მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

სიყვარულის საიდუმლო (საუბარი ქრისტიანულ ქორწინებაზე)

საუბარი 6

ქორწინებაზე, ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე საუბრის დროს მე ვახსენე, რომ გარდა სიყვარულისა, ე.ი. ერთი ადამიანის მეორისადმი ალერსიანი, მგზნებარე და ჩუმი ლტოლვისა, ამ ურთიერთობებს ახასიათებს აგრეთვე რწმენაც. დაწინდვის მსახურების დასაწყისში ჩვენ ვლოცულობთ იმისთვის, რომ უფალმა, ვინც ჯვრისწერას აპირებს, გამოუგზავნოს არა მარტო ურთიერთსიყვარული - სრულყოფილი, მშვიდი, არა მარტო მისი მეოხება, არამედ თანამოაზრეობა და მტკიცე რწმენაც და, რასაკვირველია, პირველი აზრი, რაც მორწმუნეს თავში გაუელვებს, არის შემდეგი: „მოგვეცი, უფალო, მტკიცე რწმენა შენდამი, და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება...“

ეს სიმართლეა. მაგრამ არის მასში მეორე მხარეც. შეუძლებელია, ურთიერთობები იყოს ჭეშმარიტი, ნამდვილი, თუკი ცოლს და ქმარს, საცოლეს და საქმროს შორის არ არის ურთიერთრწმენა, ე.ი. ერთი მხრივ, ნამდვილი ნდობა, ხოლო მეორე მხრივ, ერთგულება. ეს მეტად მნიშვნელოვანია, და იგი ვლინდება ძალზე ნათლად შემდგომ მსახურებაში, როდესაც იკითხება ლოცვა, რომელშიც იხსენიება უძღები შვილი. იგი წავიდა მამის სახლიდან, იცხოვრა უძღები, ულამაზო ცხოვრებით, შეინანა გარემოებათა ზეწოლის გამო და დაბრუნდა სახლში. და რა მოხდა? - მამა მას ხვდება, მისკენ გარბის, გულში იკრავს, კოცნის და როდესაც შვილი ეუბნება მამას: „შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენს წინაშე, ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე...“ - მამა მას არ ათქმევინებს უკანასკნელ სიტყვებს, რომლებიც გზაში ჰქონდა მომზადებული მონანულ შვილს. მას უნდოდა ეთქვა: „მიმიღე თუნდაც შენს ერთ-ერთ მსახურად...“ - მამა მას ამას არ ათქმევინებს, რადგან შესაძლოა იგი უღირსი შვილი იყოს, მაგრამ შეუძლებელია იგი უფრო ნაკლები იყოს, ვიდრე შვილი. ხოლო შემდგომ მამა არაფერს ეკითხება; მისთვის საკმარისია ის, რომ შვილი სახლში დაბრუნდა. იგი არ ეკითხება მას, ნანობს თუ არა, ნაღვლობს თუ არა, სცხვენია თუ არა თავისი წარსულის, არ ეკითხება, მზად არის თუ არა, შეიცვალოს; მისთვის საკმარისია, რომ შვილი დაბრუნდა იმისთვის, რომ სწამდეს მისი ბოლომდე.

და აი, ჩვენ შევთხოვთ უფალს ასეთ რწმენას, ასეთ ნდობას; შევთხოვთ, რომ იგი გაჰყვეს ცოლ-ქმარს მთელი ცხოვრების მანძილზე. რომ, თუკი იქნება მათ შორის რაიმე: ჩხუბი, გაუგებრობა, ღალატი თუნდაც, და ერთი მათგანი დაბრუნდება და იტყვის: „მე შენთან მოვედი“, მან, რომელიც ერთგული დარჩა, იგი გულში ჩაიკრას და უთხრას: „როგორც იქნა! მე შენ ასე გელოდი...“ და თუ დამნაშავე იტყვის: „შეგიძლია მაპატიო?“ - რომ იგი მან მხოლოდ გულში ჩაიკარას, ეამბოროს და არც კი გაახსენოს წარსული. აქ საჭიროა რწმენა, ისეთი რწმენა, რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას მხოლოდ იმ სიყვარულიდან, როგორზეც მითქვამს სხვა საუბრებში: თვალხილული, ყოვლისმჭვრეტი, გულში ჩამწვდომი სიყვარულიდან, რომელსაც შესწევს უნარი, დაინახოს ადამიანის მშვენიერება იმ მომენტშიც კი, როცა ეს მშვენიერება დაიბინდა ან როცა რაიმე ამ მშვენიერებაში ჩაქრა. რადგან არ არსებობს მშვენიერება, რომელიც ადამიანში ბოლომდე დამახინჯებულია, მისდამი სიყვარულს, მისდამი რწმენას ძალუძს აღადგინოს ის, რისი აღდგენაც თითქოსდა არავის და არაფერს აღარ შეეძლო ვერც დასჯით, ვერ ჭკუის სწავლებით. და ამას მუდამ ვხედავთ სახარებაში. ვხედავთ, თუ როგორ ხვდება ქრისტე ცოდვილებს: იგი მათ არაფერს საყვედურობს, არ უსვამს შეკითხვებს მათი წარსული ან ახლანდელი ცხოვრების ირგვლივ, მას ისინი უყვარს, და პასუხად სიყვარულისა, რომელიც ეძლევა ძღვნად, რომელიც ეძლევა, როგორც საჩუქარი, ადამიანი აღინთება მადლიერებით და მადლიერების გამო ხდება ამ სიყვარულის ღირსი. ის შესაძლოა საყვარელი იყოს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ღირსეულია: მას შეუძლია ისწავლოს, თუ როგორ იყოს ღირსეული იმიტომ, რომ ის საყვარელია. არის ასეთი ანდაზა: „შეგვიყვარე შავებად, რადგან თეთრებად ყოველი შეგვიყვარებს“ (იხ. ნ.ვ. გოგოლი „მკვდარი სულები“, ტ.II, თ.2). ნამდვილ სიყვარულს ძალუძს ადამიანის შეყვარება „შავებად“, და ამ ურთიერთობის მაგალითს მოგცემთ დაწინდვის მსახურების ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დასაწყისი ლოცვის განხილვის დროს.

მე უკვე ვისაუბრე იმის შესახებ, რომ ადამიანი უყვართ არა რაღაცის გამო, არამედ პირიქით, ის შეიძლება გახდეს დიდი მნიშვნელობის, შესანიშნავი ადამიანი იმის გამო, რომ უყვართ. დაწინდვის წესის მეორე ლოცვაში საუბარია იმაზე, რომ ღმერთმა გამოირჩია ეკლესია, როგორც წმინდა ქალწული წარმართთა წრიდან. თუ დავუფიქრდებით ამას და წარმოვიდგენთ: ვინ არის ეს ეკლესია? ეკლესია - ვართ ჩვენ: მეც, შენც, ყველა ჩვენი მეგობარიც; როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ღმერთმა ამოგვირჩჲა ჩვენ, როგორც წმინდა ქალწული? ჩვენ ყველა ცოდვილები ვართ, ყველას ნაკლი გვაქვს, ყველანი საკმაოდ უზნეონი ვართ, - როგორ შეეძლო ღმერთს შეეხედა ჩვენთვის და ამოვერჩიეთ, როგორც წმინდა ქალწული? საქმე იმაშია, რომ ღმერთი ჩვენ გვიყურებს, ხედავს შესაძლებლობას იმ მშვენიერებისა, რომელიც ჩვენშია, ხედავს ჩვენში მას, რაც შესაძლოა ჩვენ ვიყოთ და იმისათვის, რასაც ის ხედავს, იგი ჩვენ გვიღებს. იმის გამო, რომ ჩვენ ვუყვარვართ, იმის გამო, რომ შეგვემთხვა ის სასწაული, რომ ვიღაცამ დაინახა ჩვენში არა უშნო, არამედ მშვენიერი, არა ბოროტი, არმაედ კეთილი, არა მახინჯი, არამედ საოცარი - ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ზრდა, ზრდა განცვიფრებისაგან ამ სიყვარულის წინაშე, ზრდა განცვიფრებისაგან იმის წინაშე, რომ ამ სიყვარულით ჩვენ გვეჩვენა ჩვენივე საკუთარი მშვენება, რომლის შესახებაც ვერც კი წარმოგვედგინა. მე ვამბობ, ცხადია, არა იმ გარეგნულ, ზედაპირულ მშვნიერებაზე, რომლითაც ჩვენ ყველანი თავს ვიწონებთ: სახის ნაკვთებით, გონებით, გულისხმიერებით, ტალანტით - არა, სხვა მშვენებაზე.

და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი გზა ადამიანის განახლებისა, ერთადერთი გზა, მივცეთ ადამიანს საშუალება, ბოლომდე გადაგვიშალოს გული, არის ის, რომ გვიყვარდეს იგი;  გვიყვარდეს იგი; გვიყვარდეს არა მხოლოდ მისი სათნოებების გამო, არამედ იმისდა მიუხედავად, რომ იგი არასრულყოფილია; გვიყვარდეს უბრალოდ იმიტომ, რომ ადამიანია და იმიტომ, რომ ადამიანი თავისთავად ასე დიადი და მშვენიერია. შეგვეძლოს ყოველთვის გვწამდეს ამისა. ჩვენ ყოველთვის არ შეგვიძლია ამის დანახვა. მხოლოდ სიყვარულის თვალებს შეუძლიათ მოგვცენ ამის დანახვის უნარი. ადამიანს შეიძლება ვუყუროთ გულგრილი მზერით - და მაშინ ჩვენ ვერაფერს ვერ ვხედავთ: ვამჩნევთ მხოლოდ გარეგნულ გამოვლინებებს, სახის ნაკვთებს, ვაფასებთ ადამიანს ისევე, როგორც ვაფასებთ ყველაფერ დანარჩენს: ძაღლს, ცხენს ან საგანს, რომლის ყიდვაც გვსურს. საჭიროა ვისწავლოთ ადამიანის დანახვა ისეთად, როგორიც ის არის მთელი მისი სიღრმით, მთელი მისი არსებით, და შესაბამის მიმართებაში ვიყოთ მასთან. ასეთ მიმართებაშია ჩვენთან ღმერთი. ღმერთს ვუყვარვართ არა იმიტომ, რომ კარგები ვართ, ღმერთი მოწყალეა ჩვენს მიმართ არა იმიტომ, რომ ვიმსახურებთ ამ წყალობას ან სიყვარულს: მას ჩვენ უბრალოდ ვუყვარვართ. თუკი ჩვენ შეგვწევს უნარი, ვიყოთ მადლიერნი იმის გამო, რომ ვინმეს - ღმერთს ან ადამიანს - შეუძლია შეგვიყვაროს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უბრალოდ იმიტომ, რომ მისი გული იხრება ჩვენსკენ, ჩვენ შეგვიძლია სხვა ადამიანებად გარდავიქმნათ. ქორწინებაში ეს მეტად მნიშვნელოვანია; მეტად მნიშვნელოვანია ეს ნდობა ადამიანისა და ეს უნარი ხსოვნისა, რომ მხოლოდ სიყვარულით შეიძლება იგი დადგეს, უფრო სწორად, შეიძლება მას დავეხმაროთ დადგეს ყოველივე იმად, რად ყოფნაც მას შეუძლია, როგორადაც ჩაიფიქრა იგი უფალმა; შეიძლება აღმოვაჩინოთ მისი მშვენიერება.

(გაგრძელება)