პატერიკი - განკითხვა

არ განიკითხოთ - და არ განიკითხებით

* * *

ეგვიპტეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ადრე წმიდა მამები მოღვაწეობდნენ, ცხოვრობდა ერთი ძმა, რომელიც ცოდვაში ჩავარდა და სენაკში ქალი მიიყვანა. ამ ამბის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიტყო და გადაწყვიტა ცოდვილი ძმის გაძევება. ღვთის განგებით, იქ აღმოჩნდა ეპისკოპოსი აბბა ამონი, რომელსაც სთხოვეს, მათთან ერთად წასულიყო ძმის გასაძევებლად. აბბა ამონი დათანხმდა.

როდესაც ძმამ დაინახა მასთან მიმავალი ხალხი, ქალი ქვევრში დამალა. ეპისკოპოსი სენაკში მისვლისთანავე მიხვდა ამას, მივიდა, დაჯდა ამ ქვევრზე და განკარგულება გასცა, ქალის ძებნა დაეწყოთ. გულმოდგინე ძებნის შემდეგ აბბა ამონს მოახსენეს, რომ ქალი არსად იყო. მაშინ აბბამ მათ უსაყვედურა:

- ხედავთ, რა ჩაიდინეთ? უდანაშაულო ძმა განიკითხეთ. დაბრუნდით სოფელში და აღარ განიკითხოთ სხვები!

მას შემდეგ, რაც სოფლელები წავიდნენ, აბბა ადგა და ძმას მოკრძალებით უსაყვედურა:

- ძმაო, იზრუნე შენი სულის გადარჩენაზე!

ასე იქცევიან სულიწმიდის მადლით მოსილები.

 

* * *

ერთი ბერი არ გამოირჩეოდა არც მარხვით, არც ლოცვით და არც რომელიმე სხვა სათნოებით, არამედ სრულიად უდები ცხოვრებით ცხოვრობდა. დადგა ამ სოფლიდან მისი გასვლის დრო. მონასტრის ძმები გაკვირდნენ, როდესაც იხილეს, რომ ეს უდარდელი ბერი არათუ განიცდიდა აღსასრულის მოახლოებას, არამედ მშვიდად ეგებებოდა მარადიულ ცხოვრებას და ადიდებდა ღმერთს.

- რატომ ხარ ასეთი გულმხიარული, შენ ხომ უფლის საშინელ სამსჯავროზე უნდა წარსდგე? - ეკითხებოდნენ ისინი. - ჩვენ ვიცით შენი ცხოვრება და არ გვესმის შენი ასეთი გულგრილობა. განმტკიცდი ქრისტეს მადლით და ჩვენც გვიამბე, რათა ვადიდოთ უფალი და მისი კაცთმოყვარება.

მაშინ მომაკვდავმა თავი წამოსწია სარეცელიდან და უთხრა მათ:

- ძმანო და მამანო, მართალია, მე უზრუნველად ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა, როცა მთელი ჩემი ცხოვრება უფლის ანგელოზებმა წიგნივით წინ გადამიშალეს, მე გულწრფელად ვაღიარე ცოდვები და ველოდი საშინელ სასჯელს, მაგრამ ანგელოზებმა მითხრეს: „მიუხედავად შენი უდებებისა, შენ არასოდეს განიკითხავდი ადამიანებს და ყველას მიმართ მიმტევებელი იყავი!“ ამ სიტყვების შემდეგ მათ დახიეს ჩემი ცოდვების ხელწერილი. აი, ეს არის ჩემი სიხარულის მიზეზი.

დაასრულა ამის თქმა და მშვიდობით მიცვალა უფლის მიმართ.

 

* * *

უდაბნოში განმარტოებით მოღვაწე ერთ ბერს დროდადრო მღვდელი აკითხავდა ხოლმე რათა სამეუფო მსხვერპლი შეეწირა. ერთხელ ამ ბერთან მივიდა ეშმაკის მიერ შეპყრობილი კაცი და განიკითხა მღვდელი. ბერმა მოუსმინა მას და დაბრკოლდა. ამის შემდეგ, როცა ჩვეულებისამებრ მიაკითხა მას მღვდელმა, რომ წირვა ჩაეტარებინა, ბერმა კარი აღარ გაუღო და მღვდელი დამწუხრებული დაბრუნდა სახლში.

ბერი სალოცავად რომ დადგა, ზეციდან ხმა მოესმა, დაკარგეს ადამიანებმა ჩემი სიმართლე და მსჯავრში მეცილებიანო. ეს რომ გაიგონა, ბერი შიშმა შეიპყრო და შეძრწუნდა. ამ დროს დაინახა ოქროს ჭა, ოქროსავე თოკი და ამოსაღები ჭურჭელი. წყალი გამორჩეულად წმინდა იყო, მაგრამ წყლის ამომღებელი არაწმინდა. მივიდა ბერთან უფლის ანგელოსი და უთხრა: ჰოი, კაცო, რას ავნებს ამ წმინდა წყალს უწმინდური ამომღებელი. ან რას მოაკლებს ყოვლადწმიდა მსხვერპლს უღირსი შემწირველი. ასეთი მხოლოდ თავს დაისჯის, მაგრამ სხვებს არ ავნებს.განმკითხველი კი უფალს ეწინააღმდეგება.

ბერი გონს მოეგო, შეძრწუნდა, ცრემლით შეინანა დანაშაული, მოუხმო იმ მღვდელს, დაუჩოქა, შენდობა ითხოვა და ვედრებით დაითანხმა, რომ ძველებურად ეწირა ხოლმე. შემდეგ ეს ბერი სხვებსაც ასწავლიდა ხოლმე, რომ არავის არ უნდა განიკითხავდნენ, რადგან ღმერთია ყოველთა განმკითხველი და მან დაგვიწერა: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“, ნუ დასჯით და არ დაისჯებით. მით უფრო არ უნდა განვიკითხავდეთ მღვდლებს, რომლებიც ანგელოსებთან ერთად დგანან, წმ. ძღვენს შესწირავენ უფალს და გარდამოიწვევენ სულიწმიდას, რომელსაც შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

* * *

სკიტში ერთი ძმა ცოდვაში ჩავარდა. ძმები შეიკრიბნენ, მამა მოსესაც უხმეს, მან კი მოსვლა არ ინება, მაშინ პრესვიტერმა კვლავ გაუგზავნა ძმა და შეუთვალა, რომ ბერს კრებული ელოდა. მამა მოსე ადგა და წავიდა - მას თან ქვიშით სავსე, დახვრეტილი კალათი მიჰქონდა. როდესაც ძმებმა მომავალი ბერი დაინახეს, ჰკითხეს - რა არის ეს, მამაო? - ეს ჩემი ცოდვები გროვდება ჩემს უკან, მათ ვერ ვხედავ და სხვისი ცოდვების განსასჯელად მოვედი. როდესაც მათ ეს მოსმინეს, ძმა აღარ განუსჯიათ, არამედ მიუტევეს მას.

 

* * *

ერთხელ ღირსი არსენი დიდი მძიმედ ავად გახდა. ბერებმა იგი ტაძრის საავადმყოფოში გადაიყვანეს და რბილ საწოლზე დააწვინეს.

სხვა მონასტრის ერთმა ხუცესმა მოინახულა იგი და როდესაც რბილ საწოლზე მწოლიარე იხილა, დაბრკოლდა და გაიფიქრა: „ეს არსენი დიდია? განა შეიძლება მისთვის ასეთი განსვენება?“

მაგრამ როგორც კი ასეთ რამ გაიფიქრა, იქ მყოფმა მღვდელმა ამოიცნო მისი ფიქრები, გვერდით გაიხმო იგი და ჰკითხა, თუ როგორ ცხოვრობდა ერში.

- მწყემსი ვიყავი, უკიდურეს სიღატაკესა და მწუხარებაში ვცხოვრობდი, - უპასუხა ბერმა ყოველგვარი დაეჭვების გარეშე.

- ახლა კარგად ცხოვრობ? - კვლავ ჰკითხა მღვდელმა.

- ძალიან მშვიდად, - უპასუხა მან, - ყველაფერი აუცილებელი მაქვს.

- იცოდე, - უთხრა მღვდელმა, - რომ ეს ბერი, რომელსაც ხედავ, თითქმის მეორე მამა იყო მეფის შვილებისათვის; მას ათასობით მონა ჰყავდა, რბილი და ძვირფასი საწოლი ჰქონდა; მისი სიმდიდრე დაუთვლელი იყო; ასე რომ, ერში ამდენი შრომის შემდეგ შენ აქ ისვენებ, მამა არსენი კი, ერში განსვენების შემდეგ აქ შრომობს.

ხუცესმა აღიარა თავისი შეცდომა, მღვდელს ფეხებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა, რომ თავის გულში შეურაცხყოფა მიაყენა ღირს მამას.

 

* * *

ერთ-ერთი ძმა, რომელიც სამონასტრო საჭიროებისათვის ქალაქში იქნა გაგზავნილი, დაუდევრად მოიქცა და ხორციელ ცოდვაში ჩავარდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ძმამ, ლავრაში დაბრუნებისთანავე ღირსი მამის წინაშე ცოდვა მოინანია. წმიდანმა, ვითარცა გამოცდილმა და გულისხმიერმა ექიმმა, დაამშვიდა და დაარწმუნა ძმა, იმედგაცრუებას არ მისცემოდა, არამედ უფლის მიმართ ჰქონოდა სასოება და მონასტერში მორჩილად დატოვა. ბერ-მონაზონმა პავლემ - ამავე მონასტრის ძმამ, დაცემული ძმის განკითხვა დაიწყო და ღირს მამას ბრალად დასდო თანამოძმის როგორც დამნაშავისა, ლავრაში დატოვება, რომელმაც უკანონო და სასირცხვილო საქმე ჩაიდინა. წმ. ათანასემ მკაცრად შეხედა და მიუგო: „პავლე, რას აკეთებ? ძმათა განკითხვის მაგიერ უმჯობესია საკუთარ გულისთქმას ჩასწვდე. წერილ არს: „ამიერითგან რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძელენ, ნუუკუე დაეცეს“ (1 კორ. 10, 12). ღვთის განგებით, იმ დღიდან მოყოლებული, პავლეს სიძვის ვნება დაატყდა თავს და სამი დღე-ღამის განმავლობაში მძიმედ იტანჯებოდა. მაგრამ უფრო უარესი ის იყო, რომ აღსარებისა რცხვენოდა და ეთაკილებოდა დახმარების მიღება. წმ. ათანასე პავლეს მდგომარეობას განსწავლული სულით ხვდებოდა და აღსარების გამბედაობა შთაუნერგა. პავლემ ცოდვა გაამხილა და ღირს მამას, როგორც გასაჭირში მყოფ შვილთათვის გულშემატკივარ მშობელს, პატიება შესთხოვა. წმ. ათანასემ პირველ ყოვლისა დამოძღვრა, აღარ განეკითხა დაცემული, არამედ თანაეგრძნო და ელოცა განსაცდელში მყოფთათვის, შემდეგ კი ხედავდა რა პავლეს მორჩილებასა და სინანულს, ღვთის წინაშე მისთვის ილოცა და უმსგავსო ვნებისაგან გამოიხსნა. ამ დროს, პავლემ თავზედ გადმოღვრილი და მთელ სხეულზედ გადასული სიცივე შეიგრძნო და ავხორცული წვა ჩაუქრა.

 

* * *

ღირსი იოანე სებაიტელი მოგვითხრობს: „ერთხელ ჩემთან მეზობელი მონასტრიდან მორჩილი მოვიდა და შევეკითხე, როგორ ცხოვრობდნენ იქაური მამები. მან მიპასუხა: „კარგად, თქვენი ლოცვის შემწეობით“. შემდეგ კი ის მორჩილი მოვიკითხე, რომელიც კარგი სახელით ვერ სარგებლობდა. სტუმარმა მითხრა: „სრულიად არ გამოცვლილა, მამაო“. გაგონებისთანავე წამოვიძახე: „ცუდია!“ და წარმოვთქვი თუ არა ეს სიტყვა, იმწამსვე რაღაც გაურკვეველი აღტაცება შევიგრძენი და ვიხილე იესო ქრისტე ორ ავაზაკს შორის ჯვარცმული. ის-ის იყო განვემზადე თაყვანი მეცა მაცხოვრისთვის, რომ უეცრად უფალმა წინამდგომარე ანგელოზებს მიმართა: „განსდევნეთ იგი - ეს ანტიქრისტე, რამეთუ ჩემს სამსჯავრომდე განიკითხა ძმაი თვისი“. და როდესაც უფლის განგების თანახმად ვიდევნებოდი, კარში დარჩა ჩემი მოსასხამი და უცებ გამეღვიძა. „უბედურება დამატყდა თავს, - მივუგე სტუმრად მოსულ მორჩილს. - ბოროტ არს დღეი ესე ჩემთვის“. „რატომ?“ - მკითხა მან. მაშინ გავუმხილე ხილვა და განვუმარტე, რომ დარჩენილი მოსასხამი ღვთის მფარველობისა და შეწევნის დაკარგვას მოასწავებდა. იმ დღიდან მოყოლებული შვიდი წელი უდაბნოში გავატარე, არც პური მიმიღია, არც თავშესაფარი მიძებნია, არც ადამიანთან გამიბამს საუბარი, სანამ არ ვიხილე უფალი ჩემი, რომელმაც მოსასხამი დამიბრუნა.“

 

* * *

ერთმა ბერმა, როდესაც გაიგო, ძმა ცოდვაში ჩავარდნილიყო, განიკითხა იგი და თქვა: „უდიდესი ბოროტება ჩაუდენიაო“. გავიდა ხანი და ანგელოზმა ბერის მიერ განკითხული ძმის სული მიუვლინა და მიუგო: „ვინც შენ განიკითხე, გარდაიცვალა. სად მიბრძანებ მისი სულის განწესებას: სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში“. ბერი შეშინდა. „შენ ხომ მართალთა და ცოდვილთა განმსჯელი ხარ, - განაგრძობდა ანგელოზი, - მიბრძანე! შეიწყნარებ თუ საუკუნო სატანჯველს განუწესებ“. მიხვდა ბერი - ძმის განკითხვით უმძიმეს ცოდვაში ჩავარდნილიყო და მოთქმა-გოდებით შესთოხვა პატიება. დიდი ხნის განმავლობაში უფალი უპასუხოდ ტოვებდა; საბოლოოდ შეიწყალა და კვლავ ანგელოზი მიუვლინა. „ღმერთმა გაპატია - მიუგო ანგელოზმა - აწ გახსოვდეს სიმძიმე განკითხვისა“.

 

* * *

წმიდა ეპისკოპოს ამონზე მოგვითხრობენ, რომ მას განსასჯელად ქალი მიუყვანეს, რომელიც მრუშობის ცოდვაში ამხილეს (იმ დროს მსაჯულის ფუნქცია შეთავსებული ჰქონდა ეპისკოპოსს). წმინდა ეპისკოპოსმა შეხედა უბედურ ქალს და თქვა: „შენ შვილი ჩაგესახა, შენი ფეხმძიმობა რთული იქნება - შემდეგ კი ბერებს მიუბრუნდა და უთხრა: მიეცით მას ათი არშინი ტილო, თუკი მშობიარობის დროს აღესრულა, მისთვის იგი სავანე იქნება, თუკი ბავშვი დაიბადა, მისთვის გამოადგება“. და ქალი გაუშვა, არც დაუსჯია და არც ეპიტიმია დაუდია მისთვის. ერთმა ქალმა, რომელიც განსჯის პროცესს ესწრებოდა და ცოდვილის დასჯის წყურვილით იყო აღვსილი, წამოიძახა: „ეს ეპისკოპოსი ნამდვილად უგუნურია“. ეპისკოპოსმა მიუგო: „უდაბნოში ათი წელი მდუმარე ლოცვაში გავატარე, რათა ამ უგუნურებისთვის მიმეღწია, ეხლა კი არ მსურს მასთან განშორება და არ გავცვლი მას არანაირ ამქვეყნიურ სიბრძნეზე“. ე.ი. მღვდელმთავარმა ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ ვერ ხედავდა ბოროტებას სხვა ადამიანში. ამ შემთხვევაში ეპისოკპოსმა თავისი ბრძნული საქციელით ცოდვილი ქალი ღრმა სინანულში ჩააგდო და სიკვდილზეც დააფიქრა.

 

* * *

მონასტერში მიმავალ აბბა დანიელს გზად დააღამდა და ღამე სოფელში გაათია. მან გაიგონა  თუ როგორ ლანძღავდნენ ბინძური სიტყვებით მოჩხუბარი თანასოფლელები ერთმანეთს. აბბა მაშინვე წამოდგა, მუხლებზე დავარდა და ლოცვა დაიწყო. მას გამოეცხადა უფლის ანგელოზი უზარმაზარი ხმლით ხელში და უთხრა: „ამ ხმლით იქნება ძლეული ყველა, ვინც მოძმეს განიკითხავს. ნეტარ ხარ შენ, რადგანაც შენდა საცდუნებლად ჩხუბის ხმა მოგესმა და არავინ განიკითხე, არამედ ილოცე! ამიტომაც ღვთის კურთხევა იქნება შენზედ“.

 

* * *

ღირსი მამა ვიტალი, წმიდა სპირიდონის კელიაში გატარებული სამოცწლიანი ღვაწლის შემდეგ, ალექსანდრიაში ჩავიდა და იქ დაიწყო ცხოვრება, როგორც წერია მის ცხოვრებაში - „ადამიანთა საცდურად“. რათა განრიდებოდა ადამიანურ დიდებას, გადაწყვიტა დღისით, როგორც დაქირავებულ მუშას ემუშავა. შრომის საფასურად დღეში თითო ვერცხლს იღებდა. გამომუშავებული თანხიდან უმნიშვნელო ნაწილს გამოკვებას ახმარდა (ლობიოს ყიდულობდა), ხოლო საღამოობით კი საროსკიპოებში სტუმრობდა. იქ, მთელ ფულს იმ ქალებს უტოვებდა, ემუდარებოდა განრიდებოდნენ სიძვას და მთელ ღამეს მათთან ფსალმუნთა გალობასა და ლოცვაში ატარებდა. შინ დაბრუნებისას პირობას ართმევდა არ გაემხილათ წმიდა მამის სტუმრობის ჭეშმარიტი მიზანი. ქალაქის მკვიდრნი კი კიცხავდნენ წმიდანს და გაიძახოდნენ: „წადი, წყეულო. შენ მეძავებთან გელოდებიან“-ო. ან კიდევ: „უმჯობესი იყო ცოლი მოგეყვანა, ბერის სახელს რყვნი“-ო. ღირსი ვიტალი არ იმართლებდა თავს, მალავდა უფლის მიერ ბოძებულ მადლს, სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა და ბევრი დაცემული ქალი გამოიხსნა ცოდვისაგან. ღირსი მამის ღვაწლი მხოლოდ გარდაცალების შემდეგ გამომჟღავნდა, როდესაც მის წმიდა ნაწილებთან შეხებისას ეშმაკეული განიკურნა და ბევრი მკელობელი და ბრმა გამოჯანმრთელდა.

 

* * *

მარკოზ მეგვიპტელი ოცდაათი წლის მანძილზე სენაკიდან არ გამოსულა და ერთი მღვდელი მიდიოდა ხოლმე მასთან და წმ. საიდუმლოს აზიარებდა. მარკოზის სათნოების და მოთმინების გამო შურით აღვსილმა ეშმაკმა მოინდომა, რომ იგი განკითხვის ცოდვაში ჩაეგდო. და გამოსაცდელად მოიყვანა მასთან ერთი უკეთური კაცი, ვითომდა დალოცვის სათხოვნელად. ვიდრე ბერი დალოცავდა, ეშმაკის სწავლებით ამ ადამიანმა დრო იხელთა და ბერს უთხრა: მღვდელი, რომელიც შენთან დადის, ყოველგვარი სულიერი სიბილწით არის აღსავსე და ნუღარ შემოუშვებო. ღმრთივსულიერმა მარკოზმა უპასუხა: „შვილო, წერია: ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნე“. ცოდვილიც რომ იყოს ის მღვდელი, ღმერთს ვთხოვ მის ცხონებას, რადგან ესეც წერია, „ულოცევდით ურთიერთას, რათა განიკურნოთ“. ეს რომ უთხრა, ილოცა მისთვის, განდევნა მისგან ეშმაკი და გაუშვა მართალი.

მღვდელი როცა მივიდა, ბერმა სიხარულით მიიღო. კეთილმოწყალე ღმერთმა ბერის უმანკოება რომ იხილა, ასეთი სასწაული გამოუცხადა მას: მღვდელი წმ. ტრაპეზთან წარდგომას რომ აპირებდა, ზეციდან გარდამოსულმა უფლის ანგელოსმა თავზე ხელი დაადო და მღვდელი უცებ ცეცხლის სვეტს დაემსგავსა. გაკვირვებულ ბერს ანგელოსმა უთხრა: ჰოი, კაცო, რატომ გაგიკვირდა ის, რაც იხილე. თუკი ამქვეყნიური მეფეები არ მიუშვებენ თავისთან ბინძურად ჩაცმულს, შესაფერისად შემოსვას და დიდებით მიახლებას მოითხოვენ, განა ზეცათა მეუფე უფრო არ განწმენდს წმ. საიდუმლოთა მსახურთ და გამოუთქმელი მსხვერპლის შემწირველთ და არ განაბრწყინებს მათ ზეციური დიდებით?

ასეთი სასწაული იხილა ღირსმა მარკოზმა და გვიამბო ყველას, რათა არ განვიკითხოთ მღვდლები, რამეთუ ისინი უფლის წინაშე წარსდგებიან, მსხვერპლს სწირავენ ზეცას და იქიდან იღებენ მადლს, რომელსაც ჩვენც გადმოგვცემენ. ყველას განმკითხველი და მსაჯული უფალია, რომლის არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

ძმა, რომელიც უშრომელად ცხონდა, რადგან არ განიკითხავდა

ოდესღაც კავსოკალივის სავანეში მოვიდა ერთი ერისკაცი, რომ მონაზვნად აღკვეცილიყო. მაგრამ სავანის მამები მას არ იწყნარებდნენ, რადგან იმის გარდა, რომ უდარდელი და უდები იყო, გამომწვევი ხასიათითაც გამოირჩეოდა და მუდმივად შფოთს იწვევდა. მაგრამ, რაკი მას სავანე მოეწონა, ნებართვა სთხოვა მამებს, დაეტოვებინათ, როგორც ერისკაცი, ზოგჯერ რომ დახმარებოდა.

ასე გაატარა მან ცხოვრება უდებებითა და უდარდელობით, ვიდრე არ დადგა აღსასრულის ჟამი, ჩავარდა ლოგინად და სულს ღაფავდა. მამები მუდამ გვერდით ედგნენ და ანუგეშებდნენ.

ერთ დღესაც, სიკვდილის პირას მდგარს წარეტაცა გონება და ხელით რაღაცეების მინიშნება დაიწყო. მამები ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა! გონს რომ მოვიდა, ეს საშინელება უამბო:

- მე ვიხილე მთავარანგელოზი მიქაელი გრაგნილით ხელში, სადაც აღრაცხული იყო ყველა ჩემი ცოდვა და მან მითხრა:

„ხედავ, შენ ჩაიდინე ეს ყველაფერი და ამიტომაც მოემზადე ჯოჯოხეთში წასასვლელად“.

მაშინ მე მივმართე:

„ნახე ერთი, არის ჩემს ცოდვათა შორის განკითხვის ცოდვა?“

მთავარანგელოზმა მოიძია და მითხრა:

„არა, არ არის“.

„მაშ, - ვეუბნები მე, - არც უნდა წავიდე ჯოჯოხეთში თანახმად უფლის ნათქვამისა: „ნუ განიკითხავთ და არა განიკითხეთ“ (ლუკა 6,37).

და მაშინ მიქაელ მთავარანგელოზმა დახია ჩემი ცოდვების ხელწერილი. ამრიგად, მამებო, მე წავალ სამოთხეში. როდესაც თქვენ მეუბნებოდით, რომ სავანის მონაზვნად არ ვვარგივარ და ვმუშაობდი, როგორც ერისკაცი, დავდიოდი სავანის მთავარ ტაძარში დღესასწაულებზე და მოვისმინე სახარების სიტყვები: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ“ (მათე 7,1) - ვთქვი, შე საცოდავო, ეს მაინც შეასრულე-მეთქი და ამან უშრომელად მაცხოვნა მე.

დაასრულა თუ არა თავისი სიტყვები, მთავარანგელოზ მიქაელს მიაბარა სული.