესაც ამას გაკეთება გონებისა და გულის განუყრელი კავშირის საშუალებით შეგვიძლია. და მაშინ უკვე ისიც შეიძლებ ვეცადოთ, რომ იგივე სხვა ვითარებაშიც გავაკეთოთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით მომდევნო თავში ვისაუბრებთ. იმის მაგალითზე, თუ როგორ შეიძლება ავიღოთ ორი ან სამი ლოცვა და გამოვიყენოთ ისინი, რათა შევაღწიოთ საკუთარი თავის სიღრმეში, იმ ადგილებში, სადაც ღმერთი იმყოფება. ამასთან, შევეცადოთ, ისიც ავხსნათ, თუ როგორ უნდა ვმოძრაობდეთ შიგნით, იმიტომ, რომ ეს შრომის სულ სხვა სახეა. ნურც მელაკუდას დაივიწყებთ, ის ჩვენს ლოცვით ცხოვრებაში შეიძლება, სასარგებო აღმოჩნდეს; და რადგანაც საუბარი მელიებს შეეხო: თუ გსურთ შეიტყოთ, როგორ უნდა დაუმეგობრდეთ ღმერთს ისწავლეთ სხვა მელაკუდასგან (ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის წიგნიდან „პატარა უფლისწული“) როგორ უნდა დამეგობრება მასთან, ვინც ძალიან მგრძნობიარე, ძალიან მოწყვლადი და ძალიან მოკრძალებულია.

გაგრძელება...