† მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე) (1872-1935)


ქართველებს

გარდაიცვლება თუ არა ვინმე მოღვაწე ჩვენს სამშობლოში, ჩვენ ვიწყებთ გოდებას, ვთხზავთ მრავალს ლამაზად მოკაზმულ სიტყვებს. მჭევრმეტყველებაში ერთმანეთს ვეჯიბრებით, განსვენებულის ღირსებებს ხშირად ერთი-ორად-სამად და მეტადაც ვაზვიადებთ, იმის დაკარგვით ჩვენს ქვეყანას ვთვლით დაობლებულად, დაღუპულად, და ამით გვინდა გამოვიჩინოთ მამულიშვილობა, სიყვარული სამშობლოსადმი. თვალწინ ვიყენებთ ისტორიას ჩვენის ერისას, განათლებულ ცხოვრებას ჩვენის უუძველესის წინაპრებისას, წარმოვიდგენთ მათ მიერ აღშენებულ შესანიშნავ ტაძრებსა და ციხეებს, მოვიგონებთ ძველ მწიგნობრობას, ვამაყობთ, გავიძახით: ჩვენც გვქონდა მნიშვნელობა მსოფლიო ცხოვრებაშიო, - და ამით გვინდა გამოვხატოთ სიყვარული სამშობლოსადმი. თვალწინ ვიხატავთ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ლამაზ კუთხეებს და ვხმობთ: „ბუნებამ თავისი სიმშვენიერე და ძლიერება მარტო ჩვენს ქვეყანაში გამოიჩინა, ასეთი ქვეყანა არსად არ მოიპოვება“ - დაა ამით გვინდა ცხადვყოთ სიყვარული საქართველოსადმი.

ვხედავთ მრავალს ნაკლულევანებას ჩვენს აწინდელ ცხოვრებაში და მათ მიზეზებს ჩვენში კი არ ვეძებთ, არამედ სხვებში და ვიწყებთ დრტვინვასა და შფოთვას, და ამით გვინდა დავამტკიცოთ სიყვარული მამულისადმი.

ასე ვიქცევით, სამშობლოს სიყვარულს ზემოაღნიშნულ სახეებითა ვხატავთ, მაგრამ ჩვენს წამოყენებას, გაღონიერებას ვერა ვხედავთ. ვლაპარაკობთ, მჭევრმეტყველებთ და წინმსვლელობა კი არ გვეტყობა: უმეტესი ნაწილი ჩვენის ერისა - გლეხობა სრულიად უმეცარ-შეუგნებელია, ცხოვრობს მოუწყობლად, ულაზათოდ, უსუფთაოდ; თითქოს იმათსა და პირუტყვებს შუა დიდი გარჩევა არ არის. ეგრეთ წოდებულ ინტელიგენტთა ცხოვრებაშიაც ვერა ვხედავთ ნიშნებს ნამდვილ განათლებისას, კულტურისას; არ არის მათში მთლიანობა-სოლიდარობა, ერთობლივი მოქმედება, მტკიცე, შეურყეველი მოღვაწეობა; ვერ ნახავთ, რომ რომელიმე საზოგადო დაწესებულება წესიერად და ნაყოფიერად მოქმედებდეს.

დიდებულნი ნაშთნი მთებზედ, ტყეებსა და მინდვრებში საწყლად გამოიყურებიან, იქცევიან; ძვირფასი ხატები და ხელნაწერები იკარგება და სხვა.

ეს ასეც იქნება, სანამ ჩვენ ჩვენს მამულიშვილობას მხოლოღ ლაპარაკით გამოვხატავთ, სანამ სამშობლოს სიყვარულს არ გამოვიჩენთ საკუთარი ნივთიერი საშუალების მოხმარებითა საქვეყნო საქმეებზე. წარმატებისთვის საჭიროა ნივთიერი საშუალება, ფული და ფული, და ამიტომ ყველა შეგნებული ქართველი საზოგადო საქმის გასაკეთებლად უნდა გადადებდეს ფულს შეძლებისდაგვარად. რამდენი ქართველია, რომელსაც წლიური შემოსავალი სამას თუმნამდე აქვს და განა მას არ შეუძლია, სამშობლოსათვის ყოველ წელიწადში თუმანი გადადოს? რამდენი ქართველია, რომლის წლიური შებოსავალი ორას თუმნამდეა, და განა მისთვის სამძიმო იქნება ხუთი თუმნის გამოღება? ასე რომ იყოს, რამდენი ფული მოგროვდებოდა და რა არ გაკეთდებოდა! განა ფული არა გვაქვს, მაგრამ მისი კეთილად მოხმარება არ გვინდა. ჩვენი შეძლება სეირნობისა, პრანჭვა-გრეხობაში და მრავალჟამიერში მიდის. სამშობლოსთვის მხოლოდ ენას არ ვზოგავთ. ვლაპარაკობთ და ვლაპარაკობთ. ძმანო, მამულიშვილობა ფულის გაღებით გამოვიჩინოთ და არა მხოლოდ მჭევრმეტყველობითა.