თხრობანი ანბანური პატერიკიდან

აბბა ანტონის შესახებ

აბბა ანტონიმ ერთხელ ღმერთს ასეთი კითხვით მიმართა: "უფალო! რატომ ხდება, რომ ზოგი ახალგაზრდა კვდება, ზოგი კი ღრმა სიბერემდე აღწევს? ზოგი მდიდარია და ზოგი – ღარიბი?" პასუხად ხმა მოესმა: "შენს თავს მიხედე, უფლის განგებას ვერც ჩასწვდები, და არც გარგებს".

აბბა ანტონი აბბა პიმენს ეუბნებოდა: "დიდი გმირობაა უფლის წინაშე ცოდვების მონანიება და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე საცდურთა მოლოდინი!"

მანვე თქვა: "განსაცდელის გარეშე ცათა სასუფეველში ვერავინ შევა, რადგან განსაცდელის გარეშე ვერავინ გადარჩება".

აბბა პამბო აბბა ანტონს შეეკითხა: "როგორ მოვიქცე?" ბერმა უპასუხა: "შენი სიწმინდის იმედი ნუ გექნება; წარსულზე ნუ იდარდებ; ენასა და მუცელზე იფიქრე".

აბბა ანტონი ამბობდა: "ერთხელ მიწაზე დაგებული მტრის ყველა მახე ვიხილე და ამოვიოხრე: ნეტა, ამას ვინ გადაურჩება-მეთქი? და გაისმა ხმა: სიმდაბლე!"

მანვე თქვა: "არიან ადამიანები, რომელთაც თავიანთი ხორცი მოღვაწეობით მოაკვდინეს, – და მაინც ღმერთს დაშორდნენ, რადგან განკითხვა (განსჯა) აკლდათ".

მანვე თქვა: "ჩვენი სიცოცხლეც და სიკვდილიც მოყვასზეა დამოკიდებული. რადგან როდესაც ძმას ვიძენთ, ამით ღმერთს ვიძენთ, და როდესაც ძმას ვაცდუნებთ, ქრისტეს წინააღმდეგ ვცოდავთ".

ასევე თქვა: "როგორც თევზი უწყლოდ იღუპება, ასევე დიდხანს სენაკს მოშორებული, ან ერისკაცებთან მყოფი მონაზონი კარგავს სიყვარულს და მდუმარებას. ამიტომ სენაკისკენ ისე უნდა ვისწრაფოდეთ, როგორც თევზი ისწრაფის ზღვისკენ, რათა მის გარეშე დარჩენილთ, შინაგანი მღვიძარება არ დაგვავიწყდეს".

იგი ამასაც ამბობდა: "ვინც უდაბნოში და მდუმარებაში ცხოვრობს, დაცულია სამი ცდუნებისგან: სმენით, ენით და თვალით ცდუნებისაგან; მხოლოდ ერთი ცდუნება რჩება – გულში".

რამდენიმე ძმა თავიანთი ხილვების მოსათხრობად აბბა ანტონისთან წავიდა, რათა გაერკვიათ, დემონისგან იყო თუ არა ეს ხილვები. მათ ვირიც ახლდათ, რომელიც გზაში მოკვდა. როდესაც მივიდნენ, ბერმა ჰკითხა: "თქვენი ვირი გზაში რამ მოკლა?" – "აბბა, შენ საიდან იცი?" – იკითხეს ძმებმა. "დემონებმა მაჩვენეს", – უთხრა ბერმა. მაშინ ძმებმა თქვეს: "სწორედ ამის საკითხავად მოვედით. ხშირად გვაქვს ხილვები, რომლებიც შემდეგ გვიხდება; გვეშინია, არ შევცდეთ". ბერმა ვირის მაგალითზე აჩვენა, რომ მათი ხილვები დემონებისგან იყო.

ერთმა კაცმა უდაბნოში ნადირობისას დაინახა, როგორ ეხუმრებოდა ძმებს აბბა ანტონი და დაბრკოლდა. ბერმა იმის დასარწმუნებლად, რომ ზოგჯერ ძმებსაც ესაჭიროებოდათ თავისუფლად ამოსუნთქვა, სთხოვა მას ისარი მშვილდში ჩაედო და მოეზიდა. მონადირე ასეც მოიქცა. შემდეგ კიდევ სთხოვა: "მეტად მოქაჩე". მან მოქაჩა. ბერმა ისევ უთხრა: "კიდევ მოქაჩე". კიდევ მოქაჩა. ბერმა ისევ უთხრა: "მეტად მოქაჩე". მაშინ მშვილდოსანმა უთხრა: "თუ ზომაზე მეტად მოვქაჩავ, მშვილდი გატყდება". ბერმა მიუგო: "საღმრთო საქმეშიც ასეა: ძმების ძალების ზომაზე მეტად დაძაბვას მათი წყობიდან გამოყვანა შეუძლია". მონადირე ყველაფერს მიხვდა, შეინანა და ისე წავიდა.

ძმები მამა ანტონის ერთ ბერს უქებდნენ. როდესაც ეს ბერი მოვიდა, აბბამ გადაწყვიტა, შეემოწმებინა, შეძლებდა თუ არა იგი შეურაცხყოფის მოთმენას და როდესაც ნახა, რომ ვერ შეძლებდა, უთხრა: "ისეთ სოფელს ჰგავხარ, რომელიც წინიდან ლამაზია, უკნიდან კი ყაჩაღებისგანაა გაძარცვული".

ერთმა ძმამ აბბა ანტონის უთხრა: "ილოცე ჩემთვის". მაგრამ ბერმა უპასუხა: "თუ საკუთარ თავზე არ იზრუნებ და თვითონ არ ილოცებ, ვერც მე შეგიწყალებ და ვერც ღმერთი".

ერთხელ ძმები სკიტიდან აბბა ანტონისთან გემით გაემგზავრნენ. გზად უცნობ ბერს შეხვდნენ. ისინი წმინდა მამათა გამონათქვამებზე, წმინდა წერილსა და თავიანთ ხელსაქმეზე საუბრობდნენ. უცხო ბერი კი დუმდა. როდესაც ნაპირზე გადმოვიდნენ, აღმოჩნდა, რომ ბერიც აბბა ანტონისთან მიდიოდა. მისულებს აბა ანტონიმ უთხრა: "კარგი მეგზური გიპოვნიათ!" შემდეგ ბერსაც უთხრა: "შენც კარგი ძმები შეგხვედრია!" ბერმა უპასუხა: "კარგები არიან, მაგრამ მათ ეზოს ჭიშკარი არა აქვს". ეს იმიტომ თქვა, რომ ისინი ყველაფერზე საუბრობდნენ, რაც კი თავში მოუვიდოდათ.

მივიდნენ ძმები მამა ანტონისთან და უთხრეს: "გვირჩიე, როგორ გადავრჩეთ". ბერმა უპასუხა: "წმინდა წერილი სრულიად საკმარისია თქვენთვის". მაგრამ მათ სთხოვეს: "ჩვენ შენგანაც გვინდა რამე გავიგოთ". მაშინ ბერმა თქვა: "სახარებაში ნათქვამია: "რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა" (მათ. 5. 39). ძმება უთხრეს: ამის გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია. ბერმა უპასუხა: "მეორე ლოყის მიშვერა თუ არ შეგიძლიათ, ერთ ლოყაზე დარტყმა მაინც აიტანეთ". "არც ეს შეგვიძლია", – თქვეს მათ. "თუ არც ეს შეგიძლიათ, ის მაინც გააკეთეთ, რომ დარტყმაზე დარტყმით არ უპასუხოთ". ძმებმა თქვეს: "არც ეს შეგვიძლია". მაშინ ბერმა თავის მოწაფეს მიმართა: "მოუმზადე მათ ფაფა; ავად არიან. თუ ერთი არ შეგიძლიათ და მეორე არ გინდათ, მე რა გიშველოთ?"

ერთმა ძმამ ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა, ცოტაოდენი ფული თავისთვისაც დაიტოვა და მამა ანტონისთან მივიდა. მან კი უთხრა: "თუ ბერობა გინდა, წადი სოფელში, ხორცი იყიდე, შიშველ სხეულზე შემოიწყვე და ისე მოდი". როდესაც ძმა ასე მოიქცა, ძაღლები და ფრინველები თავს დაესხნენ. დაბრუნებულს ბერმა ჰკითხა: "შეასრულე თუ არა ჩემი რჩევა?" ძმამ მას თავისი სხეული აჩვენა. წმ. ანტონიმ უთხრა: "ასე ესხმიან თავს დემონები იმ ბერებს, რომელთაც უნდათ რომ ფული ჰქონდეთ".

აბბა ანტონი ამბობდა: "ვფიქრობ, ადამიანის სხეულში არსებობს ბუნებრივი, თანდაყოლილი მოძრაობა, რომელიც სულის ნება-სურვილს ემორჩილება, მას ვნება არ ახლავს. არსებობს მეორე მოძრაობაც, რომელიც ზედმეტი საკვებითა და სასმელით გამოწვეული სხეულის გახურებას ახლავს. ამიტომაც ამბობს მოციქული: "ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე" (ეფ. 5. 18). უფალმაც თავის მოწაფეებს ასევე უანდერძა: "ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა" (ლუკ. 21. 34). იმათში, ვინც ღვაწლშია, არსებობს კიდევ ერთი მოძრაობა, რომელიც დემონთა მზაკვრობითა და შურითაა გამოწვეული. ასე რომ, უნდა ვიცოდეთ, რომ სხეულში სამგვარი მოძრაობა არსებობს: ერთი ბუნებრივი, მეორე უზომო კვებისაგან და მესამე დემონებისაგან.

აბბა ანტონი ასევე ამბობდა: ჩვენს დროში უფალი ისეთ განსაცდელებს აღარ უშვებს, როგორიც ადრე იყო; რადგან იცის, რომ ახლა ადამიანები უფრო სუსტები არიან და ამას ვერ გაუძლებენ.

ერთხელ ძმები მივიდნენ აბბა ანტონისთან და ლევიტელთა წიგნიდან სიტყვების განმარტება სთხოვეს. წმ. ანტონი უდაბნოში წავიდა. აბბა ამონი კი ჩუმად უკან გაჰყვა. ბერი სალოცავად დადგა, ხელები ცისკენ აღაპყრო და ხმამაღლა თქვა: "ღმერთო, ამ სიტყვების ასახსნელად მოსე გამომიგზავნე!" და გაისმა ხმა, რომელიც მას ესაუბრებოდა. შემდეგ აბბა ამონმა თქვა, რომ ხმა კი ესმოდა, მაგრამ სიტყვების მნიშვნელობას ვერ იგებდა.

სამი მღვდელი ყოველდღე წმ. ანტონისთან მიდიოდა. ორი მათგანი გულისთქმებსა და სულის ცხონებაზე ეკითხებოდა, მესამე კი მუდამ სდუმდა. ერთხელ მამა ანტონიმ მას ჰკითხა: "აი შენ ამდენი ხანია აქ მოდიხარ და არაფერს მეკითხები". მან კი უპასუხა: "ჩემთვის შენი ყურებაც საკმარისია!"

ერთხელ აბბა ანტონიმ იმპერატორისგან წერილობითი მიპატიჟება მიიღო. იგი დაფიქრდა და შემდეგ თავის მოწაფეს, აბა პავლეს ჰკითხა, როგორ მოქცეულიყო. მან უპასუხა: "თუ წახვალ, ანტონი იქნები, თუ არ წახვალ – აბბა ანტონი".

აბბა ანტონი ამბობდა: "მე ღმერთის უკვე აღარ მეშინია, მე ის მიყვარს; რამეთუ "სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში" (I იოან. 4. 18).

მანვე თქვა: "ღმრთის შიში მუდამ თვალწინ გქონდეს; გახსოვდეს ის, ვინც "მოაკვდინებს და აცხოვნებს" (I მეფ. 2. 6). შეიძულეთ სოფელი და ყველაფერი, რაც მასშია, შეიძულეთ ყოველგვარი ხორციელი სიამოვნება; უარი თქვით ამ ცხოვრებაზე, რათა ღმრთისთვის იცხოვროთ; გახსოვდეთ, რას დაჰპირდით ღმერთს; რადგან სამსჯავროზე ეს მოგეთხოვებათ. გშიოდეთ, გწყუროდეთ, მღვიძარებდეთ, ტიროდეთ, ოხრავდეთ, გამოსცდიდეთ თქვენს თავს; მოიძულეთ ხორცი, რათა სული გადაარჩინოთ.

აბა ანტონი ამბობდა: "როდესაც მჭედელი რკინის ნატეხს იღებს, მან უკვე წინასწარ იცის, რა უნდა გააკეთოს: ცელი, მახვილი თუ ნაჯახი. ასევე ჩვენც, წინასწარ უნდა ვსაზღვრავდეთ, რომელ სათნოებას შევუდგეთ, რათა ჩვენი შრომა ამაო არ გამოდგეს".

ასევე ამბობდა: "მე ვიცნობ ბერებს, რომლებიც დიდი ღვაწლის მიუხედავად დაეცნენ, რადგან თავიანთი საქმეების იმედად იყვნენ და დაივიწყეს იმის მცნება, რომელმაც თქვა: "ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს" (რჯლ. 32.7).

იგი ამასაც ამბობდა: "მონაზონმა ბერებს ისიც კი უნდა უთხრას, სენაკში რამდენ წვეთ წყალს სვამს, რომ როგორმე ამაშიც არ შესცოდოს".

აბბა არსენის შესახებ

ჯერ კიდევ მეფის კარზე ყოფნისას აბბა არსენი ასე ლოცულობდა: "უფალო! მასწავლე, როგორ ვცხონდე". და ესმა ხმა: "არსენი! გაექეცი ხალხს და ცხონდები".

ერთხელ, სენაკში ყოფნისას, აბბა არსენის დემონები დაესხნენ თავს. მორჩილებს, რომლებიც სენაკთან იდგნენ, ესმოდათ, როგორ შეჰღაღადებდა იგი ღმერთს: "უფალო, ნუ მიმატოვებ! მე არანაირი სიკეთე არ ჩამიდენია შენ წინაშე, მაგრამ შენი მოწყალებისამებრ, დამეხმარე, დავიწყო სიკეთის კეთება".

ამბობენ, რომ მეფის კარზე მასზე მდიდრული სამოსი არავის ეცვა, ბერობაში კი არავის ჰქონდა მასზე უარესი სამოსი.

ერთხელ აბბა არსენიმ ეგვიპტელ ბერს თავისი გულისსიტყვების (აზრების) შესახებ ჰკითხა. ამის გამგონე მეორე ძმა გაოცდა: "აბბა არსენი! შენ, ბერძნული და რომაული მოძღვრებების მცოდნე, შენი გულისსიტყვების შესახებ ეგვიპტელს ეკითხები?" არსენიმ უპასუხა: "ბერძნული და რომაული ვიცი, მაგრამ ამ უბრალო კაცის ანბანი ჯერ არ მისწავლია".

ერთმა კაცმა აბბა არსენის უთხრა: "ზრახვები შთამაგონებენ, რომ არც მარხვა შემიძლია, არც შრომა და ჯობს, წავიდე, ავადმყოფები მაინც მოვინახულო, ესეც ხომ სათნოებაა". აბბამ იცოდა ეშმაკის ხრიკები, ამიტომაც უთხრა: "წადი, ჭამე, სვი, იძინე, ნუ იმუშავებ, ოღონდ სენაკიდან არ გამოხვიდე", რადგან იცოდა, რომ სენაკში ყოფნა ბერის ცხოვრებას აწესრიგებდა.

აბბა მარკოზმა აბბა არსენის უთხრა: "რატომ გაგვირბიხარ?" ბერმა უპასუხა: "ხედავს ღმერთი, რომ მიყვარხართ, მაგრამ ერთდროულად ღმერთთანაც და ადამიანებთანაც ყოფნა არ შემიძლია. ზეცაში ათასებს და მილიარდებს ერთი ნება აქვთ, ადამიანთა ნება კი განსხვავებულია. ხომ არ შემიძლია, ღმერთი მივატოვო და ადამიანებთან ვიყო?"

აბბა დანიელი აბბა არსენიზე ამბობდა, რომ იგი მთელი ღამე მღვიძარებაში ატარებდა. გამთენიას, როდესაც ძილი მოეძალებოდა, ასე მიმართავდა მას: "გამშორდი, ბოროტო მონავ", – მჯდომარე ცოტას წაიძინებდა და კვლავ ადგებოდა.

აბბა არსენი ამბობდა: "მოღვაწე ბერს ერთი საათის ძილიც ჰყოფნის".

აბბა დანიელი აბბა არსენიზე ამბობდა: "რამდენი წელიც ჩვენთან ცხოვრობდა, მხოლოდ თითო ფუთ ხორბალს ვაძლევდით, რომლისგანაც ჩვენც გვიმასპინძლდებოდა".

მანვე გვიამბო, რომ აბბა არსენი მხოლოდ წელიწადში ერთხელ ცვლიდა წყალს, რომელშიც თოკისა და კალათების დასაწნავ ტოტებს ალბობდა. ამ საქმიანობაში იგი მთელ ღამეებს ატარებდა. ბერები ეკითხებოდნენ: "რატომ არ ცვლი წყალს? მას უკვე ცუდი სუნი უდის". არსენი პასუხობდა: "იმ კეთილსურნელებისთვის, რომლითაც ერში ვტკბებოდი, ახლა ეს სიმყრალე უნდა ავიტანო".

ერთხელ აბბა არსენი ავად გახდა და გამოსაცვლელი პერანგიც არ ჰქონდა, არც მისი საყიდელი ფული ჰქონდა. მოწყალება მიიღო და თქვა: "გმადლობ უფალო, რომ შენი სახელისთვის მოწყალების მიღების ღირსი გამხადე".

აბბა მარკოზმა აბბა არსენის ჰკითხა: "კარგია, თუ ბერს სენაკში სრუ­ლიად არა­ფერი აქვს? მე ვიცნობდი ერთ ძმას, რომელსაც ბოსტნეული ჰქონდა დარგული, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ამოთხარა". აბბა არსენიმ უპასუხა: "კარგია, მაგრამ ეს ადამიანის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, რადგან თუ ასეთი ცხოვრებისათვის ძალები არ ჰყოფნის, კვლავ დარგავს ბოსტნეულს".

აბბა არსენის ბანონში ყოფნისას მის სანახავად რომიდან სენატორთა გვარის ერთი მეტად მდიდარი და ღვთისმოსავი ახალგაზრდა ქალი მივიდა. იგი მთავარეპისკოპოსმა თეოფილემ მიიღო. ქალმა მას ბერთან შუამდგომლობა სთხოვა. ეპისკოპოსი აბბა არსენისთან მივიდა და სტუმრის მიღება სთხოვა, მაგრამ აბბა არსენიმ უარი განაცხადა. ქალი უარმა არ შეაჩერა. მან განაცხადა, რომ მაინც ნახავდა აბბა არსენის, რადგან არა უბრალო კაცის, არამედ წინას­წარმეტყველის სანახავად მოსუ­ლიყო და სენაკისკენ გაემართა. უფლის დაშვებით, აბბა არსენი სენაკიდან გამოსულიყო. ქალი მას მუხლებში ჩაუვარდა. განრისხებულმა ბერმა წამოაყენა იგი და მკაცრად უთხრა: ჩემი სახის ნახვა გსურდა, აი, შემომხედე. შერცხვენილი ქალი თავჩაქინდრული იდგა. ბერმა განაგრძო: ჩემს საქმეებს უნდა უყურო და არა მე. როგორ გაბედე ასე შორს წამოსვლა, განა არ იცი, რომ ქალი შინ უნდა იყოს? იმისთვის ხომ არ მოხვედი, რომ რომში დაბრუნების შემდეგ სხვა ქალებს უამბო, რომ ნახე არსენი და ქალების ზღვა ჩემსკენ დაიძრას? ქალმა უპასუხა: მე არც ერთ ქალს შენთან არ დავუშვებ, ოღონდ შენ ჩემთვის ილოცე, მომიხსენე შენს წმიდა ლოცვებში. ბერმა უპასუხა: მე ვილოცებ, რომ ღმერთმა ჩემი გულიდან შენი სახე ამოშალოს. ამ სიტყვების გამგონე ქალი დანაღვლიანებული წავიდა და ქალაქში დაბრუნების შემდეგ ლოგინად ჩავარდა. მისი ავადმყოფობის შესახებ მთავარეპისკოპოს თეოფილეს შეატყობინეს, რომელიც მივიდა ავადმყოფთან და ჰკითხა, თუ რა გახდა მისი ცუდად ყოფნის მიზეზი. ქალმა სიტყვა-სიტყვით გადასცა ბერის სიტყვები, რაზეც ეპისკოპოსმა უთხრა: განა არ იცი, რომ ქალი ხარ და მტერი წმიდანებს ქალის საშუალებით ებრძვის? ამიტომაც მიიღე ბერისგან ეს პასუხი. გულში ის შენთვის მუდამ ილოცებს. ამ სიტყვებმა ქალი დაამშვიდა და ის გახარებული გაემგზავრა შინ.

აბბა დანიელი ჰყვებოდა: ერთხელ აბბა არსენისთან მოხელე მივიდა და მისი ნათესავი სენატორის ანდერძი მიუტანა, რომელმაც ბერს დიდძალი მემკვიდრეობა დაუტოვა. არსენიმ აიღო ანდერძი და მისი დახევა დააპირა, მაგრამ მოხელე ფეხებში ჩაუვარდა და სთხოვა: ნუ დახევ ანდერძს, ამისთვის თავს წამაცლიან. აბბა არსენიმ უთხრა: ის მხოლოდ ახლა მოკვდა, მე კი მანამდე მოვკვდი. მან ანდერძი არ მიიღო და უკან გააგზავნა.

ამბობდნენ, რომ აბბა არსენი შაბათ საღამოს მზისკენ ზურგით დგებოდა, ხელებს ცისკენ აღაპყრობდა და იქამდე ლოცულობდა, სანამ მზე სახეში შემოანათებდა. მხოლოდ ამის შემდეგ ჯდებოდა.

აბბა არსენისა და აბბა თეოდორეზე ამბობდნენ, რომ ყველაზე მეტად მათ ადამიანური დიდება სძულდათ. ამიტომაც აბბა არსენი ხალხს იშვიათად ენახებოდა; აბბა თეოდორე ხალხთან გადიოდა, მაგრამ მათთვის მახვილივით იყო.

აბბა დანიელი ამბობდა: აბბა არსენი ვიღაც კაცზე (როგორც ჩანს, ეს კაცი თვითონ იყო) ამ ამბავს გვიყვებოდა: ერთი ბერის სენაკში ხმა გაისმა: მოდი! ადამიანთა საქმეებს განახებ. ის ადგა და წავიდა. ხმამ იგი ერთ ადგილას მიიყვანა და ეთიოპელი აჩვენა, რომელსაც დიდძალი შეშა დაეჩეხა, წაღება სურდა, მაგრამ ამხელა ტვირთს ვერ ერეოდა. იმის ნაცვლად, რომ შეემცირებინა ტვირთი, იგი ჩეხვას აგრძელებდა და შეშას ამატებდა. ბერმა გზა განაგრძო, ხმამ აჩვენა მას კაცი, რომელიც ჭასთან იდგა, წყალი ამოჰქონდა და გახვრეტილ ჭურჭელში ასხამდა; წყალი კვლავ ჭაში ჩაედინებოდა. შემდეგ ხმამ ტაძართან მიიყვანა, შესასვლელში ორი კაცი იდგა, მათ ხელში დიდი მორი ეკავათ, შესვლა სურდათ, მაგრამ მორი კარებში ვერ ეტეოდა; არც ერთს არ სურდა თავის დამდაბლება და მეორის უკან დადგომა, რათა მორი სიგრძით შეეტანათ და ამიტომაც კარებთან გაჩერდნენ. – ეს ის ხალხია, – თქვა ხმამ, – რომლებიც სიმართლის უღელს ვითომ ატარებენ, მაგრამ – ამპარტავნებით; არ სურთ თავის დამდაბლება, რათა გამოსწორდნენ და ქრისტიანული თავმდაბლობის გზით იარონ, ამიტომაც სასუფევლის გარეთ რჩებიან. შეშის მჩეხავი მრავალი ცოდვით დამძიმებულ ადამიანს ნიშნავს, რომელიც მონანიების ნაცვლად კიდევ ახალ-ახალ ცოდვებს ჩადის; წყლის მზიდავი კი იმ ადამიანს გამოხატავს, რომელიც კეთილ საქმეებს აკეთებს, მაგრამ ცუდ საქმეებსაც ამატებს და ამით თავის კეთილ საქმეებსაც ღუპავს. ასე რომ, ადამიანი თავის საქმიანობას ფხიზლად უნდა ადევნებდეს თვალს, რათა მისი შრომა ამაო არ გამოდგეს.

როდესაც აბბა არსენის აღსასრული ახლოვდებოდა, მისი მოწაფეები ძალიან ღელავდნენ. აბბამ მათ უთხრა: "ჯერ დრო არ მოსულა, როცა მოვა, გეტყვით". "ჩვენ არ ვიცით, როგორ დაგასაფლავოთ", – უთხრეს ძმებმა. "ფეხებში თოკი ჩამაბით და მთაზე ამათრიეთ", – დაუბარა მათ აბბა არსენიმ. კითხვებზე – არსენი, რატომ დატოვე სოფელი? ბერი პასუხობდა: "საუბ­რების შემდეგ – ხშირად მინანია, დუმილის შემდეგ არასოდეს". როდესაც აღსასრულის დრო დადგა, ძმებმა დაინახეს, რომ ბერი ტიროდა და ჰკითხეს: "მამაო, ნუთუ შენც გეშინია?" "მეშინია", – უპასუხა მან, – "ჩემი ბერად აღკვეცის შემდეგ ნამდვილი შიში არ მომშორებია". ასე გარდაიცვალა.

ამბობენ, რომ ხელსაქმით დაკავებულ აბბა არსენის მკერდზე მუდამ ცხვირსახოცი ეფინა, რადგან ცრემლები გაუთავებლად სდიოდა. როდესაც აბბა პიმენმა მისი გარდაცვალების შესახებ შეიტყო, ატირდა და თქვა: "ნეტარ ხარ შენ, აბბა არსენი, რადგან შენი თავი ამქვეყნად გამოიტირე!" ვინც თავის ცოდვებს აქ არ დასტირის, იქ მოუწევს მარადიული ტირილი. რადგან ტირილი აუცილებელია ან აქ – ნებაყოფლობით, ან იქ – ტანჯვისაგან.

აბბა დანიელი ამბობდა, რომ აბბა არსენის არასოდეს უყვარდა წმიდა წერილის სადავო ადგილებზე საუბარი, თუმცა თავისუფლად შეეძლო. ის წერილებსაც ძალზე იშვიათად წერდა. ხოლო როდესაც ტაძარში მოდიოდა, ბოძის უკან დგებოდა, რათა მისი სახე არავის დაენახა და თვითონაც არავისთვის შეეხედა; იაკობის მსგავსად, ანგელოზებრივი გარეგნობა ჰქონდა; სრულიად ჭაღარა, მაღალი, გამხდარი, გრძელი წვერით, წამწამები ტირილისაგან დასცვენოდა, სიბერისგან მოხრილიყო, 95 წლის გახლდათ. თეოდოსი დიდის კარზე 40 წელი გაატარა, ამდენივე – სკიტში, ათი – ზემო ბაბილონის ტროაში და სამი – ალექსანდრიის კანონში. ბოლო ორი წელი კვლავ ტროაში დაბრუნდა და აქ აღესრულა. ასე გაატარა ამქვეყნიური ცხოვრება სიმშვიდესა და ღმრთის შიშში. "რამეთუ იყო კაცი იგი სახიერ და სავსე სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა" (საქმე. 11, 24). მან თავისი ტყავის კვართი, თეთრი უხეში პერანგი და პალმის სანდლები დამიტოვა. ამ ყველაფერს მე უღირსი ვატარებდი.

აბბა აგათონის შესახებ

აბბა ლოთის მოსწავლე, აბბა პეტრე ჰყვებოდა: ერთხელ აბბა აგათონის სენაკში ვიყავი, მასთან ერთი ძმა მოვიდა და უთხრა: ძმებთან ერთად ცხოვრება მსურს; მითხარი, როგორ ვიცხოვრო მათთან? ბერმა უპასუხა: როგორც მისვლის პირველ დღეს, ასევე შენი ცხოვრების ყველა დანარჩენ დღეს მოიქეცი როგორც მწირი, ნუ გაკადნიერდები. აბბა მაკარიმ ჰკითხა, რა შედეგი მოჰყვება კადნიერებას? ბერმა უპასუხა: კადნიერება მძლავრ და მწველ ცეცხლს ჰგავს, რომელსაც ყველა გაურბის და რომელიც ხეზე ყველა ნაყოფს აფუჭებს. აბბა მაკარიმ უთხრა: ნუთუ ასე მავნებელია კადნიერება? აბბა აგათონმა უპასუხა: არ არსებობს კადნიერებაზე უფრო მავნე ვნება; იგი ყველა ვნების დედაა. ამიტომაც მოღვაწე არ უნდა გაკადნიერდეს, თუნდაც სენაკში მარტო იყოს.

აბბა აგათონი ამბობდა: ბერი იქამდე არ უნდა მივიდეს, რომ რაიმე საკითხში სინდისი ამხელდეს.

ასევე ამბობდა, რომ უფლის მცნებების შეუსრულებლად წარმატებას ერთ სათნოებაშიც ვერ მიაღწევ.

ამასაც ამბობდა: დასაძინებლად არასოდეს დავწოლილვარ ისე, რომ გულში ვინმეს მიმართ რაიმე საწინააღმდეგო მქონოდა და, რამდენადაც შემეძლო, ვცდილობდი, სხვაც არ დარჩენილიყო ჩემზე გულნატკენი.

აბბა აგათონზე ჰყვებოდნენ: ერთხელ მასთან გამოსაცდელად მივიდნენ და ჰკითხეს: შენ ხარ აგათონი? ჩვენ გვითხრეს, რომ მემრუშე და ამპარტავანი ხარ. მან უპასუხა: დიახ, ეს მართალია. კიდევ ჰკითხეს: შენ ლაზღანდარა და ცილისმწამებელი ხარ? მან უპასუხა: დიახ, ვარ. ამასაც ამბობენ, რომ შენ მწვალებელი ხარ. არა, – უპასუხა მან, – მწვალებელი არ ვარ. – პირველ ორ კითხვაზე დაგვეთანხმე და მესამეს რატომ ვერ გაუძელი? მან უპასუხა: პირველ მანკიერებებს ჩემში ვაღიარებ, რადგან ეს აღიარება ჩემი სულისთვის სასარგებლოა, ხოლო იყო მწვალებელი, ნიშნავს, განუდგე ღმერთს; ეს კი არ მინდა.

აბბა აგათონი თავის მოწაფეებთან ერთად საკმაოდ დიდხანს აშენებდა სენაკს. როდესაც ააშენეს, იქ დასახლდნენ. მაგრამ პირველივე კვირას აბბა აგათონმა იქ მისთვის რაღაც მავნებელი შენიშნა და მოწაფეებს უთხრა: ადექით, წავიდეთ აქედან! მოწაფეები შეწუხდნენ და თქვეს: თუკი აქედან წასვლას აპირებდი, ამდენი რისთვის ვიშრომეთ? ხალხსაც დავაბრკოლებთ, იტყვიან: აი, რა მოუსვენარები არიან, ისევ წავიდნენ! აბბა აგათონმა უპასუხა: შეიძლება, ზოგიერთი დაბრკოლდეს, დანარჩენებისთვის კი გაკვეთილი იქნება და იტყვიან: ნეტარია ეს ხალხი, უფლისთვის ყველაფერი დატოვეს და წავიდნენ! ვისაც უნდა, წამოვიდეს, მე ახლავე მივდივარ. მაშინ მოწაფეები მიწაზე დაეცნენ და მასთან ერთად წასვლის ნებართვა გამოსთხოვეს.

ერთხელ ძმებმა ჰკითხეს: რომელი სათნოებაა ყველაზე რთული? მან უპასუხა: მომიტევეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ლოცვაზე დიდი შრომა არ არსებობს. ყოველთვის, როდესაც ადამიანი ლოცვას მოისურვებს, მტერი მაშინვე ცდილობს, ყურადღება გაუფანტოს, რადგან იცის, რომ მას ისე არაფერი ეწინააღმდეგება, როგორც უფლისადმი ლოცვა. ნებისმიერი ღვაწლი, გულმოდგინე შრომის შემდეგ, ადამიანს განსვენებას აძლევს, ლოცვა კი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ბრძოლას მოითხოვს.

ერთხელ აბბა აგათონი მოწაფეებთან ერთად მიდიოდა. ერთ-ერთმა მათგანმა პატარა მწვანე ბარდის პარკი დაინახა და ჰკითხა: მამაო! მომცემ ნებას, ავიღო? გაკვირვებულმა ბერმა შეხედა და უთხრა: განა შენი დადებულია? ძმამ უპასუხა: არა! მაშინ ბერმა მიუგო: როგორღა გინდა იმის აღება, რაც შენი დადებული არაა?

ამბობენ, რომ აბბა აგათონს, სანამ მდუმარებას შეეჩვეოდა, სამი წელი პირში ქვა ედო.

როდესაც აბბა აგათონი ცუდ საქციელს დაინახავდა და განკითხვის ზრახვა გაუჩნდებოდა, თავის თავს ეუბნებოდა: გაფრთხილდი, აგათონ, ასეთი რამ შენც არ დაგემართოს, და ზრახვა მაშინვე ქრებოდა.

მისი სიტყვებია: მრისხანე ადამიანი, თუნდაც მკვდარი აღადგინოს, ღვთისთვის სათნო ვერ იქნება.

აბბა აგათონს ორი მეუდაბნოე მოწაფე ჰყავდა. ერთხელ მან ერთ-ერთს ჰკითხა: როგორ ცხოვრობ შენს სენაკში? მან უპასუხა: საღამომდე ვმარხულობ, შემდეგ ორ ორცხობილას ვჭამ. ბერმა უთხრა: კარგი ცხოვრების წესი გქონია და თანაც იოლი. მეორესაც ჰკითხა: შენ როგორ ცხოვრობ? ორი დღე ვმარხულობ და მერე ორ ორცხობილას ვჭამ. ბერმა უთხრა: შენ ბევრს იღვწი და ორმაგ ბრძოლას ეწევი. რადგან ისიც ღვაწლშია, ვინც ყოველდღე ცოტ-ცოტას ჭამს, ისიც, ვინც ორი დღე არ ჭამს და მერე ნაყრდება. შენ კი ორი დღე არ ჭამ და მერეც არ ნაყრდები.

აბბა აგათონი ამბობდა: ძალიანაც რომ მიყვარდეს ვინმე, თუ გავიგებ, რომ ის ცოდვაში მაგდებს, მოვიკვეთ.

ესეც თქვა: ადამიანი მუდამ საშინელ სამსჯავროზე უნდა ფიქრობდეს.

როდესაც ძმები სიყვარულზე საუბრობდნენ, აბბა დოროთემ თქვა: ვიცით კი, რა არის სიყვარული? და აბბა აგათონზე შემდეგი ამბავი მოჰყვა: აბბას ერთი ჯაყვა ჰქონდა, მივიდა მასთან ძმა და ჯაყვა შეუქო. აბბა აგათონმა ისე არ გაუშვა, სანამ ჯაყვა არ გაატანა.

აბბა აგათონმა თქვა: კეთროვანი რომ მენახა და შემძლებოდა მისთვის სხეულის გაცვლა, აუცილებლად გავუცვლიდი; რადგან ასეთია სრულყოფილი სიყვარული.

აბბა აგათონზე ჰყვებოდნენ: ერთხელ, რაღაც ნივთების გასაყიდად ქალაქში ჩასულმა გზაზე დავარდნილი მწირი დაინახა, ის არავის ადარდებდა. ბერმა მისთვის პატარა ოთახი დაიქირავა, დარჩა ავადმყოფთან და ხელსაქმით ნაშოვნ ფულს ახმარდა. აბბამ მასთან სამი თვე გაატარა. როდესაც მწირი გამოჯანმრთელდა, ბერმა მხოლოდ მაშინ დატოვა იგი და მშვიდობით დაბრუნდა თავის სენაკში.

აბბა დანიელი ჰყვებოდა: ერთხელ აბბა აგათონის ყველა მოწაფე მდინარეზე სამოსს რეცხავდა. რადგან აბბა ალექსანდრე ნელა რეცხავდა, დანარჩენმა ძმებმა ბერს უთხრეს: ძმა ალექსანდრე არაფერს აკეთებს. ბერმა მათ დასამშვიდებლად ალექსანდრეს უთხრა: უკეთ რეცხე! ამ სიტყვებმა ალექსანდრე დაანაღვლიანა. ამის შემდეგ ბერმა იგი დაამშვიდა: ჩემო ძმაო! განა არ ვიცი, რომ კარგად აკეთებ? ასე იმიტომ ვთქვი, რომ შენი მორჩილებით მათი ზრახვა დამეწყნარებინა.

ამბობდნენ, რომ აბბა აგათონი ყველა მცნების შესრულებას ცდილობდა. როდესაც ნავში ჯდებოდა, ნიჩბებს პირველი თვითონ იღებდა ხელში; როდესაც მასთან ძმები მოდიოდნენ, მაშინვე საკუთარი ხელით უმასპინძლდებოდა, რადგან ღვთიური სიყვარულით იყო აღვსილი. სიკვდილის წინ სამი დღე ღია თვალები უძრავად ჰქონდა გაჩერებული. ძმებმა შეანჯღრიეს და ჰკითხეს: აბბა აგათონ, სად ხარ? მან უპასუხა: უფლის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ. ძმებმა უთხრეს: მამაო, გეშინია? მან უპასუხა: რამდენადაც შემეძლო, უფლის მცნებების შესრულებას ვცდილობდი, მაგრამ ადამიანი ვარ, რა ვიცი, უფლისთვის რამდენად სათნო იყო ჩემი საქმეები? ძმებმა კიდევ უთხრეს: არ ხარ დარწმუნებული, რომ შენი საქმეები უფლისთვის სათნო იყო? ბერმა უპასუხა: სანამ უფლის წინაშე არ წარვდგები, ვერ გავკადნიერდები, რადგან სხვაა ადამიანური სამსჯავრო და სხვაა ღვთაებრივი. როდესაც კიდევ უნდოდათ მისთვის კითხვის დასმა, ბერმა თქვა: გთხოვთ, ნუღარ დამელაპარაკებით, თავისუფალი არ ვარ. და მაშინვე სიხარულით გარდაიცვალა. ძმებმა დაინახეს, რომ ისეთი სახით მიდიოდა, როგორითაც ახლო და საყვარელ ადამიანებს ხვდებოდა ხოლმე. ის სულ მღვიძარებაში იყო და ამბობდა კიდეც: დიდი მღვიძარების გარეშე ადამიანი ვერც ერთ სათნოებაში წარმატებას ვერ მიაღწევს.

ერთხელ აბბა აგათონი ქალაქში მიდიოდა და გზად კეთროვანი შეხვდა. მან ჰკითხა: სად მიდიხარ? ბერმა უპასუხა: ქალაქში, ჭურჭლის გასაყიდად. კეთროვანმა უთხრა: სიკეთე ჰყავი და მეც წამიყვანე! ბერმა იგი ხელში აყვანილი წაიყვანა. ავადმყოფმა უთხრა: სადაც ივაჭრებ, იქ დამაწვინე. ბერიც ასე მოიქცა. როდესაც ერთი ნივთი გაყიდა, კეთროვანმა ორცხობილის ყიდვა სთხოვა, ბერმა უყიდა. მეორედაც იგივე განმეორდა. ბოლოს, როდესაც ბერმა ყველაფერი გაყიდა და წასვლა დააპირა, კეთროვანმა უთხრა: გთხოვ, ისევ იქ წამიყვანე, სადაც ვიყავი. ბერმა აიყვანა ავადმყოფი და ძველ ადგილზე დააბრუნა. და მაშინ კეთროვანმა თქვა: აგათონ! გაკურთხოს უფალმა ცაში და ქვეყანაზე. აგათონმა მოიხედა, მაგრამ ვეღარავინ დაინახა, რადგან ეს იყო მის გამოსაცდელად მოვლენილი ანგელოზი.


აბბა ამონის შესახებ

ერთი ძმა აბბა ამონს სთხოვდა, დამარიგე, როგორ მოვიქცეო. ბერმა უპასუხა: "ისეთი აზრები გქონდეს, როგორიც დამნაშავეებს აქვთ ციხეში. ისინი ყოველთვის სხვებს ეკითხებიან: მოსამართლე სად არის? როდის მოვა? – და ტირიან მის მოლოდინში. მონაზონიც ასე უნდა იყოს, გამუდმებით უნდა ამხელდეს თავის სულს და ამბობდეს: ვაი ჩემს თავს! ქრისტეს სამსჯავროზე როგორ წარვდგები, მის წინაშე თავს რითი ვიმართლებ? თუ მუდამ ასე იფიქრებ, შეძლებ გადარჩენას".

აბბა ამონი ამბობდა: თოთხმეტი წელი სენაკში გავატარე და უფალს ვევედრებოდი, მრისხანების დაძლევაში დამხმარებოდა.

ერთი მღვდელი ჰყვებოდა: სენაკებში (ასე უწოდებენ ეგვიპტეში ცნობილ ადგილს, იქ აშენებული უამრავი სენაკის გამო) ერთი, ჭილობში ჩაცმული, შრომისმოყვარე ბერი ცხოვრობდა. ერთხელ იგი აბბა ამონთან მივიდა. აბბამ დაინახა მისი ჭილობი და უთხრა, ეს შენ სარგებელს ვერ მოგიტანსო. ბერმა აბბა ამონს ჰკითხა: "სამი ზრახვა მაწუხებს: ერთი უდაბნოში ხეტიალისკენ მიბიძგებს; მეორე – უცხო ქვეყნებისკენ, სადაც არავინ მიცნობს; მესამე – სენაკში ჩაკეტვას, არავის ნახვასა და ორ დღეში ერთხელ ჭამას მკარნახობს". აბბა ამონმა უპასუხა: "არც ერთი მათგანი სარგებელს არ მოგიტანს. ჯობს, შენს სენაკში იჯექი და გულში მუდამ მეზვერის სიტყვები გქონდეს – მაშინ გადარჩები".

ერთხელ აბბა ამონი აბბა ანტონის სანახავად წავიდა და გზა აებნა. ჩამოჯდა და ჩაეძინა. როდესაც გამოეღვიძა, წამოდგა და ლოცვა დაიწყო: "გევედრები, უფალო, ღმერთო ჩემო, შენს ქმნილებას ნუ დაღუპავ! – და გამოეცხადა მას ცაში ადამიანის ხელი, რომელიც გზის მიმართულებას აჩვენებდა და არ მოსცილებია, სანამ აბბა ანტონის მღვიმემდე არ მიაცილა".

აბბა ანტონი აბბა ამონს უწინასწარმეტყველებდა: ღმრთის შიშში წარმატებას მიაღწევ! შემდეგ სენაკიდან გამოიხმო, ქვა დაანახა და უთხრა: ურტყი და ეჩხუბე ამ ქვასო. ამონმა ეს შეასრულა. აბბა ანტონმა ჰკითხა: "რაო, ქვამ არაფერი გითხრა?" "არაფერი", – უპასუხა ამონმა. "ასეთ ზომამდე მიხვალ შენც", – უთხრა მას აბბა ანტონმა. რაც შესრულდა კიდეც. აბბა ამონმა ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ მისთვის უცნობი იყო ბოროტება. როდესაც უკვე ეპისკოპოსი იყო, მასთან ერთი ფეხმძიმე გოგონა მიიყვანეს; უთხრეს, ვინც ჩაიდინა ეს საქმე და მათზე ეპიტიმიის დადება მოსთხოვეს. ამონმა ქალის მუცელს ჯვარი გადასახა, ბრძანა მისთვის ექვსი წყვილი ტილო მიეცათ და თქვა: "მშობიარობას არ გადაჰყვეს, ან ბავშვი არ დაეღუპოს, მზად ჰქონდეს დასამარხი ტილოები". ქალის ბრალმდებლებმა უთხრეს: ასე რატომ მოიქეცი? დაადე მათ ეპიტიმია. მან კი უპასუხა: "შეხედეთ, ძმებო, სიკვდილი უკვე ახლოსაა მასთან; მე რაღა ვუყო?" და გაუშვა ქალი. ბერი ვერასოდეს ბედავდა ვინმეს განსჯას.

აბბა ამონზე ამბობდნენ: ერთხელ მასთან ურთიერთმომჩივანი ადამიანები მივიდნენ. ბერმა თავი ისე მოაჩვენა, თითქოს არაფერი ესმოდა. მაშინ ერთმა ქალმა, რომელიც მასთან ახლოს იდგა, თქვა: "ეს ბერი სალოსობს". აბბამ გაიგონა მისი სიტყვები, მოიხმო ქალი და უთხრა: "რამდენი ჯაფა გამიწევია უდაბნოში ამ სალოსობის მისაღწევად და ახლა იგი შენს გამო უნდა დავკარგო!"

ერთხელ აბბა ამონი სადილად ერთ ადგილას მივიდა. იქ იყო ერთი ძმა, რომელზეც ცუდი ხმები დადიოდა. ჰყვებოდნენ, რომ მის სენაკში ქალი შევიდა. იქაურმა მაცხოვრებლებმა შეიტყვეს ამის შესახებ, განგაში ატეხეს და სენაკიდან მისი გაძევება გადაწყვიტეს. მაგრამ როდესაც შეიტყვეს, რომ ეპისკოპოსი ამონი იქვე იმყოფებოდა, მივიდნენ მასთან და სთხოვეს, წაჰყოლოდა მათ. როგორც კი ამის შესახებ ძმამ შეიტყო, ქალი დიდ სკივრში დამალა. აბბა ამონმა გადაწყვიტა, ღმრთის გულისათვის ძმის დანაშაული დაემალა. სენაკში შესვლისთანავე იგი კასრზე დაჯდა და სენაკის გაჩხრეკა ბრძანა. ხოლო როდესაც გაჩხრიკეს და ქალი ვერ იპოვეს, აბბა ამონმა თქვა: "ღმერთმა შეგინდოთ!" შემდეგ ილოცა და ყველას სენაკის დატოვება სთხოვა, ძმას კი ხელი მოჰკიდა და უთხრა: "შენს თავს დაუკვირდი, ძმაო!" – თქვა ეს და სენაკიდან გავიდა.

აბბა ამონს ჰკითხეს: ვიწრო და ძნელად სავალი გზა რომელია? მან უპასუხა: უფლის სიყვარულისთვის საკუთარი ზრახვების მოთოკვა და სურვილების უარყოფა არის ვიწრო და ძნელად სავალი გზა. სწორედ ამას ნიშნავს: "აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ" (მათ.19.27).

 

აბბა აპოლოსი, აბბა ათანასე, აბბა ბესარიონი, აბბა გელასი, აბბა გერონტი, აბბა დანიელი

აბბა აპოლოს დიდი თავის მორჩილებს ასწავლიდა, ეშმაკისგან შთაგონებული გულისსიტყვები (აზრები) დაუყოვნებლივ აღეკვეთათ, პირველი გამოჩენისთანავე. როდესაც გველის თავი განადგურდება, ამბობდა ის, მაშინ მთელი მისი სხეული კვდება. უფალმა გვიბრძანა: “შენ უმზირდე მისსა (გველის) ბრჭალსა” (დაბ. 3, 15). ეს ნიშნავს: ჩვენ დასაწყისშივე უნდა უარვყოთ, გონებიდან მოვიშოროთ ბოროტი და უსარგებლო აზრები, ბილწი ოცნებები.

აბბა აპოლოსი ამბობდა: თუკი შესაძლებელია, მონაზონი ყოველდღე უნდა ეზიარებოდეს. წმიდა ზიარებას მოშორებული, ღმერთს შორდება; ვინც ხშირად ეზიარება, მაცხოვარ ქრისტეს ხშირად იღებს საკუთარ თავში. თავად მაცხოვარმა თქვა: „რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა” (იოან. 6, 56). მონაზვნისთვის სასარგებლოა ჩვენი მხსნელი ქრისტეს ვნებების ყოველდღიური გახსენება და წმიდა ზიარების ღირსეულად მიღებისთვის მუდმივი მზადყოფნა...

აბბა ათანასემ თქვა: ზოგი ამბობს, ჩვენს დროში მოწამეობრივი ღვაწლი არ არსებობსო. არ არის მართალი. მოწამეობრივ ღვაწლს კაცი სინდისის ხელმძღვანელობით შეიძლება შეუდგეს. „მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა“ (კოლ. 3, 5), და საკუთარი ნებით იქნები მოწამე. მოწამეები მტარვალებს, მეფეებს და თავადებს ებრძოდნენ; შენც გყავს მტარვალი – შენი მტანჯველი ეშმაკი; გყავს თავადები – შენი მდევნელი დემონები. ოდესღაც ეშმაკსა და დემონებს საკერპოებს და სამსხვერპლოებს უგებდნენ, ყოველ კერპს საძაგელ კერპთმსახურებას აღუვლენდნენ. გულისხმაყავ, სულში ახლაც შეიძლება იყოს საკერპოც, სამსხვერპლოც და კერპიც. საკერპო გაუმაძღარი ავხორცობაა, სამსხვერპლო – ავხორცობის ჟინი; კერპი კი ავხორცობის სულია. ვინც სიძვის მსახურია და ავხორცობითაა გატაცებული, იესოს უარმყოფელი და კერპთაყვანისმცემელია, საკუთარ თავში ვენერას ბომონს დ საძაგელ ხორციელ ვნებას ატარებს. ასევე: ვისაც მრისხანება და გაშმაგება ამარცხებს, ვინც ამ მძვინვარე ვნებებს არ იშორებს, მან იესო უარყო, მისი ღმერთი მარსია. მრისხანებას დაუმორჩილო თავი – ეს შეპყრობილობის ნიშანია. ვიღაც ვერცხლისმოყვარეა: ძმას გულის კარს უკეტავს, მოყვასს არ სწყალობს – ამით იესოს უარყოფს, კერპებს ემსახურება, მისი კერპი აპოლონია, შემოქმედის ნაცვლად ქმნილებას ეთაყვანება. ყველა ცოდვის ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა. თუ თავი შეიკავე და მძვინვარე ვნებებს გაუმკლავდი, ესე იგი კერპები გათელე, ცრურწმენა უარყავი, გახდი მოწამე, წმიდა აღმსარებლობა აღიარე.

აბბა ბესარიონმა თავის თავზე გვიამბო: ოცდახუთი წლის ასაკში იერუსალიმში წმიდა ადგილების მოსალოცად გავემგზავრე, იქ წმიდა გერასიმე იორდანელი ვიხილე. ხოლო როდესაც ალექსანდრიაში დავბრუნდი, მისი გარდაცვალების შესახებ შევიტყვე, ისიც გავიგე, რომ მის საფლავზე ბრდღვინვით ლომი მომკვდარა. ამ ამბავმა ისე აღმაფრთოვანა, რომ მთელი ჩემი ქონება დავარიგე, მხოლოდ მიწის ერთი ნაკვეთი დავიტოვე, რომელიც ალექსანდრიის მახლობლად არსებული დედათა მონასტრისთვის მინდოდა გადამეცა. მაგრამ ჯერ მამა ისიდორე პელუსიელს გავანდე ჩემი გეგმები, ვუთხარი: აბბა, თუ ღვთის კურთხევა იქნება, მინდა მონაზვნად აღვიკვეცო, ამიტომაც მთელი ქონება დავარიგე, მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთი დავიტოვე, დედათა მონასტრისთვის გადასაცემად. ერთი სენატორი კი ამ ნაკვეთში სამოცდაათ ფუნტ ოქროს მთავაზობს; მივყიდო? ბერმა მიპასუხა: თუ ნაკვეთი სამოცდაათი ფუნტი ღირს, ორმოცდაათად მიეცი, ოქრო მონასტერს შესწირე – ასე ღვთისგანაც და ადამიანებისგანაც დიდ ჯილდოს მიიღებ. ხოლო თუ დედებს მიწას გადასცემ, მათ ჭორაობაში, უდებებასა და მცონარობაში ჩააგდებ; აშლილობამ შეიძლება გარყვნილებასაც მიაღწიოს; ერთი სიტყვით, დასაღუპავ უფსკრულში ჩააგდებ მათ. წმიდა ბერის დარიგებას ყური არ ვათხოვე, ჩემი ნებისამებრ მოვიქეცი, დედებს მამული გადავეცი და შეწირულობა ხელნაწერი დოკუმენტით საეკლესიო დასის, პატრიარქისა და იღუმენის თანდასწრებით დავამოწმე. შემდეგ მონაზვნად აღვიკვეცე და სკიტში დავსახლდი. 16 თვის შემდეგ მესიზმრა, რომ ღამე ბეთლემში ლოცვაზე ვიდექი, გაკაშკაშებულ ტაძარში იმყოფებოდნენ მამაკაცები, რომლებიც წმიდა საგალობელს გალობდნენ, და მეწამული სამოსით შემოსილი ენით აუწერელი მშვენიერების ქალბატონი. შიშმა შემიპყრო, წასვლა მოვინდომე, მაგრამ ერთ-ერთი მგალობელი მომიახლოვდა, მკაცრად შემომხედა და მრისხანე ხმით მითხრა: ევსტათე, მითხარი, რა პასუხს მოგვცემ დედათა მონასტრის შესახებ, რომელსაც მიწა გადაეცი და ამით უფალი განარისხე? თუ შენს მიერ გაფუჭებულ საქმეს არ გამოასწორებ, სიკვდილით დაგსჯი. მე ვუპასუხე: ბატონო! მე დედებს მამული, მონები და ხარები დასახმარებლად და არა უფლის განსარისხებლად გადავეცი. მაშინ ძოწეულით შემოსილმა ქალბატონმა თავისი წმიდა ბაგეები გახსნა და მითხრა: შვილო! ღმერთმა მიიღო შენი კეთილი ნება, მაგრამ ჩვენი სულების მოძულე ეშმაკმა ამ საქმეში მონაზონთა სულისა და სხეულის დაზიანების საბაბი იპოვა. მონაზვნებისთვის მამული სასარგებლო რომ ყოფილიყო, უფალი მათ ოქრო-ვერცხლის წვიმას არ მოაკლებდა, ქალაქებსა და სოფლებს დაუქვემდებარებდა. მაგრამ მათთვის, ვინც ზეციური სასუფევლისთვის წუთისოფელი უარყო, ეს სასარგებლო არ არის. ისინი ოფლით, შრომით, თავმდაბლობითა და მდუმარებით უნდა უახლოვდებოდნენ ღმერთს, და არა – ნაყროვანებით, მზვაობრობითა და სიმდიდრით. შემდეგ ხელი იმისკენ გაიწვდინა, ვინც პირველად დამელაპარაკა და მითხრა: ეს იოანე ნათლისმცემელია, მონაზონთა მოძღვარი და მასწავლებელი. მასთან ერთობაში ყოფნის მსურველებმა მის ცხოვრებასა და სათნოებებს უნდა მიბაძონ. ნათლისმცემელმა უთხრა: ღვთისმშობელო! მას შემდეგ, რაც ამ კაცმა მონასტერს მამული გადასცა, მონასტერი უვარგისი შეიქნა, გაქრა ღვთის შიში, სიფხიზლე, განსჯა, ლმობიერება, შრომა, მოკრძალება, მარხვა, მღვიძარება, გულის შემუსვრილება, გულისსიტყვების განხილვა, სიწმიდე, სიმშვიდე. მაშინ წმიდა ღვთისმშობელმა მითხრა: შვილო ჩემო, წადი, მონასტერი გამოასწორე! ამ საქმეში მე დაგეხმარები. შემდეგ იოანე ნათლისმცემელს მიმართა: მის გულზე ჯვარი გამოსახე, რათა გონების თვალით დაინახოს თავისი მტრები და ეს ჩვენება უბრალო ოცნებად არ მიიღოს. ნათლისმცემელმა მარჯვენა ხელი ასწია და ჩემს გულზე ჯვარი გამოსახა. გაღვიძებისთანავე ხელში ჯოხი დავიკავე, მამა ისიდორესთან წავედი და ჩემი ხილვის შესახებ ვუამბე. განა არ გეუბნებოდი, რომ მამული, რომელზეც მეურნეობაა მოწყობილი, საზიანოა მონაზვნებისთვის, განსაკუთრებით კი მონაზონი ქალებისთვის? თუკი მეურნეობის გამო მამაკაცები ხშირად ივლიან მათთან, ეშმაკი ამით ისარგებლებს და ორივე მხარეს დააზიანებს. მონაზვნები, განსაკუთრებით მონაზონი ქალები, არ უნდა მიემსჭვალონ მიწიერ საზრუნავს. ბერთან ერთად მონასტრისკენ გავეშურე. ტაძარში შესვლისა და ლოცვის შემდეგ უპირატესი მონაზვნები მოვიწვიეთ და ვუთხარით: გავიგეთ, რომ მიწა, რომელიც მე თქვენ მოგეცით, მეფის დაახლოებულ პირს სურს საპატრიარქოს გადასცეს. ამიტომ, მოვედით გასაფრთხილებლად, რომ თქვენ მოიფიქროთ, როგორ მოიქცეთ შექმნილ ვითარებაში. მონაზვნებმა გვიპასუხეს: როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ, ისე მოვიქცევით. ამაზე ვუპასუხე: არ მაქვს იმის საშუალება, რომ მეფის დაახლოებულ ადამიანთან სასამართლო დავა გავმართო, მაგრამ თუ გნებავთ, მის ჩამოსვლამდე მიწას სენატორს მივყიდი, რომელსაც სურს მისი შესყიდვა; აღებულ ფულს თქვენ მოგცემთ, ხოლო მეფის რწმუნებულთან თავად სენატორმა გაარკვიოს საქმე. მონაზვნებმა მიპასუხეს: თქვენი რჩევა საფუძვლიანია. მაშინვე წავედით და სენატორს მიწა სამოც ფუნტ ოქროდ მივყიდეთ, მონებს თავისუფლება მივანიჭე, ხოლო ოქრო მონაზვნებს გადავეცი. როდესაც მათგან გამოვედით, აბბა ისიდორეს ვუთხარი: მამაო, ჩემი ურჩობის გამო კინაღამ დავიღუპე. მართალს ამბობენ, რომ ქალებს მოწყალება არ უნდა მისცე. მამა ისიდორემ მითხრა: შვილო, ამას ნუ იტყვი! ასე ფიქრი ცოდვაა. ნამდვილად გეუბნები, თუ ვინმეს მონაზონი დედების დახმარება სურს, დაეხმაროს. მათი დამხმარე ბრმების, კოჭლებისა და კეთროვანების დამხმარეზე მეტად დაჯილდოვდება. მონაზონი ქალები უძლურები არიან, მათ უფლის სიყვარულისთვის წუთისოფელზე უარი თქვეს. მათ ჩვენს მსგავსად ხელსაქმის გასაყიდად ან მოწყალების სათხოვნელად გამოსვლა არ შეუძლიათ. ისინი გამოსვლას უფრთხიან, რათა თავი არ დაიღუპონ და სხვებიც არ დაღუპონ. თუ ისინი მონასტრის ღობეს გაცდებიან, ან თავს დაიზიანებენ ან მოყვასს ავნებენ, ერთ-ერთი აუცილებლად მოხდება. როდესაც უდაბნოს ფურირემი სოფლის მინდორში გამოჩნდება, ყველა მირბის მის სანახავად; ასევე, როდესაც მონაზონი ქალი მონასტრიდან გამოდის, განსაკუთრებით, თუ ის ახალგაზრდაა, ეშმაკი დიდსა თუ პატარას მისკენ აგზავნის. ამას არ ვამბობ ღვთის შიშით დაცულ მხცოვან მმარხველებზე, მათ ვნება არ მიადგებათ და არც თვითონ ავნებენ სხვას. ახალგაზრდებს კი მრავალი განსაცდელი ატყდებათ თავს. როგორც ისრით განგმირული ფურირემი, თუნდაც გაექცეს მონადირეს, მომაკვდინებელი ისრით მაინც დაიღუპება, – სულიც ასევე, თუკი ბიწიანი შეხედვით სიძვის ვნებისგან გულისთქმით მოიწყვლება, – სასიკვდილოდ დაჭრილი, თუნდაც გაექცეს დამაწყლულებელს, ვეღარ გადარჩება, მოკვდება. როდესაც ერისკაცები მშვენიერ მონაზონ დედებს ხედავენ, დაჟინებით უმზერენ მათ და ზიანდებიან; მონაზონი დედების სულებიც ხშირად გაუფრთხილებელი მზერით, თუნდაც საქმით არ შესცოდონ, უკურნებელი სენით ავადდებიან. ამიტომაც, ვინც მათთვის მოწყალებას გაიღებს, ბრმებისა და კეთროვანების ქველმოქმედზე ასჯერ მეტ ჯილდოს მიიღებს, იმიტომ, რომ მონაზვნებმა ღვთის სიყვარულისთვის უარყვეს ამქვეყნიური სიამაყე, შეიძულეს სოფლის ჭორაობა და შფოთი; ქვეყნიურ სიამეებს ქრისტეს მცნებები არჩიეს, თავმდაბლური ცხოვრება შეიყვარეს, დათმეს უსამართლო სიმდიდრე, მომხვეჭელობა, მამულები, ამასოფლის ამაოება, შეეუღლნენ ქრისტეს სიყვარულს, შეურაცხყვეს ოქრო-ვერცხლი, არ მოისურვეს მონებისა და მსახურების ყოლა; პირიქით, ქრისტეს სიყვარულისთვის თავად გახდნენ სხვების მსახურნი. ამიტომაც ვინც მონაზონი დედებისთვის მოწყალებას გაიღებს, უფლისგან დიდ ჯილდოსა და გვირგვინს დაიმსახურებს. ასეთმა ადამიანმა თავი ღვთის შიშით უნდა დაიცვას, რადგან ღვთის შიში სულს მოკრძალებისა და კეთილმოშიშების წესების დარღვევის უფლებას არ აძლევს. ხოლო ის, ვინც მამათა თუ დედათა მონასტერს დასახლებულ მამულებს აძლევს, მონაზვნებს კვლავ ამასოფლის მახეებში აბრუნებს. ვისაც მონაზვნის დახმარება სურს, მისცეს მას პური, ბურღული, ფული, შალი ან სელი. ასეთი მოწყალება მონაზონს საშუალებას აძლევს უშფოთველად მდუმარებდეს თავის სენაკში; ასეთი მოწყალება სრულყოფილია და ის უფლისთვის სათნოა. ეს მითხრა ბერმა და თავისთან დაბრუნდა; მე მას ქედი მოვუხარე და სკიტში გავემართე.

ჰყვებოდნენ ძმები აბბა გელასის შესახებ: მას თვრამეტ ოქროდ შეფასებული, პერგამენტის ყდიანი წიგნი ჰქონდა, რომელშიც მთელი ძველი და ახალი აღთქმა იყო ჩაწერილი. წიგნი ეკლესიაში იდო, რომ მისი წაკითხვა შესაძლებელი ყოფილიყო მთელი საძმოსთვის. ბერის სანახავად ერთი უცნაური ძმა მოვიდა, წიგნი დაინახა, ცდუნდა და მოიპარა. ბერმა გაიგო ამის შესახებ, მაგრამ წიგნის დასაბრუნებლად ქურდს არ დაედევნა. ძმამ წიგნი ქალაქში წაიღო და მყიდველის ძებნა დაიწყო. ბოლოს იპოვა მსურველი და წიგნი თექვსმეტ ოქროდ შესთავაზა. მყიდველმა უთხრა: მომეცი წიგნი, ჯერ ვინმე მცოდნეს ვაჩვენებ, თუ დავრწმუნდები, რომ მართლაც ამდენი ღირს, ვიყიდი. ძმა დაეთანხმა. მყიდველმა წიგნი შესაფასებლად მამა გელასის მიუტანა, ისიც უთხრა რამდენად იყიდებოდა. ბერმა მიუგო: იყიდე, კარგი წიგნია და ფასიც შესაფერისია. მყიდველი გამყიდველთან დაბრუნდა, მაგრამ ბერის სიტყვები შეცვლილად გადასცა. ასე თქვა: წიგნი მამა გელასის ვაჩვენე, მან მითხრა, რომ წიგნი ძვირფასია, მაგრამ შენს მიერ დადებული ფასი არ ღირს. ამ სიტყვების გამგონე ძმამ ჰკითხა: ბერს მეტი არაფერი უთქვამს? არაფერი, უპასუხა მყიდველმა. გამყიდველს გული მოულბა, წიგნის გაყიდვაზე უარი თქვა, ბერთან დაბრუნდა, თავისი საქციელი მოინანია, წიგნი დაუბრუნა და პატიება სთხოვა. ბერს წიგნის აღება არ სურდა. მაშინ დამნაშავემ უთხრა: თუ წიგნს არ დაიბრუნებ, სინდისი მთელი ცხოვრება არ მომასვენებს. ამაზე ბერმა უპასუხა: თუ სხვანაირად ვერ დამშვიდდები, მაშინ ავიღებ ამ წიგნს. ბერის მოთმინებით ჭკუანასწავლი ძმა სიცოცხლის ბოლომდე მასთან დარჩა.

აბბა გერონტი პეტრელმა თქვა: ბევრი, ავხორცობით განცდილი, ხორციელად არ სცოდავს, მაგრამ გონებით მრუშობს; ხორცის ქალწულებას ინარჩუნებენ, სულის ქალწულებას კი ხრწნიან. ჩემო საყვარელნო, აუცილებლად უნდა მოიკვეთოთ სიძვის გულისსიტყვებითა და ოცნებებით ტკბობა, მათთან ურთიერთობა და ყურადღების მიქცევა; წმიდა წერილი გვასწავლის: „ყოვლითა დაცვითა დაიცევ გული შენი, რამეთუ ამათგან გამოსავალნი ცხორებისანი“ (იგავ. 4, 23).

აბბა დანიელმა გვითხრა: ბაბილონში ერთი წარმართი კაცის ქალიშვილი ეშმაკის მიერ იყო შეპყრობილი. კაცი ერთ ბერს იცნობდა, რომელიც ეუბნებოდა: შენს ქალიშვილს, ჩემთვის ცნობილი განდეგილების გარდა, ვერავინ განკურნავს, მაგრამ რომ სთხოვო, სიმდაბლის გამო არ მოისურვებენ ამის გაკეთებას. აი, როგორ მოვიქცეთ: როდესაც ისინი ხელნაკეთს სავაჭროდ გამოიტანენ, მყიდველებად წარვუდგეთ და ნაყიდი ნივთებისთვის ფულის მისაცემად სახლში მივიწვიოთ. როდესაც მოვლენ, ვთხოვოთ ლოცვა აღავლინონ; მჯერა, შენი შვილი ასე განიკურნება. მართლაც ბაზარში წავიდნენ, იქ ერთ-ერთი ბერის მოწაფე კალათებს ყიდდა. მათ ფულის მისაცემად ბერი შინ მიიწვიეს. როდესაც იგი სახლში შევიდა, შეპყრობილი გამოვარდა და სახეში გაარტყა, მან კი, მცნების მიხედვით, მეორე ლოყა მიუშვირა. დემონი შეწუხდა და აყვირდა: ვაიმე, ქრისტეს მცნება მდევნის! ქალიშვილი მაშინვე განიკურნა. მომხდარის შესახებ ბერებს უამბეს. მათ ადიდეს ღმერთი და თქვეს: ეშმაკის ამპარტავნება ვერ უძლებს ქრისტეს მცნების სიმდაბლეს.

 

აბბა ესაია, აბბა იოანე მოკლე, აბბა მაკარი დიდი, აბბა მატოი, აბბა ორე, აბბა პიმენი, აბბა სისო, დედა თეოდორა

კითხვაზე: რა არის თავმდაბლობა, აბბა ესაია პასუხობდა: თავმდაბლობა ნიშნავს, ადამიანი უფლის წინაშე თავს ცოდვილად მიიჩნევდეს, თვლიდეს, რომ უფლისთვის სათნო კეთილი საქმეები არ გაუკეთებია. თავმდაბლობის გამომუშავება და გამომჟღავნება კი შემდეგი ქმედებებით ხდება: როდესაც კაცი მდუმარებას ინარჩუნებს, ნებისმიერ შემთხვევაში თავს არაფრად რაცხს, კამათისგან თავს იკავებს, მორჩილია, მზერა მიწისკენ აქვს მიმართული, მუდმივად იხსენებს სიკვდილს, თავს იცავს ტყუილისგან, განეშორება ამაო, ცოდვილ საუბრებს, უფროსებს არ ეწინააღმდეგება, საკუთარ აზრს ან სიტყვას არ დაიჟინებს, გაკიცხვას ითმენს, სძულს უსაქმურობა და განცხრომა, თავს აიძულებს ხორციელი მოღვაწეობისთვის, არავის შეურაცხყოფს.

ვისაც გულში წყენა და შურისძიების სურვილი აქვს, მისი ლოცვა და ღვაწლი ამაოა.

აბბა ესაიას ჭკუის დარიგება ვთხოვე, მან მიპასუხა: თუ გსურს ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს გაჰყვე, მისი მცნებები დაიცავი; თუ გსურს მასთან ერთად ჯვარს აცვა შენი ძველი კაცი, განიშორე ყველა, ვისაც ჯვრიდან ჩამოჰყავხარ, გული შეურაცხყოფის მშვიდად მიღებისთვის გაამზადე, შენი შეურაცხმყოფელი გიყვარდეს, ყველასთან თავი დაიმდაბლე, შენი სურვილები მოთოკე, ენა დაადუმე, გულში ნურავის განიკითხავ.

აბბა ესაია ამბობდა: მტრები ასე სასტიკად იმიტომ გვთრგუნავენ, რომ ჩვენი საკუთარი სისუსტეები და ცოდვები ზედმიწევნით ზუსტად ვერ შეგვიცნია, სულიერი ტირილი ვერ მოგვიხვეჭია. რომ შეგვეძლოს ჩვენი ცოდვების ისეთი სახით დანახვა, როგორიც ისინი სინამდვილეშია, – ისეთი სირცხვილი შეგვიპყრობდა, რომ ჩვენს ძმებს თვალებში ვერ შევხედავდით, თავს ყველაზე უარესებად ჩავთვლიდით, მეძავებზეც კი! რადგან მათ ღმერთი არ იციან და ისე სცოდავენ, ჩვენ კი ღმერთს ვიცნობთ და მეძავების მსგავსად გულში ცოდვას ვემსახურებით.

აბბა ესაია ამბობდა: სიძვის ბრძოლა ხუთი მიზეზით ძლიერდება: 1) უქმისმეტყველებით, 2) მზვაობრობით, 3) ბევრი ძილით, 4) ლამაზი სამოსის სიყვარულით, 5) ნაყროვანებით. ვისაც სიძვის შემოტევებისგან თავის დაცვა სურს, ზემოთ მოყვანილ ხუთ მიზეზს მოერიდოს: ამაო მეტყველება ლოცვით ჩაანაცვლოს; მზვაობრობა – ქრისტესმიერი სიმდაბლით; ზედმეტი ძილი – მღვიძარებით; ლამაზი სამოსი – ძონძებით; ნაყროვანება – კვებაში თავშეკავებით. ვნებები, ჯაჭვის რგოლების მსგავსად, ერთიმეორეზეა მიბმული.

თუ მწვალებლური წიგნი ხელთ ჩაგივარდება, ნუ წაიკითხავ, რათა გული მომაკვდინებელი შხამით არ აგევსოს. წმიდა ეკლესიის სწავლებას მიჰყევი, ნურაფერს მოაკლებ და ნურაფერს მიუმატებ...

როდესაც ღმერთი ხედავს, რომ ადამიანის გონება მთლიანად მასზეა მინდობილი და შეწევნას სხვაგან არსად ეძებს, – მაშინ აძლიერებს მას და ეუბნება: ნუ გეშინინ, რამეთუ გამოგიხსენ შენ, გიწოდე სახელი შენი, ჩემი ხარ შენ. და უკეთუ განხვიდე შორის წყლისა, შენ თანა ვარ და მდინარენი არ წარგღუნიან შენ. და უკეთუ განხვიდე შორის ცეცხლისა, არა დაიწუე, ალმან არ შეგწუას შენ, რამეთუ მე, უფალი ღმერთი შენი, წმიდაჲ ისრაილისა, მაცხოვნებელი შენი (ეს. 43, 1-3).

საყვარელნო! სულის ცხონებისთვის სათანადოდ ვიზრუნოთ: თითოეულ ჩვენგანს ამქვეყნად ყოფნის ცოტა დრო დაგვრჩენია. ადამიანი სულზე შესაფერისად ვერ იზრუნებს, თუ სხეულზე გადამეტებულად ზრუნავს. როდესაც სხეულს განეშორები, მაშინ ინანებ იმ ზრუნვის გამო, რასაც არავითარი სარგებელი არ მოაქვს.

იმის შეგრძნება მოიპოვე, რომ შენს ყოველ საქმეს ღმერთი ხედავს. დაუშვებელია, ჩუმად გულში ისეთ საქმეებზე იფიქრო, რომელთა გაკეთებაც ხალხის წინაშე გრცხვენია.

როდესაც სული სხეულს დატოვებს, ვნებები, რომლებიც მან ამქვეყნიური ცხოვრებისას შეითვისა, დემონებს მისი დაპყრობის მიზეზს აძლევენ; ხოლო სათნოებები, თუკი შეუძენია, დემონებისგან იცავენ.

აზრები მუდამ ღმერთისკენ გქონდეს მიმართული, და ის დაგიცავს. წარმავალ წუთისოფელზე იმედს ნუ დაამყარებ, თორემ დაგღუპავს: ამქვეყნიდან წასვლისას, მთელს შენს ქონებას დატოვებ, უფლისთვის გაკეთებული საქმე კი თან წაგყვება და გასაჭირში დაგეხმარება.

ზედმეტი ძილი სხეულში ვნებებს აღვიძებს; ზომიერი მღვიძარება გულს ვნებებისგან იცავს. ზედმეტი ძილისგან გული უხეშდება, ზომიერი მღვიძარება კი მას სინატიფეს ანიჭებს.

ადამიანური დიდება ნელ-ნელა ამპარტავნებას ბადებს.

ღვთის სამსჯავროზე მუდმივი ფიქრი ღვთის შიშს ბადებს; ვინც სინდისს თრგუნავს, სათნოებებს კარგავს.

გონივრული მდუმარება აზრებს ღვთისაკენ მიმართავს; მრავალსიტყვაობა მოწყინებისა და გაღიზიანების მიზეზი ხდება.

სათნოებათა გვირგვინი სიყვარულია; ვნებათა გვირგვინი – საკუთარი ცოდვების გამართლება.

მოყვასის არ განკითხვა სიყვარულს ამოწმებს.

ღვთისმოყვარე გულისთვის უცხოა შურისძიება.

გულმოწყალება წყენისა და შეურაცხყოფის პატიებით მჟღავნდება.

თუ ვინმე ქება-დიდებას გასხამს, შენ კი ამას სიამოვნებით იღებ, მაშ ღვთის შიში არ გქონია.

თუ უსამართლოდ რაიმეს დაგაბრალებენ და აღშფოთდები, არ გქონია ღვთის შიში.

თუ ძმებთან საუბრისას ცდილობ, შენი სიტყვა გავიდეს, ღვთის შიში არ გქონია.

ძმაო! ყოველდღიურად განიხილე საკუთარი თავი და შენს გულში ჩასახლებულ უხილავ მოღვაწეთა გამოსააშკარავებლად ღმერთს გული გადაუშალე. ნახე, ხომ არ ბუდობს იქ შენი ძმის მიმართ აღშფოთება, სიძულვილი, შური, აბუჩად აგდება, ხომ არ ამცირებ ან განიკითხავ მას სხვადასხვა ნაკლის გამო? თუ შენს გულში ასეთ შხამს აღმოაჩენ, იცოდე, რომ ის, ასე დასნებოვნებული, ვერ შეძლებს სათნო-ეყოს ღმერთს.

აბბა იოანე მოკლეს სენაკთან ახლომდებარე სასაფლაოს მძვინვარე აფთარი შემოეჩვია, ადამიანსაც და საქონელსაც თავს ესხმოდა. მოძღვარმა უთხრა იოანეს: სასაფლაოზე აფთრის სკორე შევნიშნე, წადი და აქ მომიტანე. იოანემ მიუგო: აფთარი თავს რომ დამესხას, როგორ მოვიქცე? მოძღვარს გაეღიმა და უთხრა: შეკარი და მოიყვანე. საღამოს იოანე სასაფლაოზე წავიდა; აფთარი თავს დაესხა. მოძღვრის ბრძანებისამებრ, იოანე მის დაჭერას შეეცადა, მაგრამ მხეცი გაიქცა; იოანე დაედევნა და დაუძახა: გაჩერდი! მოძღვარმა შენი შეკვრა მიბრძანა. აფთარი გაჩერდა და იოანემ შეკრა იგი. ამასობაში ბერი მოწაფეს ელოდა. დაინახა, შეკრული აფთარი მოჰყავდა, გაუკვირდა, მაგრამ იმისთვის, რომ მოწაფე არ გაამაყებულიყო, კვერთხი აიღო, იოანეს რამდენჯერმე დაჰკრა და უთხრა: სულელო, ძაღლი მოიყვანე? ბერმა აფთარს საკვრელი შეხსნა და გაუშვა.

აბბა იოანე ამბობდა: თუ მეფე მტრის ქალაქის აღებას მოისურვებს, პირველ რიგში ქალაქს ალყას შემოარტყამს და საკვებ მარაგს შიგ არ შეუშვებს. შიმშილით შეწუხებული მოსახლეობა ადვილად ნებდება. ასევეა ხორციელი გულისთქმები: თუ ადამიანი მარხვასა და შიმშილშია, – მის სულში გულისთქმები უძლურდება.

აბბა იოანემ თქვა: ერთი სულიერი ბერი დაყუდებით ცხოვრობდა და სახელგანთქმული იყო ქალაქსა და მის შემოგარენში. მას ამგვარი უწყება ჰქონდა: ერთ-ერთ წმინდანს სიკვდილი უახლოვდება, წადი, მასთან გამოთხოვება მოასწარი! ბერმა საკუთარ თავს უთხრა: დღისით თუ წავალ, ხალხი პატივისცემით შემომეხვევა – უმჯობესია საღამოს წავიდე; დაბინდებისას, იმ იმედით, რომ ვერ შეამჩნევდნენ, ის სენაკიდან გამოვიდა – და აი, ღვთისგან გამოგზავნილი ორი ანგელოზი გამოცხადდა ელვარე ლამპრებით ხელში, მისთვის გზის გასანათებლად. ამ სანახაობაზე მთელი ქალაქი შეიკრიბა. რამდენადაც დიდების თავიდან აცილება სურდა, იმდენად განდიდდა! აღსრულდა მასზე წმიდა წერილის სიტყვები: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს“ (ლუკ. 14, 11).

ერთხელ აბბა იოანე სკიტში იჯდა, ძმები გარს ეხვეოდნენ და კითხვებს უსვამდენენ. ერთმა ბერმა ეს დაინახა, შეშურდა და უთხრა: იოანე, შენ იმ მეძავს ჰგავხარ, რომელიც საყვარლების გასამრავლებლად თავს იმკობს. იოანე მოეხვია მას და უთხრა: მართალს ბრძანებ, მამაო!

აბბა იოანემ კითხვა დასვა: იოსები ვინ გაყიდა? ერთმა მონაზონმა უპასუხა: მისმა ძმებმა. ბერი შეეპასუხა: ძმებმა კი არა, თავმდაბლობამ. შეეძლო გამოეცხადებინა, რომ მათი ძმა იყო და გაყიდვისთვის ხელი შეეშალა. მაგრამ გაჩუმდა, და თავმდაბლობამ გაყიდა; მოგვიანებით მანვე ეგვიპტის მფლობელად აქცია.

აბბა იოანე ჰყვებოდა: ეგვიპტეში ერთი ულამაზესი და ძალიან მდიდარი მეძავი ცხოვრობდა; მას ცნობილი ადამიანები სტუმრობდნენ. ერთხელ ქალი ეკლესიასთან მივიდა, შიგ შესვლა სურდა, მაგრამ დიაკვანმა არ შეუშვა, უთხრა: უწმინდურობაში მყოფი, უფლის სახლში შესვლის ღირსი არ ხარ. მეძავი შესვლას დაჟინებით ითხოვდა, დიაკვანი არ უშვებდა. დაიწყეს კამათი. ეპისკოპოსს ხმაური მოესმა და გამოვიდა. მეძავმა უთხრა: დიაკვანი ტაძარში არ მიშვებს. ეპისკოპოსმა უპასუხა: შენი შემოსვლა არ შეიძლება, რადგან უწმინდური ხარ. განცვიფრებულმა მეძავმა წამოიძახა: ამიერიდან აღარ ვიმრუშებ. ამაზე ეპისკოპოსმა მიუგო: თუ შენს ქონებას აქ მოიტან, დაგიჯერებ. ქალმა ქონება ეპისკოპოსთან მიიტანა, მან კი ყველაფერი ცეცხლში ჩააგდო. ამის შემდეგ ატირებული მეძავი ტაძარში შევიდა და თქვა: აქ რომ ასე მომექცნენ, იქ რაღა იქნებოდა? – შეინანა და რჩეულ ჭურჭლად იქცა.

აბბა მაკარი დიდმა თქვა: სრულყოფილებას იმით მივაღწევთ, თუ საკუთარი თავის გარდა, სულ მცირედაც არავის განვიკითხავთ, და თუკი წყენას (შეურაცხყოფას) მოვითმენთ.

ერთხელ აბბა მაკარი მოწაფესთან ერთად ნიტრიის მთისკენ მიდიოდა. მან მოწაფეს წინ სიარული უბრძანა. დაწინაურებული მოწაფე წარმართ ქურუმს შეხვდა, რომელსაც ხელში ხის დიდი მორი ეჭირა და სადღაც მიიჩქაროდა. მოწაფემ შესძახა: დემონო, საით მირბიხარ? გაბრაზებულმა ქურუმმა სასტიკად სცემა იგი და გზა განაგრძო. ცოტა ხანში ის წმინდა მაკარის შეხვდა, რომელიც ასე მიესალმა: გამარჯობა, შრომისმოყვარე ადამიანო, გამარჯობა! ქურუმს გაუკვირდა და უთხრა: რა სიკეთე ნახე ჩემში, რომ მესალმები? ბერმა უპასუხა: მოგესალმე, რადგან დავინახე, რომ მშრომელი ხარ და ზრუნვით სადღაც მიიჩქარი. ქურუმმა მიუგო: შენმა სალამმა გული მომილბო, მივხვდი, რომ ღვთის დიდი მსახური ხარ; ამის საპირისპიროდ ვიღაც უცნობმა უბადრუკმა მონაზონმა, რომელიც ცოტა ხნის წინ შემხვდა, გამომლანძღა, რისთვისაც ვცემე. ამ სიტყვებით ის მაკარის ფეხებში ჩაუვარდა, მოეხვია და უთხრა: არ გაგიშვებ, სანამ მონაზვნად არ აღმკვეც. ერთად წავიდნენ. მივიდნენ იქ, სადაც ნაცემი მონაზონი ეგდო; რადგან სიარული არ შეეძლო, ხელში აიყვანეს და ეკლესიაში მივიდნენ. წმიდა მაკარის გვერდით წარმართი ქურუმის დანახვამ (ნიტრიის) მთის მამები ძალიან გააკვირვა. ქურუმმა ქრისტიანობა მიიღო და შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა; მისი მაგალითით ბევრი კერპთაყვანისმცემელი გაქრისტიანდა. ამ ამბავთან დაკავშირებით აბბა მაკარიმ თქვა: ამაყი და ბოროტი სიტყვა კეთილ ადამიანებსაც კი ბოროტებისკენ მიმართავს, ხოლო თავმდაბლური და კეთილი სიტყვა ბოროტ ადამიანებსაც სიკეთისკენ მოაქცევს.

აბბა მატომ თქვა: თავიდან ძნელს და მალევე მიტოვებულ კანონს, ადვილი, მაგრამ სისტემატურად შესრულებული კანონი მირჩევნია.

მანვე თქვა: ადამიანი რაც მეტად უახლოვდება ღმერთს, თავს მით უფრო ცოდვილად ხედავს.

ის ამბობდა: როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მეგონა, რომ შესაძლოა რაღაც სიკეთეს ვაკეთებდი; ახლა, როცა დავბერდი, ვხედავ, რომ ერთი კეთილი საქმეც არ მაქვს.

აბბა ორე ამბობდა: რა მწუხარებაც არ უნდა გეწვიოს, ნურავის გაამტყუნებ მასში, საკუთარი თავის გარდა. ასე თქვი: ეს ჩემი ცოდვების გამო დამემართა.

აბბა პიმენმა თქვა: ჩვენ და ძმები ორი სურათივით ვართ. როდესაც ადამიანი საკუთარ თავს განიხილავს, განიკითხავს და ადანაშაულებს, მაშინ მის თვალში ძმის ღირსება მაღლდება; ხოლო როდესაც საკუთარ ღირსებებს აღიარებს, მაშინ ძმა ნაკლულევანად ეჩვენება.

აბბა პიმენმა თქვა: თუ ადამიანს წმიდა წერილში ნათქვამი ემახსოვრება: „სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო“ (მათ. 12, 37), მიხვდება, რომ ლაპარაკს დუმილი სჯობს.

აბბა პიმენმა თქვა: როდესაც ფუტკრებს კვამლით სკიდან აგდებენ, მაშინ მათი შრომის ტკბილ ნაყოფს იღებენ. ასევე ხორცის განსვენება სულიდან ღვთის შიშს დევნის და მის ყველა სათნო საქმეს ღუპავს.

აბბა პიმენმა თქვა: თანასწორია ეს სამი საქმე: როდესაც ვინმე სწორად იმყოფება დაყუდებაში (მდუმარებაში); როდესაც კაცი ავადმყოფობს და ამისთვის ღმერთს ჰმადლობს; როდესაც ვინმე გულწრფელ მორჩილებაშია. სამივეს ერთნაირი ღვაწლი აქვს.

აბბა პიმენი ამბობდა: ხორცის ნებისმიერი მაამებლობა (განცხრომა, სიამოვნება) საძაგელია უფლის წინაშე.

ერთი ერისკაცი ვაჟიშვილთან ერთად აბბა სისოსთან მიდიოდა, აბბა ანტონის მთაზე. გზაში შვილი გარდაიცვალა. მამა არ შეძრწუნდა, შვილის სხეული რწმენით აბბასთან მიიტანა, შვილთან ერთად ფეხებში ჩაუვარდა და კურთხევა სთხოვა. შემდეგ ფეხზე წამოდგა, შვილი აბბას ფეხებთან დატოვა, თვითონ კი გარეთ გავიდა.

ბერს ეგონა, რომ ყმაწვილი თაყვანისცემას განაგრძობდა, არ იცოდა, მკვდარი რომ იყო, და უთხრა: ადექი და გადი აქედან. ყმაწვილი მაშინვე ადგა და გავიდა. მამამ დაინახა შვილი, გაუკვირდა, სენაკში შევიდა, მეტანია აღასრულა და ბერს მომხდარის შესახებ უამბო. ამ ამბავმა ბერი დაამწუხრა, რადგან სასწაულების მოხდენა არ სურდა; მისმა მოწაფემ კი გაცოცხლებული შვილის მამას, ბერის სიკვდილამდე, ამ სასწაულის შესახებ საუბარი აუკრძალა.

დედა თეოდორამ გვიამბო: ერთმა, მრავალი მწუხარებით შეურვებულმა მონაზონმა თქვა: აქედან წავალ. ამ სიტყვებისთანავე ფეხსაცმელების ჩაცმას შეუდგა. უცებ სენაკის კუთხეში ადამიანი დაინახა, რომელიც ასევე ფეხზე იცვამდა და რომელმაც უთხრა: აქედან ჩემს გამო ხომ არ მიდიხარ? სადაც არ უნდა მიხვიდე, ყველგან მე დაგხვდები.

სწავლებები გამოკრებილია წმ. ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვის „ოტეჩნიკი“-დან

თარგმნა ნინო ახალაძემ