წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე)

შინაარსი ჭეშმარიტ მოქალაქეობის
(„მამაო ჩვენოს“ განმარტება)

არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან (ლუკა 11.4; მათე 6.11)

თავის მიზნის მისაღწევად (და ესაა: ღვთის სახელის წმიდა-ყოფა, ღვთის სუფევის დასამყარებლად ამ დედამიწაზედ ბრძოლა და ღვთის ნებისთვის, თავის ნების დამორჩილება ადამიანს სჭირია, როგორც საშუალება პური ე.ი. არსებობა, ისეთი შინაგანი სულიერი განწყობილება, რომელიც ყოველგვარ ინსტიქტებზედ ან ჯინზედ მაღლა უნდა იდგეს. მას სჭირია გარდა ამისა მაგარი და მტკიცე ზღუდე, რომ ქარიშხალმა ან რაიმემ არ დასცეს იგი, ტალღებმა არ შთანთქონ მისი ნავი, რაიმე მოულოდნელმა რამემ არ მოსპოს მისი მიღწევა სულიერი, ერთი დღის, ერთი წლის თუ ერთი ეპოქისა.

მაგრამ რისთვის ხდება ეს ყველაფერი, რაა მისი მიზეზი, რომ ადამიანი იმ პურს, რომელიც სხვისთვისაც გამოითხოვა და სხვისთვის გადასაცემად მიიღო, იტოვებს თავისთვის და რომ ამ ადამიანის ყოველ-დღიური ცხოვრება პატიება და სიყვარული კი არაა, არამედ შური და მტრობა - სხვის თვალში უბრალო ბეწვს ამჩნევს და თვისში კი დვირეს არ გრძნობს და მთელი ჩვენი ცხოვრება ემსგავსება იმ ზღაპარს, რომელშიაც ერთ-ერთ მის გმირისთვის გზის ჯვარედინზედ წარწერააა: „თუ პირდაპირ წახვალ უბედურებას შეემთხვევი, თუ მარცხნივ წახვალ მგლის ლუკმად იქცევი და თუ მარჯვნივ, არც იმ გზაზედ რაიმე ხეირი დაგემართება-ო, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ ცხოვრების გზაზედ ეს წარწერა არაა და ადამინი მოუმზადებელი, მოულოდნელად ხდება განსაცდელის მსხვერპლად.

„არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“ და არის, არსებობს რაღაცა ბოროტი, რომლისაგან სთხოვს ხსნას ადამიანი, რომელმაც იგი ისე დააბა-შეკვანძა - მიიპყრო თვისკენ პური სხვისთვის გამოთხოვილი - კედელი დაუდგა წინ ადამიანის სულიერ განვითარებას და ნუთუ შეუძლიან შემდეგ, ამისთანა შებოჭილ-შეკვანძულ ადამიანს კიდევ რაიმე ბრძოლის წარმოება განსაცდელთან!

ამ ლოცვის სათავეში იდგა მამა ე.ი. ღმერთი - ამ ლოცვის ბოლოს სდგას ეს ბოროტი; აქედან შეცდომა იქნებოდა იმ დასკვნის გამოტანა, ვითომ იესო ქრისტეს აზროვნება იყო დუალისტური: ერთის მხრივ ღმერთი ე.ი. კეთილი, ნათელი, მეორე მხრივ ბოროტი და სიბნელე.

სუბიექტი ამ მუხლში „არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“ არის იგივე ღმერთი, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი ძალა ამ ბოროტზედ და რომელსაც შეუძლიან ადამიანის ხსნა ამ ბოროტისაგან. ამ ბოროტს აქვს უფლება ადამიანზედ, მაგრამ ღმერთთან შედარებით იგი სუსტია.

მაგრამ რაა ეს „ბოროტი“? სიტყვა ბოროტი ჩვენთვის ცნობილია. ჩვენ ვამბობთ მაგ. ბოროტი ადამიანი, ბოროტი სული - ბოროტი არის ერთგვარი კონკრეტიული რამ, ე.ი. ერთგვარი რამ, რომელიც არსებობს არა აზროვნებაში და წიგნში, არამედ ცხოვრებაში და სინამდვილეში, ესეცაა ნაყოფი ჩვენი ენის გენიის. ლათინურად და ბერძნულად მაგ. დღესაც ღვთის-მეტყველთა შორის დავაა, რაა ნაგულისხმევი: აბსტრუქცია „ბოროტება“ თუ კონკრეტი რამ, „ბოროტი“, ერთგვარი რამ, რომელიც შხამავს და ურევს ჩვენ ყოველ-დღიურ ცხოვრებას და რომელსაც ქართულად ჰქვიან სხვანაირად ეშმაკი, ესაა ერთგვარი გულუბრყვილობა, როდესაც ამ ეშმაკს ყველაფერს აბრალებენ, რასაც ადამიანში ან ახსნა ვერ შეუძლიანთ ან ვერ გაუბედიათ, ან და ეშინიათ - ან „აქაო შენ ეშმაკი ხარ, ბოროტი და მტერი კაცთა ნათესავისა“ და ყველაფერი მას ბრალდება, ისე როგორც ჩვენში დღეს ბევრნი ბევრ სისაძაგლეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებიდან მე-19 საუკუნეში მხოლოდ რუსებს აბრალებენ - ამისთანა აზროვნებით კი ადამიანი თავის სულიერ ცხოვრებაში ნაბიჯს წინ ვერ წარსდგამს. ჩვენი მოვალეობაა, პირველად ვიცნოთ ჩვენი საკუთარი დანაშაული და ჩვენი ბრალი თუ გვსურს რაიმეს მივაღწიოთ. ეშმაკი არის ძლიერ რთული არსება, მისი სავსებით შეგნება შეუძლიან მხოლოდ მას, ვისაც სულიერ ცხოვრებაში უკვე ნაბიჯი აქვს წინ წამდგარი - ვერც თქვენ და ვერც მე არ ვართ დღეს ისე წინ წაწეული ამ სულიერ პნევმატიურ ცხოვრებაში, რომ ამ ფენომენის შეგნება შეგვეძლოს სავსებით და შეიძლება არც დროა დღეს ჩვენთვის ამისი - დღეს სცენაზედ სდგას ისევ ეს მოქალაქე და მასთან მთელი ანგარიში არაა გასწორებული.

მაგრამ რას ნიშნავს ეს სიტყვა „ბოროტი“; ეს პირველი და ერთად-ერთი უცხო სიტყვაა ამ ლოცვაში და იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც იგი იხმარება დღეს ჩვენში. შესაძლებელია რომ იმ მნიშვნელობით იგი არ იხმარებოდა იმ ერთა შორის, სადაც ეს სიტყვა იშვა ან და თვით იესო ქრისტეს ხმარებაში დღესაც ამ სიტყვას სომხებთან მაგალითებრ, თავის ძველი მნიშვნელობა არ დაუკარგავს და ესაა ის სენი კეთრი, რომელსაც უცხო ენაზედ ლეპრა ჰქვიან. ესაა საშინელი ავადმყოფობა, გამოურკვეველი დღესაც; ამ სენით შეპყრობილს - აგდებდენ სახლიდან, სოფლიდან და ქალაქიდან სადმე უდაბნოში, სადაც ესენი სიკვდილის მოლოდინში, საშინელ ტანჯვაში და გაჭირვებაში სცხოვრობდნენ - ვინმე მოწყალე ხელი უზიდავდა მათ სანოვაგეს იქ, სადაც საზღვარი სოფლის თავდებოდა და ეს უდაბნო იწყობოდა - არავინ არ ეკარებოდა მათ. ანტიურ ადამიანისთვის, ყოველი სნეულება იყო ეშმაკის, ბოროტი სულის ნაქნარი და ამ საშინელ სენში ხედავდა იგი ამ ბოროტის სულის უდიდეს და უსაშინელეს ინკარნაციას. დღესაც ხვედრი ამისთანა სენით შეპყრობილის არაა უკეთესი; დღესაც ვინც ამ სენით შეპყრობილია, რომელიმე კუნძულზედ ასახლებენ, რომელიც განმარტოვებულია და დაშორებულია. სადღაც ოკეანეში და მათ მოწყალე ხელი და ქველმოქმედება, მთელ კაცობრიობის, ინახავს; ამ საბრალოებს სიცოცხლეშივე ალპებათ სხეულის ნაწილები და სიკვდილის გახწნა, რომელიც ყოველ ადამიანს სიკვდილის შემდეგ ესტუმრება, ესენი სიცოცხლეშივე თავიანთ საკუთარ სხეულზედ ხედავენ, გრძნობენ და განიცდიან.

ვინც ზერელედ დაუკვირდება ჩვენ ცხოვრებას, ის მადლობას შესწირავს ღმერთს, რადგან მისი აზრით ამ საშინელ სენიდან ჩვენი კურთხეული ქვეყანა თავისუფალია; მაგრამ ეს არაა სინამდვილეში - ეს სენი არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ეს ის სენია, რომელიც უსპობს ჩვენ ქვეყანას გზას წარმატებისაკენ - აგლეჯს მის სხეულს ჯანსაღ ნაწილებს, სწამლავს და ალპობს მის ერთეულს და ამსგავსებს მას, როგორც რაიმე ჩონჩხს, ლანდს, უღონო რაიმე არსებას. ესაა ჩვენი ერის და ჩვენი აქ ქიშპობა, პარტიებად დაყოფა, რაღაცა „პრინციპების“ წინაშე კულტი, აუცილებლობა „ჩემი შენსა სჯობს“ - ეშმაკს, ბოროტ სულს, ამ სენით ჰეგემონია უჭირავს ჩვენ ერზედ და აფერხებს ყოველ მის წინსვლას და ცხოვრებას. ჩვენი ერი ე.ი. ჩვენი წინაპრები გრძნობდნენ და განიცდიდნენ ამ საშინელ სენს - მათ კარგად იცოდნენ, რომ მხოლოდ ჯანსაღ ადამიანს, ერთეულს და განუყოფელს შეუძლიან მხოლოდ გამარჯვება და თვის გენიაში, რომელიც ჩვენი ენაა, დაგვიტოვეს ეს ჩვენ მათ ანდერძათ. მაგალითებრ, სისრულე, რომელიცაა უმაღლესი წერტილი ქრისტიანულ ეთიკის „იყავით ისე სრულნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციური სრულ არს“ ჰგულისხმობს ამ გვარ ადამიანს, რომლის სული, გულისყური, აზროვნება ერთ რომელიმე საგნისადმია მიმართული. ეკლესიის მტერს ე.ი. სეკტებს ჩვენი ეკლესია ეძახის მწვალებლებს ე.ი. წვალება ნიშნავს განყოფას, მათ ვინც ამ ეკლესიის ერთეულს რაღაც თვის მიერ მოწონილ მოძღვრებით ან დოქტრინებით არღვევენ.

დღესაც ჩვენი ქვეყანა მოითხოვს ერთ მიზნით, ერთ სულით და გულით შეერთებულ ერს, და ჩვენი ეკლესიაც მოითხოვს ამგვარ მრევლსაც. თუ მთელი ემიგრაცია ამ მიზანს არ დაისახავს და ამ მიზნით არ აღიჭურვება, თუ მხოლოდ ორიოდე კაცს მიანდობენ ეკლესიის საქმეს და სხვები, როგორც სეირის მაყურებელნი გარედ იდგებიან, მერწმუნეთ იმ მიზანს, რა მიზანიც ჩვენ აქ დაგვისახნია, ვერ მივაღწევთ. მანამ ჩვენ ეს ყველას, ეს ერთი აზრი არ შეგვკრავს და არ შეგვაერთებს, მანამდისინ მხოლოდ ცარიელი სიტყვა იქნება, ჩვენი ქვეყნის განვითარება, კეთილდღეობა და წარმატება, და ვინც ლოცულობს „არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“ უნდა სახეში იქონიოს, რაც ხრწნის, არღვევს და შხამავს ჩვენ მთლიანობას და ღმერთს სთხოვოს დახმარება ამათ წინააღმდეგ. „არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“. ამინ.