ანტონ სუროჟელი მიტროპოლიტი
საფეხურები

სულიერ და ხორციელ სნეულებათა შესახებ

ხშირად მეკითხებიან ხორციელ და განსაკუთრებით სულიერ სნეულებათა შესახებ. როგორი დამოკიდებულება აქვს ავადმყოფობასთან ეკლესიას? როგორ უნდა მიუდგეს მორწმუნე თავისი და ახლობელი ადამიანის სნეულებას?

საერთოდ ადამიანი საკუთარ ავადმყოფობას უფრო ადვილად, მშვიდად და მამაცურად ეგუება, ვიდრე ახლობლისას, რომელიც იტანჯება და თანდათან სულ უფრო და უფრო უახლოვდება სიკვდილს. თავდაპირველად მინდა გესაუბროთ ჩვენს ჩვეულებრივ, ხორციელ სნეულებაზე.

სნეულება, ისევე როგორც სიკვდილი, მართლმადიდებელი ეკლესიის შეხედულებით, ღვთისგან ადამიანის დაშორების შედეგია. ღმერთი ჰარმონიაა, სიცოცხლეა, სიმრთელეა, და რამდენადაც ჩვენ ვცილდებით ღმერთს, იმდენად ვკარგავთ სიცოცხლისუნარიანობას. იმ სიცარიელეს კი, რომელიც ამ დროს უკან რჩება, სულ უფრო ავსებს სნეულება და ბოლოს სიკვდილი. ეს ყოველივე ეხება თითოეულ ჩვენგანს; არსებობს კიდევ ერთი მომენტი. ჩვენს წინაშე შეიძლება დაისვას კითხვა: კარგით, ჩვენ ცოდვილნი ვართ, დაავადებულნი, ეს არის იმის შედეგი, რომ ჩვენ არა ვართ შერწყმულნი ღმერთთან, ანდა მთელი არსებით არ მივილტვით მისკენ. მაგრამ წმინდანები? ისინი რატომღა ავადმყოფობენ, ისინი ხომ აღსავსე არიან ღვთის მადლით?

წმინდანი მთელი ქვეყნიერების ჯვრის მატარებელია. წმინდანი - ესაა ადამიანი, რომელიც ქრისტესთან ერთად თავის თავზე იღებს კაცობრიობის ცოდვების ნაყოფს. ამიტომაცაა, რომ წმინდანი ავადმყოფობს, განსაცდელში ვარდება, იგი იზიარებს ქვეყნის განსაცდელს, ტირის და გოდებს მის ცოდვებზე, მთელი ქვეყნიერების ღვთისგან დაშორებაზე.

მაგრამ ახლა, როცა ვსაუბრობთ სნეულებაზე, ჩვენ მხედველობაში გვაქვს ჩვენნაირი ადამიანების სნეულებანი. რა უნდა მოვუხერხოთ მათ? მორწმუნე ადამიანები ხშირად მეუბნებიან:

- რისთვის უნდა წავიდე ექიმთან, როცა შემიძლია მივიდე მღვდელთან და ვთხოვო მას ილოცოს ჩემთვის, ანდა ვთხოვო მცხოს ზეთი.

- დიახ, შეგიძლია. მაგრამ რატომ უნდა გააკეთო ეს, როცა ღმერთმა მოგვცა ჩვენ სხვა საშუალებები, უფრო ხელმისაწვდომი, უფრო მარტივი, რაც არ ითხოვს შენგან ღრმა სარწმუნოებას, არ ითხოვს საეკლესიო საიდუმლოებისადმი მიმართვას.

ალბათ იკითხავთ:

- ვისი აზრია ეს?

ვისი და სერაფიმე საროველის! იგი ამბობს:

- იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც და მის ხელშია შენი გამოჯანმრთელება.

ამით კი იგი იმეორებს იმას, რაც წერია ზირაქის წიგნის 38-ე თავში. იქ ნათქვამია, რომ ჭეშმარიტად ღმერთმა შექმნა ექიმიც, წამალიც და მისცა მას ძალა კურნებისა. ზირაქის წიგნში კიდევ ნათქვამია ერთი მნიშვნელოვანი რამ: ექიმთან წასვლამდე შეეცადე თავად განიკურნო, მოინანიე, შეეცადე განიკურნო სულიერიად, სინანულით, რადგან სნეულება ერთის მხრივ კავშირშია კაცობრიობის ბედთან, მის სულიერ დაუძლურებასთან, რომ ჩვენ მოკვდავნი ვართ და ქვეშევრდომილნი განსაცდელსა და სნეულებებს, მეორეს მხრივ კი დაკავშირებულია ჩვენი სულის მდგომარეობასთან.

წმიდა წერილში შესანიშნავად არის აღწერილი ადამიანის მდგომარეობა დაცემის შემდეგ: თუ როგორ დაიმკვიდრა თანდათანობით ადამიანთა მოდგმაში სიკვდილმა ადგილი. სიკვდილმა დაისადგურა, მაგრამ ადამიანი მაინც დიდხანს ცოცხლობდა. თუმცა თუ თვალს გავადევნებთ კაცორბიობის ისტორიას, დავინახავთ, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა სულ უფრო და უფრო მცირდება, იმიტომ, რომ ადამიანები თანდათან სულ უფრო სუსტდებიან, ისინი სულ უფრო და უფრო ეფლობიან ამქვეყნიურ ცოდვებში, ეს კავშირი ამა სოფელთან სულ უფრო და უფრო ღრმავდება და სიკვდილიც სულ უფრო და უფრო ეუფლება მათ.

ამ საკითხს მე კიდევ დავუბრუნდები, ჯერ კი მინდა გითხრათ:

როგორც კი ადამიანი ავად გახდება, უპირველეს ყოვლისა თავის თავს უნდა ჩაუღრმავდეს და გაანალიზოს რამდენად დაცილდა ღმერთს, რა უსამართლობა ჩაიდინა მოყვასის მიმართ, თავის თავთან მიმართებაში დაინახოს, რამდენად აქვს შებილწული და დამახინჯებული ღვთის ეს ხატება, რომელიც მასშია ჩადებული. და ყოველივე ამის გათვალისწინებით იმის იმედი კი არ უნდა ჰქონდეს, რომ თავისი სინანულით დასძლევს ხორციელ სნეულებას, არამედ ექიმს მიმართოს და მოთმინებით შეუდგეს მასთან მკურნალობას.

კიდევ უფრო სერიოზულად ისმის კითხვა: რა მოსდის ადამიანს, როცა იგი ავადდება სულიერიად, რა არის სულიერი სნეულება?

ჩვენ ვიცით, რომ ფსიქიური სნეულება მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ჩვენს ნერვულ სისტემასთან და ტვინში მიმდინარე ფიზიოლოგიურ მოვლენებთან. ამიტომ, როცა ადამიანი სნეულდება ფსიქიურად, ეს ყოველთვის არ უნდა მივაწეროთ ბოროტებას, ცოდვას ან ეშმაკს. ხშირად ეს გამოწვეულია ნერვული სისტემის დაზიანებით და სულაც არ არის აუცილებელი დაკავშირებული იყოს ბოროტთან და ისეთ ცოდვასთან, რაც ადამიანს აშორებს ღმერთთან.

აი, ასეთ შემთხვევაში მედიცინა ძალმოსილია და მას შეუძლია ბევრის გაკეთება.

მახსენდება ერთი შემთხვევა. პარიზში იყო ერთი შესანიშნავი ხატმწერი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც უცებ დაავადდა: მას აწუხებდა გოგირდის სუნის შეგრძნება. დედამისმა და მისმა დამ გადაწყვიტეს არ ეგრძნობინებინათ მისთვის ეს და როცა იგი დაიწყებდა ჩივილს ამაზე, ისინიც ამბობდნენ, რომ ასეთი სუნი მართლაც იდგა. მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა და ავადმყოფის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. მაშინ მორწმუნე ოჯახმა მიმართა ეკლესიას. მახსოვს, ამ ახალგაზრდა ხატმწერს კვეთებულის ლოცვებს უკითხავდნენ, გაჰყავდათ აღასრებაზე, ასხურებდნენ წმინდა წყალს, აზიარებდნენ, ზეთს სცხებდნენ. იგი კი სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. მაშინ ექიმი ვიყავი და მეც მომმართეს:

- რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთო.

- დაანებეთ ყველაფერს თავი. იგი ავადაა, შეპყრობილი კი არა. გაგზავნეთ საავადმყოფოში, გაუკეთონ მას ელექტროშოკი (იმ დროს ეს იყო ერთადერთი, რაც ამ სფეროში იცოდნენ). მახსოვს როგორ აღაშფოთა ჩემმა პასუხმა მისი ოჯახიც და სამღვდელოებაც.

- ასე როგორ ამბობ? მართლა რომ იყოს შეპყრობილი?! თუმცა, ეტყობა, ამაში არაფერი გაგეგება!

- შემინდეთ, მაგრამ მე მხოლოდ ის ვიცი (თუმცა შესაძლოა თქვენ ეს ცინიკურად მოგეჩვენოთ), რომ ელექტროშოკი, თუ ის შეპყრობილია, სულაც არ ავნებს მას. მაგრამ ეს ავადმყოფობითაა გამოწვეული იგი მალე გამოჯანმრთელდება.

ხატმწერი ერთი წლის შემდეგ განიკურნა. მისი ავადმყოფობის პერიოდში მოხდა ერთი ძალზედ საინტერესო რამ. იგი მანამდე არცთუ ისე კარგად წერდა ხატებს, იგრძნობოდა, რომ ამისთვის ჯერ კიდევ მოუმწიფებელი იყო, მაგრამ ავადმყოფობის შემდეგ ძალიან დაიხვეწა, მისი ხატები უფრო ღრმა, უფრო დახვეწილნი გახდნენ. ხშირად ვფიქრობდი ამ ამბავზე და სულ მაწუხებდა კითხვა, მაინც რა იყო ეს? როგორ მოხდა მისი განკურნება.

მოგვიანებით კი წმინდა იოანე კრონშტადტელთან წავაწყდი ამაზე პასუხს. იგი წერს, რომ არსებობენ ფაქიზი სულები, რომელთაც გარემო პირობები დამსხვრევას უქადიან. სწორედ ამიტომ ღმერთი მის სულსა და გარემოს შორის რაღაც საფარველს აფარებს, შესაძლოა ეს იყოს გონების არევა, ან რაღაც გაუცხოების და გაუგებრობის განცდა. ადამიანი ასეთ მდგომარეობაში იმყოფება მანამ, სანამ სული არ მოუმწიფდება. შესაძლოა ადამიანის სული ამქყვეყნად ცხოვრების პერიოდში სულაც არ მომწიფდეს, მაგრამ განკურნების ეს პროცესი სულ გრძელდება ე.წ. სიგიჟის მდუმარებაში, ამ სამყაროდან მოწყვეტილი და ასე შედის უკვდავებაში უკვე მომწიფებული, დახვეწილი. ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ ეს საფარველი აქვე, ამქვეყნად ეხსნება, როგორც ეს დაემართა ამ ხატმწერს. უცებ აღმოჩნდება, რომ ამ საფარველს მიღმა მოხდა რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ ღმერთმა და იმ ადამიანებმა უწყის, ვის თავზეც ეს მოხდა. ამიტომ მასში არავინ არ უნდა ჩაერიოს. როცა ადამიანი ფსიქიურად ავადდება, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს შესაძლოა იყოს ფიზიოლოგიური მოვლენა, რასაც ექიმმა უნდა უმკურნალოს. მეორეს მხრივ, ჩვენ იმავდროულად უნდა დავიწყოთ ამ ადამიანზე ლოცვა ისე, როგორც ვლოცულობთ ყოველ გასაჭირში ჩავარდნილზე, უნდა ვილოცოთ მთელი გულით. შეიძლება მივიმართოთ ზოგიერთ ეკლესიურ საიდუმლოს: ვაცხოთ მას ზეთი, ვაზიაროთ. ამ დროს მასზე მოქმედებს ორმაგი ძალა - ღვთაებრივი - ზიარების მეშვეობით და ადამიანური - ექიმისა და წამლის მეშვეობით.

წიგნიდან „საფეხურები“, თბილისი, 2000 წ.