დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი

იგავი ბოროტ ვენახის-მოქმედთა შესახებ
(მათე 21.33-41)

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

უფლის მიერ საყვარელნო, სახარების დღევანდელი საკითხავი ძალზედ საინტერესო და გულისხმისსაყოფელია, დიდად მნიშვნელოვანი, რამეთუ წმიდა მათესაგან დღეს ამოკითხული იგავი ერთბაშად წინასწარმეტყველებაა წარსულზე, ქრისტეს დროინდელ აწმყოსა და მომავალზე, რომელიც ქრისტეს ვნებისა და ახალი აღთქმის ეკლესიის სახით აღსრულდა.

რამ განაწყო უფალი, რომ წარმოეთქვა იგავი ბოროტ ვენახის-მოქმედებზე?

ერთხელაც, როდესაც მაცხოვარი ტაძარში ასწავებდა ერს, შურითა და ღვარძლით აღძრული მღვდელმთავარნი, ერის მოძღვარნი და მწიგნობარნი მოუხდეს მას და ჰკითხვიდეს, თუ ვისგან იყო მოსული მაცხოვარი: „რომელითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?“ (მათე 12.23). კითხვაზე კითხვით დაუბრუნა პასუხი იესუ ქრისტემ: - საიდან იყო ნათლისღება იოანესი - ზეციდან თუ კაცთაგან? და ისინი ერთმანეთს შორის მსჯელობდნენ: თუ ვიტყვით რომ ზეციდან, მაშინ დაგვეკითხება - რად არ მიიღეთ იგი, სინანულის მქადაგებელი? თუ ვიტყვით, რომ კაცთაგან, - გვეშინის ერისაგან, რამეთუ ვითარცა ერთი დიდი წინასწარმეტყველთაგანი უპყრიეს (შ.დ.რ. მათე 21.25,26). და ამიტომაც ეტყვის ქრისტე: „არცა მე გითხრა თქუენ, რომელითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას“ (მათე 12.27). და მერმე, სამხილებელად მათდა და სასწავლებელად ერისა, ეტყვის იგავთ, რომელნიც არსებითად ერთი შინაარსის მატარებელნი არიან.

მოდით, დღეს, წმ. მამათა მიერ, სულიწმიდის მადლით, გამოწვლილვით გამოვიკვლიოთ სახარების დღევანდელი საკითხავი - იგავი ვენახის უფალსა და ბოროტ მევენახეებზე.

მსურს, სახარების დღევანდელ საკითხავსა და გამოთარგმანებს, წავუმძღვარო წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვა, რომელსაც სხვაგვარად ეწოდება გამოსათხოვარი სიტყვა, მეორე მსოფლიო კრების დასასრულს რომ წარმოსთქვა კონსტანტინეპოლის სამეუფო საყდრის დატოვებასთან დაკავშირებით.

მოკლედ შეგახსენებთ, რა მოხდა მანამდის: როდესაც არიოზელობამ წალეკა ბიზანტიის იმდროინდელი დიდებული დედაქალაქი და ერთი ტაძარი, ერთი ეკლესიაც კი აღარ იპოვებოდა მართლმადიდებლების ხელში, სწორედ ამ დროს (უწინ კი გრიგოლს ბარბაროზს უწოდებდნენ კაპადოკიელების გამო) ბერძენმა მართლმადიდებლებმა, მოიწვიეს იგი რათა განეწმიდა ღვარძლისაგან სამეუფო ქალაქი. ქრისტეს სიყვარულისთვის ჰყო მორჩილება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა და კაპადოკიიდან (თავისი საეპისკოპოსო კათედრიდან) კონსტანტინეპოლში ჩავიდა. აქ, მცირე ხანში, მან სული წმიდის მახვილით განწმიდა ყოველგვარი ეკალ-ბარდისა და სარეველასაგან ქალაქი და როდესაც პირველად ჩავიდა, თუ მხოლოდ ჩვიდმეტი მართლმადიდებელი დახვდა, წამოსვლის ჟამს მხოლოდ ჩვდმეტი არიოზელიღა იყო დარჩენილი; და ყველა ეს ეკლესია შეამკო სული წმიდის მადლით.

სანაცვლოდ, მადლიერების ნაცვლად, ზურგს უკან წმ. გრიგოლს ერთ-ერთი აფრიკელი უკურთხეს კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსად, მაგრამ ამ საქმემ არ იხარა. მერმე, როდესაც ეკლესიისა და მართლმადიდებლობის ყველა საქმე მოაგვარა წმ. გრიგოლმა, არსებითად საყდრიდან გადადგომა მოსთხოვეს. და მან წარმოსთქვა არაჩვეულებრივი სიტყვა, ღრმა და დიდად მჭევრმეტყველური. ამ სიტყვაში გვხვდება ასეთი გულის შემძვრელი ადგილიც: - „მე დავიღალე ჩემი სიმშვიდის მხილებათა მოსმენით, დავიღალე კამათით სიტყვასთან, შურთან, მტრებთან და ჩემიანებთან“.

ცრემლითა და გულისტკივილით არის გაჟღენთილი გრიგოლ ღვთისმეტყველის ეს სიტყვები და მსურს, ამ დიდი მნათობის სიტყვები წარვუმძღვარო სახარების დღევანდელ განმარტებას, რამეთუ ქრისტესაც არაერთგზის უწევდა, მოესმინა (ორგულთაგან) მისი სიმშვიდის მხილება. დაიღალა იგი „კამათით სიტყვასთან, შურთან, მტრებთან და თვისიანებთან“. აკი ამბობდა მაცხოვარი: „სახლეული მტერ ექმნეს კაცსა“, „რამეთუ არავინ წინასწარმეტყველი შეწყნარებულ არს თჳსსა მამულსა“ (ლუკა 4.24). სხვაგვარად „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (იოანე 1.11), ვგულისხმობ ისრელიანებს.

მაშ, მოდით, მივყვეთ სახარების ამ საიკთხავსა და იგავს: „კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა“ (მათე 21.33).

ვიდრე რამეს ვიტყოდეთ წმ. მამათაგან, მინდა გითხრათ რომ უფალმა ეს იგავი აიღო ესაიას წინასწარმეტყველებიდან; უფრო სწორად, ესაიადან აიღო ზოგი რამ (ესაიადან, რომელსაც თვითვე ალაპარაკებდა); განმარტების კვალობაზე ჩვენ ვნახავთ, რომ აქ წინასწარმეტყველებზეც არის წინასწარმეტყველება, რომელთაგანიც ზოგი ქვით განიტვინა, ზოგს ტყავი გახადეს და ვინ გახერხეს... მაშ, ის, რაც მანამდე ესაიას პირით თქვა უფალმა, აქ - უშუალოდ გამოთქვა. გამოთქვა ამჯერად არა როგორც მხოლოდ წინასწარმეტყველება, არამედ მას იგავის ფორმაც მიანიჭა. რატომ? მოგვიანებით გეტყვით, რადგან იგავის დასასრულს, დაეკითხება ერის მოძღვართა და მწიგნობართ: „რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს ქვეყანის-მოქმედთა მათ?“ (მათე 21.40) და საკუთარი ენით ამხილებინებს საკუთარ თავს მის მტრებს, - ამაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ.

მაშ, მოდი ვნახოთ, რა არის, კერძოდ, ვენახსა და მევენახეზე ესაიასთან ნათქვამი (მსგავსი რამაა ნათქვამი ასევე დანიელ წინასწარმეტყველთან და იერემიასთანაც); კერძოდ, ესაიასთან მეხუთე თავში (საიდანაც უფალმა იგავი გამოიყვანა) ვკითხულობთ: „უქო შეყუარებულსა ქება საყვარელისა ვენაჴსა ჩემსა“. თქვენ იცით, რომ ვენახი სახე არის ქრისტე იესუსი; ამასთანავე სახეა (სახისმეტყველებით) ღვთისმშობელ მარიამისა, ეკლესიისა და ისრაელისა. ამჯერად ვენახს სხვაგვარი სიმბოლური დატვირთვა აქვს, რაზეც შემდგომ მოგახსენებთ.

მაშ, „ვენაჴი ექმნა შეყვარებულსა რქისა მიერ ადგილსა შინა პოხილსა (ე.ი. ნოყიერ ადგილას) და ზღუდე გარემოვსდევ და მოვიკრძალე და დავჰნერგე ვენაჴი სორექი და აღვაშენე გოდოლი საშუალ მისა“. ე.ი. პოხილი, ნოყიერი მიწა გამოირჩია უფალმა ღმერთმა, ზღუდე გარე-მოსდვა, მოკრძალა იგი, რათა არა მოჰყურძნიდნენ სხვანი - როგორც ფსალმუნში არის ნათქვამი - ბრანგუჲ (ანუ დათვი) მძვინვარეჲ და ეშუჲ მაღნარისაჲ (ე.ი. ტახი გარეული).

„დავჰნერგე ვენაჴი სორექი და აღვაშენე გოდოლი საშუალ მისა“ - ე.ი. შუაგულ ვენახისა გოდოლი აღაშენა. გოდოლი - ეს არის საგუშაგო კოშკი, რომელსაც დღესაც ვენახებში, ან ხისაგან, ან ბალახისაგან, ზოგჯერ კი ქვისაგანაც აშენებენ, რათა როცა სიმწიფეში შევა ვენახი, არ მოჰყურძნონ და არ მოიპარონ. „აღვაშენე გოდოლი საშუალ მისა“ - რას ნიშნავს, საშუალ (შუაში) აღაშენა და არა ნაპირზე, მარჯვენით თუ მარცხენით? ამის შესახებ კონკრეტულად განმარტების კვალობაზე მოგახსენებთ მამათაგან.

„და წინ სასაწნეხლე მოვთხარე“ - წინ წერია და არა უკან - ამასაც მივაქციოთ ყურადღება და დავიმახსოვროთ. „წინ სასაწნეხლე მოვთხარე მას შინა (ვენახში), და ველოდე ყოფად ყურძნისა, ხოლო ყუნა ეკალნი“. ვენახი დანერგა, არაფერი არ დააკლო, მაგრამ ყურძნის ნაცვლად (მტევანისა) ეკალი გამოიღო და მერმე რა რისხვას ავლენს უფალი, შესაბამის ადგილს, იგავის განმარტებისას მოგახსენებთ.

იერემიასთან მსგავსივეა ნათქვამი ვენახის თაობაზე: „ხოლო მე დაგნერგე შენ“, - ისრაელს მიმართავს - „ვენაჴი, ნაყოფის გამომღებელი, ყოვლად ჭეშმარიტი“, ე.ი. არაფერი არ დაგაკელი ჭეშარიტებისაგან, გაზიარე ჭეშმარიტებას - „ვითარ გარდაიქეც სიმწარედ ვენაჴი უცხოჲ?“ (იერ. 2.21).

მოდით, ახლა ვნახოთ, საკუთრივ იგავში რა არის ნათქვამი და სულიერი მნიშვნელობით რა აზრის მატარებელია, რაღა თქმა უნდა, ადვილი მისახვედრია, რომ სახლის უფალი რომელმაც ვენახი დაასხა ნოყიერ ადგილას (პოხილ ადგილას), გახლავთ - მამაღმერთი. მერმე, გარე შეზღუდა იგი ზღუდით - ღობე, ზღუდე, ამ შემთხვევაში, ნეტარი თეოფილაქტესა და სხვა მამების განმარტებით, მოასწავებს სჯულს, რომელიც მოსე წინასწარმეტყველის გზით მისცა. მაშ, ზღუდე - იცავს რომ არ მოჰყურძნონ; ანუ, სჯული იცავდა ისრაელს (ვენახი არის ისრაელი სიმბოლური მნიშვნელობით), რათა წარმართებს არ შერეოდნენ და მათგან საწარმართო, კერპთაყვანისმცემლობის ზნეჩვეულებანი არ გადაეღოთ. სჯული იცავდა, სჯული, - რომელზეც ფსალმუნში ნათქვამია, რომ ლაგამი არის კაცთათვის.

„და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი“ (მათე 21.33). დავესესხოთ კვლავ ესაია წინასწარმეტყველს: ვენახის შუაგულში აღაშენა გოდოლი ანუ საგუშაგო კოშკი. სულიერი თვალსაზრისით, ეს არის ტაძარი ძველი აღთქმისა, რომელიც თავდაპირველად იყო მოძრავი კარავი, სკინია, ხოლო შემდგომ კი - უძრავი ტაძარი. მაშ, აღაშენა ტაძარი და, ესაიასთან ნათქვამია, რომ - წინ ამ ტაძრისა, წინა მახრეს, არა უკან, და არა საშუალ, - აღაშენა სასაწნეხლე, ანუ სამსხვერპლო, სამკვეთლო, სადაც სისხლიან მსხვერპლს სწირავდნენ ისრაელიანნი; გარდა ამისა, იგი სხვა დატვირთულობის მქონეცაა: წინა სახეა ახალი აღთქმისა, ქრისტეს მიერ დაფუძნებული და ნათლისღების წყლებით პკურებული ეკლესიისა; წინა სახეა საწნეხელი საკუთრხევლისა, სადაც უსისხლო მსხვერპლი შეიწირება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.

შევაჯამოთ: ვენახი, სახეა ერთა შორის რჩეული ერისა, - ისრაელისა; ვენახის უფალი და სახლის უფალი არის ზეციური მამა; გოდოლი ტაძარია ძველი აღთქმისა, საიდანაც მადლი იქნება აღებული - იგი წინა სახე იყო ახალი აღთქმის ტაძრისა, კვლავ ესაიას დავესესხები განმარტების ჟამს, და ვნახავთ, რომ ნამდვილად ასეა: რომ მადლი არ იყო დატოვებული ძველი აღთქმის ეკლესიაში, არამედ ახალს მიენიჭა. ხოლო ამ გოდოლის წინა მხარეს საწნეხელია, რომელიც განასახიერებს დღევანდელ საკურთხეველს, სადაც ქების მსხვერპლთან ერთად, მსხვერპლთა შორის უდიდესი მსხვერპლი, ანუ უსისხლო მსხვერპლი შეიწირება.

ყოველივე ამის შემდეგ, როცა განამზადა „მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა“ (მათე 21.33). ვენახის-მოქმედნი - მამათა განმარტებით - არიან ის სჯულის მოძღვარნი, ერის მოძღვარნი და მასწავლებელნი, მწიგნობარნი და სხვანი, რომელთაც მოსეს სჯულით რჩეული ერის გაწვრთნა დაავალა უფალმა.

„და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაჲ, მიავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა“ (მათე 21.34). ვინ წარავლინა? მსახურნი წარავლინა წმ. მამათა განმარტებით, ისინი, ვინც წარავლინა ზეციურმა მამამ, წინასწარმეტყველნი არიან. და იმავე მამათა განმარტებით ნათქვამია არა მარტო ის, რომ ვენახის მოქმედებს ჩააბარა და წარვიდა, არამედ, ლუკასთან ნათქვამია ესეც: „წარვიდა მრავალთა ჟამთა“ (ლუკა 20.9), განშორდა მათ ჟამ-რავდენმე (რამოდენიმე ხნით). ხოლო მარკოზთან - საკმაოდ დიდხანს განშორდა ვენახის-მოქმედებს, ყოველივე მოაწყო და ჩააბარა მათ: „მისცა იგი ქვეყანის-მოქმედთა და წარვიდა“ (მარკოზი 12.1). ამით უფალს უნდა თქვას, რომ როდესაც სჯულით განაწყო თავისი ერი, რჩეული ერი, ანუ მიანიჭა ძველი აღთქმის ეკლესია, ღვთისმსახურება დაუდგინა (აარონია საწყისი ღვთისმსახურებისა) და სჯულის მოძღვარნი მისცა, ამის შემდეგ განეშორა. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე ყოველივე ამას მოაწყობდა რჩეული ერისთვის, ვიდრე ეგვიპტიდან გამოიყვანდა და აღთქმის მიწაზე დააფუძნებდა ღვთისმსახურებით, მანამდის, პირისპირ ელაპარაკებოდა, ვთქვათ, მოსეს და მოსეს გზით - მთელ ერს. სინაზე არა ერთი სასწაული უჩვენა; სინამდის - ეგვიპტეში. შემდგომ აღთქმის მიწებზე და როცა ყოველივე მოაწყო წინასწარმეტყველნიც მოუვლინა. რატომ? მოგახსენებთ: იმიტომ, რომ ვენახის-მოქმედნი არ აღმოჩნდნენ კეთილსინდისიერნი, მწიგნობარნი, მღვდელმთავარნი, მღვდელნი, ფარისეველნი და სადუკეველნი, რომლებიც ასწავლიდნენ არა სულს სჯულისას, არამედ ასოს და უფრო მეტად უმძიმებდნენ ტვირთს. ტვირთს, რომელზედაც ქრისტე, მოგვიანებით, წინასწარმეტყველთა შემდგომ მოსული, იტყვის: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენოთ თქუენ“ (მათე 11.28). კი არ დაგიმძიმებთ ფარისევლებივით ტვირთს, არამედ ვიტვირთებ ჩემს მხრებზე, რომლითაც მიპყრია ცანი, ქმნულნი თითთა და ხელთა ჩემთაჲ.

მაშ, პერიოდი, როდესაც ვენახის-მოქმედებს ვენახი ჩააბარა, ვიდრე მიავლენდა მათთან თავის მსახურებს, განასახიერებს იმ სიტორიულ პერიოდს, რომელიც ემთხვევა პერიოდს - მოსე წინასწარმეტყველიდან და სჯულიდან, - წინასწარმეტყველთა პერიოდამდე. ხოლო წინასწარმეტყველები რატომ გამოჩნდნენ, ამაზე, ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.

როდესაც ღვინობის თვემ, მოყურძვნის დრომ მოაწია, მიავლინა მსახურნი, რათა ნაყოფი თვისი მიეღო, რომელიც მას სჯულისაებრ და კანონიერად ეკუთვნოდა: „და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაჲ, მიავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა“ (მათე 21.34). „და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყვიდნეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს“ (მათე 21.35).

წმ. მათე მახარებელთან, ორჯერ არის განმეორებული, რომ ორგზის მიავლინა ვენახის უფალმა და ორგზის იგივე უყვეს: „კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე უყვეს“ (მათე 21.36). ხოლო, ლუკასთან და მარკოზთან, სადაც იგივე იგავია მოთხრობილი, ნათქვამია, რომ სამგზის წარავლინა: „მერმე კუალად მიავლინა მესამე“ (ლუკა 20.12). ეს დიდი განსხვავება არ არის, რადგან არსებითად და შინაარსით ერთსა და იმავეს გამოხატავენ: ვენახის უფალმა რამოდენიმე გზის, მიავლინა ნაყოფის მისაღებად, მაგრამ უარი უთხრეს. ყველა ეს მივლინება ერთგვარად დამთავრდა - ან ცემით, ან განტვინვით ანუ ქვით ჩაქოლვით, ანდაც გამოძევებით. აზრი კი, მაშ, ერთი და იგივეა. მამათა განმარტებით, სამგზის მივლინება, განასახიერებს წინასწარმეტყველთა ისრაელში მოვლინების, თუ შეიძლება ასე ითქვას, სამ პერიოდს, სამ ნაკადს კერძოდ:

პირველი - ეს არის მსაჯულთა პერიოდი, როცა ღმერთი მსაჯულთა გზით მართავდა ისრაელს.

მერმე, მეორე მოვლინება, - განასახიერებს პერიოდს მეფეთა მმართველობისა და სამეულ წინასწარმეტყველისა.

მესამე პერიოდში ყველაზე უფრო მეტი წინასწარმეტყველი მიუვლინა ღმერთმა თავის რჩეულ ერს; ესაა პერიოდი ბაბილონის ტყვეობის წინ და შემდგომად ბაბილონის ტყვეობისა. რატომ მიუვლინა ამ დროს ყველაზე მეტი წინასწარმეტყველი? იმიტომ, რომ ამ ხანაში უფრო მეტად „განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს და თუალნი მათნი დაიწუხნეს“ - როგორც უფალი იტყვის მოგვიანებით და იმდენად დიდ ცოდვებში ჩაცვივდნენ კერპთაყვანისმცემლობისა და იმდენად დაშორდნენ ღმერთს, რომ ღმერთმა თავისი რჩეული ერის მიმართ, ის საშინელი განსაცდელი დაუშვა, რომლითაც არაერთგზის ემუქრებოდა ისრაელს. კერძოდ რა: იქამდე შეაწუხეს სული უფლისა, რომ უფალმა დაუშვა, - ეს რჩეული ერი ნებუქოდონოსორს აეყარა, და სამშობლოდან სამოცდაათი წელიწადი გადაესახლებინა.

თქვენ რა გგონიათ, ქართველი ერი უკეთესია, ვიდრე ისრაელი? ფიქრობთ, რომ უფრო მეტია? ჩვენ დღეს თავი მოგვაქვს, რომ ღვთისმშობლის წილხვდომილნი ვართ; ხოლო ისინი თვით ღმერთის წილხვდომილნი იყვნენ და, ამასაც არ დაერიდა უფალი ღმერთი, აჰყარა უსჯულოების გამო თავისი სამშობლოდან და ბაბილონში მათი გადასახლება დაუშვა. რა არის ფსალმუნში ნათქვამი: „მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიხსენეთ ჩუენ სიონი, ძეწნთა ზედა შორის მისსა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი... უკუეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ მარჯვენეცა ჩემი! აექვინ ენაი ჩემი სასასა ჩემსა“ (ფს. 136) მწუხარებისა და ტირილისაგან. იგივე დაგვემართება ჩვენც, თუ გონს არ მოვალთ. დავანებოთ თავი ხილული მტრების ძიებას, ისინი აშკარა არიან, და, პირველ რიგში, ვეძებოთ ჩვენს გონებაში დაბუდებული გონიერი მგლები, რომელთა მონება სჩვევია დღეს ქართველს. და ვინ არიან ეს გონიერი მგელნი? ესენი არიან დემონები - სიძვისა, ვერცხლისმოყვარეობისა და დიდებისმოყვარებისა, პირველ ყოვლისა. ამ დემონებმა, რომლებიც დღევანდელი ქართველის გონებაში ჩაბუდებულან, ეს ოდესღაც ღვთისათვის მოწამე ერი, აქცია საოცრად ჰედონისტ და მატერიალისტ ერად; დაიქსაქსა ერი ჩვენი სექტანტობით და ანგარებით. მრავალგვარი განხეთქილებანი არყევენ ეროვნულ საფუძვლებს...

მაშ, თუ არ დაერიდა ღმერთი საკუთარ ერს (რჩეულ ერს), არ დაერიდება არც ღვთისმშობლის წილხვედრ ერს და - ღვთისმშობლისა და ღვთის ამორჩეულებს სამგზის მიუზღავს, რადგან უფალმა ვისაც მეტი მადლი მიუვლინა, მეტსაც მოსთხვოს მას.

წავიკითხავთ წმ. ესაიასთან, - რა მოხდა, როდესაც უფალი განრისხდა ვენახის-მოქმედზე, როდესაც ვენახმა, ტევნის ნაცვლად ეკალი გამოისხა.

მაშ, წინასწარმეტყველთა ერთხელ, ორჯერ და სამჯერ მივლინება, სამგზის მივლინება - შემთხვევითი არ არის: ღმერთი სამობით არის! ღმერთმან, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა მიუვლინა მხილებისა და სწავლებისათვის, თავის რჩეულ ერს, რომელიც ჩაეფლო ჭაობში ბოროტი გულისთქმებისა და ცოდვებისა.

...მაგრამ მათ - არ ისმინეს. და მართლაც, როგორც ნეტარი თეოფილაქტე განმარტავს და ისრაელის ისტორიიდან მოიგონებს, ერთს - გვემეს; სხვები - საპყრობილეში შეაგდეს, ვთქვათ, ანანია და მიქეა; სხვანი, ქვით ჩაქოლეს, ვთქვათ, აზარია, ან მოჰკლეს, როგორც ზაქარია „შორის ტაძრისა და საკურთხეველისა“, ესაია გახერხეს, ვის ტყავი გახადეს...

თქვენ, ალბათ, იონა მოგაგონდათ: წარავლინა იონა წარმართებთან და წარმართებმა ისეთი სინანული აჩვენეს, პირუტყვი და ფრინველიც კი ამარხულეს. ნინეველები გლოვასა და ტირილს მიეცნენ, ძაძები შეიმოსეს და თავზე ნაცარი იყარეს. წარმართებმა ისმინეს, ხოლო ისრაელიანებმა არც ერთხელ არ შეისმინეს.

„ხოლო უკანაჲსკნელ მიუვლინა ძე თჳსი და თქუა: შეხოლო თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა“ (მათე 21.37). შეიძლება ზოგიერთმა იკითხოს: როგორ, როგორც ღმერთმა არ იცოდა, რომ არ უსმენდნენ არც წინასწარმეტყველს, არც მხოლოდშობილ ძეს, მაშ, რად მიავლინა? აი, რას პასუხობს ამასთან დაკავშირებით დეკანოზი გრიგოლ დიაჩენკო: „ყოველისმცონემ უწყის ყოველივე, რაც არის და რაც იქნება, მაგრამ ზეციურ სიყვარულს თითქოს არ უნდა იცოდეს, რომ ადამიანები არ ისარგებლებენ მისი სიქველის ახალი გამოვლინებით და ავლენს ახალ სიკეთეს“.

ახალი სიკეთე კი ის იყო, რომ „ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმედეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (იოანე 3.16). ზეციურ სიყვარულს სურს, რომ ადამინებმა შეიცნონ ეს დიდებულება ახალი სიქველისა და წარმოუდგენს მათ ამ დიდებულებას ქრისტე იესუს სახით. მიუთითებს, რა უნდა მოიმოქმედონ მათ: უნდა შეიკდიმონ - როგორც იოანე ოქროპირი განმარტავს, - ანუ უნდა შერცხვეთო.

რა უნდა იყოს ნაყოფი წინასწარმეტყველთა და მხოლოდ შობილი ძის მოვლინებისა?! - შერცხვეთ საკუთარი ცოდვებისა; სვინდისმა უნდა ამხილოს ისინი. მაგრამ მოდით ვნახოთ, ისმინეს სინამდვილეში, თუ არ ისმინეს მხოლოდშობილი ძისა? მათესთან მარტივადაა ნათქვამი რომ „უკანასკნელ მოუვლინა მათ ძე თჳსი“ (მათე 21.37); მაკროზთან კი დაზუსტებულია „ერთი ძე ესუა საყვარელი თჳსი, მიავლინა მათა“ (მარკოზი 12.6). „შეხოლო თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა“ - ეგების შერცხვეთ და მოინანონო.

„ხოლო ქვეყანის მოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი“. (მათე 21.38).

ნახეთ რა არის ნათქვამი: ერთმანეთში კი არ მოილაპარაკეს, არამედ გულში იფიქრეს. რამდენად მზაკვარნი ივნენ, აღვსილნი ბოროტებით, აღარც კი გახდა საჭირო, ვთქვათ, როგორც ზოგჯერ ხდება ხოლმე, როცა ბოროტება რიცხვობრივად მატულობს, მრავლდება ქვეყანაზე: იტყვის ერთი-ორი, და აიყოლიებენ მერყევი სულის ადამიანებს. აქ კი რა მოხდა: ყველა დაცემული იყო სულიერად და ყველამ ერთი და იგივე გაიფიქრა გულში: თუ მემკვიდრეს მოვკლავთ, ვენახი ჩვენ დაგვრჩება. დაავიწყდათ, რომ მემკვიდრეს მამაც ჰყავს!

„და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე ვენახისა და მოკლეს“ (მათე 21.39). თუ აქამდე წინასწარმეტყველება იყო წარსულსა და აწმყოზე, ამჯერად, წინასწარმეტყველებს, თუ რა იქნება.

და მართლაც, იოანესაგან სახარებაში ვკითხულობთ რა მოხდა სამი დღის შემდეგ, როდესაც უფალმა ეს იგავი მოუთხრო - მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა ერთმანეთში მოილაპარაკეს, ქრისტე მოეკლათ „მთვარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის“, როგორც ფსალმუნში იყო დავითთან ნათქვამი (ფს. 2.2).

იზრახეს კი შემდეგი: სამი დღის შემდეგ, როდესაც ამ იგავით ამხილა და მრისხანებაში ჩააგდო, განშორდნენ ქრისტეს, შეკრბეს მღვდელთმოძღვარნი და ფარისეველთა კრებული, და იტოდეს: „რაჲ-მე ვყოთ, რამეთუ კაცი ესე მრავალსა სასწაულსა იქმს?“ (იოანე 11.47). შურით აღძრულნი იმის გამო, რომ ისრაელიანები ტოვებდნენ მათ, ანგარებიანებს და უანგარო ქრისტეს მიეწებებოდნენ სიყვარულით. „უკეთუ დაუტეოთ იგი ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისა მიმართ, და მოვიდნენ ჰრომნი და მიგჳღონ ჩუენ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა“ (იოანე 11.48). ყურადღებით მოისმინეთ, რა იზრახეს: მოეკლათ ქრისტე. და, ვინ წამოაყენა ეს აზრი? კაიფამ, რამეთუ იმ წელს, მღვდელმთავარი იყო წილისყრით და ამან, წილხვდომილობამ, ათქმევინა მას. რა ათქმევინა? - წინასწარმეტყველება: „უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისთჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს“ (იოანე 11.50). რა არის ნათქვამი იოანესაგან სახარებაში? და არა მხოლოდ ნათესავთათჳს ისრაელისა მოკვდაო ქრისტე, არამედ „რაჲთა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად“ (იოანე 11.52), არა მხოლოდ ისრაელიანნი, არამედ ყოველი კაცი, მამისაგან ხმობილი, ქრისტე იესუს მიერ ერთად უნდა შეეკრიბა მამას თავის სასუფეველში.

მოდით, მაშ, რას დაუკვირდით, რატომ განიზრახეს მღვდელთმთავრებმა და მწიგნობრებმა ქრისტეს მოკვლა. არა მხოლოდ იმის გამო, რომ, ვთქვათ, წარმატება ჰქონდა მის ქადაგებას, როგორც ასეთი, არამედ იმისთვის, რომ ასეთმა წარმატებამ შიში ჩაუთესა მათ, საერთოდ არ დავკარგოთო მიწა, არ დავკარგოთ მთლიანად ჩვენი მამულიო. მიწიერ სამშობლოზე ფიქრობდნენ, ზეციური იერსუალიმი კი დაივიწყეს. დღეს ჩვენც მოვთქვამთ მიწიერ საქართველოზე, მხო-ლოდ მიწიერ თავისუფლებაზე. რა არის მიწიერი თავისუფლება? - აკეთე, რაც გსურს - სიძვა-გარყვნილება, ყიდვა-გაყიდვა მამულის, სვინიდისის... თქვენ გინდათ ამგვარი თავისუფლება?! ბევრს ლაპარაკობენ, ორი გზის არსებობაზე ჩვენი ერის სამომავლოდ...

მაგრამ საქართველოს, შევიცნოთ, მხოლოდ ერთადერთი გზა აქვს, - გზა, იესუ ქრისტე რომ ჰქვია სახელად - „მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხოვრებაჲ... მე ვარ კარი სამოთხისა“. სხვა გზა საქართველოსთვის, საერთოდ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, არ არსებობს ამიტომაც არ იყო შემთხვევითი (და ესეც წინასწარმეტყველებაა!) წმიდა რელიქვიები, მაგალითად, უფლის ზეგარდამო ქსოვილი კვართი საქართველოში რომ მოხვდა, რომელიც სიმბოლოა, როგორც კოზმა მაიუმელიდან არაერთხელ გვითქვამს, ჭეშმარიტებისა და განუყოფელი ეკლესიისა. საქართველოს მისია სწორედ ეს არის - შეინარჩუნოს მართლმადიდებლობა - უფალი იესუ ქრისტე. დაიცავით სწავლება ყოვლადწმიდა სამებაზე და ღმერთი თვითონ დაგიცავთ ყოველივე ბოროტისაგან, გვასწავლის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. „მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე“ - შევიცნოთ და შევიტკბოთ ეს საღმრთო ჭეშმარიტება. და ვიდრე, ქართველი ამას არ გულისხმა-ჰყოფს და ამ გზაზე არ მობრუნდება (მობრუნდება, რადგან ერთ დროს ამ გზაზე სისხლითაც კი ვიდოდა), არ იქნება ჩვენი საშველი! „თავისუფლებას პირდებიან სხვას - ნათქვამია „სოლომონის სიბრძნეში“ ჭკუის მასწავლებლებზე, ამა სოფლის ძლიერებზე და თვითონ მონები არიან ცოდვისა“. როგორ შეიძლება, ჩემო საყვარელო ადამიანებო, მონებმა შესთავაზონ თავისუფლება თანამონებს?! ჭეშმარიტი თავისუფ-ლება - ქრისტესაგან მოდის. აი, როგორ არის იოანესაგან სახარებაში ნათქვამი: „სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ (რომელმაც ხსნა მოუტანა ადამიანებს) ქრისტე იესუჲს მიერ იქმნა“ (იოანე 1.17). შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ!

მაშ, ეს არის წინასწარმეტყველება: როდესაც მხოლოდ შობილი და საყვარელი ძე, - ძე ღმრთისა, - მიუვლინა ვენახის-ბოროტმოქმედთ, ეგებ, მისი მაინც ისმინონო, სწორედ იგი დასაჯეს შურით აღძრულებმა და დასაჯეს ისე, როგორც იშვიათად თუ ვინმე დაუსჯიათ ღვთის რჩეული. თან, ნახეთ, რა არის ნათქვამი მათესაგან, ვენახის გარეთ განიყვანესო და იქ მოჰკლეს; ხოლო აქ, მარკოზთან ჯერ მოკლეს - ვენახში და შემდეგ გარეთ განაგდეს „და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გადმოაგდეს იგი მიერ სავენაჴით“ (მარკოზი 12.8).

ისტორიულად როგორ მოხდა? იერუსალიმში კი არ აცვეს ჯვარს უფალი, არამედ ქალაქიდან გაიყვანეს და გარე უბანში, გოლგოთის თხემზე აცვეს ჯვარს და აქ აღესრულა ჩვენი მხსნელი.

უარჰყვეს რა მესია, ღვთის რისხვამ არ დაახანა ისრაელზე ვესპასიანე მხედართმთავრისა და ტიტე იმპერატორის სახით. მათ ქვა ვქაზე არ დატოვეს, როგორც უწინასწარმეტყველა ჯვარცმულმა, ჯვარცმის წინ: „ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა“ (ლუკა 23.28)... „რამეთუ მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგან შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარე-მოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო და დაგარღვიონ შენ, და შვილნი შენნი შენს შორის დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა შენ შორის ამისთვის, რამეთუ არა გულისჴმაჰყავ ჟამი მოხედვისა შენისაჲ“ (ლუკა 19.43-44); ახდა უფლის ეს წინასწარმეტყველება და ვინც დარჩა, მცირედი, მესამედი ნაწილი ებრაელთაგან განიბნია მთელს იმდროინდელ მსოფლიოში.

დღესაც, ნახეთ, ებრაელები რას აკეთებენ: მათ მოჰკრიბეს, დაიბრუნეს თავიანთი ძველი სამშობლო; ებრძვიან არაბებს, რომ გამოსტაცონ თავისი ყოფილი „აღთქმის მიწები“, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ავიწყდებათ, როგორც მათ წინაპრებს დაავიწყდათ, რომელთაც იესუ ქრისტემ თავის დროზე, ჯერ კიდევ საკუთარ ჯვარცმამდე უთხრა „ნაშობნი ხართ მკვლელთა წინასწარმეტყველთანი“ (მათე 23.31). ხოლო სხვაგან, ქადაგებაში: „იერსუალჱმ, იერსუალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინასწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა“ (მათე 23.37). რატომ იერსუალიმ? იმიტომ, რომ ცენტრი იყო იერუსალიმი, ყველაზე მაღალი სულიერი წერტილი იუდეველთათვის. პავლე მოციქული თავისი ერის შვილებს ამხილებს და იტყვის: რაიღა-მე ვთქუა წინასწარეტყუელთა? „ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს (ვისგან? - ბოროტი ფარსიევლებისგან); მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილითა; ქვითა განიტვინნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახვილისაჲ თა მოსწყდეს... რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე“ (ებრ. 11.36-38). მთელი სოფელი არ იყოვო ღირსი იმ რამოდენიმე წინასწარმეტყველის, რომელნიც ღმერთისაგან მოვიდნენ და ჭეშმარიტებაზე ეზრახებოდნენ ისრაელიანებს; და უკანასკნელ, უფალიც ჯვარს აცვეს. ყოველივე ამან განსაზღვრა მათი მომავალი ბედი.

უფალი, როდესაც იგავის თხრობა დაასრულა, დაეკითხა ფარისევლებსა და სჯულის მეცნიერებს: „რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს ქვეყანის-მოქმედთა მათ?“ (მათე 21.40). როგორ, განა მაცხოვარმა თვითონ არ იცოდა, რას უზამდა ვენახის უფალი ასეთ ბოროტ ვენახის-მოქმედებს? როგორც ნეტარი თეოფილაქტე განმარტავს, იმისთვის დაუსვა ეს კითხვა ფარისევლებსა და მწიგნობრებს, რათა თავისი პირით ემხილებინათ მათ თავისივე თავი, რამეთუ უპასუხეს: „ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანისმოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა“ (მათე 21.41). ისე გამოდის, თითქოსდა გონებამახვილობაში ავარჯიშებდა და წრთვნიდა მათ ქრისტე. სინამდვილეში კი ეს კითხვა იმიტომ დაუსვა, რომ მიენიშნებინა, რა დაგემართებათო თქვენ, ბოროტ ვენახის-მოქმედთ, რომლებმაც ჩემს წარმოგზავნილთაგან ზოგი მოსწყვიტეთ, ზოგს სცემეთ, ზოგი ჩაქოლეთ, ახლა კი გულში ჩემი მოკვლაც გიდევთ. ბოროტმოქმედებს დაგსჯითო ბოროტებითვე. თუმცა, როგორც იაკობ მოციქული აზუსტებს: „ღმერთი გამოუცდელი არს ბოროტისა“, ანუ ბოროტებით ღმერთი როდი სჯის, არამედ ბოროტი სული ებრძვის რა ადამიანს თუკი ეს უკანასკნელი დაეთანხმება, ეშმა მასში თესავს ბოროტ გულისთქმას, გულისთქმა შობს ცოდვას, ცოდვა კი სიკვდილს (შდრ. იაკ. 1.13-15). მა-შასადამე, ადამიანი თვითონ სჯის თავის თავს. ღმერთი კი ასეთებსაც და, საერთოდ, ყველას გვაძლევს სინანსულის დროს.

ესაიასთან საბაოთი იტყვის: „და აწ, მკჳდრთა იერუსალიმისათა და კაცმან იუდასმან, საჯეთღა ჩემ შორის და საშუალ ვენაჴისა ჩემისა!“ (ეს. 5.3) შემდეგ დასძენს „რაჲ უყო მერმე ვენაჴსა ჩემსა, და არა უყავ მას? მით, რამეთუ ვჰგებდი, რაჲთა ყოს ყურძენი, ხოლო ყვნა ეკალნი?“ (ეს. 5.4). არა დავაკელიო მე ამ ვენახს, მაგრამ რა გამოიღო ნაყოფად - ტევანი? - ეკალი! „აწ უკვე მიგითხრა თქვენ, თუ რაჲ უყო მე ვენაჴსა ჩემსა“ - ჯერ კიდევ ვიდრე ძე ღმრთისა განკაცდებოდა, ღმერთმა უწინასწარმეტყველა ვენახსა-ისრაელსა: „მოვძარცო ღობე მისი და იყოს დასატაცებელი“ რას ნიშნავს „ღობე“?, როგორც სულიერად განვმარტეთ მამებისაგან - სჯულს მოასწავებს. ე.ი. უქმი გახდება სჯული და ძალა და ფასი დაეკარგებაო. გაუქმდება, ესაიას წინასწარმეტყველებით, ძველი ეკლესია და მაცხოვრის მხსნე-ლი ვნებებით დაარსდება ეკლესია ახალი აღთქმისა, რომელშიც რა იქნება „ლოდი თავსაკიდური?“ კითხვას პასუხს აძლევს იგავის დასასრულ თვითონ ქრისტე: „არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა (ფსალმუნი 117.22-23), ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“ (მათე 21.42) ე.ი. რა იქნებაო ახალი აღთქმის ეკლესიის ლოდი თავსაკიდური: ის, ვინც თქვენ უარჰყავით - ქრისტე იესუ, თქვენგან გოლგოთაზე ჯვარმცული.

„აწ უკვე მიგითხრა თქვენ... მოვძარცო ღობე მისი“ - ე.ი. უქმ-ვჰყო მოსეს სჯული. თუ გახსოვთ, მოციქულთა პირველ კრებაზეც, რომელიც დამოწმებულია, „საქმე წმიდათა მოციქულთაში“ - (თ. 15) მსჯელობდნენ, სავალდებულო ყოფილიყო თუ არა წარმართებისაგან მოქცეულთათვის მოსეს სჯული, პავლე მოციქულმა და ბარნაბამ აღიმაღლეს ხმა, მერმე პეტრე და იაკობი დაეთანხმნენ და მთელმა კრებამ მიიღო, რომ სავალდებულო არ ყოფილიყო წარმართთაგან მოქცეულ ქრისტეანეთათვის სჯული მოსესი. უფალმა სული წმიდის მიერ ამცნო, რომ მოსეს სჯულმა დაასრულა, ასე ვთქვათ, თავისი საქმე და მისია და გზა დაუთმო ახალ აღთქმას, რადგან ძველი სჯული რაზეც წინასწარმეტყველებდა, ქრისტეს სახით და ახდა, გაცხადდა და აშკარა შეიქმნა.

„მოვძარცო ღობე მისი (ანუ გავაუქმო სჯული მოსესი) და იყოს დასატაცებელ“. რას ნიშნავს სჯული დასატაცებელი გახდება? მაგალითად იმას, რაც მუჰამედმა მოიმოქმედა: მრავალი რამ მოიპარა ძველი აღთქმის წიგნებიდან, შეჰრთო მონოფიზიტთა სწავლებას და ჩაოაყალიბა ისლამის რელიგია. ასევე სამარიტელებმა ჯერ კიდევ მაშინ ბევრი რამ წარიტაცეს მოსეს სჯულიდან და კერპთაყვანისმცემლობის ელემენტებს შეუერთეს, რის გამოც ფანატიკუარდ სძულდათ ისინი იუდეველებს.

მაშ, დავარღვევ ღობეს და მისატაცებელი გახდება ღობეც და ისიც, რაც ღობის იქით არის - ვენახი. და მართლაც, ისრაელს რა დაემართა? ვესპასიანემ, აკი გითხა-რით, ქვა-ქვაზე არ დატოვა: ორი მესამდი ერისა მოსწყვიტა, ერთი მესამედი მთელს მსოფლიოში გააბნია. ამაში უნდა დავინახოთ არა ვესპანსიანეს და ტიტეს ძალა, არამედ უფლის დაშვება, ისრაელიანთა უსჯულოების გამო.

„და დავარღჳო ზღუდე მისი და იყოს დასათრგუნველ და დაუტევო ვენაჴი ჩემი� - ე.ი. განვაგდო ჩემგან, განვიშორო ებრაელი ერი. წმ. პავლე მოციქულიდან მოვი-გონოთ: „ხოლო შენ ველური ზეთის ხილი იყავ და დაემყენ მათ ზედა და თანა-ზიარ ძირისა და სიპოხისა ზეთის ხილისა იქმენ“ (რომ. 11.17) - მიმართავს წარმართებიდან მოქცეულ ქრისტეანებს „ნუ ჰმაღლოი, არამედ გეშინოდენ! უკუეთუ ღმერთმან ბუნებითთა მათ რტოთა არა ჰრიდა, ნუუკუე შენცა არა გრიდოს“ (რომ. 11.20-21). ნუ ამაღლდები ველური ზეთისხილის რტოვ, კეთილშობილზე დამყნობილო, რადგან მამამ, რომელმაც დაგამყნო, ძალუძს კვლავ მოგკვეთოს და ცეცხლში დაგდვას.

პავლეს წინასწარმეტყველებით ბოლო ჟამს ებრაელები მოექცევიან, თუმცა არა ყველა, რა თქმა უნდა. უარყვეს ჭეშმარიტი მესია, ჯიუტად ებრძვიან დღესაც და უარყოფენ იესუ ქრისტეს, მიიღებენ მომავალში ცრუ მესიას - ანტიქრისტეს! თუმცა ელიასა და ენუქის მიერ ნაწილი მათგან მოექცევა, ანუ მამების გული შვილების გულისაკენ მოექცევა და შვილებისა - მამებისაკენ, როგორც წინასწარმეტყველებაშია ნათქვამი.

„იყოს დასათრგუნველ და დაუტევო ვენაჴი ჩემი“, - აქ ღვთის განგება დაინახეთ, რომ ისრაელი დაეცა და მესია არ მიიღო; რათა ამით, ისინი რომ დაეცემოდნენ, თქვენ აღმდგარიყავით წარმართობიდან და ისინი, თუ გაღარიბდებოდნენ სარწმუნოებისაგან, თქვენ გამდიდრებულიყავით ქრსტე იესუს მიერ. ღვთის განგებით მოხდაო ეს: „მათითა მით შეცოდებითა ცხორებაჲ წარმართთა იქმნა საშურებელად მათდა. ხოლო უკუეთუ შეცოდებაჲ იგი მათი სიმდიდრე წარმართთა, რაოდენ უფროჲს სავსებაჲ იგი მათი“ (რომ. 11.11-12).

„და დაუტევო ვენაჴი ჩემი: და არა მოისხლას და არცა მოითოჴნოს, და აღმოსცენდნენ ვითარცა კორდსა შინა ეკალნი და ღრუბელთა ვამცნებ არა წვიმად მის ზედა წვიმაჲ“ (ეს. 5.6). რაოდენი სიღრმეა ამ რამდენიმე სიტყვაში... რას ნიშნავს, - არ მოვთოხნი, არც მოვსხლავ? იმას, რომ სული წმიდის მადლი აღარ იმოქმედებს, რადგან სჯულს ძალა აღარ ექნება. ძველი აღთქმის ეკლესია, ზღუდეს რომ მოვარღვევ, ძალას დაკარგავს, ამიტომ სული წმიდის მადლი იქ არ იმოქმედებს, მხოლოდ ადამიანური რიტუალებიღა ჩატარდება. მაშ, არ მოითოხნება, არც მოისხლება და რაკი სული წმიდა არ იმოქმედებს, მათ შორის ეკალი აღმოცენდება.

რა ეკალი აღმოცენდა? ყველაზე დიდი ეკალი, რაც ვადაგასულმა იუდაიზმმა წარმოქმნა არის - მასონობა, რომელიც ძალუმად ამზადებს ახალ მსოფლიო სახლს, ახალ მსოფლიო წესრიგს, ერთი სიტყვით, ანტიქრისტეს, - ქრისტეს მტრის და წინააღმდგომის, ცრუ მესიის გამეფებას.

მერმე რა არის ნათვქამი? როგორც კორდზე, ისე ამოვა ეკალი ამ ცრუ მოძღვრების სახით და „ღრუბელთა ვამცნებ არა წჳმად მის ზედა წჳმაჲ“. რას ნიშნავს - ღრუბელთა ვამცნებ? რა თქმა უნდა, ღრუბელიც მას ემორჩილება, ქარიც, მთაც, ბორცვიც, ზეცაცა და ქვეყანაც. ღრუბელს ვამცნებ არ უწვიმებს, - ნიშნავს იმას, რომ სული წმიდის მადლს არ ვაწვიმებ მათ. თქვენ იცით ალბათ, რომ სული წმიდა, თვითონ ქრისტემ წყალს შეადარა სულიერი აზრით: „რომელმან სუას წყალისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე“ (იოან. 4.14). რა ხდებოდა ძველი აღთქმის ისრაელში: ღრუბლიდან ელაპარაკბოდა ურჩეულესს ისრაელიანთა შორის, მოსე წინასწარმეტყველს. იქ ღრუბლიდან ელაპარაკბოდა, აქ კი - ღრუბლიდან არ უწვიმებს, ე.ი. სული წმიდის მადლს არ მიანიჭებს. ღრუბელი რა სახეა აქ? ჩვენ თავდაპირველად ღრუბლის მხოლოდ იერს აღვიქვამთ და არა შინაარსს. მაგრამ როდესაც წვიმა მოდის, ან ღრუბლიდან ელვა გამოკრთება, მაშინ კი ვხვდებით, რა შინაარსის ყოფილა. ე.ი. „ღრუბლის“ მოქმედებათა მიერ წარმოდგენა გვექმნება ღვთაბერივ ბუნებაზე. ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ სავსებით შევიმეცნებთ ღმერთს, არამედ იმ მოქმედებათა მეშვეობით, მაგალითად წინასწარმეტყველნი რომ მოუვლინა, ეკლესია დააფუძნა, მხოლოდშობილი ძე მოსცა და მრავალი სხვა სიკეთე მოიმოქმედა, ვხვდებით, რომ ღმერთი სიყვარულია. მაგრამ როგორც გრიგოლ პალამა გვასწავლის, როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთი სიყვარულია, თვით ეს სიტყვაც კი ვერ გამოხატავს ღმერთის ნამდვილ ბუნებას სისავსით, რადგან იგი ბუნებით გარეშემოუწერელია, მოუწვდომელი, თვალთშეუდგამ ნათელში ჰგიეს უფალი დიდებისა.

ხოლო, ჩვენ, ქრისტეანებს, როდის გვიწვიმა ამ უფალმა ღრუბლიდან? - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს. რატომ ორმოცდამეათე დღეს? გვითქვამს: იუდეველებს ჰქონდათ ჩვეულება, სჯულის მიხედვით ყოველ მეერგასე წელს (ორმოცდამეათე წელს) - განეტევებინათ მონები, მიეტევებინათ ერთთმანეთისთვის ვალები და სხვა. განთავისუფლების სიმბოლო იყო 50-ე წელიწადი. აღდგომიდან ორმოცდამეათე დღე აღმოჩნდა სულთმოფენობის მიერ კაცთა მოდგმის ცოვდისაგან გამოსხნისა და ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღე. მაშ, როდესაც ამბობს, რომ „არ უწვიებმს“, ამით ამბობს, რომ ძველი აღთქმის ეკლესიას, ღვთის მსახურებას, სჯულს ძალა აღარ ექნება და მადლს ახალი აღთქმის ეკლესიას მიანიჭებს.

იგავის დასასრულს მაცხოვარი იტყვის: „ამისთჳს გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმერთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფს მისსა“ (მათე 21.43). ვის მიმართავს? მიმართავს სჯულის მეცნიერებს, ფარისევლებს, მწიგნობრებს, სადუკეველებს, ყველას, ვინც არ მიიღო მესსია. ასეთებს მიეღებათ მათგან სასუფეველი, რადგან არა აქვთ ნაყოფი. რა ნაყოფზეა ლაპარაკი? მოგახსენებთ. მიეცემა (სასუფეველი) ნათესავსა სხვას. ნათესავი სხვა - ეს ჩვენ ვართ, ახალი აღთქმის შვილები, ახალი ისრაელი, სულიერი ისრაელი, ქრისტეანები. რა არის ნაყოფი სული წმიდისა, რომელიც უფალმა გვაწვიმა თავისი აღდგომის შემდეგ სულთმოფენობისას, რომლითაც საუკუნო ცხოვრებას დავიმკვიდრებთ? ეკლესია გვასწავლის: ასეთი ნაყოფი არის ცხრა - სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სიკეთე, სარმწუნეობა, მყუდროება და მოთმინება.

ჯვარი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ!

„ქადაგებანი და თარგმანებანი“ თბილისი, 1997 წ.