წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე)

შინაარსი ჭეშმარიტ მოქალაქეობის
(„მამაო ჩვენოს“ განმარტება)

და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა (ლუკა 11.4; მათე 6.13)

წარსულ სიტყვებიდან ჩვენ დავინახეთ, რომ თვითეული ადამიანი არის მტკიცედ გადახლართული და გადაბმული მეორე ადამიანთან, რომ ერთს, მხოლოდ ერთს ვერაფრის გაკეთება ვერ შეუძლიან, თუ მეორე მას არ დაეხმარება, იმ მიზნების მისაღწევად კი არა მხოლოდ, რომელნიც ჩვენ ზევით განვიხილეთ, არამედ თვის მოქალაქეობის წარმატებისთვის. ის სთხოვს ღმერთს პურს თვისთვის და სხვისთვისაც და თუ მასში ეს შეგნება არაა, რომ ეს პური სხვისთვისაც გამოითხოვა და მოვალეა ამის გამო მისცეს სხვასაც, შედეგათ გამოიწვევს საშინელ ეკონომიურ კრიზის - ერთის მხრივ რამდენიმეს ხელში ეს პური და მეორე მხრივ მშიერი მასსა - ის სთხოვს ღმერთს მიუტოვოს მას ცოდვანი (და უცოდვილი ამ ქვეყანაზედ არავინაა); ქართულად თანანადები ე.ი. ვალი, ჩვენ ყველანი ვართ ვალით სავსე ღვთის წინაშე, რადგან ყველაფერი, რაც გვაქვს - მისგანაა. ამისთანა ვალით დატვირთულ ადამიანს მხოლოდ მით შეუძლიან თავი იმართლოს, თუ ის იმ კაცს, რომელსაც მისიც რაიმე მართებს, შეუნდობს და აპატიებს და თუ ადამიანი ესე არ მოიქცა, შედეგია საშინელი სულიერ განხრწნილება. სათავე, საიდანაც გამომდინარეობს ყოველ-გვარი უბედურება მოქალაქეთა ცხოვრებისთვის და დღეს იგივე ადამიანი გადახლართული მეორე ადამიანთან, სთხოვს ღმერთს: „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“ ე.ი. მე და მას თვითეულ წევრს საზოგადოების.

დღეს ჩვენ გვაქვს საქმე იმისთანა რამესთან, რომელიც გარედან ადგება საზოგადოებას - სურათით: ცხოვრების ზღვაზედ ნავით ადამიანი და ტალღები და ეს ტალღები სცემენ ამ ნავს და სურთ მისი დაღუპვა. ესაა განსაცდელი და ეს ადამიანი სთხოვს ღმერთს არიდოს მას და სხვასაც ცხოვრების ზღვაზედ ის მორევი, სადაც ესე თავისუფლად შეუძლიან მის ნავს დაღუპვა - ტრაღიკა საშინელი ადამიანის ცხოვრების. გვატარე ისეთი გზებით, სადაც ჩვენ შეგვიძლიან სიარული. ბილიკებით, სადაც იმდენი ეკალი, გესლიანი ბალახი და შხამიანი პირუტყვები არ არიან, გვარიდე აღმართი, რომელიც გვღლის და სუნთქვას გვიპყრობს - ნუ აგვკიდებ მეტ ტვირთს, მის გარდა, რის ზიდვაც შეგვიძლიან! და ეს მორევი, ეს ბილიკი, ეს აღმართი არიან მით უფრო საშინელნი, რომ იგინი არ გვანან ბარათაშვილის ბილიკს, რომელიც ერთის მიერ მეორესთვის იტკეპნება, მეორეს გზას უხსნის და უადვილებს და ის პირუტყვი, რომელმაც პირველი მოსწამლა, მეორეს გასვლის დროს გამაღძარია და ისვენებს ანდა იმ ეკალს უკვე თვის წვეტი მოწყვეტილი აქვს და აღარავითარ საშიშრობას აღარ წარმოადგენს. ან და ის მორევი უკვე გვამებით სავსეა; არა, ეს ბილიკი არის გაუმაძღარი და მეორეს, მეათეს, მეათასეს იგივე განსაცდელი მოელის, რომელიც პირველს გზაზედ დახვდა. ადამიანი თავის სისუსტეს ისე არსად არ განიცდის, როგორც აქ თავის ადამიანობას, რომელსაც მფარველი სჭირია, მტკიცე ხელი, როგორც ბავშვს უფროსის ხელი ატარებს, რომ ეს ბავშვი ქუჩაში არ დაიკარგოს, არ გაიჭყლიტოს და არ გადიჩეხოს. ეს ადამიანი სთხოვს ღმერთს ამისთანა ხელს, რომ იგი ცხოვრების გზაზედ არ დაიკარგოს, არ გაიჭყლიტოს და არ გაისრისოს: „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“.

და ეს სამი რამ: პური, თანანადები და განსაცდელი არიან ორგანიულად ერთმანეთთან გადახლართულნი და გადაბმულნი, და თვით ეს მისი მაჩვენებელია, რომ ადამიანი თვის მოქალაქეობისთვის საჭიროებს არა მხოლოდ პურს ე.ი. თუ გსურთ ეკონომიურ საკითხის გადაწყვეტას მხოლოდ, არამედ ამ ორ რამესაც - სულიერ ჰარმონიას და ურთიერთბას და გარედან ერთგვარ ზღუდეს, მხოლოდ ერთის მიღწევით და მეორე ან მესამეს დატოვებით არ არის ადამიანის ცხოვრება სრული და ნამდვილი; არც კურთხეული და არც ადამიანური, არც რაიმე ნაყოფის მომცემი - და შემდეგ ეს პური, ეს თანანადები, ეს განსაცდელი არაა ისეთი რამ, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება, არამედ მეორდება ყოველთვის, ყოველ დღეს და ყოველ საათს და თვით გრამატიკული ფორმაც უთითებს ამაზედ და ეს მას ნიშნავს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს ყოველთვის ყური აცქვეტილი და თვალი მომარჯვებული და სწორედ ესეთი ყურის აცქვეტა, თვალისმომარჯვება და წინ დახედულება ჩვენ ისე არსად არ გვმართებს, როგორც აქ, უცხოეთში, ადამიანს ელის განსაცდელი, მუდამ კი არა, არამედ მომეტებულ წილად როდესაც ის მარტოა, ცალკე, გადმოვარდნილი ერთ დიდ კავშირიდან. ბავშვს ელის განსაცდელი მაშინ, როდესაც იგი თავის დედას ხელს უშვებს და სავსე ხალხით ქუჩაში მარტოდ სდგას. დღეს ჩვენ ვართ აქ ამისთანა მდგომარეობაში - თვითეული სდგას თავისთვის და თვითეულის გამოცდილებაზედ, უნარზედ და მომზადებაზედაა დამყარებული ეს პასუხი განსაცდელისადმი. განსაცდელში ვართ ჩვენ აქ, როგორც წევრნი ჩვენი ეკლესიის და როგორც წევრნი ჩვენი სამშოლოსი.

ჩვენ ვართ მართლმადიდებელნი, ჩვენი ქართული კულტურა არის მართლმადიდებლური და ჩვენ გვიხდება, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ არამართლმადიდებლურ ქვეყნებში ცხოვრება - ჩვენი მოვალეობაა შევინარჩუნოდ ჩვენი რელიგიური სახე და ერთგულობა ჩვენი ეკლესიისადმი და როგორც წევრნი ჩვენი ქვეყნის, დღეს თვითეული ჩვენთაგანი ასისხლხორცებს ამ სამშობლოს - ჩვენი სხეული ეკუთვნის ამ სამშობლოს და ჩვენი ღონე და ძალა და სხეული არ უნდა გავყიდოთ რაღაცა წარმავალ ქონებათა გულისთვის; უნდა დავიცვათ ღირსეულად ჩვენი თავი და დავანახოთ სხვებსაც ღირსება ქართველ კაცის. სამშობლო ჩვენი საკუთარი თავია და ეს თავი უნდა ყოველთვის მაღლა გვეჭიროს და სასოწარკვეთილებამ იმ ზომამდის არ უნდა მოიპოვოს ჩვენზედ უფლება, რომ თავი მოვიკლათ. ჩვენ ყველას გვაქვს მოსახდელი ვალი, ჩვენი სამშობლოს წინაშე და ის ვაჟკაცი არაა, რომელიც გაურბის ამ ვალს ან სრულიად გამოფიტული და ძალამიხდილი მივა თავის ბატონთან სამუშაოდ.

ყოველ განსაცდელს კაცი უნდა უფრთხილდეს და განზედ უნდა დაუდგეს, და როდესაც ჩვენ ვლოცულობთ: „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენ თვითონ, ჩვენი მოქმედებით სხვები არ უნდა შევიყვანოთ განსაცდელში: მდიდარმა ღარიბი, ძლიერმა უძლური, მაძღარმა მშიერი. მან ვისაც ჰგონია, რომ იგი წინ-წაწეულია ჩამორჩენილი, დიდმა პატარა, თვითეულმა თავისი თავი უნდა დაიფაროს და სხვებიც დაიფაროს. თუ ჩვენი მისწრაფება და გულის-ყური ერთ მთავარ მიზნისკენ იქნება მისწრაფებული და ეს მიზანი ყოველთვის თვალწინ გვედგება, მაშინ უფრო ადვილად შევებრძოლებით და გაუმაგრდებით ამ განსაცდელს.

„და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“. ამინ.