† წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)(+1896)

სიტყვა კვირიაკესა ყველიერისასა

უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი,
მოგიტევნენ თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან.
ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი,
არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენნი
(მათ. ვ,იდ.)

ძველითგან მიღებულისა ჩვეულებისა-მებრ მართლ-მადიდებელსა ეკლესიასა შინა, აწინდელსა დღესა ქრისტიანენი გამოითხოვენ შენდობასა ურთიერთთა შორის, შეურიგდებიან ერთი მეორეს და მიუტევებენ, რაიცა ჰქონდათ უკმაყოფილება ანუ გულ-ნაკლულევანება ერთს მეორესაზედა. ამისათვის ეწოდებოდა დღესა ამას კვირიაკე შენდობისა. ნუ დავივიწყებთ ჩვენცა. ძმანო მართლ-მადიდებელნო, წმიდასა ამას ჩვეულებასა, აღვასრულოთ იგი გულ-წრფელად. მიხედეთ, რა სახით შეგვაგონებს მაცხოვარი აღსრულებასა ამა მცნებისასა: უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან; ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს შეცოდებანი თქვენნი. ხედავთ, ვითარ ჰსურს მამასა ჩვენსა ზეციერსა, რათა იყოს ჩვენ შორის ერთობა და სიყვარული? ჰგრძობთ, ვითარ უყვარს მას, ოდეს გვხედავს შერიგებულთა და კეთილად განწყობილთა? წარმოიდგინეთ, ძმანო ჩემნო, ერთი ვინმე მამა, რომელსა ჰყავს რამოდენიმე შვილი და უყვარს იგინი; ვითარ სასიამოვნო არს მისთვის, ოდეს ხედავს მათ შორის სიყვარულსა და ერთობასა; გარნა ოდეს ნახავს მათში სიძულვილსა და განხეთქილებასა და შფოთსა, არ ეტყვისა იგი მათ: შვილნო ჩემნო, უკეთუ გსურთ იყვნეთ ჩემთვის საყვარელ, გიყვარდეთ თქვენცა ერთსა მეორე; შეურიგდით ურთი-ერთსა და მიუტევეთ შეცოდებანი ერთმა მეორესა. ეგრეთვე უნდა ვიფიქროთ მამასა ზედა ჩვენსა ზეციერსა.

მოახლებულ-არიან დღენი დიდისა მარხვისანი: ვალისამებრ ჩვენისა, წმიდათა ამათ დღეთა შინა ჩვენ უნდა მოვინანოთ ცოდვანი ჩვენნი და მივიღოთ წმიდა საიდუმლო. გარნა უწინარეს ზიარებისა, შენ, ძმაო ჩემო, მიხვალ რა მოძღვართან და აღუარებ ცოდვათა შენთა, მოელი მისგან, რათა სახელითა იესო ქრისტესითა მოგცეს შენ შენდობა. ხოლო რომლითა პირობითა მოგიტევებს შენ იესო ქრისტე ცოდვათა შენთა? უკეთუ მიუტევნეთ თქვენცა კაცთა შეცოდებანი მათნი. მოძღვარსა შენსა ვერ ძალ-უძს განტევება ცოდვათა შენთა, უკეთუ არ აღასრულე ეს დიდი პირობა. თუ ყოფილ-იყო სხვა რომელიმე უსაჭიროესი და უდიდესი პირობა, მაცხოვარი გვეტყოდა, თუ საკმაო ყოფილ-იყო მხოლოდ მარხვა, გრძელი ლოცვა, მრავალი მეტანიის ყრა, მისაღებლად ღვთისაგან ცოდვათა შენდობისა, წინათვე გვეტყოდა ამას უფალი. გარნა ნაცვლად ამათ ყოველთა, ერთსა ამას პირობასა ახსენებს. აწ გსურსა, რათა ღმერთმან მოგიტეოს ცოდვანი შენნი? შენც მიუტევე მოყვასსა შეცოდებანი მისნი; გსურსა შეგირიგოს ღმერთმან? შეურიგდი შენცა მოყვასთა შენთა.

ან კი რა მიზეზი და რა საფუძველი გაქვს, რომ არ მიუტეო კაცსა შეცოდებანი მისნი? თუ შენ იყო ერთი სრული და ანგელოზთა მსგავსი კაცი, თუ თვით შენ არაოდეს არავისთვის არ გიწყენია, მაშინ კიდევ შეგეძლო სიმართლით არა მიტევებად მოყვასთა შეცოდებათა მათთა; გარნა რას ვიტყვი? მაშინ უმეტესად უნდა იყო მიმტევებელი და მოწყალე ყოვლისა კაცისათვის: უფალი ჩვენი იესო ქრისტე, უბიწო და უმანკო, ადვილად და მოწყალებით მიუტევებს ყოველს ცოდვილს კაცსა; ხოლო შენ თვითონაც ხარ ცოდვილი, თვითონაც უთუოდ მრავალ-გზის აწყინე და შესცოდე მოყვასთა შენთა, მაშასადამე შენთვისაც საჭირო არს, რომ მოგიტეონ მოყვასთა შეცოდებანი შენნი; აწ შენცა მიუტევე გულ-წრფელად ყოველთა შეცოდებანი მათნი.

ჩვენ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ჩვენ აქა მყოფთა და აქ მცხოვრებთა უმეტესად უნდა გვახსოვდეს და ვასრულებდეთ ამ მცნებასა, მისთვის, რომელ ჩვენ ნამეტნავად ვართ მიდრეკილნი მტრობისა და შურის-ძიებისადმი და ამასთანავე, მიზეზნი ჩვენის განხეთქილებისა და ურთიერთ-შორის უკმაყოფილებისა თითქმის ყოველთვის არიან ფრიად წვრილნი და მცირე ფასისანი. საუბედუროთ, თვით ხასიათითა ვართ ჩვენ გულ-ფიცხელნი, ადვილად დავემდურებით და ხშირად უსაფუძვლოდ და ემიზეზოდ გადავემტერებით ერთი მეორესა. ჭეშმარიტად, ძმანო, შეწუხდება და შერცხვება კაცს, ოდეს წარმოიდგენს, რა მცირე და უბრალო მიზეზი საკმაო არს ზოგჯერ, რათამცა დაარღვიოს ჩვენ შორის ერთობა და სიყვარული. ყოვლისა კაცისათვის და ყოვლისა საზოგადოებისათვის მშვიდობა, ერთობა და სიყვარული არის ესოდენ ძვირფასი საუნჯე, რომელ ადამიანმა ყოვლითა ღონის-ძიებითა უნდა დაიფაროს და შეინახოს იგი; გარნა ჩვენ საუბედუროდ ერთისა მცირისა მიზეზისათვის მზად ვართ მოვახდინოთ დიდი შფოთი და დავივიწყოთ სიყვარული. ვინ იტყვის, რომ სხვაგან არსად არ იყოს ცილობა და უკმაყოფილება კაცთა შორის? გარნა სხვათა ქვეყანათა შინა ცილობა და განხეთქილება დამოკიდებულ-არს ფრიად მძიმეთა მიზეზთა ზედა; ამასთანავე ცილობა და განხეთქილება განათლებულსა საზოგადოებასა შინა არაოდეს არ გათავდება სიძულვილითა და შურის-ძიებითა, ვითარცა ვხედავთ ჩვენში ხშირად. სხვათა ქვეყანათა შინა მხოლოდ მას ცდილობენ, რომ სამართალმა უსამართლობას აჯობოს, ხოლო აქ ცდილობენ, რომ კაცმა კაცს აჯობოს; იქ ჰაზრი ჰაზრთან ჰბრძვის და საქმე საქმესთან, აქ კაცი  კაცთან, გვარი - გვართან; იქ ცილობა მოხდება ჭეშმარიტისა და უმჯობესის წესის ძიებისაგან, აქ თავხედობისაგან და თავისმოყვარებისაგან; აქ ცილობა და უკმაყოფილება ყოველთვის დაბოლოვდება მხოლოდ სიძულილითა და მტრობითა, იქ იმას ფიქრობენ, რომ მხოლოდ ცილობითა და ბრძოლითა გამოაჩინონ უმჯობესი ჰაზრი და წესი; აქა მცირე რაიმე უკმაყოფილება საუკუნოდ განაშორებს კაცსა კაცისაგან.

ნუ იქმნება, ძმაო, ეს ცუდი წესი საუკუნოდმდე ჩვენ შორის; უკეთუ ქრისტიანენი ვართ, მივეახლნეთ ქრისტესა. ქრისტე არ არის მუნ, სადაცა ჰსუფევს უთანხმობა და შური.

მომიტევეთ და შემინდევით მე, ძმანო ჩემნო, ყოველი, რაიცა ვისმე ვსცოდე სიტყვით ანუ საქმით. შეგინდობ და მოგიტევებ ყოველთა, ვინც რაიცა მცოდა და ვინც რაიცა მაწყინა სიტყვით ანუ საქმით. გლოცავ თქვენცა მიუტეოთ და შეუნდოთ ურთიერთსა ყოველნი შეცოდებანი სიტყვითნი და საქმითნი; ხოლო უფალი იესო იყოს საზოგადო ჩვენი შემწყნარებელი და მლხინებელი ყოველთა შინა ცოდვათა ჩვენთა. ამინ.