† მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე) (1872-1935)


ქადაგება ქაშვეთის ტაძარში საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეს

დღეს თქვენ ძმანო, სახარებიდან გესმათ, თუ როგორ მოხდება განსჯა ადამიანთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ დღესა მას მეორედ მოსვლისასა. მიაქციეთ ყურადღება, თუ რისთვის, რა საქმეებისათვის მიენიჭება კაცს საუკუნო ნეტარება.

უფალი დღესა განსჯისასა ასე კი არ ეტყვის კაცთა: „მოვედიო თა დაიმკვიდრეთ სასუფეველი ცათა, რადგან თქვენ განავითარეთ თქვენი გონება, შეიძინეთ ცოდნა, წარმატება გქონდათ მეცნიერებასა და ხელოვნებაში, ბევრი რამ აღმოაჩინეთ და გამოიგონეთ, საზოგადოებრივ წეს-წყობილების გაუმჯობესებას ხელს უწყობდით, კარგად იცოდით ღვთისმეტყველება, საღმრთო წერილი, მარხვას ინახავდით“. არა. იგი ეტყვის მარჯვნით მდგომარეთ, ანუ განმართლებულთა: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი, რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავ და მიმიღეთ; შიშველ-ტიტველ ვიყავ და შემმოსეთ; სნეულ ვიყავ და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მნახეთ. ასე ექცეოდით თქვენ ძმათა თქვენთა და, მაშასადამე, მეც ასე მეპყრობოდით; რაიცა კეთილი სხვებს უყავით, იგი მე მიყავით!“. ჩანს, სასუფეველში შევა ის კაცი, რომელიც ამ ცხოვრებაში ცხადყოფს, გამოიჩენს კაცთმოყვარეობას, ის, ვისაც თვისი ძმა უყვარს და შეეწევა მას.

სიყვარული, აი, რას ჰქონია ფასი ღვთის თვალში, აი, რა აკავშრებს კაცს ღმერთთან.

პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ პარველ ეპისტოლეში, მეცამეტე თავში, გვასწავლის, რომ ერთადერთი სიყვარული არის მაჩვენებელი კაცის ღირსებისა. რომ მქონდეს ანგელოზის ენა, - ამბობს იგი, - რომ ვიყო წინასწარმეტყველი, რომ მქონდეს ძლიერი სარწმუნოება, რომ ვეწამო ღვთისთვის ხორცთა დაწვითა და ამასთანავე არ მქონდეს სიყვარული, ამ შემთხვევაშიც, არა რა ვარ მე, არავითარი სარგებლობა არ მექნება მეო. იგივე მოციქული, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, მეცამეტე თავში, ამბობს: ვისაც უყვარს თავისი მოყვასი, მან სჯული აღასრულაო; ყოველი მცნება ღვთისა სრულდბა სიტყვით: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც შენი თავიო; სიყვარული არის რჯულის ასრულებაო. იმიტომაც იყო, რომ მაცხოვარი თითქმის მუდამ სიყვარულზე ლაპარაკობდა და მან გამოსათხოვარ სიტყვაში მოციქულებს უანდერძა სიყვარული: გიყვარდეთ ერთმანეთი. ამით დაინახავს ყველა, რომ თქვენ ჩემი ხართო.

მაშ, ძმანო, თუ გვინდა გავხდეთ ჭეშმარიტნი მიმდევარნი იესო ქრისტესნი, თუ გვსურს მოვისმინოთ სასიხარულო სიტყვები უფლისა. „მოვედით და დაიმკვიდრეთ სასუფეველი“, - შევიძინოთ ეს უდიდესი სათნოება, ვიქონიოთ სიყვარული ყოველთადმი: შევეწიოთ გაჭირვებულთ, რითაც შეგვიძლია: წყლის დალევინება რაა, ამაზე უადვილესი რა იქნება! ამასაც კი ფასი აქვს ღვთის თვალში.

1910 წ.