მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

სიყვარულის საიდუმლო (საუბარი ქრისტიანულ ქორწინებაზე)

საუბარი 5

როგორც უკვე ვთქვი, ამ საუბრების ერთ-ერთი მიზანია არა მარტო ის, რომ ნათელვყოთ მორწმუნეთათვის წესების სიღრმე და მნიშვნელობა, არამედ ისიც, რომ გასაგები გავხადოთ ეს წესები ურწმუნოთათვისაც. და არა უბრალოდ იმისთვის, რომ მორწმუნე უფრო მისაღები და უფრო გასაგები გახდეს არარელიგიური ადამიანებისთვის, არამედ იმიტომ, რომ საეკლესიო წესები, რომელთაც ათასწლოვან გამოცდილებასა და რწმენაში აქვთ გადგმული ფესვები, ხშირად ხატოვნად, მოხდენილად, სიმბოლოებივით თვალწინ წარმოგვიდგენენ სიყვარულის, სიხარულის, მწუხარების ადამიანური გამოცდილების ისეთ სიღრმეებს, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს არა მარტო მორწმუნეთათვის, არამედ ურწმუნოსაც უმხილენ მისი საკუთარი სულის და მისი საკუთარი ცხოვრების რაღაც სიღრმეებს.

ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, თითქოს ვიცით, რა არის სიყვარული და შეგვიძლია სიყვარული. სინამდვილეში ძალიან ხშირად შეგვიძლია მხოლოდ ადამიანური ურთიერთობებით პირის ჩატკბარუნება. ვფიქრობთ, რომ გვიყვარს ადამიანი, რადგან მის მიმართ ალერსის გრძნობას განვიცდით, რადგან მასთან თავს კარგად ვგრძნობთ; მაგრამ სიყვარული - რაღაც უფრო მეტია, ბევრად უფრო მომთხოვნი და, ზოგჯერ, ტრაგიკულიც.

სიყვარულს სამი მხარე აქვს. ჯერ ერთი, შეყვარებული ადამიანი გასცემს, სურს გასცეს. მაგრამ იმისათვის, რომ გასცეს, იმისათვის, რომ გასცეს სრულყოფილად, გასცეს ისე, რომ მიმღებს ტკივილი არ მიაყენოს, საჭიროა იცოდეს გაცემა. ხშირად ხდება, რომ გავცემთ არა სიყვარულით, ნამდვილი, თავგანწირული, უხვი სიყვარულით, არამედ იმიტომ, რომ როდესაც გავცემთ, ჩვენში იზრდება საკუთარი მნიშვნელობის, საკუთარი სიდიადის შეგრძნება. გვგონია, რომ გაცემა - არის საკუთარი თავის განმტკიცების, საკუთარი თავისთვის და სხვა ადამიანებისთვის საკუთარი მნიშვნელობის ჩვენების ერთ-ერთი ხერხი. მაგრამ ამ პირობებით ადამიანისგან მიღება - ძალზე მტკივნეულია. სიყვარულს მხოლოდ მაშინ ძალუძს გაცემა, როდესაც საკუთარ თავს ივიწყებს; ადამიანი გასცემს, როგორც ერთ-ერთმა გერმანელმა მწერალმა თქვა, ისევე, როგორც ჩიტი გალობისას. არა იმიტომ, რომ საჭიროა, იძულებითია მისგან გაცემა, არამედ იმიტომ, რომ გაცემა - მისი სულის გალობაა, სიხარულია, რომელშიც შესაძლოა თავი დაივიწყო სხვა ადამიანის სიხარულისთვის. ისეთი სიყვარული, რომელსაც გაცემის უნარი აქვს, გაცილებით უფრო იშვიათია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

მეორე მხრივ, სიყვარულში საჭიროა მიღების ცოდნა; მაგრამ ზოგჯერ მიღება გაცემაზე ბევრად უფრო ძნელია. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რამ მტანჯველია მივიღოთ რაიმე, განვიცადოთ წყალობა ადამიანისგან, რომელიც არ გვიყვარს, ან პატივს არ ვცემთ; ეს არის დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი. ჩვენ ამას ვხედავთ ბავშვებში: როდესაც ვინმე, ვინც მათ არ უყვართ, ვისი სიყვარულისაც არ სჯერათ, აძლევს მათ საჩუქარს, მათ სურთ გათელონ საჩუქარი იმიტომ, რომ იგი შეურაცხყოფს მათი სულის სიღრმეს. იმისთვის, რომ შეგვეძლოს გაცემა და შეგვეძლოს მიღება, საჭიროა გამცემის სიყვარული იყოს თავდავიწყებული, ხოლო მიმღებს უყვარდეს გამცემი და უსათუოდ დარწმუნებული იყოს მის სიყვარულში. დასავლელმა მოსაგრემ ვენსან დე პოლმა, აგზავნიდა რა ერთ-ერთ თავის მონაზონს ღარიბთა დასახმარებლად, მას უთხრა: „გახსოვდეს - დაგჭირდება მთელი სიყვარული, რისი უნარიც კი შესწევს შენს გულს იმისათვის, რომ ადამიანებმა შეძლონ მოგიტევონ შენი წყალობანი...“ ჩვენ რომ ეს უფრო ხშირად გვახსოვდეს, ნაკლებად გაგვიკვირდებოდა, როცა გარშემომყოფნი უსიხარულოდ, ზოგჯერ შეკუმშული გულით მოგვმართავენ დახმარებისთვის და ღებულობენ ჩვენგან მას.

მაგრამ იქაც კი, სადაც გაცემა და მიღება - ზეიმია, სიხარულია, არის სიყვარულის კიდევ ერთი მხარე, რომელსაც ვივიწყებთ. ეს არის თვითშეწირვა არა იმ აზრით, რასაც ჩვეულებრივ მასზე ვფიქრობთ; მაგალითად, რომ ადამიანი, რომელსაც უყვარს სხვა ადამიანი, მზად არის მისთვის იმუშაოს, მოიკლოს რაიმე იმისთვის, რომ მან მიიღოს რაიმე საჭირო, რომ მშობლებს შეუძლიათ მოიკლონ საჭირო რამ იმისთვის, რომ ბავშვები იყვნენ მაძღრები და ჩაცმულები და ზოგჯერ საჩუქრის მიღების სიხარულიც იგემონ. არა; ის თვითშეწირვა, რომელზეც მე ვსაუბრობ, უფრო მკაცრია: იგი შეეხება რაღაც უფრო მეტად შინაგანს. იგი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი მზად არის სხვისი სიყვარულისათვის გადგეს განზე. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ხანდახან ხომ ასეც ხდება ქმარსა და ცოლს შორის: მათ უყვართ ერთმანეთი ძლიერ, მტკიცედ, ალერსიანად, სიხარულით, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ეჭვიანობს ცოლი ქმარზე ან ქმარი ცოლზე - არა ვინმესთან მიმართებაში, ვისაც ძალუძს აქვე, ახლავე დააყენოს მათი სიყვარული კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ წარსულის გამო. მაგალითად, შორდებიან ბავშვობის მეგობრები; სადღაც მოგონებების სიღრმეში ინთქმება წარსულის განცდები. მას, ვისაც ასე გიჟურად, უგუნურად უყვარს, სურს, რომ ცხოვრება დაიწყოს მხოლოდ მათი შეხვედრის მომენტიდან. ხოლო ყოველივე ის, რაც წინ უსწრებს ამას, ცხოვრების, სულის, ურთიერთობების მთელი სიმდიდრე - მას სახიფათოდ ეჩვენება; ეს არის რაღაც, რაც ცხოვრობს საყვარელი ადამიანის სულში მისგან დაუკითხავად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო რამ. იმიტომ, რომ ადამიანს არ შეუძლია დაიწყოს ცხოვრება რომელიმე დღიდან, თუნდაც საყვარელ, ძვირფას ადამიანთან შეხვედრის ყველაზე ნათელი დღიდან. მან უნდა იცხოვროს თავისი სიცოცხლის დასაწყისიდან. შეყვარებულმა უნდა მიიღოს წარსულის საიდუმლო, როგორც საიდუმლო და მოუფრთხილდეს მას, დაიცვას იგი, უნდა დაუშვას, რომ წარსულში იყო საყვარელი ადამიანის ასეთი ურთიერთობები მშობლებთან, მეგობრებთან - იყო ცხოვრების ისეთი მოვლენები, რომლებთანაც იგი სხვაგვარად ვერ იქნება თანაზიარი, თუ არა მოსაფრთხილებელი, ალერსიანი, მოკრძალებული სიყვარულით. და აქ იწყება არე, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ რწმენის არე არა მხოლოდ ღმერთისა, არამედ ერთი ადამიანის მეორისადმი ურთიერთრწმენისა.

ადამიანს შეუყვარდება სხვა ადამიანი, რადგან უეცრად, თავისთვის მოულოდნელად, მასში დაინახავს რაღაც ისეთს, რაც ადრე არასოდეს უნახავს. ხდება ხოლმე: ახალგაზრდა ადამიანები, ქალიშვილები ეკუთვნიან რაღაც საერთო წრეს, ცხოვრობენ ერთანეთის გვერდით, მუშაბენ ერთად, მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და უეცრად ის, ვისაც აქამდე ვერავინ ამჩნევდა, ექცევა ამ წრიდან ვინმეს ინტერესების ცენტრში: რაღაც მომენტში ერთმა ადამიანმა დაინახა მეორე არა მხოლოდ თვალებით, არამედ გულსა და გონებაში რაღაცნაირი წვდომით. და ეს ადამიანი, რომელიც უბრალოდ ერთ-ერთი იყო მრავალთა შორის, მისთვის უეცრად ერთადერთი ხდება. მაშინ ადამიანი წარმოდგება ახალი მშვენებით, ახალი სიღრმით, ახალი მნიშვნელობით. ასეთი ზმანება შესაძლოა გაგრძელდეს წლობით, შესაძლოა გაგრძელდეს მთელი ცხოვრება. მაგრამ ზოგჯერ, რაღაც დროის გავლის შემდეგ, ეს ზმანება მკრთალდება (როგორც ხდება ხოლმე, რომ მზე ფანჯრიდან გადავა და უეცრად ამ ფანჯრის ნათება მკრთალდება). ამ მომენტში საქმეში ერევა რწმენა. რწმენა აი, რა გზით: რწმენა, როგორც დაჯერება, რომ ის, რაც ოდესღაც იყო თვალნათლივი, ხოლო ახლა გახდა უჩინარი - სარწმუნოა, უეჭველია. ასეთი რწმენით ვცხოვრობთ ნეტ-ნაკლებად ყველანი. არის ხოლმე განსაკუთრებული, ღრმა, ამაღლევებელი შეხვედრის მომენტები; შემდეგომ ვუბრუნდებით ჩვეულებრივ ცხოვრებას; მაგრამ კვლავ აღმოვჩნდებით რა პირისპირ ადამიანთან, რომელიც ამ განცდასთან არის დაკავშირებული, ვიცით, რომ ჩვენს მიერ დანახული - არ არის მთლიანი ადამიანი, რომ მასში არის ისეთი სიღრმე, რომლის დანახვა ახლა მეტად აღარ შეგვიძლია. და ამ ადამიანთან ახლებურ ურთიერთობაში შევდივართ. ეს ძალზე აშკარად არის გამოვლენილი შეუღლების წესის რიგ ლოცვებში.

(გაგრძელება)