ზეცისა კაცნი და ქვეყანისა ანგელოზნი

ბერი და ანგელოზი

ნეტარი ბერი იოსებ სპილიოტი (+1959) ცდილობდა, გაემხნევებინა ახალგაზრდა ბერი, რომელიც სევდას შეეპყრო და მონასტრის დატოვება და თავისიანებთან დაბრუნება განეზრახა. ამიტომ მან ასეთი სასწაულის შესახებ უამბო მას:

„ათონის მთაზე ჩემს მოსვლამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, გავიცანი ერთი ბერი, რომელიც უსინათლო ხუცესის მორჩილი იყო. მისმინე, რა შეემთხვა ერთხელ მას.

ერთხელ მის სენაკთან ერისკაცი მივიდა.

- საიდან ხარ? - ჰკითხა სტუმარს შაოსანმა ბერმა.

აღმოჩნდა, რომ ისინი ერთი მიწა-წყლისანი იყვნენ, მაგრამ ბერმა მოსულს ეს არ გაუმხილა.

- შენ თუ იცნობ ასეთ ადამიანს როგორ არის? - შეეკითხა მოსაგრე, მხედველობაში ჰყავდა რა თავისი მამა.

- ვიცი, - უპასუხა მოსულმა, - იგი გარდაიცვალა და ღვთის ანაბარა დარჩა მისი ცოლი და ქალიშვილები. მათ ვაჟიც ჰყავდათ, რომელმაც მრავალი წლის წინ დატოვა ისინი. მას შემდეგ მის შესახებ არაფერი სმენიათ.

ამ ამბავმა შაოსანი მეტად დაამწუხრა. მას მონასტრის დატოვებისა და შინ დაუბრუნების სურვილი გაუჩნდა.

- წავალ, - უთხრა მან ერთხელ თავის ხუცესს, - წავალ და ვიზრუნებ დედასა და დებზე.

მაგრამ ხუცესმა არ აკურთხა და ცრემლებით თხოვდა, დარჩენილიყო, ის კი შეუდრეკელი რჩებოდა. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ვერ შეძლო ახალგაზრდის შეჩერება, უსინათლო ხუცესმა იგი თავის ნებაზე მიუშვა. და მან წმიდა მთა დატოვა.

გზაში დაღლილი, ხის ჩრდილში ჩამოჯდა. ცოტა ხნის შემდეგ ამ ხეს კიდევ ერთი დაღლილი შაოსანი მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა.

- ვხედავ, რომ დამწუხრებული ხარ, ძმაო, რა დაგემართა? - ჰკითხა ამ უკანასკნელმა.

- მამაო, უბედურება შემემთხვა, - უპასუხა ხუცესის მიმტოვებელმა მორჩილმა და თავისი ამბავი უამბო.

მაშინ კეთილმა მგზავრმა უთხრა:

- მისმინე, ძმაო, დაბრუნდი შენს ხუცესთან, უფალი თვითონ იზრუნებს შენს ახლობლებზე, შენ არ უნდა მიატოვო იგი, მითუმეტეს, რომ ის ბრმაა.

მაგრამ მან ყურადღება როდი მიაქცია შემთხვევითი თანამოსაუბრის რჩევას. მგზავრს მრავალი მაგალითი მოჰყავდა, მაგრამ ჯიუტი ბერი ფეხზე ადგა და გზის გაგრძელება დააპირა.

- ასე რომ, შენ არ შეისმინე ჩემი სიტყვები? - უკანასკნელად შეეკითხა ბერს მგზავრი.

- არა.

- მაშინ იცოდე! მე უფლის ანგელოზი ვარ. როგორც კი მამაშენი გარდაიცვალა, უფალმა შენი ოჯახის მფარველობა დამავალა, მაგრამ რადგან თვითონ გსურს მასზე იზრუნო, მაშინ მე ვტოვებ მათ და მივდივარ.

ანგელოზი მეყსეულად გაქრა. ბერი ძალიან შეწუხდა და მონანული დაბრუნდა ბრმა ხუცესთან. სენაკში შესულმა დაინახა, რომ მოძღვარი მისთვის ლოცულობდა...“

თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 12, 2003 წ.

* * *

ერთმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მონასტერში გამუდმებით დადიოდა, მაგრამ ამსოფლიური ყოფაც ერთობ ძალუმად იზიდავდა (უყვარდა მუსიკა, ნაირგვარი სანახაობები, მოგზაურობა, გართობა), ჰკითხა მამა ეპიფანეს, დასაშვებია თუ არა მისთვის იფიქროს მონაზვნობაზე.

- შვილო ჩემო, მონაზვნად არ გამოდგები, - მიუგო მამა ეპიფანემ, - შენ მეტისმეტად გიზიდავს სოფელი, მონაზონს კი საწინააღმდეგო მისწრაფება უნდა ჰქონდეს: თავისი შინაგანი სამყარო უნდა იზიდავდეს და არა პირიქით.

* * *

ერთხელ იღუმენიამ ტელეფონით აცნობა მამა ეპიფანეს, რომ ერთ ღვთისმოშიშ გოგონას მონაზვნობა სურდა მის მონასტერში, მაგრამ ამ გოგონას სულიერი მამა მონაზვნობას მაინცდამაინც არ სწყალობდა და კურთხევას არ აძლევდა.

- გერონდა, როგორ მოვიქცე? მოვუწოდო მას, დაემროჩილოს სულიერ მამას და დათრგუნოს მონაზვნად გახდომის სურვილი, თუ ვურჩიო, ყურადღება არ მიაქციოს მის აზრს და კურთხევის გარეშე მოვიდეს მონასტერში?

- მომისმინეთ, დედაო. მისი ეს განზრახვა მუდამ წმიდა და პატივისცემის ღირსი იქნება. მაგრამ თუ იგი მონასტერში მოვა კურთხევის გარეშე და ამა თუ იმ მიზეზთა გამო იქ სირთულეებს წააწყდება, მაშინ მათ თავის ურჩობას დააბრალებს. მეორე მხრივ, თუ იგი მონაზვნურ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევს, შინაგანად ყოველთვის ექნება დანაშაულის გრძნობა, რომ ყოველივე ამას კურთხევის გარეშე აკეთებს. ამიტომ გირჩევთ: შესთავაზეთ მას, დაემორჩილოს სულიერ მამას და ილოცოს, რათა ღმერთმა, თუკი იგი ინებებს მისი სურვილის აღსრულებას, შეაცვლევინოს სულიერ მამას მონაზვნობისადმი დამოკიდებულება.

ასეც მოხდა. ნახევარი წლის შემდეგ იღუმენიამ სიხარულით აცნობა ბერს, რომ გოგონამ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მიიღო კურთხევა თავისი სულიერი მამისაგან, რომელმაც ასე მიმართა მას: „შვილო ჩემო, რადგან, მიუხედვად ჩემი ხანგრძლივი უთანხმოებისა, მაინც ისწრაფი, გახდე მონაზონი, აშკარაა, შენი სურვილი ღმერთისგან მოდის. ასე რომ, ჩემი კურთხევით წადი მონასტერში“.

- დედაო იღუმენია, ეს ღმერთმა დააჯილდოვა იგი მორჩილებისათვის! - იყო მამა ეპიფანეს პასუხი.

 

მონაზვნები და ერისკაცნი

- გერონდა, წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, რომ „ნათელ ყოველთა კაცთა ჭეშმარიტნი მონაზონნი არიან“ (26,31). ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ყველაზე სათნოებაშემოსილ ერისკაცსაც კი აღემატება უკანასკნელი მონაზონი?

- არა! აქ ღირსი მამა საუბრობს არა ნებისმიერ მონაზონზე, არამედ მონაზვნურ ცხოვრებაზე, ანუ საერთოდ მონაზვნობაზე. მას მხედველობაში აქვს, რომ მონაზვნობა, როგორც ცხოვრების წესი, საერო ცხოვრების წესზე მაღლა დგას. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ არსებობს მონაზონზე უფრო მართალი ერისკაცი.

„არიქმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის სწავლებანი“

 

მონაზვნის ღირსება

კავსოკალივის სავანის ერთ მონაზონს ებრძოდა ბოროტი მარჯვენა მხრიდან იმ გულისთქმებით, რომ იგი არაფერს აკეთებს, ერში კი მოყვასს სიკეთეს მოუტანდა და ა.შ. ბოროტი მას იმ გულისთქმასაც უნერგავდა, რომ სამონაზვნო მოქალაქეობა არის რაღაც მეორეხარისხოვანი და სხვა.

სახიერი ღმერთი ხედავდა რა სიკეთის მოძულის ვერაგობას და იმ დიდ საფრთხეს, რომელიც ემუქრებოდა ძმას, მოიღო წყალობა, რათა ცხადში ეჩვენებინა მისთვის ერთი სასწაულებრივი ხილვა.

აი, იგი ხედავს თავის თავს მიცვალებულს და ეშმაკებს, რომლებიც უახლოვდებიან და კიცხავენ, მოშორებით კი - ხალხმრავალ დასახლებას. უეცრად მას ევლინება ანგელოზი და ეუბნება:

- ერთი ღირსეული მონაზონი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე მთელი ეს დასახლება.

ხილვისგან გონს მოვიდა თუ არა მონაზონი, თავს თავს უთხრა:

- ხედავ, რა ღირსებას სძენს უფალი ადამიანის, როდესაც იგი მონაზონი ხდება!

ამის შემდეგ მან კიდევ უფრო მეტად გააძლიერა სულიერი მოღვაწეობა. ანგელოზის სიტყვებიც თავის სენაკში კედელზე მიაწერა, რომ ხშირად დაენახა და უფრო მეტად და გულმოდგინედ ეღვაწა.

ბერი პაისი „ათონი და ათონელი მამები“