ცოცხზე ამხედრებული „ბიჭუნა“ ჰარი პოტერი

ანუ ჰოპლა... ჯოჯოხეთში

„ეშმაკთ და მისთა მსახურთა წილი არ უდევთ არც ამ სოფელში და არც შემდგომად მისსა“
იოანე ბოლნელი

ფილოსოფიური ქვა

ახლა კი შევეცადოთ, გავარკვიოთ, რა იგულისხმება პირველი წიგნის სათაურად გამოტანილ „ფილოსოფიურ ქვაში“, ისიც საინტერესოა, რა მიმართებაში ამყოფებს როულინგი მასთან საკუთარ, ნახევრად პროტოტიპად აღიარებულ გმირს.

რაღაც საიდუმლოს, საკრალურისა და მეტად ფასეულის არსებობის შესახებ ფიქრს ჰარი იმ მომენტიდან იწყებს, როცა კი შეიტყობს, რომ იგი დედის დის - სულელურად დაფეთებული, საძულველი დერსლების ბრიყვთა ოჯახის ობოლი წარმომადგენელი კი არაა, არამედ ჯადოქრული წარმომავლობის და დაბადებიდან თავადაც სახელგანთქმული, საიდუმლო ძალმოსილების მქონე ადამიანი, რომლის მემკვიდრეობა გრინგოტსის ბანკის საცავებშია დაცული:

„გრიპჰუკმა კარი გამოაღო. შიგნიდან მწვანე ბოლი გამოვარდა და როცა გაიფანტა, ჰარიმ გაოცებისაგან პირი დააღო. საცავში ოქროს მონეტები გორებად იდგა, ვერცხლის ფული სვეტებად, ბრინჯაოს ხურდა კი გროვად ეყარა.

- სულ შენია, - გაუღიმა ჰაგრიდმა.

სულ ჰარისი? - დაუჯერებელია. ალბათ დერსლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, თორემ თვალის დახამხამებაში გააქრობდნენ აქედან. რამდენს აყვედრიდნენ, რა ძვირი ჯდება შენი შენახვაო. მთელი ამ ხნის განმავლობაში კი თურმე არსებობდა მისი საკუთარი ქონება, ლონდონის ქვეშ ღრმად ჩაფლული.“ /გვ.72/

ჯადოქრობის სკოლიდან გარიცხული, ნახევრად მაგლი-ნახევრად მაგი, ტყისმცველი ჰაგრიდი გრინგოტსის ბანკის 713-აკლდამიდან ჰარის დეპოზიტებთან ერთად ფილოსოფიურ ქვასაც გამოიტანს:

„713-ე აკლდამას კლიტის ჭუჭრუტანა არ ჰქონდა. - უკან დაიხიეთ, - თავმომწონედ თქვა გრიპჰუკმა, თავის გრძელი თითით ფრთხილად დააკაკუნა და კარი გაქრა... ეს სხვა ვინმემ რომ გააკეთოს, კარი შიგნიდან შეისრუტავს და შიგ გამოგამწყვდევს...

ჰარის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ამ საიდუმლო ოთახში მართლა რაღაც არაჩვეულებრივი ინახებოდა და იქაურობას თვალი მოავლო. სულ მცირე, ზღაპრული სამკაულები მაინც იქნებაო, მაგრამ თავდაპირველად მხოლოდ სიცარიელე მოხვდა თვალში, შემდეგ შეამჩნია, რომ იატაკზე იდო ბინძურ ყავისფერ ქაღალდში გახვეული პატარა შეკვრა. ჰაგრიდმა სწორედ ეს აიღო და ღრმად შეინახა გულის ჯიბეში. ჰარის ერთი სული ჰქონდა გაეგო, რა იყო ეს, მაგრამ აღარ უკითხავს.

- წამო, ჩავსხდეთ ამ ჯოჯოხეთურ მანქანაში და სანამ არ გადმოვალთ არ დამელაპარაკო... თქვა ჰაგრიდმა.“

რა არის ფილოსოფიური ქვა და რა იგულისხმება ამ სიმბოლოს მიღმა ოკულტურ სინამდვილეში?

მთელს მსოფლიოში კერპთაყვანისცემის პირველ ობიექტად გვევლინება დაუმუშავებელი ქვა, - წერს გოდფრი ჰიგინსი წიგნში „კელტი დრუიდები.“ ეს ქვები დაფანტულია მთელს დედამიწაზე, რისი მაგალითიცაა მენგირები კარნაკში /ბრიტანეთი/, სადაც რამდენიმე ათასი გიგანტური ქვა თერთმეტ რიგადაა განლაგებული... / ენლი პ. ჰოლის ენციკლოპედია გვ.350/, მაგრამ ფილოსოფოსთა ქვა ნამდვილად ფილოსოფიურია. იგი გაიგივებულია მაგიურ ძვირფას ქვასთან, რომელთან შეხება ძირითად სუბსტანციებს ფასდაუდებელ განძად გარდაქმნის. იგი ადამიანის სრულყოფისა და განახლების უძველესი სიმბოლოა. დაუმუშავებელი ალმასი უსიცოცხლოდ გამოიყურება თუ მას იუველირის ხელი არ შეეხება. ფილოსოფიური ალქიმიური ხელოვნებით ადამიანთ „დაუმუშავებელი“ სულების „პოლირება“ და მათი ბრილიანტისებრ მოციალე სრულყოფილებამდე მიყვანა მაგალითად ჰერმეტიული როზენკრეიცერობის საიდუმლო საგანს შეადგენს.

ამპარტავნების ამ მწვერვალებიდან როგორი დასანახი იქნება მაკარი დიდის სულის თავმდაბლური თრთოლა უფლის წინაშე, როცა ეს უდიდესი მოღვაწე ამქვეყნიდან გასვლისას განდევნის ბნელ ჰაერის მცველთ, რომლებიც მისძახიან: ცხონდი მაკარი! ის კი საკუთარი უდიდესი ღვაწლის არად ჩამგდები ძრწის და ვიდრე არ შევა სასუფევლის ბჭეში ამბობს: ჯერ არა!

ვინც არ იცის, მისთვის დავწერთ ანტონ ჭყონდიდელისეულ გაფრთხილებას: „ამპარტავნების გზა არავის გქონდეთ, თორემ ქრისტესგან შორს იქნებით, რადგან ის სიმდაბლით ვიდოდა და ბრძანებდა: „მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა.“

თეორიულ დონეზე განა შესაძლებელია ოდესმე თავსებადი გახდეს „საკუთარი სულის ბრილიანტისებური ციალის ბრწყინვალების „მწვერვალისა“ და თავმდაბლობის ამ წარმოუდგენელი „უფსკრულის“ შეთავსება - „რადგან ვერვის ხელეწიფება ორთა უფალთა მონებად, ანუ ერთი მოიძულოს და განაგდოს...“

ოკულტურ სინამდვილეში ერთგვარად თავსებადი გახადეს ფილოსოფიური ქვისა და მასონური ტაძრის მსგავსებაც, რადგან ორივე მათგანი „იდეალის“ რეალიზაციის ილუზიას ქმნის. ანუ ვინც ფლობს ფილოსოფიურ ქვას ის ფლობს „ჭეშმარიტებასაც“, ეს კი ულევი სიმდიდრეა, რადგან წარმოადგენს უკვდავებას, ვინაიდან გონებამ არ იცის სიკვდილი... ყველა ადამიანის ამპარტავნებისადმი მიკმეული ამ შხამის ავკარგსა და ტყუილ-მართლის ზღვარს აქ ფსალმუნური წიაღსვლა გასდებს და სჯობს მისით გამოვიფხიზლოთ თავი: უფალმა „თხლეი ამა სოფლისაი არა წარმოაცალიერა, რაითა სუან იგი ყოველთა ცოდვილთა!“ და კიდევ: „სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან გაგანთავისუფლნეს თქვენ!“ მაგრამ ბავშვის სულში შეჭრილი ქარიშხლის ჩაცხრობა კი ნამდვილად გაგვიჭირდება:

„თავისი თავი დაინახა, გაფითრებული და შეშინებული. მაგრამ წუთიც და საკუთარმა ანარეკლმა გაუღიმა, შემდეგ ხელი ჯიბეში ჩაიყო, სისხლივით წითელი ქვა ამოიღო... ჰარიმ ცხადად იგრძნო, როგორ ჩაეშვა რაღაც მძიმე მის ნამდვილ ჯიბეში. დაუჯერებელი რამ მოხდა: ქვა ახლა მასთან იყო!“/გვ.257/.

„ - ქვა სარკიდან როგორ გადმოვიდა ჩემს ჯიბეში?“ - ეკითხება ჰარი ჯადოქრების სკოლის დირექტორს ალბუს დამბლდორს. „ეს ჩემი ერთერთი გენიალური გამოგონებაა. ქვას მხოლოდ ის მიიღებდა, ვისაც მისი პოვნა უნდოდა. პოვნა და არა გამოყენება. სხვები სარკეში მხოლოდ იმას დაინახავენ, თუ როგორ აკეთებენ ოქროს ანდა სვამენ სიცოცხლის ელექსირს“.

„მთავარია ქვა ვიხსენით. ახლა ქვა აღარ არის!“ - ასეთ საინტერესო წინადადებას წარმოთქვამს თეთრ მაგთა წარმომადგენელი ალბუს დამბლდორი.

გარდა იმისა რომ მწერალი ქალი ოკულტური თაყვანისცემის ობიექტის მნიშვნელობის დეფორმირებას მიმართავს, როულინგის ნაწარმოების პირველი წიგნის სახელწოდებაში გამოტანილი ეს სიმბოლო, რომელიც განსაკუთრებული დაცვის, მოქმედებათა მოტივაციისა და დადებითი გმირების თავგანწირვის საგანს წარმოადგენს დასასრულს არც მეტი არც ნაკლები ნადგურდება. /გვ261/. ჩვენ კი ვიცით, რომ „ბოროტებას არაფრის შექმნა არ ძალუძს, მას მხოლოდ არსებულის რღვევა შეუძლია!“, მაგრამ როგორი გადასატანი უნდა იყოს ბავშვისთვის მართალია როულინგის მიერ დამცრობილი და გაუფასურებული, მხოლოდ სიმდიდრისა და უკვდავების მომტანი და არა განმწმედელი ძალის მქონე საბრალო ფილოსოფიური ქვისათვის ამგვარი განაჩენის გამოტანის მოსმენა? „ - ბოლოს და ბოლოს რა ყრია ამ ქვაში! ბევრი ფული და ბევრი სიცოცხლე“ - ეუბნება პროფესორი დამბლდორი ჰარის. „მე ქვაზე კი არა შენზე ვღელავდი. ქვას რაც შეეხება, ის გავანადგურეთ“.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნში, ასე ვთქვათ, მთელი „ბიურგერული“ ჯადოქრული სამყარო ცდილობს, გადაარჩინოს ეს ქვა უმაღლესი ბოროტების ვოლდემორის ხელში მოხვედრისაგან, ჰარის გარეშე ეს განუხორციელებელი დარჩებოდა, სწორედ იგი ახერხებს ამას.

თუ ფილოსოფიური ქვა ადამიანის სრულყოფისა და განახლების ძველისძველი სიმბოლოა. „ჰაროლოგიაში“ მისი მნიშვნელობა გამდიდრებისა და უკვდავების შენარ- ჩუნების გამოყენებამდე დაიყვანება. მას სცილდება განწმედისა და განბრძნობის დატვირთვა, რადგან როულინგი ფიქრობს, რომ ამ საკითხებზე ფიქრით თავის შეწუხება აღარ ღირს და ეს სატყუარა ახალ თაობას სრულებით არ დასჭირდება და რეალურადაც ორივე: სიწმიდეცა და სიბრძნეც ჯოჯოხეთის სამყაროსთან არათავსებადი ცნებებია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ როულინგი ეშმაკთა მეექვსე კატეგორიის ერთერთი სახეობის - გობლინების დასახელებას არ გაურბის და თანაც ბნელეთის „ნათელი“ ანუ „თეთრი შრის“ სამსახურისათვის იყენებს, მცირეოდენ უცვლის პროფილს და მიწისძვრების მოსურნეთ მიწისქვეშ ფულებისა და პატიოსანი თვლების აწონის სამსახურში აყენებს. შესაძლოა ესეც იყო მათი გაბოროტებისა და როულინგზე თავდასხმების მიზეზიც...

2000 წლის 30 ივნისის ინტერვიუში მან აღიარა, რომ ჰარი პოტერზე პირველი წიგნის წერის დროს იყო განსაკუთრებულად დათრგუნული. დემენტორები (დემონური მხეცები) უბრალო პერსონაჟები კი არ არიან, არამედ იმ დათრგუნვის აღწერაა, რომელსაც ის შინაგანად განიცდიდა.

თავის დროზე ბულგაკოვი მოერიდა თავის რომანში ბელზებელის ცნობილი სახელწოდებების: მეფისტოფელის, ლუციფერის და ასმოდეის გამოყენებას და გერმანული წარმომავლობის ეშმაკის ერთერთი საზოგადო სახელი „ვოლანდი“ აირჩია. ასევე როულინგიც უმაღლესი ბოროტების განსახიერებას, „ვოლდემორს“ არქმევს. მისი „სახელის წარმოთქმაც კი უჭირთ“ პოტერის ჯადოქარ პერსონაჟებს და მას ასე მოიხსენიებენ: „ჩვენ-რომ ვიცით“! მხოლოდ ჰარის ეძლევა უფლება მისი სახელის თამამად წარმოთქმისა, „სახელის წარმოთქმის შიში საგნისადმი შიშს აძლიერებს“ /გვ.262/, „ჰარი, ის არ მომკვდარა. დადის თავისთვის, დაძრწის. ეძებს ვის შეუსახლდეს... ვერც მოკლავ, რადგან ფაქტიურად, ცოცხალიც არ არის“ /გვ.262/. სწორედ მას ხვდება პირისპირ ჰარი პოტერი და სტაცებს ფილოსოფიურ ქვას, ხოლო თავად ამ ქვის შექმნა მიეწერება დამბლდორის მეგობარს ნიკოლას ფლამელს, რომელმაც „გასულ წელს აღნიშნა თავისი ექვსას სამოცდამეხუთე წელი“ ანუ ამ „ქვის შემქმნელის“ ასაკი 666 წელია. ავიხსენოთ იოანე ღვთისმეტყველის სახარების აპოკალიფსისის XIII თავის მე-17-18 მუხლები: „და რათა არავის ხელეწიფებოდეს სყიდვად, ანუ განსყიდვად, გარნა რომელთ აქუნდეს ბეჭედი სახელისა მხეცისა მის, ანუ რიცხვი იგი მხეცისა, რამეთუ რიცხვი მისი ექუსას სამეოც და ექვსი.“

„აქა არს სიბრძნეი, რომელსა აქუს გონებაი, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი, რამეთუ რიცხვი კაცისაი არს რიცხვი მისი ექუსას სამეოც და ექუს“ /აპოკ.XIII, 18/. აპოკალიფსისის განმარტებები საზოგადოდ მეტად მცირეა, რადგან მამები ერიდებოდნენ მასში დაფარული საიდუმლოებების გამოაშკარავებას. წმიდა მამა ანდრია კესარია-კაბადოკიელი აპოკალიფსისის ამ ადგილის განმარტებისას წერს: „ჭეშმარიტებაი სახელისა მისისაი ჟამმან გამოაცხადოს, რამეთუ უკუეთუმცა ჯერ-იყო განცხადებულად ცნობაი სახელისა მისისა მხილველსა მას, გამო-მცა-ეცხადა, არამედ არა ინება ღმერთმან საღმრთოთა წიგნთა შინა ბოროტისა მის სახელისა დაწერა.“

...რასაც ვერ კადრულობენ წმიდა იოანე ღვთისმეტყველი და წმიდა ანდრია კესარია- კაბადოკიელი კადრულობს ჯესიკა ქეთრინ როულინგი და ამ კაცის სახელს გვიცხადებს - სერ ნიკოლას ფლამელი! და ინგლისის დედოფალისაგან ამ წიგნის შექმნისათვის ქებასა და ჯილდოსაც იღებს. ამ წიგნის „გვირგვინად“ და „გასაღებად“ სწორედ ეს, ლამის სტრიქონშორისი, ავბედითი ბუტბუტი შეიძლება მივიჩნიოთ, რომელიც მწერალი ქალის შთაგონების სათავისაკენ მიგვითითებს.

მგონია, უადგილო სრულიად არ უნდა იყოს რიტორიკული შეკითხვის დასმა: ბატონებო! ფიქრობთ, რომ ეს არის ბავშვთა თემატიკა? აქ ქვეტექსტად ჩადებულია რაღაც გაუგონარი აბდაუბდა სიუჟეტი: უმაღლესი ბოროტება „ჩვენ-რომ-ვიცით“ ანუ ვოლდემორი საკუთარი ზეობის დროს ამარცხებს ყველა „თეთრ“ ჯადოქარს, მხოლოდ ჩვილი ბავშვი ჰარი, რაც ინგლისურ ენაში „ეშმას“ ევფემისტური, შენაცვლებადი სახელია (იხ. გაზეთი „ჩვენი ეპოქა“ 2003, 11-17 VI), ვერ ნადგურდება. იგი, მართალია ელვის ნაიარევით დადაღული რჩება, მაგრამ მთელი ათი წლით „სისხლის ბარონის“ უკუმქცეველი ხდება. ვოლდემორი ცდილობს ხელში ჩაიგდოს ციფრი 666 ხნის მქონე პიროვნების - ნოლკოლას ფლამელის მიერ შექმნილი ფილოსოფიური ქვა და აქაც ჰარი პოტერია, თავის მეგობრებთან ერთად, წინააღმდგომი. ოკულტისტების მიერ საუკუნეების მანძილზე ნალოლიალებ ქვას კი როულინგი თავის პერსონაჟს ერთი ხელისმოსმით გაანადგურებინებს.

აქ ბოროტება თითქოს სპირალისებური მოძრაობით ქვევით და ქვევით მიიწევს. ერთმანეთში გადადის და სახეს იცვლის. მთელს წიგნში ვერ იპოვით რომელიმე გმირის მოძრაობას, რომელის ქვევიდან ზევით მიემართება. აქ სვლა ყოველთვის დაღმავალია და მკითხველსაც ჯოჯოხეთისაკენ მიაქანებს.

(გაგრძელება)

ნანა ბოკუჩავა

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 1 (260), 2004 წ.