კეთილი პატრიარქი
წმიდა იოანე მოწყალის ცხოვრებიდან

საკვირველია პატრიარქი იოანე! ვინ აღწერს ღირსეულად მის სიმკაცრეს კვებაში, უბრალოებასა და ზომიერებას სამოსში და ძილში? ის არ ივიწყებდა ამ სათნოებასაც, ისევე როგორც სხვა სათნოებებს; სამოსითაც და ცხოვრების წესითაც ის არაფრით განსხვავდებოდა უბრალო ხალხის უმრავლესობისაგან.

ერთმა ქალაქის მაცხოვრებელმა, მისმა ნაცნობმა, შეიტყო თუ როგორ ცხოვრობდა პატრიარქი. მან შეიძინა ქურქი ოცდათექვსმეტ ნომიზმად და წმინდანს გაუგზავნა, ხანგრძლივი თხოვნის შემდეგ, რომ მას უარი არ ეთქვა ქურქის ტარებაზე.

წმინდანი საჩუქარზე დათანხმდა – იმიტომაც, რომ იმ კაცს ენდობოდა და თანაც თხოვნა დაჟინებული და მხურვალე იყო. მაგრამ მთელი ღამის განმავლობაში ის განუწყვეტლივ ტანჯავდა საკუთარ თავს (როგორც ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გვაუწყეს მათ, ვინც მასთან ერთად ცხოვრობდა).

„ვინ არ განმიკითხავს მე, უმაქნის იოანეს, – ამბობდა ის, – თუკი მე ოცდათექვსმეტ მონეტად ღირებული სამოსით ვიმოსები, ხოლო ჩემი ქრისტესმიერი ძმები სიცივისგან ითოშებიან თავშესაფრის უქონელნი და მოკლე და იაფ ძონძებსაც ვერ შესწვდებიან! და მრავალი მათგანი ხომ ვახშმის გარეშე დაწვა დასაძინებლად, მშიერი კუჭით, და – ვაი ჩემდა! – როგორც გლახაკ ლაზარეს, გული-ეტყვით განძღომად თუნდაც ნამცეცებისგან, რომლებიც ჩემი ტაბლიდან ცვივა.

ღმერთო, ღმერთო, რამდენი უცხოტომელი და მწირი მოდის ახლა ამ ქალაქში: მათ თავშესაფარიც არსად აქვთ, შიათ, სწყურიათ, ღამეს სავაჭრო მოედანზე ათენებენ! მე კი ყველა შესაძლებელი სიკეთით ვტკბები და ყველა სხვა სიტკბოებასთან ერთად ახლა ამ ძვირფასი სამოსითაც შევიმოსე. რა სიტყვებსღა უნდა ველოდე იმ (განსჯის) დღეს? მხოლოდ ამას: „შენ უკვე მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა, და გლახაკებმა – ბოროტი! ხოლო აწ ისინი ნუგეშინის-ცემულ არიან, ხოლო შენ დამსახურებისამებრ იტანჯები“. მაგრამ კურთხეულ არს ღმერთი: უმაქნისი იოანე არასოდეს შეიმოსება ამ სამოსით! ხოლო ამ ქურქის თანხით გლახაკნი შეიმოსებიან“.

გათენებისთანავე ის აგზავნის ქურქს ბაზრობაზე გასაყიდად. მაგრამ იმან, ვინც აჩუქა, შენიშნა გასაყიდად გატანილი ქურქი, იმავე წუთას შეიძინა და ისევ საჩუქრად გაუგზავნა. იოანემ ქურქი კი მიიღო, მაგრამ მაშინვე ბაზრობაზე გაგზავნა გასაყიდად. როდესაც ეს ორჯერ და მეტად განმეორდა, დიდმა იოანემ შეუთვალა მჩუქებელს: „ვნახოთ, რომელი ჩვენგანი უფრო ადრე დაიღლება: მე – გაყიდვით, თუ შენ – ყიდვითა და ჩუქებით“.

აღსანიშნავია, რომ ის კაცი ძალიან მდიდარი იყო და წმინდანი განგებ აიძულებდა ხარჯი გაეწია – რომ მისი ფულის რაღაც ნაწილი ღარიბებთან დაცვივნულიყო.

თარგმნილია „ევერგეტინოსიდან“