ანტონ სუროჟელი მიტროპოლიტი
საფეხურები

სინანულის შესახებ

რაში მდგომარეობს სინანული?

ადამიანი, რომელიც თავისთვის ცხოვრობდა, ღმერთს ზურგი აქცია, ერთბაშად ან ნელ-ნელა იწყებს ფიქრს იმაზე, რომ მისი ცხოვრება არ შეიძლება იყოს სრულყოფილი, თუ ასე გაგრძელდა, როგორადაც ის ამას ატარებს. და ადამიანი ასე იწყებს ღვთისკენ შემობრუნებას. სინანულიც სწორედ ამაში, ღვთისკენ შემობრუნებაში, მდგომარეობს. სწორედ ეს არის თავდაპირველი და გადამწყვეტი. და როცა ჩვენ უცებ ვიცვლით კურსს, ვუბრუნდებით ღმერთს, ჭეშმარიტებას, იმას, რისთვისაც საერთოდ ადამიანია მოწოდებული, ეს უკვე ნიშნავს, რომ გადავდგით პირველი ნაბიჯი სინანულისკენ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მონანიებას, რადგან ჯერ არ შევცვლილვართ. ეს რომ მოხდეს, რაღაც უნდა გადავიტანოთ. ისე უბრალოდ ადამიანი ვერ შეელევა ჩვეულ ცხოვრებას, ვერ უარყოფს თავს და ვერ შემობრუნდება ღვთისკენ. როცა ადამიანი თავისთვის მშვიდად ცხოვრობს და არაფერი განსაკუთრებული მის თავს არ ხდება, იგი თითქოსდა „ძოვს“ ცხოვრების ველზე, განცხრომაშია და არ უფიქრდება მის თავზე რომ უძირო ცაა, არ ფიქრობს არავითარ საფრთხეზე. მისთვის ცხოვრება საამურია. მაგრამ თუ უეცრად რაღაც დაატყდება თავს, იგი დაფიქრდება ყოველივეზე, დაფიქრდება, რომ თურმე არც ისე მარტივადაა ყველაფერი.

ხდება ხოლმე, რომ ადამიანი დაუფიქრებლად, თითქოსდა უმნიშვნელო საქციელს სჩადის და უეცრად საშინელ მდგომარეობაში ვარდება. ასე დაემართა ერთხელ ბიჭს, რომელიც თავისი დის წინ უაზროდ იქნევდა დანას. უეცრად დანა თვალში მოარტყა. მაშინვე მიხვდა, როგორი სიგიჟე და უპასუხისმგებლობაა ასე თამაში. მისი და მთელი ცხოვრების მანძილზე ცალი თვალით ბრმა დარჩა. ვერც ძმამ შეძლო ამის დავიწყება. და ეს გამოიხატებოდა არა იმით, რომ ხანჯალთან ან ჯიბის დანასთან მიკარების ეშინოდა, არამედ იმით, რომ მას უკვე ესმოდა, რომ ყველაზე უმნიშვნელო მოქმედებასაც შეიძლება ტრაგიკული დასასრული ჰქონდეს.

ზოგჯერ ადამიანის სინანულის შედეგი ტრაგიკული შემთხვევა კი არა, ის შეხედულებაა, რომელიც თურმე სხვებს გააჩნიათ მასზე და რომელიც შემთხვევით მოისმინა. ჩვენ თავი ყოველთვის საუკეთესო ადამიანად წარმოგვიდგენია და როცა გვაკრიტიკებენ, არ ვიღებთ ამ კრიტიკას, რადგან გვგონია, რომ ის ადამიანი ჩვენს არაჩვეულებრივ თვისებებს ვერ ხედავს. მაგრამ აი, შემთხვევით ყური მოვკარით იმას, რასაც დაფარულად ჩვენზე ამბობენ. აღმოჩნდა რომ გმირად რომ წარმოგვედგინა თავი, სინამდვილეში თურმე სხვები ლაჩრად აღგვიქვამენ. თავი სამართლიანი გვეგონა, სხვები კი თურმე ცბიერად გვთვლიან და ა.შ. როცა ყოველივე ამაზე დავფიქრდებით, გვებადება კითხვები: მაინც ვინა ვარ მე? რა არის ჩემი მოწოდება? მე, რა თქმა უნდა, პროფესიულ მოწოდებას კი არ ვგულისხმობ, არამედ იმას, თუ როგორი ადამიანი უნდა გავხდე. ნუთუ მე კმაყოფილი ვარ იმით, რასაც წარმოვადგენ?! ნუთუ მე არ შემიძლია შევიცვალო და გავხდე უკეთესი?!

ისეც ხდება, რომ ყოველივე ამაზე ფიქრს ადამიანი სახარების კითხვისას იწყებს. ვკითხულობთ სახარებას და ვხედავთ როგორი უნდა იყოს ადამიანი. ვხედავთ ქრისტეს სახეს მთელი თავისი სილამაზით, ან რამდენადაც მისი დანახვა ძალგვიძს. და მერე ვიწყებთ მასთან შედარებას. ვიწყებთ დაკვირვებას არა საკუთარ თავზე, არამედ ქრისტეზე, ან კიდევ იმაზე, თუ რას ამბობს ჩვენზე ხალხი.

ასე იწყება საკუთარი თავის განსჯა. განსჯის მომენტიდან კი უკვე მოდის სინანული. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის სრული მონანიება, რადგან საკუთარი თავის გაკიცხვა, სულაც არ ნიშნავს, რომ სული ტკივილს გრძნობდეს ჩადენილი საქციელის გამო.

ზოგჯერ გონებით კი ვგრძნობთ ცუდები რომ ვართ და ამა თუ იმ შემთხვევაში სხვაგვარად რომ უნდა მოვქცეულიყავით, მაგრამ ამის განცდა არა გვაქვს. მახსენდება ერთი შემთხვევა. დიდი ხნის წინათ (ჯერ კიდევ 20-იან წლებში) ერთ-ერთ რუსულ სტუდენტურ-ქრისტიანული მოძრაობის ყრილობაზე, გვესწრებოდა ერთი შესანიშნავი მღვდელი - მამა ალექსანდრე ელჩანინოვი. სწორედ მასთან მივიდა ერთი ოფიცერი აღსარებაზე და უთხრა:

- მე შემიძლია მოგიყვეთ მთელი ჩემი ცხოვრება, თუ რა უსამართლობები ჩამიდენია. მაგრამ ის, რაც გამიკეთებია, მხოლოდ გონებითა მაქვს შეცნობილი. ჩემი გული კი ყოველივე ამის მიმართ უგრძნობია. ჩემთვის სულერთია. გონებით კი მესმის, ყველაფერი ეს რომ ბოროტებაა, გულით კი ვერა ვგრძნობ: ვერც ტკივილს, ვერც სირცხვილს.

და მამა ალექსანდრემ მაშინ მას უთხრა ასეთი არაჩვეულებრივი რამ:

- ჩემთან ნუ მოინანიებთ. ეს ფუჭად ჩაივლის. სჯობს ხვალ, წირვის დაწყებამდე მოდით აღსავლის კარებთან და როცა ყველა შეიკრიბება, მაშინ თქვით ის, რაც მე ახლა მითხარით. ყველას წინაშე, ვინც კი მსახურებას დაესწრება, აღიარეთ თქვენი ცოდვები.

ოფიცერი დათანხმდა, რადგანაც გრძნობდა, ყოველგვარი თანაგრძნობისა და განცდის უნარი დაკარგოდა, მხოლოდ მახსოვრობა და გონება შერჩენოდა, გული კი მოკვდომოდა, თითქოს მასში სიცოცხლეც ჩამქრალიყო. იგი მღვდელს აფორიაქებული გაშორდა. განიცდიდა, როგორ უნდა ეთქვა ყველაფერი სხვების წინაშე?! ფიქრობდა ყველანი ზურგს შეაქცევდნენ, შეიზიზღებდნენ: „ჩვენ იგი წესიერი ადამიანი გვეგონა და თურმე რა საზიზღარი ყოფილა“-ო. მაგრამ იგი იმდენად შეწუხებული იყო თავისი მდგომარეობით, რომ დასძლია ეს შიში და სირცხვილი. მეორე დღეს მსახურების დაწყებამდე დადგა აღსავლის კარებთან და იწყო მოყოლა.

და მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ.

ყრილობის ყველა მონაწილე თანაგრძნობით შემობრუნდა მისკენ და მან იგრძნო ყველამ თითქოსდა გულში ჩაიკრა, რომ ყველა თანაუგრძნობდა და განიცდიდა მის ტკივილს. მაშინ იგი ატირდა და ქვითინითა და ცრემლებით განაგრძო აღსარება;

ამ დღიდან მან ახალი ცხოვრება დაიწყო. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი... მონანიება. მონანიება მდგომარეობს არა იმაში, გულცივად რომ ჩამოვთვალოთ ცოდვები და ასე ვაღიაროთ იგი ღვთის წინაშე, არამედ იმაში, რომ ყოველივე ამან ისე შეგვძრას, რომ ცრემლები გვადინოს.

საინტერესო მოსაზრება აქვს ამის შესახებ სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფეს, ღირს ნიკიტა სტიფატს. ის ამბობს, რომ წრფელი სინანულის ცრემლებს შეუძლია ადამიანს დაუბრუნოს დაკარგული ქალწულება.

სინანული სწორედაც ასეთი უნდა იყოს.

მაგრამ ჩვენ რომ არ ძალგვიძს ყოველთვის ასეთი სინანული?! მაშ როგორ მოვიქცეთ? თქვენ ალბათ წაგიკითხავთ თუ როგორ ხდება ძველი ქალაქებისა და ძეგლების არქეოლოგიური გათხრები. მოდის არქეოლოგი და იწყებს მიწის თხრას. თავიდან იგი ხედავს ჩვეულებრივ ნიადაგს, მერე თანდათან გამოარჩევს რაღაც მონახაზებს, იმას, რაც დიდი ხნის წინ მოქცეულა მიწის ქვეშ. ასე ხდება პირველი ხილვა იმისა, რასაც ეძებს. ასევეა ადამიანის გულში. ჯერ მხოლოდ ჩანასახის სახით აღმოვაჩენთ იმას, რაც ღირსებას გვილახავს, რომ ღირსნი არა ვართ იმ პატივისცემისა და სიყვარულის, რითაც გარემოცულნი ვართ და არც იმ სიყვარულისა, რომელსაც ღმერთი ჩვენდამი ამჟღავნებს. ასე ხდება ჩვენი თვალის ახელა. ახლა უკვე შეგვიძლია მივიდეთ აღსარებაზე და ვთქვათ, რომ ჩვენი სულის სიღრმეში, შეიძლება უფრო ღრმადაც დევს ცოდვების მთელი სამყარო, რომლის ზედაპირზეც უკვე მეცნო რაღაც-რაღაცეები და სურვილი მიჩნდება იგი გავანდო ღმერთს და ვუთხრა:

- უფალო, მე ეს დავინახე! შენ დამეხმარე მის დანახვაში და ამიტომ მინდა უარი ვთქვა ამ ბოროტებაზე. მე ჯერ არ ვიცი როგორ უნდა მოვინანიო, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩემი ცოდვები შეუთავსებელია ჩვენს მეგობრობასთან, იმ ურთიერთობასთან, რაც ჩემს ახლობლებთან მაქვს, იმასთანაც, როგორიც მინდა ვიყო.

არსებობს ძველი შუასაუკუნეების დროინდელი შენდობის ლოცვა, რომელიც ასეთი სიტყვებით მთავრდება:

- შეგონდოს ღმერთმა ყოველი ცოდვა, რომელიც მთელი სიწრფელით მოინანიე. ე.ი. შეგინდობს არა იმას, რაც თქვი, არამედ იმას, რამაც მთელი სულით შეგძრა, რამაც შეგაძრწუნა. აი, ეს ცოდვები შეგენდობა. დანარჩენები კი უკვე ახალი ამოცანაა. უნდა შეეცადო უფრო ღრმად ჩაწვდე თავს, ჩაეძიო და აღმოაჩინო ის, რაც უღირსობად მიგაჩნია საკუთარი თავის, ღვთისა და იმ ადამიანთა წინაშე, რომლებსაც სულ სხვაგვარად ჰყავხარ წარმოდგენილი. ასე იქცევა აღსარება პროგრესულ, თანდათანობით ჩაღრმავებულ სინანულის ნაწილად. ასე თანდათან გაგეხსნება ახალ-ახალი სიღრმეები. მაშინ დაგებადებათ კითხვა:

- რაში მდგომარეობს სიცოცხლე? ნუთუ იმაში, რომ ჩაუღრმავდე თავს და დაინახო მასში მხოლოდ ბოროტება, ბოროტება, ბოროტება?.. ჩაიძირო წყვდიადში? ასე ხომ შეუძლებელია ცხოვრება!

დიახ, ძნელია. მაგრამ სხვაგვარად წყვდიადს ვერ განვდევნით. წყვდიადს მხოლოდ ნათელით თუ შევებრძოლებით. და თუ ჩვენში დავინახავთ გონიერს, ეს ნიშნავს, რომ ნათელი შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში.

მინდა მოგიყვანოთ მაგალითი, რომელსაც აღასარებაზე მოსულ ბავშვებს ვუყვები, რომლებიც მოდიან და მეუბნებიან:

- კი ვხედავ ჩემში ბოროტებას, მაგრამ არ შემიძლია მისი აღმოფხვრა, ამოგლეჯა.

ვეკითხები:

- როცა ბნელ ოთახში შედიხარ, ცდილობ განა თეთრი პირსახოცის ქნევით წყვდიადის განდევნას და განა იმედი გაქვს, რომ ასე გაფანტავ?

- არა, რა თქმა უნდა, არა!

- მაშ რას აკეთებ?

- ვაღებ დარაბებს, გადავწევ ფარდებს, ვაღებ ფანჯარას.

- აი, სწორედ ასე უნდა მოიქცე. შენ უშვებ სინათლეს იქ, სადაც მანამდე წყვდიადი იყო. ასევე უნდა მოიქცე ამჯერადაც. თუ ნამდვილად გინდა მოინანიო და შეიცვალო, მაშინ მარტო იმას კი არ უნდა მიაპყრო ყურადღება, რაც ცუდი გაქვს, შენში უნდა შეუშვა სინათლე. ამიტომ უნდა მიაპყრო ყურადღება იმას, რაც შენში ნათელია. და აი, ამ ნათლის მეშვეობით უნდა ებრძოლო შენში დაბუდებულ წყვდიადს.

- დიახ, მაგრამ როგორ უნდა გავაკეთო ეს? ნუთუ უნდა ვიფიქრო, რომ კარგი ვარ?

- არა. უნდა იკითხო სახარება, მონიშნო ის ადგილები, რაც გულში მოგხვდება, რაც შეგიკრთობს გულს, რომელთა მეშვეობითაც გონება გინათდება, რომელიც განგაწყობს ახალი ცხოვრების დასაწყებად. უნდა იცოდე, რომ ამ სიტყვაში, ამ სახეში, ამ მცნებაში, ქრისტეს ამ მაგალითში შენ იპოვე ღვთაებრივი ნათლის ნაპერწკალი. და შებილწული, დაბნელებული ხატი, რასაც შენ წარმოადგენ, ნათდება. ამით კი უკვე ცოტათი ემსგავსები ქრისტეს, შენში იწყებს გამოვლინებას ღვთის ხატება. და თუ ეს ასეა, უნდა დაიმახსოვრო ეს. მაშინ, თუ განაგრძობ ცოდვის ჩადენას, გეცოდინება, რომ იმ სიწმინდეს ბილწავ, რაც შენში უკვე ცხოვრობს, უკვე მოქმედებს, უკვე იზრდება. გეცოდინება, რომ ცოდვით აქრობ შენში ღვთის ხატებას, აქრობ შუქს და ამით აძლიერებ წყვდიადს. ნუ იზამ ამას.

რწმენა იმისა, რომ შენში არის შუქი, წყვდიადს თანდათან ფანტავს. იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, სადაც შუქია, იქ წყვდიადი იფანტება. მეორეც, როცა აღმოაჩენ შენში სინათლის რაღაც ნაწილაკს, დაინახავ სიწმინდეს, ჭეშმარიტებას; როცა უყურებ თავს და ფიქრობ, რომ ბოლოს და ბოლოს ნამდვილი ადამიანი ხარ, მაშინ შეგიძლია ებრძოლო იმას, რაც მტერივით გიტევს, რომელიც ქალაქის ასაღებად წამოსულა, ებრძოლო იმას, რაც აბნელებს ამ ნათელს შენში. ასე ისწავლი სიწმინდის ფასს. მერე კი იწყება უხილავი ბრძოლა. წამოიშლებიან ბილწი აზრები, ხორციელი ვნებანი და ახლა გმართებს გაუძლო მათ შემოტევას. ამ დროს შეგიძლია უთხრა თავს: არა, მე აღმოვაჩინე ჩემში უბიწოების ნაპერწკალი, სიწმინდე, სურვილი იმისა, მიყვარდეს ისე, რომ არ შევბილწო ეს ადამიანი ფიქრებშიც კი, რომ არაფერი ვთქვათ მის შეხებაზე. არ შემიძლია და ვერ დავუშვებ ამ აზრებს, შევებრძოლები. ამაში დამეხმარება ქრისტე და სწორედ მას შევღაღადებ:

- „უფალო, განმწმინდე! უფალო, მიხსენ! უფალო, შემიწყალე!“

და უფალი შემეწევა.

დიახ, შეგეწევა, მაგრამ არ შეგეწევა მანამ, სანამ თვითონვე არ შეებრძოლები ყოველივე ამას. ანტონი დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ თუ როგორი სასოწარკვეთილი ებრძოდა იგი ერთხელ საცდურს. ისეთი თავგანწირვით ებრძოდა, რომ ბოლოს მიწაზე ღონეწართმეული დავარდა. უეცრად მას ქრისტე გამოეცხადა. ღონემიხდილი ანტონი ეკითხება:

- უფალო, სად იყავი მაშინ, სასოწარკვეთილი რომ ვიბრძოდი?

ქრისტე პასუხობს:

- შენს გვერდით ვიდექი. რათა თუ საჭირო გახდებოდა, მოგშველებოდი. მაგრამ შენ ეს აე დაგჭირდა; შენ არ დასთმე და გაიმარჯვე.

ჩემის აზრით, თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ისწავლოს სინანული და აღსარებაზე ახალი გამარჯვებებით მისვლა. ასე აღმოვაჩენთ ცოდვასთან ბრძოლაში ბრძოლის ველს, რომელიც სულ უფრო ფართოდ და ღრმად გადაიშლება. მხოლოდ ასე შეგვიძლია მივიღოთ შენდობა და მადლი, ახალი ძალა ქრისტესგან, შენდობა იმაზე, რის წინააღმდეგაც დავიწყეთ ბრძოლა. დავძლიოთ რაც ჯერ კიდევ არ დაგვიძლევია.

წიგნიდან „საფეხურები“, თბილისი, 2000 წ.