სწავლანი ქრისტესმიერი ცხოვრებისათვის,
ჩვენი წმიდა მამის ანტონი დიდისა

გამოკრებილნი მისი ვრცელი ქადაგებიდან, რომელიც წმიდა ათანასე ალექსანდრიელის მიერ აღწერილ „ცხოვრებაშია“ მოთავსებული, აგრეთვე მისი 20 ეპისტოლედან და 20 სხვა ქადაგებიდან.

1. დაე, ყოველმა, ვინც ჩვენს მსგავს ღვაწლს შეუდგება, უპირატესად იმაზე იზრუნოს, რომ არასდროს არ შეასუსტოს გულმოდგინება და შრომათაგან დამცხრალმა არ იფიქროს, უკვე დიდი ხანია ვმოღვაწეობო. არამედ უმჯობესია ყოველ დღეს იმგვარად შევუდგეთ ხოლმე, თითქოს სწორედ ამ დღეს დავიწყეთ მონაზონური საგრობა, და დღითიდღე ასე ვამრავლოთ რუდუნება. კაცის ცხოვრება არაფერია მომავალ საუკუნეთა წინაშე, და ყოველივეცა ჩვენი - არარაა მრაადიულ სიცოცხლესთან შედარებით. ამქვეყნად ხომ ყოველგვარ ნივთს იყიდის კაცი შესაბამის ფასად, და აკი ყველაფრის გაცვლაც შეიძლება თანაფარდ რაიმეზე, ხოლო საუკუნო ცხოვრება მცირედით მოისყიდება, რადგანაც ასე წერია: „დღენი წელიწადთა ჩვენთანი მათ თანა - 70 წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა - 80 წელ, და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი“ (ფსალმუნი 89, გალობაი მოსესი, კაცისა ღმრთისაი,10). ასე რომ, თუკი ამ ოთხმოცი წლის მანძილზე ვიქნებით ჩვენს ღვაწლში, ანდა თუნდ სულაც მთელი ასი წლის განმავლობაშიც, სუფევით ყოფნა ასევე ასი წლით კი არ მოგვეგება, არმედ უკუნითი უკუნისამდე ყოფნას დავიმკვიდრებთ ცათა სასუფეველში ამ უბადრუკი ასი წლის სანაცვლოდ, ამქვეყნად რომ ღმერთის მოსაწონი ცხოვრებით გვიცხოვრია! ამქვეყნიური მოღვაწეობით აქვე კი არ მოვიპოვებთ საუკუნო ცხოვრებას, არამედ ცათა შორის, ამასთან ჩვენს ხრწნად და მოკვდავ სხეულს აქ დავტოვებთ, იქ კი უხრწნელსა და უკვდავს შევიძენთ. ჰოდა, მაშ, ნურასდროს ნუ დავცხრებით შრომათაგან და დაე ნუ ვიფიქრებთ, რა დიდხანს გვიღვაწიაო, ან რა დიდი რამ მიგვიმოქმედიაო, რადგანაც აკი პავლე მოციქულიც ამას ამბობს „რამეთუ მე ესრეთ მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ განოჩინებად არს ჩვენდა მომართ“ (რომ. 8,18).

2. ასევე უმჯობესი იქნება, თუკი, მოვიხილავთ რა ჩვენს მიერ უარყოფილ ამა ქვეყანას, არ ვიფიქრებთ, ეს რა დიდი რამ მიგვიტოვებიაო, რადგანაც იგი - ეს ქვეყანა - მეტისმეტად მცირეა ცათა წინაშე. ამიტომ, მთელი ქვეყნიერების ბატონ-პატრონნიც რომ ვიყოთ და უარი ვთქვათ მასზე, მაშინაც ვერ გავიღებთ ცათა სასუფევლის ღირებულს, რადგანაც როგორც ერთი დრაქმა სპილენძის გამღები იმედოვნებს დროთა განმავლობაში ასი დრაქმა ოქრო მიიღოს, ასევე მთელი ქვეყნის მფლობელიც, უარყოფს რა მას, მეტადმ ცირედს გაიღებს ათასგზის მეტის მისაღებად. და თუკი მთელი დედამიწა ვერ შეედრება კაცისთვის განკუთვნილ ერთ ნაწილს ცათა სასუფევლისა, მაშინ ერთი ქცევა მიწის მიმტოვებელსაც არაფერი დაუკარგავს, გინდაც სახლიც მიეტოვებინოს ამ მიწასთან ერთად და დიდძალი ოქროც. ჰოდა, მაშ, ნურც თავს იქებს და ნუ სულმოკლეობს. ამასთან, ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ თუკი სიკეთისმოყვარებისათვის, სათნოების მოსაპოვებლად არ მივატოვებთ ყოველივეს, რაც კი გვაქვს ამქვეყნად, მაშინ ჩვენი ყოველი მონაგები იმას შეიძლებადარჩეს, ვისაც სულ არ გვსურს როიმე დავუტოვოთ, როგორც ამას ჯერ კიდევ ეკლესიასტე ამბობდა - „ვისთვისმე ვშურები და დავაკლებ სულსა ჩემსა კეთილისაგან“-ო (ეკლ. 4,8). მაშ, განა არა სჯობს, რომ ყოველივე, რაც კი ამქვეყნად გვაქვს, სათნოებისათვის და სიკეთისმოყვარებისათვის მივატოვოთ, და ამ მცირედისათვის ცათა სასუფეველი დავიმკვიდროთ საუკუნო ცხოვრებისათვის?!

3. ამავე მიზეზის გამო არცერთ ჩვენგანს არ უნდა ეუფლოს სურვილი მომხვეჭელობისა, რადგან, აბა, რა სარგებელია იმის მოპოვებაში, რასაც თან ვერ წარვიტანთ ამა ქვეყნიდან წასულნი?! ამიტომაც განა იმის მოხვეჭას არ უნდა ვეცადოთ მხოლოდ, რაც იმქვეყნად გაგვყვება?! - ასეთი კი კეთილგონიერებაა, სამართლიანობა, თავშეკავება, მხნეობა, სტუმართმოყვარება, სიყვარული, გლახაკთშემწყნარებლობა, რწმენა ქრისტესი, სიმშვიდე, ურისხველობა... თუკი ამ სათნოებებს წავიმძღვარებთ წინ იმქვეყნად მიმავალნი, გზაც ხსნილი გვექნება და ვერც ვერავინ წაგვართმევს ჩვენს მონაგებს, რომლის მეოხებით თავშესაფარს განვიმზადებთ იქ, იმ მხარეში, მშვიდთა რომ უნდა დაიმკვიდრონ (მათე 5,5).

4. აი, ყოველდღე, დაე ასეთი ფიქრით შეაგონოს ხოლმე ყოველმა ქრისტიანმა საკუთარი თავი, უფრო კი იმან, ვინც უფლის მონა შექმნილა და მოვალეა თავის ზეციურ მეუფეს ემსახუროს. როგორადაც მონა ვერ გაკადნიერდება თქვას,გუშინ ხომ ვიშრომე და ამიტომ დღეს აღარ ვიმუშავებო, ამასთან არც გასულ დღეებს დაითვლილს, რომელთა განმავლობაშიც თავაუღებლად შრომობდა, არამედ შემდეგაც, მომდევნო დღეებშიც უწინდებურად განაგრძობს მუშაობას, და დღითიდღე, როგორც ეს სახარებაშია ნათქვამი, გულმოდგინედ აღასრულებს თავის მოვალეობას, რათა სათნოეყოს ბატონს და არ დაისაჯოს, ამგვარადვე ჩვენც, უფლის მონებად შექმნილებმა საკუთარი ნებით, დღემუდამ მოთმინედ უნდა ვიღვაწოთ ჩვენი უფლისთვის და ვეცადოთ ერთი დღეც კი არ გავატაროთ მცონარებით, რადგან ეს არ გვეპატიება უფლის მიერ წარსული დღეების ღვაწლისათვის, და შესაძლოა მისი რისხვა დაგვატყდეს თავს უმოქმედობისათვის. აკი ეზიკიელისაგანაც გვესმა, რომ „მი-თუ აქციოს მართალმან სიმართლისაგან თვისისა და ყოს შეცოდება და მოკვდეს ცოდვასა შინა თვისსა, რომელ ქმნნა, მას შინაცა მოკვდეს...“ (ეზეკ. 18,26). ამის მსგავსადვე უფლის განმცემელმა იუდა ისკარიოტელმაც ერთ ღამეში დაღუპა მთელი თავისი მანამდელი შრომა.

5. მაშ, მხნედ შევუდგეთ სულიერ მოსაგრეობას და ნურასდროს ნუ დავცხრებით შრომათაგან, ხოლო უფლალი ყოველს კეთილ საქმეში შეგვეწევა ჩვენ, როგორც ამას საღმრთო წერილიც გვიდასტურებს: „ესე უწყით, რამეთუ ღმრთის მოყვარეთა ყოველივე განემარჯვების კეთილად, რომელნი-იგი ბრძანებით ჩინებულ არიან“ (რომ. 8,28). ამისთვისვე, ანუ რათა სულმოკლეობამ არ შეგვიპყროს, კარგი იქნება, თუკი პავლე მოციქულის ეს სიტყვებიც გვეხსომება, როცა ის ამბობს - „მარადღე მოვკვდები“-ო (1კორ. 15,31). რადგან ყოველდღე სიკვდილის მოლოდინში თუ ვიქნებით, მაშინ აღარც შევცოდავთ ხოლმე. ეს ნათქვამი კი წმიდა მოციქულისა - ყოველდღე მოვკვდებიო - აი, რას გვასწავლის: ყოველ ცისმარე დღე, ძილილსაგან აღდგომილნი იმას უნდა ვფიქრობდეთ, რომ საღამაომდე ვერ მივაწევთ, რომ სიკვდილი ყოველ წამს შეიძლება გვეწიოს, ხოლო ძილად მისვლის წინ იმას უნდა ვგონებდეთ, რომ აღარ გაგვეღვიძება, იმიტომ, რომ, აკი ბუნებითაც ამგვარადაა დაწესებული - ჩვენ არ ვუწყით ზღვარი ჩვენი სიცოცხლისა და არც ის ვიცით, ყოველი ცალკეული დღისათვის თუ რა საწყაულს აღგვიწყავს განგება. თუ ამ სახით განვეწყობით და ყოველ დღეს ამ ფიქრით შევხვდებით, მაშინ არაფერს უჯეროს არ ჩავიდენთ - არც შევცოდავთ და არც ბილწი გულისთქმით აღვენთებით, არც ცუდად გავურისხდებით ვისმე და არც ქონების მოხვეჭას დავიწყებთ ამვეყნად, არამედ ყოველდღე სიკვდილის მოლოდინში უვერცხლონი შევიქნებით, ანგარებას არ დავემონებით და ყველას ყოველივეს მივუტევებთ ხოლმე. ქალის ნდომა, ანდა სხვა რამ ბილწი გულისთქმა ერთი წამითაც არ გავივლოთ გულში, უმალვე განვაგდოთ ხოლმე ჩვენგან ავი სურვილი და მარად ვებრძოლოთ საცთურს განკითხვის დღეზე ფიქრში, რადგან დიდი შიში თუ გვექნა ღმრთისა და ხსოვნაც მომავალი საუკუნო ტანჯვისა, მაშინ ეს გვაიძულებს ვუფრთხოდეთ ხორციელ სიამეთ და შეგვეწევა კვლავაც აღვადგინოთ დაცემისაკენ მიქცეული ჩვენი სული.

6. ამრიგად, თუკი სულის ხსნისათვის შევუდგებით მოსაგრეობას და სათნოების გზას დავადგებით, „უკანა იგი დავივიწყოთ და წინასა მას მივსწვდეთ, და კრძალულიებით მივსდიოთ გვირგვინსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუის მიერ“, როგორც ამას პავლე მოციქული ბრძანებს (ფილიპ. 3,13-14). და დაე, ნურავინ მიიქცევა უკან მსგავსად ლოტის ცილისა, რათა მასავით არ დაიღუპოს, უფრო კი იმიტომ, რომ თვით უფალსუთქვამს: „არავინ დასდვის ხელი სახნველსა და ხედავნ იგი გარეუკან და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა“ (ლკ. 9,62). უკან მიქცევა კი სხვა არაფერია, თუ არ ის, რომ ვნანობდეთ ამა ქვეყნის მიტოვებას და კვლავ ამაო საერო სიბრძნეს ვუბრუნდებოდეთ.

7. ნუ შეშინდებით, როცა სათნოებისაკენ მოგიწოდებენ, და ნუ იუცხოვებთ, რადგან ჩვენგან შორს როდია იგი! მეტიც, ჩვენს გარეთ როდია სათნოება, არამედ ჩვენს არსებაშივეა. ბერძნები უცხო ქვეყნებს მიაშურებენ ხოლმე და ზღვებსაც გადალახავენ, რათა რაიმე მეცნიერებას დაეუფლონ, ჩვენ კი არ გვჭირდება უცხო ქვეყნებში წასვლა ცათა სასუფევლის მოსაპოვებლად, და არც ზღვები უნდა გადავლახოთ სათნოებისათვის და კეთილ საქმეთა გასაკეთებლად, რადგან უფალმა აგვაშორა ასეთი საზრუნავი, როცა თქვა: „ არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაი ზმნით, არცა თქვიან:აჰა აქა, ანუ აჰა იქი, არამედ აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაი შორის თქვენსა არს“ (ლუკა 17,20-21). ამიტომ სათნოებით რომ აღვივსოთ და კეთილი საქმე ვქმნათ, ამისთვის მხოლოდ სურვილი უნდა გაგვიჩნდეს, რადგან უნარი კეთილისმოქმედებისა ჩვენშივე და და ძალაც სათნოებისა ჩვენი არსებიდან აღმოცენდება. თუკი სულისბუნებრივი მდგომარეობა არაფერს არ აღუშფოთებია და არ შეუცვლია, მაშინ სათნოებაცა და კეთილ საქმეთა ქმნის სურვილილც თვით მასში ჰგიებს; ხოლო თავის ბუნებრივ მდგომარეობაში ადამიანის სული მაშინაა, როცაკეთილი და წრფელია, ანუ იმგვარივეა, როგორიც დაებადა - ღმერთმა ხომ ყოველივე კეთილად შეჰქმნა. სწორედ ამიტომ ეუბნებოდა ისო ნავეს ძე ხალხს: „და აწ განიშორენით ღმერთნი უცხონი, რომელ არიან, და წრფელ ჰყვენით გულნი თქვენნი უფლისა მიმართ ისრაელისა“ (ისო ნავე 24,23). ხოლო იოანე ნათლისმცემელი ასე ღაღადებდა: „განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი“ (მათე 3,3). მართალი და წრფელი კი მაშინაა ადამიანის სული, როცა მისი გონიერება თავის პირველყოფილ ბუნებრივ მდგომარეობაშია. მაგრამ თუკი კს „სხვით კერძო შევალს“ (იოანე 10,1), როგორც მპარავი და ავაზაკი,და არა კარით, და თუკი დაიკნინებს ბუნებითს თვისებებს, - მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ სულში ბოროტი დამკვიდრებულა. ამრიგად, ძნელი საქმე არ არის ეს - კეთილის ქმნა,რადგანაც თუკი იმგვარად ვიქნებით, როგორადაც ღმერთმა შეგვქმნა, მაშინ სათნონი და კეთილნი ვიქნებით, ხოლო თუკი ბოროტი ზრახვებითა და ფიქრით აღვივსებით, სამართლიანად გვამხელენ. ბოროტნი ხართო. ჩვენს გარეთ რომ ყოფილიყო საჭირო სათნოების მოპოვება, მაშინ, რასაკვერველია, ეს საძნელო საქმე იქნებოდა; მაგრამ რაკი ჩვენში ყოფილა კეთილ საქმეთა წყარო, ამიტომ მხოლოდ იმასუნდა ვეცადოთ, ბოროტი ზრახვა არ გავივლოთ გულში და წმიდად დავიცვათ თავი ჩვენი უფლისათვის ნიშნად იმისა, რომ თვით სულიც მისგან მიგვიღია, და უფალი, როცა იხილავს მას, თავის ქმნილებად აღიარებს და იტყვის - ისეთია, როგორიც მე დავბადეო.

8. ვებრძოლოთ ხოლმე საკუთარ თავსაც, რათა მრისხანებამ არ იმძლავროს ჩვენს სულში და ბილწი გულისთქმა არ მთავრობდეს ჩვენზე, რადგან, როგორც საღმრთო წერილი გვასწავლის: „გულისწყრომამან კაცისამან სიმათლე ღმრთისაი არა ქმნის“ (იაკობი1,20). და „მერმე გულისთქუმაი იგი მიუდგის და შვის ცოდვაი და ცოდვაი იგი სრულ იქმნის და შვის სიკვდილი“ (იქვე 15). მაგრამ თუკი ამგვარ ცხოვრებას შევუდგებით, დიდად უნდა ვიფხიზლოთ და საღმრთო წერილის სიტყვისაებრ მოვიქცეთ, როცა ის გვასწავლის: „და ყოველი საცოი დაიმარხე გულსა შინა შენსა, რომლისაგან არიან გამოსავალნი ცხოვრებისანი“-ო (იგავ. სოლომ. 4,23). რადგნაც ღვთის სათნომყოფელი ცხოვრებით მცხოვრებ ადამიამს საშინელი და ყოვლადმზაკვარი მტრები აღუდგებიან წინ -ბოროტი სულები.

9. და სწორედ მათ - ბოროტ სულებს, დემონებს ვებრძვით ჩვენ მთელი ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში. აკი წმიდა პავლე მოციქულიც ამბობს, რომ „...არა არს ბრძოლაი ჩვენი სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა მის ამის საწუთროისათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქვეშე“ (ეფეს.6,12). ჩვენს გარშემო ჰაეროვან სივრცეში, აურაცხელი ჯგროებია ამ ბორიტი სულებისა - „სოფლის მპყრობელთა“, და ისინი არასდროს შორს არ არიან ჩვენგან. გარდა ამისა, თვით მათ შორისაც დიდი სხვაობა და მრავალსახეობაა. მათს ბუნებასა და სხვადასხვაგვარობაზე რომ ვილაპარაკოთ, სიტყვა ძალზე გაგვიგრძელდება, თანაც ისა ჯობია, რომ ამ საძნელო საგანზე ჩვენზე მაღლად მყოფმა მამებმა ილაპარაკონ. ჩვენთვის კი ახლა ყოვლადაუცილებელია ის გავრკვიოთ, თუ რა მზაკვრობებსა და მანქანებას მიმართავენ ბოროტი სულები მონაზონთა წინააღმდეგ.

10. ჰოდა, უპირველესად ყოვლისა ის უნდა ვიცოდეთ, რომ დემონები - ბოროტი სულები - თავდაპირველად იმ სახით არ არიან შექმნილნი ღმერთის მიერ, რა სახისთვისაც იწოდებიან კიდეც ბოროტ სულებად, რადგანაც შემოქმედს არაფერი ბოროტი არ დაუბადია. ეშმაკნიც კეთილ სულებად და ნათლის ანგელოზებად არიან შექმნილნი, მაგრამ შემდეგში ამპარტავნებით აღივსნენ, მოშორდნენ ზეციურ სიბრძნეს და დაეცნენ - ამქვეყნად გარდამოხდნენ, სადაც მათ მოჩვენებებით აცთუნეს ბერძნები; ხოლო რადგანაც შურთ ჩვენი - ქრისტეს მოსავი ადამიანებისა, დემონები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ხელი შეგვიშალონ ჩვენ ზეცისკენ მისწრაფებაში, იქ ამაღლებაში, საიდანაც თვით ისინი დამდაბლებულან. ამიტომ აუცილებელია ბევრი ვილოცოთ კიდეც და ბევრიც ვიშრომოთ, რათა სულიწმიდის მიერ სულიერი განსჯის უნარი მოგვემადლოს, ანუ „ განკითხვაი სულთაი“, როგორც პავლე მოციქული ამბობს (1კორ. 12,10), და ამ უნარით აღჭურვილებმა შევიძლოთ გამორკვევა, თუ ბოროტ სულთაგან რომელია აღმატებული ბოროტებაში და რომელი - ნაკლებ სასტიკი, ანუ ვის რა საქმე და მოვალეობა აკისრია დემონთა შორის. თუ ამას გამოვარკვევთ, მაშინ გვეცოდინება, როგორ უნდა ვებრძოლოთ ხოლმე მათ, რა გზით დავამხოთ და რა ღონისძიებით განვდევნოთ ჩვენგან თითოეული ბოროტ სულთაგან, რომელნიც კი თავს დგვესხმიან, რადგანაც მათ მრავალი მზაკვარება აქვთ მომზადებული ჩვენს დასაღუპად, და ასევე მრავალრიცხოვანია სახეობანიც მათი ცილისმწამებლობისა და დამბეზღებლობისა. ნეტარმა მოციქულმა პავლემ და მისმა მოწაფეებმა კარგად უწყოდნენ ყოველივე ეს, როცა ამბობდნენ: „არა გონებასა მისსა (ანუ წინააღდგომისა - ეშმაკისა) უმეცარ ვართო“ (2 კორ. 2,11) ჩვენ კი რა სახითაც ვიქმნებით გამოცდილი ბოროტ სულთაგან, იმ სახითა და გამოცდილებით უნდა დავმოძღვროთ ერთურთი, რათა მომავლისათვის გავფრთხილდეთ და ფხიზლად ვიყოთ. ამიტომაც, აჰა, მეც, რაკი თავადაც არაერთგზის გამომიცდია დემონთა მზაკვარება და საცთურის წინაშეც ხშირად ვმდგარვარ, როგორც შვილებს გეტყვით მათთვის და გაგაფრთხილებთ.

11. ისინი, ბოროტი სულები, როგორც კი დაინახავენ ნამდვილ მორწმუნეს ქრისტესას,უფრო კი ბერ-მონაზონს, სათნოების ღვაწლთა შორის წარმატებულს, მაშინვე თავს ესხმიან მას და ცდილობენ რაიმეთი აცთუნონ. მათგან მოვლენილი საცთური კი იმაში მდგომარეობს, რომ დემონები ბოროტ ზრახვებსა და უჯერო ფიქრებს დაჰბადებენ ხოლმე ადამიანში. მაგრამ ჩვენ არ უნდა შევუშინდეთ ხოლმე დემონთა ამგვარ შემოტევას, რადგან ლოცვით, მარხვითა და უფლის რწმენით მტერი განგდებულ იქნება ჩვენგან. თუმცა კი დამხობის შემდეგაც ბოროტი სულები ხელს არ აიღებენ თავიანთი ბოროტი განზრახვისაგან და მაშინვე ახალი მზაკვრობით დაგვესხმიან თავს და ახალი მანქანებით შეეცდებიან ჩვენს სულთა დაღუპვას. როცა მათ არ შეუძლიათ ხოლმე აშკარად ბილწი სურვილები დაბადონ მოსაგრე ბერის გულში და ამგვარად აცთუნონ, მაშინ ისინი სხვა ხერხს მიმართავენ: სხვადასხვა საშინელ მოჩვენებებს მოუვლენენ ხოლმე შესაშინებლად, და ამ მიზნით თვითონაც იცვლიან სახეს და მრავალი სახით ეცხადებიან - მაცთურ ქალებად, მძვინვარე მხეცებად და საზიზღარ ქვეწარმავლებად, უსახურ გოლიათებად თუ მრავალრიცხოვან, თავდასხმად განმზადებულ მეომრებად, მაგრამ ამგვარი მოჩვენებებისა ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ხოლმე. რადგან ისინი სინამდვილეში სულაც არ არსებობენ და უმალვე განქარდებიან, როგორც კი ჯვარს გადავსხავთ და ჭეშმარიტი რწმენით მოვიზღუდავთ თავს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დემონები მეტად კადნიერები და ურცხვნი არიან, და ამიტომაც, თუკი ამ მეორე ჯერზეც ძლეულ იქმნებიან, ხოლმე, ისინი მაინც არ იხევენ უკან და კვლავაც გვესხმიან თავს, ახლა უკვე სულ სხვა მანქანებით: წინაგანმჭვრეტთა სახით გვევლინებიან და ზუსტად გვეუბნებიან ყოველივე იმას, რაც შემდეგში უნდა მოხდეს, ამასთან ისე მოაქვთ თავი, თითქოს ამაღლებულნი და ნათლისანი იყვნენ. აი, ასეთ მზაკვრობას მიმართავენ ბოროტი სულები, რათა ეგების ამგვარი მოჩვენიბებით მაინც აცთუნონ და მოინადირონ ის ადამიანები, ვინც მანამდე ვერ შეაცდინეს ბოროტი ზრახვებისა და უჯერო ფიქრების შეგონებით. მაგრამ ჩვენ ნურც აქ დავუჯერებთ მათ, რადგან დემონები უცხონი არიან ჩვენთვის. ნურასდროს ნუ შევისმენთ მათს სიტყვებს, დაე, თუნდა ლოცვად მოგვიწოდენდნენ, ანდა მარხვას შეგვაგონებდნენ. არამედ უფრო ღრმად ჩავუკვირდეთ ჩვენი მოღვაწეობის მიზანს და მაშინ აღარ ვეცთუნებით ბოროტ სულთაგან, რომელნიც ყოველივეს მზაკვრებით იქმან. შიში კი დემონებისა ერთი წამითაც არ უნდა გავივლოთ გულში, დაე თუნდ განძვინებულნი გვესხმოდნენ თავს და სიკვდილსაც გვიქადდნენ, რადგან სინამდვილეში ბოროტი სულები უღონონი არიან ქრისტეს ჭეშმარიტი მოსავის წინაშე და მხოლოდ დამუქრების ძალი შესწევთ.

12. მთელი ჩვენი დრო და ძალისხმევა უფრო სულის განმტკიცებასუნდა მოვახმაროთ, და არა სხეულის განძლიერებას; სხეულს მცირე დრო დავუთმოთ ხოლმე, და ისიც მხოლოდ აუცილებელი, დანარჩენი დრო კი მთლიანად ჩვენს სულიერ განმტკიცებას მივუძღვნათ და მხოლოდ ჩვენი სულისათვის ვეძიოთ სარგებლობა, რათა ხორციელი სიამეების ნდომამ კი არ გაიტაცოს იგი, არამედ რათა თვით დაიქვემდებაროს სხეული. სწორედ ამას გვასწავლილს თვით მაცხოვრის სიტყვებიც: „ამისთვის გეტყვი თქვენ : ნუ ჰზრუნავთ სულისა თქვენისათვის, რაი შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროის არს საზრდელისა და გვამი სამოსლისა?“ (მათე 6,25). და კიდევ: „და თქვენ ნუ ეძიებთ, რაი სჭამოთ და რაი ჰსუათ, და ნუცა გასცხრებით, რამეთუ ამას ყოველსა ნათესავნი სოფლისან იეძიებენ, ხოლო მამამან თქვენმან იცის, რაი გიხმს ამათ ყოველთაგან. გარნა ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.

13. გწამდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მთელის არსებით გიყვარდეს იგი; განიშორე თავი არაწმიდა ზრახვებისაგან და ხორციელი სიამეების ნდომისაგან, და როგორც სოლომონის იგავებშია ნათქვამი - „ნუ სცთები მაძღრობით გულისათა“ (24,15). ერიდე ცუდად განდიდებას საკუთარი თავისას, განუწყვეტლივ ილოცე და ფსალმუნები იგალობე ძილად მოსვლის წინაც და ძილისგანაც აღდგომის ჟამს; კარგად შეისწავლე ყველა ის მცნება, საღმრთო წერილი რომ გვაძლევს დასამარხად, მარად გახსოვდეს წმიდანთა საქმენი, რათა ღვთის მცნებათა მეხსიერმა სულმა შენმა სწორედ უფლის წმიდანთა და მოწამეთ მოშურნეობა დაისახოს სამაგალითოდ. განსაკუთრებით ეიცადე, რომ პავლე მოციქულის ეს შეგონება აღასრულო: „გული გიწყრებოდენ, და ნუ სცოდავთ: მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქვენსა“ (ეფეს. 4,26). და მიიჩნიე, რომ ეს სიტყვები, საერთოდ, ყოველი ცალკეული მცნებისათვის არის ნათქვამი: რათა არც მხოლოდ მრისხანებით არ შევეგებოთ მზის ჩასვლას და არც სხვა რაიმე ცოდვით არ გავლიოთ დღე, რადგან კარგი იქნება, და ასეც ჯერ-არს, თუკი ჩვენ არ შევიქნებით განკითხული არც მზის მიერ დღის შეცოდებისათვის, და არც მთვარის მიერ ღამეული დანაშაულისათვის, ანდა თუნდაც ბოროტი ზრახვისა და ფიქრებისათვის.

14. თუკი გვინდა თავი დავიცვათ ცოდვისაგან, უნდა შევისმინოთ და აღვასრულოთ მოციქულის სიტყვა, როცა შეგვაგონებს: „თავნი თვისნი გამოიცადენით, უკუეთუ ხართ სარწმუნოებასა შინა. თავნი თვისნი განიკითხენით. ანუ არა უწყითა თავნი თვისნი, რამეთუ იესო ქრისტე თქვენ შორის არს? გარნა თუ გამოუცდელ რაიმე ხართ.“ (1კორ. 13.5). ამიტომ, დაე, ყოველმა ჩვენგანმა ყოველდღე ჩააბაროს ხოლმე საკუთარ თავს ანგარიში თავის დღიურ თუ ღამეულ საქციელთა გამო, და თუ როდისმე შესცოდავს, მოინანიოს, და კვალად ნუ შესცოდავს. და თუკი არ აღმოჩნდება რაიმე შეცოდება ამ დღისა თუ ღამის განმავლობაში, ნუ დაიქადებს ამას და თავსაც ნუ მოიწონებს, უცოდველი ვარო, რათა საცთურს არ ეწიოს; არამედ დაე, სათნოებით ჰგიებდეს და გულმოდგინებას ნუ მოაკლდება; ნუ განიკითხავს თავის მოყვასს და საკუთარ თავსაც ნუ მიიჩნევს მართლად, „ვიდრემდის მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაი და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულისანი...“ (1კორ. 4,5). ხშირად ხომ ჩვენგანაც კი დაფარულია, რასაც ვიქმთ. მაგრამ უფალი კი ყოველივეს ხედავს და თავის დროზე ყველაფერს გამოააშკარავებს, თუნდაც ჩვენ არ ვუწყოდეთ ჩვენი შეცოდებანი. ამიტომ საშიროა ყველაფერში უფლის განსჯას მივენდოთ და შემწყნარებელნი ვიყოთ ერთურთისადმი, თითქოის ერთმანეთის მოვალენი ვართო; და როგორც პავლე მოციქული შეგვაგონებს, ერთმანეთის სიმძიმე ვიტვირთოთ და „ესრეთ აღვასრულოთ შჯული იგი ქრისტესი (გალატ. 6,2). „რამეთუ უკუეთუ ვისმე ეგონოს, ვითარმედ არს რაიმე, და იგი არაი იყოს, თავსა თვისსა აცთუნებს“ (იქვე, 3). ამიტომ განვიკითხოთ საკუთარი თავი, ყოველივესთვის პასუხი მოვთხოვოთ მას და შევეცადოთ შევივსოთ იმის დანაკლისი, რითაც ნაკლულევანნი ვართ.

15. იმისათვის, რომ ცოდვისაგან მოვიზღუდოთ თავი, ესეც უნდა აღვასრულოთ: დაე, ყოველმა ჩვენგანმა შენიშნოს ხოლმე და ჩაიწეროს თავისი საქციელნი და სულის მოძრაობანი თითქოსდა იმისთვის, რომ სხვას გააცნოს ისინი, და დარწმუნებული იყავით, რომ ამის აღმსრულებელი, განცხადებულობის შიშით უსათუოდ აღიკვეთს ცოდვის ქმნას და ეცდება ფიქრადაც კი არ გაივლოს რაიმე ბოროტი და უჯერო. რადგან განა არის ისეთი შემცოდე, რომელსაც ენდომებოდა ვინმე უყურებდეს ცოდვის ჩადენისას?! ანდა შემცოდეთაგან ვინ არ ეცდება იცრუოს, ოღონდ კი დაფაროს ადამიანთაგან თავისი ცოდვა?! ერთმანეთს რომ ვაკვირდებოდეთ, ჩვენ არასდროს არ მივეცემით სიძვას, და ამგვარადვე, თუკი ჩავიწერთ ხოლმე ჩვენს ფიქრებსა და ზრახვებს იმ მიზნით, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ, ამით უკეთესად დავიცავთ თავს არაწმიდა ზრახვებისაგან, რადგან განცხადებულობისა მოგვერიდება. ამრიგად, დაე, საკუთარ საქციელთა და ზრახვათა ჩაწერამ შეგვიცვალოს თანამოსაგრეთა თვალები, რათა არათუ არ ჩავიდინოთ, არამედ ფიქრადაც არასდროს არ გავივლოთ რაიმე ბოროტი - ჩაწერის დროს ხომ იმგვარსავე სირცხვილს ვიგრძნობთ ჩვენი შეცოდებების გამო, როგორსაც მაშინ, თუკი ვინმე დაგვინახავს და გვამხელს! თუკი ასე მოვიქცევით, ანუ აღვნუსხავთ ხოლმე ჩვენს ყოველდღიურ საქციელთ და სულის ყოველ მოძრაობასაც, მაშინ შეგვეძლება დავითრგუნოთ სხეული და დავიმორჩილოთ, უფლის მოსაწონი ცხოვრებით ვიცხოვროთ და კაცთა მოდგმის მტრის მზაკვრებაც დავძლიოთ.

16. მე ვფიქრობ, რომ მადლი სულიწმიდისა უფრო მალე იმ ადამიანებს აღავსებს, რომელნიც მთელის არსებით შეუდგებიან ბერ-მონაზვნურ მოღვაწეობას და თავიდანვე განუჩინებენ საკუთარ თავს მტკიცედ დაუდგნენ მტრის შემოტევას და სულ მცირედიც კი არ დაუთმონ მოწინააღმდეგეს ორთაბრძოლაში, და ასე იყოს მანამ , სანამ საბოლოოდ არ სძლევენ მას. თუმცა თავდაპირველად სულიწმიდა, რომელმაც მოუწოდა ადამიანებს ბერ-მონაზონური მოსაგრეობისათვის, ყოველივეს მოსახერხებელად და კეთილად მოუწყობს მათ, რათა ამ სახით დაუამოს სინანულის ღვაწლში შესვლა, და მხოლოდ ამის შემდეგ დაანახვებს მათ ჭეშმარიტებით ამგვარი ღვაწლის ძნელად სავალ გზას. შეეწევა რა მათ ყოველ საქმეში, სულიწმიდა იმასაც განუცხადებს მოსაგრებს, თუ რა სიძნელეები აქვს სინანულის ღვაწლს, და გაუნსაზღვრავს მათ სახეს იმისას, თუ როგორ მოეპყრონ როგორც სხეულს, ასევე სულს მანამდე, სანამ მთლიანად არ მიაქცევენ ორივეს ღმერთისაკენ - თავისი დამბადებლისაკენ. ამ მიზნის მისაღწევად სულიწმიდა განუწყვეტლივ შეაგონებს მათ დაუცხრომლად იმუშაკონ სხეულითაც და სულითაც, რათა ორივე, თანაბრად განწმედილები, ერთნაირად შეიქნან ღირსნი საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებისა. ამისთვის ბერ-მონაზვნებმა უნდა გამოიწრთონ სხეული გამუდმებული მარხვით, შრომით და ხშირი მღვიძარებით, სული კი - სულიერი მუშაკობით და დიდი გულმოდგინებით ყველა სახის მსახურებასა და მორჩილებაში, რაც კი სხეულის მეშვეობით აღესრულება. ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ ხოლმე ყველა საქმე გულმოდგინედ და ღვთის შიშით განმსჭვალულებმა აღვასრულოთ, და არაფერი არ გავაკეთთ ზერელედ და დაუდევრად, და მაშინ ყოველი ჩვენი საქმე ნაყოფიერი და სულისათვის სასარგებლო იქნება.

17. აღძრავს რა მონანულს სულიერი ღვაწლისათვის, სულიწმიდა, რომელმაც მოუწოდა ადამიანებს სინანულისაკენ, ნუგეშსაც მოუვლენს მას და ასწავლისკიდეც საშუალებას იმისას, რომ ამ გზაზე შემდგარი კვლავაც უკან არ მოიქცეს და რაიმე ამაქვეყნიურს არ მიეახლოს. ამისთვის იგი სულიერ თვალებს აუხელს მონანულს და ძალას მისცემს სიწმიდის მთელი მშვენიერების ჭვრეტისა, რაც მხოლოდ სინანულის ღვაწლით მიიღწევა, და ამ გზით აღანთებს მონაზვნის გულში ძლიერ მისწრაფებას საკუთარი თავის სრულყოფილი განწმედისაკენ თანა-სხეულითურთ, ისე, რომ ორივე, სულიცა და სხეულიც ადამიანისა, ერთნაირად განწმედილნი შეიქნენ. რადგანაც სწორედ ამაში მდგომარეობს სულიწმიდის განმსწავლელი წინამძღვრობის მიზანი, რომ მთლიანად განწმიდოს სული და სხეული ადამიანისა და აღიყვანოს იგი ლამის პირველყოფილ მდგომარეობამდე, რომელშიც ბედნიერად ჰგიებდა დაცემამდე; ამასთან სულიწმიდის ძლით სულსა და სხეულში კაცისა აღიხოცება ყოველივე, რაც კი აღრევია მათ ეშმაკის შურით ისე, რომ აღარაფერი ექნება მტრისა. და მაშინ, როცა ადამიანი თავის პირველყოფილ მდგომარეობას დაუბრუნდება, ანუ კვლავ ისეთი იქნება, როგორიც იგი ღმერთმა შეჰქმნა, მაშნ სხეული ყოველივეში გონების ბრძანებას დაემორჩილება, რომელიც თავისი ძლიერი ნებელობით შეზღუდავს მას ჭამა-სმაში, ძილში და ყოველს სხვა მოქმედებაშც, რადგან განუწყვეტლივ სულიწმიდისაგან იქნება დამოძღვრილი. აკი ნეტარი პავლე მოციქულიც ამბობს, „აღვიკრძალავ ხორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხვათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო“-ო (1კორ. 9,27).

18. ცნობილია, რომ ადამიანის სხეულში სამი სახის ხორციელი ძალა მოქმედებს. პირველი - ბუნებრივი ძალაა, თანდაყოლოლი მისწრაფება მოძრაობისაკენ, რომელიც თავისთავად, სულის დაუკითხავად არაფერს არ აღმოაცენებს ცოდვისმიერსა და სულის დამამძიმებელს, არამედ მხოლოდ შეგვაგრძნობინებს თავს, რომ ეს ძალა არსებობს და მოქმედებს ჩვენს სხეულში. მეორე ძალა ზედმეტი საზრდოს მოღებისაგან აღიძვრის და მოქმედებს ჩვენს სხეულში, როცა ნოყიერი და ჭარბი საჭმელისაგან განხურვებული სისხლი ჩვენს სხეულს სულის წინააღმდეგ აღაშფოთებს და არაწმიდა სურვილებს დაჰბადებს მასში. სწორედ ამის გამო გვაფრთხილებს მოციქული, „ნუ დაითვრიბით ღვინითა, რომლითა არის სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა“-ო. (ეფეს. 5,18). ასევე უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამასვე დაუდებს აღთქმად თავის მოწაფეებს, და მაშასადამე ჩვენც: „ეკრძალენით თავთა თქვენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქვენნი შვებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაითა, და მეყსეულად მოიწიოს თქვენ ზედა დღე იგი“ (ლუკა. 21,34). ის ადამიანები კი, ვინც ბერ-მონაზვნური მოღვაწეობის მოშურნეობით აღვსებულან და ამ გზით მოსურვებიათ სრულყოფილი სიწმიდის მოპოვება, განსაკუთრებით უნდა ცდილობდნენ ამ შეგონების აღსრულებას, რათა ისე იცხოვრონ, რომ, მოციქულის მსგავსადვე შეეძლოთ თქვან - „აღვიკრძალავ ხორცთა ჩემთა და დავიმონებ“-ო (1კორ. 9,27). მესამე ძალა ადამიანის სხეულში ბოროტი სულების გამოისობით მოქმედებს, რომელნიც შურით აღივსებიან ხოლმე სიწმიდისაკენ მსწრაფველის მიმართ და ცდილობენ ამ ძალის ამოქმედებით აცთუნონ იგი, უკვე დამდგარი სიწმიდის გზაზე (ანუ ბერ-მონაზონი), ანდა უკანვე მიაქციონ ის სული, რომელსაცჯერ მხოლოდ სურს ამ გზას დაადგეს (ანუ ჯერეთ მხოლოდ მსურველი ბერმონაზვნეობს ღვაწლში შედგომისა). აი, ეს სამი ხორციელი ძალა მოქმედებს ყოველი ადამიანის სხეულში ყოველს დროში.

19. თუმცა, თუკი ადამიანი მოთმინებით აღიჭურვება და მტკიცედ აღასრულებს ღმერთის მიერ მოცემულ მცნებებს, მაშინ სულიწმიდა წინამძღვრად გაუხდება მის გონებას და ასწავლის, თუ როგორ, რა გზითა და საშუალებებით განიწმიდოს სული და სხეული ამ ძალათა ზემოქმედებისაგან. ხოლო თუკი სიწმიდის გზაზე შემდგარი ადამიანი როდისმე დაუძლურდება გრძნობით და თავს ნებას მისცემს უგულებელჰყოს ღვთის მცნებები და დაუდევრად მოეპყრას უფლის დადგინებებს, ამ შემთხვევაში იგი ბოროტი სულების მიერ ძლეული შეიქნება, რომელნიც მთელს მის სხეულს მოიცავენ და წაბილწვას დაუწყებენ ამ ხორციელი ძალის საშუალებით. და გაწამებული სული იმ ზომამდე იქნება დაკნინებული, რომ აღარ ეცოდნიება, რა მოიმოქმედოს და სასოწარკვეთილი ვეღარ დაინახავს, თუ საიდან შეიძლება მასთან რაიმე სახის შეწევნა მოვიდეს. მაგრამ მას შემდეგ, თუკი იგი, უკვე გამოფხიზლებული, კვლავ უფლის მცნებათა აღსრულებას მიუბრუნდება და ქედს მოუდრეკს მის უღელს, ანდა შეიგნებს რა ვალდებულების ძალას კვლავ ღმერთის სულს - სულიწმიდას მიენდობა. აი, სწორედ მაშინ სული ადამიანისა კვლავ აღივსება მხსნელი განწყობილებით და შეიცნობს, რომ სიმშვიდე მხოლოდ ღმერთში უნდა ეძიოს და რომ მხოლოდ ღვთის მცნებათა აღსრულებით არის შესაძლებელი მისთვის მშვიდობით ყოფნა.

20. სრულყოფილი სიწმიდისაკენ მისწრაფებაში სულმა დასხეულმა ადამიანისა თანაბრად და თანხმობით უნდა იტვირთონ სინანულის ღვაწლი და ყოველგვარი სიმძიმე, მონაზონურ მოსაგრეობას რომ ახლავს თან.და როცა მისი გონება ღირსი შეიქნება იმგვარი მადლისა, რომ საკუთარი თავის შეუცოდებლად და გაუნებივრებლად დაუწყებს ბრძოლას თავის ბილწ გულისწადილთ, მაშინ თვით სულიწმიდა დამოძღვრავს ხოლმე მას ამ ბრძოლაში, ყოველივეს ასწავლის და განამტკიცებს. ამგვარად განძლიერებული სული კაცისა წარმატებულად დაიწყებს იმ არაწმიდა ძალების მოგერიებას, ბილწ გულისთქმათაგან რომ მომდინარეობენ. ეს ღვთაებრივი სული, შერწყმული და შეთანხმიერებული ადამიანის გონებასთან, ანუ სულთან, იმის ძლით, რომ ამ უკანასკნელმა გადაწტვიტა მკაცრად აღასრულოს უფლის მცნებები, იქით მიმართავს მთელს მის ძალისხმევას, რომ ყველა ბილწი გულილსწადილი და ვნება განდევნოს სულისაგან - როგორც სხეულის მიერ წარმოშობილი და სულთან აღრეული, ასევე თვით მასში არსებული სხეულისაგან დამოუკიდებლად, სულიწმიდა ასწავლის ასეთ სულს, თუ როგორ უნდა ჰქონდეს წესრიგში მთელი სხეული - თხემით ტერფამდე; რათა თვალები ადამიანისა ყოველთვის სიწმიდით გამოიმზირებოდნენ, ყურნი სიმშვიდით მოისმენდნენ ყოველივეს და არასდროს არ დასტკბენ ბეზღობით, შესმენით, გაკიცხვითა თუ გმობით; რათა ენა მისი მხოლოდ კეთილს უბნობდეს, თითოეულ სიტყვას ასწონ-დასწონიდეს და არასდროს არ დაუშვებდეს მეტყველებაში რაიმე არაწმიდა შეერიოს ბილწი გულისთქმისაგან მომდინარე; რათა ხელები, უპირველესად ყოვლისა, ლოცვითი ღვაწლისათვის იწყებდნენ მოძრაობას და მხოლოდ იმისთვის ირჯებოდნენ, რომ უხვად გასცემდნენ მოწყალებას და სასარგებლო რამ შრომას ეწეოდნენ; რათა მუცელიც ამგვარი ადამიანისა ყოველთვის ჯეროვანი ზომიერებით მიიღებდეს საზრდოსა და სასმელს, მხოლოდ იმდენს, რამდენიც აუცილებელია სხეულის შენარჩუნებისათვის და არსებობოსათვის, რათა არ დაემონოს გემოთმოყვარების საცთურს და არ გარდახდეს ზღვარს; რათა ფეხნი კაცისა ყოველთვის მართლად დგამდნენ ნაბიჯს და ღვთის ნებით მხოლოდ კეთილ საქმეთა აღსასრულებლად ირჯებოდნენ. და როცა ადამიანი ამგვარად განისწავლება სულიწმიდის მიერ და გაინწმიდავს სხეულს ყოველივე უჯეროსაგან, იგი შეეჩვევა ყოველთვის კეთილი საქმის აღსრულებას, და მთლიანად სულიწმიდას დამორჩილებული ბოლოს იმ ზომამდე შეიცვლება ხოლმე, რომ გარკვეულწილად სულიერი სხეულის იმ ნიშან-თვისებებს ეზიარება და შეიძენს, რომელნიც, ჩვეულებრივ, მართალთა მკვდრეთით აღდგინების შემდეგ უნდა შეიძინონ, ანუ მეორედ მოსვლის ჟამს ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელიც „მომავალ არს განსჯად ცხოველთა და მკვდართა“.

21. ადამიანის სულს, როგორც უკვე მითქვამს, საკუთრივ თავისი, სხეულისაგან დამოუკიდებლად არსებული ვნებანი და უჯერო სურვილნი აქვს. ესენი შემდეგია: ამპარტავნება, სიძულვილი, შური,მრისხანება, მცონარება და სხვა მისთანანი. როცა სული მთელი თავისი ძალისხმევით ღმერთს მიუძღვნის თავს, მაშინ ყოვლად გულუხვი და მოწყალე ღმერთი ჭეშმარიტი სინანულის სულს მოჰმადლებს მას და განსწმედს ყველა ამ ვნებათაგან; ამასთან იმასაც ასწავლის, თუ რა ღონეს მიმართოს ხოლმე, რომ კვლავაც არ იქნას ძლეული მათგან, და ძალასაც მიანიჭებს მტრების დასამარცხებლად, რომელნიც განუწყვეტლივ წინ აღუდგებიან ამგვარ სულს და ცდილობენ ათასგვარ ცთუნებათა საშუალებით კვლავ მიიტაცონ იგი. და თუკი სული კაცისა მტკიცე იქნება თავის მოქცევაში ღმერთისაკენ და კეთილად დაემორჩილება ყოველივეში სულიწმიდას, რომელიც მას სინანულს ასწავლის, მოწყალე ღმერთი შეიწყალებს მას იმ ღვაწლთა და შრომათა გამო, მრავალს მოკლებული და შეჭირვებული რომ აღასრულებს; ხანგრძლივი მარხვისა გამო, ხშირი სიფხიზლის, ღვთის სიტყვის განუწყვეტელი სწავლის, დაუმცხრალი ლოცვა-ვედრების გამო, ყოველგვარი საერო შვებისაგან განკრძალვის, ყველასადმი წმიდა გულით სამსახურის, სიმდაბლისა და სულიერი გლახაკობის გამო. მასასადამე, თუკი ყოველივე ამაში მტკიცე და გულმოდგინე იქნება სული კაცისა, ყოვლად მოწყალე ღმერთი შემწყნარებელი თვალით შეხედავს მას, გამოიხსნის ხოლმე ყველა საცთურისაგან და გამოიტაცებს მტრის ხელთაგან.

22. მამა ღმერთმა , თავისი სახიერებისა გამო „არა ჰრიდა ძესაცა თვისსა“ (რომ. 8,32). მხოლოდშობილსა და „ჩვენ ყოველთათვის მისცა იგი“ (იქვე), რათა გამოესყიდა ადამიანი ცოდვისა და უკეთურებისაგან. და ძემ ღვთისა, ჩვენი,კაცთა ხსნისათვის დაიმდაბლა თავი, გადამოხდა ზეცით, კაცის სხეულით შეიმოსა, განგვკურნა ჩვენ სულიერი ავადმყოფობისაგან და იმგვარად განაგო, რომ ხსნის გზა მოენიჭებინა ჩვენთვის. მაშ, გევედრებით ძმანო, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მარად უწყოდეთ და გონებით ატარებდეთ ხსოვნას ამ დიადი ღვთაებრივი განგებულებისა, ანუ იმისას, რომ ჩვენი ხსნისათვის იგი, ღმერთი - სიტყუაი ყოველივეთი დაგვემსგავსა ჩვენ, ადამიანებს, გარდა ცოდვისა. და ყოველისათვის, ვინც გონიერებით არის დაჯილდოებული, ჯერ-არს გონიერად უწყოდეს ეს და იმის მოშურნებოით აღივსოს, რომ თვითონაც, უფლის ამქვეყნად გარდამოსვლის ძლით, განთავისუფლდეს ცოდვებისაგან და იხსნას სული თვისი. ამტომაც ის ადამიანები, რომელთაც ჯეროვნად შეიმეცნეს და თავისდა სასარგებლოდ გამოიყენეს უფლის ეს დიადი საქმე, მისი ნამდვილი მონები არიან. მაგრამ მხოლოდ ცოდნა ამ საქმისა ჯერ კიდევ არ მოასწავებს მცოდნის სრულყოფილებას. სულიერი სრულყოფილება ღვთის შვილებას მოგვაპოვებინებს, და მისი წყალობით თავის დრომდე ღვთაებრივი ნათელით განათლებაც მოგვემადლება. ასე რომ, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაინახა - მოწაფეები ღვთის შვილებას მიახლებულან და სულიწმიდისაგან დამოძღვრილებმა უკვე შემიცვნესო მე - ჭეშმარიტი ღმერთი, ასე მიმართა მათ: „არღარა გეტყვი თქვენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი. ხოლო თქვენ გარქუ მეგობრად. რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისგან, გაუწყე თქვენ“ (იოანე 15,15), ხოლო მათ კი უფლის მოწაფეებმა, რომელთაც შეიგნეს, რადაც ქმნილან იესუ ქრისტეს მიერ, ამგვარად უნდა შეჰღაღადონ მად, მსგავსად პავლე მოციქულისა: „...არა მოგვიღებიეს სული იგი მონებისაი, რაითამცა კვალად გვეშინოდა, არამედ მიგვიღებვიეს სული იგი შვილებისაი, რომლითა ვღაღადებთ: აბბა. მამაო! იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩვენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი“ (რომ. 8,15-16). იმ ადამიანმა კი, ვინც არ გამოავლენს სრულს მზადყოფნას ცოდვისაგან განთავისუფლებისა და არ იგულმოდგინებს საკუთარი სულის ხსნისათვის, ასეთმა,დაე, უწყოდეს,რომ მხსნელი უფლის მეორედ მოსვლა ამქვეყნად მის განსაკითხავად დაგანსასჯელად აღესრულება. ამიტომ იყო, რომ თავიდანვე სვიმეონ უფლის მომრქმელმა ამგვარად იგლობა: „აჰა ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის და სასწავლად სიტყვის-საგებელად“ (ლუკა 2,34). შემდეგ კი პავლე მოციქულმაც იგივე განაცხადა - „ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა: რომელთამე სულად სიკუდილითი სიკვდილადდა რომელთამე სულად ცხორებითი ცხორებად“-ო (11კორ. 2,15-16).

23. დაე, ნუ იქნება თქვენთვის დაფარული ის, რომ ჭეშმარიტების მტრები განუწყვეტლივ მოქმედებენ ჭეშმარიტების აღხოცვისათვის. ღმერთი კი ყოველთვის, თვით დაბადებისასაც ქმნილებისა, ევლინებოდა შემოქმედს, ასწავლიდა, თუ როგორ უნდა განედიდებინა ჯეროვნად ღმერთი. მაგრამ როცა სხეულის უძლურებისა და მის წინააღმდეგ მბრძოლი მტრებისგამო ადამიანის სულისკეთილმა მისწრაფებებმა დაკარგეს თავისი ძალა,და ამ მიზეზით ადამიანს უკვე იმის მიღწევაც არ შეეძლო, რაც ბუნებით და დანიშნულებისამებრ არისდამახასიათებელი მისთვის, ხოლო ცოდვებისაგან თავის დახსნა და პირველყოფილ მდგომარეობამდე ამაღლება - მით უმეტეს, არ ძალედვა, - აი, მაშინ ღმერთმა უდიდესი წყალობით მოხედა მას და სჯულისდების მეშვეობით ასწავლა ადამიანს ჭეშმარიტი განდიდება ღმრთისა. მაგრამ რადგანაც ამანაც ვერ უშველა ცოდვისაკენ მიდრეკილ ადამიანს, მაშინ ღმერთმა, მხილველმა იმისა, რომ წყლული სულ უფრო და უფრო მძაფრდება და გადაჭრილ მკურნალობას მოითხოვს, გადაწყვიტა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოეგზავნა ამქვეყნად ჩვენს განსაკურნავად და სახსნელად - იესო ქრისტე, რომელიც არის კიდეც ჩვენი ერთადერთი მკურნალი.

24. მოწყლული სიყვარულით იესო ქრისტესადმი, მე, როცა ჩვენს დროებას მოვიხილავ ხოლმე გონების თვალით, ხან სიხარულით ვივსები, ხანაც ვწუხვარ და ვტირი. მრავალნი ადამიანთაგან კეთილმოშიშების სამოსლით შემოსილან (ანუ ბერ-მონაზონი შექმნილან), მაგრამ მხოლოდ ცალკეულთ თუ გაუკეთებიათ ეს სრულის გულით და მცირედნი შექმნილან ღირსნი სულის ხსნისა, რაიც უფლის მოსვლით შეგვეძინება. და ეს ის მონაზვნები არიან, რომელთა გამოც მე ეგზომ მიხარის. სხვები კი, რომელთაც უგულებელჰყვეს თავიანთი აღთქმა, უფალს რომ მისცეს ამ გზაზე შედგომისას, თავიანთი სხეულის ნებას დაქვემდებარებულან და ბილწ გულისთქმას აყოლილნი მოქმედებენ, რის გამოც უფლის მოსვლა მათთვის მხილება და განკითხვა იქნება. და ეს ის მონაზვნები არიან, რომელნიცუკვე იმაზე ფიქრობენ, ცუდად განმადიდებელნი თავისა, ეს რა დიდი ხანია ვიღვწითო, და ამის გამო სულით დაცემულან, გაუძარცვიათ კეთილმოშიშების სამოსი და მუნჯებს დამსგავსებიან. და ესენიც ის მონაზვნები არიან, რომელთა გამოც მე ვიგლოვ და ვიტყებ, იმიტომ, რომ უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა მათთვისც განსასჯელად იქმნება.

25. მე მთელი ჩემი ძალისხმევით ვლოცულობ ხოლმე თქვენთვის ღმერთის წინაშე, რათა მან თქვენს გულებში წმიდა ცეცხლო აღაგზნოს, ის ცეცხლი, რომლის დასანთებადაც მოვლინებულა უფალი ამქვეყნად, როგორც ამას თვით ამბობს წმიდა სახარებაში: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა, და რაი მნებავს, რაითა აწვე აღეგზნეს!“ (ლუკა 12,49).

26. როცა ქარი ზომიერად ქრის და ზღვაზე დიდი ღელვა არ არის, ყოველ მეზღვაურს შეიძლება დიდი წარმოდგენა შეექმნას საკუთარ თავზე და იქადოდეს კიდეც თავისი ხელოვნებით, მაგრამ მხოლოდ ქართა ანაზდეული ცვალებადობის და ამით გამოწვეული დიდი მღელვაარების დროს ვლინდება ხოლმელ ნამდვილად გამოცდილ მესაჭეთა ხელოვნება.

27. ვისაც ნამდვილად აქვს უფლის შიში და მის მიერ მოცემულ მცნებებსაც აღასრულებს - სწორედ იგია ჭეშმარიტი მონა ღმრთისა. მაგრამ ეს მონება, რომელშიც ჩვენც ვართ, არ არის მონობა, არამედ მართლის ქმნაა და კეთილმოშიშება, რომელსაც ღვთის შვილებამდე მივყევართ. უფალმა ჩვენმა თვით გამოირჩია მოციქულები და სახარების ქადაგება მიანდო მათ. მოციქულთა მიერ მოცემულმა მცნებებმა მშვენიერი მონება დააწესა ჩვენთვის, რათა ჩვენს ყველა ვნებებსა და ბოროტ სურვილებზე გავბატონებულიყავით და სათნოების მშვენიერივე მსახურება აღგვესრულებინა. და როცა ჩვენც შევიმოსებით სათნოებით და ღვთს მადლს მივეახლებით, მაშინ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩვენც ისევე მოგვმართავს, როგორც თავის დროზე მოციქულებს უთხრა: „ არღარა გეტყვი თქვენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი. ხოლო თქვენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქვენ“-ო (იოანე 15,15). სათნოების მადლს შედგომილნი გამოცდილებით შეიცნობენ სულიწმიდის მოძრაობას და თავიანთ სულიერ დაწყობილობასაც გულისხმაჰყოფენ, და როცა შეიცნობენ და გულისხმაპყოფენ ყოველივე ამას, ასე შეჰღაღადებენ უფალს: „...არა მიგვიღებიეს სული იგი მონებისაი, რაითამცა კვალად გვეშინოდა, არამედ მიგვიღებიეს სული იგი შვილებისაი, რომლითა ვღაღადებთ: აბბა მამაო! იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩვენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი“-ო.

28. ღმერთი ყველას წინამძღვარია და ყოველივეს განაგებს თავისი მადლის მოქმედებით. ამიტომაც ნუ იქნებით მცონარე და ნურც სასოებას წარიკვეთთ, დღე და ღამე ღმერთს მოუწოდეთ ხოლმე შესაწევნად თქვენს ლოცვა-ვედრებებში, და სახიერი ღმერთი ზეგარდმო შეწევნას მოგივლენთ იმის შეცნობაში, თუ რა უნდა გააკეთოთ და როგორ მოიქცეთ. არა სცეთ „ძილი თვალთა თქვენთა და ჰრული წამთა თქვენთა და განსვენებაი ხორცთა თქვენთა, ვიდრემდის ჰპოოთ თქვენ საყოფელი უფლისაი და ღმრთისა იაკობისი“ (ფსალმუნი 131,4-5); არამედ საღმრთო მოშურნეობით აღივსეთ და იგულმოდგინეთ იმისთვის, რომ საკუთრი თავი განწმენდილი შესწიროთ ღმერთს მსხვერპლად, რათა მისი ხილვის ღირსი შეიქნათ, რადგან როგორცპავლე მოციქული ამბობს, სიწმიდის გარეშე ვერავინ ვერ იხილავს ღმერთს (ებრ. 12,14).

29. ყველა წმიდანნი უფლისა მიერ, როცა ხედავენ ჩვენს საქმეთ, - რომ მცონარენი ვართ და ჯეროვნად არ გულვმოდგინეობთ ჩვენს ღვაწლში, - იურვიან, იგლოვენ და ტირიან. ხოლო როცა ხედავენ, რომ წესიერად გვიპყრია სჯული და სულიერ სრულყოფილებაშიც ავღორძინდებით, მაშინ მათ უხარით, და ამ სიხარულში გამუწყვეტელ ლოცვა-ვედრებას აღუვლენენ შემოქმედს ჩვენთვის, რათა არ დავკარგოთ ის, რაც გვაქვს დაკიდევ უფრო მეტიც შეგვეძინოს. და უფალიც კმაყოფილია ჩვენი სათნოებითა და კეთილი საქმეებით ისევე, როგორც თავის წმიდანთა მოწმობითა და ლოცვითი ღვაწლით, და ამიტომ კიდევ უფრო გულუხვად აღგვავსებს ჩვენ მადლით.

30. ვინც მთელის სულით და გულით, მთელი თავისი არსებით არ შეიძულებს ყოველივე იმას, რაც ნივთიერი და მიწიერი სხეულისათვის არის დამახასიათებელი, ვინც არ მოიძაგებს ყოველგვარ ხორციელ მოძრაობას და მოქმედებას, და ვინც თავის გონებას ყოველთა მამას არ აღაპყრობას ზეცად, იგი, ამგვარი ადამიანი, ვერ მოიპოვებს სულიერ ხსნას. ხოლო ვინც იქმს ყოველივე ამას და შეიძულებს ყოველივე ამქვეყნიურს, მის შრომასა და ღვაწლს მოწყალედ შეიწყნარებს ჩვენი უფალი, რომელიც უხილავ და უნივთო ცეცხლს მომადლის მის სულს. ამ ცეცხლით დასწვავს მასში არსებულ ყველა ვნებასა და ბილწ გულისწადილს და ამ სახით მთლიანად განსწმედს მის გონებას. და მაშინ, ასეთ ადამიანში დამკვიდრდება უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს სული და მარად მასთან ერთად ჰგიებს, ასწავლის რა ჯეროვან თაყვანისცემას მამისა. მაგრამ ვიდრე ჩვენ თანადავტკბებით ჩვენს ნივთიერ ხსეულთან ერთად ამქვეყნიური სიამეებით, მანამდე ღმერთს მტრები ვართ, მისი ანგელოზებისაც და წმიდანებისა., ჰოდა, ამიტომ გევედრებით თქვენ ყველას, ქრისტესმიერნო ძმანო, გემუდარებით, ნურასდროს ნუ დასცხრებით შრომისაგან და ნუ მოადუნებთ ღვაწლს თქვენს ამაქვეყნიურ ცხოვრებაში! სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი გთხოვთ მარად იზრუნეთ თქვენი სულიერი ხსნისათვის და ნუ მისცემთ წუთისოფელს ნებას მარადიული ცხოვრება წარგტაცოთ, რომელსაც დასასრული არა აქვს; და ამა ხორციელ სხეულსაც ნუ მისცემთ ნებას წარგტაცოთ ნათლის სამეუფო, უსაზღვრო და ენით უთქმელი. ჭეშმარიტად სამშვინველი ჩემი შეძრწუნებულია ხოლმე და სული ჩემი გაქვავებულია, როცა გავიფიქრებ, რომ ღმერთმა თავისუფლება გვიბოძა არჩევანში, რათა წმიდანთა საქმენი ვირჩიოთ თავისთვის და მხოლოდ კეთილი საქმენი ვქმნათ, ჩვენ კი ვნებათაგან და ბოროტ გულისწადილთაგან დამთვრალთ, მსგავსად ღვინისაგან მთვრალთა, არ გვსურს მაღლად ზეცისაკენ სწრაფვით აღვინთოთ ჩვენი გონება და უზენაესი დიდება მოვიპოვოთ; და არ გვსურს წმიდანთა საქმეებს მივბაძთ, ანუ მათს ნატერფალს მივდიოთ კვალში, რათა მათი საქმეების მემკვიდრენი შევიქნათ და მათთან ერთადვე მოვიპოვოთ საუკუნო მემკვიდრეობა.

31. თქვენ, ძმანო, უდიდესი სიკეთის ღირსი შექმნილხართ, რაკი ეს მადლი მიგიღიათ, თქვენში რომ არის აწ - სურვილი მონაზონური მოღვაწებისა. მაგრამ ამასთანავე ჯერ-არს თქვენთვის იმის სახელით იღვწოდეთ დაუზარებლად, „რომელმან მომხედნა ჩვენ აღმოსავალმან მაღლით“ (ლუკა 1,79), რათა წმიდა და შეუგინებელ მსხვერპლად თანა-ვექმნათ მას. ჩვენ ვიცით, თუ როგორ დაეცა ჩვენი ბუნება თავის თავდაპირველ სიმაღლეთაგან და როგორ აღმოჩნდა იგი დამცირებისა და სიგლახაკის უფსკრულში; მაგრამ ისიც ვუწყით, თუ როგორ ევლინებოდა მას, ჩვენს დაცემულ ბუნებას, ყოვლადმოწყალე ღმერთი მოსეს ხელით დაწერილი თავისი სჯულის საშუალებით, და აგრეთვე სხვა წინასწარმეტყველთა პირით გამოთქმული თავისი ნების საშუალებით; დაბოლოს, კარგად ვიცით ისიც, თუ როგორ მოიმოქმედა ღმერთმა ეს უკანასკნელ ჟამს თავისი მხოლოდშობილი ძის მეშვეობით, ვინც უზენაესი წინამძღვარია ჩვენი მღვდელთმთავრებისა და ჭეშმარიტი მკურნალი ჩვენი, და ვისაც, ერთადერთს, ძალუძს განკურნოს ჩვენი სისიკვდინე სნეულება. ვიცით, რომ მან ჩვენი ბუნება მიიღო, ადამიანის ხორცი შეიმოსა და თავისი ნებით მისცა თავი თვისი ჩვენთვის და ჩვენი ცოდვებისათვის, და ამ სახით, თავისი სიკვდილით გვიხსნა ჩვენ სიკვდილისაგან. მაშ, ჩაუღრმავდით ჩვენი შემოქმედის დადგინებებს და გულმოდგინედ განიხილეთ მისი ბრძანებები, გულისხმა ყავით მისი მოსვლა ჩვენთან შინაგან და გარეგან კაცად, რაიც მას შემდეგ აღესრულა, როცა ჩვენ, მანამდე გონიერნი, უგუნურ ვიქმენით და დავემონეთ ნებას მტრისა - ბოროტის-მოქმედისა, სიცრუის მამისა.

32. რა უსასრულოდ დიდია ბოროტი სულების რაოდენობა და რა ურიცხვია მათგან მომდინარე მზაკვრება-მანქანებანი! ისინი ხომ მას შემდეგაც არ გვანებებენ თავს, როცა დაინახავენ, რომ უკვე შეგვიცვნია ჩვენი ვნებები, ჩვენი შერცხვენა და ვცდილობთ განვერიდოთ ბოროტ საქმეებს, ეშმაკნი რომ შეგვამთხვევენ; როცა იციან, რომ ყურსაც აღარ ვათხოვებთ ხოლმე მათს ბოროტ რჩევებსა და შეგონებებს. და არათუ თავს არ გვანებებენ, არამედ მეტის განძვინებითაც შეუდგებიან ხოლმე თავის ბოროტ საქმეს - ჩვენს ცთუნებას, რადგანაც იციან თავიანთი ხვედრი და მემკვიდრეობა - ჯოჯოხეთი, რაც საბოლოოდ განაჩინა მათთვის ღმერთმა იმის გამო, რომ მათ უკიდურესად შეიძულეს ღმერთი და მოშორდნენ მას. ნეტამც განახვნას უფალმა თვალნი თქვენი გულებისა, და თქვენც დაინახოთ, თუ რა დიდზე-დიდია დემონთა მზაკვარებანი და ყოველდღე რაოდენ მრავალრიცხოვან ბოროტებას მიგვამთხვევენ ისინი! და ნეტამც მოგმადლოთ ყოვლადმოწყალე ღმერთმა მხნე, მღვიძარე გული და სული გონიერებისა, რათა შეიძლოთ ცხოველ და უცოდველ მსხვერპლად მიუძღვნათ ღმერთს საკუთარი თავი - ყველაზე დიდი მსხვერპლი შესაწირავთაგან, და რათა ყოველთვის განიკრძალოთ თავი დემონთა შურისაგან და მათი ბოროტი რჩევებისაგან, მათი ფარული მზაკვარებისაგან და მათი შენიღბული გაბოროტებისაგან, მათი მაცთური სიცრუისაგან და ღვთისმგმობი ზრახვებისაგან, მათი მახვილი შეგონებებისაგან და მართალს შემგვანებული რჩევებისაგან, რომელთაც ისინი ყოველდღე შთაგვიდებენ გულში! ერიდეთ მრისხანებასა და ცილისწამებას, რისკენაც ბოროტი სულები გვიბიძგებენ; ერიდეთ იმას, რომ საკუთარი თავი განიმართლოთ, სხვა კი, მოყვასი, განსაჯოთ და ბოროტს იტყოდეთ ერთმანეთის გამო; ერიდეთ იმას, რომ ერთმანეთთან ტკბილი ენით ისიტყვოთ, გულში კი ამ დროს გაბოროტებულნი იყოთ, რათა არ დაგმოთ გარეგანი თქვენი მოყვასისა, და საკუთარ თავში კი მტაცებელი მხეცი იყოლიოთ; ნუ შეეკამათებით ერთმანეთს, და ნუ აღუდგებით წინ მოყვასს, რათა საკუთარი თავი მაღლად გამოაჩინოთ და სხვებზე მართლად მოჩანდეთ. ყოველი ადამიანი, ვინც სიამოვნებით ტკბება თავისი ბოროტი ზრახვებით, საკუთარი ნებით ეცემა, მსგავსად უკეთური მონისა, რომელიც თანაგრძნობით ხვდება მტრის შეგონებას და, თავს იტყუებს რა, ფიქრიბს მხოლოდ სხვათა დასანახად ქმნული საქმეებით განიმართლოს თავი, გარეგნულად, შინაგანად კი სამკვიდრებელია ბოროტი სულისა, ყოველივე უჯეროს რომ ასწავლის მას. ამგვარი ადამიანის სხეული სამარცხვინო უშვერებითაა აღვსებული,რადგანაც დემონურ ვნებებს ემონება იმის მაგივრად, რომ განდევნოს ისინი თავისაგან. დემონებს არა აქვთ თავისი ხილული სხეული, მაგრამ ჩვენ შევიქნებით ხოლმე მათთვის სხეულებად, როცა სულით მათს ბნელ ზრახვებს ვეზიარებით, რადგან შევიწყნარებთ რა დემონთა ბოროტ ზრახვებს, ამით თვით დემონებსაც ვღებულობთ ჩვენს სულში და სხეულში, რითაც ხილულებად ვხდით მათ.

33. გონიერი და უკვდავი ბუნება არის დაფარული ჩვენს ხრწნად სხეულებში იმისთვის, რომ მასში და მისით გამოავლინოს თავისი მოქმედება.ჰოდა სასაკმევლე საკურთხევლად უნდა ვაქციოთ ეს სხეული, მასში მივიტანოთ მსხვერპლად ყველა ჩვენი ზრახვა და სჯა, ჩვენი ყველა ბოროტი გულისწადილი, წინადავუწყოთ ისინი უფალს, სულით და გულით ავმაღლდეთ მასთან და მთელის არსებით ვევედროთ თავისი უნივთო ცეცხლი მოგვივლინოს ზეგარდმო, რომელიც დასწვავს ყოველივეს, ამ საკურთხეველში მდებარეს და განგვწმედს ჩვენ. და თუ ამგვარად მოხდება, დიდი შიში დაეცემა ჩვენს მოწინააღმდეგეთ, და ისინი ისევე წაწყმდებიან თქვენი ხელით, როგორადაც ელია წინასწარმეტყველის ხელით წაწყმდნენ მისი ბოროტისმყოფელნი (3მეფეთა 18, 25 და ამის შემდგომი). და მაშინ ვიხილავთ სულიერი თვალით კაცს, ამომავალს ღვთაებრივ წყალთაგან, იმას, ვინც იქმს ჩვენზე დიდ წყალობას - სულიერ წვიმას გვაწვიმებს, ანუ დაგვარწყულებს ჩვენ ნუგეშისმცემელი სულით თვისით.

34. ამპარტავნების მიზეზით თავის ზეციურ ხარისხს მოკლებული და დაცემული ეშმაკი განუწყვეტლივ ამძაფრებს ძალისხმევას იმ ადამიანთა დასაღუპად, რომელთაც მთელის არსებით მოსურვებიათ უფალს მიეახლონ, და ამას იმისავე საშუალებით აკეთებს, რითაც თვითონ დაეცა. - ანუ ამპარტავნებითა და ამაო დიდების მოყვარებით. ამითვე გვებრძვიან დემონები, რომლებიც ჩვენს სულებში ამპარტავნების გაღვივებით და სხვა მზაკვარებათა გზით ცდილობენ ღმერთს მოგვაშორონ. გარდა ამისა, სხვა ხერხსაც მიმართავენ ჩვენს წინააღმდეგ: იციან რა, რომ ძმისა და მოყვასის მოყვარულ ადამიანს, უპირველეს ყოვლილსა, ღმერთი უყვარს, ბოროტი სულები ერთმანეთისადმი სიძულვილსშთაგვიდებენ გულში და ხშირად იქამდეც კი მიდიან თავის ამ მზაკვარებაში და იმდენს აღწევენ, რომ ზოგიერთ ჩვენგანს დასანახადაც კი სძაგს თავისი მოყვასი და სულიერი ძმა, ანდა ორიოდ სიტყვის თქმაც არ სურს მის შესაწევნად. მრავალს, ნამდვილად ღირსეულ და დიდ მამას უღვაწია სათნოებისათვის და მრავალნი ღირსეულნივე დამაშვრალან კეთილი საქმეებისათვის, მაგრამ ბოლოს, თავიანთი უგულისხმობით თავი დაუღუპიათ. და სულაც არ იქნება საკვირველი, რომელიმე ჩვენგანსაც რომ დაემართოს იგივე, როცა, ვთქვათ, შრომათაგან დავცხრებით და ვიფიქრებთ, რა ბევრი ქველის საქმე მოგვიმოქმედია სათნოებით აღვსილთო. და აი, თუკი ასეთი საქმე გვეწევა, ვუწყოდეთ, რომ ეშმაკის ამ სნეულებაში ვართ შთავარდნილი - ცუდად განვიდიდებთ თავს და ამპარტავნებას დამონებულნი ვგონებთ, უფალს მივახლებივართ და მის ნათელში ვჰგიებთო. სინამდვილეში კი, თურმე წყვდიადითა ვართ მოცული და განა სხვამ რამ აიძულა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან სერობის დასასრულს აღმდგარიყო, „დაედვა სამოსელი თვისი, ...მოერტყა არდაგი, ...წყალი შთაესხა საბანელსა და ეწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა“ (იოანე 13,4). თუ არ იმ განზრახვამ, რომ სიმდაბლის მაგალითი მოეცა ჩვენთვის?! დიახ, სიმდაბლე და მორჩილება გამოგვიხატა უფალმა თავისი ამ მოქმედებით საიდუმლო სერობაზე, და გვითხრა, რომ ვისაც სურს ღვთაებრივ სიმაღლეთ ეწიოს და პირველთა შორის იყოს შერაცხილი ღმრთის მიერ, სხვაგვარად ვერ მიაღწევს საწადელს, თუ არ მხოლოდ სიმდაბლით. აკი თავდაპირველადაც ამპარტავნების გამოისობით გარდამოცვივდნენ ზეცით ანგელოზნი - ნათლის სულებიდან ბნელ, ბოროტ სულებად ქცეული ზეციური არსებანი! ამრიგად, თუკი ადამიანში არ იქნება სრული სიმდაბლე და მორჩილება, სიმდაბლე სრული გულით, სრული გონებით, სრული სულით, სრული სამშვინველით და სრული სხეულით, მაშინ ასეთი ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს.

35. თუკი მართლაც წრფელად გვსურს ჩვენს შემოქმედს შევუდგეთ, აუცილებელია იმისთვისაც ვიღვაწოთ, რომ სული ჩვენი ვნებათაგან და გულისწადილთაგან გავინთავისუფლოთ სულიერი სჯულის თანახმად, რადგანაც ჩვენი ბოროტი საქმეების, ვნებათაგან ტკბობისა და ეშმაკის სხვა მრავალრიცხოვანი საცთურის მიზეზით ძლიერ დასუსტებულია ჩვენი გონიერი ძალა და მიყუჩებულია ჩვენი სულების კეთილი მისწრაფებანი. გულისწადილთა და ვნებათა მიზეზით, ჩვენ რომ შეგვიპყრობენ ხოლმე, აღარ ძალგვიძს ჭეშმარიტი მშვენიერების შეცნობა და ჩვენი სულიერი ბუნების მოთხოვნილებათა დანახვა. და არსით არ არის ჩვენთის ხსნა, თუ არ უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს მიერ, როგორც ამას პავლე მოციქული ბრძანებს: „და ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ“-ო (1კორ. 15,22). უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ხსნა და სიცოცხლე ყოველი გონიერი ქმნილებისა რომელიც მის მიერ სახედ და ხატად ღმრთისად დაბადებულა (დაბ. 1,27).

36. ჩვენ უფლის წმიდანთა სახელები გვქვია გაჩენის დღიდან და მათივე სამოსით ვართ შემოსილი ბერ-მონაზვნულ ღვაწლში შესვლის დღიდან, რითაც თავი მოგვაქვს ურწმუნოთა და უძლურ ადამიანთა წინაშე, მაგრამ იმაში კი სულ არ გულსვმოდგინებთ, რომ სათნოებასა და კეთილი საქმეების ქმნაშც მივბაძოთ წმიდანებს. და მე მეშინია, იმ ადამიანების არ ვემსგავსოთ, რომელნიც, პავლე მოციქულის სიტყვით, უკანასკნელ დღეებში იცხოვრებენ ამქვეყნად და რომელთაგანაც განშორებასაც უბრძანებს თავის მოწაფეს ტიმოთეს, რრადგან მათ სხვა მრავალ ბოროტებასთან ერთად, „აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაი და ძალსა მისსა უარჰყოფდნენ“-ო (2ტიმ. 3,5). მაშ, დაე, მოგმადლოთ თქვენ უფალმა გულისხმის-ყოფა იმისა, თუ რას წარმოადგენს თავისი არსით თქვენს მიერ მიღებული ნიჭი სიცოცხლისა, რათა ამ სიცოცხლის სულისმიერი მოქმედებით ღირსი შეიქნათ უხილავი მემკვიდრეობის მიღებისა! რათა ყოველი ჩვენი საქმე , შეძლებისდაგვარად, უფლის საქმის თანხმიერად ვაკეთოთ! აი, ამის ქმნაა ჩვენი მოვალეობა, იმიტომ, რომ ასეთი ქმედება ჩვენი თვდაპირველი ბუნებისთვისაა დამახასიათებელი - ღმერთმა ხომ თავისთვის შეგვქმნა ჩვენ. ასე რომ, უფლის ნების თანახმიერად ცხოვრება არის ჩვენი უმთავრესი მოვალეობა ამქვეყნად, და თვინიერ ამისა სხვა არაფერი არ უნდა მოეთხოვებოდეს ჩვენს სათნოებას. ვინც სრულის სულით და გულით ემსახურება ღმერთს და მთელის არსებით ეძიებს მას, იგი თავის თავდაპირველი ბუნების მიხედვით და უფლის ნების თანახმიერად მოქმედებს; ხოლო ვინც რაიმე ცოდვას სჩადის, იგი გაკიცხვისა და დასჯის ღირსია, იმიტომ, რომ ეს უცხოა მისი თავდაპირველი ბუნებისათვის და უფლის ნებასაც ეწინააღმდეგება.

37. იმ დღიდან მოყოლებული, როცა უფალმა ჩემმა იესო ქრისტემ თავისი სახიერებისა და მოწყალებისა გამო განაღვიძა ჩემი გონება მომაკვდინებელი ძილისაგან, ფრიადი იყო ჩემი გოდება და უნუგეშო ოხვრა-კვნესანი ჩემნი ადამიანის უძლურებისათვის. ხშირად ვფიქრობდი ხოლმე, და ახლაც ვფიქრობ ჩემს გულში - განა რისი მიცემა შეგვიძლია ჩვენ უფლისთვის ყოველივე იმის სანაცვლოდ, რაც მას მოუმოქმედია ჩვენი ხსნისათვის?! აკი ანგელოზებს უბრძანა ჩვენთვის ემსახურათ, თავის წინასწარმეტყველთ განუჩინა ეწინასწარმეტყველათ ჩვენთვის, თავის წმიდა მოციქულებს კი უბრძანა წმიდა სახარება ექადაგათ ჩვენთვის. მაგრამ ყოველივე ამას დიდად აღემატება თვით მისი საქმე, როცა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ქვეყნად ჩვენი ხსნისათვის და სიკვდილადაც არა ჰრიდა მისთვის. მაშ, განაღვიძეთ თქვენი გონება ძილისაგან და აღანთეთ თქვენი გულები ღმრთის მოშიშებისათვის. უწყოდეთ, რომ იოანე ნათლისმცემელი და წინამორბედი უფლისა წყლით სცემდა ნათელს და სინანულად მოუწოდებდა ადამიანებს, რათა განემზადებინა უფლისა ჩვენის იესო ქრისტესმიერი ნათლობა, რომელიც სულიწმიდის ძალითა და ღვთაებრივი ცეცხლით აღესრულება. როცა ღირს ვიქმნებით უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს ნათლობის მიღებისა, კეთილ საქმეთა მოშურნეობით აღვივსოთ, რათა ჯეროვან მსხვერპლად მოვუტანოთ საკუთარი თავნი ჩვენს შემოქმედს.სულიწმიდა, შემოსული ჩვენში ქრისტესმიერი ნათლობით,ძალას გვაძლევს სიწმიდით ვმოქმედებდეთ და კვლავ აღგვიყვანს პირველყოფილ მდგომარეობამდე, რათა ღირსნი შევიქნათ მარადის არსებული მემკვიდრეობის მიღებისა. უწყოდეთ, რომ ვინც ამ ნათლობას იღებს ქრისტესას, ქრისტესვე შეიმოსავს, რადგან სულიწმიდის მადლით აღივსება, როგორც ამას პავლე მოქიცული ბრძანებს: „რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ. არა არს ჰურიაება,არცა წარმართება, არა არს მონება, არცა აზნაურება, არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქვენ ყოველნივე ერთ ხართ ქრისტე იესუის მიერ“ (გალატ.3,27-28). მაშასადამე, როგორც მონაში,ისევე თავისუფალ ადამიანში, როგორც მამაკაცში, ასევე ქალშიც, როგორც კი ისინი მიიღებენ ამ მადლს სულიწმიდისას, მაშინვე განქარდებიან და ძალას ჰკარგავენ ეს ხორციელი განსხვავებულობანი. და სულიწმიდა იმ დროსვე, როცა იგი წინდი შეიქნება ქრისტეთი შემოსილთათვის საუკუნო ზეციური სასუფევლის დასამკვიდრებლად, ამასთანავე იმასაც ასწავლის მათ, თუ როგორ ჯერ-არს მამა ღმერთის თაყვანისცემა და განდიდება სულიერად და ჭეშმარიტებით, როგორც ეს სახარებაშია ნათქვამი: „...მოვალს ჟამი, დასწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყვანისმცემელნი თაყვანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაიცა ეგევითართა ეძიებს თაყვანის-მცემელთა მისთა. სულ არს ღმერთი, და თაყვანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყვანის-ცემაი მისი“ (იოანე 4,23-24).

38. მე ვლოცულობ თქვენთვის, რათა თქვენც ღირს-იქმნათ იმ დიდი ცეცხლოვანი სულის მიღებისა, რომელიც მე უკვე მიმიღია. და თუკი მართლაც მთელის გულით გსურთ აღივსოთ მისით, და ისე, რომ იგი თქვენში დარჩეს, პირველ ყოვლისა ხორციელი საქმენი მოიმოქმედეთ და გულის სიმდაბლე შეიძნეთ. განუწყვეტლივ,დღითა და ღამით აღავლინეთ ზეცად თქვენი გულისზრახვანი და წრფელი გულით ეძიებდეთ ამ ცეცხლოვან სულს, და იგი მოგემადლებათ თქვენ. ამგვარად მიიღეს ღმერთის სული ელია თეზბიტელმა და ელისემ მსგავსადვე სხვა წინასწარმეტყველებისა. ვინც ასე მოიქცევა და ამ სახით განამზადებს საკუთარ თავს ღმრთის სულის მისაღებად, მას ეს ცეცხლოვანი სული სამარადჟამოდ მოემადლება. მაშ, სრულის გულით ილოცეთ და მძაფრი ძიებით ეძიეთ, და ღმრთის სული მოგეცემათ თქვენ, რადგანაც იგი მართალ და წრფელ გულებში დაივანებს ხოლმე. და როცა მიიღებთ მას, მისი ძლით უმაღლესი საიდუმლოებანი გაგემხილებათ. მისივე ძლით განიდევნება თქვენგან შიში ადამიანთა და მძვინვარე მხეცთა წინაშე, და მარად, დღე და ღამე თქვენში ზეციური სიხარული იქნება დამკვიდრებული. და ამქვეყნადაც კი, ამა წარმავალ ხრწნად სხეულებშიც კი, იმათ მსგავსად იქნებით, ვინც უკვე ზეციურ სასუფეველში ჰგიებს.

39. თუკი ადამიანს ღმერთის სიყვარულის მოხვეჭა სურს ყველა სხვა მოსახვეჭელზზე მეტად, იგი, უპირველეს ყოვლისა ღმრთის შიშით უნდა აღივსოს; შიში ღმრთისა ტირილად აღძრავს მას საკუთარი ცოდვების მონანიებისათავის, ტირილი და სინანული კი სიმხნევეს დაჰბადებენ მასში. და როცა ყოველივე ეს აღესრულება ღმერთის მეძიებელ ადამიანში, და მისი სული მომწიფდება ღმერთის სიყვარულისთვის, მაშინ იგი ყოველივეში კეთილი ნაყოფის გამოღებას დაიწყებს. და შემოქმედი ღმერთიც, იხილავ სრა ადამიანის სულში ამ კეთილმშვენიერ ნაყოფთ, თავისკენ მიიზიდავს ამგვარ სულს როგორც რჩეული გუნდრუკის სურნელს; უხარის მას თავის ანგელოზებთან ერთად ამგვარი ადამიანის გამო, მარადის აღავსებს მასაც ამ სიხარულით და დაიფარავს მას ყოველ გზაზე, რათა მშვიდობით და უხიფათოდ მიაღწიოს თავისი საუკუნო განსვენების ადგილსამყოფელს. აი, მაშინ კი, ხედავს რა ადამიანს ამგვარად გარემოცულს უზნაესი მცველის მიერ, ეშმაკი ვეღარ დაესხმის თავს მას. და მიახლებისაც კი ეშინია ეშმაკს ასეთი ადამიანის სულთან ამ დიადი ძალის შიშით. მაშ, ეცადეთ, ძმანო მოიპოვოთ ეს ძალა , რათა ყველა დემონს ეშინოდეს თქვენთან მოახლოებისა! რათა გაგიადვილდეთ თქვენს მიერ კირთებული ღვაწლის ზიდვა და რათა ტკბილ-გეყოთ თქვენ ყოველივე ღვთაებრივი! ეს სიტკბოება ღვთაებრივი სიყვარულისა ხომ ბევრისბევრად აღემატება თაფილს გოლეულის სიტკბოს. მრავალი ბერ-მონაზონი, ერთ საძმოებში რომ ცხოვრობენ, და ერთად მცხოვრები ქალწულნიც მათ მსგავსადვე, ფიქრობდნენ, რომ უკვე აღვსილნი არიან ღვთაებრივი სულით, სინამდვილეში კი მათ მცირედიც არ უგემნიათ ამ ღვთაებრივი სიყვარულის სიტკბოება და არც არასოდეს ყოფილან აღვსილნი მისით; მათ არავითარი მცდელობა არ გამოუმჟღავნებიათ მის შესაძენად და ამიტომ ღმერთმა არც მოჰმადლა მათ თავისი სული. ასე რომ, მხოლოდ ის ადამიანი მიაღწევს საწადელს და ღვთის შეწევნით მოიპოვებს ღმერთის სიყვარულს, ვინც მთელისარსებით ცდილობს ამას. რადგანაც ღმერთი თვალ-ღებით არ განსჯის და არ არის მიკერძოებული. და როცა ადამიანი, მოსურნე ღვთაებრივი ნათლით და ძალით აღვსებისა, უგულებელჰყოფს ამაქვეყნიურ შევიწროებასა და დამცირებას, მოიძაგებს ყოველგვარ პატივსა თუ დიდებას, შეიძულებს ყოველივე საეროს და თავის სხეულსა და სულს, ნამდვილი სიმშვიდის მოსაპოვებლად, განსწმედს ყოველგვარი ბოროტი ზრახვებისა და სურვილებისაგან, რათა ღმერთს მიუძღვნას მთლიანად თავი განუწყვეტლივ მომტანმა მარხვისა და დღეღამური სინანულის ცრემლთა მსხვერპლისა, ისევე როგორც წმიდა ლოცვეიბის მსხვერპლისა, აი, მაშინ, როცა ყოველივე ამას იქმს, ღმერთი უხვად მომადლის ადამიანს თავის ძალას. აი, სწორედ ამ ძალის მისაღებად იგულსმოდგინეთ, ძმანო, და მაშინ თქვენს ყველა საქმეს სიმშვიდით და სიადვილით აღასრულებთ, დიდ გაბედულებას შეიძენთ ღმერთის წინაშე და იგიც თქვენს ყველა სათხოვარს მოწყალედ აღასრულებს.

40. ღმერთი შეისმენს ხოლმე სრულის გულით მის მოყვარულთა და მეძიებელთა ვედრებას და კეთილად შეიწყნარებს მათს ყველა სათხოვარს. ხოლო იმ ადამიანთა თხოვნას, რომელნიც სრულის გულით არ მიეახლებიან მას, და გაორებულნი გულით ყოველილვეს ამაო დიდების მოყვარეობითა და კაცთა წინაშე გამოსაჩენად იქმან, რათა შექება მიიღონ, - ასეთთა ვედრებას ღმერთი არ შეიწყნარებს, და უფრო მეტიც - რისხვით აღივსება მათს მიმართ. და რადგანაც ამგვარ ადამიანთა საქმენი ამაო და მოჩვენებითია, მათზე ფსალმუნთა ეს სიტყვებიც აღსრულდება: „მუნ შეეშინა მათ შიში, სადა-იგი არა იყო შიში, რამეთუ ღმერთმან განაბნინა ძვალნი კაცთ-მოთნეთანი. ჰრცხვენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხ-ყვნა იგინი“-ო (ფსალმუნი 52,6). ამ მიზეზის გამო ღვთაებრივი ძალა არ მოქმედებს ასეთ ადამიანებში და ყოველ საქმეში მათ სიმტკიცე აკლიათ; რა ღვაწლსაც არ უნდა შეუდგნენ, ჭეშმარიტი მოშურნენიც ვერ იქნებიან. მათ არ უწყიან ღვთაებრივი სიტკბოება, წმიდა სიმშვიდე დაჭეშმარიტი სიხარული. ასე რომ, მრავალნი არიან ჩვენს მოდგმაში, ბერ-მონაზვნებში ისეთნი, რომელთაც არ მიუღიათ ღმერთს ეს ძალა, სიტკბოების მომნიჭებელი ადამიანის სულისთვის, დღითიდღე სულ უფრო მზარდი სიმხნევითა და სიხარულით რომ აღავსებს მას და ღვთაებრივ ცეცხლს აღაგზნებს მასში. ასეთ ბერ-მონაზვნებს იმის გამო გამოსცდის და აცთუნებს ბოროტი სული, რომ ისინი, როგორც ზემოთ ვთქვი, თავიანთ ყოველ საქმეს ადამიანთა მოსაჩვენებლად აღასრულებენ. თქვენ კი, ძმანო, როცა თქვენი შრომის ნაყოფთ დაუდებთ წინ უფალს, ეცადეთ განიშოროთ თავისაგან მზვაობარი სული და ცუდად არ განიდიდოთ თავი; განუწყვეტლივ ებრძოლეთ მას, რათა უფალმა კეთილად შეიწყნაროს თქვენი შრომის ნაყოფნი, მისთვის რომ მიგიძღვნიათ, და რათა ზეგარდმო მოგივლინოთ თქვენ ის ძალა, რომელიც მხოლოდ ღვთის რჩეულთ მოემადლებათ. ნურასდროს ნუ შესწყვეტთ წინააღმდეგობას ამ ბოროტი მზვაობარი სულისადმი,რადგან როგორც კი ადამიანი კეთილ საქმეთა ქმნას და მშვენიერ ღვაწლთ შეუდგება, ეშმაკიც მაშინვე მის გვერდით გაჩნდება ხოლმე, რათა ან თანამონაწილედ ექმნას საქმეში, ანდა სულაც განაშოროს კეთილი განზრახვისაგან. ეშმაკი ვერ ითმენს მართლიად, კეთილმსახურად მოქმედ ადამიანს და ყველას ეწინააღმდეგაება, ვისაც კი სურს უფლის ერთგული იყოს. მრავალს, უძლურთ, იგი სულაც არ მიუშვებს სათნოების გზამდე, განზრახვაშივე განაშორებს კეთილ საქმეთაგან, სხვებს კი უფრო გულმოდგინეთა და მოშურნეთ თანამონაწილე უხდება მათს საქმეებში და ამ გზით ღუპავს მათი შრომის ნაყოფებს. ამასთან, ასწავლის რა იმგვარად აღასრულონ ხოლმე კეთილი საქმეები და მოწყალებანი, რომ თავი მოჰქონდეთ და ზვაობით აღივსონ მათს გამო. ამგვარი ადამიანების ხილვისას მრავალნი ფიქრობენ, რომ ისინი აღსავსენი არიან სულიერი ნაყოფებით, სინამდვილეში კი იმ უბადრუკთ არავითარი ნაყოფი არ გამოუღიათ ისეთი, ღმერთს რომ სათნო-ეყოს, და იმ ლეღვის ხეს მიმსგავსებიან, რომელიც შორიდან ისე, მოჩანს, თითქოს მრავალი ტკბილი ნაყოფით იყოს დახუნძლული, სინამდვილეში კი უნაყოფოა. და ღმერთი არამხოლოდ მოაკლებს ამგვარ ადამიანებს თავისი ღვთაებრიობის შეუდარებელ სიტკბოებას, არამედ განახმობს კიდეც თავისი სიტყვით, რადგან ვერ ნახულობს მათში სასურველლ ნაყოფს. ამიტომ თქვენ, ძნანო, როცა სულიერ ღვაწლს შეუდგებით, ეცადეთ შეეწინააღმდეგოთ თქვენში მძვაობარ სულს და დაამარცხოთ იგი. და თუ ასე მოიქცევით, თქვენში შემოვა ძალა ღმრთისა, რომელიც შეწევნას მოგიტანთ ამ ბრძოლაში, თქვენთან დარჩება და ყოველთვის აღგავსებთ თქვენ გულმოდგინებით, ღვთის მოშურნეობით და იმ ზენაარი სითბოთი, რომელზე ძვირფასიც ამა ქვეყნად არა არის რა. თუკი რომელიმე ჩვენგანი დაინახავს, რომ არ არის დაჯილდოებული ზეგარდმო ამ სითბოთი, დაე ეცადოს მოიძიოს იგი, და მისი შრომა ამაოდ არ ჩაივლის. ეს ღვთაებრივი სითბო მინავლებულ ცეცხლსა ჰგავს, რომელსაც სულის შებრვითთ გავაღვიძებთ და აღვაგზნებთ ხოლმე, რათა მასზე ზეთი ავადუღოთ: სულის შებერვით ზეაღმსწრაფი ალი ცეცხლისა თავის ბუნებრივ ძალას შეიძენს და ზეთსაც აგვიდუღებს. ამის მსგავსადვე, როცა თქვენ დაინახავთ, რომ არაგულმოდგინებისა და მცონარების მიზეზით თქვენი სულები მინავლებული და გაცივებულია, იჩქარეთ კვლავ აღაგზნოთი ისინი და ცხარე ცრემლებიც ღვარეთ ამისთვის. და ის ზენაარი ცეცხლი უსათუოდ მოგევლინებათ თქვენ და შეუერთდება თქვენს სულებს - აღვსილნი ამ ცეცხლით თქვენ აადუღებთ თქვენს სათნოებას და კეთილ საქმეებსაც განასრულებთ. აი, განა დავით წინასწარმეტყველმაც, როცა დაინახა, რომ სული მისი დამძიმელულა და განგრილებულა, ასე თქვა;“და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქვეყანაი ურწყული შენდამი“-ო (ფსალმუნი 142,4-6). ხედავთ, როცა დაუმძიმდა გული, დავით მეფე შეძრწუნებული და მეტად შეწუხებული იყო ამით, და იგი იქამდე ეცადა, სანამ კვლავ არ აღინთო მის სულში ღვთაბრივი ცეცხლი. ასე რომ, მან ღმერთს მადლიერებით შეჰღაღადა: „განმზადებულ არს გული ჩემი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი; გაქებდე და გიგალობდე დიდებითა ჩემითა“ (ფს. 107,2). აი ამგვარი, დღისით და ღამით დაუმცხრალი მცდელობითა და ზრუნვით, დავითი კვლავ აღდგენილ იქნა უწინდელ ხარისხში ღვთაებრივი მადლისა. ამ სახედვე მოიქეცით თქვენც, ძმანო, როცა საკუთარ გულს შეგრილებას შეატყობთ, რათა ერთსულოვანი იყოთ ყველანი გულის განმზადებაში ღვთაებრივი ნათლისა და ცეცხლის მისაღებად.

41. მარად ილოცვიდეთ, რათა ღმერთმა მოგანიჭოთ მადლი ყოველივეს ნათლად ხილვისა და გულისხმისყოფისა, რათა მართლიად შეგეძლოთ გარჩევა სიკეთისა და ბოროტებისა. პავლე მოციქულსაც ხომ ეს უწერია, რომ „...სრულთაი არს მტკიცე იგი საზრდელი, რომელთა წესითა მით გონებანი წურთილნი ჰქონედ განრჩევად კეთილისა და ბოროტისა“ (ებრ. 5,14).ეს ის ბერმონაზვნები არიან, რომელთაც ხანგრძლივი და გულმოდგინე ღვაწლით გაწვრთნეს თავიანთი გრძნობები და ზრახვები სიკეთისა და ბოროტის მართლიად გასარჩევად, რისი წყალობითაც სასუფევლის მემკვიდრეებად შექნილან და ღვთსშვილებად დაწერილან. ღმერთმა ყოველს საქმეში მოჰმადლა მათ სიბრძნე და გულისხმისყოფა, რათა ვერ აცთუნონ ისინი ვერც ადამიანებმა და ვერც დემონებმა. კარგად უწყოდეთ, ძმანო, რომ მტერი ღმერთის ერთგულ ადამიანებს იმით გამოსცდის, რომ კეთილის სახით ეცხადება და ნათლისანგელოზად იმოსება; მრავალთაც ეშმაკი სწორედ იმის გამო შეაცდენს ხოლმე, რომ მათ არ შეუძენიათ ჭეშმარიტი სიბრძნე და გულისხმისყოფა ბოროტისა და კეთილის განრჩევაში. ამიტომაც იყო, რომ ნეტარმა პავლე მოციქულმა, როცა შეიცნო გონების ეს სიმდიდრენი. თავის ერთგულთათვის რომ განუმზადებია შემოქმედს და სიდიადითაც რომ ვერაფერი შეედრება ამქვეყნად, ასე მისწერა თავის ეფესელ მოწაფეებს: „ღმერთმან და მამამან უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესმან, ღმერთმან დიდებისამან მოგცეს თქვენ სული სიბრძნისაი და გამოცხადებისაი მეცნიერებითა მისითა. და განანათლნეს თვალნი გულისა თქვენისანი, რაითა იცოდეთ თქვენ რაი-იგი არს სასოებაი ჩინებისა მისისაი, და რაი-იგი არს სიმდიდრე დიდებისა მკვიდრობისა მისისაი წმიდათა შორის, და რაი-იგი არს გარდამატებული სიმდიდრე ძლიერებისა მისისაი ჩვენდა მომართ მორწმუნეთა შეწევნისაებრ სიმტკიცისა ძლიერებისა მისისა“ (ეფეს. 1,17-19). ესენი ისეთი მორწმუნეები არიან, რომელთაც ხანგრძლივი ღვაწლით შეუძენიათ ღვთაებრივი სიბრძნე. და ღმერთმა მისცა მათ ჭეშმარიტი გულისხმისყოფა და მეცნიერება თავისი უზომო სიყვარულისა გამო ადამიანისადმი, რადგან თუკი ჩვენ მივაღწევთ ამგვარ მდგომარეობას სულისას, მაშინ აღარავითარი სიძნელე აღარ შეგვხვდება აქმქვეყნიურ გზაზე და არც აღარაფრის შიში გვექნება; ხოლო ამისწილ სიხარული უფლისა მიერ დღე და ღამე გვანუგეშებს ჩვენ და ყოველგვარი შრომა ყოველ ჟამს სიტკბოებად იქცევა ჩვენთვის. მრავალნი ბერ-მონაზონთაგან და ქალწულ დედათაგან, რომელნიც სენაკებში განმარტოებული ცხოვრებით შესდგომიან სულიერ ღვაწლთ, ვერ აღწევენ ამგვარ მდგომაარეობას სულისას. და თქვენც, ძმანო, თუკი გსურთ მიაღწიოთ სულის ასეთ მდგომარეობას, რაც უზენაესი სრულყოფილებაა, განუდექით, მოშორდით ხოლმე ყველას, ვინც ბერ-მონაზვნის სახელს ატარებს, ხოლო ღვთაებრივი ნათელხილვა და გულისხმისყოფა კი არ შეუძენია; რადგანაც თუკი თქვენ ასეთი ადამიანების გვერდით იქნებით და მათს ცხოვრებას გაიზიარებთ, ისინი არ მოგცემენ საშუალებას წარმატებულად იღვაწოთ ღვთაებრივი სიბრძნის შესაძენად. უფრო მეტიც, ისინი ჩაახშობენ თქვენს მგზნებარებას, იმიტომ, რომ თვით მათში არავითაარი მგზნებარება არა არის, არამედ არის მხოლოდ სიცივე, გულგრილობა და მცონარება, და ამის მიზეზი ის არის, რომ ასეთი ბერ-მონაზვნები თავიანთ გულისწადილთ არიან დამონებული. ამრიგად, თუკი ამგვარნი მოვლენ ხოლმე თქვენთან და თავიანთი სურვილისამებრ საერო, ამაო საუბრებს გაგიბამენ, არ დაეთანხომთ მათ, არ აჰყვეთ ფუჭსიტყვაობაში და უმალვე ზურგი შეაქციეთ, რადგან პავლე მოციქულიც ხომ ასე გვეუბნება:“სულსა ნუ დაავსებთ. წინასწარმეტყველებათ ნუ შეურაცხ-ჰყოფთ’(1თესალონიკ.5, 19-20). ჰოდა, უწყოდეთ, რომ სული სხვა არაფრით ისე არ დაივსება და ჩაქვრება თქვენში, როგორც ამაო საერო საუბრებით.

42. ყოველს გონიერ ქმნილებაში - გინდ მამაკაცი იყოს ის და გინდ ქალი, - არისძალი სიყვარულისა, რომლისძლითაც ადამიანებს უნარი აქვთ მიემთხვიონ სიყვარულს ღვთისასაც და კაცისასაც. ღვთივ სულიერთ - ღვთაებრივი უყვართ ყოველივეში, ხორციელთ კი - სხეულებრივი და ნივთიერი. ღვთაებრივის მოყვარულნი განიწმენდენ გულებს ყოველივე არაწმიდისაგან და თავს განიშორებენ ამა წაარმავალი ქვეყნის საქმეთაგან; მათ სძულთ ეს ქვეყანა და საკუთარი სამშვინველნი, თავიანთ ჯვარი უტვირთავთ ქედს და უფალს შესდგომიან ყოველივეში მის ნებას დამორჩილებულნი და მისი ბრძანებისამებრ მოქმედნი. ამიტომაც ასეთ ადამიანებში ღმერთი მკვიდრდება და იმ სიხარულსა და სიტკბოებას მოჰმადლის მათ, რომელიც სულს კაცისას გამოზრდის, დაარწყულება და ააღორძინებს. როგორადაც ხეებს არ ძალუძთ ზრდა და ნაყოფის გამოღება, თუკი ბუნებრივი წყლით არ მოირწყვებიან, ასევე ადამიანის სულსაც არ შეუძლია ზრდა-აღორძინება, თუკი ზეციური სიტკბორბით არ იქნება დარწყლულებული. ასე რომ, მხოლოდ ის სულნი იზრდებიან და აღორძინდებიან, რომელთაც სულიწმიდა მიუღიათ და ზეციური სიტკბოებით ნუგეშ-ცემულან.

43. ხშირად გაიმეორეთ ხოლმე, რომ ცოდვილნი ხართ, და ყოველთვის სტიროდეთ იმის გამო, რაც მცონარებისა და არაგულმოდგინების ჟამს მოგიმოქმედიათ. ამ ღვაწლისათვის ღვთის კურთხევა იქნება თქვენზე და მისი მადლი იმოქმედებს თქვენში, რადგანაც ღმერთი სახიერია და ყველას მიუტევებს ცოდვებს, ვინც კი მისდა მიიქცევა, სულ ერთია როგორიც არ უნდა იყოს იგი. ღმერთი დაივიწყებს თქვენს ცოდვებს და არასდროს არ გაგახსენებთ მათ, მაგრამ მას სურს, რომ თქვენ მარად გახსოვდეთ თქვენი ცოდვები,რათა, სხვაგვარად, ისეთი რამ არ მოიმოქმედოთ, რის გამოც იძულებული გახდებით იმ ძველ ცოდვათა გამოც მისცეთ პასუზი შემოქმედს, რომელნიც მოგეტევათ. ასე ხომ იმ მონას შეემთხვა, რომელსაც ბატონმა მთლიანად აპატია ვალი, მაგრამ როცა მონამ დაივიწყა ეს წყალობა და უსამართლოდ მოეპყრა თავის მსგავსსავე მონას, რომელსაც მისი ვალი ჰქონდა, მაშინ ამის შემტყობმა ბატონმა გაუხსენა ძველი ვალი, რომელიც მანამდე ეპატიებინა და მთლიანად მოსთხოვა იგი. და ასე იმიტომ მოიქცა, რომ ცოდვილმა მონამ არ შეიბრალა თავისი მსგავსი მონა და არ აპატია მას ასი დინარი - სრულიად უმნიშვნელო თანხა იმასთან შედარებით, რაც თვითონ ემართა ბატონისათვის და რაც აპატიეს (მათე 18,23). მაშ, ერიდეთ, რომ თქვენც ამ მონის მსგავსად არ მოიქცეთ და მისივე ხვედრი არ გაიზიაროთ! ანდა გავიხსენოთ წმიდა დავით მეფეც: როცა მან ჰურიის ცოლთან შესცოდა და მხილებულ იქნა ნათან წინასწარმეტყველის მიერ ამისთვისაც და იმ საქმისთვისაც, რაც მან ამ ქალის ქმარს უყო, - ანუ იმისთვის, რომ მოაკვლევინა იგი, - დავით მეფემ, რა წამსაც მოისმინა მხილება, მაშინვე შეინანა და ბედს დამორჩილდა, რის გამოც ნათან წინასწარმეტყველმაც უმალვე მიუგო: „და უფალმანცა მიგიტევნა შენ ცოდვანიშენნი, რათა არა მოჰკვდე“-ო (2მეფეთა 12,13). მაგრამ მიუხევავად იმისა, რომ ცოდვათა მოტევების ღირსი იქმნა, დავით მეფე მაინც არასდროს არ ივიწყებდა თავის ცოდვებს და როგორც ვიცით, ჩვენც, მის შთამომოვლებსაც დაგვიტოვა ხსოვნა მათი. და ეს იქმნა ყველა ხალხისათვის სამახსოვროდ და დასამოძღვრად, რათა თაობიდან თაობას გადასცემოდა საგულისხმო მაგალითი. აკი თვითონვე ამბობდა: „ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ“-ო (ფს.50, 15), რათა ყველა ცოდვილს მისი მაგალითით ესწავლა ასეთივე მონანიება საკუთაარი ცოდვებისა, და არც მას შემდეგ დაევიწყათი ისინი, როცა ღმერთის შენდობას მიიღებდენენ. ის, რომ მარად უნდა გვახსოვდეს ჩვენი ცოდვები, თვით ღმერთმა გვითხრა ესაია წინასწარმეტყველის პირით: „...ცოდვათა შინა შენთა და უსამართლოებათა შინა შენთა წარმოსდეგ შენ. მე ვარ, მე ვარ იგივე აღმხოცელი უშჯულოებათა შენთა და ცოდვათა შენთა პირველთა, რაითა განმართლდე, ხოლო შენ მოიხსენნე და იტყოდე შენ უსჯულოებათა შენთა, და მე არღა მოვიხსენნე“ (ესაია 43,24-26). ასევე გვეუბნება ღმერთი იერემია წონასწარმეტყველის საშუალებითაც: „...მოიქეცით ჩემდამო სახლობა ისრაელისა, და არ განვიმტკიცო პირი ჩემი თქვენ ზედა, რამეთუ მოწყალე ვარ მე, და არა ძვირისმხსენებელი თქვენი უკუნისამდე. ოდენ ცან უსამაართლოება შენი, ვითარმედ უფლისა მიმართ, ღმრთისა შენისა, უთნო იქმენ და გარდასთხიენ გზანი შენნი უცხოთა მიმართ ქვეშე ყოვლილსა ხისა ვარჯოვნისა, ხოლო ხმისა ჩემისა არა ისმინე“-ო (იერ. 3,12-13). ამრიგად, როცა უფალი მოგვიტევებს ცოდვებს, ჩვენ თვითონ არ უნდა მივუტევოთ ისინი საკუთაარ თავს და მარად გვახსოვდეს ჩვენი შეცოდებანი, ხოლო ამის გაკეთებას იმ შემთხვევაში შევიძლებთ, თუკი ყოველდღე განვაახლებთ ჩვენს სულებში სინანულს მათს გამო.

44. ჭეშმარიტად დიდებულია სულიერი მოღვაწეობა, და ამ ღვაწლში მოსაგრეთ მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავთ. ვისაც ნამდვილად სურს სრულყოფილებას მიაღწიოს ამგვარ მოღვაწეობაში, იგი არანაირ ბოროტს არ უნდა დაემონოს. ვინც რაიმე ცუდს ემონება, იგი დიდად არის მოშორებული სულიერ სრულყოფილებას.

45. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი დამდაბლებით თავისი ღვთაებრიობისა, ადამიანური ბუნებით დაჰფარა თავისი ღმრთეება. ასე რომ, ყველანი მას როგორც ადამიანს, ისე აღიქვამდნენ, სინამდვილეში კი იგი არამხოლოდ ადამიანი იყო, არამედ განკაცებული ღმერთი, როგორადაც წმიდა სახარებაში სწერია: „და სიტყუაი იგი ხორციელ იქმნდ და დაემკვიდრა ჩვენ შორის“-ო (იოანე 1,14). მაგრამ ამ განკაცებით უფალი არ მოჰკლებია თავის ღმრთეებას და უამღმრთეებოდ არასდროს არ დარჩენილა თავისი ამქვეყნიური ცხოვრებისა და ვნების ჟამს, რაც აუცილებელი იყო ჩვენი, ცოდვილი და მოკვდავი ადამიანების ხსნისათვის.

46. მრავალს, სულიერ ღვაწლთ შედგომილს, უთქვამს - მეც ისევე მიხილავს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, როგორადაც მას წმიდა მოციქულები ჭვრეტდნენო. ასე უთქვამთ მათ თავიანთი უგუნურებისა გამო, რადგან როცა ამას ჰგონებდნენ, საკუთარ თავს აცთუნებდნენ მაშინ, და სულაც არ ჰქონდათ იმგვარი თვალები, რომ იმგვარადვე ეხილათ უფალი, როგორადაც მას მოციქულები ხედავდნენ. აი, მოციქულმა პავლემ კი სწორედ იმგვარად იხილა უფალი იესო ქრისტე, როგორადაც მოქიცულები ხედავდნენ, რომლებიც მის გვერდით იყვნენ და მაშინ იწამეს იგი ღმერთად, როცაუფალი, ბოროტ ბრბოსაგან გაარშემორტყმული და შეურაცხყოფილი ჯვარზე სავნებლად ვიდოდა და როცა ყველა დანარჩენნი ისე უყურებდნენ მას, როგორცადამაინს. როცა სისხლით მდინარმა დედაკაცმა სახარებისა სულიერი თავლებით დაინახა უფალი და ირწმუნა, იგიაო ჭეშმარიგტი ღმერთი, და ამ რწმენით შეახო ხელი მისი სამოსის კალთას, იგი უმალვე განიკურნა თავისი სნეულებისაგან, რომელიცწლების მანძილზე სტანჯავდა. და როცა უფალმა იკითხა - ვინ შემეხოო, - ეს იმის გამო კი აარ გააკეთა, რომ, თითქოს, არ იცოდა რა მოხდა, არამედ იმისთვის იკითხა ასე, რომ ყველასათვის განეცხადებინა ამ უბრალო დედაცაცის დიდი რწმენა. პეტრე მოციქულმაც აკი უთხრა უფალს, ამდენი ხალხი მოგვეჯარა, გვავიწროებს, და შენ კითხულობ, ვინ შემეხოო? მაგრამ თვით იმ დედაკაცმა გაამხილა თავი და საჯაროდ აღიარა თავისი განკურნვა სნეულებისაგან. და მაშინ უფლამაც ასე უთხარ მას: „ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ; ვიდოდე მშვიდობით“-ო (ლუკა 8,48). პილატესაც უხილავს უფალი ხორციელი თვალებით, ანნა და კაიაფა მღვდელმთავრებსაც, მაგრამ ისინი იმგვარადვე ხედავდნენ მას, როგორადაც ის ბოროტი ბრბო ხედავდა, და არა მსგავსად წმიდა მოციქულთა. ამიტომაც იყო, რომ არც პილაატესა და არც სხვებს არავითარი სარგებლობა თავისი სულისთვის არ უნახავთ იმაში, რომ უფალს ხედავდნენ. პავლე მოციქულმა კი, რომელმაც სულიერი თვალებით იხილა უფალი, თავისი დიდი რწმენის ძლით იწამა იგი ჭეშმარიტ ღმერთად, მსგავსად ზემოთმოხსენიებული სისხლითმდინარი დედაკაცისა, რწმენით რომ შეახო უფლის სამოსელს ხელი და უმალვე განიკურნა.

47. როცა ადამიანში ცოდვის მეუფება განქარდება ხოლმე, მაშინ მის სულს ღმერთი ეცხადება და განწმედს მას სხეულთან ერთადვე. ხოლო თუკი სხეულში კვლავაც მეუფებს ცოდვა, მაშინ ადამაინს არ ძალუძს ღმერთის დანახვა, რადგანაც მისი სული ისეთი სხეულითაა შემოსილი, რომელშიც ნათელი არ არის, უამისოდ კი ღმერთის ხილვა შეუძლებელია. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „... შენგან არს, უფალო წყაროი ცხორებისაი და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი“-ო (ფსალმუნი 35,10). მაშ, რა ნათელია ეს, რომლითაც ადამიანი ნათელს ხედავს? - ეს ის ნათელია, რომელსაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე იხსენიებს წმიდა სახაარებაში, როცა ამბობს: „... უკუეთუ ყოველი გვამი შენი ნათეელ არს და არარაი აქვნდეს ადგილი რაიმე ბნელისაი, იყოს იგი ყოვლად ნათელ, ვითარცა-იგი სანთელი ელვითა განგანათლოს შენ“ (ლუკა 11,36). უფალმა აგრეთვე ისეც გვითხრა: „...და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაი ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისა უნდეს ძესა გამოცხადების“-ო (მათე 11,27). ხოლო წყვდიადის შვილებს ძე არ გამოუცხადებს თავის მამას, არამედ მხოლოდ იმათ გამოუცხადებს, რომელნიც ნათელში ჰგიებენ და ნათლის შვილებად იწოდებიან - იმათ, რომელთა სულიერი თვალები განუნათლებია უფალს მცნებათა შეცნობით და თავის დადგინებათა გულისხმის-ყოფით.

48. ფსალმუნში (41,5) წერია: „...განვვლო მე ადგილსა საყოფელისა საკვირველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა ხმითა სიხარულისაითა და აღსარებისაითა, ხმითა მედღესასწაულეთაითა“. ეს გავლა საკვირველისა დგილსამყოფელისა მოასწავებს შემდგომ მსვლელობას სულისას და იმას ნიშნავს, რომ ადამიანის სულმა სრულყოფილებას მიაღწია, რადგანაც აქ იგი უკვე მიახლებია ღმერთს, მაშინ, როცა მანამდე მისი მსვლელობა ჯერ კიდევ ძალზე მოშორებული იყო ღმერთს. ნუ გავიკვირვებთ ამას, რომ ჩვენი ამჟამინდელი მსვლელობა სულიერი სრულყოფილების გზაზე ჯერ კიდევ ძალზე მოშორებულია ღმერთს, იმიტომ, რომ სულიერად ჩვენ ჯერ კიდევ ყრმანი ვართ. ჩვენ ვიცით, რომ ელიასაც, ამ დიდი ძალის წინასწარმეტყველსაც უთხრა ანგელოზმა: „აღდეგ და ჭამე, რამეთუ გრძელ არს შენდა გზაი იგი“-ო (3მეფ. 19,7); ხოლო ელია ღმერთის სახილველად მიემართებოდა მთაში. სწორედ ამ სიგრძეს ღმერთსაკენ მიმავალი გზისა გულისხმობდა დავით მეფეც, როცა ამბობდა; „ვინმცა მცნა მე ფრთენი ვითარცა ტრედისანი, და ავფრინდე მე და განვისვენო“-ო. (ფს. 54,7). ამიტომაც ეს გზა უდებებით და მცონარებით მოუძლურებულებმა კი არ უნდა განვვლოთ, არამედ ღვაწლთა შორის გულმოდგინებითა და საღმრთო მოშურნეობით. მსოფლიოს ხალხთა მასწავლებელი წმიდა პავლე მოციქული ამბობს: „მე უკვე აწ ესრეთ ვრბი, ვითარცა არა უჩინოდ; ესრეთ ვიჭირვი, ვითარცა არა ჰაერსა ვსცემ. არამედ აღვიკრძალავ ხორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხვათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო“-ო (1კორ. 9,26-27). მაშ, ჩვენც ასე ვიაროთ ამ გზაზე, სანამ ჯერ კიდევ დრო გვაქვს ამქვეყნად მცხოვრებთ ამ ჩვენს სხეულებში, რათა ნეტამც, იმ სრულყოფილებას მივაღწიოთ, რომელსაც პავლე მოციქულმა მიაღწია, რომელიც ამბობს: „... აწ ესერა მეშევიწირვი, და ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაი მოიწია. ღვაწლი კეთილი მომიღვაწებიეს, სრბაი აღმისრულებიეს, სარწმუნოებაი დამიმარხავს. ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გვირგვინი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყვარეს გამოჩინებაი მისი“ (2ტიმ. 4,6-8).

49. როგორადაც ადამიანის სხეული გაივლის სამ ასაკს სანამ მასში სული იმყოფება, - კერძოდ კი : ჩასახვასა და დასაწყისს რწმენისა, წარმატრებულობას რწმენაში ცხოვრებისა და სრულყოფილების მიღწევას. პირველ ასაკში, როცა სულში რწმენა ისახება და არსებობას იწყებს, სული იბადება ქრისტეში, როგორც ეს სახარებაშია ნათქვამი. წმიდა მოციქულმა იოანემ მოგვცა ნიშნები როგორც ამ ახალდაბადებისა, ასევე სულის საშუალო მდგომარეობისა და მის მიერ სრულყოფილების მიღწევისა. აი, რას წერს იგი თავის პირველ ეპისტოლეში (2,12-14): „მივსწერ თქვენდა, შვილნო, რამეთუ მიგიტევებიან თქვენ ცოდვანი თქვენნი სახელითა მისითა. მივსწერ თქვენდა მამანო, რამეთუ იცანთ პირველი იგი , მივსწერ თქვენდა, ჭაბუკნო, რამეთუ გიძლევიეს ბოროტისადა. მივსწერ თქვენდა, ყრმანო, რამეთუ იცანთ მამაი, მივწერე თქვენდა, მამანო, რამეთუ იცანთ პირველი იგი. მივწერე თქვენდა ჭაბუკნო, რამეთუ ძლიერ ხართ და სიტყვაი ღმრთისაი თქვენ თანა დადგრომილ არს და თქვენ გიძლევიეს ბოროტისადა“. ამრიგად, წმიდა მოციქული თავის ხორციელ მეგობრებს კი არ მისწერდა ხარების სიტყვებს, არამედ ღმერთის მორწმუნეებს, და ამასთანვე გამოხატავდა იმ სამ მდგომარეობას, რომელნიც სულიერი სრულყოფილებისაკენ მსწრაფველმა ადამიანებმა უნდა გაიარონ, რათა ღმერთისაგან სრული მადლის მიღების ღირსნი შეიქნან.

50. ვინც სულიერ ცხოვრებას შეიყვარებს, მან იოსების სიწმიდესა და თავშეკავებას უნდა მიბაძოს; პირველ ყოვლისა, თვალის გულისთქმა დაიურვოს და ყველა იმ ბოროტი გულისწადილის წინააღმდეგ შეიარაღდეს, რომელთაც მზაკვარი მტერი აღვივებს მასში და სწორედ ამ მტრისაგან აქვთ ძალა, რათა მის შესახებაც შეიძლებოდეს თქმა იობის სიტყვებისა: „აჰა, ეგერა, ძალი მისი წელთა მისთა და ძლიერებაი მისი უპესა მუცლისასა“-ო (იობ. 40,11). ამიტომაც ყოველმა სულიერ ღვაწლთა შორის მოსაგრემ და შეიარაღებულმა ამ ხორციელ გულისწადილთა წინააღმდეგ წელზე უნდა შემოირტყას სარტყელი მკაცრი თავშეკავებისა და სიწმიდით დაიცვას თავი. საღმრთო წერილში ნათქვამია, რომ ანგელოზმა, რომელიც იაკობს ეჭიდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, ბოლოს მის ბარძაყის ძარღვს შეახო ხელი და დაუბუშა, რისი მიზეზითაც მოუძლურდა იაკობის სხეული და თვით იგი იზრაელად იწოდა, რაც უბრალოდ „ღმერთის მხილველს“ ნიშნავს („რაჟამს იხილა ღმერთი“ დაბ. 32,25-32). ამ სახედვე ჩვენთვისაც ჯერ არს მოვაუძლუროთ ჩვენი სხეულები იმისთვის, რიომ ჩავაცხროთ მასში და სულაც მოვაკვდინოთ ბილწი გულისწადილნი. ხორცის, სხეულის დაუძლურება - საშუალებაა სრულყოფილების მისაღწევად სიწმიდესა და სათნოებაში. სული ადამიანისა მტკიცე და განძლიერებულია ხოლმე, როცა სხეული გათანგული და დაუძლურებულია. მაშ, დავაუძლუროთ ჩვენი სხეულები, რათა ძალი შეგვწევდეს ჯეროვნად დავიმარხოთ თავი! თუკი ჩვენ დავიმონებთ სხეულს და სულის ნებელობას დავუმორჩილებთ მის ყოველგვარ მისწრაფებას, მაშინ ხორციელი გულისწადილნი, რაიც ღმერთის მტრობაა, ჩვენში მოკვდინებული იქნება სხეულთანვე ერთად. და თუ ამას შევიძლებთ, მაშინ ჩვენი სული განათლდება და ტაძრად შეიქმნება ღმრთისა. ვინც ცდილობს წმიდა იყოს მთელი თავისი სხეულით, ყოველი ნაწილითა და ასოთი, იგი ჭეშმარიტად სულიერი მოსაგრეა, და სწორედ ის არის ყველა თავისი გრძნობის გამომწვრთნელი და ბატონ-პატრონი. ასეთი ადამიანი არასდროს არ მისცემს ნებას თავის გულისწადილთ უფლებდნენ მასზე, რადგან ყოველთვის შეკავებული ჰყავს ისინი და უფლის უღლისათვის აქვს მოხრილი ქედი უდიდესი სიმდაბლითა და სიწმიდით. იგი ნებას არ აძლევს თავის ხორციელ თვალებს რაიმე უჯეროს უცქირონ, ანდა ნდომით შეხედონ ქალს; ასევე უფლებას არ აძლევს თავის სასმენელთ სხვათა გაკიცხვისა და გმობის სიტყვები ისმინონ, ანდა ეშმაკის რჩევა და ეშმაკისავე მიერ შთაგონებული ზრახვები შეუშვან სულში თავისი გზით; ბაგეებსაც ბეჭედს ასვამს ამგვარი ადამიანი და ენასაც ნებას არ აძლევს უსაგნო, ამაო სიტყვები წარმოთქვან; ხელებსაც იგი მხოლოდ იმისთვის განიპყრობს და აამოძრავებს, რომ მოწყალებისა და სხვა ქველის საქმენი აღასრულოს; თვის ფერხთაც კი იგი იმ საქმისათვის გარჯის, რომლის შესახებაც წმიდა სახარებაშია ნათქვამი, რომ: „და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“-ო (მათე 5,41). მუცელს და მკერდსაც თვისა იგი ისე იმარხავს, რომ მათი მიზეზით არ დაეცეს და იძულებული არ გახდეს გველივით მიწაზე ხოხვა დაიწყოს, რომელიც სწორედ ჩადენილი დანაშაულისათვის დაისაჯა ღმერთს მიერ და იძულებულია მუცელსა და მკერდზე იხოხოს. აი, ძმანო, ამგვარი უნდა იყოს ჭეშმარიტი მოსაგრის სახე, და ამ სახედ უნდა ცხოვრობდეს იგი.

51. ყოველმა ბერ-მონაზონმა, ვისაც კი ნამდვილად სურს სულიერ ღვაწლთა მოსაგრე იყოს, აუცილებლად იმას უნდა ეცადოს პირველ ყოვლისა, რომ შორს დაიჭიროს თავი ხმაურიანი თავყრილობობისაგან და არასდროს შეერიოს ხალხმრავალ შეკრებებს, რათა თავისი სხეულითაც, გულითაც და გონებითაც შორს იყოს კაცთა შფოთსაგან და გაუთავებელი მღელვარებისაგან, რადგან იქ, სადაც ადამიანები არიან, მუდამ შფოთი და აღერულობაა. თვით უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გვიჩვენა მაგალითი ადამიანთაგან მოშორებისა და განმარტოებისა, როცა სრულიად მარტო მიდიოდა ხოლმე მთაზე სალოცავად. უდაბნოშიც ხომ მარტო იყო იგი ორმოცი დღის განმავლობაში, რომელთა გასულსაც ეშმაკისაგან გამოიცადა და სძლია მას. რა თქმა უნდა, უფალს ისიც ძალუძდა, რომ ხალხმრავალ ადგილასაც დაემარცხებინა ბოროტი გამომცდელი, მაგრამ მან ამჯობინა უდაბნოში მარტოს გაეკეთებინა ეს იმისათვის, რომ ჩვენ, ადამიანები დავემოძღვრეთ. ასე რომ, ყველაზე უკეთ და წარმატებულად ჩვენ განმარტოებასა და მდუმარებაში ძალგვიძს დავამარცხოთ მზაკვარი მტერი და სულიერ სრულყოფილებას მივაღწიოთ. ამ სახედვე თავისი ღვთაებრივი დიდებულება უფალმა ხალხმრავალ ადგილას კი არ გამოუცხადა თავის მოციქულებს, არამედ თაბორის მთაზე აღიყვანა სამი მათგანი და იქ იცვალა ფერი მათს წინაშე და ჭეშმარიტი დიდებით ნათლით მოსილი წარუდგა მოსესთან და ელიასთან ერთად. იოანე უფლილს წინამორბედი და ნათლისმცემელიც უდაბნოში იყოლ მარტოდმარტო გასული, ვიდრე სინანულის ქადაგებით განუცხადებდა თავს ისრაელს. ადამიანთა შორის, ამაქვეყნიურ ამაოებაში მზაკვარი მტრისათვის უფრო ადვილია ჩვენი შევიწროება ათასგვარ მანქანებით, გარეგანითაც - ხილულით, და შინაგანითაც - უხილავით. სწორედ ადამიანთა შორის, საერო ცხოვრებაში მიიმხრობს ხოლმე ეშმაკი ცალკეულ ადამიანებს, დაიმორჩილებს მათ, თავის ხელისშემწყობად და თანაშემწეებად აქცევს ღმერთის ერთგულთა წინააღმდეგ ბრძოლაში; ვთქვათ, რომელიმე ურცხვი დედაკაცი ეშმაკის ხელში მეტად საშიში იარაღად იქცევა ხოლმე მორწმუნეთა წინააღმდეგ, როცა ეშმაკისავე დახმარებით ფართოდ გაშლის თავის ცთუნებათა ბადეს. ასეთვე იარაღად იქცევიან დემონთა ხელში ცრუნი, ცილისმწამებელნი და სხვა უძლური ადამიანები. წინასწარმეტყველი ეზეკიელიც, როცა მან ოთხი ცხოველი იხილა, რომელთაც ოთხ-ოთხი პირისახე ჰქონდათ და თითოეული მათგანი ღმერთის დიდებას განაცხადებდა, არც ქალაქში იმყოფებოდა და არც სოფელში მაშინ, არამედ შორს ადამიანებისაგან, უკაცრიელ ველად, რადგან უფალმაც ასე უბრძანა: „აღდეგ და განვედ ველად და მუნ ითქვას შენდამი“-ო (ეზეკ. 3,22). და საერთოდაც ამ სახის ხილვები და ღვთაებრივი გამოცხადებები სხვაგვარად არ მოემადლებოდა წმიდანებს, თუ არ მთებსა, უდაბნოებში თუ სხვა უდაბურ ადგილებში. წინასწარმეტყველმა იერემიამაც, რაკი კარგად უწყოდა, თუ როგორ სთნავს უფალს განმარტოება მოსაგრისა, ასე თქვა:“ სახიერ უფალი მითმინეთა მისთათვის, სულმან, რომელმან იძიოს იგი. კეთლ არს დათმენაი და სასოებაი მაცხოვარებისა უფლისაი. კეთილ არს მამაკაცისა, ოდეს აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა მძიმე. და დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს, რამეთუ აღიღო თავს ზედა თვისსა უღელი მძიმე“ (იერ.გოდ. 3,25-28). კვალად იერემიამვე, რაკი ასევე კარგად უწყოდა, თუ რა დიდ ვნებას აყენებს ცრუ ადამიანთა ცილისწამება თუ ჭორი ყველა იმათ, ვისაცსურს სათნო-ეყოს ღმერთს, ვერ შეიკავა თავი და ასე თქვა თავისი ხალხისათვის: „ვინ მომცეს მე უდაბნოსა შინა სადგური უკანასკნელი? და დაუტევო ერი ჩემი და წარვიდე მისგან, რამეთუ ყოველნი იმრუშენენ კრებულნი შეურაცხმყოფელთანი. და მორთხმულ-ყვნეს ენაი მათი, ვითარცა მშვილდი. ტყუვილი და არასარწმუნოებაი განძლიერდა ქვეყანასა, რამეთუ ბოროტთაგან ბოროტთა მიმართ გამოვიდეს და მე არა მიცნეს“ (იერემ. 9,2-3). ასევე ელია წინასწარმეტყველიც ღირს იქმნა ზეგარდმო ანგელოზთაგან მიეღო საზრდო, და ეს ადამიანთა შორის კი არ მოხდა, ქალაქში სადმე ანთუ სოფელში, არამედ უკაცრიელ უდაბნოში, წმიდა ელიას სრული განმარტოების ჟამს. ყველა ეს და მრავალი სხვაც ამის მსგავსი მაგალითი, რაც წმიდა მამათა თუ დედათა ცხოვრებიდან ვიცით, იმისათვის დაწერილა, რომ ჩვენ, მომავალი მორწმუნეები დაგვმოძღვრონ და მათს მისაბაძად აღგვძრან, ვისაც განმარტოება უყვარდა, რადგანაც სწორედ განმარტოებას ძალუძს ღმერთს მიგვაახლოს. მაშ, ეცადენით, ძმანო, განმტკიცდეთ განმარტოებაში და იმგვარად იყოთ ამ ღვაწლში, როგორადაც ჯერ-არს, რათა განმარტოებამ ღირსი შეგქმნათ თქვენ ღმერთის ხილვისა და სულიერი ჭვრეტის მადლისა.

52. მსურს ისიც გითხრათ, ძმანო, თუ რისი მსგავსია სული მოსაგრისა, რომელშიც ღმრთის ცეცხლი დანთებულა. ასეთი სული ორფრთოსან ფრინველს ჰგავს, მაღლად ცაში რომ დაფრინავს. ყველა ქმნილებისაგან ღმერთისა, ამქვეყნად მხოლოდ ფრინველთათვისაა დამახასიათებელი ფრენის უნარი და ფრთები. ფრთები კი ადამიანის სულისა, რომელიც ღმერთს დამორჩილებია, არის ზემისწრაფება მასში დანთებული ღვთაებრივი ცეცხლისა. ამ ფრთების საშუალებით ძალუძს სულს მაღლა ზეცისაკენ აფრინდეს. ხოლო თუკი მოაკლდება ამ ფრთებს - ღვთაებრივ ცეცხლს, მაშინ აღარც ზეაღსვლა შეეძლება ღმერთთან, რადგან მოაკლდება მასთან ზიარებას და ფრთებმოკვეცილ ფრინველს დაემსგავსება, დაბლა მიწაზე რომ მოკუნტულა და უძლურია აფრინდეს. და კიდევ იმასაც გეტყვით, რომ ადამიანის სული კიდევ იმითაც წააგავს ფრინველს, რომ მასაც უფლის რწმენაში დასაბადებლად ღვთაებრივი სითბო სჭირდება ისევე, როგორც ფრინველი ჩეკავს თავისი კვერცხებიდან ბარტყებს თავისივე სხეულის სითბოთი. როგორც ბარტყს არ ძალუძს სითბოს გარეშე მოევლინოს ამ ქვეყანას, ასევე ადამიანის სულსაც არ შეუძლია დაიბადოს ქრისტეს მიერ ღვთაებრივი ცეცხლის გარეშე. ასე რომ, ღმერთი, მოიცავს რა და განათბობს რა თავის მორჩილ და ერთგულ სულებს, ამასთან სულიერი ცხოვრებისათვის აღანთებს მათ და ასწავლის კიდეც ამგვარ ცხოვრებას. ჰოდა, როცა შეიმეცნებთ ამ სახით, რომ ღმერთს შედგომილი და მისი მორჩილი სული ფრინველს ჰგავს, რომლის არსებობა სითბოთი იღებს დასაბამს, არავითარ შემთხვევაში არ მოდუნდეთ და არ დაუშვათ, რომ ეს ღვთაებრივი ცეცხლი მოაკლდეს თქვენს სულებს. იცოდეთ, ძმანო, რომ ამ ღვთაებრიფი ცეცხლის დასაშრეტად თქვენს სულებში ეშმაკი დიდ ბრძოლას გაგიმართავთ და მრავალ მზაკვარებას შეგამთხვევთ, რადგანაც ბოროტმა სულებმა კარგად უწყიან, რომ ვიდრე ეს ღვთაებრივი ცეცხლი გიზგიზებს თქვენში - ღვთის უდიდესი მადლი, ბოძებული ქმნილებისათვის, მათ არაფრით ძალუძთ თქვენი დამარცხება.

53. შეეწინააღმდეგეთ ეშმაკს და ეცადეთ გამოიცნოთ ხოლმე მისი მზაკვარება-მანქანებანი. თავის მწარე შხამს იგი, ჩვეულებრივ, სიტკბოს სახით მალავს, რათა გვაცთუნოს, და ამ მიზნით სხვადასხვა მოჩვენებებსაც მოგვივლენს, გარეგნული სახით მშვენიერთ, რომელნიც სინამდვილეში სულ სხვაგვარნი არიან: ბოროტი სულები მზაკვრულად ბაძავენ ჭეშმარიტებას და ნათლის ანგელოზებადაც გვევლინებიან, რათა ამ გზით აცთუნონ ჩვენი გულები - ჭეშმარიტება ხომ ყველასათვის სანუკვარია და მიმზიდველი სულებისა .ეშმაკის მთელი მანქანება იმისაკენ არის მიმართული, რომ წინ აღუდგეს ღმერთისაკენ მსწრაფველ სულს და ხელი შეუშალოს მას ზეცისაკენ მისწრაფებაში. მრავალ და სხვადასხვა სახის ვნებას და გულისწადილთ შთაუდებს იგი ადამიანის სულს ღვთაებრივი ცეცხლის ჩასაქრობად, რომელიც ამ სულის ძლიერებას შეადგენს. განსაკუთრებით კი ეშმაკი იმით ებრძვის სულიერ ღვაწლთა შორის მომუშაკე ადამიანს, რომ ხორციელლ მოსვენებასა და უშფოთველობას შესძენს. და როცა მზაკვარი სული დაინახავს, რომ მის ყველა ცთუნებას განიშორებენ და არაფერს მიიღებენ მისგან, როცა ყოველგვარი იმედი გადაეწურება მოსაგრის დამარცხებისა, ეშმაკი სირცხვილეული მოშორდება ხოლმე მოსაგრეთ. მაშინ კი ღვთის სული შედის ასეთ ადამიანთა სულებში და დაიმკვიდრებს იქ. და როცა სული ღმრთისა შევა მათში, მაშინ სწორედ შეიძენენ ისინი სიმშვიდესა და მოსვენებას,ანუ უნარს ჭეშმარიტი მშვიდობისმყოფელობისა ყოველ საქმეში, რაც გაუტკბილებს მათ უღლის ტარებას, როგორც ეს წმიდა სახარებაშია ნათქვამი: „აღიღეთ უღელი ჩემი თქვენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქვენთაი“ (მათე 11,29). და მაშინ ასეთი მოსაგრენი, რომელთაც უფლის უღელისათვის მოუხრიათ ქედი და მისი სულით აღვსებულან, დაუცხრომელნი ხდებიან როგორც სათნოების ღვაწლში, ანუ კეთილ საქმეთა აღსრულებაში, ასევე მორჩილებასა და ღამეულ მღვიძარებაში; ისინი არასდროს არ აღივსებიან რისხვით ადამიანურ ამაოებათა გამო, და ამქვეყნად არც არავისი და არაფრის შიში არა აქვთ: არც სასტიკი ადამიანებისა, არც განძვინებული მხეცებისა და არც ბოროტი სულებისა, იმიტომ, რომ უფლისმიერი სიხარული დღე და ღამე არის მათში და განაძლიერებს მათ, განაცხოველებს მათს გონებას და სულიერად ასაზრდოებს. ამ სიხარულის ძლით აღორძნდება უფლის ყოველი ჭეშმარიტი მორწმუნის სული და ყოვლისშემძლე შეიქნება, ანუ სურლყოფილებას მიაღწევს, და სწორედ ამ სიხარულის მეშვეობით ამაღლდება თავის დროზე ზეცად.

54. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვილი იმგვარად იზრდება, რომ თავდაპირველად მხოლოდ დედის რძეს მიიღებს საზრდოდ, შემდეგ სხვა რაიმე ადვილად მოსანელებელ საჭმელს, და ბოლოს, უკვე წამოზრდილსა და მომაგრებულს ნებისმიერი საზრდოს მიღება ძალუძს, რომლითაც კი, საერთოდ მიღებულია იკვებებოდეს ყოველი ზრდადასრულებული ადამიანი. ამგვარად იზრდება ყრმა, ასე ძლიერდება სხეულით, ვაჟკაცდება და მისი გულიც შემდეგ უშიშრად ეგებება მტერს, თუკი ვინმე თავს დაესხმის. მაგრამ თუკი ადამიანს ბავშვობაში რაიმე სნეულება შეხვდება, მაშინ მისი საზრდოობა და განძლიერება სხეულით არ არის წარმატებული, და ასეთს, სხეულით უძლურს, ყოველი მტერი სძლევს და ადვილად დაიმორჩილებს. იმისთვის, რომ განიკურნოს და ძალა შეიძინოს მტერთა ძლევისა, ასეთი ადამიანი იძულებულია გამოცდილი მკურნალის შეწევნით ისარგებლოს და სხვა ადამიანთა მზრუნველობას მიენდოს. ასევე ემართება ადამიანის სულსაც; თუკი მასში არ არის საღმრთო სიხარული,იგი უძლურია და დაწყლულიებული; თუ ასეთი ადამიანი ისურვებს განიკურნოს და მოსძებნის ღვთისმსახურ კაცს, სულიერ მკურნალობაში დახელოვნებლუს, რომელსაც მთლიანად მიენდობა, მაშინ ეს ღვთისმსახური კაცი, უპირველესად ყოვლისა, ვნებებისა და გულილსწადილთაგან განკურნავს ამ უძლურ სულს, აღადგენს სულიერი ცხოვრებისათვის და ასწავლის, თუ როგორ მიიღოს ღმერთის შეწევნით ეს ზეციური სიხარული, - ჭეშმარიტი საზრდო მისი სულისა. აი, სწორედ ამგვარი მკურნალობის შემდეგ შეეძლება უძლურ ადამიანს, უკვე განკურნებულსა და სულით გაძლიერებულს, წინ აღუდგეს თავის მტრებს, ანუ ბოროტ სულებს, სძლიოს მათ და უარყოს მათი ყველა რჩევა-დარიგება, რის შემდეგაც იგი კიდევ უფრო სრული სიხარულით განიხარებს.

55. თავი განიკრძალეთ ბოროტი ეშმაკის რჩევა-დარიგებისაგან, როცა იგი უდიდეს მზაკვრებას მოიშველიებს და მართლიად მეტყველის სახით მოგევლინებათ, რათა გაცთუნოთ და სიცრუეს გწიოთ. თუნდაც ის ნათლის ანგელოზად ცვალებული მოვიდეს თქვენთან, არ ირწმუნოთ მისი და არც არაფერი შეისმინოთ მისგან, რადგანაც ყველა მართალსა და უფლის ერთგულს ეშმაკი ამ სახით ებრძვის: ცდილობს ჭეშმარიტად მოაჩვენოს თავი და მისი მიმზიდველობით მოაჯადოვოს. სრულყოფილებას მიუწევნელმა ადამიანებმა არ უწყიან ეშმაკის ასეთი მზაკვარება, რადგან მათ იმის დანახვაც არ ძალუძღთ, რასაც ბოროტი სული განუწყვეტლივ შთაუდებს მათს სულებს.სრულყოფილმა მოსაგრეებმა, განსაცდელთა შორის გამობრძმედილებმა კი კარგად უწყიან ესეც ეშმაკის მანქანებათაგან, რადგან, როგორც პავლე მოციქული ამბობს - „ხოლო სრულთაი არს მტკიცე იგი საზრდელი, რომელთა წესითა მით გონებანი წურთილნი ჰქონედ განრჩევად კეთილისა და ბოროტისა“ (ებრ. 5,14). ამგვარ სრულყოფილ ადამიანთა ცთუნება ეშმაკს არ ძალუძს, მაგრამ კაცთა მოდგმის მტერი ადვილად აცთუნებს ხოლმე თავისი გარეგნულად მიმზიდველი და ჭეშმარიტს მიმსგაცვსებული სატყუარით იმ მორწმუნეთ, რომელნიც მცირედ ჩაუკვირდებიან საკუთარ თავს; ამგვართ ისევე დაიჭერს ეშმაკი, როგორადაც მეთევზე იჭერს თევზს, როცა ნემსკავს სატყუარათი ფარავს. თევზმა ხომ არ იცის, რომ ამ სატყუარათი ნემსკავია შენიღბული, ამიტომაც მიცურდება მასთან, გადაყლაპავს სატყუარს და იმწამსვე მეთევზის ნადავლი შეიქნება. თევზმა რომ იცოდეს, სატყუარათი რა ხვედრიც არის მისთვის განმზადებული, მაშინ, უეჭველია, აღარ მიუახლოვდებოდა მას, არამედ სწრაფად მოშორდებოდა. ამგვარადვე არასრულყოფილლ მორწმუნეებს იჭერს ხოლმე კაცთა მოდგმის მტერი, როგორც ზემოთ ვთქვით, სრულიად მსგავსი მიზეზისა გამო, და სოლომონ მეფეც ხომ ამასვე ამბობს თავისი ღვთაებრივი სიბრძნით; „არიან გზანი, რომელნი მართალ საგონებელ არიან წინაშე კაცთა, ხოლო უკანაისკნელი მათი ჰხედავს ფსკერსა ჯოჯოხეთისასა“ (იგ.სოლ. 16,2). წინასწარმეტყველ ამოსსაც ხომ უწერია მსგავსი რამ (8,2): „და მრქუა უფალმან:რასა ჰხედავ შენ, ამმოს? და ვთქუ: და აჰა, ჭურჭელი მემახვირისა (ფრინველთ მონადირისა, მახის დამგებისა). და თქვა უფალმან ჩემდამო: მოიწია აღსასრული ერსა ზედა ჩემსა ისრაელსა, არა შევსწირო მერმე თანაწარსვლად მისა“. ფრინველი, იმის შიშით, რომ არ მოინადირონ, მაღლა ჰაერში დაფრინავს და ბუდესაც მოსვენებისა და გამრავლებისათვის მაღალ ადგილებში თუ მიუვალ კლდეებში იკეთებს, სადაც მას უშიშრად სძინავს ხოლმე, რადგან იცის, აქ ვერავინ ვერ მომწვდება და ვერ მომინადირებსო. მაგრამ ჩვენ ხომ ისიც კარგად ვუწყით, თუ რა ხერხსა და ეშმაკობას მიმართავს ფრინველებზე მონადირე, რათა თავის ხაფანგში შეიტყუოს ისინი: მიდის იმ ადგილებში,სადაც ფრინველი ეგულება, ბადეებს აგებს, გამოსაჩენ ადგილას ჰყრის მარცვალს და ამ სატყუარით ჩამოიტყუებს ფრინველს იმ სიმაღლეთაგან, რომელთაც იგი შეჰფარებია; ფრინველიც ჩამოფრინდება, საკენკს მიეტანება და ბადეში გაებმება ხოლმე. ამის მსგავსადვე იქცევა ეშმაკიც, როცა თავისი მანქანებით არასრულყოფილ ქრისტიანებს იჭერს და დაამხობს უკვე მიღწეულ სიმაღლეთაგან. ამგვარადვე იქცეოდა ეშმაკი, როცა გველის სახე მიიღო და უთხრა ევას: „ არა სიკვდილით მოჰკვდეთ, რამეთუ უწყოდა ღმერთმან, ვითარმედ: რომელსა დღესა სჭამოთ მისგანი, განგეხვნენ თქვენ თვალნი და იყვნეთ ვითარცა ღმერთნი - მეცნიერ კეთლისა და ბოროტისა“-ო (დაბად. 3,4-5). ეს სიტყვები რომ მოისმინა, ევას გული გველისაკენ მიიქცა და მას სჯეროდა, რომ მის სიტყვებში ჭეშმარიტება იყო. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ევამ ვერ განსაჯა ისე, როგორადაც ჯერ-იყო. მაგრამ როდესაც თვითონაც იგემა და ადამსაც მისცა საჭმელად აკრძალული ნაყოფი, მაშინ ორივეს უდიდესი უბედურება დაატყდა თავს: ღვთს რისხვა ეწიათ და გადმოგდებულ იქნენ სამოთხის სიმაღლეთაგან. ამგვარადვე ექცევა ეშმაკი არასრულყოფილ ქრისტიანებსაც, რომელთაც არ იციან როგორ განარჩიონ ჭეშმარიტებით კეთილი და ბოროტი, რადგან მხოლოდ თავიანთ სურვილებსა და მიდრეკილებებს მისდევენ და მხოლოდ საკუთარ განსჯას და გონიერებას სჯერდებიან. ისინი თავიანთ მოძღვრებს - სრულყოფილ მამებს კი არ ეკითხებიან რჩევა-დარიგებას, არამედ საკუთარ გულისთქმას აჰყოლიან და ცრუდ ფიქრობენ, უკვე მიგვიღწევია სრულყოფილებისათვის და მიგვიღიაო ჩვენს წმიდა მამათა ლოცვა-კურთხევა. ასეთი, არასრულყოფილი ქრისტიანები იმ ფრინველებს ემსგავსებიან, რომელთაც ბუდეები მაღლა აუშენებიათ, მაგრამ სატყუარით ცთუნებულნი, მიწაზე ჩამოფრენილან, მონადირის ბადეში მოხვედრილან და დატყვევებულან. მსგავსი რამ ასეთ ქრისტიანებს იმის გამო შეემთხვევათ ხოლმე, რომ თავიანთ თავდაჯერებულობაში ყოველთვის გულისწადილთ არიან აყოლილნი და ისე მოქმედებენ, რომ ყველა სურვილი აღისრულონ, ამასთან რჩევას არ ეკითხებიან თავიანთ მოძღვრებს და არც შეისმენენ მათს სწავლა-დარიგებას. ეშმაკი კი, რაკი ამგვართ ჰოვებს მათ, ხილვებსა და მოჩვენებებს მოუვლენს და მათს გულებს ამპარტავნებით აღავსებს. ხშირად ისეთ სიზმრებსაც შთააგონებს ღამით, რომლებშიც ისინი იმგვარადვე ცხოვრობენ, როგორც დღისით, და ამით კიდევ უფრო დიდ ცთუნებაში აგდებს. მაგრამ ამითაც არ კმაყოფილდება ბორიტი სული: ზოგჯერ ღამით იმგვარ ნათელს უჩვენებს მათ, რომ ყოველივე გარშემო განათდება ხოლმე, და ამას იმისთვის აკეთებს, რომ ნათლის ანგელოზად მოაჩვენოს თავი უძლურ ქრისტიანებს. და მრავალს, ამის მსგავსს მოიმოქმედებს ხოლმე ეშმაკი, ხშირად ნიშებსა და სასწაულებსაც კი იქმს, რათა დააჯეროს არასრულყოფილნი, რომ იგი ღმერთის კეთილი ანგელოზია, და რათა ცრუ სიმშვიდით აღავსოს ამის მგონებელნი, და როგორც კი ამგვარი მოსაგრენი ასე მიიღებენ ეშმაკს და მაშინვე არ უკუაგდებენ მას, ბოროტი სული დასცემს მათ მიღწეულ სიმაღლეთაგან. მაშასადამე, მათი დაცემა იმის გამო ხდება, რომი ისინი ამპარტავნების სულს ემონებიან, რომელიც მთლიანად ეუფლება მათ. ამასთან, ეშმაკი კვლავაც ცდილობს დარწმუნებულნი ჰყავდეს ამგვარნი იმაში, რომ ისინი, თითქოს, სულიერად დიდებულნი და სხვებზე აღმატებულნი არიან ღვთს სათნომყოფელ ღვაწლში და არავითარი საჭიროება არა აქვთ რჩევისათვის თავიანთ მოძღვრებს მიმართონ. როგორც საღმრთო წერილი ამბობს, ამგვარი მორწმუნები გარეგნულად მართლაც მიმიზიდველ და მოელვარე მტევნებს ჰგვანან ყურძნისას, რომელნიც სინამდვილეში ჯერ არ დამწიფებულან და მკვახე არიან. მამა-მოძღვართა რჩევა-დარიგებანი მათთვის სამძიმო შექნილა, რადგანაც ამპარტავნებით ამმაღლებელნი თავისა ცრუდ არიან დარწმუნებული - ყოველნვე თვითონაც კარგად ვუწყითო.

56. მტკიცედ უწყოდეთ, ძმანო, რომ ვერ წარემატებით სულიერ ღვაწლში, ვერ გაიზრდებით და ვერ აღორძინდებით, რათა სრულყოფილებას მიაღწიოთ, ვერც ბოროტისა და კეთილის გარჩევის უნარი გექნებათ ჭეშმარიტებით, თუკი არ დაემორჩილებით თქვენს სულიერ მოძღვრებს. ჩვენი წმიდა მამები ხომ თვით იქცეოდნენ ასე: ემორჩილებოდნენ თავიანთ მოძღვრებს და მათს ყველა რჩევა-დარიგებას შეისმენდნენ. ამიტომაც ასე წარმატებულნი იყვნენ სულიერ ღვაწლში, სულიერად გაიზარდნენ და აღორძინდნენ, სრულუყოფილებას მიაღწიეს და თვით შეიქნენ სულიერი მოძღვრები და მამები სხვა მოსაგრეებისა, როგორც ეს ისუ ზირაქის სიბრძნის წიგნში არის ნათქვამი: „ნუ მოშორდები შენს მოძღვრებს და ნუ უარყოფ მათს სწავლას, რადგანაც თვით ისინიც თავიანთ მამათაგან განსწავლულან; ნუ განეშორები მამათა შეგონებებს, და შენც განისწავლები მათგან და გულისხმა-ჰყოფ, თუ რომელ ჟამსა და შემთხვევას როგორი პასუხი მისცე“ (8,11-12). ამრიგად, თქვენ იმ მოსაგრეთ უნდა მიბაძოთ, რომელნიც ყოველივეში მორჩილნი იყვნენ თავიანთი სულიერი მამებისა და მათს ყველა რჩევა-დარიგებას შეისმენდნენ, და რომელთაც, ღვთის შეწევნით, ამ სულიერმა მამებმა ყოველივე კეთილად და ჭეშმარიტებით ასწავლეს, ისევე, როგორც თვით ჰქონდათ ნასწავლი თავიანთ სულიერ მამათაგან და როგორც თვითონაც ასწავლიდნენ ყოველთვის თავიანთ მორჩილ და ერთგულ სულიერ შვილებს. ასე ისააკი კეთილად ემორჩილებოდა აბრაამს, იაკობი - ისააკს, იოსები - იაკობს, ელისე წინასწარმეტყველი - ელია წინასწარმეტყველს, პავლე მოციქული - ანანიას, ტიმოთე - პავლეს... ყველა ესენი და მრაველნი სხვანიც მათს მსგავს მამათაგან ყოველივეში ემორჩილებოდნენ თავიანთ სულიერ მამებს, მათს ნებას აღასრულებდნენ და მათს რჩევა-დარიგებას მისდევდნენ ყოველთვის. ამიტომაც იყო, რომ მათ ასეთი მორჩილებით ჭეშმარიტება შეიცნეს და თვითონაც ყოველს საქმეში ჭეშმარიტების მაცნეებად შეიქნენ, როგორც ამას წინასწარმეტყველი ეზეკიელი ამბობს (3,17): „ძეო კაცისაო, ებგურად მიგეც სახლსა ისრაილისასა, და ისმინო პირისა ჩემისაგან სიტყვა, და უთქმიდე მათ ჩემ მიერ“. ამრიგად, თუკი გსურთ წარმატებულად იღვწოდეთ სათნოებისათვის და უფრო სრულად აღორძინდებოდეთ სულიერად, მარად მშვიდნი და აღუშფოთველნი იყავით გულით, და თუ ამას შეიძლებთ, არასოდეს არ იქნებით სირცხვილეულნი ეშმაკის მიერ; და თუ ეს ნამდვილად გსურთ, ძმანო, მთლიანად დაემორჩილეთ თქვენს სულიერ მამებსა და მოძღვრებს, ყველა მათი რჩევა-დარიგება შეისმინეთ ხოლმე, და თქვენ, ქრისტესმიერი სიმდაბლით შემოსილნი, არასდროს არ დაეცემით.

57. ერთ საქმესაც გეტყვით, ძმანო,რომელიც ერთადერთი ყოფს კაცს მტკიცეს სათნოებასა და კეთილ საქმეთა აღსრულებაში, და ამ სიმტკიცეში დაიცავს მას მთელი ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში. აი, ეს საქმე: გიყვარდეთ თქვენი ღმერთი მთელის სულით, მთელის გულითა და მთელის გონებით, და მას ერთს ემსახურეთ! თუკი ამას შეიძლებთ, მაშინ ღმერთიც მოგცემთ თქვენ უდიდეს ძალას და ჭეშმარიტ სიხარულსაც მოგმადლით, რისი წყალობითაც ღვთს ყოველი საქმე თქვენთვის თაფლის გოლეულივით ტკბილი შეიქნება, და ყველა სხვა საქმეც - სხეულებრივი და ამქვეყნიური: სხვადასხვა ხელსაქმე, გონებრივი საქმიანობა და მღვიძარების ღვაწლი, ანუ საერთოდ, უღელი უფლისა,თქვენივე ნებით რომ დაგიდვიათ ქედს, თქვენთვის მსუბუქი და საამო შეიქმნება. თუმცა კი ღმერთი, თავისი დიდი სიყვარულის გამო ადამიანებისადმი, ზოგჯერ წინააღმდეგობასაც შეგახვედრებთ ხოლმე, რათა ცუდად არ განიდიდოთ თავი და მარად სათნოებისათვის იღვწოდეთ. ამიტომაც არის ხოლმე, რომ სულიერ ღვაწლში წარმატებულ ბერ-მონაზვნებსაც სიმხნევის სანაცვლოდ ზოგჯერ სიმძიმილი და სისუსტე შეიპყრობს, სიხარულის სანაცვლოდ - სევდა-მწუხარება, სიმშვიდისა და მდუმარების ნაცვლად - მღელვარება, სიკტკბოების ნაცვლად - ნაღველი და სიმწარე. მრავალი სხვა ასეთი საქმეც შეხვდებათ ხოლმე ზოგჯერ უფლის ჭეშმარიტ მოყვარულთ. მაგრამ ისინი უნდა შეებრძოლონ ხოლმე ყოველივე ამას საკუთარ თავში და ამით კიდევ უფრო განმტკიცდებიან სულით, და როცა, ბოლოს მთლიანად სძლევენ თავის სისუსტეს, მაშინ სულიწმიდა მოევლინება მათ, დაიმკვიდრებს მათს სულებში და ყოველს საქმეში შეეწევა, და სწორედ ღვთის სულის ძლითა და შეწევნით ამ ჭეშმარიტ მორწმუნეებს ქრისტესას უკვე აღარაფრის შიში არ ექნებათ.

58. სულიწმიდა განუწყვეტლივ გამოსცემს ყველაზე საამო,უტკბილეს და ადამიანის ენით გამოუთქმელ კეთილსურნელებას. მაგრამ ეს საკვირველი სიტკბოება მხოლოდ იმ ადამიანებმა უწყიან, რომელთა სულებშიც ღვთის სული შესულა და დამკვიდრებულა. ხოლო სული ღმრთისა მხოლოდ იმ ადამიანების სულებს აღავსებს თავით თვისით, რომელნიც მრავალი სულიერი ღვაწლითა და კეთილ საქმეთა მოქმედებით ინანიებენ თავიანთ შეცოდებებს. მაშასადამე, სულიწმიდით აღვსება უდიდეს შრომასა და სინანულის ღვაწლს მოითხოვს ღვთის მოშურნე ადამიანისაგან, და ეს არც არის გასაკვირი. ამქვეყნიურ ცხოვრებასიც, ქმნილ სამყაროშც ხომ ჩვენ მრავლად ვხვდებით ამის მსგავს მაგალითებს: მაგალითად, ძვირფასი ქვები სხვაგვარად ვერ შეიძნებიან ადამიანებისაგან, თუ არა უდიდესი შრომით. ჩვენამდე მცხოვრები წმიდანები ნამდვილად ეძიებდნენ ამ სულს ღმრთისას და შეიძინეს კიდეც იგი. და სწორედ ეს სული ღმრთისა არის ის ძვირფალი თვალი, მარგალიტი მრავალსასყიდისაი, რომელიც წმიდა სახარებაში მოიხსენიება (მათე 13,45-46). იგავში ვაჭარზე, ძვირფას მარგალიტთ რომ ეძიებს და როცა ერთს ასეთს ნახავს, უგამორჩეულესსა და ძალზე ძვირადღირებულს, მიდის, მთელს თავის ქონებას გაყიდის და სწორედ ამ ძვირფალ თვალს ყიდულობს. სწორედ სულიწმიდავე იგულისხმება სახარების სხვა იგავშიც იმ საუნჯეზე, რომელიც მინდორში იყო დაფლული, და როცა ვინმე კაცმა ამ მინდვრის მოხვნისას იპოვა ეს საუნჯე, სიხარულით წავიდა, რაც კი ებადა, ყოველივე განყიდა და ეს მინდორი იყიდა (მათე 13,44). იმასაც გეტყვით, ძმანო, რომ საცთური და განსაცდელი ბოროტი სულისაგან არავის ისე მძაფრად არ შეხვდება ხოლმე, როგორც სულიწმიდით აღვსებულ ადამიანებს. და თვით უფალიცა ჩვენი იესო ქრისტე, როცა მდინარე იორდანეში ნათლისღების ჟამს მასზე სულიწმიდა გადმოვიდა მტრედის სახით, სულის მიერ უდაბნოში იქნა წაყვანილი, სადაც, ორმოცი დღის მარხულობის შედმეგ გამოიცადა ეშმაკის მიერ, რომელმაც მთელი თავისი მზაკვრობა იხმარა მის შესაცდენად, მაგრამ ვერაფერი გააწყო და გაწბილებული უკუგდებულ იქნა, როგორც ეს წმიდა ლუკა მახარებლის სახარებაშია ნათქვამი (4,1-14), ხოლო უფალი იესო ქრისტე სულიწმიდით აღვსებული და განძლიერებული დაბრუნდა გალილეაში. ამგვარივე სახით სხვას ყველასაც, ვინც კი ღირსი შექმნილა ღმრთის სულით აღვსებისა, ვინც კი მარად იღვწის სულის ხსნისათვის, იბრძვის და იმარჯვებს, სულიწმიდა ყოველთვის განამტკიცებს და ძალასაც აძლევს ნებისმიერი საცთურის ძლევისათვის.

59. სერაბიმი, რომელიც წმიდა წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა იხილა, არის სახე მართალ და ერთგულ სულთა, რომელნიც სრულყოფილების მისაღწევად იღვწიან. ეზეკიელის მიერ ნახულ სულს ექვსი ფრთა ჰქონდა, ერთიანად თვალებით აღსავსე; ჰქონდა აგრეთვე ოთხი პირისახე, რომელნიც ოთხივე მხარეს იყვნენ მიქცეულნი: ერთი პირისახე ადამიანის პირისახის მსგავსი, მეორე - მოზვრისა (ზვარაკისა), მესამე - ლომის მსგავსი და მეოთზე - არწივისა. პირველი სახე სერაბიმისა, ადამიანის მსგავსი, მართალ მორწმუნეთ აღნიშნავს, რომელნიც ამქვეყნიურ ცხოვრებაში კეთილად ჰგიებენ და ღმრთის მცნებებსაც აღასრულებენ. თუკი რომელიმე მათგანი მონაზვნად შედგება, ამგვარად იგი მოზვერს (ზვარაკს) ემსგავსება, იმიტომ, რომ მძიმე შრომას ეწევა მონოზნური ცხოვრების წესთა აღსრულებაში და უმეტესწილად სხეულებრივ საქმეებს აკეთებს. ის მონაზონი კი, რომელიც სრულყოფილებას მიაღწევს საერთო-სამონაზვნო ცხოვრების წესთა აღსრულებაში და განმარტოებული ცხოვრებისათვის გასული ბრძოლას დაუწყებს უხილავ დემონებს,- ასეთი მონაზონი ლომის მსგავსია, ველურ მხეცთა მეფესი. ხოლო თუკი ასეთი მონაზონი დაამარცხებს ამ უხილავ მტრებს კაცთა მოდგმისა, მთლიანად დაიმორჩილებს თავის ვნებებსა და გულისწადილთ, მაშინ იგი ზე-აღტაცებულ იქმნება სულიწმიდის მიერ და ღვთაებრივ სახილველთ იხილავს: ამ შემთხვევაში იგი არწივს ემსგავსება. მისი გონება ყოველივეს მიჰხვდება და დაინახავს, რაც კი შეიძლება მას ეწიოს ექვსი მხრიდან (წინიდან, უკნიდან, მარცხნიდან, მარჯვნიდან, ზემოდან და ქვემოდან), და ამით ასეთი სრულყოფილი მონაზონი სერაბიმის იმ ექვს ფრთას ემსგავსება, მთლიანად რომ თვალებითაა სავსე. ამგვარად, ადამიანი ამ გზის გავლის შემდგომ სრულ სულიერ სერაბიმად გარდაიქმნება და სამარადჟამო ნეტარებას დაიმკვიდრებს.

60. სიწმიდე, მარადი და უცვლელი სიმშვიდე, სრული მოწყალება, რომელნიც ღმრთისაგან არის კურთხეული - არის ღმერთის მიერ დადებულ მცნებებში. ეცადეთ სრულად აღასრულოთ ეს ბრძანებანი ღვთაებრივი სულისა, რომელთა ძლითაც თქვენი სულები განცხოველდება და რომელთა მეოხებითაც თვით უფალს შეიძენთ თქვენს არსებაში: ეს, მცნებათა აღსრულება, ჭეშმარიტად უხიფათო გზაა. სხეულისა და გულის სიწმიდის გარეშე არავის ძალუძს სრულყოფილი იყოს ღმერთის წინაშე. სწორედ ამიტომ არის ნათქვამი წმიდა სახარებაში: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“- ო (მათე 5,8). სულიერი სურლყოფილება გულის სიწმიდისაგან აღმოცენდება, რადგან სწორედ გულში ადამიანისა არის დავანებული ბუნებრივი სიკეთე და არაბუნებრივი ბოროტება. ამ ბოროტებისაგან იბადება მშვინვიერი ვნებები კაცისა, როგორიცაა: სხვათა განკითხვა და დაგმობა, სიძულვილი, ზვაობა და ცუდად განდიდება თავისა და კიდევ მრავალი სხვა ამის მსგავსი. ბუნებრივი სიკეთე კი კაცის გულისა აღმოაცენებს ღვთის სათნო საქმეთ: ღმერთის შემცნობლობის სურვილს, მოშიშებას ღმერთისა და სიწმიდეს, ანუ სულის შეურყვნელობას ყველა ვნებათაგან და გულისწადილთაგან. თუკი ცოდვილი ადამიანი გადასწყვეტს მოშორდეს ცოდვას, გამოსწორდეს და ღმერთს შეუდგეს, ისე, რომ ბოროტის წინააღმდეგ სულიერი ღვაწლით შეიარაღდება - სინანულის ცრემლებით, გულის შემუსვრილობით, მდაბალი ოხვრა-კვნესით, მარხვით, მღვიძარებით, სიღატაკითა და ღმრთისადმი აღვლენილი მრავალი ლოცვა-ვედრებით, მაშინ უფალი, თავისი სახიერებით, შეეწევა ასეთ ადამაინს და განაგდებს მისგან ყველა მშვინვიერ ვნებასა და გულისწადილს. მრავალმა მონაზონმა და ქალწულებაში მყოფმა დიდი ხნის მანძილზე ვერ ისწავლა ეს მეცნილრება სიწმიდისა სწორედ იმის გამო, რომ ისინი უგელვებელჰყოფდნენ თავიანთი სულიერი მამებისა და მოძღვრების რჩევა-დარიგებას და მხოლოდ საკუთარი გულის სურვილებს მისდევდნენ. ამ მიზეზის გამო კი ისინი ძლეულ იქნენ ბოროტი სულების - კაცთა სულების დამღუპველების მიერ, რომელნიც ფარული ისრებით დღე და ღამე მოსწყლავენ მათ და მოსვენებას არ აძლევენ არც ერთ ადგილას, ასე რომ, ამგვარ ბერ-მონაზონთა და ქალწულთა გულები აღსავსეა ხოლმე ხან ამპარტავანებით, ცუდი მედიდურობით, ხან უკეთური შურით მოყვასისადმი, გმობა-განკითხვით ძმისა, ხანაც მრისხანებით, შფოთითა და აღრეულობით და კიდევ სხვა მრავალი ბოროტი ვნებით. ამგვარი ბერ-მონაზვნები სახარების ხუთი უგნური ქალქულის ხვედრს გაიზიარებენ, რადგანაც არაგონიერად ცხოვრობენ - ლაგამს არ ამოსდებენ თავიანთ ენას, წმიდად არ დაიცავენ თვალებსა და სხეულს ბილწ გულისწადილთაგან, და თავიანთ გულებსაც - არაწმიდებისაგან და მრავალი სხვა ბოროტი რაიმესაგან, რომელთა გამო ტირილი მართებთ, და ყოველივე ამას იმის გამო იქმან, რომ არაწმიდანი არიან; ისინი მხოლოდ შესამოსელით კმაყოფილდებიან ბერ-მონაზონისა, სელის კაბით, რაც მხოლოდ გამოხატულებაა უმანკოებისა და კეთილკრძალულებისა, და ამიტომაც მოკლებულნი არიან ზეციურ ზეთს თავიანთი სულის ლამპართა დასანთებად. და სიძეც არასდროს არ განუღებს ესევითართ თავისი სამკვიდრებლის კარს, და ეტყვის მათაც, როგორც სახარების იგავში უთხრა ხუთ უგუნურ ქალწულს: „ამინ გეტყვი თქვენ, არა გიცნი თქვენ!“-ო (მათე 25,12). ყოველივე ამას იმის გამო გწერთ, რომ თქვენი ხსნა მსურს, რათა თავისუფალნი და მართალნი იყოთ, და რათა ქრისტეს წმიდა სარძლოებს დაემსგავსოთ, რომელიც ყოველი სულის სიძეა, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს: „...გაშურებ თქვენ ღმრთისა შურსა, რამეთუ მიგათხოვენ თქვენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა“ (2კორ. 11,2).

61. ოქრო მრავალგზის განიწმიდება ცეცხლით, რათა უდიდესი გამოხურვებითა და გამოწრთობით კიდევ უფრო კარგი შეიქნას, მსგავს სახედვე ჩვენს უფალსაც იესო ქრისტეს თავისი სახიერებით სურს განწმიდოს და უკეთესი გახადოს ადამიანი, რისთვისაც გამოსცდის მას, გულისმიერ ბრძოლებში გამოაწრთობს და სინანულის ცრემლებში გამოახურვებს, ასე რომ, ამგვარად განწმედილი ადამიანი არც ფიქრითა და არც გახსენებით აღარ მიუბრუნდება იმ უსამართლოებებსა და დამცირებებს, რაც მას ადამიანთაგან შეხვედრია; არამედ სიმდაბლით დამორჩილდება ღმერთს და მთელს თავის სასოებას მასზე დაამყარებს, ამასთან, ყოველთვის მზად იქნება კეთილ საქმეთა აღსრულებისათვის, როგორც ეს წმიდა დავით წინასწარმეტყველს უთქვამს: „განმზადებულ არს გული ჩემი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი; გაქებდე და გიგალობდე დიდებითა ჩემითა“ (ფსალმუნი 107,2). ასე იფიქრეთ ხოლმე, ძმანო, რომ თქვენს თანამოღვაწეთაგან შეიძლება შეგემთხვათ განსაცდელი - დამცირება, გმობა-განკითხვა თუ უსამართლო რამ მოქმედება; ასე ჰგონებდეთ, რომ თქვენ რომელიღაც ძმობის წევრთაგანაც შეიძლება დაგატყდეთ თავს ამგვარი რამ. ამიტომაც, როცა ასეთი განსაცდელი შეგემთხვევათ ბერ-მონაზონთაგან, მტკიცედ იდექით, ნუ შეშინდებით და სასოს ნუ წარიკვეთთ, არამედ მადლი შესწირეთ უფალს ყოველივე იმისთვის, რაც თავს დაგტეხიათ, რადგანაც თვინიერ მისა არაფერი ასეთი არ ხდება, და რაც ხდება, მხოლოდ მისი ნებით არის დაშვებული. ეს კი იმ მიზეზით ხდება, რომ გმობა-კიცხვის დათმენა და ბრძოლა საკუთარ ამპარტავნებასთან აუცილებელია ღვთის მონისათვის, რადგანაც მონაზონი, რომელიც ღმერთის სახიერებით და მოწყალებით არ იქნება განცდილი მრავალი საცთურის, ხორციელი სიძნელის, შრომის მწუხარებისა და გლოვა-ჭირის საშუალებით იქამდე, სანამ სრულიად არ მიეჩვევა მოთმინედ აიტანოს ხოლმე ყოველივე განსაცდელი და სიმდაბლითა და სიკეთით ჰგიებდეს ყოველთვის, ყველა შემთხვევაში, - თუკი მონაზონი ყოველივე ამას არ გაივლის და არ გამოიწრთობა განსაცდელთა ცეცხლში, მაშინ იგი, გამოუცდელი, ვერ გახდება ღირსი უფლისაგან აღთქმული პატივისა და დიდების მიღებისა.

62. მოთმინედ გადაიტანეთ ყველა ის განსაცდელნი - ჭირნი და მწუხარებანი, რომელნიც კი ამაქვეყნიურ ცხოვრებაში შეგემთხვევათ, და მადლიც შესწირეთ მათს გამო უფალს უდიდესი სიმდაბლით, რათა ჭეშმარიტი სიხარული იგემოთ თქვენი შრომისათვის. ასე ჰქმენით ხოლმე მსგავსად ნეტარი სუსანასი, ეშმაკთან ბრძოლაში მხნე დედაკაცისა, რომელმაც სძლია ბილწი გულისწადილით შეპყრობილი ორი უსჯულო ბერიკაცის სიბოროტეს და მათი ცილისწამების გამო მრავალ უბედურებასა და მწუხარებას ეწია, მაგრამ რომელიც ღმერთმა მისი მოთმნიებისა და სულიერი სიმტკიცის გამო აღამაღლა, მისი მტრები კი დააშოშმინა. აგრეთვე, ასე ჰქმენით ხოლმე მსგავსად წმიდა თეკლასი, კიდევ უფრო მეტად მხნე დედაკაცისა, რომელიც არ შეუშინდა არც მშობელთაგან მოყენებულ ტანჯვა-წამებას, არც წყლულებს, არც ცეცხლსა თუ სხეულის დაგლეჯა-დაფლეთას, არც განძვინებულ გარეულ მხეცებს, და რომელსაც ღმერთმა ბოლოს ჭეშმარიტი სიხარული გულისა საჩუქრად გაწეული შრომისა მომადლა, როცა მისმა შეურყეველმა რწმენამ ჩააქრო მგზნებარე ცეცხლი, ხახა შეუკრა სისხლმოწყურებულ ლომებს და გააწბილა მისი ყველა მტერი. და კიდევ, ასე ჰქმენით ხოლმე მსგავსად წმიდა იოსებისა, მდაბლისა და მორჩილისა ღმრთისა წინაშე და ადამიანთა წინაშეც, რომელიც ღმერთის შეწევნამ იხსნა უცილობელი სიკვდილისაგან, როცა ღვიძლი ძმები ემტერნენ და დევნა დაუწყეს იქამდე, რომ მისი მოკვლაც კი დაპრიეს შურით და სიძულვილით აღძრულებმა იმის გამო, რომ მამამ, იაკობმა სწორედ იგი გამოარჩია ძმათაგან და ყველაზე მეტად შეიყვარა; ბოროტი შურით ძლეულმა ძებმა მონად გაჰყიდეს იგი, და ამ მონობაში მყოფი იმ ბატონის ცოლმა, რომელსაც ემსახურებოდა, ძალზე დიდ უბედურებას მიამთხვია და საპყრობილებში ჩააგდებინა, სადაც მართალ ჭაბუკს სიკვდილი ელოდა; მაგრამ ღმერთმა არ მიატოვა თავისი რჩეული, რადგანაც იოსები კეთილდრძალული, მდაბალი იყო, მქონე წმიდა და შეურყვნელი სხეულისა და სულისა, და იგი არ დაცემულა ცოდვით განსაცდელის ჟამს, არამედ ღმერთის შეწევნით ყოველთვის მას სასოებდა და ამის ძლით მოთმინედ გადაიტანა ყველა ის უბედურება, რაც სხვათა სიბოროტით დაატყდა თავს. და ამის გამო ღმერთმა საკადრისი მიაგო იოსებს - იმდენად განადიდა ამქეყნიურ ცხოვრებაშივე, რომ როცა, ბოლოს, მთელი ეგვიპტის მთავრად და ეგვიპტის ყველა სამფლობელოს განმგებლად დაადგინა, მოძულე ძმებიც დამორჩილდნენ და თავიანთი დანაშაულიც მოინანიეს. ამ ზემოხსენებულმა წმიდა ადამიანებმა, და კიდევ მრავალმა სხვამ, მათმა მიმდევარმა, თავიანთ ღვაწლისა და ბრძოლის დასაწყისშივე კი არ მიიღეს ღმერთისაგან ასეთი პატივი და თავიდანვე კი არ განიდიდნენ, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, ოდეს განისწავლნენ და გამოიცადნენ ღმერთისაგან - განიწმიდნენ და გამოიწრთვნენ უბედურებათა და მწუხარებათა ცეცხლში, რის შემდეგაც ისწავლეს, თუ როგორ უნდა გაუძლონ განსაცდელს და არ დაეცნენ გინება-კიცხევითა და მრავალ სხვა განსაცდელთა ჟამს. ასე რომ, როცა ღმერთმა იხილა, რომ ეს ადამიანები მხნედ შეხვდნენ ყველა თავსდატეხილ უბედურებასა და მწუხარებას, სასო კი არ წარიკვეთეს, არამედ მარად უფალ ღმერთს სასოებდნენ, - აი, მხოლოდ ამის შემდეგ მომადლა მან თავის რჩეულებს პატივი ღვთაებრივი შემწეობისა, მტრები და მოძულენი კი სასტიკად არცხვინა და მათ დაამორჩილა.

63. მარად მოთმინედ ჰგიებდით და ნუ მისცემთ ნებას თქვენს გულებს დაუძლურებისა, რაჟამს ჭირში შთავარდეთ, არამედ მადლი შესწირეთ ღმერთს ყოველივეს გამო, რათა მადლითვე მოგეგოთ საზღაური უფლისაგან. დაე, იყოს თითოეულ თქვენგანში მშვიდობა, ჭეშმარიტება, სიყვარული ღმერთისა და ურთიერთკეთილგანწყობა! დაე, შორს იყოს თქვენგან განხეთქილება, ცილისწამება, წინააღმდეგობა ერთმანეთისა, ბოროტი შური და ურჩება, ამპარტავნება და ცუდად განდიდება თავისა. და ნუ გაანაწყენებთ ვინმეს ადამიანთაგან, ნურც დაცინვა თუ გაკიცხვა ვისიმე იქნება თქვენს შორის, ნურც სიძულვილი და შეუწყნარებლობა ერთმანეთისა! თუკი რომელიმე სავანეში ამგვარი ბოროტი საქმენი აღმოცენებულა ძმათა შორის, იქ ღვთის რისხვაც ეწევათ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჩვენი ცხოვრება ამქვეყნად მეტად ხანმოკლეა. ამიტომ გაუფრთხილდით მას და ნუ დახარჯავთ მცონარებაში, ვინძლო იმ წამს არ გეწიოთ ამა ქვეყნიდან გადასახლების ჟამი, რა წამსაც ცუდად განურისხდებით მოყვასს, და კაცის მკვლელად არ იქნეთ შერაცხულნი, როგორადაც ეს საღმრთო წერილშია ნათქვამი: „რომელსა არა უყუარდეს ძმაი თვისი, სიკვდილსა შინა დადგრომილ არს. და ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცის-მკვლელი არს, და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკვლელსა არა აქვს ცხოვრებაი საუკუნოი მის თანა დადგრომად“ (1იოანე 3,15). და აკი თვით მაცხოვარიც ამასვე შეგვაგონებს, როცა ამბობს, „იყვენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამაი თქვენი მოწყალე არს. ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დასჯითი და არა დაისაჯნეთ; მიუტევნეთ და მოგეტევნენ“-ო (ლუკ. 6,37). თუკი რომელიმე თქვენგანს ცილისწამება შეხვდება ბოროტ ადამიანთაგან, დაე, სიხარულით მიიღოს ეს განსაცდელი, და ყოველივე თვისი უფალს მიუძღვნას, რომელიც ერთი არის მართალი მსაჯული და მრისხანე შურისმგებელი. ხოლო თუკი რომელიმე თვით შესწამებს ცილს მოყვასს, დაე, იჩქაროს თავის დამდაბლება უფლის წინაშე და პატიების თხოვა თავისი მოყვასისაგან, და მაშინ უფალი შეუნდობს ესევითარს. არ დაუშვათ, რომ მრისხანედ იყოთ და მზის ჩასვლამდე არ განაგდოთ მრისხანება თავისაგან, როგორც ამას პავლე მოციქული გვასწავლის. ასე რომ, ძირფესვიანად ამოიგლიჯეთ ხოლმე გულიდან მასში აღმოცენებული ბოროტი ზრახვები ერთურთის წინააღმდეგ, რათა ჩანასახშივე აღკვეთოთ მრისხანება და ბოროტის ნდომა მოყვასისათვის, რაც სიძულვილისაგან და შურისაგან აღენთება. ეს ორი ვნება ადამიანის გულისა თავისი არსით ყველაზე ბოროტია, და ამის გამო ყველაზე საძულველიც ღმერთისათვისაც და ადამიანთათვისაც. ამიტომაც არცერთი ამ ვნებათაგანი არ უნდა ჰგიებდეს არც მორწმუნის გულში, და არც ღვთის მონის, ანუ ბერ-მონაზონის გულში. მაში, დაე, ჩვენგანაც ნურავინ ნუ დაიქადებს ( თავისი უკიდურესი უგნურებით) და ნუ იტყვის - მე აღვმატებულვარ უძლურ ძმაზე, მიძლევიეს მისთვის და არც დავინდობო. დაე, უწყოდეს ამგვარმა მონაზონმა, ვინც ამას იტყვის, რომ სიკვდილისათვის მიუბარებია თავისი სული, და იმ ადგილს დაიმკვიდრებს, სადაც არის ტირილი და კბილთა ღრჭენა, დაუძინარი მატლი და მარად მგზნებარე ცეცხლი საუკუნო სატანჯველისა.

64. მაშ, განვიღვიძოთ, ძმანო, ძილისაგან, სანამ ამა მოკვდავ და ხრწნად სხეულში ვიმყოფებით! მარად ვიგლოვოთ საკუთარი თავი და დღითა და ღამით სრულის გულით დავიტიროთ ხოლმე თავი, რათა ასეთი სინანულითა და თვითდამდაბლებით ეგების თავიდან ავიცილოთ ის საშინელი ტანჯვა-წამება, ოხვრა-კვნესა, ტირილი და ათასი სხვა სიძნელენი, რომელთაც დასასრული არ ექნებათ! ვეკრძალოთ ფართო კარებიდან შესვლას და ფართო გზით სიარულს, რომელსაც დასაღუპად მივყავართ, არამედ შევიდეთ „იწროისაგან ბჭისა“ და ვიაროთ ვიწრო, ძნელად სავალი გზით, რომელსაც საუკუნო ნეტარი ცხოვრებისაკენ მივყავართ, თუმცა კი მცირენი ვლენან ამ გზით. ვიწრო გზით მავალი ადამიანები ჭეშმარიტი მუშაკნი და მოქმედნი არიან, რომელნიც ბოლოს სიხარულით მიიღებენ უდიდეს საზღაურს თავიანთი მცირე ღვაწლისათვის და ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებენ. ხოლო ის მორწმუნე ქრისტესი, ვინც ჯერ მცონარებს, ნუ ანელებს გულმოდგინებას, იჩქაროს ამ გზაზე დადგომა, ვიდრე დრო არის, ვიდრე არ დაგვიანებულა, რათა საჭირო ჟამს, როცა სიძე - უფალი მოვალს, უზეთოდ არ იყოს მსგავსად ხუთი უგნური ქალწულისა, და თან ისე, რომ ახლოსაც არავინ აღმოჩნდეს ისეთი, ვინც ზეთს მიჰყიდიდა. იმ უგნურ ქალწულთაც ხომ ასე დაემართათ, არ იფხიზლეს და საჭირო ჟამს ვერავინ ნახეს ისეთ, ვისგანაც ზეთს შეიძენდნენ თავიანთი ლამპრებისათვის. მაშინ მათ ტირილით შეჰღაღადეს სიძეს: „ უფალო, უფალო, განგვიღე ჩვენ!“ უფალმა კი ასე მიუგო მათ: „ ამინ გეტყვი თქვენ, არა გიცნი თქვენ“ (მათე 25,11-12). და ასეთი ხვედრი ამ უგნურ ქალწულებსმხოლოდ იმ მიზეზით ეწიათ, რომ მცონარნი იყვნენ და სიძის ლოდინში ძილს მისცეს თავი. შემდეგ კი თუმცა გაეღვიძათ და ზრუნვაც დაიწყეს ზეთის საშოვნელად, მაგრამ უკვე გვიან იყო, რადგან უფალი სახლისა უკვე მოსულიყო და კარებიც ჩაეკეტა, როგორც ეს წმიდა სახარებაშია ნათქვამი. სხვა მაგალითსაც გეტყვით, ამის მსგავსსავე: როცა მართალი ნოე კიდობანში შევიდა, მთელი თავისი სახლეულით - ძეებითურთ, რძლებითურთ და ყოველივეთი, რაც კი იყო მასთან, და როცა დახშა კარი კიდობანისა წარღვნის წყალთა გამო, ბოროტის მოქმედ ადამიანებს რომ მოუვლინა ზეცით ღმერთმა, მას, ნოეს, კიდობანში მყოფს, უკვე აღარ გაუღია კარი და თავის ძეთაც არ მისცა ნება ამ საშინელი უბედურების ხილვისა, რაიც ადამიანებს დაატყდათ თავს, მათი უკეთურების მიზეზით. და მით უმეტეს, კიდობნის კარის დახშვის შემდგომ ამ ბოროტ ადამიანებს არ შეეძლოთ მასში შესვლა და თავის გადარჩენა, თუმცა კი წვიმა ორმოც დღესა და ღამეს გრძელდებოდა. ასე რომ, უკეთურნი ვერ აღმოჩნდნენ მართალთა გვერდით და საშინელი სიკვდილით წარწყმდნენ ყველანი წარღვნის წყალთაგან სწორედ მცონარებისა და დაუმროჩილებლობის მიზეზით, რადგანაც მანამდე ნოე მთელი ასი წლის განმავლობაში, სანამ კიდობანს აგებდა, განუწყვეტლივ მოუწოდებდა მათ, უკეთურებას განშორებოდნენ და ღვთის მცნებების მიხედვით ეცხოვრათ, მაგრამ ცოდვილი ადამიანები არ შეისმენდნენ ნოეს რჩევას, არ სჯეროდათ მისი სიტყვებისა, და ამიტომაც დაიღუპნენ.

65. ერთ ადგილზე იყოლიეთ ძმობა, და მშვიდობით, ერთსულოვნებით, მორჩილებით, ღვთის მოშიშებით და ლოცვა-ვედრებით მოაწყვეთ სავანე. და მაშინ, თუკი ყოველივე ამას შეიძლებთ, თქვენს სრულყოფილებაში მოგემადლებათ სიკეთე ღვთის სახლისა, რომელსაც სიხარულითა და სიმხნევით იპყრობთ. და მაშინ დაე, დაგამშვენოთ თქვენ, ყოველივე ამის გარდა, ჭეშმარიტმა რწმენამ, სასოებამ, სიმშვიდემ, კეთილგანწყობამ ძმათა მიმართ! ვინც შეიძენს ამ ღვთაებრივ მადლთ, იგი საქორწინო სამოსით იქნება შემოსილი და ყოველივეში სულიწმიდის მცნებათა აღმსრულებელი იქნება. მაშ, ჰგიებდით ყოველთვის სიმდაბლით და მოთმინებით, რათა განიშოროთ თავისაგან ბოროტი ვნებები და ბილწი გულისწადილნი.

66. ვინც ყოველივეში ღმერთის ნებას დაემორჩილება, - ხოლო ამგვარი მორჩილება თაფლის გოლეულზე უტკბილესია ადამიანის სულისთვის და ყოველგვარი სიხარულით აღავსებს მას, - მას ეს ნება ღმრთისა თვით შეეწევა და ყველა საქმეში განამტკიცებს, მისცემს ძალას საკვირველ საქმეთა აღსრულებისა და ყველა გზას განუმზადებს სავალად, რადგან ასეთი ადამიანი სათნო-ეყოფა უფალს. და მაშინ მტერთაგან ვერც ერთი ვერ შეიძლებს წინ აღუდგეს და დააბრკოლოს, რადგანაც ასეთი მორწმუნე ყოველთვის ღმერთის ნებით ვალს. ხოლო ისეთ ადამიანს, რომელიც თავისი საკუთარი ნებით ვალს და იქცევა ყოველივეში, ღმერთი არც ერთ საქმეში არ შეეწევა, და იგიც, უბედური, მარტო დარჩება დემონთა წინაშე.ესენი კი, ბოროტი სულები, როგორც ვიცით, დღისითა და ღამით იწრიალებენ მის გულში, და ამგვარად საშუალებას არ მისცემენ თუნდაც ერთ რომელიმე საქმეში მოიპოვოს სიმშვიდე, უძლურად და არაფრის შემძლედ აქცევენ მას ყველა საქმეში, როგორც გარეგანში, ასევე შინაგანში, და კიდევ მრავალს სწევენ, ბოროტსა და სულისათვის მავნეს. ასეთ მორწმუნეებს, არასრულყოფილთ სულიერ ღვაწლში, ეშმაკი ზოგჯერ სიხარულსა და მხიარულებას მოუვლენს ხოლმე, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი სიხარული, რადგან ეშმაკისაგან მოვლენილი ყოველივე საბოლოოდ მხოლოს სიძნელე და მწუხარებაა. ეშმაკისაგან მოვლენილი სიხარული მხოლოდ მოჩვენებითი სიხარულია, რადგან იგი ღმერთსაგან არ არის. ჭეშმარიტი სიხარული ღმერთისაგან გამოვალს და მხოლოდ იმ ადამიანს მიემადლება, ვინც განუწყვეტლივ დაშვრება იმისათვის, რომ საკუთარი ნება უარყოს და ყოველივეში ღმრთის ნება აღასრულოს. ადამიანის გულში სამი ნება შეიძლება მოქმედებდეს: ღმერთისა, თვით ადამიანისა და ეშმაკისა. ბოლო ორ ნებას ღმერთი არ შეიწყნაარებს, არამედ მხოლოდ იმ ნებას იწონებს ადამიანში, რომელიც თვით მისგან მომდინარეობს. მაშ, შეიმეცნეთ, ძმებო, საკუთაარი თავი, უარყავით ყოველივე გარეგანი და მხოლოდ ღმერთს ნებას დაემორჩილეთ! რადგანაც ადამიანისათვის ამქვეყნად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყოველს საქმეში მარად ღვთის ნების მოძიებას. გარწმუნებთ, რომ თუკი თქვენ არ უარჰყპფთ საკუთარ ნებას მთლიანად და ყოველივეში უფალს არ დაემორჩილებით სულიერი მამა-მოძღვრებისადმი დამორჩილების გზით, მაშინ თქვენ ვერც შეცნობას შეიძლებთ ღმრთის ნებისას და ვერც მის აღსრულებას, და მოაკლდებით უკანასკნელ უფლისმიერ ლოცვა-კურთხევას.

67. უფალსა და მაცხოვარს ჩვენსას იესო ქრისტეს არ უთქვამს, რომ აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში მივიღებთ დამსახურებულ საზღაურს შრომათა და ტანჯვათათვის. არამედ მან თქვა, რომ აქ, ამქვეყნად მხოლოდ განსაცდელი, ჭირი, შევიწროვება, გაჭირვება და მწუხარება იქნება ჩვენი ხვედრი, ხოლო საზღაური კი ყოველივე ამისთვის - იმქვეყნიურ ცხოვრებაში მოგვეგება. ცხოვრება ისე ღვაწლთა და საცთურთა გზაა.

68. თუკი თქვენ ყოველივეში მოთმინე იქნებით, მორჩილნი და დამჯერნი თქვენი სულიერი მამებისა, მაშინ უფალი მშვენიერ საზღაურს მოგაგებთ. სიმდაბლე და მორჩილება ის ღვაწლია, რომელიც უპირველეს ყოვლისა იქნება მოხსენიებული უფლის წინაშე, ვინც თავის სულიერ მამას ემორჩილება, იგი ამით უფალს ემორჩილება და მის ნებას აღასრულებს, ხოლო უფლის ყველა მორჩილი ამქვეყნად თავის სულიერ მოძღვარსაც დაემორჩილება.

69. უპირველესად ყოვლისა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ვიწამოთ, თაყვანი ვსცეთ მას და ყოველივეში დავემორჩილოთ; მსი ნება აღვასრულოთ ხოლმე ყოველ ჟამს და ყოველ წამს.

70. უფლის მოშიშებით განვვლოთ ეს წუთისოფელი, რადგან ასეა დაწესებული ჩვენთვის, რომ შიშითა და თრთოლვით მოვიპოვოთ საუკუნო ხსნა, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს: „...შიშით და ძრწოლით თვისსა ცხორებასა იქმოდეთ“ (ფილიპ. 2,12). უფლის შიში ადამიანის სულისაგან აღმოფხვრის ყოველგვარ მზაკვრობას და ცოდვებს, ხოლო ვისაც არ ეშინია ღმერთისა, იგი მარადის ბოროტისაგან არის ძლული. ეს წმიდა შიში ღმრთსა იცავს ადამიანს და დაიფარავს ყოველივე ბოროტისაგან, სანამ იგი არ განიძარცვავს ამა მოკვდავ სხეულს, როგორც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: „ და ვითარცა ლმობილი მიეახლებინ შობად და სალმობასა მისსა ზედა ღაღადებნ, ეგრეთ ვექმნენით საყვარელსა შენსა შიშისა შენისათვის, უფალო! შორის მუცლისა მოვიღეთ და ვილმეთ და ვშევით, სული მაცხოვარებისა შენისა ვყავთ ქვეყანასა ზედა. ჩვენ არა დავეცნეთ, არამედ დაეცნენ დამკვიდრებულნი ქვეყანასა ზედა“ (ესაია 26,17-18).

71. ურისხველი ადამიანი, ანუ ის, ვინც გულბოროტი არ არის, - სრულყოფილი ადამიანია, ღმერთს დამსგავსებული. იგი მარად აღსავსეა ჭეშმარიტი სიხარულით და ტაძარს წარმოადგენს ღვთის სულისთვის. როგორც ცეცხლი დასწვავს ყველაფერს თუკი უგულებელვყოფთ და დროზე არ დავაქრობთ, ასევე გაბოროტებაც ადამიანის გულისა ყოველივე კარგს სპობს ადამიანის სულში და სხეულსაც დააუძლურებს. რისხვა რომ შეუშვა გულში, იგი დაღუპავს შენს სულს და სხეულსაც წაგიბილწავს, რადგან მრავალ უკეთურ ზრახვას დაბადებს შენში და ბოროტ ვნებებს განაღვივებს - კამათს, უთანხმოებას, სხვათა განკითხვა-გმობას, ჭორს, შურს, სიძულვილს და მრავალ სხვა ბოროტებას. თუ ამ ბოროტებათა ცეცხლი დაენთო შენს გულში, იგი შენს სხეულსაც დიდად ავნებს - დაამძიმებს და სხვადასხვა სნეულებებსაც შეჰყრის. მაშ, დიდად იღვწოდეთ, ძმანო, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე შეიძინოთ უშფოთველობა და ურისხველობა გულისა და წმიდანთა მსგავსი გულწრფელობა, რათა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ კეთილად შეგიწყნაროთ თავის სამკვიდრებელში, და თქვენც დავით წინასწარმეტყველის მსგავსად შეგეძლოთ შეჰღაღადოთ მას: „ხოლო მე უბიწოებითა ჩემითა შემიწყნარე და დამამტკიცე მე შენ წინაშე უკუნისამდე!“ (ფს. 40,13).

72. უფალი ღმერთი ესაია წინასწარმეტყველის პირით გვეუბნება: „ცაი საყდარ ჩემდა, ხოლო ქვეყანა კვარცხლბეკ ფერხთა ჩემთა, რომელი სახლი, რომელი ადგილი მიშენოთ მე? და რომელი ადგილი განსვენებისა ჩემისა? რამეთუ ესე ყოველი შექმნნა ხელმან ჩემმან და ჩემნი არიან ყოველნი ესე. და ვის ზედა მოვიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყვათაგან ჩემთა?“ (ესაია 66,1-2) წმიდა სახარებაში კი ამას გვიბრძანებს: „აღიღეთ უღელი ჩემი თქვენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქვენთაი“ (მათე 11,29). ამრიგად, უპირველესად ყოვლისა სიმდაბლე მოიპოვეთ და ნუ ეგებით ამპარტავნებით, რადგანაც ვინც ამპარტავნებით არის აღსავსე, იგი ეშმაკის საქმესაა ნაზიარები. მზვაობარი კაცი, ვინც ცუდად განიდიდებს თავს, ყველასათვის საძულველია - ღმერთისთვისაც და ადამიანთათვისაც, იმიტომ, რომ მისი ყველა საქმე სატრაბახოდ და თავის მოსაჩვენებლადაა მიმართული, ეს კი მრავალ ცოდვაში შთააგდებს მას, რა თქმა უნდა, ყველა ცოდვა საძულველია ღმერთსთვის, მაგრამ უსაძაგლესი კი - ამპარტავანებაა გულისა. მოძღვაარი, ოდეს ვისმე ამპარტავანს შეაგონებს და რჩევა-დარიგებას აძლევს, ძირგახვრეტილ ჭურჭელში წყლის ჩამსხმელს წააგავს, ანდა იმ კაცს ემსგავსება, გაფრენილ ჩიტს რომ უნდა სიტყვით მიმართოს. ასე რომ, მისი შრომა ყოვლად ამაო იქნება. გულით ამპარტავანი ადამიანები საძულველნი არიან ღმერთის წინაშე, ხოლო გულით მდაბალთ და სულშემუსრვილთ ღმერთი არ შეურაცხყოფს. აკი თვით სიყვარული ღმერთისა გარდამოხდა ზეცით ქვეყნად და უკიდურეს ზომამდე დაიმდაბლა თავი ჩვენთვის, ადამიანთა ხსნსათვის. მაში, შევიყვაროთ ეს უდიდესი ღვაწლი - სიმდაბლე, რათა წმიდა დავით მეფესავით ჩვენც შეგვეძლოს ღმერთს შევღაღადოთ: „ იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაი ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი!“ (ფსალმუნი 24,18).

73. ნუ ივლით თქვენს თვალთა ბილწი გულისთქმის კვალად და ამით ნუ დაუძლურდებით გულით! - რადგანაც ბოროტი სურვილები განრყვნიან გულს კაცისას და გონებასაც დაუბნელებენ. ამიტომ, განიშორეთ თავისაგან „გულისთქუმაი თვალთაი’ - ჩვენს სახედველთაგან მომდინარე სურვილები და ცთუნებანი, რათა არ განარისხოთ თქვენში დამკვიდრებული სული ღმერთსა. მარად სიწმიდისათვის ვიღვაწოთ ისე, რომ სიკვდილსაც არა ვრიდოთ, და ყოველმხრივ დავიცვათ თავი ბილწ გულისთქმათაგან. ამისათვის კი აუცილებელია ვერიდოთ ხოლმე ქალის სილამაზის ცქერას. ნუ შევიქნებით არაწმიდა ვნებათა და სამაარცხვინო გულისწადილთა მონებად, რომელნიც ხძულს ღმერთს. ღმერთის სახელი აღიბეჭდეთ გულში და თვალთა წინაც მარად ის გყავდეთ, რათა თქვენში ყოველთვის ღაღადებდეს ღვთს სიტყვა: „...თქვენ ტაძარნი ღმრთსა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქვა ღმერთმან : დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათდა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად“ (2კორ. 6, 16). ის, ვინც არაწმიდა გულისწადილთ არის დამონებული, ცხოველებს ედრება, მოკლებულთ ყოველგვარ გონიერებას, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო; პბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“-ო (ფს. 48,13). ამრიგად, სიძულვილით მოვიძულოთ უხმარი, გარყვნილი თვალი და სიწმიდე ვეძიოთ, რადგან იგია ღვთის ანგელოზთა დიდება. და თუ ოდესმე ეშმაკის მზაკვარებით დავეცემით, სინანულის მეოხებით აღვდგეთ და იმას შევუდგეთ, ვინც ცოდვის მიერ წყმედული ცხოვარის მოძიებად მოვიდა ამქვეყნად (ლუკა 15,4).

74. თუკი ვინმეს, სულიერ ღვაწლში მყოფს, არ ძალუძს მთლიანად აღლაგმოს თავისი ბაგეები და ენა, მაშნ იმას მაინც ეცადოს, რომ სიტყვაძუნწი იყოს, როგორც იობი ამბობს: „...ნუ ფრიად სიტყვასა შინა ხარ, რამეთუ არავინ არს სიტყვის-მგებელ შენდა“ (11,3). ეცადეთ, ძმანო, ისე იცხოვროთ, რომ ხელმწიფებდეთ თქვენს ენაზე, და არ განამრავლოთ სიტყვა, რათა ცოდვებიც არ განგიმრავლდეთ. ბეჭდით დაიბეჭდეთ ბაგენი და აღვირი ამოსდეთ თქვენს ენას, რადგანაც სიტყვამრავალი კაცი ადგილს აღარ სტოვებს თავის სულში სულიწმიდისათვის. თუკი რომელიმე მონაზონი ძმათაგან, ჯერეთ ახალბედა მოსაგრეობაში, მოვა შენთან და რჩევას გკითხავს სულის ხსნისათვის, მიუგე მას, როგორადაც შეიძლებ; ხოლო თუკი ისეთს რასმე გკითხავს, რასაც არავითარი სარგებელი არა აქვს სულისათვის, მაშინ ყრუ-მუნჯს ემსგავსე, რომელსაც არც ესმის და არც ლაპარაკი შეუძლია.

75. მაშ, ვაიძულოთ თავი და მტკიცე მცველები დავუყენოთ ჩვენს ბაგეებს, რათა არაფერი ცუდი არ ვთქვათ მოძმეზე, რადგან ბოროტი სიტყვა ყოველგვარ შხამ-სამსალაზე უარესია. ყველა ჭრილობა ადრე თუ გვიან მოუშუშდება ადამიანს, ბოროტი ენით მიყენებული წყლული კი არასდროს არ განიკურნება მის გულში. ენა გაუფრთხილებელი მგმობელისა, რომელსაც ეშმაკი აღძრავს, გველის ენაზე უფრო შხამიანია, იმიტომ, რომ უთანხმოებასა და გესლიან მტრობას წარმოშობს ძმათა შორის, შფოთსა და ბოროტმოქმედებას თესავს მშვიდთა შორის და განაბნევს ერთად შეყრილთ. ამრიგად, ერიდეთ სხვათა გაკიცხვა-დაგმობას, და უფრო დუმილს მიემთხვიენით. მდუმარების მოყვარული მოღვაწე სულისა ღმერთისა და მის წმიდა ანგელოზთა ახლოს ჰგიებს, მაღალთა შინა არის მისი საბოლოო სამკვიდრებელი. აკი თვით უფალი გვეუბნება თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ მაშინ იქნება მფარველი ჩვენს სავალ გზაზე, თუკი ჯეროვნად დავიკრძალავთ ბაგეთ: „რომელი ეკრძალებოდის პირსა თვისსა, დაიცვას სული თვისი, ხოლო წარმდებმან ბაგითა შეაძრწუნოს თავი თვისი“-ო (იგავნი სოლომონისნი 13,3).

76. საღმრთო წერილი გვიდასტურებს, რომ სირცხვილი ორი სახისა შეიძლება იყოს ადმიანისათვის: ერთი ცოდვასწარმოშობს, მეორე კი - ღვთის სათნო დიდებისა და მადლის აღმომცენებელია (ზირაქ. 4,23- 25). სირცხვილი ცოდვის ქმნის გამო - არის ჭეშმარიტი და მხსნელი სირცხვილი, ხოლო ბოროტი სირცხვილი კი, რომელიც ამპარტავანებისაგან გამომდინარეობს და ცოდვას აღმოაცენებს ადამიანის სულში, მხოლოდ ხელს გვიშლის ღვთის მცნებათა აღსრულებაში. ნურაფრის ქმნა ნუ გერცხვნიება ყველა იმ საქმეთაგან, რაც კი თანახმიერია ღმრთის ნებისა, და ნუ დაიმალვი კეთილ საქმეში. ნუ გეშინის სხვათაგან უფლის მოძღვრების სწავლებისა და ბრძნული ქადაგების მოსმენისა, და ნურც იმისა შეგრცხვება, რომ შენი ცოდვები გამოუცხადო შენს სულიერ მამას, რათა ღმერთის მიერ არ იქნე სირცხვილეული!

77. უფალი ჩვენი იესო ქრისტე, უდიდესი თანალმობით აღძრული ჩვენი სულებისადმი, ასე გვეუბნება თავის წმიდა სახარებაში:“ვაი თქვენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქვენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუ-წინასწარმეტყველთა მამანი მათნი“-ო (ლუკა 6,26), და კიდევ: ვითარ უკუე ხელ-გეწიფების თქვენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოისა ღმრთისა არა ეძეიბთ“-ო (იოანე 5,44). მაშ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ისე ვიღვაწოთ, რომ არ დავემონოთ ცუდად განდიდებას თავისას და მოვიკვეთოთ უბოროტესი განშტოებანი ამპარტავნებისა, რათა მათს გამო არ დავიღუპოთ. განიშორეთ, ძმანო, თავისგან სული ამპარტავნებისა, რადგანაც მისი მიზეზით მრავალნი დაღუპულან! ამპარტავნება, ცუდმედიდობა ხშირად სხვადასხვა ღვაწლისთვისაც კი აღძრავს ადამიანს - მარხვისთვის, ლოცვისთვის, მღვიძარებისთვის, მოწყალებისა და სხვა კეთილი საქმეებისათვის, მაგრამ ყოველივე ეს ადამიანთა დასანახად კეთდება ხოლმე, რათა კაცთაგან განიდიდოს ამპარტავანი სული, და ამით საბოლოოდ სირცხვილიულ და გაციცხულ იქნას ღმერთის მიერ. ნუ ვეცდებით საკუთარ თავში რაიმე დიადი წარმოვაჩინოთ, რაღაც განსაკუთრებული და განსხვავებული სხვათაგან, რათა გამოვირჩეთ და მოძმეთ აღვემატოთ! რადგან თუ ასე მოვიქცევით, შეიძლება დავიღუპოთ ამპარტავნების მრავალრიცხოვან განშტოებაში გახლართულნი - დიდების მოყვარების დემონთა რიცხვი ხომ მეტისმეტად დიდია! მაში, უფრო დიდის გულმოდგინებით ვისწრაფოთ წმიდანთა დიდების და მათებრი სულიერი სიგლახაკის მოსაპოვებლად, რაც სათნო-ეყოფა ღმერთს, რათა ჩვენზეც იყოს ნათქვამი ის საამური სიტყვები მაცხოვარისა: „ ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი“-ო. (მათ. 5,3).

78. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის წმიდა სახარებაში გვითხრა: „მოთმინებითა თქვენითა მოიპოვნეთ სულნი თქვენნი“-ო (ლუკა 21,19), და კიდევ: „და იყვნეთ თქვენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“-ო (მათე 10,22; 24, 13). ამიტომაც, ჭეშმარიტად რა დიდი გულმოდგინებით ჯერ-არს ჩვენთვის მოღვაწეობა და მრავლის დათმენა იმისათვის, რომ ღირსი შევიქნათ ცათა შორის განმზადებული სამკვიდრებელისა! თუმცა კი მანამდე, სანამ საკუთარ სისხლს არ დავღვრით ქრისტესთვის, ნუ ვიქადით და ნუ ვგონებთ, ხსნას ვეწიეთო, რადგანაც მხატვართაგანაც კი არც ერთი არ იწონებს თავის ქმნილებას, სანამ არ დაასრულებს და სხვა არ მოიწონებს. იგივე ითქმის ნეტართა გამოც, რომელთაც სრულყოფილი მოთმნიებით მოუპოვებიათ ძლევა. თავის დროზე ისინიც განდიდებულ იქმნებიან ცათა შინა უფლის მიერ, მსგავსად სახარეიბს გლახაკი ლაზარესი (ლუკა 16,20 და ამის შემდგომი).

79. ფსალმუნთმგალობელი დავით მეფე ამბობს: „რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყვანი შენნი, უფროის თაფლისა პირსა ჩემსა“ (ფს.118,103), და კიდევ: შიში უფლისაი წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე; განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა. გულის-სათქუმელ არიან უფროის ოქროისა და ანთრაკისა პატიოსანისა ფრიად და უტკბილეს უფროის თაფლისა და გოლეულისა“-ო (ფსალმუნი 18,10-11). გეშინოდეთ, ძმანო, იმისა, რომ უმართლო არ იყოთ და რომ არ განრისხდეს თქვენზე შემოქმედი ჩვენი, ვინც ურწმუნოსაც ჭეშმარიტებას უქადაგებს, კიცხავს და განსწავლის მას. და იგი იმ ადამიანის მსგავსია, რომელიც მარგალიტის ასხმულებს ზღვათა სიღრმეში გადაისვრის. და ასევე, როგორადაც წყალი მიილტვის ქვევით დაფერდებულ ადგილას, რათა სადმე ერთ ადგილას შეიკრიბოს, ამგვარადვე ღმერთის სიტყვაც გადმოიღვრება ზეგარდმო და მართალ მორწმუნეთა სულებში შეიკრიბება.

80. ყოველთვის ფხიზლად ვიყოთ და დღემუდამ აღნთებული კეთილსახიერი გულმოდგინებით ჩვენი გონებისა, რათა არაგულმოდგინენი და მცონარენი არ გვიწოდონ; მარად ფხიზლად მყოფს ვერ შეიპყრობენ და ვერ სძლევენ ბოროტი ვნებანი. თუკი როდისმე დაეცემა კიდეც გულმოდგინე და ფხიზლად მყოფი მოსაგრე ბოროტი გამომცდელის დიდი მზაკვარებისა გამო, გულმოდგინება და სიფხიზლე მაშინვე კვლავ აღადგენენ მას. ხოლო თუკი ვინმე მცონარი და უზრუნველი მოსაგრე, არ მქონე ღვთის მოშურნეობისა, დაეცემა ეშმაკის საცთურთა მიზეზით, იგი ვერც შეამჩნევს ამ თავის დაცემას, იმიტომ რომ მისი გული გაქვავებულია და არა აქვს შეძენილი უნარი თავის ცოდვათა განცდა-დანახვისა. ასეთი ადამიანი დაურვებულ და აღვირასხმულ სახედარს ჰგავს, რომელზეც ყოველს შეუძლია ამხედრება ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ამგვარ ადამიანებში ისრულებს ეშმაკი ყველა თავის ბილწ სურვილს, და მათს გულებში წარმოაჩენს თავის სრულ განხრწნადობას. ყოველ ასეთ ადამიანს, ცოდვისაგან ძლეულს, ეშმაკი იქით მიაქანებს, საითაც სურს, სანამ მისმიერი ბოროტებით არ აღივსებიან სრულიად და ცოდვაში არ მოკვდებიან ტირილითა და ოხვრა-კვნესით. ასეთი ადამიანის სული მცონარ მცხოვრებთაგან მიტოვებულ და გაპარტახებულ სახლსა ჰგავს, ყველასთვის უხმარი რომ შექმნილა და ყველას რომ სძაგს, ვითარცა დაწყევლილი რამ, მსგავსად ქვეწარმავალთა, მორიელთა და გარეულ მხეცთა ადგილსამყოფელისა. უკვე აღარავინ არ ზრუნავს ამგვაარ საცხოვრებელზე, რადგანც ის მთლიანად დარღვეულია. აი, ამგვარია მდგომარეობა იმ მოსაგრისა, რომელსაც მცონარებისთვის მიუცია თავი და გულმოდგინებისაგან დამცხრალს ღვთის წმიდა მოშურნეობაც დაუკარგავს. მაშ,ვიზრუნოთ იმისათვის, რომ მარად გულმოდგინენი და ღვთის მოშურნენ ვიყოთ! ნუ გადავდებთ ამას მომავლისათვის, ვინძლო მტრის ხელმწიფებას არ დავემონოთ! როცა არის მოსაგრე ადამიანში ეს მშვენიერი მოშურნეობა და კეთილი მზრუნველობა სულის ხსნისათვის, მაშინ იგი დაცულია ამის ძლით ყოველგვარი დაცემისა და დაზიანებისაგან, ასე რომ, ამგვარი ადამიანი სულიწმიდის ტაძრად შეიქნება და ბედნიერად დაასრულებს რა თავის ცხოვრებისეულ გზას ამქვეყნად, ღირსი შეიქნება მშვიდობით შევიდეს წმიდანთა სამკვიდრებელში.

81. ჩვენ ვიცით, რომ როცა ნეტარი პავლე მოციქული ქალწულებაზე მსჯელობდა, ასე თქვა: „ხოლო ქალწულთათვის ბრძანებაი უფლისა მიერ არა მაქვს; ხოლო მე გაზრახებ ვითარცა შეწყალებული უფლისა მიერ, სარწმუნო ყოფილ“ (1კორ. 7,25). მოციქულს არ ჰქონდა ეს ბრძანება იმის გამო, რომ ადამიანთაგან ბევრს როდი ძალუძს ზიდოს ეს მძიმე უღელი. ამიტომაც უფალმა არჩევანის უფლება დაუტოვა ადამიანს ამ საქმეში, და ეს ღვაწლი მხოლოდ იმათ უნდა იტვირთონ, ვისაც ძალუძს მასი დატევნა. ამიტომ ნურც ერთი უქორწინებელთაგან ნუ იქადით თქვენს ქალწულებას, რადგან ეს თვით ღმერთისაგან მომადლებული ნიჭია. ეს ნიჭი ქალწულებისა განაშორებს თქვენგან ნდომას ქალისას, ხორციელ სურვილებს და გულის ამპარტავნებას; იგი მოსპობს თქვენს სიყვარულს ყველა იმ საქმისადმი, რომელნიც ეშმაკისაგან გამომდინარეობენ; შორს განაგადებს აგრეთვე მოუთმენარ ჩივილს, სიძულვილს ადამიანებისადმი და საერო დიდებისმოყვარებასაც. ეს ნიჭი მიგაახლებთ თქვენ ჭეშმარიტ ღვთისმსახურებას, აღგიკრძალავთ ენას და მუცელსაც მარხვით გამოგიწვრთნით. როცა უქორწინებლობისა და ქალწულობის ღვაწლი ამ სათნოებიებით არის დამშვენებლი, იგი უმანკო და შეურყვნელი მსხვერპლია, ჩვენს მიერ შეწირული ღმერთისადმი. ხოლო თუკი შენ, ქალწულებრივად მცხოვრები სული, მრავალ სიტკბოებაზე დაიწყებ ზრუნვას და საკუთარი ღირსებებით აღტაცებული ივლი, ერთიანად საკუთარი თავით დაკავებული, მაშინ შენ უსათუოდ სირცხვილეულ იქმნები ყოველს საქმეში. და თუ ენასაც არ აღიკრძალავ, როგორც ჯერ-არს, მაშინ მთელი შენი სიცოცხლე და ღვაწლი ამაო იქნება და შენ ცარიელი წარუდგები ღმერთს.

82. მაშ, მართლიად და სიწრფოებით ვვლოთ იმ გზაზე, რომელზეც ყველანი - უფლის წმიდანნი ვიდოდნენ, ისინი, ვის გამოც დავით წინასწარმეტყველს უთქვამს: „ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა“ (ფსალმუნი 118,1), ანუ ისინი, რომელნიც ღვთის სათნოდ ცხოვრობენ - სხეულის სიწმიდით, ენის, თვალთა, ხელთა, სასმენელთა, ფერხთა სიწმიდით, მართალი ზრახვებითა და ფიქრით ღმერთის წინაშე და წმიდა და შეურყვნელი გულით ერთმანეთის მიმართაც, როგორც ამას ჩვენც შევღაღადებთ ხოლმე უფალს წმიდა მეფსალმუნის სიტყვებით: „გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა! ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა მუ მიმიღებ ჩემგან! მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე! (ფსალმუნი 50,12-14).